ნესტან კირთაძე: „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ველოდები!“

არაბული ანდაზა ხომ გსმენიათ? _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო. ჰოდა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ძველი ხალხური სიბრძნე სწორედ ჩვენს ოპოზიციაზეა ზედგამოჭრილი, ანუ ოპოზიციონერების დიდი წივილ-კივილის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია არათუ შინ გაუშვა, არამედ დააწინაურა _ გააპრემიერა. ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა: 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ „ანტიოცნებელები“ რატომ ითხოვდნენ მაინცდამაინც შს მაშინდელი მინისტრის პასუხისმგებლობას და არა _ მთელი მინისტრთა კაბინეტის? ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა, რა თქმა უნდა, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს, ნესტან კირთაძესაც დაუსვა, რომელმაც კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხა, ანუ დაინტერესდა, მიგვაჩნია თუ არა, რომ თანამედროვე ქართული ოპოზიცია უშეცდომოა?

ბუნებრივია, ოპოზიცია უშეცდომო არ არის და მეტიც, ზოგჯერ ისეთ ნაბიჯსაც დგამს, რომლის ახსნაც თვით პოლიტიკის ღმერთებსაც გაუჭირდებათ.
ამასთან, ისიც სათქმელია, რომ ოპოზიცია ზოგიერთ მნიშვნელოვან თემას გვერდს უვლის და საზოგადოების ყურადღების მიქცევას „ხმაურიანი ქეისებით“ ცდილობს. ასე მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალისხმევა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმარდებოდეს, ხელისუფლებისადმი ზომაზე მეტად კრიტიკულად განწყობილი პოლიტლიდერები უფრო ე. წ. სანახაობრივი თემებით აპელირებენ და პრევენციას არც იმ კუთხით აკეთებენ, რომ „ოცნებამ“ 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ გადაიფიქროს. არადა, ნესტან კირთაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ამ იდეის გახმოვანება, უბრალოდ, ბლეფი იყო. მეტიც, პოლიტიკოსი ქალბატონი იმის ალბათობასაც უშვებს, რომ დეკემბრამდე მოვლენები დრამატულად განვითარდეს და საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
მოკლედ, რა საშინაო და საგარეო საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა ინტრიგა მოიფიქრეს მთავრობის პოლიტ-ტექნოლოგებმა? _ ყველაფერ ამაზე „ქრონიკა+“-ს ნესტან კირთაძე ესაუბრება:

_ ქალბატონო ნესტან, ორი თვის წინ, როცა ბოლოს ვისაუბრეთ, მითხარით, „შუშის სასახლეში“ უცხოელი დიპლომატები მივიდნენ და ივანიშვილი მკაცრად გააფრთხილესო, თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მინიმუმ, არასწორი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილს „გაფრთხილებულისა“ არაფერი ეტყობა და, შესაბამისად, თავისი დღის წესრიგით მოქმედებს. აი, მაგალითად, გიორგი გახარია პრემიერად გაამწესა. მოკლედ, ოპოზიცია, ძაღლისა არ იყოს, ყეფს, ხელისუფლება კი, ქარავნის მსგავსად, მიდის.
_ მოდით, ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მივიღეთ, მოკლედ დავახასიათოთ. ჩემ მსგავსად, ალბათ, თითოეული ადამიანიც ფიქრობს, რომ ეს ვითარება ქვეყნის შიგნით ოპოზიციის, თუ გნებავთ, ახალგაზრდებისა და ხელისუფლების დაპირისპირებას გასცდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისა და გეოპოლიტიკოსისთვის, აბსოლუტურად გამოკვეთილია, რომ საქართველო და, კონკრეტულად, თბილისი გეოპოლიტიკური ბრძოლის არენადაა გადაქცეული. პოლიტიკური ფიგურანტებიც სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობენ.
მოკლედ, ბოლო დროს მომხდარი ყველა ცნობილი მოვლენა ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის ჭრილში უნდა განვიხილოთ, ანუ 20 ივნისით სრულიად სხვა, საეტაპო მნიშვნელობის პროცესი დაიწყო და ეს, ერთი მხრივ, ანტისაოკუპაციო მოძრაობაა, მეორე მხრივ კი, _ გეოპოლიტიკური ინტერესების შერკინება.
