მთავარი ინტერვიუ კოტე იოსელიანი: „გახარიამ თუ რუსეთიდან მიიღო მსგავსი დავალება, დაუფიქრებლად დაადებს ბორკილებს ივანიშვილს“

კოტე იოსელიანი: „გახარიამ თუ რუსეთიდან მიიღო მსგავსი დავალება, დაუფიქრებლად დაადებს ბორკილებს ივანიშვილს“

2207
0
გაზიარება

8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პრემიერ გიორგი გახარიასა და ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ნდობის გამოცხადებამდე კი „მე თქვენ დაგასრულებთ“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში, სადაც მისი მოსმენა ფრაქციის ფორმატში მიმდინარეობდა.

როგორ აფასებს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად მიჩნეული „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ მინისტრთა კაბინეტს? რა ნაბიჯებს ელოდება პრემიერ გახარიასგან მისი საჯარო მუქარის შემდეგ და რა გეგმები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“?
აღნიშულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ კოტე იოსელიანს ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმჟამინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, თუმცა გადადგომის ნაცვლად გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. რაზე მეტყველებს და როგორ აიხსნება მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი?
_ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა უნდა გავიხსენოთ ის პრაქტიკა, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო დანერგილი წევრ რესპუბლიკებში, როდესაც გარკვეული საკადრო თავისუფლება ჰქონდათ წევრ რესპუბლიკებს, მაგრამ იყო საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებსაც პირდაპირ მოსკოვში იღებდნენ. სწორედ ამ ჭრილში შეგვიძლია ერთ-ერთი ვერსია განვიხილოთ, რომ გახარია ეს არის კადრი, რომელიც არ ექვემდებარება თავიდან ბოლომდე ივანიშვილის გადაწყვეტილებებს. თუ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ცუდი ვითარებაა და ამ ყველაფრის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველია; ასევე თუკი ვთანხმდებით, რომ უკეთესობისკენ სვლა დაიწყება ივანიშვილის შეცვლით, ეს რეალობა თავისთავად ცხადია მოსკოვისთვისაც. თუკი ვინმე უნდა გამოიცვალოს, „ქართული ოცნების“ დეპუტაცია ან მისი მინისტრები კი არ უნდა გამოიცვალონ, არამედ თავად ივანიშვილი უნდა გამოიცვალოს, რასაც ჩვენ ყველა, დანარჩენი მოქალაქეები ვამბობთ, რომ ივანიშვილია პრობლემა. ამას ხედავენ მოსკოვშიც და ამიტომაც მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში გახარია არის ის ადამიანი, რომელსაც პუტინი-ბერეზოვსკის კარტის გათამაშება შეუძლია და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თუკი მან რუსეთიდან მსგავსი დავალება მიიღო, იგი დაუფიქრებლად დაადებს ბორკილებს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ეს საკადრო ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილს მთლად კარგად არ აქვს თავისი პოზიციები გამყარებული და მან თავისი პირადი ხელის ბიჭით, პირადი დაცვით და ადვოკატით დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება, რომ თუ ამ პარტიას თამაში მოუწია, გაცილებით მყარი პოზიციებით შეხვდეს ამ თამაშის დაწყებას. თუკი გახარიას დაწინაურება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და ამ შემთხვევაში ჩრდილოეთიდან წამოსული ბრძანება არაფერ შუაშია, მაშინ შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად გაცნობიერებულად მიდის დიქტატურის დამყარების გზისკენ, რისი ნიშნებიც ისედაც არის. მას ძალიან სურს ლუკაშენკოს მოდელის დამყარება, როდესაც შესაძლებლობა ექნება იურთიერთოს ევროკავშირის სახელმწიფოებთან. ჩვენ ვიცით, ბელარუსთან თანამშრომლობენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ევროკავშირი და ასევე ამავე ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოები. მათ ყველას აქვთ ბელარუსთან ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა ეს ურთიერთობები მთავრდება ყველანაირი თანამშრომლობით გარდა ერთისა, რომ ხელისუფლებას არ მოსთხოვონ უფრო მეტი დემოკრატია, გამჭვირვალობა, თავისუფლება, ლიბერალური მიდგომები, _ ამას არავინ არ სთხოვს ლუკაშენკოს, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე მასთან ყველა თანამშრომლობს. სწორედ ეს მოდელია ივანიშვილისთვის დღესდღღეობით ყველაზე მისაღები, რომ მას არავინ უჩიჩინოს მუდმივად, _ გექნება დემოკრატია? _ მიიღებ მეტს, გექნება ადამიანის უფლებები? _ მიიღებ მეტს, _ მას ეს მეტი ამ ვალდებულებების შესრულების გარეშე უნდა. ამის მაგალითი გვაქვს, ეს ლუკაშენკომ გააკეთა, იდეალურად გრძნობს თავს ბელარუსის ხელისუფლება, ივანიშვილსაც ჰგონია, რომ ეს საქართველოშიც შესაძლებელია, ამ გზით მივდივართ, ამის ყველა ნიშანი სახეზეა. მას ამაში ხელს უშლის მხოლოდ და მხოლოდ ის თავისუფლების ჟინი, რაც საქართველოში ადამიანებს გენეტიკური კოდის დონეზე აქვთ გამჯდარი. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში თავიდანვე განწირულია, თუმცა ის ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ თავისი გეგმები შეასრულოს: არც სისხლისღვრას მოერიდება, არც პოლიტიკურ დევნას და არც ძალოვანი სტრუქტურების ბოროტად გამოყენებას, სადამდეც გაუვა, იქამდე ეცდება, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კონკრეტული მიმართულების განხორციელებაში მისი და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება მოსკოვიდან, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ერთ ღამეში იცვლება და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის დაისი უფრო მალე დადგეს, ვიდრე მას ეს ჰგონია.
_ ხშირად გვესმის ოპოზიციური სპექტრისგან, რომ გახარია რუსეთის ინტერესებს ატარებს და კრემლის წარმომადგენელია. გარდა იმისა, რომ ის რუსეთში საქმიანობდა, რა გაქვთ უფრო მყარი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ის რუსეთის ინტერესებს ატარებს?
_ თუ კონკრეტულად გახარიაზე გსურთ საუბარი, ჩვენ შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ მისი ბიოგრაფია და მისი ყველა განცხადება გავაანალიზოთ. მაგრამ, საერთო ჯამში, თუ გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ის აშკარად პრორუსულია და რუსეთიდან არის მართული. ეს ბევრ რაღაცაში ჩანს, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გადამეტებულ სიყვარულში ძალოვან უწყებებთან დაკავშირებით. წესით, რასაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ის სტრუქტურები უკეთესად უნდა მუშაობდნენ. რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არც ერთი რუსი რეზიდენტის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არც ერთი რუსული გავლენის მქონე ორგანიზაციის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ჩვენ ყველას გვესმის მუდმივად, რომ რუსული პროპაგანდა ყვავის, რუსული აგენტურა გაჩნდა ჯარში, პოლიციაში, ძალოვან სტრუქტურებში, უშიშროების ქვედანაყოფებში, არც ერთი ფაქტის ოფიციალურ დონეზე აღკვეთა არ მომხდარა, პირიქით საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსის თანამშრომელმა რამდენიმე ტერაბაიტი ინფორმაცია წაიღო „მოდულის“ შენობიდან, გადავიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და თან წაიღო ეს მასალები. ასევე ვიცით, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების ბედი, როდესაც ძალიან მცირე პერიოდში თითოეული მათგანი გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა. ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ საქართველო ეკონომიკური კუთხით თავიდან ბოლომდე რუსეთს მიება. რუსებს მივეცით ეკონომიკური ემბარგოს გამოყენების მექანიზმი, თუნდაც სულ ბოლო ფაქტი რომ გავიხსენოთ, როდესაც საქართველოში აიკრძალა ფრენები და აქ დაიწყო პანიკა, რომ ტურისტული სეზონი ჩამოიქცევა, ხალხი ბანკის ვალებს ვერ გადაიხდის. რეალურად, არის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური შემადგენელი, რითაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ერთი სახელმწიფო ცდილობს მეორე სახელმწიფოზე დომინირებას. ეს სამივე სეგმენტი აბსოლუტურად გამართულად მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენი ჯარი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, რადგან წარმოდგენა არ აქვს, რა მიზნების განხორციელებას უნდა მოახმაროს საკუთარი ენერგია, ცოდნა და, ზოგ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც კი მოუწიოთ ქვეყნის ინტერესებისთვის, თუმცა ამ ქვეყანას ვინც ერთპიროვნულად და არაფორმალურად მართავს, მისი ინტერესები გაურკვეველია. ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ, ლარი რა დღეშია, ზოგადად ეკონომიკური განვითარების დინამიკა რა ვითარებაშია, აქაც თუკი რაიმე არსებობს და მუშაობს, უკლებლივ ყველაფერი რუსეთთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას, რუსეთის გავლენა რომ ძალიან დიდია, ამას ყველანი ვგრძნობთ და ვხედავთ. გახარია არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც დღესდღეობით „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის საპირწონედ არის წარმოჩენილი. თუკი ხვალ ივანიშვილი ნებისმიერი მიზეზით ჩამოსცილდება პოლიტიკას, ამ ეტაპზე ყველაზე მყარად მდგომი ლიდერის პოზიციისთვის მებრძოლი არის გახარია. გახარიასგან პუტინი არასდროს გამოვა, რადგან ეს საქართველოა, თუმცა რუსეთში სხვანაირად ხედავენ ქართველებს. მათთვის ჩვენ ხომ მხოლოდ მწვადების შემწველები, მოცეკვავეები, მომღერლები, თამადები და გამრთობები ვართ. რუსეთის გაგებით სხვა რამის ღირსი არ ვართ, არც დემოკრატია გვჭირდება, არც ადამიანის უფლებები, მათი გადმოსახედიდან, როგორც თვითონ ამბობენ, ჩვენ ვართ ერთი ამაყი ერი, ამით ბევრს თვითკმაყოფილების გრძნობა ეუფლება და მანდ ამთავრებს თავის განვითარებაზე ფიქრს. რუსეთის ელიტა სწორედ ამ ნარატივით ცდილობს: ჩვენ კარგი ხალხი ვართ, ვწვათ მწვადები, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, გავართოთ რუსები და მეტი არაფერი გვეკუთვნის. ზუსტად ეს კატეგორიაა გახარია. ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ გახარია არის ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული, ცბიერი და მყარი ხელის მქონე ძალოვანი მინისტრი, რომლიც ამ სიძლიერეს სახელმწიფოს მართვის სხვა სტრუქტურებში შემოიტანს. გახარიას, რომ დავუკვირდეთ რეალურად საშუალო დონის რუსი ჩინოვნიკია, რომელმაც იცის ბრძანებების შესრულება და რომელსაც წინასწარ აქვს იმის გარანტია მიღებული, რომ თუკი არ წავა რეჟიმის წინააღმდეგ, ის ბევრ ბენეფიტს მიიღებს: იქნება ეს კორუფციაში ჩართვა, ორმაგი სტანდარტები საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ანუ ვიღაცისთვის არსებობს კანონი, ვიღაცისთვის _ არა. კანონი რუსეთში მხოლოდ იმისთვის არის, რომ ვინც დაარღვევს, ის შემდგომში გახდეს ხელისუფლების მონა და თუ ხელისუფლებაზე არ იმუშავებს, მაშინ დასჯიან. ჩვენ უამრავი ფაქტი გვაქვს, როდესაც აქციის მონაწილეებს რამდენიმე კვირით აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება არაკორექტული შეძახილი იყო ან განსხვავებული ფორმით გამოხატა ადამიანმა