მთავარი ბლოგი ყარსყანა

ყარსყანა

284
0
გაზიარება

აგერ უკვე მერამდენე წელია, ხშირად გაიგონებ, ხშირად წაიკითხავ, რომ ქვეყანა კი არა, ქვე-ყანა ვართ. სხვათა შორის, ეს იმ წლების წინ, პირველად სწორედ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე დაიწერა, მაგრამ ამჯერად ამაზე არ ვწერთ. იმაზე ვწერთ, რომ ეგ ამბავი უკვე ძველია, ანუ როგორც ილარიონი იტყოდა, მაგი იანვრის გაზეთში ეწერა, ახლა კიდევ თებერვალია. ახალი ამბავი კი ისაა, რომ ეს ქვეყანა ქვეყანაც აღარაა, უკვე ყარს და, შესაბამისად, ყარსყანაა.

ღრმადმეოცნებე იკითხავს, _ მაინც, რატომ ყარსო? ყარს იმიტომ, რომ ყველა ჭაობი ყარს და ყველა ქვეყანა ჭაობია, სადაც კი დიქტატურა იკიდებს ფეხს. თან ასე იოლად და ძალდაუტანებლად.
საზოგადოდ, ეს ქვეყანა ხომ პარადოქსების დედამშობელია. აქ გავეშებულები დიქტატორს ეძახდნენ იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც არჩევნებში მარცხი პოლაროიდის სისწრაფით აღიარა და დათმო ხელისუფლება. და დიქტატურაზე კრინტს არ ძრავენ ახლა, როცა ეს ბრძენი კაცი სწორედ პოლაროიდის სისწრაფით იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს თუ აქტივისტებს.
ანუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ერთი მხრივ, იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანეიტრალებს ყველა ლიდერს, ვისგანაც კი საფრთხეს ელის და ამ დაჭერებით, დარბევებით თუ თვალების თხრით იჭერს მეორე კურდღელს _ აშინებს საზოგადოებას; მეორე მხრივ კი იმასთან, რომ საზოგადოება, მათ შორის, ოპოზიციური პარტიები თუ ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფი სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას. „სათანადოდ ვერ აფასებს“, _ რბილი ნათქვამია, თუ ჩავაზუსტებთ, უფრო მწარედ მოგვიწევს თქმა, _ ადეკვატურად ვერ აფასებენ იმ საფრთხეს!
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სამაჯური დაადო ნიკა მელიას, როდესაც დაიჭირა ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც გირაო შეუფარდეს ხაზარაძეს, როდესაც დედალივით ამოიღლიავა „რუსთავი 2“, განგაშის ზარები კი არ დაარისხა ვინმემ, პირიქით, ყველამ ერთი და იგივე ნარატივი ჩამოატარა ხაშლამასავით, _ აი, ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა, ეს დაჭერები მისი სისუსტის ნიშანია, ივანიშვილი აგონიაშია, დასასრული დაიწყო და ა. შ. და ა. შ.
დიდი ილია იტყოდა, _ აგანგალა, განგალა! დასასრული კი არ დაიწყო, ქვეყანაში დიქტატურა იწყება, ლაფი გხვდებათ, თქვენ იწმენდთ და გაიძახით, იფ, რა ჟუჟუნა წვიმააო.
თქვენი ამბავი იმას მაგონებს, ერთი კაცი მეორეს მანამ რომ ეძახდა ცვედანს, სანამ იმ მეორემ ქალიშვილი არ დაუქალა და 9 თვის თავზე ხელში ნაბიჭვარი არ აუჭყავლა. იძახეთ, _ აგონიაშია, სუსტია, დასასრული დაეწყოო და ამასობაში კი სვამს დუშაშივით იმ „რასკლადს“, რომელიც აწყობს. ანეიტრალებს ყველა ლიდერს, ვისგანაც კი საფრთხეს მოელის. აჩუმებს მედიას, აშინებს საზოგადოებას _ და საზოგადოება, ოპოზიციის ჩათვლით, ამას უთვლის სისუსტედ.
