რა სჭირს მიშას?

მიშა შეცვლილია და ეს აშკარად ჩანს ეკრანზე მისი ნებისმიერი გამოჩენის დროს. ის უკვე არაა ის ფიცხი, მაგრამ რაციონალური და საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, როგორიც იყო 2004 წელს. დღეს ჩვენ ვხედავთ ემოციებს აყოლილ, გაუწონასწორებელ ადამიანს, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა, უბრალოდ, საშიშია ქვეყნისთვის.
ერთი შეხედვით, არაფერი ხდება საშინელი, მაგალითად, სააკაშვილი მუდამ ჰპირდება თავის მრევლს ჩამოსვლას და არ ჩამოდის, რაც გასაგებია _ მისი ჩამოსვლა იქნება „ქოცების“ სახეში ნასროლი ხელთათმანი, რასაც ისინი აუცილებლად უპასუხებენ.

მიშას ციხეში ჩასმა ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას _ ასეთი საყოველთაოდ ცნობილი და მოუსვენარი პატიმარი მათთვის დიდი თავის ტკივილი იქნებოდა და ისინი ყველანაირად ცდილობენ აიცილონ თავიდან მოვლენათა ასეთი განვითარება.
თუმცა სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლა მათთვის გამოწვევა იქნება, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.
მეორე, რითაც დაგვამახსოვრა თავი ახალმა სააკაშვილმა, არის რიტორიკის მკვეთრი შეცვლა მემარცხენე პოპულიზმის მიმართულებით, რაც ასევე, ერთი შეხედვით, არაა გაუგებარი _ ზოგადად, ქართველი ამომრჩეველი მემარცხენეც არის და ნაციონალისტიც და მიშას სურვილი _ დაიკავოს ამ სეგმენტის ნაწილი _ ლოგიკურია.
თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება.
არ შეიძლება მუდმივად, საჯაროდ ილაპარაკო საქართველოში ჩამოსვლაზე და არ ჩამოხვიდე. პოლიტიკოსის სიტყვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის რამედ ღირს. ერთხელ, მაქსიმუმ, ორჯერ თუ რამე თქვი და არ შეასრულე, შენი სიტყვის ფასი ნულია.
არავინ მიიღებს სერიოზულად მეათე დაპირებას მაშინ, როდესაც 9 შეუსრულებელი დარჩა.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება სააკაშვილის ფან-კლუბს _ იქ აღტაცებით ხვდებიან მის ყველა დაპირებას, გულწრფელად სჯერათ, რომ მიშა დღე დღეზე ჩამოვა, მის დასახვედრად გამოჰყავთ ასობით ათასი ვირტუალური მომხრე, აწყობენ რევოლუციას, ისტუმრებენ სახლში ბიძინას და ბჭობენ მის მომავალ ბედზე _ რა ვუყოთ ივანიშვილს _ ჩამოვახრჩოთ, თუ გავასამართლოთ?
შემდეგ ჩამოსვლა გადაიდება, ფან-კლუბი კი აუცილებლად მოუძებნის ამას ძალიან ლამაზ და კოხტა ახსნას და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
თუმცა საქართველო არ შედგება მხოლოდ მიშას ფანკლუბისგან, თქვენ წარმოიდგნეთ, ენმ-ს ამომრჩეველიც, ის ლეგენდარული 800 000 ადამიანი _ ასევე არაა ერთნაირი და ყველა არაა მიშას ირგვლივ შეკრებილი სექტანტების ჭკუაზე.
საბოლოო ჯამში, სააკაშვილი არ ჩამოდის საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ მის აქ უსაფრთხოდ ყოფნას სჭირდება ყოველდღიურად, ყოველწუთიერად გვერდში ათობით ათასი ადამიანის დგომა იმისთვის, რომ „ქოცებს“ არ მიეცეთ მისი დაპატიმრების საშუალება.
ეს კი შეუძლებელია _ ყველა მიტინგი თუ აქცია, რომელიც გვაქვს ნანახი ბოლო წლების მანძილზე, ომახიანად და ხალხმრავლად იწყება, თუმცა, ნელა-ნელა, რამდენიმე დღეში მუხტი მცირდება და მასთან ერთად _ ქუჩაში გამომსვლელთა რაოდენობა.
სააკაშვილს ჰყავს ბევრი მომხრე, ასევე ბიძინას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, თუმცა მათი რაოდენობა არაა საკმარისი ამხელა მობილიზაციისთვის _ ამიტომაც _ არ ჩამოდის!
