თეონა ჭალიძე: „ადამიანს, რომელსაც კიდურები არ აქვს, სოციალური დახმარება მოუხსნეს“

საქართველოში მილიონამდე ადამიანი სოციალურად დაუცველად მიიჩნევა. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იღუპებიან, ხელისუფლება ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ახალი მანქანების შესაძენად. ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ჩინოსნების საწვავით მომარაგებაზე. მილიონობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტი მათი სარესტორნე თუ სამივლინებო ხარჯების დასაფარად. პრემია-დანამატებს სათვალავი საერთოდ არ აქვს. სამაგიეროდ, სოციალურად დაუცველებისთვის ჭირს თანხების მოძიება.

როგორ კეთდება ფული უფასო სასადილოებში? რატომ ტოვებენ გაჭირვებულებს დახმარების გარეშე? რატომ დასცინა ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველებს? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ესაუბრება:

_ ჩვენ არაერთი მიტოვებული თუ გადაგდებული ჩვილი გვინახავს, მაგრამ საზოგადოება შეძრა ერთი ჩვილის ისტორიამ. დედამ ის გაჭირვების გამო მიატოვა და ამაზე წერილიც დაწერა, წერილი იმ კალათაში იდო, სადაც ჩვილი იწვა. რასთან გვაქვს საქმე? სად არის სახელმწიფო?
_ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ მდგომარეობას ციფრებში თუ გადავიყვანთ, კიდევ უფრო მწვავედ შევიგრძნობთ ამ ვითარების სიმძიმეს.
ოფიციალურად, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთი მილიონი ადამიანია. აქედან დაახლოებით 500.000 ღებულობს შემწეობას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დახმარებას ფულადი სახით იღებენ.
ყოველთვიური შემწეობა განისაზღვრება 60, 50 და 30 ლარის ოდენობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქულა აქვს ამა თუ იმ ოჯახს მინიჭებული. ქულებს გაჭირვებულ ოჯახებს სპეციალური სამსახური ანიჭებს.
შემწეობით მხოლოდ ის ოჯახები სარგებლობენ, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იმყოფებიან და მათ სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ეს ადამიანები არ ცხოვრობენ, ისინი უბრალოდ არსებობენ სახელმწიფოს ხარჯზე. ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან სახელმწიფოზე, რითაც ხშირად ბოროტად სარგებლობს ხელისუფლება. ხშირია შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველებს შემწეობის მოხსნით ემუქრებიან, თუ ისინი არჩევნებში ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს არ მისცემენ ხმას.
საქართველოს მოსახლეობა, სულ რაღაც, 3.5 მილიონს შეადგენს. აქედან მილიონი სოციალურად დაუცველია. წარმოიდგინეთ, რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, მოსახლეობის ერთი მესამედი ღატაკია.
ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. სამწუხაროდ, გვხვდება ფაქტები, როცა ბავშვები არასრულფასოვანი კვების გამო იღუპებიან.
საარსებო შემწეობების დანიშვნის, შეჩერებისა და შეწყვეტის პროცედურები, რომელიც კანონით არის დადგენილი, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ გულგრილია.
_ გულგრილობაში რას გულისხმობთ?
_ პერიოდულად ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, რომლებიც შემწეობას ღებულობენ. ყოველი ამ გადამოწმების დროს, როცა ამ ოჯახის წევრი დააპატიმრეს ან ოჯახს მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათ უჩერდებათ საარსებო შემწეობა სამი თვის განმავლობაში.
სამი თვის თავზე, როდესაც ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდგომ დადასტურდება, რომ ოჯახი იმსახურებს დახმარებას, ისინი შეჩერებულ დახმარებას ერთიანად იღებენ, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ეს ადამიანები სამი თვე ულუკმაპუროდ რჩებიან. სამწუხაროდ, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და ეს ადამიანები ვალსაც ვერ აიღებენ, რომ ის პერიოდი გადააგორონ, როცა დახმარება შეჩერებული აქვთ.