საერთოდ, საფრთხის აბუჩად აგდება „ნაციონალების“, უფრო სწორად, დღევანდელი ევსაქების შემოტანილი მოდაა. სწორედ დღევანდელმა ევსაქებმა დაამკვიდრეს შეფასება „უნიათო“ ამ ხელისუფლებასთან მიმართებით. წლები დაგვჭირდა იმის სამტკიცებლად, რომ უნიათოები კი არა, მავნებლები იყვნენ და არიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ძალიან მარტივად ვთქვათ და დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს: ამ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ თვითონ კარგს სვამენ, კარგს ჭამენ, კარგ ხელფასებს იღებენ, კარგ პრემია-დანამატებს, კორუფციაშიც კარგად ბანაობენ და სრასახლებიც კარგად წამოიჭიმეს. ქვეყანას არაფერს უკეთებენ, ხალხს არაფერს უკეთებენ და ძალაუფლებასაც გადასარევად ინარჩუნებენ. არაფერს აკეთებენ და ბუზსაც ვერავინ უფრენს და ესენი არიან უნიათოები თუ სწორედ ისინი, რომლებმაც ამათ უნიათო დაარქვა? ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოათრიეს, სახელმწიფო ააშენეს, ჯარი ჯარად შექმნეს, პატრული _ პატრულად, გზა გზას დაამსგავსეს, ქალაქები _ ქალაქებს და… და რა? 9 წლის თავზე ისეთი პანჩური მოხვდათ სახეში, ღრანჭი დღემდე ვერ გაასწორეს. ზოგი ციხეშია, ზოგი _ დევნილობაში, ზოგი _ სად და ზოგი _ სად და ესაა ნიათის ქონა?
დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს და დღეის გასაჭირს: დღესაც იგივე ხდება. დღესაც ისევ აბუჩად ვიგდებთ საფრთხეს და ვამბობთ, რომ ბიძინას ნერვებმა უმტყუნა, ბიძინა დასუსტდა, ბიძინა მთავრდება.
კი, ნამდვილად ყველა დიქტატურა საბოლოდ განწირულია და ბოლოს ფიასკო გარდაუვალია. დიახ, დროებითია, მაგრამ ეს დროებითობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰა და ჰა, ბიძინა ლირივით ატირდება ყველასგან მიტოვებული. ხშირად დიქტატურა რაღაც პერიოდი არის ინსტრუმენტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მეტიც _ გასაძლიერებლად და არავითარ შემთხვევაში არაა აპრიორი არც სისუსტე, არც დასასრულის მაუწყებელი.
საფრთხის აბუჩად აგდება და არასერიოზულად შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, ინფანტილიზმია და არაფერი აქვს საერთო გამჭრიახობასთან.
ბიძინა ივანიშვილი კი არ სუსტდება, მიზანმიმართულად, ბეჯითად და ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს. აქამდე მას არ სჭირდებოდა ეს სადამსჯელო ღონისძიებები. ჯერ ხალხს კვებავდა ოცნებებით, იმედით, მერე ჭარბი ნდობა რომ შემოაკლდა, ოცნება და იმედი ხახვ-კარტოფილით ჩაანაცვლა, ახლა ხვდება, რომ ნდობაც გამლღვალია, იმედიც _ გამქრალი, მისი რეიტინგიც _ დაძმარებული და მას არ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ უკვე სადამსჯელო ღონისძიებები და საზოგადოებაში შიში გააძლიეროს.
სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი 20 ივნისის ამბები. ხელისუფლება გვაბოლებდა, რომ ძალა გამოიყენა, რადგან საფრთხე იყო მყისიერი, რომ პარლამენტში იჭრებოდნენ და ა. შ. ამ დროს საქმეში ედოთ უწყვეტი კადრები და შემდეგ თავადვე მისცეს ნიკა მელიას, საიდანაც მშვენივრად ჩანს _ რა დროს დაიწყეს სროლა, როცა ამის არანაირი საფრთხე არ იყო. ანუ რატომ ატეხეს სროლა ცამოწმენდილზე? რატომ ისროდნენ დამიზნებით? იმიტომ ხომ არა, რომ ხალხში სწორედ შიში დაეთესათ? იმ წუთას ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ გადასარევად იცის, რომ აუცილებლად დაემუქრებოდა (და დაემუქრება) და თადარიგი დაიჭირა, პრევენციას მიმართა და ამიერიდან ყველას ეცოდინება, რომ მსგავს საპროტესტო მღელვარებაში მონაწილეობა შეიძლება თვალის ჩინად დაუჯდეს ან ციხეში გამომწყვდევად. ცხადია, ამის გამო ყველა არ დაფრთხება, მაგრამ ძალიან ბევრი დაფიქრდება, უღირს თუ არა ამ რისკზე წასვლა? სწორედ ამიტომ ესროდნენ დამიზნებით, სწორედ ამიტომ დააპატიმრეს აქციის ოცამდე მონაწილე.
