ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ლონდონში გაიმართება

„ქრონიკა+“ გაგაცნობთ ახალგაზრდა და თვითნასწავლ მხატვარ ბაჩო გეგუჩიძეს, რომელმაც მხატვრობა საკმაოდ ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა უკვე 10 წელია, რაც მხატვრობა მისთვის პროფესიად იქცა.
ზეთის საღებავებით ძირითადად ხატავს დაგრუნტულ ტილოზე, მუყაოზე, ხეზე, ლითონსა და კედლებზეც… გატაცებულია ფოტოგრაფიით და სახლის დიზაინით, ამ განხრითაც მუშაობს და მომავალში საკუთარ ბედს მოდის ბიზნესშიც ცდის. ამბობს, რომ მის მიერ შექმნილ სამოსს აუცილებლად გამოუშვებს.

_ ბაჩო, რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?
_ ძალიან პატარა ასაკიდან, მაგრამ თავიდან, ისევე როგორც ყველა ბავშვი, რაღაცებს ვჩხაპნიდი. პროფესიით მხატვარი არ ვარ, თვითნასწავლი მხატვარი ვარ. მამაჩემს დავყავდი თავის მეგობარ მხატვართან და ჩემს მეხსიერებაში ბევრი რამ დაილექა.
_ ანუ სამხატვრო არ გაქვთ დამთავრებული?
_ არა. მამაჩემი მელომანი იყო და მუსიკამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. ბევრი ალბომი ჰქონდა და ვინილის სხვადასხვა დისკს ვუსმენდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სტომატოლოგიურზე ჩავაბარე, თუმცა ეს არ იყო ის პროფესია, რომელსაც გავყვებოდი. პარალელურად სულ ვხატავდი. მამაჩემი მიხვდა, რომ ნიჭი მაქვს და პასტელები მომიტანა. შემდეგ შავ-თეთრი ნახატები ფერებში გადავიტანე.
_ ოჯახში თქვენ გარდა ვინმე ხატავს?
_ არავინ ხატავს.
_ სამხატვროზე რატომ არ ჩააბარეთ?
_ დიდად გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ მხატვარი გამოვსულიყავი, თან უფრო ფულისკენ ვიყავი კონცენტრირებული და სხვა საქმით დაკავება ვარჩიე. სტაბილურ რაღაცებს ვეძებდი.
_ დღეს რაზე ხართ კონცენტრირებული?
_ დღეს მთლიანად ხატვაზე გადავერთე. ხატვის გარდა ბევრ რაღაცაზე ვმუშაობ, ხეც მიზიდავს და რკინაც. სულ სწავლის პროცესში ვარ. ყოველდღე ვხატავ. იყო პერიოდი, როდესაც მუზა მქონდა და ვიღაცას ვაწონებდი თავს.
_ ხატვა დღეს თქვენი შემოსავლის წყაროა?
_ ხატვა დღეს ჩემთვის ყველაფერია. ორი წელი ყაზბეგში ვმოღვაწეობდი, სადაც რესტორნის სამი სართული მოვხატე. ძირითადად შეკვეთებზე ვმუშაობ, მაგრამ ამ დროსაც მაინც ჩემს სტილში ვხატავ.
_ არის გარემო, სადაც კომფორტულად ხატავთ ან გყავთ ვინმე კონკრეტული მუზა?
_ მაგ კითხვას ხშირად მისვამენ, მაგრამ როცა ნახატს შეკვეთის გარეშე ვიწყებ, არ ვიცი, რას ვხატავ. ძირითადად ვხატავ შთაგონებით. შეიძლება, მეტროში ჩავიდე და იქ დავინახო ისეთი რამ, რასაც შემდეგ დავხატავ.
_ თქვენი შთაგონების წყარო ვინ არის?
_ კონკრეტულად არავინ, მაგრამ დღეს შეიძლება ქუჩაში გავიდე, ვიღაც გოგო მომეწონოს და შემდეგ ის დავხატო. მიყვარს ლამაზი ქალბატონების დახატვა, მათი სახეების.
_ პორტრეტების ხატვა გიყვართ?
_ რეალისტური პორტრეტის დახატვა არ მიყვარს. უფრო ჩემს სტილში ვხატავ ხოლმე.
_ რა ჰქვია თქვენს სტილს?
_ ჩემს სტილს უფრო აბსტრაქცია და კუბიზმი ჰქვია. მიყვარს ბევრი რამის ერთმანეთში არევა.
_ რატომ აბსტრაქცია და არა სხვა მიმართულება?
