გია ჯაჯანიძე: „თუ მაია სტეფნაძე ამ ინტერვიუს წაიკითხავს მინდა, გაბრაზდეს“

სკანდალურმა და ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ სატელევიზიო სეზონი ემოციურად დაასრულა და მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.
სად და ვისთან ერთად გაატარებს ზაფხულის არდადეგებს, ჯერ არ იცის, თუმცა აპირებს, რომ შვებულების დღეები მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოს და განახლებული ძალებით დაუბრუნდეს მაყურებელს. „სხვა რაკურსის“ სატელევიზიო სეზონი ამჯერადაც დიდი რეიტინგით სარგებლობს, თუმცა გადაცემას ერთ-ერთი ძლიერი პროდიუსერი, მაია სტეფნაძე გამოაკლდა.

რა მოხდა მეგობრებს შორის? რატომ ვერ შეინარჩუნა რეიტინგულმა გადაცემამ მნიშვნელოვანი პროდიუსერი? ვინ ებრძვის გია ჯაჯანიძეს? როგორ იცავს თავს და რა არის მისი წარმატების ფორმულა?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს ცნობილმა ტელეწამყვანმა უპასუხა:

_ ბატონო გია, სეზონის ბოლო გადაცემაში მაყურებელმა განსხვავებული რაკურსით გიხილათ, იყავით გულწრფელი საკუთარი ცხოვრებისეული და ტკივილიანი ისტორიებით, ემოციებით, იტირეთ კიდევაც, თუმცა ყველაზე დიდი ინტრიგა და ხრიკი იყო ის, რომ თითქოს გია ჯაჯანიძის ბოლო გადაცემას ვუყურებდით „იმედზე“, რაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა შენი მაყურებლისთვის _ რატომ გადაწყვიტე ასეთი ფორმით დაგესრულებინა სატელევიზიო სეზონი?
_ საერთოდ, ხუთი წლის მანძილზე ტრადიცია გვქონდა, რომ სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემას ვაკეთებდით ბათუმში. მაყურებელს ვუზიარებდით ბედნიერებას, სიკეთეს, სიმღერებს და ა. შ.
ვინაიდან ტელეკომპანია „იმედში“ ბევრი ცვლილება მოხდა, პროდიუსერი წავიდა, ხელმძღვანელობა შეიცვალა, გადავწყვიტე, რაღაც ცვლილება ჩემს გადაცემაშიც შემეტანა. ბევრი არ მიფიქრია, ადრეც მქონდა ეს იდეა და ჩემს ხელმძღვანელობას გავაცანი. მოეწონათ და გადაცემის ჩაწერა დავიწყე. მინდოდა, მართლა გულწრფელი გადაცემა ყოფილიყო და ასეც მოხდა. პროდიუსერებს ვუთხარი, რომელიც კადრებიც სურდათ, ის აერჩიათ. ამ კადრებზე სპონტანურად მოვყვებოდი და ისტორიებს გავიხსენებდი. მართლაც, საკუთარ თავს სიურპრიზი მოვუწყვე, თუმცა სიურპრიზები საშინლად მაღიზიანებს. უბრალოდ, როდესაც, გადაცემის ჩაწერა დავიწყე, წინადადებიდან _ „სეზონის ბოლო გადაცემა“ _ ამოვაგდე სიტყვა „სეზონი“ და ანონსში დარჩა _ ბოლო გადაცემა.
მომეწონა, პატარა ინტრიგა დავტოვე, ხრიკი არ მითხრა _ მწყინს! ეს არ იყო ხრიკი, ეს იყო მოულოდნელი პატარა ინტრიგა. ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი მაქვს, მართლა მეგონა, რომ ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო, იმდენად გულწრფელი ვიყავი, მართლა მეგონა, ყველას და ყველაფერს ვემშვიდობებოდი.
ყველაფერი იყო ამ გადაცემაში: ცრემლი, მოგონება, ფრანგმენტები ძველი გადაცემებიდან, ტკივილები, ყველაფერმა ერთ წამში გაიარა… წარმოიდგინეთ, როდესაც ამ გადაცემის ჩასაწერად სტუდიაში შევდიოდი, პირჯვარი გადავიწერე, ეს მაშინაც არ გამიკეთებია, როდესაც სულ პირველი გადაცემა ჩავწერე.
