გოჩა ბარნოვი: „საფრთხე, რომ ოკუპანტი პირდაპირ განახორციელებს ნებისმიერი მომავალი პატრიარქის „დადგენას“, სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია“

სპეციალისტები, კანონისტები, თეოლოგები დიდი ხანია, აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება მრავალ ხარვეზს შეიცავს და მისი საეკლესიო სწავლებასთან შესაბამისობაში მოყვანა არათუ სასურველი, აუცილებელიც არის. დებულებიდან ერთ-ერთი საკითხი „მოსაყდრეს“ უკავშირდება და ის ამჟამად არსებულ ვითარებას სრულიად აბსურდულს ხდის, რადგან აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსოფლიო საეკლესიო კრებების მოთხოვნებს, საეკლესიო სწავლებასა და დადგენილ ნორმებს.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“ თეოლოგს, პროფესორ გოჩა ბარნოვს ესაუბრა:

_ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე გამოარჩია. იმთავითვე იყო აზრთა სხვადასხვაობა მის გამორჩევასთან დაკავშირებით. დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ამ თემასთან მიმართებით ემოციები ჩამცხრალია, როგორ შეიძლება ეს ფაქტი შეფასდეს?
_ 2017 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პატრიარქის მიერ გამოიცა ბრძანება სენაკის მიტროპოლიტ შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნის შესახებ, რამაც ზოგიერთ ეპიკოპოსსა და თეოლოგს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეს სხვადასხვაობა მოსაყდრის ინსტიტუტისა თუ ფენომენის ანტიკანონიკურობითაა გამოწვეული. დიახ, არც მეტი არც ნაკლები _ ანტიკანონიკურობით. ამ ფაქტმა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც გაოცება გამოიწვია.
_ რატომ?
_ ჩემი მეგობარი სასულიერო პირები და, მათ შორის, მღვდელმთავრები გაოცებული მეკითხებოდნენ, თუ რას გულისხმობდა მოსაყდრის ფენომენი და რა ფუნქცია ჰქონდა მას. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნავდი, რომ თავად ტერმინი მოსაყდრე არაეკლესიურია და მას დღევანდელი საეკლესიო პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე „ადგილის მცველი“ უნდა ეწოდებოდეს, ეს „ინსტიტუტი“ კი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ეკლესიის მეთაური გარდაიცვლება ან გადადგება. თავად ადგილის მცველის ფუნქცია საპატრიარქო არჩევნების მომზადება და მისი სამართლიანად წარმართვაა, ანუ საერო ენით რომ ვთქვათ, ის ცესკოს თავმჯდომარეა. რამდენადაც ის საარჩევნო პროცესს წარმართავს, თავად არჩევნებში არ მონაწილეობს.
_ სამაგიეროდ, ჩვენ ვისმენდით არაერთ ინტერპრეტაციას, როდესაც მოსაყდრე ლამის მომავალ პატრიარქად გამოაცხადეს და მნიშვნელოვანი იყო აგრესია სწორედ თქვენ მიმართაც ამ საკითხის კომენტირების დროს…
_ ბევრი რამ მოვისმინეთ. ჩემმა ამ განცხადებამ საპატრიარქოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იმ საღამოსვე დამიკავშირდნენ და მთხოვეს, საპატრიარქოში მივსულიყავი და იქ განმემარტა ჩემი მოსაზრება. მე თავაზიანი უარი ვუთხარი და შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევთავაზე, რაზეც დამთანხმდნენ. შეხვედრა მამა ანდრია ჯაღმაიძესთან გაიმართა. მე მას საკმაო ხანს ვესაუბრე, მაგრამ უშედეგოდ. მათთვის მოსაყდრის ინსტიტუტი კანონიკური იყო, რადგან, როგორც მამა ანდრია ბრძანებდა, ეს საქართველოს ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებით იყო გარანტირებული. მე მაშინვე ვუთხარი, რომ ამ დებულების ეს კონკრეტული ადგილი ჩასასწორებელია, რადგან ის ძირშივე ეწინააღმდეგება მსოფლიო კრებების კანონებს, რაც ყოვლად დაუშვებელია-მეთქი. ჩვენი მაშინდელი შეხვედრა ასე დამთავრდა. თუმცა ხშირად მეკითხებოდა ამის შესახებ სხვადასხვა ადამიანი. მათ აინტერესებდათ საეკლესიო ცხოვრებისთვის ამ, ესოდენ, უცნაური ფენომენის დეფინიცია. სხვათა შორის, ის, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ეკლესიის ისტორიასთან, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებთან თანხვედრაში უნდა იყოს, ეს ჩემი ახირება არ ყოფილა, ამაზე თვით ჩვენი დებულება საუბრობს და პირველივე თავში ამბობს, რომ „§5 საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე: 2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები“.
