მკვდარი ბუზი საჭმელში და გაბრაზებული მიმტანი _ ქართული ტურიზმის დილემა


20 ივნისიდან მოყოლებული, ვიღაცები ვიშვიშებენ და წუწუნებენ, აი, რუსი ტურისტების ნაკადი შემცირდაო. კი ბატონო, მართლაც, არ არის სასიამოვნო, როცა ტურისტულ სეზონს პრობლემები ექმნება, მაგრამ რატომ ვაკეთებთ აქცენტს მაინცდამაინც რუს და არა _ ევროპელ და ამერიკელ ტურისტებზე? იქნებ, იმიტომ, რომ ჩრდილოთელი სტუმრები დიდად არც მომსახურებას აქცევენ ყურადღებას და მაინცდამაინც არც კომფორტზე იკლავენ თავს? სხვათა შორის, ეს მოსაზრება იმ ადამიანებში, რომლებიც ე. წ. ტურიზმის ბიზნესში არიან ჩართულები, ერთობ აქტუალურია. ამ საქმის სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ რუსი ტურისტების „ნირიახობამ“ ქართველი მასპინძლების ნაწილიც, რბილად რომ ვთქვათ, გააზარმაცა. ახლა, შესაძლოა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ იმას მოგიყვებით, რაც საკუთარი თვალით ვნახე.

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად, სიღნაღს ვესტუმრე. „სიყვარულის ქალაქი“, რასაკვირველია, აქამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ იმან, რისი მომსწრე და მნახველიც ახლა გავხდი, როგორც იტყვიან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოკლედ, ვინც ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ: იმ ტაძრის მიმდებარედ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია, კაფე „პილიგრიმი“ მდებარეობს. გარეგნულად ეს საზკვების ობიექტი „ფეშენის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ აი, მომსახურებაზე რა მოგახსენოთ.
ერთი სიტყვით, მეგობრებმა ყავა შევუკვეთეთ და ვერანდაზე დავსხედით. ყავის მოდუღებას, გაწიე-გამოწიე, სამი-ოთხი წუთი სჭირდება, მაგრამ ორჯერ სამი-ოთხი წუთი რომ გავიდა, ლოდინით შევწუხდით და მიმტან გოგონას, რომელიც კაფეს შიდა პერიმეტრში ისე იყო გამაგრებული, გეგონება, ობიექტს მტრისგან იცავსო, ვკითხეთ, _ ყავა რამდენ ხანში იქნებაო? კახელმა გოგომ ალმაცერად შემოგვხედა და შემოგვბღვირა, _ დუღდებაო.
მეტი რა გზა გვქონდა? _ ლოდინი გავაგრძელეთ და ამასობაში 35 წუთამდე გავიდა. მიმტან გოგონას ისევ შევახსენეთ, _ ყავა რამდენ ხანში იქნებაო?
_ თქვენი ყავა მზადაა! _ ავი დედამთილივით შუბლშეკრულმა შემოგვხედა.
_ მერე, სადაა, რატომ არ მოგაქვთ? _ გავუღიმეთ.
_ მე უნდა მოგიტანოთ? _ შეიცხადა მიმტანმა და ტუჩები მოპრუწა.
_ აბა, ვინ უნდა მოგვიტანოს? თქვენს კაფეში თვითმომსახურებაა? _ არ მოვეშვით.
_ არა, თვითმომსახურება არ არის.
_ მაშინ, თუ შეიძლება, ყავა მოგვიტანეთ და ანგარიშიც მოაყოლეთ.
_ ანგარიშს დახლთან გეტყვიან და ფულსაც იქ გადაიხდით, _ ცალყბად მოგვიგდო მიმტანმა.
მეტი რა გზა გვქონდა? _ დახლთან მივედით, ჩვენი გასაცოდავებული ყავა წამოვიღეთ, ანგარიშიც გავასწორეთ და იქაურობა მდუღარეგადასხმულებივით დავტოვეთ.