გულში ჩამრჩა და მერე რაღაცნაირად შემეშინდა, იმდენად გულწრფელი ვიყავი, ვიფიქრე, ვაიმე, ხომ არ ვკვდები-მეთქი?! ოპერატორების გარდა არავინ იყო სტუდიაში, უცნაური შეგრძნებები მქონდა, თუმცა გადაცემის ბოლოს პირდაპირ და გასაგებად ვთქვი, რომ ეს იყო სეზონის ბოლო გადაცემა და ახალ სეზონამდე დავემშვიდობე ჩემს მაყურებელს.
_ ყოველთვის არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ დახურვას გიპირებენ. რეალურად ხომ არ ყოფილა ასეთი საუბარი?
_ მთელი გადაცემის დროს იმდენად მჯეროდა, რომ ბოლო გადაცემას ვწერდი, ხალხმა აღარ გაიგო ჩემი ბოლო წინადადება, არ უნდოდა მოესმინა, მაგრამ რატომ ვერ გაიგო, ეს აღარ ვიცი. დღემდე ფიქრობენ, რომ „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ეთერში აღარ გავა. ჯერ ანონსის გასვლის შემდეგ იყო ამბავი ატეხილი, ზარები არ წყდებოდა, მერე გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მამშვიდებდნენ, რომ აუცილებლად გავაკეთებდი ახალ გადაცემას სადმე სხვაგან, მიხსნიდნენ სიყვარულს, ზოგმა დამცინა: ჭიათურაში გახსნას ტელევიზია და იქ წავიდესო.
აღარ ვიცი ხოლმე, გული როგორ უნდა ამოვიღო, რომ ადამიანმა დამიჯეროს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავათ ჭორებისა, რაც „სხვა რაკურსი“ არსებობს, არასდროს დამდგარა საკითხი გადაცემის დახურვის შესახებ. უბრალოდ, ჭორებს აგორებდნენ, ეს ბოლო ამბავი კი მე გავაკეთე, მაგრამ სიტყვა „გადაცემა იხურება“, არ მითქვამს.
_ როგორც აღნიშნეთ, გულწრფელი გინდოდა, ყოფილიყავი. ყველაფერი თქვით ამ გადაცემაში, რისი თქმაც გსურდათ?
_ ბევრი რამე ამოვჭერი, დრო არ გვეყო. ერთ რამეს გეტყვი: არ ვიცი, შეიძლება, ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც მაკლდება, ბევრ რამეს ვეღარ ვყვები, თუმცა ჩემი ცხოვრება საოცრებებით სავსეა და ხშირად მიხდება თავის მართლება. წარმოიდგინე, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც სიტუაციებში მარტო არ ვიყო. სულ მინდა, მოწმეები მყავდეს და როცა მოწმე არსებობს, მიხარია, _ თუ რამეს ვიტყვი, ისინი დამემოწმებიან მაინც… ძალიან ბევრი სათქმელი დარჩა, რომელსაც, ალბათ, მერე, როდესაც მოვხუცდები, ჩემს წიგნში დავწერ ყველაფერს. არაფერს მოვიტყუები, რადგან სიკვდილის წინ აზრი აღარ ექნება ტყუილს. წერის პროცესში ვარ და ხანდახან ვფიქრობ, მალე დავწერო ყველაფერი, _ მეშინია, უცებ თვალები არ დავხუჭო და არ მოვკვდე.
_ სიკვდილის გეშინია?
_ არ მეშინია! ვერ ვხვდები, რატომ უნდა მეშინოდეს, ისეთი ადამიანები გარდაცვლილან. მართლა გულწრფელად მიფიქრია და მომრიდებია, როცა ვიღაც 25 წლის ბიჭი გარდაიცვლება, მომრიდებია ფიქრი და შიშიც, რადგან უცებ ახალგაზრდა ადამიანი კვდება, მე 60 წლის ვხდები და ცოცხალი ვარ. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ნეტა, მე მოვმკვდარიყავი, მაგრამ რაღაცნაირი განცდა მაქვს. ძალიან განვციდი ამქვეყნიდან ადამიანების წასვლას. ძირითადად, ვინც რჩება, ის იტანჯება ხოლმე და გადაცემაშიც ვთქვი, _ ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ არ მინდა, დედაჩემზე ადრე მოვკვდე-მეთქი. არ მინდა, დედაჩემი გამწარდეს.
