ნიკოლოზ მეტრეველი: „თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, „ქართული ოცნება“ საპნის ბუშტივით გაქრება“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მესამე ძალა, რომელზეც პოლიტოლოგები ბევრს საუბრობდნენ, ჯერჯერობით, არ ჩანს და, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მთავარი პოლიტიკური ბრძოლა სწორედ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წარიმართება.

რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო? რამდენად აზიანებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების საკითხი „ქართულ ოცნებას“? რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს მიხეილ სააკაშვილი და როგორი პოლიტიკური რეალობის წინაშე დავდგებით 2020 წელს?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

_ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში, სწორედ, „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში, განაცხადეთ, რომ გახარია გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, ასეც მოხდა. ეს ნიშნავს თუ არა „ქართული ოცნების“ სამზადისის დაწყებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
_ გამორჩეული პროგნოზი ნამდვილად არ გამიკეთებია, ეს იყო ლოგიკური ჯაჭვის ერთობლიობა. შეგვიძლია, გულწრფელად ვთქვათ, რომ ეს არის საბრძოლო კაბინეტი 2020 წლის არჩევნებისთვის. ივანიშვილმა, რომელიც ძალიან გამოცდილი გროსმაისტერია, პოლიტიკური ჭადრაკის კარგი მოთამაშეა და კარგად აფასებს არსებულ სიტუაციას, „ქართული ოცნების“ ყველა სასტარტო მოთამაშე, ძლიერი ფიგურა 2020 წლის არჩევნებისთვის გამოიყვანა. მათ შორის, არსებულ პოლიტიკურ ველზე, გახარია გამორჩეული და უდავო ლიდერია, რომელმაც გუნდი გამარჯვებისკენ უნდა წაიყვანოს.
_ თუმცა გახარიასთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ „გავრილოვის ღამე“, რის შემდეგაც მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, ამის ნაცვლად ის პრემიერი გახდა. ოპოზიციისგან დღემდე გვესმის, რომ ამის გამო „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ეს?
_ ამის მთავარ შეფასებას ვნახავთ 2020 წლის არჩევნებში. არჩევნებამდე დიდი დრო არ რჩება, შესაბამისად, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რა თქმა უნდა, 20 ივნისის ღამეს იყო ხარვეზები, პოლიციელების მხრიდან გადაცდომები, მაგრამ გახარიას, როგორც პიროვნულად მინისტრის მოქმედება ღირსეული იყო, _ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის მოქმედება, რომელმაც სახელმწიფოს სამოქალაქო დაპირისპირება ააცილა. მთლიანობაში, პოლიციამაც ძალიან ღირსეულად იმოქმედა. ჩემი შეფასებით: 20 ივნისი ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მცდელობა, რომ გარკვეულ მომენტში ქართველი ხალხის გულწრფელი ემოციის ფონზე მათ ქვეყანაში გადატრიალება მოეწყოთ. ყოველთვის არსებობს ორი მხარე, ამ ფაქტის შემფასებელი არჩევნები იქნება, თუმცა თემიდან განყენებულად რომ შევაფასოთ, ცხადია, გიორგი გახარია ყველაზე რეიტინგული ფიგურაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაში. ამ ეტაპზე ის გამოკვეთილი ლიდერია. რა თქმა უნდა, იქ არის რამდენიმე სხვა ფიგურა _ კალაძე, ღარიბაშვილი, თავისთავად ივანიშვილი ცალკე განდგომილი ფიგურაა, რომელიც ზელიდერია, ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ გახარია არის ის ლიდერი, რომელსაც ყველაზე მეტი ძალა აქვს იმისთვის, რომ გუნდი გამარჯვებისკენ წაიყვანოს.
_ ივანიშვილზე აღნიშნეთ, რომ ის ზელიდერია და მას კარგად შეუძლია პოლიტიკური ჭადრაკის თამაში, თუმცა მისი ეს თვისებები ქვეყნის კეთილდღეობაზე არ აისახება. საზოგადოების ნაწილი, ალბათ, ამიტომაც ფიქრობს, რომ ის ქვეყანას თავისი ინტერესებით მართავს. თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, ივანიშვილის გროსმაისტერობა ქვეყნის განვითარებაზე დადებითად არ უნდა ასახულიყო? თუმცა რეალობა სხვაა და ეს ჩანს „ქართული ოცნების“ რეიტინგზეც. რა ხდება?
_ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ხარვეზები იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უმაღლეს პარტიულ თანამდებობაზე დაბრუნდა, ის სრულიად კანონიერ ფარგლებში მოქმედებს. ყოველთვის ვამბობ, რომ გაერთიანება უნდა ხდებოდეს იდეების ირგვლივ და არასდროს პიროვნებების ირგვლივ. ეს იყო სააკაშვილის დროსაც და დღესაც არის ივანიშვილთან დაკავშირებით. მაგალითად მოვიყვანოთ „პატრიოტთა ალიანსი“, არჩევნების გრაფაში მითითებული რიცხვის გვერდით წერენ დავით თარხან-მოურავს, ირმა ინაშვილს, ჩვენს რეალობაში ლიდერის პერსონიფიკაციის როლი, სამწუხაროდ, ყოველთვის მაღალია, ნებისმიერ პარტიას ვგულისხმობ. აქცენტირება ყოველთვის პიროვნებებზე ხდება. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, 3 ოქტომბერს სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანკის დასკვნა გამოვაქვეყნე, სადაც დაახლოებით 50-მდე ორგანიზაცია შედიოდა. ყველა ძლიერი ორგანიზაციის დასკვნით საქართველო ვითარდება და წინ მიდის. ვერც ერთ პარამეტრს ვერ დამისახელებთ, სადაც ქვეყანა 2012 წლის მდგენელთან შედარებით უკან წავიდა. გასაგებია, რომ ლარი გაუფასურდა, მაგრამ მაკროეკონომიკური და სხვა ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. რაც შეეხება რეიტინგის დაცემას, ესეც სრულიად ბუნებრივია, _ „ქართული ოცნება“ მმართველობის მერვე წელიწადშია, აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივი ეროზიაა, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს, თუმცა ეროზია და მათი ელექტორატის კლება, ამ ეტაპზე, კატასტროფული არ არის. ამჟამად „ქართული ოცნება“ ყველაზე გამართული პოლიტიკური ძალაა, რომელიც, დიდი ალბათობით, დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2020 წელს.
_ პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების სერია გრძელდება. საზოგადოებაში და, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ერთგულ მხარდამჭერებში ამან ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია. რა იკვეთება პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებში? ვის პასუხისმგებლობას ხედავთ და რამდენად აზიანებს ეს „ქართული ოცნების“ იმიჯს?
_ არ უნდა დავმალოთ და ვაღიაროთ, რომ მეც ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. მისი მხრიდან მკვლელების შეწყალება ჩემთვის ძალიან მძიმე მორალურ-ზნეობრივი დარტყმაა, უფრო მეტად პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ამიტომ ველოდები გამოძიებას და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწო, მაგრამ ცხადია, ძალიან საეჭვო გარემოებებია. თუმცა, მინიმუმ, ეს არის პრეზიდენტის მორალური დანაშაული. დაველოდოთ, შესაძლოა, ამავე დროს, სამართლებრივიც გახდეს. 20 ივნისამდე, სწორედ, „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში, რომელიც პროგნოზების თვალსაზრისით საინტერესო გამოდგა, ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ თუ საკუთარ თავს არ გაუჩალიჩებს, ყველაფერი ნორმალურად იქნება-მეთქი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთი გაჩალიჩება არის პრეზიდენტის შემთხვევაც და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად ურტყამს „ქართულ ოცნებას“. თავიდანვე დიდი შეცდომა იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ უაზრო კლიშეში მოექცა და თავისი კანდიდატი არ დაასახელა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, არსებული ნარატივებიდან გამომდინარე, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელა. საბოლოოდ, ეს შედეგი მიიღეს! ამიტომ უნდა დაესახელებინათ პარტიული კანდიდატი. ეს არის ერთი ცალსახა პრობლემა, მეორე კი პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებებია!
_ რამდენად ადეკვატურია თავად პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომც მომკლათ, არ გეტყვით, რატომ შევიწყალე ეს დამნაშავეებიო?
_ პრეზიდენტი, თავისი არსით, ბრძენი ადამიანი უნდა იყოს, ნებისმიერ პრობლემას ბოლომდე უნდა უღრმავდებოდეს. როდესაც ფურცელი შეუტანეს, თავიდან ბოლომდე უნდა წაეკითხა, რა ეწერა და რაზე აწერდა ხელს. მისი პასუხისმგებლობა ცალსახაა. პროკურატურამ პრეზიდენტი უნდა დაკითხოს და საბოლოოდ მივიღოთ კითხვებზე პასუხი. საქმე იმდენად არის უკვე მორალურად და საზოგადოებრივად გაფუჭებული, რომ პრეზიდენტის სიტყვა ფუჭია.
_ საუბარი განვაგრძოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც „მთავარი არხზე“ გიგა ბოკერია „ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო“ ქმედებებში დაადანაშუალა. რას ემსახურებოდა სააკაშვილის ეს განცხადება, რამდენად სწორი პოლიტიკური სვლა იყო იგი?