სხვათა შორის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მოწევა ღია სივრცეში დასაშვებია. მოგეხსენებათ, ვერანდა ღია სივრცეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღნიშნული კაფეს ვერანდის მარჯვენა მხარეს მოწევას ვინ ჩივის, ლამის სიგარეტის კოლოფის გამოჩენაც დასჯადია. აი, მარცხენა ფლიგელში კი შეგიძლიათ, „ყირაზე დადგეთ“, ოღონდ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ვინმე საფერფლეს მოგიტანთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მაგალითზე ასე მოხდა _ მაგიდაზე „ბიჩოკებით“ სავსე საფერფლე დაგვხვდა. მიმტან გოგონას მილიონჯერ ვუთხარით, _ ეგებ, მაგიდა გაწმინდოთ და საფერფლეც დაცალოთო, მაგრამ ჩვენი თხოვნა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ჰოდა, იძულებული გავხდით, ურნა მოგვეძებნა და „ბიჩოკებით“ სავსე საფერფლე თავად დაგვეცალა.
სხვათა შორის, გვერდით მაგიდასთან ინდოელი ცოლ-ქმარი იჯდა და, ჩვენი არ იყოს, ყავას ამაოდ ელოდა. გამოველაპარაკეთ.
_ დელიდან ვართო, _ გვითხრეს და დასძინეს, _ საუცხოო ქვეყანა გაქვთ, ადამიანებიც ძალიან თბილები ხართ, მაგრამო…
_ რა „მაგრამ“? _ გაგვიკვირდა.
_ აი, თქვენი სამზარეულოც ძალიან მოგვწონს, მაგრამ მომსახურების დონე მთლად მაღალი ვერ არისო.
რა უნდა გვეპასუხა? _ იძულებული გავხდით, საუბრის თემა შეგვეცვალა.
სიღნაღი საღამო ხანს დავტოვეთ. სოფელ კაკაბეთს რომ გამოვცდით, ფაცხები შევნიშნეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა, _ აქ ნამყოფი ვარ, უგემრიელეს ხინკალს აკეთებენო. ჰოდა, ბევრი აღარ გვიფიქრია და გავჩერდით.
სიმართლე გითხრათ, ხინკლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ამიტომ ჩემთვის შემწვარი ბადრიჯანი და კამეჩის მაწონი შევუკვეთე. სიღნაღისგან განსხვავებით, ფაცხის მიმტანი სულ თავზე გვევლებოდა. ნივრიანი ბადრიჯანიც უსწრაფესად მომართვა, მაგრამ რად გინდათ? _ ზეთსა და ნიორში მკვდარი ბუზი ტივტივებდა.
_ ერთი წუთით, _ ვანიშნე მიმტან დიაცს.
წამის უსწრაფესად ჩვენს მაგიდასთან გაჩნდა.
_ ხედავთ? _ მკვდარ ბუზს ვაჩვენებ.
_ დიახ, ვხედავ, _ იღიმის.
_ მერე? _ გაღიმებას არც ვცდილობ.
_ არა.
_ ეს როგორ?
_ კარგი, ახლა, კაცო, _ ღიმილიდან კისკისზე გადადის მიმტანი, _ ეტყობა, მძიმე ცხოვრება ჰქონდა და თავი მოიკლა!
_ შეიძლება, მაგრამ იქნებ, ეს ბადრიჯანი წაიღოთ და სხვა ულუფა მოიტანოთ.
_ კი ბატონო, წავიღებ, მაგრამ ორმაგის გადახდა მოგიწევთ.
_ რატომ? _ გაოცებას ვერ ვმალავ.
_ იმიტომ, რომ მეორე „პორციას“ მიკვეთავთ.
_ მეორე პორციას კი არ გიკვეთავთ, ბუზიან და ბინძურ საჭმელს გატანთ!
_ ეს რა ლაპარაკია? _ იუკადრისა მიმტანმა და დასახმარებლად მენეჯერს უხმო.
ასე იყო თუ ისე, კახურ ფაცხაში ვახშმობის სურვილი მეც დავკარგე და ჩემმა თანმხლებმა პირებმაც.