რამდენჯერმე ფრენის დროს რაღაცნაირ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ და მიფიქრია: „რა კარგია, თუ ჰაერში მოვკვდები, საფლავიც არ იქნება-მეთქი“. სხვანაირად ვუყურებ _ არ ვიცი, ამ სურვილს შემისრულებენ თუ არა, მაგრამ არ მინდა საფლავი. რამე ადგილზე მოსვლა არ არის საჭირო, გულში მიტირონ, როცა ეს მოხდება.
ასეთი ფიქრები კი მაწუხებს, მაგრამ გული სულ ბედნიერი მაქვს, რადგან ეს ყველაფერი გავაცნობიერე. სიცოცხლე იმდენად მიყვარს, ტრავმები ვეღარ მეხება…
_ არ შემიძლია, არ გკითხოთ მაია სტეფნაძეზე, რომელიც თქვენი გადაცემის ხერხემალი იყო, _ პროდიუსერი, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით გედგათ და ერთად აკეთებდით რეიტინგულ შოუს. რატომ ვერ შეინარჩუნა „სხვა რაკურსმა“ და გია ჯაჯანიძემ ძლიერი პროდიუსერი?
_ ლევან, ამ თემაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ყველაფერს ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: მართლაც ერთად დავიწყეთ. გარკვეული პერიოდი, ერთი წლის მანძილზე, არც ერთი თემა ჩემი არ იყო, მაია გახლდათ ხერხემალი და მე ვიყავი სხეული. არ გამომივა ცუდად, გულწრფელი ვიქნები _ სხეულის გარეშე ხერხემალი არაფერი იქნებოდა. ჩვენ იდეალური ტანდემი ვიყავით, თავიდან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, მე ინფანტილური, ძალიან ჩუმი, არა აგრესიული, უკონფლიქტო, რომელიც ხმას არ იღებდა… და უცებ ბობოქარი მაია. ამ ორი ადამიანის დაბალანსება თავიდან ძალიან გაჭირდა, თუმცა სერიოზული კონფლიქტი არასდროს გვქონია. გვქონია, მაგრამ არ გვქონია. მე მომწონდა ის, რაც მას არ მოსწონდა და პირიქით. მაიას წასვლამდე თამამად შემიძლია ვთქვა და ყველა თანამშრომელი დამემოწმება, რომ „სხვა რაკურსში“ მაია იყო დედოფალი, ტელეფონშიც ასე მეწერა, ძალიან მიყვარდა…
_ გიყვარდა? ახლა აღარ გიყვარს? _
ძალიან მიყვარდა, არ იფიქრო, რომ ეს სიტყვა წამომცდა _ მიყვარდა! ჩვენ საათობით ვლაპარაკობდით ტელეფონზე და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
როცა ორი ადამიანი რაღაცას ქმნის, ამას მოვაყოლებ იმას, რომ მაია სტეფნაძე მუშაობდა უნივერსიტეტში, რადიოში, სააგენტოში, ინგა გრიგოლიასთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და მას ჩემამდე იცნობდა მხოლოდ გარკვეული წრე.
ძალიან მიყვარდა, თუმცა ჩემი ეს დამოკიდებულება მხოლოდ მაიას არ ეხება. რასაც ახლა ვამბობ, ჩემს ყველა ინტერვიუში მითქვამს. ყველას მინდოდა გაეგო, ვინ აკეთებდა ჩემს გადაცემას, ჟურნალისტები მოვიდოდნენ _ მაიას ვეძახდი, _ მოდი, გვერდით დამიდექი-მეთქი და ჟურნალის გარეკანზე ერთად ვიყავით. _ მაია, მოდი, კადრში მინდა გამოჩნდე-მეთქი. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ის განსაკუთრებული იყო, ორგანულად მოდიოდა ჩემგან, მინდოდა, ჩემთან ერთად ყოფილიყო ის ადამიანი და გამოჩენილიყო, ენახათ, ვინ იყო მაია სტეფნაძე! იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცი, რას ყვება მაია, არ ვიცი, ის რას ამბობს ამ ყველაფერზე, ასე მოვდიოდით ერთად და ის იყო სრული დედოფალი. ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვით: მე ვარ ჩემი გადაცემის ავტორი და წამყვანი და მე შემეძლო მაიასთვის მეთქვა: „მაია, შეიძლება, წავიდე?“ „მაია, ხვალ შეიძლება, ვერ მოვიდე?“ ანუ ჩემი უფროსი იყო, მე დავინიშნე უფროსად, იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი. თანდაყოლილი თვისება მაქვს, ეს მართლა არ მისწავლია და ახლახან მითხრეს, რომ ეს თვისება ჰქონია ორ დიდ ადამიანს, ოღონდ ტირანებს: მოგიშვებ ბოლომდე, იქამდე, რომ შეგიძლია უხეშად მეხუმრო, მაკადრო, მოგიშვებ და აბა, რას იზამ მერე და მერე? და სამი წერტილი…
_ მაია სტეფნაძე საუბრობდა, რომ „იმედიდან“ წამოსვლის მიზეზი პოლიტიკური სტატუსი იყო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი თუ?