_ თქვენ კარგად იცით, რომ მე სააკაშვილის გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სიტუაცია ობიექტურად უნდა შევაფასოთ: მისი ეს განცხადება იყო საკმაოდ გააზრებული, სპონტაურად არ უთქვამს. ეს იყო არსებული ველის „მოსუფთავება“. პოლიტიკურ ოპოზიციაში სრული ანტაგონიზმია, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არავითარი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს, მთავარი ოპოზიური ძალა, მოგვწონს თუ არა, „ნაციონალური მოძრაობაა“. სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რამდენიმე პროცენტი, რომელსაც ამ განცხადებით წააგლეჯს სხვა პარტიებს, მაგალითად, მან „დაარტყა“ მამუკა ხაზარაძეს. ასე რომ, ოპოზიციურ ველზე მისი ნაბიჯი იყო სრულიად გასაგები და სწორი, უბრალოდ, ამ თემით აპელირება მორალურ-ეთიკურ ნორმებში რამდენად ჯდებოდა, ეს უკვე ცალკე საკითხია. თუმცა, სამწუხაროდ, ჭუჭყიანი პოლიტიკა ქართულ რეალობას ახასიათებს, ეს ბინძური პროპაგანდა მუშაობს, ამიტომ სააკაშვილის ნაბიჯი იყო პრაგმატული, ამავდორულად, ამორალურიც. ბოკერიას პარტია „ევროპული საქართველო“ არის უმძიმეს პოლიტიკურ რეალობაში, მისი რეიტინგი ტექნიკურ ხმებზე იყო დაფუძნებული, ისინი ჩადიოდნენ რეგიონებში და მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ „ნაციონალებთან“ იყვნენ. ზოგადად, არის ხმების ისეთი რაოდენობა, რომელსაც არა ლობიოთი და კარტოფილით, არამედ სხვა მექანიზმებით აგროვებ. სწორედ ამით გადიოდა „ევროპული საქართველო“ ფონს. დღეს კი ეს ნიშა ხაზარაძემ დაიკავა. მაგალითად, თავის დროზე, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია, დაახლოებით, ასეთი მექანიზმებით ცდილობდა ხმების მოპოვებას და ჩვენ საბოლოოდ ვნახეთ, როგორი კრახიც განიცადა. დღეს მთავარი ორი მოთამაშე გამოკვეთილია, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი ზუსტად ამ ტექნიკურ ხმებზე ჭიდილი იქნება „ევროპულ საქართველოსა“ და ხაზარაძის პარტიას შორის, თუმცა ამ არჩევნებში არავითარი მესამე ალტერნატიული ძალა არ ჩანს.
_ სააკაშვილის განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საბოლოოდ გაემიჯნა ბოკერიას?
_ სიტუაციურად, ამ ეტაპზე, სააკაშვილს ისინი არ სჭირდება. რეალურად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და, შესაბამისად, ძირითადი კონტურები და პოლიტიკური ძალები უკვე გამოკვეთილია. ძალიან გამეცინა, როდესაც ბოკერიამ განცხადებები გააკეთა, დაახლოებით, ასეთი რამ გამოუვიდა: „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორასა ძვრას ვუზამ“, რეალურად, 5%-ის რადიუსში ტრიალებენ. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი იქიდან გამომდინარე გადადგა, რომ ესენი ბოლომდე „გაწმინდა“. ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნია, რომ ოპოზიციური ველი მთლიანად „გახვეტოს“ და თავად იმოქმედოს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე არის „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების პარტიები _ ბესელიას, ჭიჭინაძის პარტია. ისინიც ასევე სრულ ფიასკოს განიცდიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გადაუვლის ოპოზიციურ ველს და მიასწორ-მოასწორებს ყველას „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ასევე „ქართული ოცნება“ მიასწორ-მოასწორებს ვითომ მათ სატელიტად წოდებულ პარტიებს. გარწმუნებთ, ვერც ბესელია, ვერც სხვები ვერ შეძლებენ შედეგის დადებას. ქალბატონ ბესელიას პიროვნულად ვუთანაგრძნობ, მესმის მისი პიროვნული ტრაგედია, მაგრამ პოლიტიკურად ის სრულიად გაკოტრებულია, ისევე როგორც „ოცნებიდან“ წამოსული სხვა პოლიტიკოსები. ისინი ისეთივე 1%-ის რადიუსში იქნებიან, როგორც 2012 წელს იყვნენ _ ბაჩუკი ქარდავა და სხვები. 2012 წელი ეპოქალური წელი იყო, რადგან „მე თვითონ“ პარტიებს ქართულმა საზოგადოებამ საბოლოო მიუჩინა ადგილი. იმასაც გეტყვით, რომ „გირჩს“ არ გაუჭირდება 15 000 ხმის აღება და, სულ ცოტა, 1 კაცი „გირჩიდან“ პარლამენტში იქნება, ასევე „პატრიოტთა ალიანსი“ კარგ შედეგს დადებს, სავარაუდოდ, იქნება „ლეიბორისტული პარტიაც“, მაგრამ იაფფასიანი პოპულისტები პარლამენტში ვერ მოხვდებიან.
_ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებში „არა „ნაცებს“, არა ბოროტებას“ მსგავსი მესიჯი ისე ეფექტიანად აღარ იმუშავებს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ხალხს აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიში?
_ სააკაშვილის მმართველობის პირობებში იმდენად მძიმე დანაშაულებები იყო ჩადენილი, რომ ამის დავიწყებას ათწლეულები მაინც დასჭირდება. ის, რაც ციხეებში ხდებოდა, ამას 8 წელიწადში არავინ დაივიწყებს, დამერწმუნეთ.
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაივიწყა „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები.
_ საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო ზურაბიშვილმა, თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება და სწორედ ივანიშვილმა მოუგო სააკაშვილს. არავითარი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არ ყოფილა. ისევ და ისევ ივანიშვილმა ღირსეულად დაამარცხა სააკაშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გამანადგურებელი სხვაობა. უახლოეს არჩევნებშიც, სადაც ორი მეტოქე იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ყოველთვის დასრულდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით.
_ მას შემდეგ, რაც ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლაზე დაიწყო საუბარი, გაჩნდა დამოკიდებულება, რომ ის იქნებოდა მესამე ძალა, თუმცა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. რეალურად, რა შანსები აქვს ხაზარაძეს და ვის კონკურენტად შეიძლება მოვიაზროთ ამ მოცემულობაში იგი?
_ ვფიქრობ, რომ ხაზარაძე ამ მოცემულობაში „ევროპული საქართველოს“ კონკურენტია. მას რომ ბევრად უფრო მძალავრი ფინანსური რესურსი არ ჰქონდეს, ვიდრე ბურჭულაძეს ჰქონდა, ზუსტად ისე დაასრულებდა, როგორც ბურჭულაძემ დაასრულა. ხაზარაძე აბსოლუტურად გამოუცდელი პოლიტიკოსია. მან რაც არ უნდა ილაპარაკოს, ყველამ კარგად ვიცით, რაც აქვს გაკეთებული. რომელ პროდასავლურობაზეა საუბარი, თვალი გადავავლოთ მის წარსულს, კონკრეტულად, 80-იან წლების ბოლოს და მის საქმიანობას შევარდნაძესთან. არ მსურს, მის ბიოგრაფიას დეტალურად გავყვეთ, ფაქტია, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს. ხაზარაძის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი იქნება 5%-თან მიახლოებული. როგორც ვხედავ და როგორც მისმა თანაგუნდელებმა კულუარულად მითხრეს, ხაზარაძის ამოცანა არის ის, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ დააკლდება პროცენტები, ხაზარაძე შეავსებს და კოალიციაში შევა „ქართულ ოცნებასთან“. ანუ ხაზარაძის მთავარი მიზანია, როგორმე, რაც შეიძლება მეტი ტექნიკური ხმა აიღოს „და კოალიციაში შევიდეს. ყველგან შევიდნენ, აღარ იციან, უკვე რა ქნან, ხან ლუდი ჩამოასხეს, ხან კორპუსები ააშენეს, აღარ იციან სად, რომელ სფეროში გაყვლიფონ მოქალაქეები, რომ ამ თავისი უსინდისო საქმიანობის გასაგრძელებლად შეიქმნას კარგი პირობები. მას სხვა არაფერი აინტერესებს.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, 2020 წლის არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უპირისპირდება ერთმანეთს. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში?
_ ყოველ შემთხვევაში, სახეზეა ორი გამოკვეთილი ძალა. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი კოალიციების გარეშე გაიმარჯვოს, თუმცა ბრძოლა იქნება ძალიან საინტერესო, უკომპრომისო და ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ ორივე მხრიდან.
_ რას გულისხმობთ სიურპრიზში, ნეგატიურ კონტექსტში ამბობთ?
