აგვისტოს ომში სიკვდილს გადარჩენილ ექიმს ემიგრაციაში წასვლა მოუწია

ის ერთადერთი სამოქალაქო ექიმია, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიჭრა. მძიმედ დაჭრილს ოპერაცია გორში გაუკეთეს. ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქის დაბომბვა არ შეწყვეტილა. როგორც კი ფეხზე დადგა, კვლავ შეეცადა, საყვარელ პროფესიას დაბრუნებოდა, მაგრამ მძიმე ჭრილობების გამო სასწრაფოს ექიმობა ვეღარ შეძლო, სხვა სამსახური კი არავინ შესთავაზა. იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და იქ ემუშავა.

რას გრძნობდა, როცა ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა? რა ხდებოდა გორში ომის დღეებში? რატომ თქვა თეთრ ხალათზე უარი? რა წინათგრძნობა ჰქონდა საბედისწერო დღეს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ომს გადარჩენილი და სახელმწიფოს მიერ ემიგრაციისთვის განწირული ექიმი, თამუნა ქარელი ესაუბრება:

_ თამუნა, თქვენ სამოქალაქო ექიმი იყავით. როგორ აღმოჩნდით ომში?
_ ომი ჩემს ცხოვრებაში 2008 წლის 7 აგვისტოს შემოიჭრა. გორის სასწრაფოში ვმუშაობდი და ავნევიდან შეტყობინება შემოვიდა, სამხედროები დაიჭრნენო. გამოძახებაზე წავედით. ამ ამბავს გიყვებით და გული საშინლად მტკივა. მთასავით ბიჭები დამხვდნენ მიწაზე გაშოტილები. სამშვიდობოები იყვნენ. ერთი გვარად თაყაძე იყო, მეორის გვარი არ მახსოვს.
თაყაძეს ცოლი და პატარა შვილი დარჩა. ადგილობრივები ტიროდნენ, წინა დღეს გააცილა მის სანახავად ჩასული ცოლ-შვილიო.
ორი დაღუპულის გარდა დაჭრილებიც დაგვხვდნენ. ისინიც ორნი იყვნენ. ერთმა მათგანმა, გვარად დავრაშელიძემ, ჭურვის აფეთქებისას ბაროტრავმა მიიღო, კრუნჩხვები ზედიზედ ემართებოდა. მას რომ ვუყურებდი, ლამის ჭკუიდან შევიშალე.
ავნევშიც ისე წავედით, როგორც სხვა გამოძახებებზე მივდიოდით. არც ჯავშანჟილეტები მოუცია ვინმეს ჩვენთვის და არც _ ჩაფხუტები. მეთაურმა ასე რომ დაგვინახა, გადაირია, _ ეს რა ფორმაში ხართ, აქ ასე მოსვლა როგორ შეიძლებოდაო?!
ავნევში რომ მივდიოდით, გზად მამაჩემის მეგობარი შეგვხვდა. მან მამას დაურეკა და ამის შესახებ უთხრა. ჯერ ისევ გზაში ვიყავით, როცა მამამ დამირეკა და მკითხა, _ სად ხარო? რაღაც ცუდს უგრძნობდა გული. ომი იწყებოდა და მაშინ კარგზე ვერც იფიქრებდა ადამიანი.
მამას მოვატყუე, სკრაში წავედით გამოძახებაზე, ვიღაც ნევროზიანთან-მეთქი. მერე ჩემს მეუღლეს დავურეკე და იმას გავაგებინე, რომ ავნევში მივდიოდი. ვიფიქრე, თუ რამე მოხდა, იცოდეს, სადაც ვარ-მეთქი.
სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, გზად სამშვიდობოების საგუშაგო დაგვხვდა. მიტოვებული იყო. რაღაც საშინლად ვიგრძენი თავი. ავნევისკენ მიმავალი გზაც რაღაცნაირია, სულ აღმართია, როგორც კი ეს აღმართი ავიარეთ და სწორზე გავედით, დაბომბვა დაიწყო, თითქოს ჩვენ გველოდა მოწინააღმდეგე. ძლივს ჩავასწარით დაღმართში, სადაც ავნევის მოსახლეობა და ჩვენი სამშვიდობოები იყვნენ შეფარებულები.
ავნევში როცა მივედით, მეორე ბრიგადა მოგვადგა. მანქანაში ჩვენი თანამშრომელი იჯდა, ახალგათხოვილი იყო ის გოგო, მორიგებამ მოუწია. ისინი რომ დავინახე, სიმწრისგან ავბღავლდი _ ჩვენ სამნი უნდა დავიღუპოთ და ახლა კიდევ თქვენც უნდა დაგვემატოთ-მეთქი?! არ მჯეროდა, რომ იქიდან ცოცხლები გამოვაღწევდით.
