გურამ ჩალაგაშვილი: „ბიძინა, იძულებით გაღიმებას, გირჩევნია, ღმერთს შეხედო და უდანაშაულო პოლიტპატიმრები გაათავისუფლო!“

პირველ ოქტომბერს ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. შსს-მ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანმხლებმა მგზავრმა, 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ, სამართალდამცველების მიმართ აგრესია გამოხატა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“.

ჩალაგაშვილის პატიმრობა სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა, ანუ სასამართლომ ის დარბაზიდან იმის გამო გაათავისუფლა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებები წარადგინა. რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გურამ ჩალაგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„გუშინ ირაკლი ოქრუაშვილის უსამართლო სასამართლო პროცესი იყო. რომ გითხრათ, მოლოდინი გაგვიცრუვდაო, მოგატყუებთ, ისედაც ჩანს, რომ ბიძინამ ირაკლის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.
გუშინვე პატიმრობაში დატოვეს ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი, კობა კოშაძე, არც მისი უდანაშაულობა აინტერესებს მოსამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა კობას უდანაშაულობა _ იარაღზე, რომელიც ჩაუდეს, ვერ მოახერხეს ანაბეჭდების გადატანა და დასკვნაც შესაბამისია, მაგრამ რად გინდა? _ ბიძინას ბრძანება ყველა ექსპერტიზაზე მაღლა დგას.
ამ ქვეყანაში თუ ვინმე „დააჩმორა“ ბიძინამ, ესენი მოსამართლეები არიან!
სასამართლოზე მოსამართლეები გვიყურებენ, მაგრამ არ გვისმენენ, რა ქნან, არ არის ადვილი ბიძინას ბრძანების არშესრულება.
ცუდად იქცევი, ბიძინა, შენი ტვინი არ გყოფნის, მრჩეველი მუდმივად კაიფში გყავს, თორემ გეტყოდა, გურიასა და იმერეთში „ქოცების“ პარტაქტივის შეკრებას და იძულებით გაღიმებას, გირჩევნია, ღმერთს შეხედო და უდანაშაულო პოლიპატიმრები გაათავისუფლოო. ან კიდევ, რა იცით თქვენ, რომ ღმერთი არსებობს?!
საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება არაა კაცობა. ვინ გირჩია ოქრუაშვილის დაკავება, ვინ დაიხრჩო მისი ვაჟკაცობის გამო ბოღმით? შურისძიებაც ძალიან დიდი სისუსტეა, გაგონილი მაინც გექნება.
ფრანგმა პენსიონერმა ხომ გაჩვენათ „კლასი“ და კრიმინალები შეიწყალა, ჯერ სად ხართ. ისე, პენსიონერს რას ვერჩით, 2012 წელს, როცა დაგჭირდათ, კი გახსენით ციხის კარი. უკრაინაში მოკლული ჭაჭიაშვილიც თქვენ შეიწყალეთ, თურმე _ 20 წელი ჰქონია მისჯილი. ყველას ახსოვს, რა დღეში იყვნენ თქვენი მედროშე დეპუტატი ქალბატონები მაგ შეწყალების დროს, დღეს რომ უარგყვეს.
ცუდად იქცევი, ბიძინა და სისხლიანი 20 ივნისი მხოლოდ შენ მოგეწერება. შენი ქველმოქმედების კიდევ შენივე ხალხს აღარ სჯერა.
კიდევ ერთხელ და ხმამაღლა გეუბნები, რომ ვერ შემაშინებ ვერც მე და ვერც _ ქართველ ერს. შენ უკვე ამ ქვეყნის სისხლიანი წარსული ხარ და ასეთადაც ჩაეწერები საქართველოს ისტორიაში!“

რას ერჩის „ოცნება“ ირაკლი ოქრუაშვილს და მის ჯერარდარეგისტრირებულ პარტიას? _ „ქრონიკა+“ გურამ ჩალაგაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გურამ, „გამარჯვებული საქართველოს“ თავს რა ხდება, ხელისუფლების შტურმია და იერიშის ობიექტი რატომ გახდა?