_ ყველანაირ კონტექსტში შემიძლია ვთქვა, ყველა მეთოდით იქნება ბრძოლა, მათ შორის, იმ ცუდი მეთოდებითაც, რასაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე მხარე იყენებდა: ტროლებიც იქნებიან, ბოტებიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
_ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ივანიშვილი კარგად თამაშობს პოლიტიკურ ჭადრაკს, ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ივანიშვილის მორიგი ხრიკია, ეს რამდენად შეიძლება განვიხილოთ ივანიშვილის ტრიუკად?
_ ეს ნაბიჯი ცალსახად დემოკრატიული იყო. ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი კოზირი დათმო. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ, თავის დროზე, ივანიშვილმა არჩევნები ურთულეს პოლიტიკურ მოცემულობაში მოიგო, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას და მის ლიდერს თუ აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ ფორმატში იგებს არჩევნებს, მაჟორიტარული სისტემა იქნება თუ პროპორციული. ხალხი თუ გიდგას უკან, არჩევნებს ცალსახად იგებ. ფაქტია, რომ ივანიშვილმა 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებით ძალიან დემოკრატიული და სწორი ნაბიჯი გადადგა. მან ბურთი და მოედანი მისცა ოპოზიციას, _ თუ აქვთ სათანადო ფორმა, იდეალური სასტარტო პირობები შეუქმნა, ამაზე უკეთესს ვერც ინატრებენ, არც კი დაესიზმრებოდათ.
_ ოპოზიცია ხელმოწერებსაც კი აგროვებდა პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, თუმცა რაღაც ნაწილი თითქოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოც კი დარჩა. როგორ ფიქრობთ, რატომ? როგორც თქვით, ბურთი და მოედანი მისცა ივანიშვილმა ოპოზიციას. არ თუ ვერ იყენებენ ისინი ამ სასტარტო პირობებს?
_ ეს არის დესტრუქციული ოპოზიციისთვის დამახასიათებელი როლი. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხელის გულზე სულ რომ ერბო კვერცხი შეიწვას ან ცეცხლში შევიდეს, ბოლოს და ბოლოს, 10 მილიარდი დახარჯა ქვეყნისთვის სრულიად უანგაროდ, თუმცა მის ნებისმიერ მოქმედებას „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკებს. ცხადია, ისინი იაზრებენ, რომ ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ რაღაცას მოძებნიან, რაც თითქოს მათთვის მიუღებელია. სრულიად სამარცხვინოა, ახლა რაც ხდება _ გამოდიან და ვაჭრობა მიდის დაფინანსებაზე, რომ იქნებ ბლოკები იყოს, უთავმოყვარეოდ იქცევიან. რაც შეეხება ოპოზიციის პრობლემას, ეს არის ის, რომ ისინი იდეურ ერთობად ვერ ჩამოყალიბდნენ, მთლიანად ქვეყანაც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, რადგან საქართველო, საბოლოო ჯამში, ჯერ განვითარებადი დემოკრატიული სახელმწიფოა. აშშ-ის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ორი პოლიტიკური ძალის არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს პოლიტიკური საქმიანობის უკვე ორსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. იგივენაირად შეიძლება დიდხანს იყოს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამერიკაში ახალგაზრდები ეცნობიან დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საარჩევნო პროგრამას, რის შემდეგაც აზროვნებით, იდეების მიხედვით ირჩევენ სასურველ პოლიტიკურ ძალას და არა პერსონალიებით. იქ მიდის ჭიდილი კონკრეტულ იდეებსა და რეფორმებს შორის, ამით იმარჯვებენ არჩევნებში და არა ისე, როგორც ჩვენთანაა. ეს არის სწორედ მთლიანად ქვეყნის პრობლემა, ცალსახად ოპოზიციის პრობლემა კი ის არის, რომ ოპოზიცია სრულიად დესტრუქციულია. ისინი არც კი დაფიქრებულან, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ საკითხზე უმჯობესია თქვან, რომ კარგია.
_ 2018 წელს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა, პოლიტსაბჭოს განახლება დააანონსა. სწორედ თქვენ მოიაზრებოდით განახლებულ საბჭოში ერთ-ერთ წევრად. საინტერესოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხომ არ გეგმავთ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას?
_ მსგავსი კონსულტაციები არ ყოფილა. გარკვეული კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ ყოველთვის მქონდა, დაარსების დღიდან მხარს ვუჭერდი, ამიტომ გამორიცხული არაფერია. მთავარი აქ არ არის, იქნება თუ არა ნიკოლოზ მეტრეველი „ქართული ოცნების“ რიგებში, მთავარია, „ოცნებამ“ პოლიტიკური ელიტის გაჯანსაღება მოახერხოს. აუცილებელია, ახალგაზრდებს პოლიტიკური გზა გავუხსნათ.

ნენე ინჯგია