მოკლედ, ეს ორი შემთხვევა ნათელყოფს, რომ მომსახურების სფერო ჩვენში მეტ-ნაკლებად კი არა, პრინციპში, საერთოდ განუვითარებელია. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, ევროპელ-ამერიკელ ტურისტებს ეს ამბები რომ გადახდეს, როგორ განწყობაზე დადგებიან ან ზაფხულის თუ ზამთრის საქართველოში მეორედ გატარების სურვილი კიდევ გაუჩნდებათ?
კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ქართულ ტურიზმს აფერხებს _ არც მეტი, არც ნაკლები _ საპირფარეშოა, ანუ კილომეტრებს ისე გაივლით, რომ ბუნებრივ მოთხოვნილებას ვერსად დაიკმაყოფილებთ და, ბოლოს, იძულებული გახდებით, ბუნებაში „გაისეირნოთ“.
სხვათა შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებებს აქვთ გადაცემული, მაგრამ მუნიციპალიტეტების თავკაცებს, როგორც ჩანს, უტყდებათ, რომ თავიანთი ძვირფასი დრო ტუალეტების მოწყობა-მოწესრიგებაზე დახარჯონ. არადა, ნებისმიერი ტურისტი სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
ზოგადად, მხოლოდ ჩვენი კი არა, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკისთვისაც ტურიზმი, როგორც იტყვიან, ხერხემალია. ამიტომაც ტურიზმი ის ინდუსტრიაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში სტაბილურობა და უსაფრთხო გარემო განაპირობებს. ამასთან, ტურიზმი სამუშაო ადგილებსაც ქმნის, ზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, ახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ოღონდ ტურიზმი მომგებიანი მაშინაა, როცა, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ვიზიტორებს კარგ მომსახურებასაც შევთავაზებთ.
მოკლედ, ტურიზმის განვითარება მხოლოდ სურვილსა და გეგმაზე არაა დამოკიდებული. წარმატებული ტურიზმისთვის სხვა ნიუანსების დახვეწაც აუცილებელია და ამას არც უცხოელი ექსპერტები უარყოფენ. ამასთან, ამ საქმის სპეციალისტები და იგივე ინვესტორებიც, რომლებიც მზად არიან, ქართულ ტურიზმში კაპიტალი დააბანდონ, ამბობენ, რომ ეს ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპზეა.
სხვათა შორის, ამ თემაზე რამდენიმე წლის წინ „ამერიკის ხმამ“ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო:
„საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი ესბენ ემბორგი, აცხადებს, რომ მრავალმხრივი პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ ქართულ ბაზარზე შემოსვლისგან და ქართული ბიზნესებისთვის სესხის მიცემისგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტიციებს სარისკო კაპიტალში აბანდებენ, წარმატებით ართმევენ თავს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებას“.
ასე და ამგვარად, ქართული ტურიზმის უმთავრესი ნაკლი ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობაა და ამ პრობლემაზე საუბარს იმ ადამიანების ნაწილიც არ გაურბის, ვინც ტურისტულ ბიზნესშია ჩართული.
„გზები არ არის საკმარისად განვითარებული და ამ გზებზე საპირფარეშოები არ დგას. ე. წ. მასობრივმა ტურიზმმა ტრანსპორტისა და მომსახურების ხარისხი ძალიან დაწია. პირველ რიგში ისაა მოსაგვარებელი, რომ ყველა, ვინც ამ ბიზნესშია, გადამხდელი გახდეს. ძირითადად ირანიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იაფ სერვისს ირჩევენ. იაფიანი სერვისის არსებობა ცუდი არაა, მაგრამ საუბარია დაბალ ხარისხზე“, _ ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ყველაფერთან ერთად, გიდისა და მძღოლის გამიჯვნაც უნდა მოხდეს, ანუ როგორც ირკვევა, ხშირად მძღოლი, რომელსაც გაზზე გადაყვანილი, მარჯვენასაჭიანი მანქანა აქვს, ამბობს, მძღოლი კი არა, გიდი ვარო. ამის გამო კი შეიძლება, ისე მოხდეს, რომ გიდის პროფესიამ აზრი დაკარგოს, თან ტურისტმა, რომელსაც მძღოლი ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობაზე სასურველ და ამომწურავ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, საქართველოზე გული აიცრუოს და აქ დასვენების რეკომენდაცია თავის ახლობლებს აღარ მისცეს.
