გალელ ქართველებს გვარების შეცვლას აიძულებენ!

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში, 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომელიც აქამდე ქართველად მიიჩნეოდა, „ძირძველი აფხაზურ გვარი“ დაიბრუნა და აფხაზად ჩაეწერა. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ზუხბამ საზოგადოებას ამცნო, რომ ე. წ. ოფიციალური სოხუმი ყველა გალელს, ვინც „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და აფხაზურ გვარს მიიღებს, „აფხაზური მოქალაქეობითა“ და ასევე „ახალი პასპორტით“ „დაასაჩუქრებს“.

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ახალხან გალში ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭომ“ ყრილობა გამართა. ეს ორგანიზაცია მეხუთე წელია, არსებობს და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ზემოხსენებული ზუხბა ამბობს, აფხაზური გვარის დაბრუნების საკითხში დახმარების მიზნით მას 900-მდე ადამიანმა მიმართა.
ზუხბას ცნობითვე, „ძირძველი აფხაზური გვარის“ დაბრუნების სურვილს გალში მცხოვრები ის მეგრელები გამოთქვამენ, რომლებსაც აფხაზური ფესვები აქვთ, მაგრამ ბოლშევიკების დროს იძულებული გახდნენ, აფხაზური გვარები „მეგრულად“ გადაეკეთებინათ.
„ახლა კი დროა, სამართლიანობა აღდგეს და ხალხმა ძირძველი, ორიგინალური აფხაზური გვარები დაიბრუნოს“, _ ციტირებს ზუხბას სიტყვებს ოკუპირებული სოხუმის მედია, რომელიც, რასაკვირველია, კრემლის დირექტივების გამტარებელია.
„ჩვენი საბჭო დაინტერესებულია, რომ გალელები რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ აფხაზეთის ცხოვრებაში და აღიდგინონ ძველი აფხაზური გვარები. სწორედ ამ მიზნით, გალის რაიონში სკოლა-ინტერნატის გახსნაა დაგეგმილი, სადაც ბავშვები აფხაზურ ენასა და აფხაზეთის ისტორიას შეისწავლიან. საერთოდ, დღეს გალის რაიონის მოსახლეობის 95% ეთნიკური მეგრელია, თუმცა ყველამ კარგად იცის საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ. ისეთიც ბევრია, ვისაც, თავის დროზე, აფხაზური გვარის ქართულად გადაკეთება აიძულეს“, _ აცხადებენ 2014 წელს დაარსებულ „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოში“.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბჭოს წევრები „ძირძველ აფხაზურ გვარებად“ ანჩაბაძეს, აძინბაიას, აქიშბაიას, გვაძაბიას, ბუთბაიას, ინალიშვილს, ქეცბაიას, კაკუბავას, ეზუგბაიას, ყოლბაიასა და კიდევ ათზე მეტ გვარს მიიჩნევენ.
თვალნათელია, რომ ეს წმინდა რუსული სცენარია, ანუ კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ გალის ქართული მოსახლეობის ასიმილაცია მოხდეს.
შეიძლება, ზოგმა იკითხოს, ადამიანს გვარის შეცვლა ვინ და როგორ უნდა აიძულოსო, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული გალის მოსახლეობას, ასე თუ ისე, საქართველოსთან კომუნიკაცია აქვს, ის მაინც დიდი წნეხის ქვეშ ცხოვრობს _ იგივე ენგურის ხიდის მოულოდნელ ჩაკეტვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეშმაკმა უწყის, ოკუპანტებსა და ასევე სეპარატისტებს თავში რა მოუვათ და ხალხს რა ჯოჯოხეთს მოუწყობენ.
