ჯელალ ქიქავა: „ოცნების“ წევრებს ბიზნესები მოსკოვში დაურიგეს“

„ქართული ოცნება“ უკვე დაუფარავად ეფლირტავება რუსეთის ხელისუფლებას. ამის ნათელი მაგალითი დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაა. რუსული დიპლომატიის მამის განცხადებით, ეს შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა. საზოგადოების ნაწილი, ძირითადად, რუსეთუმეები, ამ შეხვედრას დადებითად და ჟრიამულითაც შეხვდნენ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ ორბიტაზე ექაჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, საქართველო რუსეთის გუბერნია გახდება. ქიქავას აზრით, ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის ერთიანობა და ძლიერი ლიდერია საჭირო.

ვის შეუძლია ხელისუფლების შეცვლა? რით ჰგავს ეს პერიოდი 2011 წელს? რატომ არ უნდა ოპოზიციას სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება? როგორ ააწყვეს „ოცნების“ წევრებმა რუსეთში ბიზნესები? _ ამ თემებზე ჯელალ ქიქავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თქვენ ყოველთვის გაიძახოდით, რომ „ოცნება“ რუსეთისკენ მიგვაქანებსო. სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა ბევრმა საქართველოს რუსულ რელსებზე გადასვლად აღიქვა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ რას ვფიქრობ და „რუსული ოცნება“ რუსეთისკენ მიგვაქანებს. რაც შეეხება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი რუსი კოლეგის შეხვედრას, მიკვირს, რატომ მოყვა მას ასეთი ამბავი.
ახალი არაფერი მომხდარა _ „ქოცები“ რუსებს სულ ხვდებოდნენ და რაღაც-რაღაცებზე ურიგდებოდნენ. ბევრ რაღაცაზე უკვე შეთანხმებული არიან. მაგიტომაცაა, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. ცოტაც და საქართველოში რუსული დროშა აფრიალდება.
აქამდე საქართველოს ხელისუფლება თავის პროევროპულობას ამტკიცებდა. ბოლო ხანებში ღიად დაიწყეს რუსული თამაშის თამაში და ამის აფიშირებასაც აღარ ერიდებიან. არაფრის აღარ რცხვენიათ, ვა-ბანკზე მიდიან. ხალხი ფეხებზე კიდიათ და სულაც არ აინტერესებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა.
რუსეთთან ღიად ფლირტაობით ჩვენი პროვოკაციაზე წამოგებაც სურთ. იციან, რომ ამას ხალხში უარყოფითი რეაქცია მოყვება.
ზაფხულში გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასვეს. შემოდგომაზე სერგეი ლავროვს შეხვდნენ დაუფარავად. ესენი მარტო ამაზე არ გაჩერდებიან. ზამთრისთვისაც ექნებათ რაიმე რუსული სიურპრიზი ჩვენთვის შემონახული.
_ „ოცნების“ საშემოდგომო სვლა რა იქნება, პუტინთან შეხვედრა?
_ პუტინი ამათთვის არ მოიცლის. არ იკადრებს „ოცნებასთან“ შეხვედრას. რამის გაგება თუ უნდა, ლავროვისგან გაიგებს. ლავროვი პუტინის დავალებით შეხვდა ამათ და პუტინის დანაბარებიც გადასცა.
_ თქვენი აზრით, უშუალოდ რაზე იქნებოდა საუბარი ლავროვსა და ზალკალიანს შორის?
_ ვერ გეტყვით. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ათას საზიზღრობაზე შეთანხმდებოდნენ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. სამაგიეროდ, ესენი ისარგებლებენ. „ოცნების“ ჩინოსნების დიდ ნაწილს უკვე მოსკოვში აქვს ბიზნესები. ისინი რუსეთში შოულობენ ფულს, თან დიდ ფულს. უნდათ ახლა ამათ ნატო და ევროკავშირი? ბუნებრივია, არ უნდათ.
_ დიდ ფულს შოულობენ რუსეთშიო, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ბიზნესები იქ ადრე ჰქონდათ თუ ახლა აქვთ?
_ ზოგს ადრეც ჰქონდა, ზოგს ახლა მისცეს. საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსებს ჩაუგდოს მთელი ქვეყანა ხელში. ჩამოურიგეს აქ რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესები. მთელი ბათუმი რუსებს აქვთ ნაყიდი. საქართველოს სხვა რეგიონებშიც ასეა. ყველაფერს რუსები და ბიძინა ივანიშვილი ყიდულობენ.
