მიგრაციული ჩიხი

დღე არ გადის, მასმედიაში არ გავრცელდეს მორიგი, უკვე ვერც დაითვლი, მერამდენე ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები ან დააკავეს კრიმინალების ჯგუფი, ან ქართველების დიდი ჯგუფი გამოადეპორტეს.
რა თქმა უნდა, ამგვარმა ფაქტებმა მას შემდეგ იმატა, რაც საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო ისრაელთან და ევროკავშირთან.

რას არ აკეთებენ ევროპელები და ებრაელები ქართველ არალეგალთა უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად: შეწყვიტეს თავშესაფრის მინიჭება, შეიყვანეს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, აძევებენ ქართველებს მსხვილი პარტიებით… თუმცა ნაკადი არ წყდება.
ზოგჯერ ღიმილის მომგვრელია ქართველი თუ ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „უნდა მოხდეს ადამიანების უკეთესი ინფორმირება უვიზო რეჟიმის წესებზე“. ანუ იგულისხმება, რომ ბევრი იმიტომ არღვევს წესებს, რომ არ იცის მათ შესახებ.
თუმცა, რეალურად, ყველამ ყველაფერი იცის _ მაგალითად, ის, რომ ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებს თითქმის არ აძლევენ თავშესაფარს ევროპაში. თუმცა თავად დაუკვირდით ამ წინადადებას, რომელსაც ხშირად მოისმენთ ქართველი თუ ევროპელი ოფიციალური პირებისგან… დაუკვირდით და დაინახავთ იმედისმომცემ სიტყვას: „თითქმის“.
ამიტომაც მიდიან _ იციან, რომ „თითქმის“ არ აქვთ შანსი, მაგრამ მაინც იმედოვნებენ, რომ ეს „თითქმის“ შეეხება სწორედ მათ.
ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მიგრაციასთან, კარგადაა ცნობილი, მაგალითად, ის, რომ მდიდარ და შედარებით მდიდარ ქვეყნებში საქართველოდან მიდის ძალიან ჭრელი მასა _ დაწყებული პროფესიონალი ხელოსნებით, დამთავრებული ბანდიტებით და უსაქმურებით.
მეტ-ნაკლებად ცნობილია პრობლემის მასშტაბი _ სსრკ-ს პერიოდში საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5,4 მლნ. ადამიანს. მათ შორის იყო, დაახლოებით, 300 000 ადამიანი, რომელიც დღეს არ აღირიცხება _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაქართული მოსახლეობა. თუ არ ჩავთვლით მათ, საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის პერიოდში შემცირდა 1,4 მლნ.-ით და დღეს შეადგენს 3,7 მლნ.-ს.
მაგრამ პროცესი არათუ არ შეწყვეტილა, არამედ მიდის და მიდის წინ. 2018 წელს საქართველო დატოვა 30 000 ადამიანით მეტმა, ვიდრე შემოვიდა ქვეყანაში, რაც პრობლემის სიმწვავეს კარგად ასახავს.
თუმცა ჯერ არ ჩანს ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზები.
ამ თემაზე საუბრის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არაა რაღაც ვიწრო ქართული პრობლემა, რომელიც უცხოა სხვებისთვის. მიგრაცია არსებობს იმდენივე ხანი, რაც არსებობს ადამიანი და ზოგჯერ საქმე გვაქვს ისეთ ციფრებთან, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია.
მაგალითად, გერმანია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და კეთილმოწყობილი ქვეყანაა მსოფლიოში _ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ კი იქიდან მასობრივად გარბოდა მოსახლეობა.
იცით თუ არა, რომელი ერის წარმომადგენლები არიან ყველაზე მეტი აშშ-ში? სწორედ გერმანელები _ 60 მლნ.-მდე. ამით ჩანს, რა მასშტაბების მასობრივი გაქცევა იყო თავის დროზე გერმანიიდან.
