მიხეილ ქუმსიშვილი: „არანაირი განსხვავება არ არის ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. საზოგადოება ტრადიციად ქცეულ დაპირებებს მისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური ფიგურებისგან ძველებურად ისმენს. ამის პარალელურად, პოლიტიკურ სივრცეში ბანკირი მამუკა ხაზარაძე ჩნდება, რომელიც გვიმტკიცებს, რომ იქ იქნება, სადაც გაჭირვებული ადამიანია. ბევრს, ალბათ 2012 წლის ბიძინა ივანიშვილი ახსენდება.

როგორია არსებული პოლიტიკური რეალობა? რას დაუპირისპირებს „ლეიბორისტული პარტია“ კონკურენტების ფინანსურ რესურსს? რა სახით ჩაერთვებიან ახალგაზრდები წინასაარჩევნო სამზადისში?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმდომარე მიხეილ ქუმსიშვილს ესაუბრა:

_ თვეების განმავლობაში, სისხლიანი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ახალგაზრდები იმჟამინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდით, თუმცა გადადგომის ნაცვლად იგი პრემიერ-მინისტრი გახდა. რამდენად ლოგიკური სვლა იყო მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი?
_ გახარიას გაპრემიერება, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო, რადგან ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში იდგა ქუჩაში და გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლას ითხოვდა. რეალურად, მან მართლა დატოვა ეს თანამდებობა, ოღონდ, დაწინაურდა და პრემიერ-მინისტრი გახდა. მეორე მხრივ, ეს მოსალოდნელი იყო იმ გაგებით, რომ ივანიშვილს ძალიან უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება. 2020 წლის არჩევნებისთვის კი ისეთი კადრები სჭირდება, რომელიც ორიენტირებული იქნება არჩევნების მოგებაზე, პოლიციური რეჟიმის უფრო მეტად გაძლიერებაზე და სხვადასხვა მანიპულაციით, არცთუ მაინცდამაინც სუფთა გზებით, საარჩევნო ხმების მოპოვებაზე. გახარია, ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტი იყო, ბიძინა ივანიშვილმა უკან არ გადადგა ნაბიჯი, იმის მიუხედავადაც კი, რომ ასეთი ზეწოლა იყო აქციების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ეს აქციები100 დღე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც, მით უმეტეს, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა. დარწმუნებული ვარ, საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ 2020 წლის არჩევნები იყო. ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში დაიწყო სიარული, ის გურიაში იყო ჩასული, სადაც თავისი პარტიის აქტივს შეხვდა. მთელი ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების მოსამზადებელ პერიოდზეა გადასული. ზუსტად ამ სქემის ერთ-ერთი ნაწილია გახარიას გაპრემიერებაც, რომლის მთავარი ფუნქციაც უნდა იყოს არჩევნებში მაღალი შედეგის დადება, რაც, მიუხედავად ყველანაირი ფაქტორისა და დიდი ძალისხმევისა, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ, პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდა მამუკა ხაზარაძის სახით, როგორ შეაფასებთ მის შანსებს?
