ჯემალ სეფიაშვილი: „ქართული ოცნება“ ყველაფერს კრემლის დაკვეთით ასრულებს“

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. დღესაც ჩვენი თანამოქალქეებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ 2008 წელს ომი ჩვენივე ტერიტორიაზე დავიწყეთ. ამორალურია მცდელობა, რომ ამ განცხადებებით თითქოს იმჟამინდელი ხელისუფლების რეპუტაციას აყენებენ ზიანს. 11 წელი აგვისტოს ომიდან და ამის პარალელურად „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე განახლებული ფორმატით გრძელდება.

რას ემსახურება ხელისუფლების განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ? რატომ უნდა მონაწილეობდნენ აქციების საორგანიზაციო ნაწილში პოლიტიკოსები და როგორ უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები პოლიტიკაში?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა ახალგაზრდა პოლიტიკოსებში „თავისუფალი ზონის“ წევრ ჯემალ სეფიაშვილს ესაუბრა:

_ 2008 წლის აგვისტოს ომზე ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მთავრობა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით წამოეგო რუსულ პროვოკაციას, თქვენ თავად მონაწილეობდით ამ ომში და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მოღალატეობრივია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იტყვის ამას, საკუთარი ოჯახის წევრმაც რომ თქვას, ეს ადამიანი ჩემთვის მოღალატეა. მოღალატე კი აუცილებლად დაისჯება! ამის დროც მოვა, მე ამას გპირდებით, როგორც ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი. რაც შეეხება სააკაშვილს, 20 წლის მანძილზე 4-ჯერ შემოიჭრა რუსეთი ჩვენს ტერიტორიებზე და უკვე 20% აქვს ოკუპირებული. რა შუაშია აქ სააკაშვილი, სააკაშვილამდე შევარდნაძე იყო და შევარდნაძემდე _ ზვიად გამსახურდია. ამიტომ ასე უნდა დავაბრალოთ ხან გამსახურდიას და ხან სააკაშვილს?! _ ეს ხომ სრული აბსურდია. მთელი საქართველო ვამბობთ, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, რუსეთი კი ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღიარებს, ჩვენი ხელისუფლებაც გმირთა მემორიალზე სწორედ 8 აგვისტოს მიდის. პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება. ისინი ამ საქციელს აბსოლუტურად გააზრებულად სჩადიან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს კრემლის დაკვეთით ასრულებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც პირდაპირ კრემლიდან არის მოსული. რაც ომით ვერ მოახერხა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, დღეს ჩვენივე მთავრობის საშუალებით ახერხებს. ამის შედეგი იყო თბილისში გავრილოის ჩამოსვლა და ამის შედეგია ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაფერს ამბობენ. მსოფლიომ უკვე დაივიწყა საქართველოს ოკუპაციის თემა, ადრე მთელი მსოფლიო საქართველოსა და უკრაინაზე საუბრობდა, დღეს კი დღის წესრიგიდან საქართველო საერთოდ მოიხსნა. მოიხსნა ზუსტად იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ პრობლემაზე არ საუბრობს. როცა ხელისუფლებას არ აინტერესებს თავისი ქვეყნის ტერიტორიები, ბუნებრივია, სხვა არც დაინტერესდება. დღეს მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ გმირ ბიჭებს, მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში მთელი კასკადია, ანწუხელიძესაც კი შეეხო კოკა ყანდიაშვილისა და შალვა რამიშვილის ტროლების ქარხანა, ეს უკვე ამაზრზენიც აღარ არის. ყველა აგებს პასუხს კოლაბორაციონიზმისთვის. კიტოვანი გამოდის და ჭკუას გვასწავლის, ვიღაცებს ემუქრება. ეს ის კაცია, რომელმაც ქვეყანა დაღუპა. თავის დროზე არ დასჯილა და ამიტომ აძლევს საკუთარ თავს ამდენის უფლებას. ყველას ჰგონია, რომ მსგავსი საქციელი გაუვა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ღალატი განსაკუთრებით მოდაშია _ დასწრებაზე არიან, ვინ ჩავა კრემლში პირველი და ვინ იცეკვებს, იმღერებს და ა. შ.