_ მაიაზე მიყვარდას რომ ვამბობ, მწყინს… მაგრამ მაინც ასე უნდა ვთქვა. მინდა, თუ მაია სტეფნაძე ამ ინტერვიუს წაიკითხავს, გაბრაზდეს! რაც შეეხება მაიას წამოსვლას, ჩვენ თითქმის ერთი თვე არ ვლაპარკობდით, პროდიუსერების მეშვეობით ვკონტაქტობდით, რადგან კონფლიქტი მოგვივიდა. მაია ამბობდა, ეს სტუმარი მოვა, მე ვამბობდი _ ეს მინდა-მეთქი და ასე ვიყავით. დავანებოთ გადაცემას თავი, ჩვენ გადაცემის მიღმა ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ერთად ვისახავდით მიზანს, თუკი „სხვა რაკურსი“ არ იქნებოდა, რას ვიზამდით, როგორ გავაკეთებდით… ჩემს ერთ პატარა მხარესაც შევეხები: ძალიან ბევრი ადამიანი მყავს და მაიამ ეს კარგად იცის. შემიძლია გირჩიო, გითხრა, ზუსტ მისამართზე გაგაგზავნო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს. ბევრი რამე არ მომწონდა მაიასი, ისევე როგორც მას არ მოსწონდა ბევრი რამე ჩემი, თუმცა მე პრაქტიკული ადამიანი ვარ და თუ მას უნდა, სიტყვაზე, მოვიდეს პოლიტიკაში, მაშინ ის უნდა იყოს დიპლომატი და დიპლომატიურად მოიქცეს. გინდ დაიჯერეთ და გინდ _ არა, ის სტატუსი ძალიან გვიან წავიკითხე, რაზეც ამბავი ატყდა. მაია ისე დადიოდა ეთერიდან ეთერში, ჩვენ არც ვლაპარაკობდით იმ დროს ერთმანეთთან და როცა უთხრეს, რომ უნდა წახვიდე, იმ დროს რა ილაპარაკეს დირექტორთან, მართლა არ ვიცი. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რასაც ყველა დაადასტურებს: მაია ბოლოს დირექტორთან შევიდა ფლეშკით, სადაც ახალი გადაცემა იყო ჩაწერილი… მას „იმედში“ აძლევდნენ პროექტებს, ვიმეორებ, _ მაია იყო დედოფალი, მაია იყო ნომერ პირველი და ამის შემდეგ რა ლაპარაკი შედგა მათ შორის, არ ვიცი! არც ის მჯერა, არ მინდა, რომ მაიამ შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი ან იფიქრონ, ვიღაცას ხელს ვაფარებ. რაში მჭირდება ვიღაცაზე ხელის დაფარება, ჩემთვის ვცხოვრობ, რა ვქნა, ვერ მაინტერესებს სხვისი ცხოვრება და რა დიალოგი შედგა იქ, დირექტორის კაბინეტში, არ ვიცი. ჩემ გამო რომ მაიას იქიდან არავინ გაუშვებდა, ეს ფაქტია, რადგან მაიასთან სხვა პროექტებზეც იყო ლაპარაკი. მე ნამდვილ მიზეზს ვერ გეტყვით, ჩვენ არ ვსაუბრობდით თვე-ნახევარი, სანამ წავიდოდა და არც იმის მერე გვისაუბრია. არ ვიცი, იმ სტატუსში პოლიტიკური რა იყო, ვის წინააღმდეგ წავიდა… უარესებიც უთქვამთ „იმედის“ თანამშრომლებს, ეთერში ბევრი კრიტიკული მასალა გადის და არ ვიცი, მაიამ უფრო კარგად იცის, ახლა მე რომ ვიცავდე იმ დირექტორს, რომელიც უკვე აღარ მუშაობს ჩვენთან და მეშინოდეს, რომ ვაიმე, რამე საფრთხე არ შემექმნასო, არა! ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს „იმედს“, აქედან გამომდინარე, ეს ამბავი მოგიყევით ისე, როგორც არის.