_ ეს გასაგებია, მაგრამ კითხვას „ჩაგიზუსტებთ“, ანუ „ოცნება“, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საკუთარ დღის წესრიგს არ ცვლის და თუ გავყვებით ვერსიას, რომ ხელისუფლება რუსულ თამაშებს თამაშობს, მაშასადამე, დასავლეთმა საქართველო კრემლს დაუთმო?
_ არა, საკითხი ასე არ დგას, თუმცა ამ თვალსაზრისით, გარკვეული ტიპის სკეპტიციზმი მხოლოდ მოქალაქეებს კი არ დაეუფლათ, არამედ, დასავლეთისადმი, ცოტა არ იყოს, კრიტიკული დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების ლექსიკაშიც გაჩნდა, თუმცა დასავლეთი, პირველ რიგში, საქართველოს საკუთარი ინტერესების გამო ვერ დათმობს, რადგან ასეთ შემთხვევაში გადასახადის საკუთარ გადამხდელებს ვერ აუხსნის, 30 წლის განმავლობაში საქართველოში მილიონობით და მილიარდობით ინვესტიციას რატომ დებდა. ისე, გაიხსენეთ, გახარიას პრემიერად წარდგენის დროს ივანიშვილს როგორი სახე ჰქონდა. პირადად მე ასეთი შეშინებული ივანიშვილი სულ ორჯერ მყავს ნანახი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ გახარიას პრემიერად წარდგენისას ივანიშვილი არც თავდაჯერებულ ლიდერს ჰგავდა, არც _ გახარებულს და არც _ ანტიკრიზისულს. ფიზიონომიაზე ეტყობოდა, რომ იმ სვლას აკეთებდა, რომელიც მოსკოვიდან ჰქონდა დავალებული, თუმცა არ იცის, ყველაფერი ეს რა შედეგით დასრულდება.
_ ე. ი. ივანიშვილი იძულებული იყო, რომ გახარია პრემიერად გაემწესებინა?
_ ახლა ამ ემოციაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ეს ზეწოლის გადაწყვეტილება იყო.
საერთოდ, ივანიშვილს პოზიტიურ ჭრილში არასოდეს განვიხილავ, რადგან მას ხელები სისხლში აქვს მოსვრილი _ დიახ, 20 ივნისის ღამეს ქართველი ახალგაზრდებისა და თავისუფალი მომიტინგეების სისხლი მისი ბრძანებით დაიღვარა. შესაბამისად, პოლიცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი საამაყო სეგმენტი იყო, ამ სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა ეს მხოლოდ ივანიშვილის პირადი კი არა, მოსკოვის გადაწყვეტილება იყო და იმის მიუხედავად, „დოიჩე ველემ“ ბრჭყალებით დაწერა თუ ბრჭყალების გარეშე, დიახ, საქართველოს პრემიერად „მოსკოვის კაცი“ დაინიშნა!
_ ქალბატონო ნესტან, ვიცი, რომ ზერელე საუბარი არ გჩვევიათ. ჰოდა, შეგიძლიათ, არგუმენტები დამისახელოთ, რომლითაც გახარიას „მოსკოვის კაცობა“ დასტურდება?
_ იცით, რა ხდება? პოლიტიკაში ლამის დავბერდი და ვიცი, როცა ადამიანები არსაიდან ჩნდებიან, თან საკმაოდ კარგ პოზიციებზე და მათი კარიერული სვლა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, დაკვირვებული ექსპერტი და პოლიტიკოსი ყოველთვის კითხვის ნიშანს სვამს. რა, ვინმემ მართლა დაიჯერა, რომ ეს კაცი, თავისი მეზობლობის გამო ივანიშვილს ხუხაშვილმა მიუყვანა და მინისტრიც ამიტომ გახდა? გახარია რუსეთის მოქალაქეობისა და იქ მოღვაწეობის გამო მოხვდა საქართველოში და კარიერული წინსვლაც იმ მთავრობაში დაიწყო, რომელსაც რუსეთი „თავისიანად“ მიიჩნევს.
_ მომიტევეთ, მაგრამ ეს მაინც შეფასებაა. მე კი კონკრეტულ ფაქტებზე გეკითხებით, რომლითაც გახარიას „მოსკოვის კაცობა“ უტყუარად დადასტურდება.