„ენდიაის“ ბოლო კვლევაში გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, მათ ოჯახს 300 ლარის სესხება რომ დასჭირდეს, ამ თანხას მევახშის გარდა ვერავისგან ისესხებენ. მევახშისგან ფულის სესხება კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხა უნდა დააბრუნონ, პროცენტი გადაიხადონ. ეს უარეს დღეში ჩააგდებს ისედაც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ადამიანებს.
საარსებო შემწეობის შეჩერების პროცედურა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ეხება _ ყველას, ვინც ამ ფულად დახმარებას იღებს.
ჩვენ ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, ვმუშაობთ და ხელისუფლებას მივმართავთ, რომ ეს პროცედურა შეცვალონ, რადგან ადამიანების გაჭირვებაში დატოვება არ შეიძლება. ამაზე არავინ რეაგირებს. სახელმწიფო ისევ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე აკეთებს ეკონომიას.
ახლახანს ორ ისეთ ოჯახში ვიყავი, რომელსაც საარსებო შემწეობა შეჩერებული აქვს. ერთი გახლდათ შშმ პირი. ამ ადამიანს დაბადებიდან არ აქვს კიდურები, ხელები. ის იზრდებოდა ბავშვთა სახლში. არ ჰყავს ოჯახი, ნათესავები. მარტო ცხოვრობს.
_ ასეთ ადამიანს დახმარება შეუჩერეს?
_ დიახ! ადამიანს კიდურები არ აქვს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი საკუთარ თავს თავად პატრონობს. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება ის.
სახელმწიფომ ესეც არ აკმარა და სოციალური შემწეობა სამი თვით შეუჩერა. რით უნდა იარსებოს? რით უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები? _ ეს სახელმწიფოს ეს არ ადარდებს.
მეორე ოჯახი ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. მათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ერთი სულ თოთოა, ახლა დაიბადა. მონაცემთა ბაზის გადამოწმების ფარგლებში ოჯახს დახმარება შეუჩერდა.
ეს ოჯახი ისედაც მძიმე პირობებში ცხოვრობდა, დახმარების შეჩერების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავარდა. ახალშობილისთვის უჭირთ საკვების შეძენა. ასეთ დგომარეობაში ოჯახმა სამი თვე უნდა გაატაროს. როგორ უნდა გაძლოს ეს სამი თვე, ამაზე არავინ არ ფიქრობს.
არაერთხელ მივწერეთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აკლებული გვყავდა, ახლა ეკატერინე ტიკარაძეს მივმართავთ და ვითხოვთ, გადამოწმების პერიოდში სოციალურად დაუცველებს არ შეუჩერდეთ დახმარება.
მათგან არანაირი რეაგიორება არ არის. სოციალურად დაუცველებს ყოველი გადამოწმების დროს სამი თვით შიმშილობა მოუწევთ. ან მევახშისგან უნდა ისესხონ ფული.
_ თქვენ აქტიურად მუშაობდით უფასო სასადილოების კუთხით. უამრავი დარღვევა აღმოაჩინეთ და მასალები პროკურატურას გადაეცით. შეიცვალა რამე იქ? ან გამოძიება თუ დაიწყო?
_ უფასო სასადილოები თბილისში დიდი რაოდენობით გვაქვს, სადაც ყოველდღიურად 40.000-მდე ბენეფიციარი იკვებება, ასევე რიგ მუნიციპალიტეტებშიც. სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ არის მითითებული, რომ ყველა ადამიანს არ მიუწვდება ხელი კვებაზე.
დღეს არსებული უფასო სასადილოები გაჭირვებულებს არ ჰყოფნის. მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილი. მოლოდინის რეჟიმში მყოფ პირთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც წლებია ელოდებიან, რომ მოუწიოთ რიგი. სამი წლის წინ ჩვენ მართლაც მივმართეთ პროკურატურას. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, კორუფციულ სქემაზე იყო საუბარი.