_ რუსთაველის გამზირზე განსხვავებული ფორმატით აქციები კვლავ გრძელდება, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ და რამდენად დაზარალდა ეს აქციები იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არ იყვნენ საორგანიზაციო ნაწილში ჩართული?
_ „ქართულ ოცნებას“ არათუ პოლიტიკური ფასის გადახდა, აუცილებლად სახლში წასვლა მოუწევს. ეს დროის საკითხია. რაც შეეხება პარლამენტის წინ გამართულ აქციებს, ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარ და 20 ივნისის ღამეს დავშავდი კიდევაც. პოლიტიკოსების გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის ცალ-ცალკე ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ მთლიანად არ გაერთიანდა საზოგადოება. შედეგისთვის აუცილებელია მთელი ერის კონსოლიდაცია. ამიტომ ახალგაზრდების შემართებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების გაერთიანება ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან არ არსებობს, აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდეთ და არ იყვნენ პოლიტიკოსები. აქციაზე, სადაც პოლიტიკური მოთხოვნები ისმის, აუცილებელია პოლიტიკოსების ჩართულობა. რაც შეეხება საპროტესტო ტალღის განახლებას, ხალხი მზად არის ამ აქციების გასაგრძელებლად. ძალიან ცუდად დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, თუ გონს არ მოეგება და პირველ უპირობო მოთხოვნას არ შეასრულებს. ეს არის იმ ღამეს დაკავებული აქციის ყველა მონაწილის განთავისუფლება და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენება.
_ თავად აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ პოზიცია, რომ არ სურდათ პოლიტიკოსების ჩართვა საორგანიზაციო ნაწილში. ამ შემთხვევაში ეს თავად პოლიტიკოსების პრობლემა ხომ არ არის, რომ ახალ თაობას არ სურს მათ გვერდით დგომა?
_ საქართველოში თუ რაღაცას აპროტესტებ ან „ნაციონალობას“ გაწერენ, ან კიდევ „ქართული ოცნების“ მომხრედ გიხსენიებენ. მესმის ახალგაზრდების დამოკიდებულების, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ პოლიტიკური პროცესები პოლიტიკოსების გარეშე არ არსებობს. ერთი მხრივ, ამ აქციაზე საუბარი იყო ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკური პირების თანამდებობიდან გადაყენებაზე, მეორე მხრივ კი არ სურდათ პოლიტიკოსების ჩართვა, რაც არასწორია. ამიტომ ყველა პირადი წყენა თუ ანტიპათია უნდა გადავდოთ და გავერთიანდეთ ყველა მინუს ერთის პრინციპით, იმ დიდი საქმისთვის, რასაც ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვება ჰქვია.
_ ჩვენ ვხედავთ, რომ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაჭერების სერია დაიწყო, როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ხელისუფლების ამ კუთხით გააქტიურება?
_ ეს დაჭერები „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლების მოსვლის დღიდან დაიწყო, ასე რომ დაჭერები ახლა არ დაწყებულა. მაშინ პოლიტიკური პირების გარკვეული ნაწილი ციხეში ჩასვეს, ნაწილი კი დღემდე საზღვარგარეთ დევნილობაში ცხოვრობს და ეს დაჭერები პერმანენტულად გრძელდება, „ქართული ოცნების“ ხელწერაა, რაც აუცილებლად გამოიწვევს უკუპროცესებს _ ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა და შეუძლებელია, სიმართლე დაიმალოს. ამ ხელისუფლებამ გმირი პოლიციელები ჩასვა ციხეში და ხალხი ამას არ მოითმენს. თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და აბსურდული ბრალდებებით ხალხის ციხეში ჩასმას შეწყვეტს, ივანიშვილს ყვარყვარესავით აღარ მოუწევს საქართველოდან გაპარვა.
_ რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა?
_ დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. ახალგაზრდები თვითრეალიზაციას ვერ ახერხებენ. სულ უფრო და უფრო გააქტიურდა ძველბიჭური დამოკიდებულებები, ახალგაზრდების ნაწილმა სწავლაზე ხელი აიღო და, შესაბამისად, განათლების კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შრომისუნარიანი ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას და პენსიონერი საზოგადოება რჩება. ეს დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, _ თუ საქართველოში ახალგაზრდები არ დარჩებიან და არ ეცდებიან როგორც საკუთარი თავის, ასევე ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს უნდა, რომ საქართველოში დარჩეს და არ წავიდეს საზღვარგარეთ, მაგრამ შეუძლებელია, რადგან ისინი აქ, უბრალოდ, სამუშაო ადგილებს ვერ შოულობენ. ამის ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს, მაგალითად ის, რომ საჯაროდ დაწერეს პოსტი და უკმაყოფილება გამოთქვეს მთავრობის მიმართ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ახალგაზრდების ნაწილს უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, დაბრუნდნენ კვლავ საქართველოში, აქ სურდათ სამსახურის დაწყება და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნეპოტიზმის მსხვერპლი გახდნენ. მათ ნაცვლად კი არაპროფესიონალები მიიღეს. ასეთ არაპროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად ვაწყდებით. ვინც კვლავ რჩება ქვეყანაში, ყველა წასვლაზე ფიქრობს, რადგან რეალურად არაფერი ხდება, უძრავადაა ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ რაღაცას. სამწუხაროდ, საქართველოში შევარდნაძის დრო დაბრუნდა, როცა თუ გავლენიანი მამიკო ან ნათესავი გყავდა, მაშინ გასაქმებდნენ კარგ სამსახურში.
_ დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა პოლიტიკაში ახალი სახეების ჩართულობაა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი და როგორ უნდა ჩაერთონ პოლიტიკაში ახალგაზრდები?
_ პოლიტიკური თაობა თუ არ გაიზარდა, მუდმივად ერთ მოჯადოებულ წრეზე ვივლით. 25 წელია ვუყურებთ, რომ სხვადასხვა ხელისუფლებაში ერთი და იგივე პოლიტიკოსები არიან. ეს პოლიტიკოსები იყვნენ როგორც შევარდნაძის მთავრობაში, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და დღეს უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არიან. როგორც ჩანს, შემდეგ ხელისუფლებაშიც აპირებენ ყოფნას. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო მალე მოხდება ძველი, კორუმპირებული, ცუდი წარსულის მქონე პოლიტიკოსების ჩანაცვლება და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ თუნდაც პოლიციელების, ექიმებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების. ამ ახალგაზრდების ჩართულობით სისხლი განახლდება. რაც შეეხება ახალგაზრდების პროტესტს, ჩვენ ვნახეთ, 20 ივნისს რა შედეგები მოიტანა ახალგაზრდულმა პროტესტმა, რეალურად გავრილოვს თავისი საქციელი არ შერჩა, გავაქციეთ ქვეყნიდან. ნებისმიერ ქვეყანაში ახალგაზრდობას ძალიან დიდი ძალა აქვს. საერთოდ, სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს თავის მოქალაქეებს და არა პირიქით. ზოგჯერ ხელისუფლება გონზე მოსასვლელად უნდა შეანჯღრიო. რის უფლებასაც აძლევ მთავრობას, ზუსტად ისევე გექცევა. დღეს კი ვნახეთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა აღარ მოუთმენს ხელისუფლებას ბევრ რამეს და ეს ახალგაზრდები საკმაოდ მოტივვირებულები არიან, რაც ძალიან მახარებს. მგონია, რომ ამ მიმართულებით სწორად მიდიან. რაღაც შეცდომები არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პროცესები პოლიტიკოსების გარეშე. ამიტომაც გარკვეული კონსულტაციები პოლიტიკოსებთან საჭიროა. წარმოუდგენელია, ერთ დღეს გაიღვიძო და უცებ პოლიტიკოსი გახდე, აუცილებელია გარკვეული ეტაპების გავლა.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა შანსები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენის ნულოვანი შანსი აქვს. როგორც კი დაიშლებიან, პროკურატურაში რიგი დადგება, ჩვეულებრივი მარათონი გაიმართება, ვინ უფრო სწრაფად მივა პროკურატურაში და ვინ მისცემს ჩვენებას ერთმანეთზე. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, მრავალპარტიული პარლამენტი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე. ყველა ხელისუფლებამ კონსტიტუცია სათავისოდ არ უნდა მოირგოს. ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი პრობლემებიც ჰქონია, უფრო დიდი გამოწვევების წინაშეც მდგარა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლაგდება.

ნენე ინჯგია