შოთა მალაშხია: „დღეს მსოფლიოში რუსული პასპორტით გადაადგილება სამარცხვინოა!

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში არათუ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ მსოფლიომაც ბევრი რამ გადააფასა. ყოველ შემთხვევაში, თუ 11 წლის წინ, ევროპის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტის გამოკლებით, მთელი ევროპა და აშშ ფიქრობდა, რომ კრემლთან ენის მოჩლექით საუბარი უკეთესი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ პუტინი თანამედროვე ტირანია, ტირანი, რომლის აგრესიული ვნებებიც თუ არ მოითოკა, დედამიწას ცეცხლში გახვევს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ გახდა ცნობილი: მართალია, მაშინ საფრანგეთის პირველ პირს, ნიკოლა სარკოზის, დითირამბებს ვუმღეროდით, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ახლა ამბობს, რომ აგვისტოს სისხლიანი მოვლენების დროს სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. „სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური… სარკოზის წყენა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ ის ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა, მეორე მხრივ, იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა _ ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, _ განაცხადა სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მოკლედ, როგორია რუსეთის მსოფლიო პოზიციები აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი რუსულ ოკუპაციას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე შოთა მალაშხიას ესაუბრა:

_ ბატონო შოთა, აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის პოზიციები ისევ ისეთი მყარია, როგორც 2008 წლის აგვისტოში იყო?
_ 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთმა გაბედა და საქართველოს თავს დაესხა, ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარი იყო. ამიტომ ფიქრობდა, რომ ამით და ასევე გაზით ევროპას დააშანტაჟებდა და 1000 დოლარად გაყიდდა. ამასთან, რუსეთს სხვადასხვა მაგისტრალიც ჰქონდა. შესაბამისად, პუტინმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევდა, ამ კავშირის აღდგენა საქართველოდან დაიწყო, თუმცა ამას მაშინ სათანადო ყურადღება არც აშშ-მ მიაქცია და არც _ ევროპამ.
_ ცივილიზებულმა მსოფლიომ ოფიციალური მოსკოვის აგრესიას ყური რატომ წაუყრუა? ხომ არ ეგონა, რომ კრემლი, უბრალოდ, ბაქიბუქობდა?
_ დიახ, მსოფლიოს არ ეგონა, რომ საქართველოს უკრაინის ამბები მოჰყვებოდა. ამასთან, რუსეთს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის სურვილიც გაუჩნდებოდა. არადა, თავის დროზე, საბჭოთა კავშირი სწორედ აღმოსავლეთ ევროპას აკონტროლებდა. მოკლედ, ამ თვალსაზრისით ევროპამ და აშშ-მ პირველი შეცდომა დაუშვეს.
სხვათა შორის, ზუსტად ეს პოზიცია პირადად მე, და საერთოდ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აგვისტოს ომის დროსაც გვქონდა. დღეს კი იგივეს უკვე ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც ამბობს, ანუ შეცდომა იყო, როცა 2008-ში საქართველოსა და უკრაინას მაპი არ მისცეს.
_ ისე, მაპი დღემდე არ მოუციათ. მაპის არმოცემის მიზეზი რა არის ან, თავის დროზე, რა იყო?
_ იცით, რახდება? _ ისინი ფიქრობდნენ, მოდით, რუსეთთან დათბობითი პოზიცია გვქონდეს, რის სანაცვლოდაც დაჭკვიანდება, კონტაქტზე გამოვა და აგრესიას არ განავითარებსო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამ მივიღეთ, ანუ რუსეთი კი არ დაჭკვიანდა, საქართველოს შემდეგ აგრესია, როგორც აღვნიშნეთ, უკრაინაში გააგრძელა. მეტიც, რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში, ასევე ბრექსიტში ჩაერია. აქედან გამომდინარე, რუსეთი ყველასთვის საფრთხობელა გახდა, თუმცა რუსეთში მის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა _ რუს ხალხს.
ისე, სიტყვამ მოიტანა და ისეთი რუსებიც არიან, რომლებიც ამბობენ, საქართველოსთან ომი შეცდომა იყოო. სხვათა შორის, ასეთი განწყობის რუსები ცარისტული რუსეთის დროსაც არსებობდნენ, მაგრამ ეს ადამიანები რუსეთში პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან.