თავიდან პროკურატურა აქტიურად შეუდგა საქმეს. არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მაგრამ დღემდე საბოლოო დასკვნა არ გაკეთებულა. იმისთვის, რომ საქმის გამოძიება უფრო გამარტივებოდათ, შიგადაშიგ დამატებით მტკიცებულებებს ვაწვდიდით.
სამწუხაროდ, დღემდე არავინ დასჯილა. არადა, მილიონობით ლარია გაფლანგული. რამდენიმე ბიზნესოპერატორი გარდაიცვალა კიდეც და მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს.
ხშირად ვაწუხებთ პროკურატურას, ყოველ დარეკვაზე გვეუბნებიან, რომ გამოძიება გრძელდება. გვპირდებიან, რომ შედეგებს აუცილებლად გვაცნობებენ.
_ საკვების ხარისხზე რა ხდება? მახსოვს, თქვენ თავად სინჯავდით უფასო სასადილოებში მომზადებულ საკვებს და შეძრწუნებული იყავით. ამ მხრივ თუ არის რაიმე სასიკეთო ცვლილება? ზოგ სასადილოში წლების წინათაც ნორმალურ საკვებს ამზადებდნენ, ზოგში კი…
_ უფასო სასადილოებში ყველგან ერთნაირი ხარისხის საკვები ვერ იქნება _ ყველა რაიონში სხვადასხვა ბიზნესოპერატორია. ზოგი მეტად კეთილსინდისიერია, ზოგიც _ ნაკლებად. ამაზეც არის დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილ მომსახურებას იღებენ ბენეფიციარები.
მეორე საკითხია, რომ ძალიან მწირია თითო ბენეფიციარისთვის საკვების მოსამზადებლად გამოყოფილი თანხა. ეს თანხა 1.18 თეთრიდან 1.30 თეთრამდე მერყეობს. ამ თანხაში შედის უფასო სასადილოების მომსახურე პერსონალის ხელფასები, კომუნაური გადასახადები, სასადილოს ქირა, დეზინფექციის სამუშაოები და სხვადასხვა პროცედურა, რაც ამ მომსახურების გასაწევად არის საჭირო.
დიდი კვლევა არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რა ხარისხის საკვები შეიძლება მომზადდეს ამ პირობებში.
აქ ძირითადი პრობლემა იყო სიები. აღმოვაჩინეთ, რომ სიებში მყოფი ბენეფიციარების ხშირი მონიტორინგი და აღრიცხვიანობა არ ხორციელდებოდა. ბიზნესოპერატორები ხედავდნენ, რომ ბენეფიციარების ნაწილი არ დადიოდა სასადილოებში და მათთვის განკუთვნილ ულუფას არ ამზადებდნენ.
მაგალითად, სასადილოში სიაში იყო 600 ბენეფიციარი, მაგრამ ყოველდღე მხოლოდ სამასი დადიოდა. ეს იცოდნენ ბიზნესოპერატორებმა და იმ დანარჩენ სამას ულუფას არ ამზადებდნენ, თანხას კი ექვსას ულუფაზე იღებდნენ. აი, ეს იყო იმათი მოგება.
ჩვენი ჩარევის შემდეგ მერიის შიდა აუდიტის სამსახური იძულებული გახდა, მონიტორინგი დაეწყო. თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნით ჩვენი კვლევის შედეგები კიდევ უფრო გამყარდა.
ამის შემდგომ გამგეობებმა უფრო აქტიური მონიტორინგი დაიწყეს, ბენეფიციართა სიები გადახალისდა. სიებში ის ადამიანები არიან, ვინც მეტად საჭიროებს უფასო სასადილოების მომსახურებას. ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა გვაქვს.
თბილისის რამდენიმე გამგეობამ ისიც კი გააკეთა, რომ ბიზნესოპერატორებს თანხას გამზადებული ულუფებიდან გამომდინარე უხდის.
შედარებით გაუმჯობესდა საკვების ხარისხიც. მონიტორინგი ამ მიმართულებითაც ხორციელდება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ათასობით ადამიანი ელოდება რიგს. თუ არის ამ ადამიანთა ზუსტი მონაცემები?