ეს პრობლემა, როგორც ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფოს ჩარევით უნდა გადაწყდეს:
„სახელმწიფომ გადამხდელები უნდა გაზარდოს, ანუ გაარკვიოს, გადასახადს ყველა კომპანია იხდის თუ არა და ამ სფეროში უკანონო ბიზნესიც ხომ არ არსებობს?
ამას გარდა, ოფიციალურმა სტრუქტურებმა ტრანსპორტის ხარისხსაც უნდა მიხედონ და არაპროფესიონალ მძღოლებს მაღალი ტევადობის მანქანებით კომერციული საქმიანობის უფლება აუკრძალონ.
რაც მთავარია, მისახედია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, გზები და საგზაო ნიშნებიც მოსაწესრიგებელია, რაც თბილისში ყველაზე დიდი პრობლემაა, ანუ თუ თბილისელი არ ხარ, გზას ვერ გააგნებ“.
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ქართული ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად აუცილებელია, სახელმწიფომ პროფესიულ სასწავლებლებს ხელი შეუწყოს, ანუ საუბარია გიდებისა და მძღოლების სპეციალურ მომზადებაზე:
„მძღოლი მხოლოდ მანქანის ტარებას არ ნიშნავს. სპეციალური კურსი უნდა გაიაროს მძღოლმაც და გიდმაც, რადგან მათ ტურისტებთან უშუალო შეხება აქვთ.
თბილისში ტურისტული ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ტურისტი მუზეუმში ან მსგავს დაწესებულებაში რომ მიგყავს, იქ მისვლა და მგზავრის ასვლა-ჩამოსვლა რთულია. პარკირებაზე საუბარიც ზედმეტია.
ტურისტებისთვის ტრანსპორტის მიწოდება და საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა თბილისისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ტურისტი რომ დაგყავს ქუჩებში, უბრალოდ, კეთილმოწყობილი საპირფარეშო და ხელის გადასაბანი მაინც უნდა იყოს.
რეგიონებში კი რეკრეაციული და სატრანსპორტო ზონების გამიჯვნა უნდა მოხდეს“, _ ამბობენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები.
სხვათა შორის, 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება გვამუნათებდა, აი, ანტისაოკუპაციო აქციების გამო ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და ამის უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან ტურისტების შემოსვლის შემცირებააო, მაგრამ ამ დღეებში ოფიციალური მონაცემები გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, რუსი ტურისტების რაოდენობა არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. ყოველ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას ამცნო, რომ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით გაიზარდა, ტურისტულ ვიზიტებში კი ერთპროცენტიანი ზრდაა.
საერთო ჯამში, ივლისში, ვიზიტორების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 5,8 პროცენტით გაიზარდა.
რის სანახავად ჩამოდიან საქართველოში ტურისტები? _ როგორც ირკვევა, რუს ვიზიტორებს უმეტესად ძირძველი ქართული ეკლესიები და რელიგიური ადგილები აინტერესებთ.
არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ბუნება იზიდავთ.
ისე, საზოგადოებას ემახსოვრება, რომ ტურიზმის განვითარებას კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა, ანუ კალაძე აქცენტს დედაქალაქში კულტურული ტურიზმის განვითარებაზე აკეთებდა და იმასაც ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი გახდებოდა, ტურისტულ მარშრუტებში დედაქალაქში არსებული მუზეუმები აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი.
„ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის შემოსავლის წყაროა და არა _ დოტაციური. ამიტომ ისინი ახალი მიზიდულობის წერტილად უნდა იქცნენ. ასეთი წერტილები კი თბილისში, დაახლოებით, 27-ია, აქედან 9 მუზეუმი მუნიციპალურია და დღემდე რეაბილიტაციას ელოდება“, _ აცხადებდა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების წინ, თუმცა მას შემდეგ, რაც მერი გახდა, ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თუ არა, უცნობია.