_ თქვენის ნებართვით, ყველაფერს თანმიმდევრულად გავიხსენებ.
_ კეთილი, გაიხსენეთ, გისმენთ.
_ ჩვენი მოძრაობის პრეზენტაცია, თუ არ ვცდები, 11 ივნისს იყო და ჩვენი ე. წ. ხელისუფლება მაშინვე აფორიაქდა.
_ უკაცრავად, ე. წ. ხელისუფლება რას ნიშავს?
_ „ოცნება“ ხელისუფლების ღირსი არაა. ის ჩვეულებრივი თვითმარქვიაა. ჩვენ იმიტომ არ ვცხოვრობთ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავდეს! დიახ, ქართველი ერი უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს!
მოკლედ, ე. წ. ხელისუფლება ძალიან აფორიაქდა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს და 2000-2001 წლებიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრი რამ, ანუ ის იცის, ვის სად რა და როგორ გაუფუჭებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოძრაობის მიმართ დიდი ყურადღება იყო. ამასთან, ირაკლის განცხადებებიც გვახსოვს.
_ კონკრეტულად, რომელ განცხადებას გულისხმობთ?
_ იმ განცხადებას, რომლითაც ხელისუფლება 2013-2014 წლებში ჩადენილ უკანონო ქმდებებში ამხილა. ამის შემდეგ კი, როგორც იტყვიან, „რუსთავი 2“-ზე მიდგა ჯერი. მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“ ყველაზე დიდი ტელევიზია გახლდათ, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი და ყოველთვის სრულ სიმართლეს ამბობდა.
სხვათა შორის, ალბათ, ის განცხადებაც გახსოვთ, როცა ირაკლიმ თქვა, რომ „რუსთავი 2-ის“ 80%-ს ამ ტელევიზიასა და ასევე სხვა ჟურნალისტებს გადაუფორმებდა. ეს კი, პრაქტიკულად, იმას ნიშნავდა, რომ ივანიშვილი ამ ტელევიზიის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა.
_ რატომ ვეღარ შეძლებდა?
_ იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ს“ ძალიან ბევრი ისეთი მფლობელი ეყოლებოდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
ამის შემდეგ ირაკლი საფრანგეთში წავიდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა წასვლამდე საჯარო განცხადებაც გააკეთა და საგამოძიებო უწყებებსაც მიმართა, რომ, დაახლოებით, ორი კვირით ქვეყნიდან გადიოდა და 19 ივლისს უკან დაბრუნდებოდა.
_ ოქრუაშვილისთვის არავის შეუშლია ხელი, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.
_ დიახ, ასე იყო, თუმცა შემოგვითვალეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ და, ჯობია, საფრანგეთში დარჩესო. ირაკლის პირადად მე ველაპარაკე და ვუთხარი, ასე და ასე შემოგვითვალეს-მეთქი, რაზეც მიპასუხა, _ ნაბიჯი გადავდგი და არ ვაპირებ, ეს ქვეყანა ივანიშვილისა და რუსეთის ხელში დავტოვო, ამიტომ არ მეშინია და დათქმულ დროს დავბრუნდებიო.
მოკლედ, ბილეთი 19 ივლისისთვის ჰქონდა აღებული და, ბუნებრივია, 19-ში, ღამე დაბრუნდა.
როცა შემონათვალზე არასასურველი პასუხი მიიღეს, ირაკლის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.
_ კოშაძის დაკავებას შეთვლილზე ოქრუაშვილის უარს რატომ უკავშირებთ?
_ იმიტომ ვუკავშირებ, რომ ირაკლისა და კობას ურთიერთობა იციან _ ნათელმირონები და ძალიან ახლო მეგობრები არიან. ამას გარდა, კობას პირადი ტრაგედია და ოჯახური პრობლემაც იციან, ანუ ხვდებოდნენ, რომ ირაკლის გარემოცვიდან ვისი გამწარებაც შეიძლებოდა, ეს კობა იქნებოდა და შეასრულეს კიდეც.