_ ხაზარაძე ისე საუბრობს, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, ის ამბობს, რომ მივა იქ, სადაც გაჭირვებული იქნება. ის თავის დაპირებებში აქცენტს აკეთებს სოციალურად გაჭირვებული ფენის მოტყუებაზე. ჩემთვის პირადად არანაირი განსხვავება არ არის ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის. ორივე მათგანი ოლიგარქიულ წრეს წარმოადგენს, რომელთა პოლიტიკაში შემოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ მათი ბიზნესი უფრო გაძლიერდეს და ხელშეუხებელი იყოს, ანუ მათ სჭირდებათ გარანტიები, რომ მათ ბიზნესს პრობლემები არ შეექმნება. გაიხსენეთ, როდის შემოვიდა ხაზარაძე პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტი ვერ გაიყვეს მან და ბიძინა ივანიშვილმა. მათ ამ სახის დაპირისპირებები რომ არ ჰქონოდათ, ხაზარაძეს ნამდვილად არ ახსოვდა გაუბედურებული ხალხი. ამ ხალხის გაუბედურებაში, სხვათა შორის, ხაზარაძესაც „მიუძღვის წვლილი“. ასობით ათასი მოქალაქე სახლის გარეშე დარჩა და გარეთ უწევს ცხოვრება. გასაგებია, რომ ბანკში როცა დავალიანება გაქვს, ამას შესაბამისი სანქციებიც მოყვება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე ბანკს კაბალური პროცენტები აქვს. მაგალითად, გუშინ ჩემი მეგობარი „თიბისი ბანკში“სამომხმარებლო სესხს იღებდა, რამდენიმე ვალის გაერთიანება უწევდა და ამ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 29% იყო. ხაზარაძე წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, ახლა მაინც დაუწიოს საპროცენტო განაკვეთი. ილუზია მაინც შექმნას, რომ ევროპული ტიპის ბანკირია. მოგეხსენებათ, ევოპაში, ბანკში 7%-ზე მაღალი პროცენტი არ არის. ქვეყნის გადამრჩენელის ფუნქციის თვალსაზრისით, მამუკა ხაზარაძეს, რა თქმა უნდა, სკეპტიკურად ვუყურებ. ის გარკვეულ პროცენტს, ბუნებრივია, იმიტომ აიღებს, რომ მას ზურგს უმაგრებს ძალიან დიდი ფინანსური ნაკადი. ჩვენი კონკურენტი ყოველთვის ფინანსებია, მაგრამ ხაზარაძის მეშვეობით ხელისუფლების ცვლაზე საუბარი ზედმეტია. ბიძინა ივანიშვილისა და ხაზარაძის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლამდე ივანიშვილს ქველმოქმედის, ეკლესიების, თავისი სოფლისა და ქალაქის აღმშენებლის სახელი ჰქონდა, მამუკა ხაზარაძეს ასეთი ბეგრაუნდი არ აქვს. მით უმეტეს, ჩვენ ვნახეთ, პრესტიჟული სახელის მქონე ბიძინა ივანიშვილმა როგორ დაამთავრა და რთული გამოსაცნობი არ იქნება, სამომავლო პერსპექტივაში როგორ გააგრძელებს მამუკა ხაზარაძე.
_ აღნიშნეთ, რომ თქვენი კონკურენტი ყოველთვის დიდი ფულია, მას შემდეგ, რაც ხაზარაძე გამოჩნდა პოლიტიკაში, სოციალურ ქსელში აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართება: დიდი ფული VS დიდი ფული. ამ მოცემულობაში სად არიან სხვა პარტიები და ფინანსურ რესურსს, რაც ხშირ შემთხვევაში გადამაწყვეტ როლს თამაშობს არჩევნების მოგებაში, რას უპირისპირებს „ლეიბორისტული პარტია“?
_ რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, ფული ფულის წინააღმდეგ და იმის მცდელობა, რომ ორპოლუსიანი სისტემა გამოვიდეს, ოღონდ ამჯერად პოლუსი იყოს ხაზარაძის სასარგებლოდ, ამ ყველაფერს განაპირობებს და მოსახლეობამდე მიაქვს სოციალურ ქსელებსა და მედიას. მასმედია ფულზე მუშაობს, „ტვ პირველი“ არის ხაზარაძის ტელევიზია. სოციალურ ქსელებში არაერთი დაბუსტული (დარეკლამებული) ფეიჯი და პოსტი გვხვდება. ანუ ისევ და ისევ ფული ქმნის რეკლამას და შემდეგ რეკლამა ქმნის განცდას, რომ თითქოს ორპოლუსიანობაა. რეალურად, ეს არ არის ორპოლუსიანობა. ხაზარაძეს არანაირი წინაპირობა არ გააჩნია, არც ისტორია, არც ცოდნა და გამოცდილება არ აქვს პოლიტიკაში. მით უმეტეს, ხაზარაძეს არ აქვს სურვილი და იდეა, ქვეყანა გაძლიერდეს, მას თავისი ბიზნესის გაძლიერების მოტივაცია ამოძრავებს. ჩვენ რას დავუპირისპირებთ დიდ ფულს, ეს იქნება ჩვენი ძალების მაქსიმუმი, რადგან სხვა გზა ამ შემთხვევაში არ გვრჩება. ჩვენი პოლიტიკური პარტია არ გამოვირჩევით დიდი სიმდიდრით, სამაგიეროდ, იდეოლოგია გვაქვს. შევეცდებით, ჩვენი ხმა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ: გავალთ ქუჩებში, სახლებში, ვივლით სოფლებში, შევხვდებით ადამიანებს და ზუსტად ამას ვიწყებთ გაზაფხულიდან. ყველას სათითაოდ გავესაუბრებით, გავცემთ ჩვენს ბროშურებს და შევეცდებით, დავარწმუნოთ ამომრჩევლები, რომ 2020 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ შემოხაზვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რაც შეიძლება გააკეთონ საარჩევო ყუთებთან, ვინაიდან ყველა დანარჩენი მოსახლეობამ უკვე გამოსცადა, ვინ რას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი იდეით, მემარცხენე ხედვებით, იმ მოსაზრებით, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უნდა იყოს სოციალური სამართლიანობა, არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები შიმშილით, სიცივით, არ უნდა გვრჩებოდეს ახალგაზრდობა განათლების გარეშე, ჯანდაცვა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და შემდეგ უკვე, ბუნებრივია, მდიდარს არ უნდა შევუშალოთ ხელი გამდიდრებაში _ ამ იდეებით მივალთ ამომრჩევლებთან და შევეცდებით, ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის უნდა მისცენ ხმა, დავარწმუნოთ ჩვენს სისწორეში.
_ 2012 წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ჰქონდა დამოკიდებულება, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ჩვენც გვიშველისო. როგორ ფიქრობთ, ისწავლა თუ არა საზოგადოებამ ჭკუა და სატყუარა, რასაც დიდი ფული ჰქვია, იქნება თუ არა ეფექტიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ ამას ჩვენ ვიხილავთ არჩევნებზე, წინასწარ პროგნოზის გაკეთება, რა თქმა უნდა, რთულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობამ სათანადო დასკვნები გამოიტანა. პირველ რიგში იმიტომ მაქვს ეს იმედი, რომ არ მგონია, ქართველი ადამიანი ისეთი მიამიტი იყოს, რომ 5-ჯერ მოტყუების შემდეგ მეექვსედაც შეძლო მისი გაცურება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ 2012 წელს აბსოლუტურად განსხვავებული განწყობები იყო, მით უმეტეს, ემოციური ფონი ძალიან მაღალი გახლდათ, _ როდესაც ციხის კადრები გამოქვეყნდა, ამან გადამწყვეტი ფაქტორი იქონია და მხოლოდ ფულის გამო არ გაუკეთებიათ ადამიანებს არჩევანი. 2012 წელს, უფრო მეტად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გააკეთეს არჩევანი. დღეს, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გააკეთებს ქართველი ამომრჩეველი არჩევანს, მაგრამ განსხვავება ის არის, თუ ვის სასარგებლოდაც უნდა გააკეთოს არჩევანი _ მოცემულობა ბევრად უფრო დიდი და ფართოა. ის, რომ პოლუსი მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ პარტიასთან არის ასოცირებული, ეს მცდარია და, ამავდროულად, ნულოვანი ბარიერის არსებობა დამატებით სტიმულს უქმნის ამომრჩეველს იმისთვის, რომ შედარებით მცირე ზომის პარტიებს დაუჭიროს მხარი და მათი ხმა, ფაქტობრივად, აღარ იკარგება. თუკი 