ამას გარდა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ კრემლისთვის გალის რაიონი სტრატეგიული ადგილია და შესაბამისად, ზუსტად ამით აიხსნება, რომ რამდენიმე წლის წინ, პუტინის გადაწყვეტილებით, გალში რუსული სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, ანუ 2016 წლის 21 ნოემბერს ოფიციალუმა მოსკოვმა ე. წ. ოფიციალურ სოხუმთან სპეციალური სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა, რომელსაც _ არც მეტი, არც ნაკლები _ თავად ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა, ე. ი., რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი? _ როგორც მაშინ ქართველმა სამხედრო ექსპერტებმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა თქვეს, ამ დოკუმენტით კრემლი აფხაზეთზე სრულ სამხედრო კონტროლს ოფიციალურად დაამყარებდა და, პრინციპში, ასეც მოხდა.
„ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის მიმართ აგრესიის მოსაგერიებლად (შეიარაღებული თავდასხმა) ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთ წელიწადში ქმნიან ერთობლივ საჯარისო ფორმირებას რუსეთის საჯარისო და აფხაზეთის საჯარისო შენაერთებიდან.
აგრესიის საფრთხის პერიოდში ან საომარი მოქმედებების დროს გაერთიანებული ფორმირების სარდლად ინიშნება რუსეთის ფედერაციის მიერ რუსეთის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი, ხოლო მოადგილედ _ აფხაზეთის რესპუბლიკის საჯარისო შენაერთის წარმომადგენელი.
აგრესიის (შეიარაღებული თავდასხმა) საფრთხის არსებობას, რომელიც არის საფუძველი გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნისა, ადგენს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილი ორგანო.
გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს აფხაზეთის რესპუბლიკის ჯარის მთავარსარდალს“, _ ნათქვამია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში.
„ერთ წელზე მეტია, გალის დაბალი ზონის სოფლებში საკომენდანტო რეჟიმი ისედაც მოქმედებს. ბოლო თხუთმეტი დღეა, ჩვენს სოფელში დამატებით სპეციალური საპატრულო მანქანები გამოჩნდნენ. რუსებს სხვა ტიპის ფორმები აცვიათ. ყველას გაგვიკვირდა, რადგან ადრე სხვა ფორმები ეცვათ, თუმცა მივხვდით, რომ სპეციალური ფუნქციები აკისრიათ.
ჯერჯერობით ქუჩაში გადაადგილდებიან და გვაკვირდებიან, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის“, _ ამბობდა მაშინ გალის დაბალი ზონის მოსახლეობა.
ზოგადად, გალის გარუსების ან, გნებავთ, გააფხაზების პოლიტიკას ჯერ კიდევ 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩაეყარა საფუძველი, ანუ ხუთდღიანი ომი დასრულდა თუ არა, კრემლმა გალის რაიონის მთელი ტერიტორია ე. წ. სასაზღვრო ზოლად გამოაცხადა.
2009 წელს კი იქ პირველი რუსული სამხედრო დანაყოფები შევიდნენ. მალევე გალში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა დაიწყო. პირველი სამხედრო ბაზა სოფელ ფიჩორში აშენდა, შემდეგ კი მდინარე ენგურის გასწვრივ მდებარე ხუთ სოფელში _ ოტობაიაში, ნაბაკევში, ჭუბურხინჯში, ლეკუხონასა და საბერიოში.
„აღნიშნული სამხედრო ბაზები მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ოფიცრების ნაწილი ბაზებზე ოჯახებითურთ ცხოვრობს, თითოეულ ბაზაზე ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვანაირია, ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს.
საერთო ჯამში, ამჟამად გალის რაიონში რვა სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს _ ექვსი მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზეა განლაგებული, ერთი ქალაქ გალში და ერთიც სოფელ ოქუმში“, _ იუწყებოდა რამდენიმე წლის წინ ქართული მედია.
სამხედრო ბაზების აშენების შემდეგ, კერძოდ, 2015 წელს, გალში, სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. ამ აღწერით გაირკვა, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში 17 800 ქართველი ცხოვრობს. საერთო ჯამში კი გალის რაიონში ქართველების რიცხვი 40-დან 43 ათასამდე მერყეობს.