პროტესტი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი მსგავს რამეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჩაიდენენ, ისინი, უბრალოდ, 100-ლარიანი გირაოთი თავისუფლდებიან. ჩვენ გვახსოვს გვარამიას, ჭიაბერაშვილის ცემა, ბიბლიოთეკასთან მომხდარი ცემა-ტყეპა, უამრავი ძალადობის ფაქტი, რომელიც 100-ლარიანი გირაოთი დასრულდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანები „გავრილოვის ღამეს“ აპროტესტებდნენ, ვინც დაიჭირეს, ყველა რამდენიმე კვირით გამოკეტეს. და იქ იყვნენ თინეიჯერები, სტუდენტები, პირადად ვასწავლი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ვინც კი საუკეთესო სტუდენტი მყოლია ამ წლების განმავლობაში, უკლებლივ ყველა იქ იყო „გავრილოვის ღამეს“ და არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, უბრალოდ, კარგი მოქალაქეები არიან, ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის ამ ქვეყანაში დღესვე დემოკრატიული პროცესების დაწყება.
_ პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილის აზრით, „ქართული ოცნება“ კოჰაბიტაციიდან გასვლას მაქსიმალურად ცდილობს, რისი დასტურიც შეიძლება იყოს გახარიას განცხადება: „მე თქვენ დაგამთავრებთ“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გააკეთა. როგორ აღიქვამთ ამ განცხადებას და როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“?
_ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამთავრებს მოსვლის დღიდან. მუდმივად ამაზეა საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იარსებებს. ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილის რადარები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩანდა. თურმე ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, ოთხშაბათ დღეს, სპეციალურად შუა სამუშაო კვირის დღეს დაინიშნა არჩევნები, რომ ადამიანებს ვერ მოეხერხებინათ ბინადრობის ცენზის გამო იქ წასვლა, სადაც ჩაწერილები იყვნენ. თუ მუშაობ თბილისში და წარმოშობით მესტიიდან ხარ, ოთხშაბათ დღეს რთულია ჩახვიდე და იმ დღესვე წამოხვიდე, სწორედ ამას ემსახურებოდა ოთხშაბათ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. როგორ მოიგეს და როგორ ჩაატარეს, ეს ყველამ კარგად ვიცით. რეალურად, ისინი ამბობენ, რომ უნდა დაგამთავროთო, სინამდვილეში, ფაქტი სახეზეა, _ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერდება და გაერთიანებული ოპოზიცია აუცილებლად მოიგებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დავამთავრებთ _ ეს ფრაზა, პირველ რიგში, სიამოვნებს ბიძინა ივანიშვილს და იმ ამომრჩეველს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, ესენი არიან „მეტადონის პროგრამის“ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები, ასევე კორუფციაში ჩაფლულები, რომლებიც თავიანთ თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში მოიგონ კვების ტენდერები და საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის ხორცი შეიტანონ. ჩვენ ვიცით, როგორი მინისტრები, აქტივისტები და პარტნიორები ჰყავს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ეს მხოლოდ იმათზე მუშაობს, ვისაც კონკრეტულად აქვს იმის გააზრების უნარი, რომ თუკი „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, მათი კომფორტის ზონა შეიცვლება: ვეღარ აიღებენ ქრთამს, ვეღარ მოიპარავენ საბიუჯეტო ხარჯებს, ვეღარ იქნებიან ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის შემადგენელი საყრდენი. ეს განცხადება გახარიამ სწორედ ასეთი ადამიანების გასამხნევებლად თქვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არ არის „ქართული ოცნების“ მსგავსი გაერთიანება, სადაც ერთი ბატონია და დანარჩენი _ მონა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხალხი მიდის, მოდის, მუდმივად იზრდება და რაც მთავარია, იყო, არის და, სავარაუდოდ, იქნება ქვეყანაში არსებული საუკეთესო საკადრო და ინტელექტუალური რეზერვის კონცენტრაციის ადგილი. ასე რომ, გახარიასი და მისი მუქარის არავის ეშინია. აქ მთავარია, რომ მათ ჩვენ არ მივცეთ იმ გეგმების განხორციელების საშუალება, რაც მათ უდევთ, როგორც გეგმა ბ) და ც). არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ წააგებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, „ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ არჩევნები მოიპაროს ან გააყალბოს. ეს გააზრებული აქვს ივანიშვილსაც და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ და ისინი ემზადებიან წაგებული არჩევნების მეორე, მესამე დღისთვის, სწორედ ამას მიუთითებს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ივანიშვილმა რუსეთის დავალებით თუ მასთან შეთანხმებით მიიღო. არჩევნების წაგების შემთხვევაში ის დადგება ისე, როგორც დადგა „გავრილოვის ღამეს“, ყველაფერზე წასვლას დაიწყებს და ბოლოს არც სისხლისღვრას მოერიდება, მაგრამ მას ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და განსაკუთრებით ქართულ ჯარზე. მას ჰგონია, რომ ღარიბაშვილი „დაულაგებს“ სიტუაციას და ჯარი ბიძინას გვერდით დადგება, როცა ეს საჭირო იქნება. ეს ხომ აბსურდია! ამ დონის გათვლებზე დაეცა ბიძინა ივანიშვილი და ამ დონეზე ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. არასდროს მომხდარა ამ ქვეყანაში ამ მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება. სავარაუდოდ, არც არასდროს მოხდება იმიტომ, რომ დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი იძენს საარჩევნო უფლებას, ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და ჩამოყალიბებულები თავიანთ პოლიტიკურ არჩევანში. კარგად ფლობენ თანამედროვვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ ყოველთვის გამიჯნონ ერთმანეთისგან, რა არის ყალბი ახალი ამბავი და ნამდვილი ახალი ამბავი. „ქართული ოცნება“ ტროლების ქარხნით, თავისი ბოტებით და ჯიბის სააგენტოებით რასაც ცდილობს, კარგად ვხედავთ. ჩვენ გვახსოვს მათი საარჩევნო კამპანიის საყრდენი ნეგატიური, აგრესიული პროპაგანდა და უამრავი სიბინძურე. თქვენ ძალიან იშვიათად შეიძლება იპოვოთ ისეთი ქიმიური ქარხნის დირექტორი, რომელიც საკუთარი მუშების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, კომპენსაციას იხდის, მაგრამ მუშების ჯანმრთელობა არ ადარდებს, ზუსტად ასე გვიყურებს ყველას ბიძინა ივანიშვილი, ცოტას თუ მოგვიჭერს, გაგვლახავს, თავის რეჟიმში ჩაგვაყენებს, ფიქრობს, ეს ქარხანა გააგრძელებს მუშაობას და მოგების შემოტანას, მუშები თუ წავლენ, სხვებს მოიყვანს, ასე ხედავს ის მთელ ქვეყანას და ამ რეალობაშია გაჭედილი, რომელიც ნამდვილი რეალობისგან ძალიან დაცილებულია. თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ვალდებულებაა, რომ დღევანდელ დღემდე მოტანილი ქვეყანა, რომელიც რეალურად 90-იან წლებში იყო კრიმინალური ტერიტორია და რომელიც თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოვაყალიბეთ, არ გაგვიფუჭდეს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არის. ამიტომ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს და არ მისცეს ივანიშვილს თავისი გეგმების განხორციელების საშუალება.
_ იმავე საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ბუნებრივი ბარიერის პირობებში ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, მცირე პარტიებს ევაჭროს, _ ასე ფიქრობს ექსპერტთა ნაწილი, თქვენ რას დაუპირისპირებთ ივანიშვილის ფინანსურ და ასევე ადმინისტრაციულ რესურსს?