თუმცა ამას არა უშავს, გაცილებთი უარესია ექსპრეზიდენტის რიტორიკის მკვეთრი შეცვლა უნამუსო მემარცხენე-ტრადიციონალისტური პოპულიზმის მიმართულებით.
„ნაციონალები“ ამბობენ, _ მერე რა მოხვდა? როდის აქეთაა საქართველოში ქრისტიანობა დასაძრახი და რატომ არის ეროვნული ფასეულობების დაცვა ცუდი?
ერთი შეხედვით, მართებული არგუმენტია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით _ სინამდვილეში, საქართველოში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ რელიგიურობის ხაზგასმა და ჯვრის დემონსტრირება გახდა მარგინალებისა და შავრაზმული ძალების ხვედრი. არავინ არავის უშლის იყოს მორწმუნე, თუმცა ამის ხაზგასმა ძალიან ცუდად გამოიყურება ადამიანის მხრიდან, რომელიც მთელი 9 წელი იყო დაკავებული იმით, რომ საქართველოში ნერგავდა მემარჯვენე-ლიბერალურ იდეოლოგიას.
და საერთოდ _ თუ ნარატივი „ქართველობას გვართმევენ“ _ ნორმალური მოვლენაა, მაშინ რას გადავეკიდეთ „ქართულ მარშს“? ის ხომ სხვას არაფერს ამბობს _ „ბოკერია ებრძვის ქართველობას“. თუ ეს მისაღები და ნორმალურია სააკაშვილისგან, მაშ, რას ვერჩით სანდრო ბრეგაძეს?
რა თქმა უნდა, მიამიტი არავინაა, და ყველას ესმის _ სააკაშვილის საოცარი „გაეროვნულება“ და ასევე გამარცხენება არის მხოლოდ პოლიტიკური თამაში მემარცხენე-ნაციონალისტების მოსაზიდად. თუმცა მიშას არაადეკვატურობის პირველი მაჩვენებელი სწორედ ისაა, რომ მას, როგორც ჩანს, გულწრფელად არ ესმის _ ეს კატეგორია მიიჩნევს მას დაუძინებელ მტრად, და არავითარ შემთხვევაში, სულ რომ დაინგრეს ირგვლივ ყველაფერი _ არ იქნება მისი ამომრჩეველი.
შესაბამისად, ეს სამარცხვინო სახეცვლილება არა მხოლოდ ამაზრზენია მორალური თვალსაზრისით, არამედ სრულიად უშედეგოა პრაგმატულად.
ამ ფონზე ისმის კითხვა, _ მაშ, რატომ? რა დაემართა სააკაშვილს, რომ ის ვერ იგებს ასეთ მარტივ რაღაცებს, რაც ესმის ყველას ირგვლივ?
სააკაშვილის დეგრადაციის მიზეზია წყენა და გაბრაზება. დღეს ის წააგავს სპორტსმენს, რომელსაც დიდი ხანია, არაფერი მოუგია, ამის გამო კარგავს წონასწორობას, და ისევ აგებს.
დღეს სააკაშვილის მამოძრავებელი ძალაა ზიზღი, გაბრაზება და წყენა. 2012 წლიდან მთელი მისი პოლიტიკური ბიოგრაფია არის წარუმატებლობისა და ჩავარდნების კასკადი. ის ცდილობს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, ჩქარობს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
რას ეუბნება მწვრთნელი რინგზე გამოსულ მოკრივეს? პირველ რიგში, „დაწყნარდი, არ აჰყვე ემოციებს“.
პოლიტიკა ძალიან წააგავს კრივს და წესები თითქმის ანალოგიურია _ ის, ვინც კარგავს წონასწორობას და ვერ იკავებს ემოციებს _ აგებს.
სააკაშვილი დიდი ხანია, გაბრაზებული მოკრივის როლში იმყოფება _ 2012 წელს მან წააგო საქართველოში, შემდეგ მთელი მისი უკრაინული ეპოპეა კრახით დასრულდა, მაგრამ ის ჯიუტად ვერ ისვენებს _ დაძვრება სახურავებზე, იგინება, ილანძღება, აანონსებს რევოლუციებს და მოუწოდებს ძალოვან სტრუქტურებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ.
ეს არ არის პოლიტიკოსის საქციელი _ ეს არის გაბრაზებული ადამიანის საქციელი. წყენამ და გაბრაზებამ დაუბნელა მას საღი გონება, როგორც მოკრივეს, რომელიც აგებს.
ჩვენ ახლა ვხედავთ სამწუხარო და, ამავე დროს, საყურადღებო სურათს _ როგორ აფუჭებს ერთ დროს წარმატებულ და რაციონალურ პოლიტიკოსს ემოციებზე აყოლიება.
ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის.

თენგიზ აბლოთია