სხვათა შორის, კობასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო ახლახან გაიმართა და ადვოკატმა მოსამართლეს და პროკურატურას გარკვევით უთხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მზად არის, სადაც შავით თეთრზე წერია, იარაღზე კობა კოშაძის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდაო, მაგრამ სასამართლომ ამას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან მოსამართლისთვის ექსპერტიზაზე მაღლა ივანიშვილი დგას. მოკლედ, ექსპერტიზის მიუხედავად, მოსამართლემ თქვა, საშიშია, რომ კოშაძემ საპატიმრო დატოვოს და გარეთ გავიდესო.
_ მხოლოდ კოშაძე კი არა, ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, თქვენც საშიში ხართ _ მართალია, პატიმრობას გადაურჩით, მაგრამ ახლახან ადმინისტრაციული წესით დაგაკავეს. იმის შესახებ, თუ რატომ ეშინია „ოცნებას“ თქვენი, მოგვიანებით გკითხავთ, მანამდე კი ერთ ფრაზას გაგახსენებთ, რომელიც წეღან თქვით, _ ოქრუაშვილმა 2000-2001 წლებზე ძალიან ბევრი რამ იცისო. ჰოდა, თუ ივანიშვილს ძველი ამბების გახსენება-ამოქექვის ეშინია, საინტერესოა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ოცნებამ“ ოქრუაშვილს საქართველოში დაბრუნების ნება რატომ დართო?
_ მაშინ „ოცნებას“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა _ დაემტკიცებინა, წინა ხელისუფლება ადამიანებს როგორ სდევნიდა და ოქრუაშვილსაც საქართველოში დაბრუნების საშუალება მხოლოდ ამის გამო მისცა!
_ შეიძლება, არც უამისობა იყო, მაგრამ თქვენ, როგორც მეგობარს, ხომ არ გგონიათ, რომ „ოცნებამ“ ოქრუაშვილი, თავის დროზე, საქართველოში ჩამოიტყუა?
_ 2012-2013 წლებში და შემდეგაც ირაკლი პოლიტიკაში ჩართვას არ ფიქრობდა. ყოველ შემთხვევაში, წლევანდლამდე განცხადება არ გაუკეთებია.
_ შეგახსენებთ: 2016-ში ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და მაშინ, მგონი, გარკვეული ინციდენტიც მოხდა, არა?
_ დიახ, 2016 წელს გორის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, მაგრამ მაშინ პარტიის შექმნაზე საუბარი არ ყოფილა, ანუ კენჭი იყარა და ყველაფერი ამით დამთავრდა.
_ იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში აპირებდა დაბრუნებას, კულუარებში კარგა ხნის წინ გავრცელდა ხმა. „ოცნებიდან“ ხომ არავინ გააფრთხილა, ირაკლი, პარტია არ შექმნა, თორემ პრობლემები გექმნებაო?
_ გარკვეული გაფრთხილებები იყო, მაგრამ ირაკლიმ ის გააკეთა, რისი გაკეთებაც უნდოდა.
_ და მაინც, რა იცის ოქრუაშვილმა ისეთი, რისი გამოაშკარავებისაც ივანიშვილს ეშინია?
_ უმჯობესია, ამის შესახებ პირადად ირაკლის ჰკითხოთ.
_ ვერ ვკითხავ, რადგან ციხეშია!
_ როცა გამოვა!
_ გამოვა?
_ აუცილებლად! სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს, თუმცა „ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ ირაკლის ციხეში ყოფნის ვადა 9 თვემდე გაჭიმოს. ისე, ოქრუაშვილის ციხეში ყოფნის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმაც არაერთხელ გააკეთეს. მსგავსი განცხადებები კიდევ გაკეთდება და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ოქრუაშვილი კი არა, ყველა ის პოლიტპატიმარი, ვისაც საქართველო უყვარს და ციხეში უკანონოდ ზის, საპატიმროს დატოვებს. ეს ხალხი ციხეში იმიტომაა, რომ „ოცნებას“ უნდა, ქართველი ერი დააშინოს, მაგრამ ვერავის დააშინებს! სამაგიეროდ, ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და პოლიტიკურ სანაგვეზე წავა!