_ როცა საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, არ მახსენდება, რომ გახარიას მასში მონაწილეობა მიეღო, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მეხსიერებით არ უნდა განისაზღვროს. უბრალოდ, მე, როგორც პოლიტიკოსმა, ზუსტად ვიცი, გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმიტომაა, რომ პრორუსული პროდუქტია, თორემ სხვა შემთხვევაში, დამიჯერეთ, ივანიშვილი კი არა, მასზე ასჯერ ავტორიტარული მმართველი საქართველოს მოსახლეობასა და მის ხვალინდელ დღეს ვერ გაუბედავდა, რომ სადამსჯელო ექსპედიციის ხელმძღვანელი გაეპრემიერებინა!
_ კარგი, აღარ გეკამათებით, მაგრამ გახარიას გაპრემიერება, იქნებ, ოპოზიციის „დამსახურებაცაა“, ანუ პირადად მე ვერაფრით ავხსენი, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ „ანტიოცნებელები“ მხოლოდ შს მაშინდელი მინისტრის გადადგომას რატომ ითხოვდნენ და მთელი მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხს რატომ არ აყენებდნენ?
_ რატომ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ქართული ოპოზიცია უშეცდომოა ან, თქვენი აზრით, მე ამის დასაბუთებას ვცდილობ? თავისთავად ცხადია, რომ ასე არაა. რა ამოჩემება იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, მით უმეტეს, როცა გახარიამ უბინძურესი სისხლიანი საქმე შეასრულა! ყველაფერ ამის დამკვეთი, ორგანიზატორი და ბრძანების გამცემი კი პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო. ამიტომ ასეთ დროს საუბარი ძალიან მატყუარა, არარაობა და უსუსური მამუკა ბახტაძის მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე უნდა ყოფილიყო. აი, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც კულისებში ივანიშვილის მიმართ ლოიალურნი ბრძანდებიან. ამდენად, ბევრ შეცდომას უშვებენ. ისე, ვისურვებდი, რომ უფრო ფრთხილნი იყვნენ და ასეთი შეცდომები არ დაეშვათ!
_ ქალბატონო ნესტან, ამ განცხადებით მინიშნებას „ევროპულ საქართველოზე“ ხომ არ აკეთებთ, რომელზეც იგივე კულუარებში ამბობენ, „ოცნების“ თამაშს თამაშობსო?
_ ამის შესახებ ბევრი იწერება. უბრალოდ, არ მინდა, ვინმეს რაღაც ტიპის იარლიყები, ასე ვთქვათ, გავუგზავნო, მაგრამ გამგებისთვის გასაგებია და თუ ამ ნათქვამში ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობს, ეს, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა იქნება. საერთოდ, დღეს ქართული პოლიტიკის კულისებში დაფარული და დამალული არაფერია! საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს პასუხისგება თავისი ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე, თორემ დარწმუნებული ვარ, ამ „თამაშით“ მე და თქვენ ბევრი არაფერი დაგვაკლდება!
_ ერთი სიტყვით, თუ აქამდე ოპოზიციის „თავის ტკივილი“ მხოლოდ გახარია იყო, ახლა კიდევ ერთი „თავსატეხი“ აქვს _ ღარიბაშვილი და, ზოგადად, „კახელების კარტელი“, რომელსაც „ანტიოცნებელები“ დამარცხებულ-განეიტრალებულად მიიჩნევდნენ და ავანსცენაზე დაბრუნდა. ივანიშვილს ღარიბაშვილის ხელმეორე აღზევება, თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა?
_ ვფიქრობ, ივანიშვილმა თავად იცის, სასახლის კარის ფიგურანტები როგორ დაალაგოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი ინტრიგების მოყვარული პერსონაა. დარწმუნებული ვარ, რომ მაკიაველი, ბისმარკი და ფუშე წაკითხული არ ექნება.
_ სამაგიეროდ, ნიცშე ისე აქვს წაკითხული, რომ მასთან კამათსაც ბედავს!
_ დიახ, ნიცშეს ეკამათება, მაგრამ ზუსტად იცოდეთ, წაკთხულიც არ ექნება, რადგან, როგორც ამბობენ, კითხვა არ უყვარს.
მოკლედ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის სასახლეში ინტრიგების რამდენიმე ექსპერტი, მრჩეველი ან პოლიტ-ტექნოლოგია. ამიტომ მხოლოდ ღარიბაშვილის პერსონაზე არ ვილაპარაკებ.