სამშობლოს გაყიდვით და ათასი მაიმუნობით უამრავი ფული იშოვეს პარლამენტის დეპუტატებმა. ზოგი წელიწადში 7 და 8 ბინასაც კი ყიდულობს. არადა, ცოტა ხნის წინ ეს ხალხი აჟურული „ჩულქებით“ ადეიშვილს ყავას მიართმევდა ხოლმე კაბინეტში.
მაგათი კოლგოტები დიდად არ მაინტერესებს, მე ქვეყნის ამბავი მტკივა. როგორ შეიძლება, რაიმე ევროპულ არჩევანზე ვილაპარაკო იქ, სადაც მთავრობის წევრებს ოკუპანტ ქვეყანაში აქვს ბიზნესები. შორს რომ არ წავიდეთ, დავიწყოთ პრემიერ-მინისტრით. გახარიას იქ აქვს ბიზნესი და იქ იშოვა დიდი ფული. მილიონებზეა ლაპარაკი.
_ ისევ ლავროვთან გამართულ შეხვედრას დავუბრუნდეთ: ზალკალიანს არ უფიქრია, რომ რისკავდა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს? გავრილოვის ამბავს აქ ლამის ქვეყნის დაქცევა მოყვა და ამის მერე პუტინის კაცთან კურკური ცოტა სარისკო არ იყო?
_ სარისკო როგორ არ იყო, მაგრამ ესენი ყველაფერზე მიდიან. არაფერს აღარ ერიდებიან. ასეთ სიტუაციაზე ამბობენ, ვა-ბანკზე მიდიანო. ამათ რომ ვუყურებ, ჩემდაუნებურად მახსენდება 2011 წელი, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ქმედებას ისეთი ელფერი დაჰკრავდა, რომ თითქოს წასვლა სურდათ ხელისუფლებიდან.
_ ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ წასვლა უნდა და ამიტომ აკეთებს ასეთ საშინელებებს?
_ „ქართულ ოცნებას“ რა უნდა, ეგ არაა მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს. იმას რა უნდა, ძნელი გასაგებია, რას მოიფიქრებს, ვინ იცის. შეიძლება, მაგასაც უნდა წასვლა.
ისტორიას უყვარს გამეორებები და ზუსტად იგივე მეორდება ახლაც, რასაც „ნაციონალები“ 2011-2012 წლებში აკეთებდნენ. „ოცნება“ შს მინისტრის პრემიერად გადაყვანაშიც კი ბაძავს წინა ხელისუფლებას.
2012 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სააკაშვილმა მერაბიშვილი დანიშნა პრემიერ-მინისტრად, ახლა ივანიშვილი მოიქცა ასე და გახარია გაუშვა მთავრობის მეთაურად.
_ გახარია ცოტა ადრე გაპრემიერდა, არჩევნებამდე ერთ წელზე ცოტა მეტია დარჩენილი.
_ ახლა მთლად თარიღებსაც ხომ არ დაამთხვევდნენ. ფაქტია, რომ ძალიან ბაძავენ „ნაციონალებს“. კი არ ბაძავენ, აგონიაში არიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.
ასევე იქცეოდა ასლან აბაშიძე, როცა მისი წასვლის დრო მოახლოვდა _ ნარკობარონი დანიშნა შს მინისტრის მოადგილედ. მერე ხიდებიც კი ააფეთქა ჩოლოქზე. საშინელ რეპრესიებს მიმართავდა: არბევდა აქციებსა და მიტინგებს, აპატიმრებდა ოპოზიციის ლიდერებს. ბოლოს, მაინც მოუწია გაქცევა. ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არავის მოუგია.
ხელისუფლებების წასვლის დრო ახლოვდება, ისინი აგონიაში ვარდებიან. „ოცნებაც“ ასეა და მგონია, რომ შინაგანად უკვე წასვლა უნდა. ამიტომაც იქცევიან ისე, როგორც „ნაციონალები“ 2011 წელს.
2012 წელს მათ მართლაც მოუწიათ ხელისუფლებიდან წასვლა. როცა ხალხი ერთიანია, იქ ვერავინ ვერაფერს გააწყობს.
_ 2011 წელი გაიხსენეთ და მაშინ ივანიშვილის სახით ის ლიდერი გამოჩნდა, ვისაც მართლა შეეძლო ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილი ამან აგონიაში ჩააგდო. ახლა თუ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი ლიდერი, რომელიც ივანიშვილს შეცვლის?