_ როცა პასტელებით დავიწყე ხატვა, თითებით მიყვარს მუშაობა, შემდეგ პასტელს სხვა რაღაცები შევურიე, მერე ზეთში გადავედი და ჩემით რაც ვისწავლე, ის გამომივიდა და ბოლოს სტილი გამოჩნდა. სულ ვცდილობ, გავაუმჯობესო. თუ ნახატი არ მომწონს, ვაგდებ. ბევრი ნახატი გადავყარე.
_ რატომ?
_ არ მომწონებია. ახლა აღარ ვყრი ხოლმე.
_ გაბრაზებისას დაგიხევიათ საკუთარი ნამუშევრები და გადაყრიათ?
_ ნახატი მაშინ გადამიგდია, როცა არ მომწონებია, თორემ რაც უფრო გაბრაზებული ან უხასიათოდ ვარ, უკეთესი ნახატი გამომდის. ჩემი ერთ-ერთი დამამშვიდებელი ხატვაა. სულ პროცესში ვარ და ყოველდღიურად ახალ ნამუშევარს ვაკეთებ. ვცდილობ, არ დავლიო, რადგან ერთი დღე უკვე ჩავარდნილი იქნება.
_ თქვენც იმ ტიპურ მხატვრებს მიეკუთვნებით, რომლებსაც თავიანთი სამყარო აქვთ?
_ პირიქით, ვიღაცა რომ მაგას მეტყვის, ვბრაზდები ხოლმე. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ.
_ რომელსაც აქვს თავისი სამყარო, ასეა?
_ ბევრი ფიქრი მიყვარს, ბევრი იდეა მაწუხებს და, ალბათ, ეს არის ჩემი სამყარო. ჩაძიება მიყვარს და როცა კარგი ნამუშევარი გამოდის, მგონია, მხატვრის ღმერთები მიდგანან გვერდით.
_ ვინმე გამორჩეული მხატვარი თუ გყავთ, რომლის შემოქმედებაც თქვენთვის მისაბაძია?
_ ასეთი არავინ მყავს. ადრე ინტერნეტში ერთ-ერთი მხატვრის ნამუშევარი ვნახე, თავში ჩამრჩა, რომელიც ძალიან მომეწონა და დღემდე მახსოვს.
_ პირველად რა დახატეთ?
_ თვიდან მამაკაცის სახეების დახატვა დავიწყე, მაგრამ მერე ვამახინჯებდი. მსიამოვნებდა სახეების ხატვა. ახლა პირიქით მჭირს, როცა მინდა, რომ კაცის სახე დავხატო, სულ ქალის სახეში გადამდის.
_ ეს როგორ?
_ უფრო სილამაზისკენ მივიწევ. ბოროტი კაცის დახატვა რომ მინდა, ლამაზი ქალის სახე გამომდის.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ რეალისტური სახეების დახატვა არ მიყვარსო. რატომ? რეალობას გაურბიხართ? ეს თქვენი ერთგვარი პროტესტი არის თუ?
_ ჩემი შინაგანი სამყარო რასაც მკარნახობს, იმას ვხატავ. ფიგურების მანიაკი ვარ. ვცდილობ, რომ სულ ახალი ფიგურები გამოვიგონო და იმ სახესაც რომ ვხატავ, მინდა, იქაც ფიგურა ჩავსვა. ზოგადად, ნახატებს ძალიან მალე ვხატავ.
_ თითო ნახატის დახატვას, დაახლოებით, რა პერიოდი უნდებით?
_ ერთ-ორ დღეში ვხატავ.
_ ბაჩო, დავაკვირდი, რომ ხატვის დროს ყურსასმენები გიკეთიათ. რას გმატებთ ამ დროს მუსიკის მოსმენა?
_ ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ და თან ვხატავ. მირჩევნია, ხატვის დროს მუსიკას ვუსმინო, ვიდრე გარე ხმაურს. თვალს რომ გავახელ, მუსიკის მოსმენით ვიწყებ დღეს და ბევრ რამეში მეხმარება. შესაბამისად, ეს ემოცია გადამაქვს ნახატში. ზოგადად, მრავალფეროვნება მიყვარს.
_ ნათქვამია, როცა გიყვარს, მაშინ ორმაგად უკეთ აკეთებ საქმესო. თქვენ შემთხვევაში როგორაა, ვინმე გიყვართ?