ნახეთ, მთავრობაში როგორი ვითარება „დასვა“ _ შს მინისტრი ახლანდელ პრემიერთან წინააღმდეგობაშია და თავის დროზე ერთმანეთს არათუ დაუზოგავად აკრიტიკებდნენ, არამედ, ნებისმიერი შეცდომის დროს, ერთმანეთს ფეხსაც უდებდნენ.
ამას გარდა, დალაგებული ურთიერთობა არც თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს აქვთ. ასევე მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმეს კარგი ურთიერთობა თბილისის მერთანაც არ აქვს. ძალოვანი მინისტრებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან.
მოკლედ, ყველაფერმა ამან გამოაჩინა, რომ ივანიშვილს არამყარი პოზიცია აქვს და საკუთარი მთავრობის მიმართაც უნდობელია. ინტრიგების ასეთი კომბინაციაც ამიტომ შექმნა. ყველაფერი ეს ცოტა ხანს, რა თქმა უნდა, „გაუქაჩავს“ და თითოეული მათგანი ნდობის ვოტუმს ცალ-ცალკე ამოწურავს. ამიტომ ეს მთავრობა, საბოლოოდ, კრახით დაასრულებს!
_ ე. ი., ქალბატონო ნესტან, იმას ამბობთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ღარბაშვილის შეყვანით ივანიშვილმა ინტრიგა გახარიას მოუწყო?
_ მოდით, ასე ვთქვათ: ინტრიგა გახრიას კი არ მოუწყო, არამედ პოლიტ-ტექნოლოგებმა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების ასეთი სქემა შესთავაზეს, ანუ ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობის კომბინაცია შექმნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქართველოს მთავრობა არ არის!
_ აბა, ვისი მთავრობაა?
_ ეს მთავრობა ქვეყანაში პრობლემების მოგვარებით არ არის დაინტერესებული. ეს, უბრალოდ, საარჩევნო მთავრობაა, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ „ოცნების“ მმართველობის გახანგრძლივებაზე იფიქრებს.
_ ე. ი., ივანიშვილი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს?
_ ამ ვითარებას ნებისმიერი ფორმულა უდგება. ეს პოლიციური სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი მმართველობის სტილია!
_ ამ ფონზე პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე შემოდის. ქალბატონო ნესტან, იზიარებთ მოსაზრებას, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ირიბად შესაძლოა, ივანიშვილის დავალებით მოქმედებდეს?
_ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაშიც სკეპტიკურად ვუყურებ და პოლიტიკის გარეშეც.
_ რატომ?
_ საბედნიეროდ, ის ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც 2013 წელს, ვაშინგტონში, უმაღლესი დონის შეხვედრებზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჩვენი ამერიკელი კოლეგები გავაფრთხილე, საქართველოში ქართველებისთვის სრულიად ახალი პოლიტიკური სისტემა მყარდება, რომელსაც ოლიგარქატი ჰქვია-მეთქი. ამის შესახებ მხოლოდ ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ბრიუსელში კი არა, თბილისში რამდენიმე სატელევიზო გამოსვლის დროსაც ვისაუბრე, თუმცა მაშინ ამისთვის საქართველოში ყურადღღება არავის მიუქცევია. ვაშინგტონსა და ბრიუსელში კი, რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეს. სხვათა შორის, უცხოეთში ჩემს ყველა შეხვედრას ჩვენი ელჩები ესწრებოდნენ და ჩემი ნათქვამი, ცხადია, მათაც მოისმინეს.
_ უკაცრავად, მამუკა ხაზარაძეზე გკითხეთ და იმას რატომ მიყვებით, 2013 წელს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, საქართველოს საზღვრებს გარეთ რა თქვით?
_ ყველაფერი ეს ერთმანეთთან კავშირშია.
_ ანუ?
_ დღეს ყველა ვამბობთ, რომ საქართველოში ოლიგარქია უნდა დასრულდეს. ამ დროს კი მამუკა ხაზარაძე ოლიგარქატის განმტკიცებას რაღაც ახალი ტიპის ჟანგბადს აწოდებს. ხაზარაძეს რა ტიპის რესურსებიც უნდა ჰქონდეს ან ივანიშვილმა როგორი ტიპის შეზღუდვებიც უნდა დაუწესოს, ყველაფერ ამას, პოლიტიკის ენაზე, ოლიგარქატის გაძლიერება ჰქვია, რისი დიდი გამოცდილებაც უკრაინას აქვს _ იქაური პოლიტიკური ველის ძალიან ბევრი მოთამაშე ოლიგარქია!