„გალი მალე სამხედრო ქალაქად გადაკეთდება. იმ სამხედრო ბაზებით, რაც ახლა აფხაზეთში არსებობს, რუსები ისედაც ყველაფერს აკონტროლებენ. სანაპიროზე ექვსი უზარმაზარი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გააკონტროლოს… როცა რუსები შემოვიდნენ, ხშირად გვეუბნებოდნენ, აქედან წასვლაზე არასდროს არაფერს გეტყვით, მაგრამ ისეთ მძიმე პირობებს შეგიქმნით, რომ იძულებული გახდებით, აქაურობა თავადვე დატოვოთო. ასეთ რეჟიმს, ალბათ, ბევრი ვერ შეეგუება და ენგურს გაღმა გადასახლდება, _ ამბობდა სამი წლის წინ გალის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი და დასძენდა, _ ყველაფერი მკაცრდება და საქმე იქითკენ მიდის, რომ ამით აფხაზეთის ტერიტორიის ანექსია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. შესაძლებელია, სულ მალე აფხაზეთის ყირიმიზაცია მივიღოთ და ამით აფხაზეთი რუსეთს შეუერთდება.
ჩვენ აქ არაფერს გვეკითხებიან, რადგანაც აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქის ფუნქცია გვაქვს. არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც არ გვაძლევენ.
ისე, პირადად ჩემთვის, გაუგებარია, ეს სამხედრო ბაზები რისთვის შენდება, ან საზღვარი ვისგან უნდა დაიცვან? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუდაუთაში საბჭოთა კავშირისდროინდელი „ბომბორას სამხედრო ბაზა“ არსებობს, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 4 ათასი სამხედროა. ამ რუს ჯარისკაცებს მდინარე ენგურიდან 130 კმ-მდე აშორებს. პლუს ამას ენგურის საზღვარს მთლიანად ФСБ აკონტროლებს. ჰოდა, იქნებ, ვინმემ გაგვაგებინოს, დამატებითი ბაზები რაღა საჭიროა?“

გალელი ქართველის ამ რიტორიკულ კითხვას „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი პასუხობს, რომელიც გალის რაიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს:
„1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოში ვმუშაობდი და ამ ზონას _ განმუხურიდან დაწყებული კოდორის ხეობით დამთავრებული _ კარგად ვიცნობ.
მთელი ეს პერიმეტრი სულ 75 კილომეტრია, რომელსაც მაშინ ჩვენი ძალოვანი უწყებები აკონტროლებდნენ. დღეს კი ოპერატიული კონტროლი, პრაქტიკულად, მოშლილია.
გალის რაიონს მხოლოდ ზუგდიდის კი არა, წალენჯიხის სოფლებიც ესაზღვრება. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ოპერატიულ კონტროლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები თავაშვებულად იქცევიან!
საერთოდ, მას მერე, რაც დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვაზე ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, გალის რაიონის ქართული მოსახლეობა, პრაქტიკულად, რეზერვაციაში აღმოჩნდა…
აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდა გრძელდება! ეს ჰიბრიდული ომია, რომელიც 25 წელია, მიმდინარეობს და რომელიც ხან აქტიურ ფაზაშია, ხანაც _ პასიურში.
ამ ომს ზოგჯერ ეკონომიკური დივერსიის სახეც აქვს.
დიახ, ეს ჩვეულებრივი ომია, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს ევროინტეგრაციის დამუხრუჭება და ჩვენი რუსეთისკენ შეტრიალებაა!“ _ გვეუბნება ადამიანი, რომელსაც უშიშროების ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თამაშებს ზედმიწევნით კარგად იცნობს, იმასაც ამბობს, რომ გალში დაწყებული „გვარების შეცვლის კამპანია“ ე. წ. პასპორტიზაციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალში, უკვე დაფიქსირდა პრეცედენტი, როცა ე. წ. აფხაზურ პასპორტში ადგილობრივ მცხოვრებს ეროვნებად „მეგრელი“ ჩაუწერეს და ეს ამბავი სოხუმის მედიამ დიდი ზარზეიმითაც გააშუქა.