დიახ, თუნდაც ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ მათი დაპატიმრება საჩვენებელი, ჭკუის სასწავლებელი ღონისძიებაა და არა კანონის აღსრულება! რა, იმ მრავალათასიან აქციაში მარტო ეს 20 კაცი იქნევდა ხელ-ფეხს? თუ ხალხი პოლიციაზე იწევდა, ეს ხალხი სულ ეს 20 კაცია?
აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი (დაჭერები და მანამ დარბევა _ თვალების თხრით) გაკეთდა არა იმწუთიერი საფრთხის გასანეიტრალებლად, არამედ იმ მომავალი საფრთხეების გასანიორწყლებლად, რომელიც ამ ხელისუფლებას ელის. გათვლა არც ისე უსაფუძვლოა. ვიმეორებ: ყველა ამით არ დაფრთხება, მაგრამ ბევრი დაფიქრდება აქციებზე წასვლის წინ _ უღირს თუ არა თავისუფლების ან თვალისჩინის დაკარგვად პროტესტის გამოხატვა?
სწორედ ამავე კონტექსტშია განსახილველი კუპრავას დასჯა მოსამართლის გინებისთვის. ოღონდ არა პროცესზე, არამედ სადღაც კაფეტერიაში. თავიდან კუპრავას დაპატიმრება ქუჩის პროცესებისგან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, ახლა კი უკვე სხვების დასაშინებელ ღონისძიებად ტრანსფორმირდა.
სრულიად სხვა შემთხვევაა ნიკა მელიას სამაჯურდება, ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვა. ივანიშვილი ცივი გონებით ანეიტრალებს ყველას, ვინც რაიმე საფრთხეს უქმნის მას. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისთვის პანაცეაა ყველას ციხეში გამოკეტვა. პირიქით, ყველამ დავინახეთ, რომ მას სულაც არ ეპიტნავება სააკაშვილი ქართულ ციხეში. პირიქით, ამაზე აბარძგვალებს, ამის პანიკურადაც კი ეშინია. ივანიშვილის ამოცანა ყველას ციხეში შეყრა კი არა, სწორედ საფრთხეების განეიტრალებაა. და ასეა 2012 წლიდან მოყოლებული. ნაწილი ციხეებში გამოამწყვდია, ნაწილი ქვეყნიდან გააქცია. მას საფრთხეს უქმნიდა სააკაშვილის არა საზოგადოდ გარეთ ყოფნა, არამედ ქვეყანაში, ხალხთან ყოფნა, სწორედ ამიტომ მისთვის სრულიად კომფორტულია და საკმარისია, სააკაშვილი არ შემოუშვას ქვეყანაში. ქვეყანაში ჩამოუსვლელად, ცხადია, შეუძლებელია რევოლუციური ტალღის აგორება. იცის ეს ჭორვილელმა დენდმა და როგორღაც იტანს სააკაშვილის ონლაინ თუ ტელეშტურმებს სხვა ქვეყნებიდან.
იგივე ხდება მელიას შემთხვევაში, თავიდან კი სურდა მისი ციხეში გამომწყვდევა, მაგრამ დაინახა რა საზოგადოების პროტესტი, მიხვდა, რომ სულაც არ უღირდა ამაზე წასვლა, რადგან არც სჭირდებოდა. მისთვის საკმარისი იყო, მელია ჩაეხსნა პროცესებიდან და ამიტომაც აუკრძალეს მას ხალხისთვის მიმართვა აქციებზე. მისთვის არც ტელევიზიით მიმართვა აუკრძალავს ვინმეს, არც სოცქსელებით. ცოცხალი კონტაქტი აუკრძალეს ხალხთან და შემდეგ ამის უზრუნველსაყოფად სამაჯურიც დაადეს და შინაც გამოკეტეს. ივანიშვილისთვის მელია საფრთხეს ქმნიდა _ ხალხთან კოტაქტით.
