ნუკრი კაპანაძე ალბომზე მუშაობს

მომღერალ ნუკრი კაპანაძისთვის ზაფხულის სეზონი სანტერესო სიახლეებით არის დახუნძლული. იგი ახალ რეპერტუარზე მუშაობს, პარალელურად ისვენებს, აქვს კონცერტები და დიდი შენაძენი, რომელზეც მომღერალი ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვება…

_ ნუკრი, ცხელ დღეებს თბილისში როგორ ატარებთ და სად აპირებთ დასასვენებლად წასვლას?
_ ძალიან კარგად, მაგრამ თბილისშიც არ არის ისეთი სიცხეები, რომ ვერ გაძლო. ღამით კარგად გძინავს და ზედმეტი ჩახუთულობა არ გაწუხებს, თუმცა ბაკურიანში მივდივარ, სადაც სახლი ვიყიდე და ძალიან ბედნიერი ვარ, _ ჩათვალეთ, როცა ბაკურიანში გაქვს სახლი, უკვე ბაკურიანელი ხარ, ჩართული ხარ ყველაფერში, სახლის კეთილმოწყობაში. გარდა ამისა, თბილისიდან არცთუ ისეთი შორია, მანქანით ორ საათში უკვე ბაკურიანში ხარ.
_ გილოცავთ! ძალიან კარგი შენაძენია, თან ბაკურიანი განსატვირთად საუკეთესო ადგილია…
_ ძალიან. ხალხი სამსახურამდე რომ წავიდეს, ზოგს საათ-ნახევარიც კი სჭირდება ხოლმე გზაში, ამიტომ ჩემთვის თბილისი-ბაკურიანის გზაც აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ძალიან მალე ხარ. მოახტე მანქანას, დილას გახვიდე, საღამოს ჩამოხვიდე და ა. შ. პარასკევი, შაბათი, კვირა განიტვირთები.
_ საკუთარი სახლი იყიდეთ თუ კორპუსში?
_ კორპუსში ვიყიდე, რომელიც ახალი აშენებულია და გაოცებული ვარ „კრისტალის“ მფლობელით, რადგან გეფიცებით, სწორედ ასეთი ადამიანები ააღორძინებენ საქართველოს. ადგილობრივია, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში თვითონ არის ჩართული. ყოველი ბალახის მოგლეჯა იცის, ასუფთავებენ, გარემოს უვლიან, მთელი ოჯახი ამ საქმეშია ჩაბმული და არ ზის სადღაც ოთახში მხოლოდ განკარგულებების გასაცემად. დამიჯერეთ, ბევრი ასეთი ადამიანი გვჭირდება. ყველაფერს აკეთებენ და გარემოს გიქმნიან იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი. ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი ხდები. სხვათა შორის, მე და ეკა მამალაძემ ერთად შევიძინეთ ბაკურიანში სახლი, ერთ კორპუსში ვარ.
_ თბილისშიც სულ ერთად ხართ და მანდაც არ სცილდებით ერთმანეთს…
_ აბა, რაა! ვეუბნები, _ ეკა, რომ დავბერდებით, ერთად წავიდეთ ბაკურიანში და იქ ვიცხოვროთ-მეთქი. მართლა სამოთხეა აქაურობა, დიდ ველზე რომ ახვალ, დაისვენებ. ჩემი მეგობრებისთვის ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება და ესაა დიდი ბედნიერება. ოთხი ადამიანი თავისუფლად დაეტევა, მოწყობილია კარგად და გაწკრიალებულს გახვედრებენ, ზოგადად, როცა ყიდულობ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიღაც შემიძლია დავპატიჟო, მით უმეტეს, მუსიკოსი მეგობრები მყავს. ვიღაცამ თქვა, _ უნდა, რომ დაწეროს რაღაცა. აი, ყველასთვის არის გასაღები, რომ წავიდეს. შენც გეპატიჟები, გიო, _ გინდა დასვენება? აიღე გასაღები და წადი.
_ რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა, რომ მეგობრებსაც გაუკეთებთ სიურპრიზს და ლამაზ გარემოში დაისვენებენ. ამ ზაფხულს მხოლოდ ბაკურიანით შემოიფარგლებით, თუ კიდევ აპირებთ სხვაგან დასვენებას?
_ ბაკურიანში ვიქნები, მერე ვაპირებ საირმეში წასვლას, სადაც 19 აგვისტოს კონცერტი მაქვს: მე, ნინო გულიაშვილი და ნინო ჩხიკვაძე მივდივართ ერთად. იქ ხუთი დღე დავრჩებით, სადაც მივდივართ, უნიკალური ადგილია.