_ ბატონო გურამ, ჩვენში დარჩეს და, ცოტა უცნაურია, როცა ამბობთ, ოქრუაშვილი ციხეში თავისი ანტირუსული განწყობების გამო მოხვდაო, არადა, თავის დროზე, როცა „ნაციონალებს“ გაექცა, თქვენი მეგობარი რუსული ტელევიზიების ხშირი და სასურველი სტუმარი იყო. მეტიც, „ნაცმოძრაობა“ ოქრუაშვილზე ამბობდა, რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებსო. მოკლედ, რომელი ვერსია უნდა დავიჯეროთ _ ის, რომ „ოქრო“ პრორუსია თუ ის, რომ ანტირუსია?
_ შეგიძლიათ, ირაკლის და ჩემი სიტყვები დაიჯეროთ!
_ რომელი სიტყვები?
_ შემიძლია, თამამად ვთქვა: ირაკლი ოქრუაშვილი, მეგობრებთან ერთად, ყოველთვის იმისთვის იბრძოდა და იბრძვის, რომ საქართველო დასავლეთისკენ წავიდეს!
_ დავუშვათ, დაგიჯერეთ, მაგრამ ამიხსენით, ოქრუაშვილი ყველა ხელისუფლებისთვის მიუღებელი რატომაა?
_ იმიტომ, რომ რეფორმატორია! მაგალითად, მან ქართული ჯარი შექმნა. ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტიც, რომელსაც პატრული ჰქვია, მაშინ შეიქმნა, როცა ირაკლი შს მინისტრი იყო. მას კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა! ახლაც ბევრი ისეთი რეფორმა აქვს მოფიქრებული, რაც ქვეყანას წაადგება! ირაკლის საქართველოში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს, ანუ მას შეუძლია, საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქცია აიღოს, ოპოზიცია გააერთიანოს და ამ ხელისუფლების პოლიტიკური კარიერა დაამთავროს!
_ არ გეკამათებით, თუმცა როცა პატრულზე, როგორც ოქრუაშვილის წარმატებულ პროექტზე, საუბრობთ, სამართლიანობისთვის 2004 წლის 23 ნოემბერი უნდა გაგახსენოთ _ ბუტა რობაქიძე სწორედ ამ „წარმატებულმა პატრულმა“ მოკლა, თუმცა ამის გამო ოქრუაშვილს პასუხისმგებლობა არ აუღია!
ისე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ოქრუაშვილის ფიგურა მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, ოპოზიციისთვისაც მიუღებელია?
_ რადგან ასეთ შეფასებას აკეთებთ, ეს ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი არის ლიდერი, რომელსაც გაჰყვებიან!
_ ეს ჩემი შეფასება არაა! მე, უბრალოდ, კითხვა დავსვი!
_ რაც შეეხება რობაქიძის მკვლელობას, ეს მაშინ მოხდა, როცა ირაკლი უკვე თავდაცვის მინისტრად იყო დანიშნული და შს მინისტრად ფორმალურად ითვლებოდა! სხვათა შორის, გურამ დონაძეს, რომელიც ახლა პატიმარია, შეთავაზება ჰქონდა, რომ ოქრუაშვილისთვის ხელი დაედო, მაგრამ უარი მიიღეს.
_ ოპოზიციის კონტექსტში დასმულ კითხვას, მგონი, გვერდი აუარეთ, ამიტომ ჩაგეძიებით, ბატონო გურამ: ოქრუაშვილს ოპოზიციაც ხომ არ წირავს?
_ ეს ოპოზიციას ჰკითხეთ!