_ და მაინც, რატომ არის არასწორი თავად ტერმინი _ მოსაყდრე?
_ როგორც მოგახსენეთ, ეს ტერმინი _ მოსაყდრე, მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკაში უცხოა გარკვეული მიზეზების გამო. ის სამეფო მმართველობაში გამოიყენებოდა, რაც კარგადაა ცნობილი საქართველოს ისტორიიდან, როდესაც მეფეები თავის სიცოცხლეშივე თავიანთ შვილებს, ანუ მემკვიდრეებს მოსაყდრეებად აცხადებდნენ. საერო პრაქტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არა მხოლოდ საქართველოში. ბიზანტიაშიც ხდებოდა მსგავსი რამ. ეს საეროში, რადგან არანაირი კანონი სამეფო ხელისუფალს არ ზღუდავდა, საკუთარი შვილი მოსაყდრედ ან თანამოსაყდრედ გამოეცხადებინა. მაგრამ საეკლესიო პრაქტიკა, გამომდინარე ეპისკოპოსის ინსტიტუტის თავისებურებიდან, ამგვარ ფენომენს არ იცნობს; ან როგორ შეიძლება, სამეფო ინსტიტუტის მმართველობის ფორმამ დაიმკვიდროს ეკლესიის მმართველობის სფეროში, რომელიც თავისი შინაარსითა და გამიზნულებით არსობრივად განსხვავდება საერო მმართველობის ფორმისგან.
_ რა ფორმაა ეს?
_ დავიწყოთ ადრეული საუკუნეებიდან, როდესაც, ეგნატე ანტიოქიელის ეპოქის შემდგომი პერიოდიდან, ეკლესიაში ეპისკოპოსის ინსტიტუტი მკვიდრდება და ეპისკოპოსის უფლებები არნახულ მასშტაბებს იძენს. „მოციქულთა განწესებიდან“ ცნობილია, რომ ეპისკოპოსს მთელი ერი ირჩევდა. მას ევქარისტიული მსახურებისას სამგზის წარადგენდნენ ერის წინაშე და მისგან დამოწმებას ითხოვდნენ მისი გამორჩევისთვის. ერიც, თანხმობის შემთხვევაში, ადასტურებდა ახალი ეპისკოპოსის სანდოობას. ახლად გამორჩეული ეპისკოპოსი კონკრეტული ადგილობრივი ეკლესიის თავი ხდებოდა. ზოგადად, ეპისკოპოსისა და ადგილობრივი ეკლესიის ერთობა იესო ქრისტესა და ეკლესიის ერთობის სახისებრად ხორციელდება. ეპისკოპოსისა და ადგილობრივი ეკლესიის ერთობა არ უნდა გავიგოთ, როგორც ერთმანეთისგან განშორებული სხეულების ერთობა _ სამღვდელოებისა და ერის, არამედ როგორც ორგანული ერთობა იმავე ეკლესიის სხეულში, რომელიც თითქოსდა პერსონიფიცირებულია ეპისკოპოსში. საინტერესოა, რომ ეგნატე ანტიოქიელი თავის ეპისტოლეში რომაელთა მიმართ ეპისკოპოსს ღმერთის, ქრისტეს სახეს _ ტიპს უწოდებს. მეტიც, ლიტურგიის _ უმაღლესი საეკლესიო მსახურების _ აღსრულების დროსაც კი, ეპისკოპოსი ადგილობრივი ეკლესიისთვის კი არ მოქმედებს, არამედ ეკლესია მოქმედებს საკუთარი თავის ე. ი. ეპისკოპოსის მეშვეობით.
_ ამბობთ, რომ ეპისკოპოსსა და ადგილობრივ ეკლესიას შორის იმგვარი ერთობა და კავშირია, როგორც ქრისტესა და ეკლესიას შორის?
