რატომ თქვა უარი დეპუტატობაზე შოთა შალელაშვილმა?

სექტემბერში შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს უსტარი აახლა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
დეპუტატს რომ საკუთარი ნებით ეთქვას უარი დეპუტატობაზე, ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს.
დეპუტატები პარლამენტს ან სიკვდილის შემთხვევაში განეშორებიან, ანდა სადმე „კაი სამსახურში“ თუ გადაიყვანენ. არის სხვა ვარიანტებიც, მაგალითაც იძულება.
შოთა შალელაშვილს რაღაც იდეალების გამო რომ არ უთქვამს უარი დეპუტატობაზე, ამაზე ყველა თანხმდება. დიდი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ბოლომდე არ გარკვეულა, თუ რატომ თქვა უარი მილიონერმა შალელაშვილმა პარლამენტის წევრობაზე.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ის, ალბათ, ბევრს იფიქრებდა, ასჯერ გაზომავდა და ერთხელ გაჭრიდა _ სხვა თუ არაფერი, საკანონმდებლო ორგანო მილიონების დასაცავად საუკეთესო ადგილია.
მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით, მილიონერ დეპუტატს პარლამენტიდან წასვლა ნიკა მელიას გამო აიძულეს.
ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტმა ზაფხულში იმუნიტეტი შეუჩერა. კოლეგა ციხეში წასასვლელად 93-მა მეოცნებემ გაიმეტა. უმრავლესობის რამდენიმე წევრი იმ სამარცხვინო სხდომაზე საერთოდ არ მივიდა, რამდენიმემ კი გაბედა და უარი თქვა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე.
მმართველმა პარტიამ ამის გამო მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა მოითხოვა. დეპუტატები ასევე ითხოვდნენ, რომ მათ საპარლამენტო პოსტები დაეთმოთ. ჯაშიც და კაკულიაც საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტებს ხელმძღვანელობენ.
„ოცნებაში“ ვიღაც ჭკვიანმა ბიძინა ივანიშვილს ურჩია, ეს ნაბიჯი არ გადაედგათ და კომიტეტის თავმჯდომარეები დროებით გადარჩნენ.
სამაგიეროდ, პასუხი მოეთხოვა იმათ, რომელნიც მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ბიძინა გეგიძე. იგი ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხა.
საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ გეგიძის გარიცხვის მიზეზი მარტო მელია არ ყოფილა. უმრავლესობიდან გარიცხული გიორგი კვირიკაშვილთან დაახლოებული პირია, კვირიკაშვილი კი „ოცნებაში“ მიუღებელ პერსონად მიიჩნევა.
გეგიძის მსგავსად პარლამენტში სამარცხვინო სხდომაზე არ მისულა შოთა შალელაშვილიც. საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ მას რამდენჯერმე მოსთხოვეს მისულიყო სხდომაზე. არის ვარაუდი, რომ ის სწორედ ამის გამო აიძულეს, პარლამენტიდან წასულიყო. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში რით დაემუქრნენ, ეს უცნობია.
არის სხვა ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიით, მილიონერ დეპუტატს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფულს აწერდნენ. საუბარია 20 მილიონ ლარზე. შალელაშვილმა სწორედ ამიტომ თქვა უარი პარლამენტის წევრობაზე და გადაწყვიტა, სხვა ქვეყანას შეაფაროს თავი.
მას საქართველოს მოქალაქეობის გარდა რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობაც აქვს და სადმე ნამდვილად შეაფარებს თავს.
ყველაზე გავრცელებული ვერსია კი მისი და გრიგოლ მიქელაძის დაპირისპირებაა. მიქელაძეც „ოცნების“ დეპუტატია და მასაც ბევრი ფული აქვს. შესაბამისად, არც გავლენები აკლია.
როგორც ამბობენ, დავაში ბიძინა ივანიშვილიც კი ჩაერია და მან მიქელაძის მხარი დაიჭირა, რაც შალელაშვილისთვის პარლამენტიდან გუდა-ნაბადის აკვრის მიზეზი გახდა.
ამ ვერსიის გავრცელების შემდეგ შალელაშვილიც და მიქელაძეც მედიისთვის მიუწვდომლები აღმოჩნდნენ. მათ შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დუმან „ოცნებაშიც“.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შალელაშვილის პარლამენტიდან წასვლა გრიგორი კარასინის პოსტიდან გადადგომას დაემთხვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე კარასინი ზურაბ აბაშიძესთან ერთად მართავდა ხოლმე მოლაპარაკებებს პრაღაში. გავრცელებული ინფორმაციით, პრაღაში წასასვლელად და კარასინის შემცვლელთან საბაასოდ გიორგი გახარია ახალ კადრს არჩევს.
როგორც „ქრონიკა+“-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, ამ თანამდებობის დაკავება შოთა შალელაშვილს სურს. ახლო წრეში უთქვამს, რომ რუსეთში გავლენები აქვს და შეძლებს მოლაპარაკებების წარმოებას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში სერიოზულ ქონებას ფლობს, რა გასაკვირია, მას იქ სანაცნობო წრეც ეყოლება. რუსეთის გარდა შალელაშვილი ქონებას ისრაელსა და საქართველოშიც ფლობს. სულ მისი ქონება 35 მილიონად არის შეფასებული.
რუსეთთან მოლაპარაკებებს შალელაშვილი ადრეც უჭერდა მხარს. რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი მზად იყო, საქართველოს პირველ პირს შეხვედროდა. მაშინ თბილისში ამბავი ატყდა, თუ ვინ დაელაპარაკებოდა პუტინს _ პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ პრემიერი კვირიკაშვილი?
შალელაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პუტინთან დიალოგი საჭირო იყო და ეს დიალოგი აუცილებლად კვირიკაშვილს უნდა ეწარმოებინა.
ეტყობა, დიპლომატია მისი სუსტი წერტილია. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას უკრაინაში სურდა, საქართველოს ელჩი გამხდარიყო.
შალელაშვილი ქართულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, დიპლომატიური სკანდალით შემოიჭრა. ფართო საზოგადოებამ ის ამ ამბით გაიცნო.
2017 წლის ბოლოს მან ჯერ კიდევ პრემიერის პოსტზე მყოფ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ საქართველოს მხარი დაეჭირა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებისთვის.
შალელაშვილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ეს გადაწყვეტილება სასწრაფო წესით უნდა მიეღო.
ამ წერილის შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუსში მედიას განუცხადეს, რომ დეპუტატი მათ არ დაუბარებიათ და ის თავისი ნებით მივიდა იქ.
სუსიდან გამოსულმა დეპუტატმა არ განმარტა, თუ რატომ იმყოფებოდა სპეცსამსახურის შენობაში. მხოლოდ ის თქვა, რომ სუსში წერილის გამო არ მისულა.
შოთა შალელაშვილი სკანდალში შვილმაც გახვია. მისი შვილი ამერიკული ბანკებიდან რუსი ჰაკერების დახმარებიოთ ფულს იპარავდა.

შორენა მარსაგიშვლი