რაც შეეხება რუსეთის ტურისტულ ემბარგოს, უნდა ითქვას, რომ ტურიზმით რუსეთზე დამოკიდებულება ბოლო წლების, ასე ვთქვათ, ტრენდია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსი ტურისტებისგან ქვეყანაში გაცილებით მეტი ფული შემოდის, ვიდრე რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტისგან.
ასე, მაგალითად, 2011 წელს რუსი ტურისტების წილი მთლიან ტურიზმში 7.1% იყო, ანუ ჩრდილოეთიდან სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა. 2018 წელს კი _ 1.4 მლნ ადამიანი, ე. ი., რუსი ვიზიტორების რიცხვი 16.2%-მდე გაიზარდა.
2019 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და წილმა 18.1%-ს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში, საშუალოდ, 1326 ლარი დახარჯა, რაც 2018 წელს, დაახლოებით, 500 დოლარი იყო.
მოკლედ, ყველა რუსმა ტურისტმა, 2018 წელს საქართველოში, საერთო ჯამში, 700 მლნ დოლარამდე დახარჯა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუსი ტურისტების 70% საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით შემოდიოდა, 1% _ ზღვით, 29% კი _ საჰაერო გზით.
ეს ციფრები კი იმაზე მიანიშნებს, რომ პუტინური სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოში რუსეთიდან 250 ათასი ტურისტით ნაკლები უნდა შემოვიდეს, მთლიანი დანაკარგი კი 125 მლნ დოლარი იქნება.
მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ტურისტული ემბარგო დაგვადო, სამაგიეროდ, ცივილიზებული მსოფლიოა მოწადინებული, რომ ზაფხული საქართველში გაატაროს. ასე, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბედ რუდმა, პირდაპირ განაცხადა, საქართველოს ყველაზე საოცარი ბუნება აქვს იმ ქვეყნებიდან, სადაც ვყოფილვარო და ყველას ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
ამასთან, ელიზაბედ რუდი ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთიდან ფრენების აკრძალვასაც გამოეხმაურა და თქვა:
„იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დროს საქართველოში მოხდა, არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა გააუქმოს რუსეთმა ეს შეზღუდვა და მისცეს რუსებს საქართველოში მოგზაურობის საშუალება. მანამდე, საქართველო რჩება შესანიშნავ ლამაზ, უსაფრთხო ქვეყნად ტურისტებისთვის… თბილისი მდიდარია ღამის ცხოვრებით, ბარებით და ხალხმრავალი ადგილებით, მაგრამ პირადად მე მიყვარს ლაშქრობები, კარვით სადმე წასვლა, თხილამურები. საქართველოში შესანიშნავი სათხილამურო ადგილებია, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან იაფია, ევროპასა და აშშ-სთან შედარებით. პირობებიც არაჩვეულებრივია და უსაფრთხოა. ბოლო ჩემი გასვლა იყო ქვემო ქართლში, კლდეკარის ციხეზე. ძალიან განცალკევებული და ლამაზი ადგილია.
ასევე ვიყავი 3-დღიან ლაშქრობაზე რაჭიდან სვანეთში. ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, შავი კლდეების ტბაზე… ბევრი ქართველი მეუბნება, რომ ისეთ რამეებს ვაკეთებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ და უნდათ, რომ გააკეთონ“.
ასე და ამგვარად, საქართველო გარეთ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნით _ მოყვარეს. ჰოდა, რადგან ასეთ მდგომარეობაში ვართ, უმჯობესია, ტურიზმის ინდუსტრია მინიმალურად მაინც დავხვეწოთ და მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, იმაზეც ვიფიქროთ, რომ არ შეიძლება, უცებ გამდიდრების სურვილით, ვთქვათ, 50-თეთრიანი წყალი მამასისხლად გავყიდოთ ან აეროპორტიდან თბილისის ცენტრამდე გამოყვანაში ტურისტს 200 ლარი გამოვართვათ. ყველაფერი ეს ქართულ ტურიზმს მიწასთან გაასწორებს და, ამასთან, საქართველოც, როგორც კარგი ტურისტული პოტენციალის ქვეყანა, ვიზიტორებისთვის უინტერესო გახდება!

გიორგი აბაშიძე