ერთი სიტყვით, დღეს პუტინის რუსეთის მიმართ მთელ მსოფლიოს უკვე ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. დიახ, პუტინის რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად აგებს პასუხს!
_ ანუ იმედოვნებთ, რომ პუტინი ოდესმე დაისჯება?
_ დიახ, პუტინი და, მისი სახით, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება!
სხვათა შორის, დასკვნაში, რომელიც მილერის კომისიაში ყველამ ნახა, პირდაპირ წერია, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ერეოდა, თუმცა ვერ დადგინდა, _ ვის სასარგებლოდ. ზოგადად, რუსეთს არ აინტერესებს, ვინმეს სასარგებლოდ ჩაერიოს. მისი მიზანი, უბრალოდ, არეულობა და ინგლისში, აშშ-სა თუ გერმანიაში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაა, მაგრამ დასავლური დემოკრატიის მყარი ინსტიტუტები ამ შეტევას უძლებენ. საქართველო, უკრაინა და თუნდაც მოლდოვა ვერ გაუძლებს, რადგან ამ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტები ან არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ მყიფეა!
_ ე. ი., ბატონო შოთა, თქვენი საუბრიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ აგვისტოს ომი, გარკვეულწილად, ცივილიზებული მსოფლიოს კისერზეა, რადგან კრემლის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა, არა?
_ რა თქმა უნდა, ასეა და დღეს უკვე ყველა ღიად ამბობს, 2008-ში არ უნდა წაგვეყრუებინაო. იმას არ ვამბობ, რომ აგვისტოს ომის დროს მსოფლიომ დახმარება არ გაგვიწია. კი ბატონო, გვერდით დაგვიდგა, მაგრამ რუსეთის აგრესიაზე პასუხი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
_ სიმკაცრეში რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, მსოფლიოს სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ ასე არ მოხდა და ამას უკრაინის აგრესია მოჰყვა, ანუ რუსეთი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც, თავის დროზე, ოლიმპიადის წინ ჰიტლერი მოიქცა _ ებრაელების გენოციდი მოაწყო. მსოფლიოს მიუნხენის გარიგება უკვე გავლილ-ნანახი ჰქონდა და ამიტომ იგივე არ უნდა გაეკეთებინა.
_ სხვათა შორის, ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზიზე, განაცხადა, აგვისტოს ომის დროს ნამდვილი ჯამბაზივით იქცეოდაო. აგვისტოს ხუთდღიან ომში სარკოზის უარყოფითი როლი იკვეთება, ბატონო შოთა?
_ ამ პროცესებში უშუალოდ არ ვმონაწილეობდი და არც ნიუანსებში ვერკვევი, მაგრამ ფაქტებით ვიმსჯელოთ.
_ კეთილი, ვიმსჯელოთ.
_ იმ ხელშეკრულებაში, რომელიც სარკოზიმ ჩამოიტანა, ნათქვამი იყო, რომ მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ ამაზე საქართველოს პრეზიდენტისგან მკაცრი პასუხი მიიღო, ანუ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია და სტატუსი არ განიხილებაო. ამის გამო სარკოზიმ ეს პოზიცია, ჩვენი სიმკაცრისა და ამერიკელების დახმარებიდან გამომდინარე, შეცვალა.
_ სააკაშვილის იმ მოსაზრებას თუ იზიარებთ, რომ სარკოზიმ აგვისტოს ომი რუსეთს „მისტრალში“ გაუცვალა?
_ არ ვიცი, ვინ რა რაში და როგორ გაცვალა. როგორც გითხარით, ნიუანსებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთი ვიცი: სარკოზის მყარი პოზიცია არ ჰქონდა და საკუთარი პოლიტიკური მომენტის წამოწევა უფრო აინტერესებდა, ვიდრე _ საქართველოს ბედი.
პირდაპირ ვამბობ: საქართველოს ბედი კაჩინსკის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტებს აინტერესებდათ _ ზუსტად იმ დროს, როცა სარკოზი შენობაში იმყოფებოდა, ამ ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე იდგა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა! მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ოკუპაცია რასაც ნიშნავს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პოლონეთს კატინის ტყის ამბები აქვს გადატანილი, უკრაინას _ გალადამორი, ბატიისპირეთს კი _ სამგზის, ანუ ორი საბჭოთა და ერთიც ფაშისტური ოკუპაცია.