_ კარგად მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ორივე პარტიის მიმართ მწყრალად არიან განწყობილი, _ ეს ბუნებრივიცაა. თუ დათვლით, რამდენი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველი, იქამდე მივალთ, რომ ადამიანები შეიძლება კონკრეტულად პარტიას არ უჭერდნენ მხარს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატსა და მათ ინიციატივებს იზიარებდნენ. სწორედ იგივე არჩევანის წინაშე დადგებიან იგივე ადამიანები 2020 წლის არჩევნებზე, მათ მოუწევთ პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება. რომელ მხარესაც არ უნდა გადაიქაჩოს მათი არჩევანი, თუ წააგებს ბიძინა ივანიშვილი და მათი არჩევანი იქნება ივანიშვილის მოწინააღმდეგე პარტია, ივანიშვილი კი დაიწყებს იმის კეთებას, რაც მას გეგმაში აქვს თავისი საომარი კაბინეტით. შემდეგ რას იზამენ ეს ადამიანები, მათ ხმის უფლებაც დაეკარგებათ და სამშობლოც განადგურდება. სწორედ ამაზეა საუბარი, ჩვენ ყველამ ერთად მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ვართ, უნდა შევქმნათ ის ვითარება, სადაც ბიძინა ივანიშვილს არ ექნება საშუალება, რომ არჩევნების შედეგები გააყალბოს. მან შექმნა საომარი კაბინეტი, ისინი ომს აპირებენ ქართველ ხალხთან და ეს დაამტკიცეს „გავრილოვის ღამეს“, ამიტომ არავინ უნდა მისცეს ივანიშვილს ამის საშუალება. უნდა მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი _ ამას რაოდენობრივად ისეთი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილმა ამაზეც კი უარი თქვას. თუმცა ეჭვი მეპარება, მან საზოგადოებრივი დაკვეთა გაითვალისწინოს.
_ მამუკა ხაზარაძის სახით პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მას აბრალებენ, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აბრალებს, რომ „ქართულ ოცნებასთანაა“. ეს ხომ არ გამოიწვევს მის გაძლიერებას იმ ამომრჩეველში, რომელიც ნეიტრალურია? როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს მას?
_ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა ახალი, კარგი ამბავია, რომელსაც ღირს, რომ რამდენიმე დღე დავუთმოთ, გავერთოთ და გავაანალიზოთ. ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რა არის ბიზნესმენი და ბანკირი პოლიტიკაში. მამუკა ხაზარაძე ვერანაირად ახლოს ვერ მივა ბიძინა ივანიშვილთან ვერც ბიზნესში და ვერც ბანკირობაში. მამუკა ხაზარაძეზე ბევრად უფრო ძლიერი ბიზნესმენი და ბანკირი გვყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, სადამდეც მივედით. რაც შეეხება უშუალოდ მამუკა ხაზარაძეს, ძალიან მარტივი წესები არსებობს ცხოვრებაში, რომელიც პოლიტიკაზეც ვრცელდება. შეიძლება მესი, რონალდუ და ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები მართლა შეუდარებლები იყვნენ, მაგრამ ისინი წყალბურთს ვერ ითამაშებენ, ანუ სხვა საქმეშიც ისეთი წარმატებული ვერ იქნები, როგორიც შენს საქმეში ხარ. ბანკირობა, ფულის გაპროცენტება და სხვა ადამიანებზე ფულის შოვნა თუკი წარმატებით გამოგდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ, მეორე მხრივ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იქნები და შენი უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო პოლიტიკა სრულყოფილი იქნება. როგორი წარმატებულიც არის ბიძინა ივანიშვილი გარემოსდაცვით პროგრამებში, ისეთივე წარმატებული იქნება მამუკა ხაზარაძეც. ეს კაცი არის ბანკირი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე კი არ ფიქრობს, ხალხიდან ამოაქვს ფული, ამ დროს კი გვევლინება აბსოლუტურად სხვა სახით, რომელმაც თითქოს ხალხზე უნდა იზრუნოს და სახელმწიფო ფულით გაამდიდროს. ეს არის აბსურდი, თუმცა ძალიან კარგი ამბავია _ მას აქვს ბევრი ფული და უამრავ ძალიან კარგ პიარხრიკს ვნახავთ, რადგან, სავარაუდოდ, კარგ კონსულტანტებს დაიქირავებს, პიარკამპანიის, ვიზუალურ და პრეზენტაციის დონეზე ბევრ ახალ რამეს შემოიტანს ქართულ პოლიტიკაში… თუმცა რამდენად გაჰყვება მას ქართველი ხალხი, ეჭვი მეპარება.
მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის დღეს არ თქვა, რომ ის არასდროს ითანამშრომლებს ივანიშვილთან. მის მიმართ ნდობა ადამიანებში, რომლებიც პოლიტიკურ ანალიზს აკეთებენ, თავის მომავალს გეგმავენ, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, ნაკლებია და მათ ხაზარაძე ვერ მოატყუებს. ადამიანები, რომლებიც ფულით ტყუვდებიან, ეს სეგმენტი უკვე ივანიშვილს აქვს დაკავებული და არ მგონია, ივანიშვილთან შეჯიბრში ამ სეგმენტში ხაზარაძემ გაიმარჯვოს.
_ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად გამოიყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშის განწყობის შექმნას, რას დაუპირისპირებთ ამას?
_ ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ადეკვატური პიარკამპანია, დაპირებები. სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც 2012 წლამდე იყო მინისტრი, ის აღარასდროს დაბრუნდება მინისტრად. ეს გარკვევით თქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა ამის გამეორება და სავარაუდოდ, ბევრჯერ უნდა გაიმეოროს. მან ბევრჯერ უნდა გაიმეოროს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა ისეთი იქნება, როგორიც არის ვარშავის გეგმა, სადაც ერთ გადასახადამდე გადასახადების დაწევაა, რაც ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს. ეს გეგმა გულისხმობს ელექტრონული და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას იმისთვის, რომ ბიუროკრატია მინიმუმამდე დავიდეს, შემცირდეს სამინისტროები. რეალურად, პატარ-პატარა სააგენტოები გვჭირდება, რომელიც მართვისა და დაგეგმარების პროცესში იქნება ჩართული. სინამდვილეში მცირე მთავრობის იდეა იმას ნიშნავს, რომ რასაც ბიუროკრატიული ელემენტი მოიცავს, მხოლოდ ის უნდა აკეთოს სააგენტომ, ყველაფერი დანარჩენი არის თავისუფალი ბაზრის რეჟიმში და ყველაფერ დანარჩენს ბაზარი დაარეგულირებს. ფაქტობრივად, ყოველდღე იქნება შესაძლებელი რეფერენდუმის ჩატარება, თუკი შედგება ის გეგმა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავის სმარტფონში ის არხი, რითაც მთავრობას თავის ხმას მიაწვდენს. ჩვენ ამაზე ვაპირებთ პიარკამპანიის აგებას. ივანიშვილი ახალს ვერაფერს დაგვპირდება, პოზიტიური პიარკამპანია ვერ ექნება, მათი ხელიდან არანაირი სიკეთე აღარ გამოვა, ისინი უკვე წარსული არიან. ჩვენ კი ვეცდებით, რომ რეალურად რისი გაკეთებაც გვინდა და რა გზებითაც ვაპირებთ ამის გაკეთებას, ეს ყველაფერი ავხსნათ მაღალკვალიფიციური პიარპროფესიონალების ჩართულობით, რომ ნააზრევი, სიტყვა და ვიზუალი ერთმანეთთან უნისონში იყოს.

ნენე ინჯგია

 

დატოვეთ კომენტარი