_ საირმე ხომ საერთოდ სამოთხეა.
_ კი, კი, და თან ვისთან ერთადაც გიხარია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პასიური დასვენება არ მიყვარს.
_ მით უმეტეს, როცა სამი მუშკეტერი ერთად მიდიხართ დასასვენებლად. ვგულისხმობ ნინო გულიაშვილსა და ნინო ჩხიკვაძეს.
_ ვაიმე, ხოო! წარმოგიდგენია იქ სამივე ერთად გიჟები, კარგი დასვენება გამოგვივა ნამდვილად.
_ როგორც მივხვდი, აქტიური დასვენება გირჩევნიათ. ასეა?
_ აუცილებლად აქტიური! შეიძლება ფიზიკურად წამოწვე და დაისვენო, მაგრამ ტვინში სულ უნდა დუღდეს რაღაც ახალი! ასევე სიმღერა. არ ვიცი სხვები როგორ არიან, მაგრამ ჩემთვის პირველი არის ფიქრი, ამიტომ ეს დასვენებაც აზროვნების, ფიქრების მოკრების, ძალების აღდგენისა და ახლის კეთების დროა.
_ დარწმუნებული ვარ, ფიქრის შედეგად გონებაში ბევრი მუსიკა შეგიქმნიათ. ანუ შემოქმედებითი დასვენება გამოგდით ხოლმე?
_ ნამდვილად! ყველაზე დიდი მუშობა არის მაშინ, როცა ტვინი არ ირთვება.
_ და მით უმეტეს, ამას თუ გარემოც უწყობს ხელს…
_ მაგ დროს საოცრებები ხდება: როცა მარტო ვარ, ეს არის აზროვნება, რომლის გარეშეც არც შემიძლია, ვერაფერზე ვფიქრობ და არც მაინტერესებს. ხშირად უთქვამთ, _რა უბედურებაა, ამის მეტი არაფერი არ გაინტერესებსო?!. ხოო, არაფერი მაინტერესებს, ეს არის ჩემთვის ყველაფერი, სუნთქვაა, სასიამოვნო სუნთქვაა და რაც მთავარია, ჟანგბადი, რომელიც მაცოცხლებს.
_ ბუნება, სიმწვანე და სუფთა ჰაერი კარგია, მაგრამ ზღვა გიყვართ?
_ ზღვა ძალიან მიყვარს. ზღვას ვუყურებ როგორც მარტო დასვენებას კი არა, როგორც სამკურნალო პროცედურას. აუზი ჩემთვის არაფერია, ჩემთვის მარილიანი წყლისა და იოდის შემცველობაა მნიშვნელოვანი, რაც აქვს ზღვას… როცა ზღვაზე ხარ, ყოველდღე უნდა ჩახვიდე და არ დაგეზაროს, რადგან ეს არის წყალი, რომელიც ორგანიზმს აცოცხლებს.
_ ზღვაზე არ აპირებთ წასვლას?
_ ეს ცხოვრება გეგმებში არ ჯდება ხოლმე, უცებ ამოტრიალდება ყველაფერი და ისე აღარ არის, როგორც დაგეგმილი მქონდა, ამიტომ წინასწარ არ ვიცი, რას ვიზამ. როგორც გითხარი, 100 პროცენტით ის ვიცი, რომ საირმეში უნდა წავიდეთ, მერე რასაკვირველია, პატარა დრო დამრჩება. შესაძლებელია, ზღვაზეც წავიდე. თუმცა ახლა ჩემი მუსიკალური ხელმძღვანელი, ბუკა კარტოზია, ცოტა მკაცრია და მომკლავს, რეჟიმიდან რომ მოვვარდე.
_ ნუკრი, რამდენად ძვირი სიამოვნებაა საქართველოში დასვენება და პირადად თქვენ რამდენი გეხარჯებათ?
_ სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ მიანგარიშია. საზღვარგარეთ როცა მიწვევენ, ყველაფერი მათი ფინანსებით ხდება ხოლმე. მაგალითად, ანტალიის ყველა კურორტი მაქვს მოვლილი, 6-7 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს 10 დღე მაინც მიწევს ხოლმე გასვლითი ტურნე, მაგრამ როგორც ამბობენ, უცხოეთში დასვენება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში. მესმის, რასაც მეკითხები და მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, პირველ რიგში, და მერე ვარ მომღერალი. ერთადერთი ზღვაზე წასვლა შეიძლება იმიტომ გინდოდეს უცხოეთში, რომ გარანტირებული მზე გაქვს, აქ კი არ იცი, როგორი ამინდი იქნება. რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ საქართველოში დავისვენო, იმიტომ რომ ამ ბაკურიანის შემხედვარე, ისეთ რეგიონებსა და ქალაქებში მიწევს სიარული, ყოველდღე ვრწმუნდები, თუ როგორი შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს თავისი კლიმატით და სილამაზით. ყველა დროის შესაფერის ადგილებს ნახავ. ძალიან მინდა, რომ არავის უნდოდეს სხვაგან წასვლა და ყველასთვის კომფორტული იყოს აქ დასვენება, თუმცა ადეკვატური ფასები შენს ხელფასთან მიმართებით არ არის.