_ დიახ, შეუძლებელია ქრისტესა და ეკლესიის განყოფა. ეკლესიის „ეგო“ არის იესო ქრისტე. შესაბამისად, როგორც იესო ქრისტეს სძალია ეკლესია, მსგავსად ეპისკოპოსის სძალია მისი ადგილობრივი ეკლესიაც. შესაბამისად, ეპისკოპოსსა და მის ადგილობრივ ეკლესიას შორის არსებობს ერთგვარი ერთობა, მსგავსი ქორწინებისა. როდესაც ეპისკოპოსი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის თავად გამოირჩევა, ხდება მისი „დაქორწინება“, ანუ ორგანული, ერთ სხეულად შეკავშირება ამ ეკლესიასთან. ამიტომაცაა, რომ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემთხვევაში საეკლესიო ტერმინით მკაცრად განსაზღვრულად ამბობენ, რომ საყდარი დაქვრივებულია და არამც და არამც ცარიელი, რადგან ეპისკოპოსისა და მისი ადგილობრივი ეკლესიის ურთიერთობა ისეთია, როგორც ქმარსა და ცოლს შორის. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ამგვარი ურთიერთობის წესი კანონებითაც გამყარდა. მაგალითად პირველი მსოფლიო კრების მერვე კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი არ შეიძლება, მსგავსად, როგორც არ შეიძლება ერთ ქალს ორი ქმარი ჰყავდეს. ნებისმიერი სხვა ეპისკოპოსი იმავე ქალაქში ანტიკანონიკურია და თუ მსგავსი რამ მოხდება, ის უმალ გაუქმებულად მიიჩნევა. ამიტომაც, დიასპორის ეკლესია, ყველა შემთხვევაში, თანამედროვე ერესია, რადგან ერთ ქალაქში ზოგ შემთხვევაში ორზე მეტი და ზოგჯერაც ათამდე ეპისკოპოსი ზის.
_ ამაზე არაერთი განმარტება მიუთითებს, თუმცა ცხადია, რომ ეს, როგორც აღნიშნე _ „თანამედროვე ერესი“ _ საკმაოდ ფესვგადგმულია. მაგრამ მივუბრუნდეთ მოსაყდრის თემას…
_ ნათელია, რომ ამ პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლებელია საეკლესიო პრაქტიკაში მოსაყდრის ინსტიტუტი ყოფილიყო, რაც თავისთავში უკვე საეკლესიო ტახტის ან საყდრის მოცილეს ნიშნავს. მსგავსი ფენომენი არ ყოფილა არც ერთ საუკუნეში და არც ერთ მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიაში. თუ ჩვენ ვნახავთ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებებს, ყველგან ნათლად და ცალსახად წერია, რომ ადგილის მცველს (ბერძ. Τοποτηρητής, _ ავტ.) და არა მოსაყდრეს მხოლოდ პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ სინოდის სხდომაზე გამოირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმალ პირველი მსოფლიო კრების მერვე კანონი დაირღვეოდა. უძველეს ეკლესიებში ადგილის მცველი ქიროტონიით უხუცესი ეპისკოპოსი ხდება, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ადგილის მცველის ფუნქცია ახალი პატრიარქის არჩევნების მართებულად ჩატარების უზრუნველყოფაა. მას არ აქვს უფლება, განსაზღვროს ეკლესიის მმართველობის მნიშვნელოვანი საკითხები და მით უმეტეს რაიმე ცვლილება მმართველობის დებულებაში. ადგილის მცველს დროებით უკავია საეპისკოპოსო საყდარი, ვიდრე არ იქნება გამორჩეული ახალი პატრიარქი.
_ ეს ფაქტი, რომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში არ არსებობს მსგავსი ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს იმის შესახებ, თუ საიდან ჩნდება ის საქართველოს ეკლესიაში?
_ საინტერესოა, რომ 1917 წელს საეკლესიო დებულებაში ჩნდება უცნაური განსაზღვრა, რომ „თბილელი მიტროპოლიტი, როგორც კათოლიკოსის უახლოესი ადგილობრივი მღვდელმთავარი, არის მოსაყდრე კათოლიკოზისა“. მაშინ თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე განისაზღვრა კათოლიკოსის მოსაყდრედ. მეტიც, თავად მოსაყდრეობის ინსტიტუტი ისეთი აბსურდი და ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, რომ მან საქართველოს ეკლესიის თვით გამოჩენილ მწყემსმთავრებს შორისაც გააჩინა ბზარები, მაგალითად კირიონსა და ლეონიდეს შორის; მიზეზი მარტივია, _ როდესაც არსებობს ცოცხალი პატრიარქი და მის გვერდითაა ცოცხალი მოსაყდრე, ნებსით თუ უნებლიეთ, იქმნება ორხელისუფლებიანობის განცდა, რაც უპირველესად თავად ამ პიროვნებებს, შემდეგ კი საეკლესიო სისავსეს აზიანებს.