_ ასეთი ლიდერი ჯერ არ ჩანს და, სიმართლე გითხრათ, ვერც ჰორიზონტზე ვხედავ ვინმეს. ოპოზიციაც ძალიან სუსტია. გარდა სისუსტისა, ოპოზიციის ნაწილი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობს.
_ ოპოზიციისა და ივანიშვილის თანამშრომლობა რაში გამოიხატება?
_ ვითომ მასთან დაპირისპირებაში არიან და სინამდვილეში მის საქმეს აკეთებენ. როცა ბიძინას სჭირდება, პოლიტიკურ ტემპერატურას დაბლა წევენ და ამით ოლიგარქს ხელისუფლებაში დარჩენის ვადას უხანგრძლივებენ.
„ტვ პირველის“ ეთერში გავაკეთე ეს განცხადება და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს არ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.
_ რატომ არ უნდათ, რომ ჩამოვიდეს?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ბიძინას არ სურს. მერე _ კონკურენციის მომენტია. მიშა აქ რომ დაბრუნდება, ყველა ოპოზიციური ლიდერი გვერდზე გაიწევა და ის იქნება მთავარი მოთამაშე.
_ ყველაზე მეტად ვის არ უნდა სააკაშვილის დაბრუნება?
_ იმ ხალხს, ვინც წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და ახლა „გაქოცდა“. მათ საამისოდ ბევრი მიზეზი აქვთ.
იცით, რატომ არის ქვეყანაში ამხელა კორუფცია? ის „ნაციონალები“, რომლებიც მიშამ ქრთამისა და კორუფციის გამო დაიჭირა ან პარტიიდან გააგდო, „ოცნებამ“ მიიღო თავის რიგებში.
თავად „ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მის წევრებს სამჯერ მეორადი „ტრუსიკები“ ეცვათ. არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყვნენ. მათ უმეტესობას ფული არ ჰქონდა. ახლა ისე არიან გამდიდრებული, წელიწადში რამდენიმე ბინას ყიდულობენ.
დღეს ჩვენ მარტო მილიარდერს კი არ ვეომებით, არამედ მილიონერების კასტასაც. „ნაციონალებისგან“ ქრთამზე გაგდებულებმა და დაჭერილებმა „ოცნებას“ ფულის შოვნის გზა აჩვენეს.
_ თავად ვერ იპოვიდნენ ამ გზას?
_ გაუჭრდებოდათ. ესენი ხომ ლენჩები არიან. თუ გინდათ, შეამოწმეთ _ ჩაიხედეთ მაგათ თავებში და ნახავთ, რომ ტვინი არც ერთს არ აქვს. „ნაციონალებიდან“ ვინც წამოსული იყო, იმათ მართლა იცოდნენ სისტემა, თუ როგორ ხდებოდა ბიუჯეტში თანხების აკუმულირება.
ასწავლეს, როგორ მოეპარათ ფული და ეს უმეცრებიც წავიდნენ ქურდობის გზით. ისეთი კორუფციაა, რომ ამ საქმეში შეიძლება, რუსეთსაც კი ვაჯობოთ.
_ რუსეთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა?
_ პირველ სამეულში შედის და წარმოიდგინეთ, რა ხდება ჩვენთან, რომ უკვე ამათ დონეზე ვართ და შეიძლება, მალე გავასწროთ კიდევაც.
_ მიშას მიერ დაჭერილი „ნაციონალების“ მესმის, რომ არ უნდოდეთ ყოფილი ლიდერის დაბრუნება, მაგრამ ბოკერიასა და კაკო ბობიხიძეს რაღა აყვირებთ? სააკაშვილის დროს რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და ახლა რატომ გახდა ყოფილი ლიდერი მიუღებელი?
_ მაგათ სულ არ აწყობთ მიშას ჩამოსვლა. მიშა როგორც კი დაბრუნდება, ეგენი ეგრევე ჩაიძირებიან. ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ იმუშავა იმ სქემამ, რომელიც ივანიშვილმა ე. წ. ოპოზიციას დაუხაზა.
_ რა სქემაზე საუბრობთ?