სხვათა შორის, კაჩინსკი სწორედ საქართველოს დაცვას და, ზოგადად, ამ მიდგომას გადაჰყვა _ დარწმუნებული ვარ, რომ მისი თვითმფრინავი ააფეთქეს!
_ ერთი სიტყვით, აგვისტოს ომმა რუსეთი, როგორც მსოფლიო პოლიტიკის მოთამაშე, გააძლიერა, მაგრამ ამ პოზიციების შენარჩუნებას კრემლი დიდხანს შეძლებს?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ აგვისტოს ომმა რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში გააძლიერა. საერთოდ, სიტუაციის არევას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. დიდი ძალისხმევა არეულის დალაგებას სჭირდება.
_ ეს რა შუაშია?
_ რუსეთმა ვერაფერი დაალაგა, პირიქით, სიტუაცია უკრაინაშიც არია და ე. წ. აღმოსავლეთ სლავიანური ერთობა _ უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი _ აღარასოდეს იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინამ მსხვერპლი გაიღო და, დღეს თუ არა ხვალ, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდება. დიახ, ამ საომარმა მოქმედებებმა უკრაინას დაანახა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თეორიული შანსიც არ არსებობს!
ერთი სიტყვით, კრემლს უკრაინაშიც პრობლემები აქვს და _ საქართველოშიც. ამასთან, რუსეთს პრობლემები სირიასა და შუა აზიაშიც აქვს, მაგრამ იმხელა რესურსი, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, ნამდვილად არ გააჩნია, მით უმეტეს, ახლა, რაც აშშ-სთან ურთიერთობაში ხდება _ სანქციები ძლიერდება, ამას, ცხადია, რუსეთის სრული ეკონომიკური კრახი მოყვება.
სხვათა შორის, ყურადღება თუ მიაქციეთ, კრემლი ციმბირში ცეცხლს ვერ აქრობს და ამით გაირკვა, რომ მითი, თითქოს დიდი სამხედრო მიღწევები აქვს, სრული ბლეფია!
_ ბატონო შოთა, იმას ამბობთ, რომ შავ დღეში თავად „ჩრდილოეთური დერჟავაა“ და სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს?
_ დიახ, ასეა, მაგრამ სიტუაციიდან გამოსაძრომად კრემლი, პრაქტიკულად, ვერაფერს აკეთებს, რადგან უამრავი პრობლემა აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველა ის მაგისტრალი, რომლის, ასე ვთქვათ, გასვლის იმედი რუსეთს 2008-ში ჰქონდა, თანდათან იბლოკება. ამას ემატება უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება _ პოროშენკოც ანტირუსი იყო და ზელენსკიც ანტირუსია. ამ სიტუაციაში რუსეთს შანსი არ აქვს, რომ რამე თავის სასიკეთოდ შეცვალოს.
საერთოდ, რომ იცოდეთ, რუსეთის ხელისუფლება კრიმინალურ-ოლიგარქიულია, ამიტომ რეფორმებს არ ატარებს და მთლიანად ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული, მაგრამ ესეც ვერ უშველის, მით უმეტეს, ახლა, როცა მოსკოვში მასობრივი გამოსვლებია. ასეთი რამ რუსეთში დიდი ხანია, არ მომხდარა _ რუსეთის მოსახლეობამ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა რეალურად დაიწყო. ყირიმში შეჭრის დროს პუტინის რეიტინგი, ლამის, 77% იყო, ახლა კი 50-მდეა ჩამოსული. შესაბამისად, მისი ყოფილი „წარმატებები“, რა თქმა უნდა, სურათს ვეღარ შეცვლის!
_ იმედოვნებთ, რომ რუსეთში დაწყებული მასობრივი ანტიპუტინური კამპანია ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ძირს შეურყევს თუ კრემლი, ხალხის დაშინების ხარჯზე, ამ პროტესტს ჩააცხრობს?
_ პუტინს პრობლემები უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში კი არა, უკვე თავად რუსეთშიც აქვს. ჩანს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ყველაფერი მის საზიანოდ დამთავრდება!
ისე, გეკითხებით: უკრაინაში შეჭრით ან აგვისტოს ომით რუსეთის კრიმინალურ-ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ რამე მოიგო? იგივე რუს ოლიგარქებს პუტინი მაშინ მოსწონდათ, როცა მათ ფინანსურად ამაგრებდა და, ვთქვათ, იახტების ყიდვა ან თავიანთი შვილების ინგლისსა თუ აშშ-ში გაგზავნა შეეძლოთ. დღეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ოლიგარქები ამ სიკეთეებს კარგავენ და რომელიმე ოლიგარქი თუნდაც იახტას რაღაში გამოიყენებს _ სოჭიდან სოხუმში ჩავა და მეტი არაფერი!
