პოლონეთში მშენებლობაზე 27 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა

უბედური შემთხვევა 2019 წლის 18 ივნისს პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა…
27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი პოლონეთში რვა თვის წინ წავიდა საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, რათა ოჯახისთვის და საკუთარი მომავლისთვის ელემენტარული პირობები შეექმნა. სამშენებლო სამუშაოს დროს ბუხულეიშვილი ხარაჩოდან გადმოვარდა და ხერხემალი მძიმედ დაიზიანა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც მძიმეა და იგი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.

„ქრონიკა+“ საქართველოს დაშავებულ მოქალაქეს პოლონეთში დაუკავშირდა და მისი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა:

_ საქართველოში სამუშაო პირობები არ მქონდა და გადაწყვეტილება მივიღე, სხვა ქვეყანაში წავსულიყავი სამუშაოდ. ჩემს ქვეყანაში რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ელემენტარული პირობების შექმნა და ცხოვრება. ჩემსავით ბევრი ქართველია სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი.
_ ალექსანდრე, თუ შეგიძლია, რომ გაიხსენო, რა მოხდა 18 ივნისს?
_ ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობა შენდებოდა პოლონეთის ერთ-ერთი სოფლის ცენტრში. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდი. მუშაობა დილით დავიწყეთ და საღამოს ხუთ საათამდე გავაგრძელეთ. უკვე უნდა დაგვესრულებინა სამუშაო, რამდენიმე დეტალი იყო დარჩენილი და სახურავზე ასვლა მომიწია ე. წ. ხარაჩოს გამოყენებით. ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, სამწუხაროდ, ხარაჩო, როგორ წესი, არ იყო გამაგრებული და უბედურებაც მოხდა. როცა სიმაღლეზე ავედი, ხარაჩომ წონასწორობა დაკარგა, ჩამოვვარდი და ხერხემალი მძიმედ დამიზიანდა.
_ დღეს რა მდგომარეობა გაქვს, როგორც ვიცი, ოპერაცია იმავე დღეს ჩაგიტარდა?!
_ ისევ ვაგრძელებ მკურნალობას. რაც ოპერაცია ჩამიტარდა, ორი კვირა გავიდა. ახლა სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გადამიყვანონ, მანამდე კი ნაკერები უნდა მომიშუშდეს.
_ დამქირავებელ კომპანიას რამდენად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და მათი მხრიდან რაიმე ტიპის დახმარება ან კომპენსაცია თუ გამოგეყო?
_ პასუხისმგებლობა რამდენად აქვს აღებული, ამაზე დაწვრილებით არ შემიძლია საუბარი, რადგან ყველაფერი განხილვის პროცესშია. მეგობრების დახმარებით ადვოკატები ავიყვანე და ახლა უნდა დაიწყოს საქმის წარმოება. დამსაქმებელი კომპანია ვალდებული იყო, უზრუნველეყო უსაფრთხოების ნორმები, რაც რეალურად არ ყოფილა. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მხოლოდ იმით აიღო, რომ ოპერაცია დამიფინანსა. ეს კომპანიის მხრიდან ელემენტარულია, რადგან სერიოზული ცხოვრებისეული ტრავმა მივიღე, მოძრაობა აღარ შემიძლია და არც ის ვიცი, როდესმე გავივლი თუ არა. მძიმე მდგომარეობა მაქვს ისევ, ხერხემალი დამიზიანდა და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დიდია. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მესაჭიროება და ა. შ.
_ დღეს რა მოთხოვნები გაქვთ დამსაქმებელთან?
_ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები, გამიწიოს ყოველწლიური ფულადი დახმარება, ასევე მინდა, ჩემი ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩამოვიდეს და მისთვის მქონდეს საცხოვრებელი, რათა მთელი რეაბილიტაციის პერიოდი ერთად ვიყოთ. მოძრაობა არ შემიძლია, ძალიან მჭირდება დახმარება, ელემენტარული სადილის მომზადება, ჰიგიენის წესების დაცვა. გადაადგილება არ შემიძლია, ექიმები შანსებს ვერ მაძლევენ, რომ ისევ გავივლი, ამის ძალიან დაბალი პროცენტია.
_ საქართველოს მთავრობა რამდენად ჩართულია, რომ საკუთარი მოქალაქის უფლებები დაცული იყოს და კანონიერი მოთხოვნები შესრულდეს?
_ საელჩოდან ერთი პიროვნება მიკავშირდება ხოლმე, რომელიც ჩემს ამბავს კითხულობს. მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ჩემს ექიმს გაესაუბრა. ვერ ვიტყვი, რომ რამეში გვერდით დამიდგნენ, უბრალოდ, სამედიცინო პერსონალთან ელემენტარულ პირობებზე ისაუბრეს.