_ სქემაზე, რომელსაც „ნაციონალების“ დაშლა უნდა მოჰყოლოდა. სადაცაა, მერვე წელი დაიწყება, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია, მაგრამ პარტია მაინც მაგრად დგას ფეხზე და ვერაფრით დაშალეს.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალა. ყველა პარტია მას ებრძვის, მაგრამ ის მაინც ყველაზე მაგარია. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი პარტიაა საქართველოში.
აბა, დამისახელეთ, რომელი პარტია გადაიტანდა იმას, რაც „ნაციონალებმა“ გადაიტანეს? ზოგი ლიდერი დაიჭირეს, ზოგი გააქციეს. პარტია მაინც ვერ დაშალეს და ვერც მიშა ჩამოაცილეს თავის შექმნილ პარტიას.
_ მთლად ასეც არ ყოფილა, რომ პარტია არ დაიშალა. „ნაციონალებიდან“ ბევრი წამოვიდა და წამოსულებმა ახალი პარტიები შექმნეს.
_ „გირჩსა“ და „ევროპულ საქართველოს“ თუ გულისხმობთ, მაგათ გამო ნერვიულობა არ ღირს. წასვლა უნდოდათ და წავიდნენ. არიან თავისთვის და თამაშობენ ვიღაცის თამაშს. მათ „ოცნებაზე“ მეტად არ აწყობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აქ დაბრუნდეს.
დანარჩენი ოპოზიცია ძალიან ცუდად იქცევა მიშასთან მიმართებით. ამდენი ხნის მანძილზე ერთი აქცია მაინც როგორ არ გამართეს მოთხოვნით, რომ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდეს. არ შეიძლება, პრეზიდენტი დევნილობაში იყოს. XXI საუკუნეა, ხალხო.
_ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რატომ არ მიმართავთ? მკვლელები და ბარიგები შეიწყალა ქალმა და იქნებ, სააკაშვილზეც გაეღო მოწყალება.
_ მაგის შესაწყალებელი რა სჭირს მიშას? თან არც გააკეთებს ეგ ქალი ამ ამბავს. ეგ მარტო კრიმინალებს იწყალებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიმართა მას თხოვნით შეწყალებაზე და ვინ შეუტანა შესაწყალებელთა სია. მთავარი ისაა, რომ უბირი პრეზიდენტი გვყავს.
ქალს უმაღლესი მთავარსარდალი ჰქვია და პოლიციელის მკვლელს უშვებს გარეთ. ასეთ ადამიანზე როგორ შეიძლება, სერიოზულად ვილაპარაკოთ?! არ გვაინტერესებს, მკვლელს გაუვარდა, შეუვარდა თუ გადაუვარდა. ფაქტი ერთია _ პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალა.
პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ხელის აღმართვას ნიშნავს, პრეზიდენტმა კი პოლიციელის მკვლელი გარეთ გამოუშვა. ეს სახელმწიფოს ანგრევს. საქართველო დიდი ხანია, აღარ არის სახელმწიფო. სამწუხაროდ, გამოსავალიც არ ჩანს.
_ სხვა დროს ბევრად იმედიან პროგნოზებს აკეთებდით ხოლმე. ახლა რაღაც უიმედოდ მეჩვენებით. მართლა უიმედოდ ხართ?
_ რაღაც უიმედოდ ვარ. ჯერჯერობით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩემზე ძალიან მოქმედებს ხალხის გაჭირვება. ასეთი გაჭირვება, მგონი, გასული საუკუნის 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. მაინტერესებს, სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი?
ღმერთმა დაგვიფაროს მოვლენების ასეთი განვითარებისგან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ხალხმა ესენი კომბლებით გამორეკოს კაბინეტებიდან.
ხომ ვერ ვიტან ამ ხელისუფლებას, მაგრამ არ მინდა, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ეს საქართველოს დაანგრევს. ჩვენ კი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა გვინდა. ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს.
_ „გავრილოვის ღამის“ მერე თქვენ და თქვენი თანამოაზრეები შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოველ საღამოს აქციებს აწყობდით. შეწყვიტეთ ეს აქციები თუ აგრძელებთ?
_ შევწყვიტეთ. იმ რეზიდენციის გარშემო რაც კი იყო, ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა. ახლა იქ რომ მივიდეთ, ე. ი. კერძო საკუთრებაში ვიჭრებით. ამის გაკეთება არ გვინდა.
რა უნდა ველაპარაკოთ იმ კაცს, რომელმაც ზღვა მიიყვანა სახლამდე, ცოტა ხნის წინ კი ბათუმში ზღვის ფსკერი იყიდა.