„აქამდეც მქონდა განახლებული აფხაზური პასპორტი, სადაც ეროვნებად „ქართველი“ მეწერა, მაგრამ საპასპორტო განყოფილებას მივმართე და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მოვთხოვე. ამ უწყების თანამშრომლები ჩემს მოთხოვნას გაგებით შეხვდნენ და რამდენიმეთვიანი შესაბამისი პროცედურების შემდეგ პასპორტის ეროვნების გრაფაში „მეგრელი“ ჩამიწერეს.
როდესაც ეს პასპორტი მივიღე, არა მხოლოდ ჩემმა, ჩემი წინაპრების სულებმაც გაიხარეს. ისინი ოდითგანვე ოცნებობდნენ, მეგრელებად დაწერილიყვნენ“, _ განუცხადა მაშინ რობერტ გაწერელიამ სოხუმის ტელევიზიას.
ზოგადად, გვარების შეცვლის პროცესი, რომელიც ახლა გალში მიმდინარეობს და რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება „ისტორიულ ფესვებთან დაბრუნებას“ უწოდებს, ახლა არ დაწყებულა. ამ, ასე ვთქვათ, კამპანიამ რამდენიმე წლის წინ აიღო სტარტი. კერძოდ, 2017 წლის ივლისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც აფხაზებად დარეგისტრირდებოდნენ და ამასთან, გვარსაც აფხაზურად გადაიკეთებდნენ, აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეობას მიანიჭებდა. მაშინ ეს „ინიციატივა“ გალში მცხოვრებმა ბევრმა ქართველმა მიიღო, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა.
„მართალია, ქართველი ვარ, მაგრამ მინდა თუ არა, აფხაზად უნდა დავრეგისტრირდე და გვარიც შევიცვალო, რადგან სხვა გზა და არჩევანი არ მაქვს, ანუ თუ აფაზური პასპორტი არ მექნება, ქონებას არ დამირეგისტრირებენ. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ თუ არ დავირეგისტრირე, ამ მცირედსაც წამართმევენ. ამიტომ იძულებული ვარ, აფხაზად დავეწერო და გვარიც შევიცვალო. აი, ჩემი ძმა უკვე რამდენიმე წელია, „გააფხაზდა“ იმიტომ, რომ გალის მილიციაში მუშაობდა და ასე რომ არ მოქცეულიყო, სამსახურიდან გამოაგდებდნენ.
ისე, არ მოდიან და იარაღით არ გვადგებიან, გინდა თუ არა, ქართული გვარი აფხაზურით შეიცვალეთო, მაგრამ ჯობია, იარაღი დაგვადონ, ვიდრე კუთხეში მიგვიმწყვდიონ“, _ ამბობს გალის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები.
„ეს გალის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმაა“, _ ამბობენ ექსპერტები. მათივე განმარტებით, ყველაფერ ეს რამდენიმე წლის წინ იმით დაიწყო, რომ გალის ძირძველ ქართველებს პასპორტები ჩამოართვეს და მის ნაცვლად ე. წ. ბინადრობის დოკუმენტი მისცეს.
„ამ „პასპორტის“ გარეშე გალელი ქართველები, პრინციპში, უუფლებო მოქალაქეებად იქცნენ. ამიტომ პირადად მე არ მიკვირს, რომ ხალხი იძულებულია, გვარი შეიცვალოს. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც იყო შემთხვევები, როცა ქართველები გვარს აფხაზურად იკეთებდნენ და აფხაზებად ეწერებოდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ პასპორტში აფხაზი გეწერა, მაშინ უმაღლესშიც ადვილად აბარებდი“, _ გვიყვება ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი.