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში რისკები იყო, რომ ამომრჩევლის ხმა შეიძლებოდა დაკარგულიყო და აზრიც არ ჰქონდა ხმის მიცემას, დღეს ეს რისკები, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ესეც იქნება იმის ფაქტორი, რომ მრავალპარტიულ პარლამენტს ვიხილავთ. მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, რომლის ფორმირებაშიც სხვადასხვა პარტია მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღონ პროდასავლურმა, თანამედროვე პარტიებმა და ეს ძალაუფლება არ შერჩეს ბიძინა ივანიშვილს თავისი სატელიტი პარტიების მეშვეობით. ბუნებრივია, ილუზია არ გვაქვს, რომ „ოცნება“ 50%-ზე მეტს აიღებს, მაგრამ საშიშროება არის, რომ „ოცნებამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც პარტიას დაარეგისტრირებენ, ამასთანავე გამოჩნდება ვასაძე, გაიღვიძებს რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტია „დაიცავი საქართველო“, ამათი მეშვეობით შეეცდება ბიძინა ივანიშვილი კოალიციის შექმნას. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს, რომ პროდასავლურმა პარტიებმა შევძლოთ უფრო მეტი ხმის აღება, ვიდრე ისინი აიღებენ ჯამში. NDI-ის კვლევებში სწორედ ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, _ როგორ ფიქრობთ, ვითარდება თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით? და ბოლო კვლევაში რეკორდული მაჩვენებელი აიღო ამ პასუმა: 50% ამბობს, რომ არ ვითარდება ქვეყანა სწორი მიმართულებით. ამ კითხვით შეგვიძლია შევამოწმოთ, რამდენად დადებითად ან უარყოფითად არის განწყობილი მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ხელისუფლება განაპირობებს ქვეყნის განვითარების კურსს. ამ დოზის ნეგატივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, 2012 წლიდან დღემდე, ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, ეს ყველაფერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აისახება.
_ რამდენად აქტიურად და რა კუთხით იქნებიან ჩართული ახალგაზრდები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
_ ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იქნება, ვინაიდან ახალგაზრდები წარმოადგენენ ძალას და იდეას. იდეები, რომლითაც ძველი პოლიტიკოსები მოძრაობენ, უკვე მოძველებულია. ერთი გამოდის და პენსიონერებს 50 ლარით პენსიის გაზრდას ჰპირებდა, მეორე _ 100 ლარით, ხოლო მესამე _ 500 ლარამდე გაზრდას ჰპირდება. მიმდინარეობს მანიპულაცია და ამომრჩევლის მოძველებული ხერხებით მოტყუება. ახალგაზრდებს კი ახალგაზრდული ხედვები აქვთ, გლობალურად აზროვნებენ. რეალურად, ახალგაზრდობა არის ძალა და ეს ჩვენ 20 ივნისს დავინახეთ, 13 ივნისის სტიქიის დროს ვნახეთ, როგორი ჯანსაღი ახალგაზრდობა გვყავს საქართველოში. 2012 წელიც ახალგაზრდობის დამსახურება იყო, ავად თუ კარგად, მაშინაც ფართომასშტაბიანი სტუდენტური აქციები იყო, ახალგაზრდების ძალა მანამდეც არაერთხელ გვინახავს. ზუსტად ახლა მე, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვმუშაობ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ პარტიაში, ჩავრთოთ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, მივცეთ მათ განვითარების, თვითრეალიზების საშუალება. ისინი ასევე საარჩევნო სიაშიც იქნებიან წარმოდგენილი და შესაძლებლობა და შანსი ექნებათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ. ახალგაზრდები დიდ აქცენტს ვაკეთებთ არა მოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ არ ვუმიზნებთ მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ წინ ვიყურებით და თვითმმართველობის არჩევნებში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კვოტით არაერთი ახალგაზრდა შევა ადგილობრივ საკრებულოებსა და მერიებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ცოდნა, განვითარების საშუალება, რომ სამომავლოდ თავად გვანახონ თავიანთი შესაძლებლობა. ჩვენმა თაობამ უნდა ვანახოთ წინა თაობებს გზა, ამ გზაზე ვიაროთ და ქვეყანა უკეთეს მდგომარეობამდე მივიყვანოთ.

ნენე ინჯგია