ზოგადად, ყველამ პარტიული ინტერესი გვერდით უნდა გადავდოთ, ერთად დავდგეთ და პარლამენტი იქნება თუ ივანიშვილის სახლი, ყოველდღე ასიათასიანი მიტინგი უნდა იმართებოდეს!
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს!
თუ ყველანი სახლებში დავსხდებით და ჩირგვებში თავჩარგულები ვიქნებით, 2020-ში არჩევნებს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მოიგებს და, საბოლოო ჯამში, საქართველოში ერთი ნორმალური ადამიანი აღარ დარჩება!
ზოგადად, „ოცნებას“ არაჩვეულებრივი გეზი აქვს აღებული _ ყველა ახალგაზრდას, ვისაც საქმის გაკეთება შეუძლია, იძულებულს ხდის, საქართველო დატოვოს და ქვეყანაში მხოლოდ პენსიონერები დარჩნენ! აი, სწორედ ამიტომ მუშაობს „ოცნება“ პენსიის 15 პროცენტით გაზრდაზე. იცის, რომ 2020-ში არჩევნები წაგებული აქვს და პენსიის გაზრდა ამიტომაც გაახსენდა!
მოკლედ, თუ ყველანი ერთად არ დავდგებით და ივანიშვილს ერთად არ ვეტყვით, რომ მისი დღეები დათვლილია, საქართველო დაიღუპება და 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს თუ ნოემბერში პარლამენტში რუსეთის დროშა იფრიალებს და პუტინიც ჩაიბარებს პატაკს, რომ თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს!
პუტინს ამ პატაკს, ცხადია, ივანიშვილი ჩააბარებს!
_ ბატონო გურამ, მგონი, უტრირებთ და მოვლენათა განვითარებას ძალიან მუქ ფერებში და დრამატულად ხატავთ!
_ სამწუხაროდ, ხანდახან დრამატულად დახატული შეიძლება, რეალობად გადაიქცეს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ის, რასაც ვამბობ, რეალობისგან შორს ნამდვილად არ არის!
_ ვნახოთ… რაც შეეხება თქვენ წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წამოწყებას, ხელისუფლება პირადად თქვენ რას გერჩით? თუ მეტყვით, რომ საფრთხეს წარმოადგენთ, მაშინ საინტერესოა, თქვენზეც სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავენ?
_ ჩემი განვლილი ცხოვრება ძალიან კარგად იციან და ამიტომ ისეთ ვერაფერს მომიძებნიან, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცემენ!
_ საქმის შეკერვაზე ადვილი რა არის? ბოლოს და ბოლოს, იარაღის ჩადება და მისი ჯანი!
_ ერთი და იგივე პარტიიდან ორი ადამიანის ერთი და იმავე ბრალდებით დაჭერა, მგონი, არასერიოზული იქნება.
აღნაგობიდან გამომდინარე, ნარკოტიკებთან ჩემი დაკავშირებაც შეუძლებელია! უბრალოდ, უნდოდათ, რომ როგორმე მდგომარეობიდან გამოვეყვანე და პატრულის თანამშრომლისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, რაც სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა, მაგრამ ესეც ვერ მიიღეს.
_ ანუ პროვოკაციას გიწყობდნენ?
_ დიახ.
_ სანამ ეს მოხდებოდა, ვთქვათ, თვალთვალს გრძნობდით?
_ მუდმივი კონტროლის ქვეშ ვართ და ამის შესახებ ხმამაღლაც გვითქვამს, თუმცა რეაქცია არავის ჰქონია! პრობლემა არაა _ სადაც წავალთ, ყველგან გამოგვყვნენ!
_ პოლიციის განყოფილებაში რომ გადაგიყვანეს, როგორ გექცეოდნენ?
_ ზედმეტი არაფერი ყოფილა. წინასწარი დაკავების იზოლატორში მარტო ვიყავი, თუმცა საშინელი სიბინძურე იყო _ იქ ადამიანის კი არა, ცხოველის შეშვებაც არ შეიძლება! საკანში რამდენიმე საათი გამაჩერეს და მერე სასამართლოში გადამიყვანეს!