_ ამ ამღვრეულ წყალში, როგორც იტყვიან, ჩვენთვის სასარგებლო თევზი როგორ უნდა დავიჭიროთ, ბატონო შოთა?
_ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გვქონდეს!
_ და ეს თანმიმდევრული პოლიტიკა როგორია?
_ თუ გახსოვთ, თავის დროზე, ბალტიისპირელებმა საკითხები ერთად დააყენეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოსთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო საინტერესოა, ვიდრე მაშინ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა იყო.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საკითხების ერთად დაყენება რას ნიშნავს?
_ საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. მოლოდოვასა და უკრაინაში ხელისუფლებები შეიცვალა. ახლა კი ხელისუფლება საქართველოშია შესაცვლელი. ამის შემდეგ კი ამ ტრიუმვირატმა საკითხების დაყენება უნდა დაიწყოს, რასაც აშშ-ის ცალსახა მხარდაჭერა ექნება.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს პუტინზე „აკრეფილი“ აქვთ და მათ, რა თქმა უნდა, ევროპაც დაუჭერს მხარს!
_ ბატონო შოთა, წეღან თქვით, საქართველოში რუსული ხელისუფლებააო. ის, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხდა, 2008 წლის აგვისტოშივე იყო დაგეგმილი?
_ ცალსახად, ასეა. უბრალოდ, 2008-ში ამის გაკეთება ტანკებით უნდოდათ, მაგრამ მოსახლეობამ სწორი დასკვნა გამოიტანა. 2012 წელს კი ამ მიზანს ე. წ. რბილი ძალითა და „ტროლების სისტემით“ მიაღწია.
მარტივ კითხვას ვსვამ: რუსეთი არჩევნებში ყველა ქვეყანაში ერევა, მათ შორის, აშშ-შიც და ეს დამტკიცდა. ჰოდა, საქართველოს არჩევნებში არ ერეოდა და არ ერევა?
_ ალბათ, ერევა.
_ ჰოდა, თუ ერევა, ვის სასარგებლოდ ერევა? _ იმ ე. წ. პრეზიდენტის სასარგებლოდ, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს. საერთოდ, ეს ე. წ. პრეზიდენტი ჩემთვის ლეგიტიმური არასოდეს იქნება.
რუსეთი არჩევნებში იმ ივანიშვილის სასარგებლოდ არ ერევა, რომელიც ამბობს, ცხინვალი ჩვენ დავბომბეთო? ან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სასარგებლოდ, რომელიც ამბობდა, ღალატის სანაცვლოდ წინა ხელისუფლებამ რუსეთს ორი ისტორიული რეგიონი ჩააბარაო? სხვათა შორის, პარლამენტის ეს ყოფილი თავმჯდომარე გავრილოვად გადაიქცა.
დიდი ხანია, პოლიტიკურ პროცესებს თვალს ადევნებთ და იქნებ, ერთი ფაქტი მაინც დამისახელოთ, როცა პრეზიდენტი, პრემიერი, არაფორმალური მმართველი, თბილისის მერი და, საერთოდ, მთელი მმართველი პარტია გამოდის და გიორგი გაბუნიას საქციელზე ერთ პოზიციას იჭერს? 2012 წლიდან, საქართველოს საწინააღმდეგო, ნუთუ, არაფერი მომხდარა, სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოს დასაცავად ერთიანი განცხადება რომ გაეკეთებინათ? პუტინის დედის დასაცავად კი მთელი მმართველი პოლიტიკური სპექტრი გამოენთო! ტატუნაშვილის ან ოთხოზორიას დედის დასაცავად ვინმე გამოსულა?
_ გავყვეთ ვერსიას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსულია, თუმცა ამ კონტექსტში არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა პრორუსული სპექტრი ჭრელია. შესაბამისად, უშვებთ ალბათობას, რომ კრემლმა საქართველოს სათავეში უფრო ეროვნულად შეფუთული ძალა, მაგალითად, ლევან ვასაძე მოიყვანოს ან, უფრო სწორად, შეეცადოს, რომ ის გააფეტიშონ?