ის, რომ ოკუპირებული სოხუმი ქართველების ასიმილიაციის პოლიტიკას კრემლის მითითებით ატარებს, ერთი გარემოებიდანაც ჩანს, ანუ ე. წ. აფხაზური კანონებით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. ე. ი., თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, გალში მცხოვრები ქართველი აფხაზურ პასპორტს აიღებს, ის იძულებული გახდება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას. ამ რეალობის წინაშე გალელი ქართველები მიმდინარე წლის დასაწყისში დადგნენ. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ „ორმაგი მოქალაქეობის“ პრივილეგია მხოლოდ პენსიონერებს დაუტოვა.
ისე, „ორმაგი მოქალაქეობა“ მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში იკრძალება, ანუ გალელს არ შეუძლია, „აფხაზეთის მოქალაქეობასთან“ ერთად, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდეს, თორემ თუ რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს, ამ შემთხვევაში, პრობლემა არ შეექმნება.
გვარების იძულებითი შეცვლის პარალელურად, გალელი ქართველები კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დგანან, ანუ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ისინი გალიდან გაასახლონ. მართალია, ჯერ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ რუსი სამხედროები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მრავლად არიან, ქართველებს ეუბნებოდნენ, რომ დასჯიდნენ და გადაასახლებდნენ.
ეს მუქარაც, რასაკვირველია, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
შეიძლება, პირდაპირ ამ თემასთან არ არის კავშირში, მაგრამ ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გვეუბნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზებსა და სომხებს შორის გარკვეული ბზარია გაჩენილი, რაც აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის და, ზოგადად, მთელი საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იყო.
„ჩემს ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში აფხაზებსა და სომხებს შორის გარკვეული ბზარი გაჩნდა. ამიტომ სომხეთის სასულიერო პირებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხებისთვის მიემართათ, ერთად უნდა იყოთ და თუ გაითიშებით, ამით საქართველოს წისქვილზე დაასხამთ წყალსო. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს ჩვეულებრივი სკანდალია, რადგან აღნიშნული ფაქტი სომხეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა და ჩვენ წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის აღიარებაა, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა, თან არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის კანონიკას აღიარებს.
სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძალების დოქტრინა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთვის სახიფათოა, ანუ ეს დოქტრინა შავ ზღვაზე რუსეთის გეოსტრატეგიულ და სამხედრო ინტერესს ნათლად გამოხატავს და ეს დოკუმენტი საგანგაშო მხოლოდ ჩვენთვის კი არა, უკრაინისა და ნატოსთვისაცაა, რადგან რუსეთი ღიად აცხადებს, შავ ზღვაზე გაბატონებას ვიწყებო.
საამისოდ, ყირიმის სახით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. აფხაზეთის სანაპირო დიდი ხანია, რუსეთისაა. დარჩენილია ოდესის ოლქი და მოლდოვა. უხეშად რომ ვთქვათ, რუსის ჯარი შეიძლება, აჭარაშიც შევიდეს და თქვას, ეს ჩემი გეოსტრატეგიული ინტერესიაო და მორჩა…
მოკლედ, რუსეთის საზღვაო-სამხედრო დოქტრინა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რომელსაც თავდაცვის დოქტრინა უნდა დავუპირისპიროთ, რაც არ გვაქვს. რომელი დოქტრინა, როცა სამხედრო-საზღვაო ძალებიც არ გვყავს. ძალიან მაინტერესებს, საზღვაო-სამხედრო ძალები ჩვენთვის პრიორიტეტული რატომ არ არის? თუ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვლაპარაკობთ, იმაზე რატომ არაფერს ვამბობთ, რომ საზღვაო ძალებისთვის მცურავი საშუალებებია საჭირო? ეს თემა თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული რატომ არ არის?“ _ კითხულობს ჩვენი რესპონდენტი.
ერთი სიტყვით, ყველა ზემოხსენებული ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაციის შეჯამებას თუ გავაკეთებთ, შესაძლოა, მივიდეთ დასკვნამდე, რომ ოკუპანტი რუსეთი აფხაზეთიდან წასვლას არასოდეს აპირებს. სხვათა შორის, ასეთი განცდა საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის იმ ექსპერტებს, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირა გაატარეს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეექმნათ.