სხვა სიტუაციაა ოქრუაშვილის შემთხვევაში. ოქრო „ოქროს მოწმეა“ და ბევრი პიკანტური დეტალის გახსენება შეუძლია და დაიწყო კიდეც ტელეეთერებში ამის გახსენება. გარდა ამისა, მან სასამართლოს მიმართა და ივანიშვილს საფრთხე დაემუქრა, რომ ხელიდან გამოგლიჯოს ის („რუსთავი 2“), რაც ძლივს დაითრია! ამიტომაც გადაუკეტა გზა სასამართლოსკენ და ტელევიზიებისკენ. ამისთვის იყო საჭირო მისი ციხეში და არა სახლში გამომწყვდევა. მისი შინ გამოკეტვით ამ საფრთხეებს თავიდან ვერ აიცილებდა.
ამავე ტიპისაა მისი ბოლო მანევრები გვარამიასა თუ სხვათა მიმართ. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი ტელევიზია არათუ მათ არ შექმნან, ვინც ეს საჯაროდ განაცხადა, არამედ არც სხვამ. და იმ სხვამ იცოდეს, რომ მასაც იგივე ბედი მოელის, თუ მოიწადინებს ოპოზიციური არხის შექმნას.
რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც, ჯერჯერობით, უცვლელია, ამით ბიძინა, ერთი მხრივ, კეკლუცობს, რომ დემოკრატია და, მეორე მხრივ, მოთმინებით ელის „რუსთავი 2-ის“ დაისს. სწორედ ეს მოთმინება ცხადყოფს, რომ მას არანაირი ნერვი არ ღალატობს. მახვილ ყურს მოხვდებოდა „რუსთავი 2-ის“ ახალი დირექტორის მიერ რამდენჯერმე ნათქვამი ფრაზა, _ სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია, ყველაფერი კეთდება ისე, როგორც ჟურნალისტებს მიაჩნიათ სწორად… აი, სწორედ აქააა ის ვირ თუ ზებრაეშმაკობა… დიახ, დღევანდელ შემადგენლობას ასე მიაჩნია და არც უშლიან, მაგრამ… საქმე ისაა, რომ მალე დაიწყება სწორედ ჟურნალისტების ჩანაცვლება… უკვე ბევრს ლაპარაკობენ ფინანსურ პრობლემებზე. შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, ხელფასების კატასტროფულად შემცირება იქნება. ბევრი იძულებული გახდება, დატოვოს კომპანია. ვიღაც, ალბათ, ჯინაზე რამდენიმე თვე დარჩება კიდეც, მაგრამ გარდაუვლად დაიწყება ჩანაცვლების პროცესი. ის ახალი ჟურნალისტი მოვა და სხვანაირად, ანუ ხელისუფლებისთვის კომფორტულად მოინდომებს ამბების გაშუქებას. რამეს რომ იტყვი, გამოვა სალია და გეტყვის, _ ჟურნალისტი ასე ხედავს, ასე აშუქებს და რა ხდება, მის სარედაქციო თავისუფლებაში ერევითო? ჟურნალისტმა გადაწყვიტა ასეო… რაღაც პერიოდი არ გაგიკვირდეთ, რომ ეთერში გვერდიგვერდ გავიდეს ხელისუფლების მამხილებელი და შემდეგ ამავე ხელისუფლების მაამებელი სიუჟეტები. შემდეგ კი ნელა-ნელა მხოლოდ მაამებლები დარჩება…
მოკლედ, ქვეყანა პუტინიზაციის გზას ადგას, დიქტატურისკენ მივჯლიგინებთ და ვიღაცები სისუსტედ უთვლიან ამას ბატონ ბიძინას. სხვას შინაგანი რწმენა აქვს, რომ დიქტატურას ვეღარ დაამყარებს, რაკი ხალხმა, მით უმეტეს, თავისუფლება უკვე იგემა.
მოკლედ, იმედი თუ იმედოვნება ორ ძირითად სახეზე დაიყვანება:
1) ნაბიჯი დიქტატურისკენ სისუსტე და დასასრულის დასაწყისია. ამ ლოგიკით, პუტინის მესერი ცხრაჯერ უნდა იყოს გადაღებილი. კიმ ჩენ ინისაც;
2) თავისუფლება ნაგემ ხალხთან, მით უფრო, ახალ თაობასთან, დიქტატურა არ გამოვა. ამ ლოგიკით, არც ირანში უნდა გამოსვლოდა რამე აიათოლა ჰომეინს, მაგრამ…
მოკლედ, საფრთხის აბუჩად აგდებით საფრთხე არ ფარჩაკდება და არც ნეიტრალდება.

რეზო შატაკიშვილი

 

დატოვეთ კომენტარი