ამ ტერმინისა და ინსტიტუტის დამკვიდრების მომენტი ბურუსითაა მოცული. მასზე პასუხი არ არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ მისი ფესვები რუსული საეკლესიო ცხოვრებიდან მომდინარეობს. აქედან მოყოლებული, მკვიდრდება ეს არასწორი ტერმინი და ინსტიტუტი ქართულ საეკლესიო სინამდვილეში, რის მიხედვითაც ყოველი პატრიარქისთვის მისი მოსაყდრეც განისაზღვრებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსაყდრის სტატუსის მქონენი ზოგჯერ იკავებდნენ საპატრიარქო საყდარს და ზოგჯერ _ არა. საინტერესოა, რომ პატრიარქ დავითის მოსაყდრე იყო საქართველოს ახლანდელი პატრიარქი და მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რაც 1977 წლის 9 ნოემბერს აღესრულა, პატრიარქ დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, სინოდის სხდომაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 1920 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში მოსაყდრის გამორჩევა კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ხდება; ასევე 1927 და 1937 წლების მართვა-გამგეობის დებულებაში მოსაყდრეს პატრიარქის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოირჩევდნენ. ამავე დებულებაში წერია, რომ მოსაყდრეობა უქმდება, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ადგილზეა. 1995 წელს მართვა-გამგეობის დებულებაში უცნაური ცვლილება შედის: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე“. როგორც ვხედავთ, დებულებაში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე“ წერია, თუმცა პატრიარქის 2017 წლის 23 ნოემბრის ბრძანებაში მეუფე შიოს „პატრიარქის მოსაყდრედ“ დანიშვნას ვხვდებით. შეუსაბამობა აშკარად სახეზეა. თუმცა პირადად მე, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესა“ და „პატრიარქის მოსაყდრეს“ შორის, რადგან ორივე შემთხვევა წინააღმდეგობაშია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.
_ დავაკონკრეტოთ, რა წინააღმდეგობებია 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების IV თავის მე-4 პუნქტში, რომელზედაც აპეილრებ?
_ ეს მუხლი შეუსაბაობაში მოდის არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წინა წლების მართვა-გამგეობის დებულებებთან, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ნორმებთანაც, კერძოდ, ანტიოქიის კრების 23-ე კანონი იმპერატიულად განაჩინებს, რომ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. „თუ ვინმე მსგავს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება… ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა…“ კანონისტების მიერ ეს კანონი შემდეგნაირად განიმარტება, _ თეოდორე ბალსამონი, ანტიოქიის ტიტულარული პატრიარქი ამბობს, რომ „ეპისკოპოსს არ გააჩნია თავის ნაცვლად ეპისკოპოსად სხვისი დადგინების მემკვიდრეობის მიცემის უფლება“. არისტინე: „ეპისკოპოსმა, თავისი აღსასრულის წინ, არ უნდა დაადგინოს თავის მონაცვლედ ეპისკოპოსი, ვინაიდან ის, ვინც ეპისკოპოსად არის ხელდასხმული, ეპარქიათა ეპისკოპოსების მიერაა დადგენილი. თუკი ეპისკოპოსი აღსასრულის წინ თავის ნაცვლად სხვას დაადგენს, ამით მემკვიდრეობის კანონი მტკიცდება, მაშინ როდესაც ღვთის ეკლესია არასდროს უნდა გადაეცეს მემკვიდრეს“. იოანე ზონარა: „ეპისკოპოსთათვის არ არის დაშვებული მათზე დაქვემდებარებულ ეკლესიებში, თავის ადგილზე, თავის სურვილით, სხვები დაადგინოს. ვინაიდან მათ, რომელთაც უფლება არ გააჩნიათ, რომ ეპისკოპოსობის დროს დაგროვილი ქონება _ გარდა ქონებისა, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ, როგორც ამბობს კართაგენის 33-ე კანონი _ ვისაც მოესურვებათ იმას დაუტოვონ, ასევე, როგორც გადასცემენ თავად ეპისკოპოსობას სხვას, თითქოს მათ სამოძღვრო ძალაუფლებისა და ღარიბთა ქონების მართვის მემკვიდრეობას უტოვებენ. ამრიგად, თუკი ვინმე რაიმე მსგავსს მოიმოქმედებს, მაშინ კანონის ძალით აღსრულებულიც არ არის მართალი და აღმსრულებელიც განყენებას ექვემდებარება; ვინაიდან, დადგენილია, რომ ეპისკოპოსები კრებათა მიერ დგინდებიან“.
ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებაში ერთ ძალიან საინტერესო მომენტს ვკითხულობთ. საქმე ის არის, რომ ჰიპოს ბერძენი ეპისკოპოსი მოხუცებული იყო, ლათინურად ვერ ქადაგებდა და ეპარქიის მართვა უჭირდა, ამიტომ თანამოსაყდრედ ავგუსტინე გამოარჩია. თუმცა იქვე წერია, რომ ეს შეცდომით გააკეთა, რადგან არ იცნობდა მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, რომელიც მსგავს მოქმედებას კრძალავდა.
_ როგორც აღნიშნე, ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხი პირდაპირ საარჩევნო პროცედურას უკავშირდება. მაშინ რაღა საჭიროა პატრიარქის სიცოცხლეში მოსაყდრის გამორჩევა, რომლის ფუნქცია, მხოლოდ და მხოლოდ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაა _ საერო ენაზე ცესკოს თავმჯდომარეობა. განა, ამას პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სინოდი ვერ შეძლებდა? რა მოტივები არსებობდა მოსაყდრის დასახელებისა და დადგენისა?
_ მოტივები არის გარდაცვალება ან გადადგომა, ან ის მიზეზები, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას. დასახელებული მიზეზებიდან არც ერთი არაა სახეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის დადგენისთვის სამართლებრივი მიზეზი არ არსებობდა. ამიტომაც ვამბობთ ცალსახად, რომ ზოგადად, კანონიკური სამართლის მიხედვით, პატრიარქის სიცოცხლეში მოსაყდრის დასახელებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ეს ფაქტი ერთ საყდარზე უკვე ორი ეპისკოპოსის არსებობას უშვებს, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი მსოფლიო კრების მერვე კანონის უხეში დარღვევაა. ამიტომაცაა, რომ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის დებულების თანახმად, ადგილის მცველი და არა მოსაყდრე, აქტიურდება მხოლოდ პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ და მისი გამორჩევა, მხოლოდ და მხოლოდ, სინოდის პრეროგატივაა. ცხადია, ამ მუხლის ასეთი ცვლილება რაღაც მიზანს ემსახურებოდა. ყოველ შემთხვევაში, პატრიარქის სიცოცხლეში მისი მოსაყდრის დასახელება და დადგენა პატრიარქის გავლენის გაძლიერებაზე მიანიშნებს მომავალი პატრიარქის გამორჩევისთვის. ბევრი ამ ქმედებაში რუსეთის ფაქტორს ხედავს, რომ მომავალი პატრიარქი რუსეთთან დაახლოებული პირი იყოს, მით უმეტეს, რომ საამისო მიზეზი არსებობს იმ რუსული გავლენების გამო, რომელსაც საქართველოს ეკლესია განიცდის. ამის დასადასტურებლად საქართველოს ეკლესიის დელეგაციის კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე წაუსვლელობაც საკმარისია, რითაც ჩვენმა ეკლესიამ აშკარა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეკლესიის ბოიკოტს, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ, როცა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ერთი ერთში იმეორებენ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა არგუმენტებს უკრაინის ავტოკეფალიის საწინააღმდეგოდ.