_ ზუსტი მონაცემები არ არის. თბილისში ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი დგას რიგში. რა ხდება რეგიონებში არ ვიცით. ამ მუნიციპალიტეტებში არ გვაქვს ბერკეტი, რომ გავაკონტროლოთ, რამდენია მსურველი და მომლოდინე.
ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა გაჭირვებული ადამიანების განცხადებასაც კი არ იბარებდნენ. ეს ახლაც გრძელდება.
_ განცხადების ჩაბარება რაღა პრობლემაა?
_ არ ვიცი. ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ადგილები არ აქვთ უფასო სასდილოში და განცხადება არ დაწერონ, აზრი არ აქვს. არადა, საკვებზე მოთხოვნილება ძალიან მაღალია. შემწეობისთვის განკუთვნილი თანხები საარსებო მინიმუმთანაც კი ვერ მიდის ახლოს.
ცალკე საკითხია, რამდენად ასახავს რეალობას საარსებო მინიმუმი, რამდენად არის ის საკმარისი არსებობისთვის. საარსებო შემწეობაში 70% არის საკვების თანხა, ასე გვეუბნებიან, რომ უნდა იმყოფინონ. 30% სხვა დანარჩენზეა გათვალისწინებული.
ეს 30% იცით, რამდენია? სულ რაღაც 49 ლარი. 49 ლარი ადამიანს თვეში უნდა ეყოს იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადები გადაიხადოს, ტანისამოსი, მედიკამენტები, ჰიგიენის ნივთები შეიძინოს, ასევე მგზავრობის ფულადაც გამოიყენოს.
_ ასეთი მცირე თანხა თუ საკმარისია საარსებოდ, თავად ჩინოსნებს რატომ აქვთ ასეთი მაღალი ხელფასები? ჰქონდეთ 1.000 ლარი და ნუ აიღებენ 6.000 ლარს.
_ აი, მაგაშია სწორედ საქმე, რომ მაღალჩინოსნები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. მათი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ. ხალხზე არავინ ფიქრობს. არადა, ისინი პირველ რიგში სწორედ ხალხის ინტერესებს უნდა ატარებდნენ.
სოციალური სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს. იმის შეგრძნება უნდა გვქონდეს, რომ სახელმწიფიო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნავს.
ორიოდე კვირის წინ მთელი ქვეყანა შეძრა ერთი დედის ისტორიამ, რომელმაც გაჭირვების გამო ახალშობილი მიატოვა. წერილში ეწერა, რომ თავად სამი დღის მშიერი იყო და ბავშვის აღზრდისთვის არანაირი რესურსი არ ჰქონდა.
ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია _ სიღარიბის გამო მშობლები შვილებს არ უნდა შორდებოდნენ.
საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდება სიღარიბის გამო ოჯახებიდან ბავშვების გამოყვანა და მათი მინდობით აღზრდაში გადაყვანა.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს მინდობით აღზრდაში, დაახლოებით, 1.500 ბავშვი იმყოფება, აქედან უდიდესი ნაწილი სწორედ სიღარიბის გამოა ოჯახებიდან გამოყვანილი.
მშობლები შვილებს მინდობით აღზრდაში აბარებენ იმიტომ, რომ თავად მათ ვერ უქმნიან სათანადო პირობებს.
არ ვარ მინდობით აღზრდის წინააღმდეგი, თუ ოჯახის წევრი ნარკომანია, პათოლოგი, მოძალადე ან ალკოჰოლიკი, მაგრამ სიღარიბე არ უნდა იყოს მიზეზი ბავშვის მინდობისა.
_ გამოსავალს სად ხედავთ? ამას ხომ მშობლები საკუთარი ნებით აკეთებენ?
_ ამ ნაბიჯს იმიტომ დგამენ, რომ ბავშვის გამოკვებისა და მისთვის ნორმალური პირობების შექმნის საშუალება არ გააჩნიათ.
სახელმწიფომ ასეთი ოჯახები უნდა გააძლიეროს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, რომ ბავშვები მშობლებს არ დაშორდნენ.