_ რა თქმა უნდა, არაადეკვატური ფასებია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს სეზონზე დასვენება. ნუკრი, როდესაც სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას, რა მიგაქვთ ჩემოდნით?
_ ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული ამბავი. სულ ფიქრში ვარ, თუ რა შეიძლება რომ წავიღო მოგზაურობის დროს. ბოლო წუთში შეიძლება ჩემოდნიდან ყველაფერი ამოვყარო და ისეთი რამ წავიღო, რაც არ მჭირდება. კაცმა არ იცის. ან მიმაქვს ძალიან ბევრი და მივხვდი, რომ არ მჭირდებოდა და მეორედ პირიქით, ძალიან ცოტა წავიღე და ვინანე. სულ მიკვირს, როცა დასასვენებლად მიდის ოჯახი და ყველას რომ ულაგებს დედა. ვფიქრობ, ჩემი ვერ გამიგია და სამი შვილი რომ მიჰყავთ, როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს. ერთს ხუთ-ხუთი წინდა მაინც ხომ უნდა წამოუღო, როგორ უნდა დაახარისხო ფეხსაცმელები, იმისი, იმისი… მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან მარტივად წყვეტს ყველაფერს. მაგალითად, ერთი ჯინსი აცვია და რამდენიმე მაისური მიაქვს ხოლმე. მე კიდევ წავიღებ ჯინსს, თხელ და სქელ შარვალს, უამრავ მაისურს და მოკლედ, ამ მხრივ ძალიან ბოდიალა ვარ. დავასკვენი, რომ მარტივად უნდა იფიქრო. აღარ არის ის დრო, როცა დიდი ფული უნდა ხარჯო ტანსაცმელში და რაღაც გამოფენა მოაწყო. მთავარია, იყო მოწესრიგებული და თავისუფალი, სადა სტილი უნდა შეარჩიო. არ უნდა უყურო იმას, თუ რა აცვია სხვას. პირიქით, ცხოვრება უნდა გავიმარტივოთ. ჩემთვის ტანსაცმლის ჩაწყობა და წასვლა არის ტანჯვა. ვიღაცას ვეუბნები, მომეხმარე-მეთქი. მარტო სიმღერაში ვარ ცოტა დაწყობილი, დანარჩენში აბდაუბდა ვარ.
_ მოგზაურობის დროს შოპინგებზე სიარული გიყვართ?
_ როგორ არა, მიყვარს და ძალიან მახარებს ეგ პროცესი, მაგრამ ზოგი ხომ არის, რაღაცას ყიდულობს და მაინც ერთი და იგივე აცვია, მასე ვარ მეც. გარდერობი სავსე მაქვს, მაგრამ ისევ იგივე მაცვია, ბევრ სამოსს ვასაჩუქრებ კიდეც.
_ სამოსის ამოჩემება გყვარებიათ…
_ ძალიან. მაცვია ის, რაც ჩემთვის მოსახერხებელია. ცოტა წონა რომ დავიკლო, ყველაფერი მომიხდება, მაგრამ ახლაც ნაზუქებს მივირთმევ.
_ არ მითხრათ, წონას ვუჩივიო?
_ ვაიმე, როგორ არა. ადრე ძალიან გამხდარი ვიყავი და ახლა მოვიმატე.
_ არ აკონტროლებთ რაციონს, თუ ტკბილეული გიყვართ?
_ სუსნაობა მიყვარს, ვგიჟდები ტკბილზე და ეს მასუქებს, თორემ გახდომას რა უნდა, მთავარია სურვილი და როგორც ჩანს, მხოლოდ სიმღერის სურვილი მაქვს და არა გახდომის. ასე აღმოჩნდა.
_ მოკლედ, ბევრი სიახლე გქონიათ. მუსიკალური ხელმძღვანელიც გყოლიათ, რომელიც, როგორც მივხვდი, ყველაფერს გიგეგმავთ. უფრო დაწვრლებით მოგვიყევით თქვენი სიახლეების შესახებ.