_ დედოფლის გარეშე არ გაუჭირდა გია ჯაჯანიძეს და „სხვა რაკურსს“?
_ არა, არ გამიჭირდა!
_ ყოველთვის საინტერესოა სატელევიზიო ინტრიგები. ჩვენი პროფესია, უმეტესად, ამბიციურ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც უყვართ პირველობა და ა. შ.
თქვენ უამრავი მტერი გყავთ და ეს გადაცემაშიც აღნიშნეთ, რომ არავინ მოგილოცათ წარმატება, როგორ უმკლავდებით პროფესიულ შემოტევებს?
_ მომისმინე, ალბათ არიან და იცით, რატომ ვამბობ ამას? მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს უშვებს. არავის ვებრძვი, ანუ არ ვარ ჩართული ბრძოლაში, ჩემს გუნდში ინტრიგა ვერ იქნება და რატომ, გეტყვი: რაც არ გაუკეთებია არც ერთი შოუს წამყვანს, იმას ვაკეთებ. მაქვს მოთხოვნილება და ამას დამიდასტურებს უფრო დიდი წარსული სხვა სატელევიზიო გამოცდილებიდან მოყოლებული. ძალიან მინდა, რომ ყველა გამოჩნდეს კადრში. ერთი სული მაქვს, სტაჟიორი ჟურნალისტი როდის დაწერს კარგ ტექსტს და როცა ეს ხდება, ვეუბნები: გამოდი, სტენდაფი ჩაწერე, გამოჩნდი, მიდი, გამოჩნდი! დედას გეფიცებით, ეს არის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“. ჩემი ფეხები იქნება, ჯგუფი რომ არ მყავდეს, ვისთან ერთადაც ვაკეთებ ამ შოუს. ბოლომდე ვიაზრებ, _ ჩემი ჯგუფი რომ არ იყოს, „სხვა რაკურსი“ არ იქნებოდა. ყველას ვეხმარები. ჩემთან სტაჟირებაზე ერთი ადამიანი იყო, რომელსაც კარგი სამსახური შესთავაზეს და ისევ ჩვენთან დარჩა, ბოლოს შტატში ჩასვეს. ჩემს გუნდში შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ამას ვერავინ იტყვის. თანამშრომელს შემიძლია ყავა მოვუდუღო, ვიხუმრო და ა. შ.
გარედან თუ ვინმე მებრძვის, დაე მებრძოლოს… იცით, როგორ მაქვს გააზრებული „სხვა რაკურსი“? _ ჩემზე უკეთესი წამყვანები არიან და მომავალშიც იქნებიან, თუმცა მე ვარ მე!
ჰო, ვტრაბახობ, მიდი, გააკეთე უკეთესი და გამაგდე. ჩემზე სიმპათიურები არიან, ჩემზე განათლებულები არიან, ჩემზე მაგრები, ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე მდიდრებიც, ყველაფერი ჩემზე მეტი აქვთ და მაინც მე ვარ, მიდი, მებრძოლე და მერე? მომიგე და რა, თუ მომიგებ? იცით, რატომ ვარ სულ მოგებული? არასოდეს ვიბრძვი, არასოდეს ვიხლართები ინტრიგებში, და იცით, რატომ? თუ ჩემთან ვინმე მოვა და მეტყვის ვინმეზე, რომ ცუდია, იმდენჯერ ვუპასუხებ, რამდენჯერაც მეტყვის, _ თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ყოფნის…
ერთ ამბავს მოგიყვებით: ვაიმე, გუშინ ორმა დამოუკიდებელმა ძალიან ცნობილმა „სვეცკმა“ ქალმა ერთმანეთზე ზურგს უკან სულ გოიმი იძახა. ეს რომ გაიგონ, მოკვდებიან, საშინელება დაემართებათ. ხო ჩემზეც ამბობენ, გოიმური გადაცემა აქვსო, ხო, მერე რა? არის გოიმური, მერე რა გინდა? მაყურებელი მყავს, ვუყვარვარ მაყურებელს. თუ არ გიყვარვარ, არ გიყვარდე, რადგან არ შეიძლება, ყველას ყველა უყვარდეს. დამაგემოვნონ და მიხვდებიან, როგორი ვარ…
_ თქვენს გატაცებებზე მინდა გკითხოთ: ეზოთერიკა, მისტიკა, ქვები, სამკაულები, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვს. რეალურად, ეს ხომ არ გიცავთ ბოროტი ძალებისგან?