ჩვენს ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ, შეიძლებოდა, ვერც გამოგვეღწია. მეთაური მოვიდა და მითხრა, _ ექიმო, ახლა ჰაუბიცებს გავისვრით, ცოტა დრო გექნებათ და უნდა გაასწროთო. იმ დროს ისიც კი არ ვიცოდი, თუ რა იყო ჰაუბიცა.
წამოსვლისას იმ მეთაურმა ასეთი რამ გვთხოვა, _ გორში რომ ჩახვალთ, ვინმე უფროსი ნახეთ და უთხარით, ტყვია-წამალი გაგვითავდა და მოგვაშველონო. სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი მივედი, ეს ვთქვი, მაგრამ მაშინვე მოგვაკეტინეს.
_ უკანა გზაზე მშვიდობიანად იარეთ?
_ ცოცხლებმა ჩამოვაღწიეთ, მაგრამ მშვიდობით ჩამოსვლა არ ერქვა. ჩვენმა ბრიგადამ დაჭრილები გადმოიყვანა, მიცვალებულების გადმოსვენება მეორე ბრიგადას მოუწია.
გზაზე, ტრიალი მინდორი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა. სროლის ხმაზე თავი ოდნავ ჩავღუნე და სახეზე მარჯვენა ხელი ავიფარე, ვითომ თავი მტკიოდა. მძღოლი მიხვდა და შემეკითხა, _ თამუნა ექიმო, გეშინიათო? იხტიბარი არ გავიტეხე და _ არა, თავი მტკივა და გამაყუჩებლის დალევა ვერ მოვახერხე-მეთქი.
სინამდვილეში, იცით, რაზე ვფიქრობდი? _ თუ აგვაფეთქეს, სახე გადამირჩება და ჩემები მიცნობენ-მეთქი. მარტო მაგის მეშინოდა, უპატრონოდ არ ვყოფილიყავი, თუ მოვკვდებოდი. სიკვდილზე მეტად უპატრონო მიცვალებულად ყოფნის შემეშინდა.
8 აგვისტოს სახლში ვიყავი. ჩემს ძმას თავის ცოლ-შვილი და ჩემი შვილები გორიდან გავახიზნინეთ. 9 აგვისტოს ჩვეულებრივად წავედი სამსახურში. წასვლის წინ ქმართან ვიკამათე, არ მიშვებდა.
დამატებითი მორიგეობა იყო, თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და მის მაგივრად მე ვმუშაობდი. ვალდებულება მქონდა აღებული და უარს ხომ არ ვიტყოდი? ამის გაკეთება არ შემეძლო. ჩემი გულისთვის ჩემი მეუღლე და მშობლები გორში დარჩნენ. ეტყობა, ისინიც რაღაცას გრძნობდნენ. მეც საშინელი წინათგრძნობა მქონდა. ვიცოდი, რომ იმ დღეს აუცილებლად რაღაც დამემართებოდა.
_ და ზუსტად მაგ დღეს დაიჭერით?
_ ხო, წინათგრძნობამ არ მიღალატა. სამსახურში წასვლამდე დედაჩემს დავურეკე და ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავუდე, _ თუ გაქცევა მოგიწევს, შენ გქონდეს, რა ვიცი, მე სად ვიქნები სასწრაფოდან-მეთქი.
სამსახურში მეუღლემ წამიყვანა, მგონი, ეგეთი გაპრანჭული არასდროს ვყოფილვარ. თანამშრომელმა გოგოებმა კომპლიმენტები მითხრეს და უაზრო ხუმრობით ვუპასუხე, _ ლამაზი მიცვალებული მინდა ვიყო-მეთქი. არადა, მართლა არ მჩვევია ასეთი ხუმრობა, მაშინვე ენაზე ვიკბინე.
მხოლოდ ერთ გამოძახებაზე მოვახერხე წასვლა. უკან დაბრუნებულებს საინტერესო და უცნაური სურათი დაგვხვდა: შენობის წინ ჭადრის ხე იდგა, თითქმის იმ ხის სიმაღლეზე დაფრინავდა ვერტმფრენი.