_ ეს გამორიცხულია!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ხალხი ყველაფერს ხვდება! 20 ივნისის მოვლენებს ხშირად 7 ნოემბერსა და 26 მაისს ადარებენ, მაგრამ გავიხსენოთ, რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს: როდიონოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირის გენერალი იყო და იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, საქართველოში ისეთი სამხედრო ან პოლიციური ძალა ვერ მოძებნა, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს დაარბევდა! 20 ივნისს კი რუსმა, მაგრამ, სინამდვილეში, ქართველმა მინისტრმა დამოუკიდებელ საქართველოში ქართველ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავდნენ, ანუ ამბობდნენ, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რატომ ზის და რუსული ძალა არ გვინდაო, თვალები დასთხარა! ახლა ეს ხელისუფლება პრორუსი არ არის? აბა, რა არის? ამიტომაც 20 ივნისი 9 აპრილზე უარესია და რამდენი ადამიანიც უნდა დაიჭირონ ან რა დროც უნდა გავიდეს, ეს საქმე არ „გაპრავდება“! ამ სიტუაციაში ყველა დაჭერილი ძალიან მაგარი ადამიანია და თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ მათ ადგილზე ვიყოთ! რამდენ ადამიანს დაიჭერენ?! დღეს ანტირუსული კამპანია პიკზეა, ანუ საქართველო რუსეთიდან მენტალურად უკვე გასულია და იმ ძალიან მცირე პროცენტსაც კი, რომელსაც რუსეთის მიმართ სიმპათია ჰქონდა, რცხვენია, თქვას, აი, რუსეთთან მინდაო.
დიახ, დღეს თვისობრივად სხვა საქართველოში ვცხოვრობთ და ამ საქართველოს საბჭოთა კავშირში, ანუ პუტინის რუსეთში შესვლის თეორიული შანსიც აღარ არსებობს! ამიტომ კრემლმა გინდა ვასაძე გამოუშვას, გინდა _ სხვა ვინმე. აქედან მაინც აღარაფერი გამოვა!
_ ღმერთმა ქნას, მაგრამ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც ჰგონია, რომ ევროპა ქართველობას გვართმევს.
_ მენტალური საბჭოთა სექტა, კი ბატონო, არსებობს, მაგრამ მას წონა აღარ აქვს. იმ ჩამყაყებულ მსახიობებს, პროფესორებსა და რეჟისორებს წონა აღარ აქვთ! „ჩემი „კუკარაჩა“ ნანახი გაქვს?“ _ ეს უკვე დამთავრდა! მორჩა, „კუკარაჩა“ მოკვდა!
_ „კუკარაჩა“ კი მოკვდა, მაგრამ „კუკარაჩები“ ეკლესიაში არიან, ანუ კრემლს დასაყრდენი სასულიერო პირების სახით ჰყავს. ჩვენს ქვეყანაში კი ხალხის ყველაზე მაღალი ნდობით სწორედ ეკლესია სარგებლობს.
_ დიახ, ეს რთული საკითხია, მაგრამ ეკლესიაში ძალიან ბევრი პატრიოტი მღვდელია, რომელიც უკან დახევას არ აპირებს! ამ პატრიოტი მღვდლების წინააღმდეგ ვიღაც ბანჯგვლიანები ვეღარ გაილაშქრებენ, მით უმეტეს, ვიცით, თუ რას უკეთებდნენ რუსი ეგზარქოსები საქართველოს _ გვწყევლიდნენ და საქართველოდან ოქრო-ვერცხლს იპარავდნენ! აქედან რუს ეგზარქოსებს, ოქროსა და ვერცხლის სახით, 5 მილიარდი აქვთ გატანილი!
ე. წ. საბჭოთა სექტის ზოგი წარმომადგენელი ხშირად ამბობს ხოლმე, აი, რუსმა ეგზარქოსმა რომ დაგვწყევლა, ალბათ, ღირსები ვიყავითო, მაგრამ იცით, რატომ დაგვწყევლა? _ მისი საყვარლის ქმარი ქართველმა სემინარისტმა მოკლა, ანუ რუსმა ეგზარქოსმა თავისივე უზნეო საქციელის გამო დაგვწყევლა! აი, ესაა რუსული იმპერია, რომელიც საქართველოში ვეღარ იბოგინებს! აბა, რომელიმე მღვდელი გამოვიდეს და ის, რასაც ახლა ვამბობ, უარყოს!