_ იცი, რას გეტყვი, ახლა ისეთ პროვოცირებას მიკეთებ და გინდა, პროვოკაციაზე წამომაგო?.. ორი პასუხი მაქვს. ორივე გითხრა?
_ მითხარით…
_ ისეთი ქვები მაქვს, რომელიც ისე მიცავს, რომ როგორც კი მტრობას დამიპირებ, საშინელება დაგემართება, საშინლად დამარცხდები! არის ერთი ქვა ლაბრატორიდი და თუ გინდა, რომ შემჭამო და მომკლა, შეიძლება საკუთარი თავი შეჭამო და მოკლა, იმდენად ძლიერია! რა თქმა უნდა, ვიყენებ ეზოთერიკას და რა თქმა უნდა, ვიცი ეს ყველაფერი. და ახლა მეორე პასუხი არის ასეთი: ქვებმა რომ რამე იცოდნენ, ვერ უყურებ, რა ხდება 21-ე საუკუნეში?! დახოცა ხალხმა ერთმანეთი. სადაც იმას ამბობენ, ჯაჯანიძე სიყვარულის წამალს აკეთებსო… მე რომ სიყვარულის წამალი მცოდნოდა, ამდენს ვეწამებოდი? ძლივს მოვედი აქამდე! იმასაც ამბობენ, ჯაჯანიძემ ჯადოების კეთება იცისო…
_ გაგიკეთებიათ ვინმესთვის ჯადო?
_ არასოდეს, კარგი, რაა. ძალიან ჯანმრთელი ადამიანი ვარ. გეტყვი, ჩემი საიდუმლოება რაშია _ როგორ გითხრა, აბა, ეს არ ითქმება, მართლა არ ითქმის! დღეს შაბათია (ინტერვიუ შაბათს ჩაიწერა, _ რედ.), დაღლილი ვიყავი, გაწამებული და როცა ვფიქრობ, ახლა დავისვენებ და ტელეფონის ზარს არ ვუპასუხებ-მეთქი, მომწერე და ავინთე, შენ გინდოდა ჩემთან ინტერვიუ. მითხარი, რომ სამშაბათის ნომერში უნდა დაიბეჭდოს და შემომთავაზე ხვალ-ზეგ ჩაგვეწერა… რა მომათმენინებდა ზეგამდე ან ზეგ, შეიძლება, სადმე წავიდე… აჰა, მოვიდა სიცოცხლე, მეც მიხარია და შენც გიხარია! განა, ინტერვიუ არ მომიცია ან არ მიმიცია სხვა ჟურნალისთვის, გაზეთისთვის, პირველია? მივხვდი, როგორი ვარ, მიყვარს ყველაფერი და ჩემი საიდუმლოება სწორედ ეს არის. ახლა ისევ გამახსენდა: ოოოო, მაიაზე როგორ ვარ გაბრაზებული, სიყვარული მაბრაზებს, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, თავის თავს დაუშავა. ყველაფერზე და ყველაზე მეტად გამიხარდება, თუკი მუშაობას დაიწყებს! იმიტომ, რომ მშრომელია, უკიდეგანოდ მშრომელი, თავდადებული… იცი, რა მგონია? _ ადამიანები ცხოვრობენ ჩვენ ირგვლივ, ოღონდ არ იციან, რომ გარდაცვლილები არიან. ცხოვრობენ, დადიან, მუშაობენ, მაგრამ არიან გარდაცვლილები, თავად ვერ ხვდებიან, მიმიხვდი? აკეთებენ საქმეს, კომუნიკაციაში არიან, მაგრამ აღარ არიან და არ იცი, როგორი სურვილი მაქვს, მიდრეკილება მაქვს, რომ ეს ადამიანები გავაცოცხლო! გამიცოცხლებია, მართლა გამიცოცხლებია და იცი, რა… ეზოთერიკაზე რომ ვლაპარაკობდით, ეზოთერიკა მართლა სერიოზული მეცნიერებაა, ოღონდ თუ შენ სიყვარული და რწმენა არ გაქვს, არ არსებობს, რამეს მიაღწიო. კი აღწევ, მაგრამ არ გინახავს ზენიტში მყოფი ადამიანი, როგორი სრიალით მოფრინავს. ქვებზე რომ მკითხე, ბოლო ჩაკრა არის იისფერი და ახლა აღმოაჩინეს მერვე ჩაკრა, რომელიც ანტენითაა შეერთებული და ამ ანტენას ეს ქვა ააქტიურებს, რომელიც მიკეთია. მე რა ვიცი, მართლა ააქტიურებს თუ არა, მაგრამ მაინც მიკეთია…
_ შესაძლებელია, თქვენი და მაია სტეფნაძის ტანდემი ისევ ვიხილოთ ახალი სეზონიდან?