ვერტმფრენზე ვარსკვლავი შევნიშნე. მძღოლებს ვკითხე, _ კი მაგრამ, ჩვენებს ისევ ვარსკვლავი აქვთ-მეთქი? ვერანაირად წარმოვიდგინე, ეს რუსული ვერტმფრენი თუ იყო. მძღოლებმა მითხრეს, ეტყობა, ძველ ვერტმფრენებზე დატოვესო. ამ ვერტმფრენის გამო არ შეგვშინებია, არანაირი განგაში არ იყო, არანაირი სირენები.
ჩვეულებრივად შევედი საორდინატოროში, გოგოები საჭმელს ჭამდნენ. მონადირის ძეხვი ავიღე, ჩავკბიჩე თუ არა, უცებ საშინელი ცხელი ჰაერის ტალღა წამოვიდა, გაისმა გრუხუნი. მერე მარჯვენა ფერდში არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თავი ვეღარ წამოვწიე. ზედ ნანგრევები მეყარა.
შევეცადე, მემოძრავა, ვერ შევძელი, ფეხებისკენ გამექცა თვალი, მეგონა, აღარ მქონდა. როცა დავრწმუნდი, რომ ფეხები არ დამიკარგავს, ჩემს თავს ვუთხარი, ალბათ, უნდა გადავრჩე-მეთქი.
ჩემმა თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ამომიყვანეს, უმოკლეს დროში მოახერხეს საავადმყოფოში გადაყვანა. გზაში რა ხდებოდა, არ მახსოვს, გონება დავკარგე.
საავადმყოფოში საკაციდან რომ გადავყავდი, გონებაზე მოვედი, თვალებით ვიცანი ჩემი მეგობარი, ჩემი ექიმი, მერაბ მაისურაძე. მაშინვე მივაძახე, _ მერაბ, მიშველე!
როცა გადმომატრიალეს, აქეთ მხარეს ჩემი მეორე მეგობარი, ექიმი კახა ფაცინაშვილი იდგა. ისიც თვალებით ვიცანი და იმასაც შევეხვეწე, _ კახა, მიშველე-მეთქი. გონება მუშაობდა…
საოპერაციოში შეყვანა არ მახსოვს, მაგრამ ანესთეზიოლოგი ეთერ ჩიხლაძე რომ შემოვიდა, ეგ მახსოვს. ვუთხარი, _ ყელში რაღაც მაწუხებს-მეთქი და შუშები გადმოვაფურთხე. მერე ისევ დავკარგე გონება.
კიდევ იცით, რა მახსოვს? სანამ დამაძინებდნენ, ექთნის ხმა გავიგე, _ ექიმო, ცუდად ვარო. რასაც მერაბი ექიმის ღრიალი მოყვა, _ კარგი ფერი გაქვს, შენი დედა… არ გაბედო გასვლაო! მერე რომ ვკითხე, _ რომელი იგინებოდით ჩემს ოპერაციაზე-მეთქი? გადაირივნენ, _ როგორ გახსოვსო.
ოპერაციის პროცესში დაბომბვა არ შეჩერებულა. საოპერაციოში ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდა.
ოპერაციისთვის რომ მამზადებდნენ, ნახევრად გონდაკარგულმა ჯვარი არ მოვახსნევინე, ხელი წავივლე. ექიმებმა თქვეს, დაანებეთ თავი, ეკეთოსო. ეგ ჯვარი სასწაულით არის ჩემთან მოსული. წინა დღეებში ჩემმა ქმარმა მდინარეზე იპოვა და წამოიღო, ეკლესიაში დავტოვებ, მდინარეზე ვერ დავტოვეო.
ჩემს გოგოს, სოფუნას გავატანეთ სახლთან ახლოს ეკლესიაში დასატოვებლად. მაშინ ის 9 წლის იყო. ეს წიწილა კიდევ მივიდა და მოძღვარს უთხრა, თურმე, მამიკომ იპოვა და აქ გამომატანესო, ოღონდ დედიკოს არ უკეთია ჯვარი და თუ შეიძლება, დედიკოს სახელზე რომ აკურთხოთ და გავაკეთებინოო. მომიტანა და თავისი ხელით გამიკეთა. მას შემდეგ მიკეთია ეს ჯვარი.
ოპერაციის მერე რამდენიმე საათში რეანომობილით თბილისში გადამიყვანეს ბარნოვის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. ჩემი რეანიმაციის ექიმები იყვნენ ნინო ბაბუნიშვილი და თინიკო დარჩია. მთელი 8 დღე არც ერთი გვერდიდან არ მომშორებია. ქირურგები იყვნენ დათო ლაგაზიძე და ალეკო ჩინჩალაძე.