2013 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში _ „აფხაზეთი: დიდი გზა შერიგებამდე“ _ ვკითხულობთ:
„2008 წლის აგვისტოს ომმა საშუალება მისცა რუსეთს, ამ ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ყოფნა გაემყარებინა. თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე 5-ათასიანი რუსული სამხედრო კონტინგენტი იმყოფება: 3,5-ათასიანი ჯარი და, პლუს, 1,5 ათასი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და მესაზღვრე.
ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობებისთვის 465 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, მათ შორის, სამუშაოებისთვის ამიერკავკასიაში უმსხვილეს აეროდრომზე _ ბომბორის სამხედრო აეროდრომზე, გუდაუთაში. რუსეთის ფედერაციამ ასევე გაარემონტა მოცულობით უფრო მცირე, თუმცა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საზღვაო პორტი ოჩამჩირეში, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 30 კილომეტრში მდებარეობს…
აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია აგებს ახალ გარნიზონებს თავისი სამხედრო ნაწილებისთვის, რუს სამხედროებს კი, რომლებიც აფხაზეთში სამხედრო სამსახურს გადიან, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ აქვთ უფლება, იქ დარჩნენ და აფხაზეთის მოქალაქეები გახდნენ. არსებობს აშკარა ნიშნები, რომ მოსკოვი აფხაზეთში დაყოვნებას განუსაზღვრელი დროით აპირებს. სოხუმის ცენტრთან ახლოს განლაგებულია კარგი, ახლად აშენებული თორმეტსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობები იმ რუსი ოფიცრებისთვისა, რომლებიც აფხაზეთში სამხედრო სამსახურს გადიან. ამას გარდა, რუსეთმა აფხაზეთში ასევე ააშენა რამდენიმე კეთილმოწყობილი სამხედრო ქალაქი _ სამხედრო დანიშნულების ობიექტი, ასევე ახალი საერთო საცხოვრებლები სამხედროებისთვის. საერთო საცხოვრებლები და საცხოვრებელი სახლები რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ასევე აგებულია გალის რაიონში, ანუ იქ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები.
ქალაქ გალის ცენტრიდან, დაახლოებით, ორ კილომეტრში წამომართულია ახალი სამხედრო ქალაქი, თანამედროვე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით რუსული გარნიზონისა და რუსი სამხედროების ოჯახის წევრებისთვის. ეს ქალაქი ზემოდან დაჰყურებს მეზობლად მდებარე ძველ ქართულ სახლებს, რომლებიც დიდი ხანია, ქართველებმა მიატოვეს და რომლებიც გაძარცვულ-გაპარტახებულია.
ეს რუსული სამხედრო ქალაქი, რომლის შიგნითაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, ხუთმეტრიანი ბეტონის კედლითაა გარშემორტყმული, რომელსაც ზემოდან მჭიდროდ შემოვლებული აქვს ეკლიანი მავთულხლართი. მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია რამდენიმე ათეული ვიდეოკამერა“.
ერთი სიტყვით, ასეთი დრამატულია ოკუპირებული გალისა და, ზოგადად, აფხაზეთის რეალობა, რეალობა, რომელიც იქ მცხოვრებ ქართველებს აიძულებს, საკუთარ გვარსა და ეროვნებაზე მხოლოდ იმიტომ თქვან უარი, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ! ყველაფერ აქედან გამომდინარე, ცალკეული პოლიტიკური წრეების ინიციატივა, რომ არ შეიძლება, რუსეთს ოკუპანტი ვეძახოთ და ჯობია, მასთან საურთიერთობოდ სახალხო დიპლომატია ავირჩიოთ, რბილად რომ ვთქვათ, ნონსენსია!
დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ამას ყველაზე კარგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები აცნობიერებენ!

გიორგი აბაშიძე