ცოტა უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურ მშობლებს დააშორო ბავშვი სიღარიბის გამო და მერე მიმნდობ ოჯახს გადაუხადო თანხა, რათა ეს ბავშვი გაზარდო.
ერთხელ მქონდა მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვთან შეხება. მან გულის ტკივილით აღნიშნა, რომ ოჯახი თავის შვილებს უფრო თბილად ექცევა და მათთან კანფეტიც კი სხვანაირი მიაქვთო. ეს ბავშვი ძალიან დაჩაგრულად გრძნოიბდა თავს.
მისი ნაამბობი ძალიან მძიმედ მომხვდა გულზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნებიან მისნაირი ბავშვები.
_ მიმნდობ ოჯახებს რა ოდენობის თანხას უხდის სახელმწიფო?
_ ეს თანხა იმაზეა დამოკიდებული, ბავშვი ჯანმრთელია თუ შშმ პირი. თუ არ ვცდეები, საუბარია თვეში 600 და 800 ლარზე.
_ ამდენი თანხა ბიოლოგიურ მშობლებსაც რომ გადაუხადონ, ისინიც შეუქმნიან რაღაც პირობებს ბავშვს.
_ ისეთი პოლიტიკა აქვთ, რომ ბიოლოგიურ მშობლებს ეს თანხა არ უნდა გადაუხადონ. ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რაღაც შუალედი მოინახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, როცა ბავშვი მშობელს სიღარიბის გამო შორდება.
_ მთელი ინტერვიუს მანძილზე სიღარიბეზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მილიონი სოციალურად დაუცველი გვყავს, „ქართული ოცნება“ ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სიღარიბე დაამარცხა. ბოლო ხანებში კი აღიარეს, რომ საქართველოში სიღარიბეა გამეფებული. რამ აუხილა თვალი ხელისუფლებას?
_ სიღარიბეს ხან აღიარებს ხელისუფლება, ხან _ არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში. მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტის წინაშე ანგარიშით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც წარდგა. მან განაცხადა, რომ სოციალური მიმართულებით უამრავი ცვლილება დაგეგმეს.
მინისტრი დაგვპირდა, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამა თუ იმ სამინისტროსთან, რომ მოქალაქეების დასაქმებას ხელი შევუწყოთო.
ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეებს დასაქმების მოტივაცია გაუჩნდეთ და არ იყვნენ დამოკიდებული საარსებო შემწეობაზეო. ამით მან სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა, ისინი აბუჩად აიგდო.
_ რატომ გგონიათ, რომ სოციალურად დაუცველებს შეურაცხყოფა მიაყენა?
_ ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა, თითქოს ადამიანები, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, ზარმაცები არიან. თითქოს მათ საარსებო შემწეობა ურჩევნიათ ღირსეულ სამსახურს.
ისე დახატა სურათი, ვითომ უამრავი სამუშაო ადგილია საქართველოში და მუშაობა არავის უნდა.
ბოლო კვლევებში პირდაპირ ჩანს, _ საარსებო შემწეობების მიმღებები მოტივირებულები არიან, რომ დასაქმდნენ და იმ მდგომარეობიდან გამოვიდნენ, რომელშიც ახლა არიან.
თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ვუთხრა: სოციალურად დაუცველებს საკმარისი მოტივაცია აქვთ, რომ ამ გროშებზე არ იარსებონ.
არავის სიამოვნებს 30, 50 და 60 ლარით მთელი თვის განმავლობაში არსებობა. ამ თანხით ვერ იცხოვრებ, ამ თანხით მხოლოდ იარსებებ. ეს კარგად უნდა იცოდეს მინისტრმა.
ასეთი განცხადებების გაკეთებას და ხალხის შეურაცხყოფის მიყენებას ურჩევნიათ, რეალური სამუშაო ადგილები შექმნან. არავინ არის ზარმაცი და უქნარა.
იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, საჭიროა ეკონომიკა განვითარდეს. იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული, ეკონომიკა ვერ განვითარდება.

შორენა მარსაგიშვილი