სამი დღე კომაში ვიყავი, შემდეგი 5 დღე კიდევ არ იცოდნენ, გადავრჩებოდი თუ არა.
უმძიმესი ოპერაცია გამიკეთდა: მარჯვენამხრივი ნეფრექტომია, ჰეპატორაფია, ჰემოპნევმოთორაქსი, მრავლობითი ნამსხვრევი ჭრილობა, ხერხემალი დაზიანებული და ტვინის შერყევა. პირველად გონს რომ მოვედი, რეანიმატოლოგმა ჩამომითვალა, რაც მჭირდა და ვიკითხე, _ ნამდვილად ცოცხალი ვარ-მეთქი? გაიცინეს, ეგონათ, ვიხუმრე, არადა, სულ არ მიხუმრია.
არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, ექიმები მოსიარულე საოცრებას მეძახდნენ. კონსულტაციაზე მისულს ვერტებროლოგმა (ხერხემლის ექიმი, _ რედ.) არ დამიჯერა, ჩემი სურათი რომ იყო, ეგონა, ჩავარდნილი ავადმყოფის სურათი მივუტანე.
_ ამ შემთხვევის შემდეგ სამსახურის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?
_ არა. მე მიყვარს ჩემი პროფესია. როცა, ასე თუ ისე, ფეხზე დავდექი, სასწრაფოში დავბრუნდი. ჯანმრთელობა მკვეთრად მქონდა გაუარესებული და სასწრაფოზე მუშაობა მიჭირდა, რაც დიდ დატვირთვას მოითხოვს.
ჩემი ამბავი ყველამ იცოდა. შემეძლო, ვინმესთან მივსულიყავი და რაღაც მეთხოვა, მაგრამ არაფერი მითხოვია. მხოლოდ ის ვითხოვე, სასწრაფოზე მუშაობას ვეღარ ვახერხებ და იქნებ, საავადმყოფოში გადამიყვანოთ-მეთქი.
გადამიყვანეს და მიზერულ ხელფასზე დამსვეს. ამის გამო სასწრაფოდან წამოსვლას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ძალიან ძნელი იყო იქ მუშაობა. როდესაც ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და გავიგე, რომ გრანტი ვერ მოიპოვა, გადავწყვიტე, ემიგრაციაში წავსულიყავი და მეც ისევე დავხმარებოდი ჩემს ოჯახს, როგორც ამას ათასობით ქალი აკეთებს.
_ თქვენ ერთადერთი სამოქალაქო ექიმი ხართ, რომელიც ომის დროს დაიჭრა. ასე მარტივად გაგიმეტათ სახელმწიფომ ემიგრაციისთვის?
_ ასე მოხდა. ჩემ გარდა უამრავი ადამიანია ემიგრაციაში წასული. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.
_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ რამე თქვენ შესახებ?
_ როგორ არ იცოდნენ, ჩემი დაჭრის ამბავი არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ერთხელ ვცადე, ჩემს პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრს დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ მაცალეს.
_ ვინ არ გაცალათ?
_ გიგი წერეთელმა.
_ რატომ არ გაცალათ?
_ არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ.
_ ეს შემთხვევა სად მოხდა?
_ გორის სასწრაფო რომ აღადგინეს, მის გახსნაზე იყვნენ წერეთელი და მინისტრი ჩამოსულები.
_ სასწრაფოს შენობა ახსენეთ და ოდნავ გადავუხვიოთ ინციდენტის თემას, რატომ დაბომბეს რუსებმა 2008 წელს სასწრაფოს შენობა? შეეშალათ კოორდინატები, თუ შეგნებულად გააკეთეს?
_ არაფერი შეშლიათ. ჩვენ გვერდით გორის სატანკო ნაწილი იყო და ჯერ ის დაბომბეს და მერე მიაყოლეს ჩვენი კორპუსიც. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რას ბომბავდნენ.
_ სასწრაფოს შენობა რატომ უნდა დაებომბათ?
_ ალბათ იმიტომ, რომ დაჭრილებისთვის დახმარება არ აღმოგვეჩინა. შეგნებულად დაგვბომბეს. ამაზე ჩვენებაც მაქვს მიცემული.
_ ახლა ისევ იმ ინციდენტზე მომიყევით, რომელიც სასწრაფოს ახალი შენობის გახსნაზე მოხდა.
_ სასწრაფოს ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კვიტაშვილთან ახლოს მივედი, _ თამუნა ქარელი ვარ და თქვენთან მინდა დალაპარაკება-მეთქი. ის მზად იყო, ჩემთვის მოესმინა. გიგი წერეთელმა ხელის კვრით მომიშორა, კინაღამ წამაქცია.