_ ბატონო გურამ, ხელმეორედ გეკითხებით: პროვოკაციას იმიტომ გიწყობდნენ, რომ ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი ხართ თუ თქვენც რამე იცით და უნდათ, რომ მოგიცილონ?
_ დიახ, მეგობარი ვარ, თან ხელისუფლებას აქტიურად ვებრძვი და ბევრ უხერხულობას ვუქმნი!
საერთოდ, „ოცნებას“ უნდა, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი შეაშინოს და აღარავინ თქვას, აი, ხელისუფლება ცუდიაო. სწორედ ამიტომ არის, რომ პროკურატურაში ხან ზაალ უდუმაშვილს იბარებენ, ხან _ გიორგი ლაფერაშვილს და ხანაც _ გიორგი გაბუნიას და ნოდარ მელაძეს, მაგრამ ამისი არავის ეშინია!
_ შეიძლება, პოლიტლიდერები არ დაშინდეთ, მაგრამ ყველაფერი ეს მოსახლეობაზე უარყოფითად ხომ მოქმედებს? მართალია, ჯერ პარტია არაა, მაგრამ ამ ფონზე „გამარჯვებულ საქართველოში“ გაწევრიანების სურვილი ვინმეს კიდევ ექნება?
_ ხალხი საარჩევნო ურნასთან, დარწმუნებული ვარ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ამ ქვეყნისთვის საჭიროა!
_ საარჩევნო ურნამდე დიდი დროა. ქვეყანაში შექმნილი რეალობა „გამარჯვებული საქართველოს,“ როგორც პარტიის შექმნაზე, უარყოფითად არ აისახება?
_ ჩვენი პარტია შექმნილია _ რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი გვაქვს და ძალიან ბევრი მხარდამჭერიც გვყავს. მოკლედ, იმის საშიშროება, რომ ადამიანებს ჩვენთან ურთიერთობის შეეშინდეთ, არ არსებობს!
_ პარტიის რეგისტრაციაზე პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ?
_ ამ მხრივ პრობლემა უკვე შეგვიქმნეს.
_ ანუ?
_ გარკვეული ხარვეზები დაგვიდგინეს, რომლებსაც ვასწორებთ და თუ რამე პრობლემას კიდევ შეგვიქმნიან, მერე საგანგებო განცხადებას გავაკეთებთ!
_ ბატონო გურამ, გამოსავალს სად ხედავთ?
_ ეს ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას ვერ გაუძლებს, ამიტომ ზუსტად ისე მშვიდად, როგორც 2012 წელს გადაიბარა ივანიშვილმა ხელისუფლება, 2020-ში ასე მშვიდად მოუწევს, ხელისუფლება ოპოზიციას გადააბაროს! სხვა გამოსავალი არ არსებობს!
_ გამორიცხავთ, რომ „ოცნება“ 2020-ს არ დაელოდოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
_ არაფერს გამოვრიცხავ! როგორც ვიცი, უკვე საუბრობენ, რომ არჩევნები შესაძლოა, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს, მაგრამ სანამ „ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობას არ შეასრულებს, არჩევნების დანიშვნა გაუჭირდება!
_ ვთქვათ, „ოცნებამ“ პირობა შეასრულა, ანუ პროპორციული არჩევნები დააკანონა. ამ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას უფრო აწყობს თუ ოპოზიციას?
_ ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები როდის ჩატარდება! თუ პროპორციული სისტემა დაკანონდა, ხალხისთვის უკეთესი იქნება, რომ არჩევნები ხვალაც ჩატარდეს! რაც უფრო მეტ ხანს დარჩება ხელისუფლებაში, „ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვა და, ბოლოს, რამდენიმე პროცენტიღა დარჩება.
_ „ოცნება“ ასე არ ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ 2020-შიც ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა!
_ იმედები ცრუვდება ხოლმე.
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ნახვამდის!

გიორგი აბაშიძე