ბევრი სხვა მაგალითიც არის _ შტატებში ცხოვრობს 35 მლნ. ირლანდიელი, მაშინ როდესაც თავად ირლანდიაში _ 5 მლნ.-ია _ ნამდვილი ეროვნული კატასტროფაა… ინგლისელმა ემიგრანტებმა რამდენიმე ქვეყანა შექმნეს: შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა _ ამ ქვეყნებში ცხოვრობს ინგლისური წარმოშობის მეტი ადამიანი, ვიდრე თავად ინგლისში.
ისტორიული საზომებით სულ ახლახან, 70-ან წლებში, იტალია ემიგრანტების ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში _ დღეს კი იტალია თავად იღებს მიგრანტებს.
ანუ არაფერი სასწაული და წარმოუდგენელი არაა, რომ ქვეყნიდან უკეთესი ბედის ძიებაში ათობით ათასი მოქალაქე გარბის წელიწადში. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი _ რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყება ქვეყნის თანდათანობით დაცარიელება, და ეს არაა კარგი პროცესი.
ისმის კითხვა, _ რა ვქნათ? პასუხები მრავლადაა, თუმცა რეალობასთან ახლოს _ არც ერთი.
თითქოს ყველაზე რეალისტურია ეკონომიკის ფეხზე დაყენება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
გასათვალისწინებელია, რომ თავად სამუშაო ადგილების გაჩენა სულაც არ ნიშნავს მოკლე ვადაში ადამიანების გამოსვლას სიღარიბიდან. მეტიც, ხშირად, სწორედ სიღარიბე არის ინდუსტრიალიზაციის მამოძრავებელი ძალა. დღეს საქართველოში სერიოზული საწარმოები თუ შენდება, ძირითადად, იაფი მუშაოხელისა და დაბალი ხელფასების ხათრით.
საქართველოში ყველაზე მეტია სამკერვალო ქარხნები, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 500-600 ლარს არ აღემატება, რაც საკმაოდ დაბალია და უცხოეთში წასვლის მოტივაციას აჩენს.
ამის მაგალითია საშუალოდ და საშუალოზე მაღალგანვითარებული აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები: პოლონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ა. შ. იქ არც სამუშაო ადგილების დეფიციტია და არც ხელფასებია 600 ლარი თვეში, თუმცა მათი მოქალაქეები მაინც მიდიან უფრო მდიდარ ქვეყნებში.
სამაგიეროდ, პოლონეთში ქართველები და უკრაინელები ჩადიან, რომლებისთვისაც პოლონური ხელფასი, 700 ევრო თვეში, ოცნებების მწვერვალია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე დაბალი კვალიფიკაციის ლუმპენ-პროლეტარიატი, რომელიც ქარხანაშიც ვერ იმუშავებს, ძალიანაც რომ მოინდომოს _ კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების არქონის გამო. ისინი უცხოეთში, ძირითადად, არაკვალიფიციური სამუშაოს საძიებლად მიდიან: დამლაგებლები, მომვლელები, შავი მუშები და ა. შ.
ამ შემთხვევაში არაფერს ვამბობ კრიმინალზე _ ეს სხვა თემაა.
შესაბამისად, მიგრანტების ნაკადს ვერ აჩერებს ვერაფერი _ ვერც სადამსჯელო ზომები და ვერც ჰიპოთეტური ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გაგვაჩნია.
გულწრფელად უნდა ვაღიაროთ _ ამ პრობლემას არ აქვს გადაწყვეტის გზა მანამ, სანამ თავად ევროპა არ გაამკაცრებს რეჟიმს.
თუ ეს არ მოხდება, ყველანაირი მცდელობები ფუჭი იქნება _ მიგრაცია გაგრძელდება, ქვეყნის მოსახლეობა კი შემცირებას განაგრძობს. ეკონომიკური ზრდა ამ პრობლემას შეარბილებს, მაგრამ ვერ გადაწყვეტს.

თენგიზ აბლოთია