იქაურობა ჟურნალისტებით იყო სავსე და არ მინდოდა, მათ დაენახათ ჩემი და მინისტრის საუბარი. ჟურნალისტები მიცნობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ღია ჭრილობებით დავდიოდი, არ მიხორცდებოდა. არ მინდოდა ეკითხათ, თუ რა ვთხოვე მინისტრს. ისე, არც არაფრის თხოვნას ვაპირებდი, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ სასწრაფოდან საავადმყოფოში გადავეყვანე, ამიტომ სპეციალურად შევხვდი სასწრაფოს დერეფანში, მაგრამ რად გინდა? _ წერეთელი საუბრის საშუალებას არ მაძლევდა.
დეპუტატი მინისტრმა გააჩერა, უთხრა, _ მაცალე, ვიცი ეს გოგო, ვინც არისო. დამპირდა, დაგელაპარაკები და მოგისმენო, მაგრამ ჩემთვის ვეღარ მოიცალა.
განადგურებული და შეურაცხყოფილი წამოვედი იქიდან. არადა, იცით, როგორ გამოვიპრანჭე? არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი! არადა, როგორც უკვე გითხარით, ჯერ ისევ ღია ჭრილობები მქონდა და გადახვევებზე დავდიოდი.
_ თქვენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭერით და სახელმწიფო არ იყო ვალდებული, თქვენთვის მოეხედა?
_ ვერ გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი, რომ არასდროს არანაირი შეღავათით არ მისარგებლია. მხოლოდ ოპერაცია გამიკეთდა უფასოდ და საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები არ დამაფარინეს.
მერე გამოკვლევებზე ჩემი თანხებით დავდიოდი და ერთ კლინიკაში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა მომაქცია ყურადღება, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიიდან“ აღმოჩნდა. მთელი ორი წელი „ემპათია“ მაძლევდა წამლებს, ბიულეტენზეც მთელი განგაში დამჭირდა.
_ ბიულეტენი რატომ გახდა პრობლემა?
_ მითხრეს, არ არის ფინანსები გამოყოფილიო. მერე სასწრაფოს ადმინისტრაციამ მონახა სახსრები.
_ იმ ყველაფრის მერე, რაც თქვენ გადაიტანეთ, არ ნანობთ, რომ ექიმის პროფესია აირჩიეთ? ექიმი რომ არ ყოფილიყავით, ალბათ, არც დაიჭრებოდით.
_ უზომოდ მენატრება ჩემი საქმე. არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ ექიმობა ავირჩიე. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, მაინც სამედიცინოზე ჩავაბარებდი. პაციენტის მადლიერ თვალებზე დიდი ჯილდო ექიმისთვის არ არსებობს და მე მქონდა ეგ ბედნიერება. შეიძლება ჩემი სიტყვები პათეთიკურია, მაგრამ ასე ვფიქრობ.
_ ემიგრაციაში თუ გიწევთ ექიმის მოვალეობის შესრულება? სოციალურ ქსელში ერთხელ ერთი ქალბატონი თქვენზე წერდა, თამუნა ექიმი აქაც ყველას იმედიაო.
_ ჩემს ქართველებს მარტო რჩევებით ვეხმარები. აქ ჩემი დიპლომი არავის სჭირდება. იტალიელებს დაჯერებაც კი უჭირთ, რომ ექიმი მომვლელად ვმუშაობ. არც არაფერს ვამტკიცებ ხოლმე.
_ იტალიას იოლად შეეჩვიეთ? არ გენატრებათ მშობლიური გორი?
_ სხვა გზა არ იყო, უნდა შევგუებოდი. მარტო გორი კი არა, საქართველოში ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს. ხევი კი უზომოდ მენატრება.
_ არ ფიქრობთ, რომ ეს უზომოდ მონატრებული სამშობლო უსამართლოდ მოგექცათ, როცა ომში დაჭრილი ერთადერთი სამოქალაქო ექიმი ემიგრაციისთვის გაგიმეტათ?
_ ძნელია ამ კითხვაზე პასუხი. ზოგადად, მძიმე სიტუაცია იყო, ჩემი პრობლემისთვის არავის ეცალა, უსამართლოდ მარტო მე არა, ზოგადად, ომში დაჭრილ და დაზარალებულ სამოქალაქო პირებს მოექცნენ.

შორენა მარსაგიშვილი