თავისთავისთვის აკეთებს სწორად, თორემ ქვეყანას აქცევს და ღუპავს.
_ თქვენ თქვით, რომ მეშინია, კომბლები არ აიღოს ხალხმაო. აიღებს ვითომ ეს ხალხი კომბლებს? არაფერზე არ რეაგირებს…
_ არც მინდა, რომ ასეთი რამე მოხდეს. იმედი მაქვს, ყველაფერი არჩევნების გზით შეიცვლება.
სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არც არჩევნებისა მაქვს. შარშანაც ავიღეთ 900.000 ხმა, მაგრამ რა! _ მილიონი გაიყიდა და „ოცნების“ კანდიდატი შემოხაზა.
ხალხს რა უნდა ვუსაყვედურო, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი თანამშრომლობს ივანიშვილთან.
_ ამას უკვე რამდენჯერმე ამბობთ და შეგიძლიათ, რაიმე კონკრეტული მაგალითი მოგვიყვეთ, რაც ამ თანამშრომლობას ეხება?
_ როგორ არ შემიძლია. „გავრილოვის ღამის“ მერე ბიძინამ თავის რეზიდენციაში სპეცრაზმი რომ შეიყვანა, ხომ გახსოვთ? რამდენიმე დღე სპეცრაზმელებთან ერთად იძინებდა.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ოპოზიცია სოლოლაკის სასახლესთან აპირებდა აქციის გამართვას. „გავრილოვის ღამის“ მეორე დღეს ოპოზიცია შეიკრიბა. იქ მოსაზრება გაჩნდა, რომ პროტესტის აქცია გამართულიყო არა პარლამენტის წინ, არამედ _ ივანიშვილის რეზიდენციასთან.
ამ მოსაზრებას ბევრი მომხრე გამოუჩნდა და გადაწყდა კიდევაც, რომ ხალხი სოლოლაკისკენ დაგვეძრა, მაგრამ ღალატის გამო ეს გეგმა ჩაიშალა.
იმ შეხვედრაზე მყოფთაგან ერთ-ერთმა, შეხვედრის დასრულებისთანავე, ივანიშვილის გარემოცვას აცნობა, თუ რას გეგმავდა ოპოზიცია. ივანიშვილიც ადგა და სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანა.
სხვა მაგალითების მოყვანაც შემიძლია, მაგრამ ახალა თავს შევიკავებ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი მასთან გარიგებულია.
რამდენადაც ვიცი, ისინი ელოდებიან, რომ რუსი ოლიგარქი მათ რაღაცას გადმოუგდებს. ის კი არ იციან, რომ ივანიშვილი ყველას გამოიყენებს და როცა თავისას მიიღებს, ამათ გააცურებს.
_ იქით რომ გააცურონ ბიძინა, არ შეიძლება, ეგ ვარიანტი მოხდეს?
_ არა მგონია. გაცურებაში ეს ისეთი გამოცდილია, ვინ უნდა აჯობოს? საქართველოში ისეთი ლიდერიც არ ჩანს, რომელიც ხალხს გვერდზე დაიყენებს და ოპოზიციასაც არ ექნება ოლიგარქთან კავშირის სურვილი.
ასეთი არის მიშა, მაგრამ მას საქართველოში არ უშვებენ. ოპოზიციის ნაწილი ბიძინას დაკვეთით ეწინააღმდეგება მის დაბრუნებას, ნაწილს კი ეშინია.
_ ოპოზიციამ შეიძლება, ვერაფერი დააკლოს ბიძინას, მაგრამ გარემოცვა ბოლომდე იქნება მის გვერდით? ზემოთ თქვით, მილიონები იშოვესო და…
_ მილიონები იშოვეს ბიძინას წყალობით. ახლა მათ იმდენი ფული აქვთ, რომ ცალკე უნდათ გასვლა, მაგრამ ეს გამორიცხულია. ოლიგარქს ყველაზე კომპრომატები აქვს, ყველა ყურებით ჰყავს გამოჭერილი და როგორც კი ზედმეტს გაბედავენ, ეგრევე ციხეში გაუშვებს.
ჯერ საიმედო სიტუაცია არ არის, მაგრამ ასე დაუსრულებლად არ გაგრძელდება. საქართველოშიც უნდა გათენდეს და, ადრე თუ გვიან, გათენდება. ეს ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის გუბერნიაში ვცხოვრობთ.

შორენა მარსაგიშვილი