_ თუ კრემლი დაინახავს, რომ საქართველოს მოგუდვას რბილი ძალითაც ვერ ახერხებს, ისევ ბომბებზე ხომ არ გადავა?
_ არა, არა! რუსეთი ის „თამრო“ უკვე აღარაა! აღარც ბარელი ნავთობი ღირს 150 დოლარი და აღარც _ კუბმეტრი გაზი _ 1000 დოლარი. ამასთან, რუსეთი რვიანის სრულუფლებიანი წევრიც აღარაა და პუტინიც მსოფლიო საზოგადოებისთვის მიუღებელია! შესაბამისად, მას ახალი ომის დაწყების რესურსიც ამოწურული აქვს.
_ თუ ასეა, შეიძლება, ის დღეც დადგეს, როცა კრემლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს იტყვის, არაფერში მჭირდებაო?
_ დიახ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პრაგმატული ხელისუფლება, რომელიც რუსეთში პუტინის მერე მოვა, ცხადია, ისევ შოვინისტური იქნება, მაგრამ სწორედ ასეთ დასკვნას გააკეთებს. ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისთვის ყველა თვალსაზრისით წამგებიანია _ მოგებას ვერც ფინანსურად ნახულობს და, რა თქმა უნდა, ამ დასკვნამდე აუცილებლად მივა, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ იქნება!
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანები დახოცეს, გააუპატიურეს და ცოცხლად დამარხეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირადად მე 700 თვითმხილველი მყავს ჩაწერილი, რომელიც ყვება, ხალხს ჭაში როგორ ყრიდნენ, მამის წინ შვილს აუპატიურებდნენ და მამა ჭკუიდან შეიშალა! ყველაფერ ამის პატიება გამორიცხულია და რუსეთის იმ ხელისუფლებამ, რომელმაც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს!
_ ფიქრობთ, რომ პუტინის ხელისუფლება გასამართლდება?
_ დიახ! უკვე 21-ე საუკუნეა და თუ ადრე რაღაც პროცესების გადაწყვეტას ასი წელი სჭირდებოდა, დღეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. აი, მაგალითად, 2008-ში არავის ეგონა, რომ ეს სიტუცია მსოფლიო დონეზე რუსეთის საწინააღმდეგოდ შეტრიალდებოდა, მაგრამ 10 წელიწადში მსოფლიო შეიცვალა.
სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოში, როცა პარლამენტში სიტყვით გამოვედი, პასპორტზე მაიაკოვსკის ლექსი წავიკითხე და ვთქვი, ძალიან მალე რუსეთს საქმე ისე საზიზღრად ექნება, რომ მისი პასპორტით მსოფლიოში გადაადგილება სამარცხვინო იქნება და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე მოხდეს-მეთქი. გავაკეთე კიდეც _ ფაშისტურ და კომუნისტურ რეჟიმზე 17 დოკუმენტური ფილმი გადავიღე, რომელიც უკრაინის ტელევიზიით ოთხჯერ გავიდა და პირველივე ჩვენებაზე 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა!
_ ერთი სიტყვით, რუსული ოკუპაციის ბოლო კეთილი იქნება?
_ რა თქმა უნდა! ამ რთულ რეგიონში თავს ამდენი ხანია, ვინარჩუნებთ და, პრაქტიულად, გამორიცხულია, რომ 21-ე საუკუნეში ფეხზე ვერ დავდგეთ! ჩვენ ძალიან თვითმყოფადი ერი ვართ, კარგი ამბიციებიც გვაქვს და ყოველთვის ვახერხებთ, რომ რეგიონში პირველები ვიყოთ! სხვათა შორის, პირველად ჩვენ დავიწყეთ, რუსეთისთვის სად და როგორ გვეჩივლა. ახლა კი საერთაშორისო სასამართლოებში ამ გზით უკრაინა მიდის. მეტიც, მაშინ, როცა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ბაბუშერაში რუსებმა აეროპორტის გახსნა ვერ გაბედეს, მაგრამ შეგიძლიათ, მითხრათ, ახლა ამ კომისიის თავმჯდომარე ვინ არის?
_ ნამდვილად არ ვიცი.
_ ვერ მეტყვით, რადგან ეს კომისია სხდომებს არ ატარებს და არაფერს აკეთებს! ეს სპეციალურად ხდება, რადგან რუსეთის საწინააღმდეგო სამართლებრივი ბაზა არ მოამზადოს!

გიორგი აბაშიძე