_ სულ შეყვარებული ვარ. ბევრი ნამუშევარი შემიქმნია. ცოლი არ მყავს, მაგრამ სულ ვიღაცა მიყვარს. ძალიან რომანტიკოსი ადამიანი ვარ. როცა ქალბატონები ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში, ყველას რაღაც გარკვეული წილი შეაქვს ჩემი პროფესიის განვითარებაში. ხშირად დღემდე ერთსა და იმავე სახეს ვხედავ. ის ჩემთვის იდეალური იყო ერთ დროს და სწორედ ამ იდეალურმა პიროვნებამ დამახატინა ქალის სახე. მე ხომ სულ სწავლის პროცესში ვარ.
_ ჩარჩოებში არ ხართ მოქცეული.
_ ჩარჩოებში ნამდვილად არ ვარ მოქცეული და არც არავის ვეჯიბრები. ყველაფერს გულით ვაკეთებ.
_ როგორც ვიცი, გერმანიაში გქონდათ გამოფენა. მოგვიყევით ამის შესახებ…
_ ჩემი მეგობარი ბერლინში ცხოვრობს და ერთ მშვენიერ დღეს მასთან ჩავედი, ჩემი ნახატები თან წავიღე, ერთ-ერთ საგამოფენო გალერეაში მივედი, ვაჩვენე ნამუშევრები და ძალიან მოეწონათ. ორი გამოფენა ჩამინიშნეს და მალევე ჩემი პერსონალური გამოფენა შედგა. რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. რაც მთავარია, დამთვალიერებელი ძალიან კმაყოფილი იყო. ახლა, 19 ოქტომბერს, ლონდონში მაქვს გამოფენა.
_ ვინ მიგიწვიათ?
_ ინგლისელი დიჯეია, რომელიც, სხვათა შორის, „ჯემ ფესტზეც“ უკრავდა და შემთხვევით წააწყდა ჩემს ნამუშევრებს. იმდენად მოეწონა, რომ ლონდონში გამოფენის გაკეთება შემომთავაზა, რაც ძალიან გამიხარდა. 15 ნახატი უკვე გავგზავნე. რაც უფრო ბევრს ვმუშაობ, ვხვდები, რომ შრომა გიფასდება.
_ მხატვრის შრომა საქართველოში დაფასებულია?
_ რაც უფრო მეტს იშრომებ, არ არსებობს, არ დაგიფასდეს. რომ ჩამოვჯდე, ბერეტი დავიხურო, ყელსახვევი გავიკეთო, ტილოსთან ვიდგე და დაველოდო, როდის გაიყიდება, ეგრე არ ვარ. ხატვას, როგორც ბიზნესს, ისე ვუყურებ.
_ კარგად ყიდით საკუთარ თავს?
_ ასე გამოდის. ნებისმიერ საქმეში ჯერ უნდა იყო ადამიანი და მერე შენი საქმე. გარდა ამისა, კარგად უნდა შეფუთო ის, რასაც აკეთებ. მხატვრობის გარდა ფოტოგრაფიაც მიტაცებს და ამ კუთხითაც ვმუშაობ, ასევე სახლის დიზაინსაც ვაკეთებ. დიზაინიდან ფული შემოვა, იმას მხატვრობას ვახმარ, მხატვრობიდან შემოსულ ფულს ფოტოგრაფიას ვახმარ და ა. შ. როცა მიზანს დაისახავ, აუცილებლად მიაღწევ. არასოდეს ჩამიქნევია ხელი.
_ რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რის მიღწევასაც ცდილობთ?
_ ცნობილი მხატვარ-დიზაინერი უნდა გავხდე, რადგან რაც უფრო ცნობადი ხარ, უფრო გაყიდვადიც ხდები. არ გამოვრიცხავ ტანსაცმლის დიზაინერობასაც. რასაც დავხატავ, იმას შევქმნი და გამოვუშვებ. ამის ამბიციებიც მაქვს.
_ საქართველოში პერსონალური გამოფენის გაკეთებას არ აპირებთ?
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ. ყაზბეგში მინდა, რომ გავაკეთო ეს გამოფენა, _ იქ, სადაც მთლიანი რესტორანი ჩემი მოხატულია. მსიამოვნებს, როდესაც უცხოელი ტურისტები მოდიან ყაზბეგში, მოსწონთ და აკვირდებიან ჩემს ნამუშევრებს, მოხატულ კედლებს…
_ დაბოლოს, როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო, როგორ დახატავდით და რა ფერებში?
_ ბევრ ფერში მყავს დანახული საქართველო. თითქოს რა პროცესებიც დღეს ხდება, მიაჩნია, რომ უნდა გამოიაროს ეს პერიოდი და მალე იმ კალაპოტში ჩადგეს, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები. ჭრელ ფერებში ვხედავ საქართველოს, სხვადასხვა ფერია, ყოველ წელს მეტი ფერი ემატება.

გიორგი საკარული