იურიდიულ საკითხებზე დახმარება ვთხოვე და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ღმერთის წყალობით, პოლონეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით და მათი დახმარებით ავიყვანე უფლებადამცველი. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქ იციან ჩემი მდგომარეობა და ყველაფერი გასაგებად მაქვს ახსნილი.
_ ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ არ გსურდათ, ოჯახის წევრებს გაეგოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ…
_ ეს ტყუილია, აზრი აღარ აქვს მათთან საუბარს, უკვე ვიცი მათი დამოკიდებულება და გვერდით დგომა, რაც არის. ფაქტობრივად, ვერაფერში დამეხმარნენ. რამდენად არიან ჩართულები, ეს არ ვიცი, ფაქტია, არაფერი გაუკეთებიათ. ელემენტარულ იურიდიულ საკითხებშიც არ დამიდგნენ გვერდით. ოჯახის წევრებმა ყველაფერი კარგად იციან, სისულელეა, რასაც ამბობენ და საერთოდ, როგორც ჩანს, არ არიან ინფორმირებული, არ აინტერესებთ! თუ ჩემს სახელმწიფოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია საკუთარი მოქალაქისთვის, მირჩევნია, პირდაპირ მითხრან. უკვე აღარ ვცდილობ მათთან დაკავშირებას… რადგან ჩვენ შევეხმიანეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საელჩოსაც, ორივე მხრიდან იყო გამოხმაურება, მაგრამ რეალურად დახმარება არ გაუწევიათ, ელემენტარული ყურადღება არ მოუქცევიათ, მხოლოდ იმის გაგება, როგორ ვარ, ეს არ არის გვერდით დგომა.
ღმერთმა ნურავინ ამყოფოს ჩემს მდგომარეობაში. აქ ბევრი ქართველი არის ჩამოსული სამუშაოდ და ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს გაჭირვებაში. ჩვენი მთავრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაიცვას. როცა საქართველოში დავბრუნდები, არ ვიცი, რა ბედი მელის, არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის. არსებობს ჯანდაცვა და არსებობს სხვა სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებული არიან, დაეხმარონ საკუთარ მოქალაქეს. ღმერთის წყალობით მხოლოდ აქ მყოფი ქართველებით მოვედი აქამდე, სხვა არავინ დამხმარებია. ქართველი ემიგრანტები რომ არა, სრულიად მარტოს ძალიან გამიჭირდებოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. აქ ფინანსებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ელემენტარულ ყურადღებაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ იჩენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკა+“-ს პოლონეთში დაშავებული მოქალაქის პრეტენზიების შესახებ განუცხადეს, რომ ალექსანდრე ბუხულეიშვილის ტრავმის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო პოლონეთში და კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია როგორც დაშავებულთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან:

„მომხდარისთანავე საქართველოს საკონსულო პოლონეთში აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში, კერძოდ, გვქონდა და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია დაშავებულთან, მის მკურნალ სამედიცინო ჯგუფთან, იმ კომპანიასთან, სადაც ეს პიროვნება მუშაობდა და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ალექსანდრეს საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან. რეალურად, ყველა მიმართულებით, რა დახმარებაც სჭირდება და რა დახმარებაც საკონსულოს შეუძლია, ვეხმარებით. იურიდიულ საკითხებშიც, იმ მიმართულებით, რაშიც საქართველოს მოქალაქის უფლებები უნდა იქნას დაცული, ჩვენი საკონსულო ნამდვილად არის ჩართული, სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ მოქალაქე ვერაფერს გააკეთებს საკონსულოს დახმარების გარეშე. რაც შეეხება ოჯახის წევრის ადგილზე ჩაყვანას, ამის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ უნდა გავარკვიო ჩვენს საკონსულოსთან. მანამდე ვიცოდით, რომ თავად დაზარალებულს არ სურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახს გაეგო. ახლა გავარკვევ, თუ რამე შეიცვალა და ადეკვატურად ვიმოქმედებთ“.

ლევან ქემოკლიძე