_ როგორც ცა და დედამიწა არ შეერთდება, ისე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ერთდ…
_ შვებულებაში ხარ და ეს ყველაზე კარგი პერიოდია ადამიანისთვის. ჯერ არ გადაგიწვეტიათ, სად გაატარებთ არდადეგებს და ვისთან ერთად?
_ მარტო მიყვარს დასვენება და მაშინ ვისვენებ, როცა ჩემს თავთან ვარ მარტო. ნარცისი არ ვარ, მაგრამ ვგიჟდები საკუთარ თავზე. ყოველთვის ვუკეთებ მატერიალიზებას იმას, რაც მე მინდა. ყველაფერი შემისრულდა, ჩარჩოში მაქვს სურვილებიც… ჯერ არ ვიცი, სად წავალ, როგორ წავალ, თუმცა ვიცი, ხალხმრავალ ადგილზე ვერ წავალ, იმიტომ რომ ვერ და არ დამასვენებენ და ვფიქრობ, სანამ ხალხი გასული იქნება, თბილისში ვიქნები და როცა შემოვლენ თბილისში, მე გავალ და დავისვენებ.
_ რაც შეეხება „სხვა რაკურსსა“ და ახალ სატელევიზიო სეზონს, რა სიახლეს ჰპირდებით მაყურებელს?
_ სიახლეები იქნება, უფრო მეტად ისეთ სიახლეებზე გავაკეთებთ გადაცემას, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ზოგჯერ მაყურებელი მართალია, _ ამოვიდა ყელში ერთი და იგივე სახეები, მეც კი ამომივიდა უკვე ჩემი თავიც ყელში, აქედან გამომდინარე, ბევრი გადაცემა მექნება სოციალურ თემაზე, ასევე მექნება დაფარულ და მოპარულ ისტორიებზე, იქნება მისტიკა, ოღონდ სხვა კუთხით… დაღვინდა „სხვა რაკურსი“, მეექვსე წელია და უკვე სკოლაში შევიდა, აქამდე ბაღში იყო. ვეცდები, უფრო აკადემიური იყოს, მაგრამ ამ ჩემს ჩაცმულობას რა ვუყო, არ ვიცი…
_ ხომ არ აპირებ ახალი იმიჯის მორგებას?
_ რაღა უნდა შევიცვალო?! თავს თუ ამოვიდებ იღლიაში და ისე წავიყვან გადაცემას, რა უნდა შევცვალო, ყველაფერი გაკეთებული მაქვს. ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ, ოღონდ უფრო მეტი საინტერესო თემა მექნება. მაყურებელზე ორიენტირებული ვარ, მას რა აინტერესებს. ძალიან ბევრი მეუბნება, რომ პულსზე მიდევს ხელი, ვიცი, რა უნდა და რა უხარია მაყურებელს. ზუსტად ვიცი, რა უნდა მაყურებელს, რადგან სულ დავდივარ და სულ ხალხში ვარ, ადამიანები მიყვარს. დავდივარ და ჩამოვჯდები ხოლმე მაღაზიაში, ბაზარში, შევდივარ მეორადებში და ყველაფერს ვათვალიერებ. მე ვიცი ყველაფრის ფასი და ასე დავდივარ და დავბოდიალობ.

ლევან ქემოკლიძე