საქართველოში ამ მხრივ ივანიშვილი პირველობას არავის უთმობს, მაგრამ იმისთვის, რომ ოლიგარქატის პოზიციები არ შემცირდეს, მას, რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე სჭირდება!
მოკლედ, პირდაპირ ვამბობ: ხაზარაძე პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევს და ეს უნდა იცოდეს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ მოსახლეობის განწყობას თავი რომ გავანებოთ, ივანიშვილი ხაზარაძეს დიდ ლაგამს ამოსდებს, რათა მისი აქტივობა მინიმალიზებული იყოს.
ასეა თუ ისე, პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთი მდიდარი ადამიანის გამოჩენა საქართველოში ოლიგარქატის გაძლიერებას ნიშნავს, რაც მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას.
_ რატომ არ უნდა დაუშვას?
_ იქ, სადაც პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები ოლიგარქები და მდიდარი ადამიანები არიან, სამოქალაქო აზროვნებისა და ურთიერთობის ადგილი აღარაა. სახელმწიფო ინსტიტუტებიც აღარ ფუნქციონირებენ და გადაწყვეტილებები ყოფილი პროკურორების სარდაფებში, ხუხაშვილის ავტოფარეხსა თუ სოლოლაკის შუშის სასახლეში მიიღება! აი, ამას ნიშნავს ხაზარაძის პოლიტიკური ვნებები, რაც ბოლომდე მისი დამსახურება არ უნდა იყოს!
_ მაშასადამე, თუ ხაზარაძე ჩაფლავდება, პოლიტიკური ველის მთავარ მოთამაშეებად ისევ „ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია დარჩებიან?
_ ისინი მთავარ მოთამაშეებს საკუთარ თავს თვითონ უწოდებენ, თუმცა ყველაფერი საზოგადოებასა და ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ანუ თუ ამ ორ ძალას ხალხი პარლამენტში დიდი დოზით შეიყვანს, ისინი ამაზე უარს, ცხადია, არ იტყვიან.
_ არჩევნები გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ ველზე ამ ორი ძალის გარდა სხვაც უნდა არსებობდეს, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. აი, მაგალითად, ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“, თავის დროზე, პოლიტარენაზე ამბიციურად გამოჩნდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობა ასეთია: ოპოზიციას თითქოს აღარც ახსოვს, რომ „ოქრო“ პატიმრობაშია.
_ პოლიტიკაში ირაკლი ოქრუაშვილის ამბიციურ შემოსვლას ის დევიზები და სიტყვები კი არ განაპირობებს, რომელიც შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას, არამედ ოქრუაშვილი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინაე, ამბიციური წარსულის მქონე ფიგურანტია და როცა ასეთი ადამიანი, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ორი თვეა, ციხეშია, ეს მომავალში მისი პოლიტიკური წონის განსაზღვრისთვის შესაძლოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს.
_ ოქრუაშვილის პოლიტიკური წონის, ასე ვთქვათ, გაძლიერება, ვფიქრობ, ოპოზიციასაც არ აწყობს.
_ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე დიდი სოლიდარობა არ ჩანდა და ამას საზოგადოება ხედავდა, თუმცა ეს შეიძლება, იმით აიხსნას, რომ საკმაოდ რთული დრო იყო _ მიტინგების ჩახშობის შემდგომი დეპრესიული დაღმასვლა ყველა ქვეყანაშია. ამას ზაფხულის არააქტიური დროც დაემთხვა, თუმცა ოპოზიციის ინტერესშია, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რეალური ხვედრითი წონის მქონე პოლიტიკოსს მიაპყროს, რადგან ქართულ პოლიტიკას „დრაივისთვის“ სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკური ლიდერები სჭირდება!
_ კიდევ ერთი თემა, რომელმაც ოპოზიციაში ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვია: „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადონ, რომ 2020-ის არჩევნების მერე „ოცნებასთან“ ერთად კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. ცალსახაა, რომ ბოკერიას გუნდმა ეს „მესიჯი“ „ნაცმოძრაობას“ გაუგზავნა, მაგრამ, თქვენი აზრით, მომავალი წლის არჩევნების შემდეგ როგორ პოლიტიკურ კომბინაციას მივიღებთ?