_ ძირითადად თავმოუბმელი ვარ, ამიტომ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც იქნებოდა არა მარტო მუსიკალური ხელმძღვანელი, არამედ მენეჯერიც, რომელიც გეტყოდა, რომ ახლა აქ უნდა იყო, ახლა _ იქ. თუ მეტყვის, რომ დღეს თბილისში უნდა გაჩნდე, იმიტომ რომ ჩაწერა მაქვს, აუცილებლად ყველაფერს გადავდებ და თბილისში ჩავალ. ასე რომ, ბუკა ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცას განკარგავს. სწორედ ასეთი თითის დამქნევი მჭირდებოდა, რადგან თავმოუბმელი ვარ. მე მხოლოდ მუსიკაზე ვფიქრობ, რა იქნება, როგორი გამოვა, სულ ახლის ძიებაში ვარ და სხვა საორგანიზაციო საქმეებში ვერ ვერკვევი. ახლა ვიწყებთ დისკზე მუშაობას.
_ ალბომის გამოშვებას აპირებთ?
_ დიახ. უკვე ორი სიმღერა ჩავწერეთ და ასე ნელ-ნელა მივყვებით. წესით, გაზაფხულამდე დისკი უნდა გამოვუშვათ. ჩემი ძველი სიმღერების დაბრუნებას ვიწყებთ, რომელიც იქნება სრულიად განსხვავებული, ახლებურად აჟღერებული.
_ საკმაოდ აქტიური და დატვირთული ზაფხული გქონიათ. ალბომში რამდენი სიმღერა უნდა შევიდეს?
_ შენ წარმოიდგინე, 9 სიმღერა, 10-იც კი არ შედის.
_ რატომ, როგორც წესი, ალბომში სიმღერების რაოდენობას ამრგვალებენ ხოლმე.
_ იმიტომ, რომ სიმღერა „ჩემო იმერეთოს“ ახლებურ ვერსიას ვაკეთებ, რომელიც მე ვიმღერე და რომლითაც გავხდი ცნობილი. ალბომში შევა სამი ქალაქური, ანუ თბილისური ფოლკლორი, სამი სიმღერა დაეთმობა საქართველოს კუთხეებს და სამი იქნება ჩემი ჰიტები, რომელიც კარგად იცის საზოგადოებამ. ძალიან საინტერესო გამოდის.
_ მუსიკალური სტილი ხომ არ შეიცვალეთ? როგორც ვიცი, ბენდთან ერთდ დაიწყეთ აქტიური მუშაობა და სხვა სტილისტიკით მღერით ყველაფერს.
_ კი, კი, აქ უკვე ყველაფერი ცოცხალ ბენდთან ერთად სრულდება და ძალიან საინტერესოა. ჯერ მცირე შემადგენლობით ვართ, თუმცა შემდგომში დაემატება სიმფონიურები, ხმიანი საკრავები, ჩასაბერები და სხვა უამრავი რამ. რაც შეეხება სტილს, რა გითხრა… სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვანაირი ვარ და ვიქნები, რადგან ბევრნაირი სტილის სიმღერას ვასრულებ. იქნება ქალაქური, კლასიკური ქართული სიმღერები და იქნება სიმღერები, რომლებზეც კიდევ ვფიქრობთ… შეიძლება რამდენიმე სიმღერაში ჯაზის ელემენტები შევიტანოთ, მაგრამ ქართული. ანუ მე ჯაზის მომღერალი არ ვარ. ძალიან მჯერა ბუკასი, რადგან სწორად გათვალა და გააკეთა ყელაფერი. ახლა მარიკა კვალიაშვილის სიმღერაზე ვმუშაობ. ბუკამ, იცის თუ როგორი ფრთხილი და მფრთხალი ვარ. ის დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. ბუკა მეუბნება, ახლა გაზაფხულზე სოლო კონცერტის დროაო. ისე დაბეჯითებით გეუბნება, რომ წინააღმდეობას ვერ ვუწევ, მკაცრია, რაა.
_ ალბომს რას არქმევთ?
_ წინასწარ არ ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, ალბომს ერქმევა „სამი პერიოდი“, რომელსაც თავისი ახსნა აქვს. ჩემი სამი პერიოდი, სამი დრო, სამი სიმღერა ერთ პერიოდს ეკუთვნის, მეორე სამი სიმღერა და მომდევნო სამი სიმღერა _ მესამე პერიოდს ეკუთვნის. ამ სამ პერიოდში შექმნილი სიმღერები შევა სწორედ ამ ალბომში.

გიორგი საკარული