_ პროგნოზი უმადური საქმეა, მით უმეტეს, რომ ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და ამ სისწრაფეს შიდა კი არა, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. შეიძლება, პასუხი ვრცელი გამომივიდეს, მაგრამ ის დაჩქარებული საგარეო მოვლენები, რაც საქართველოსთან მიმართებით ვითარდება, ძალიან მაშინებს.
ასევე, ძალიან მაშინებს საქართველოში ტიპური რუსეთის მთავრობის „დასმა“.
სიმართლე გითხრათ, რასმუსენის მიერ გახმოვანებული იდეაც მაშინებს, რომლის თანახმადაც, ნატოსთან დაკავშირებით ნიადაგის მოსინჯვას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე გულისხმობს. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდი აზრია, მაგრამ ყველაფერ აქედან გამომდინარე, რამდენიმე საერთაშორისო ფაქტორი უკვე საკმაოდ გააქტიურდა.
მოკლედ, ძალიან მაშინებს, რომ რამდენიმე საგარეო გეოპოლიტიკური ინტერესის დაჯახებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ბუფერულ ზონად არ აქციოს!
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას, ის, რაც „ევროპულმა საქართველომ“ თქვა, მისი ინიციატივა არ არის. ეს ძველი იდეაა და, სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს იდეა, თავის დროზე, ლევან ბერძენიშვილმა გააჟღერა.
საერთოდ, კოორდინაცია და თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხვალინდელ დღეზე დაიწყებენ ფიქრს და არა _ მხოლოდ საპარლამენტო მანდატებსა და საკაბინეტო სკამებზე!
_ სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც სწორედ ეგაა, რომ პოლიტიკური მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც იტყვიან, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და ხალხზე ზრუნვაც უმეტესად მოჩვენებითია ხოლმე!
ისე, ქალბატონო ნესტან, რეპლიკის სახით, ერთსაც გეტყვით და დაგემშვიდობებით: როგორც ამბობთ, გეშინიათ, რომ ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური თამაშებიდან გამომდინარე, ბუფერულ ზონად არ იქცეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შიში გადაჭარბებულია, რამეთუ მომავალ წელს, ჩვენი არ იყოს, აშშ-შიც არჩევნებია და რუსეთშიც, ანუ მსოფლიო პოლიტიკის გიგანტებს ჩვენთვის არ ეცლებათ.
_ კი ბატონო, მაგრამ, ჯერ ერთი, საქართველოში არჩევნების ვადებთან დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
_ რაზე მიანიშნებთ?
_ დეკემბრამდე მოვლენების უფრო რთულ განვითარებას ველოდები. იმის თქმა, ყველაფერ ამის მაპროვოცირებელი რა იქნება, ძალიან ძნელია, მაგრამ ნებისმიერი შიდა თუ გარე პროვოკაცია ისედაც პოლარულად დაპირისპირებულ პოლიტიკას კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში შეიყვანს.
მოკლედ, რაღაც ტიპის სირთულეს და, შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უფრო ველოდები, ვიდრე _ გახარიას მთავრობის მონაწილეობით პროპორციული არჩევნების იდეის ბოლომდე მიყვანას!
საერთოდ, ეს იდეა დაივიწყეთ.
_ რატომ?
_ ეს ბლეფი და სიყალბე იყო.
ისე, საფრთხე სწორედ რუსეთის არჩევნებია, ანუ პუტინის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ადამიანების ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და აი, ამ დროს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საგარეო საფრთხეებს ააქტიურებს ხოლმე. ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე საქართველო და უკრაინა დგანან. დიახ, პუტინი შეეცდება, ამ ფორმით რუსეთში საკუთარი რეიტინგი გაზარდოს და ის მითიც გაამყაროს, რომ შეუცვლელია, თუმცა ამ ფონზე ერთი პატარა იმედიც გამოჩნდა.
_ კერძოდ?
_ აშშ-მ განსაზღვრა, ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი საქართველოში. რაც მალე ჩამოვა ახალი ელჩი თბილისში, დასავლეთთან ჩვენი, ასე ვთქვათ, ბმა უფრო მეტად გააქტიურდება! სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთული პოლიტიკური პროცესების წინაშე აღმოვჩნდებით!

გიორგი აბაშიძე