_ აქ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ჩნდება _ პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება არ მომხდარა წმინდა სინოდთან შეთანხმებით, არამედ ერთპიროვნულად, ევქარისტიული მსახურების დროს. მღვდელმთავრებმა ეს ტელეარხების მეშვეობით შეიტყვეს…
_ დიახ, ეს წმინდა სინოდის იგნორირების სამწუხარო შემთხვევაა, რადგან მოციქულთა 34-ე კანონი ნათლად ამბობს, რომ „ყოველი ერის ეპისკოპოსი უნდა ცნობდეს პირველს მათ შორის, აღიარებდეს მას, როგორც თავს და თავის ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედოს მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან ასე აღესრულება ერთაზროვნება და განდიდდება ღმერთი სულიწმიდის მადლით“. იგივეს იმეორებს ანტიოქიის კრების მე-9 კანონიც: „ეპისკოპოსები უნდა ემორჩილებოდნენ დედაქალაქის ეპისკოპოსს, ანუ ადგილობრივი ეკლესიის თავს; ის ზრუნავს მთელ სამთავროზე… მაგრამ მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის ეპისკოპოსი გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსების შეთანხმების გარეშე“. როგორც ვხედავთ, ამ ერთმა, თითქოსდა უბრალო ბრძანებამ, უამრავი შეუსაბამობა წარმოაჩინა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან მიმართებით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1995 წლის დებულებაში ჩაწერილი მუხლი, რომ „კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე“, ზუსტად არ განმარტავს, თუ რა უფლებები ექნება პატრიარქის სიცოცხლეში დადგენილ მოსაყდრეს; აკი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოვალეობა ექნება ახლად დადგენილ მოსაყდრეს, მეუფე შიომ ვერც კი უპასუხა ან როგორ უპასუხებდა, როცა დებულებით ეს განსაზღვრული არაა.
და კიდევ ერთი დეტალი: 1995 წლის დებულების IV თავის მე-6 პუნქტში ვკითხულობთ: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას“. იმავე თავის მე-7 მუხლი კი: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა“. ანდერძი აუცილებლად რაღაცის მემკვიდრეობითად გადაცემას გულისხმობს, მაგ.: მამა თავის შვილებს ანდერძით უტოვებს ქონებას, თითოეულს შესაბამისად, როგორც ის თავად განსაზღვრავს ამას.
_ როგორია ანდერძის თემა, ზოგადად, ეკლესიაში? ან რისი მემკვიდრეობა არსებობს ეკლესიაში, რომლის გადაცემაც ეპისკოპოსს შეუძლია?
_ ერთადერთი მემკვიდრეობა, რაც ეპიკოპოსის უფლებამოსილებაში შედის, არის სამოციქულო მემკვიდრეობა, რაც ქრისტესმიერი გამოცხადების ჭეშმარიტების შესახებ სწავლებასა და ტრადიციას გულისხმობს. სხვა რამ მემკვიდრეობის გადაცემის შესაძლებლობა ეპისკოპოსს არ აქვს, მით უმეტეს, რომ ტრულის მსოფლიო კრების მე-12 კანონის თანახმად, ეპისკოპოსს ეკრძალება ცოლოსნობა. თუ კვლავ ანტიოქიის 23-ე კანონს დავუბრუნდებით, აქაც ცალსახად წერია, რომ ეპისკოპოსი სიცოცხლეში ვერ დაასახელებს მემკვიდრეს და რაოდენ მისი გარდაცვალების შემდეგ იქნება ეს შეუძლებელი, ან რა ძალა უნდა ჰქონდეს გარდაცვლილი ეპისკოპოსის ანდერძს, როცა მას სიცოცხლეში ეკრძალება მსგავსი რამის მოქმედება? თუკი საეკლესიო კანონები ცალსახად არჩევნების გზით ადგენს ეპისკოპოსის გამორჩევას, მაშინ ანდერძს რა დატვირთვა აქვს საქართველოს ეკლესიაში? არსებობს კი სამართლებრივი ბაზისი ანდერძის არსებობისა საეკლესიო კანონიკაში? როგორც კანონებიდან ჩანს, _ არა. არც რომელიმე კანონი საუბრობს ანდერძის შესახებ. აქედან გამომდინარე, ანდერძის თემაც შესაცვლელია საქართველოს ეკლესიის ბოლო დებულებაში, რადგან ესეც ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონიკას. ეს თემაც უცხოა ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკისთვის, რასაც ამ ეკლესიების დებულებებიც ადასტურებს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ავტორიტეტული პატრიარქის სიცოცხლეში მოსაყდრის არსებობა, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობა ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ „მონარქს“ შეეგუოს, რომელიც სიცოცხლის ბოლოს თავადვე დაასახელებს „მომდევნო მოსაყდრეს“ და ძალაუფლების გადაბარება უმტკივნეულოდ მოხდება. მერე რა, თუ ეს ყველაფერი საეკლესიო ცხოვრებას აზიანებს?
_ სინოდის როლი ამ შემთხვევაში რა არის?
_ ვფიქრობ, ყველაფერი ეს აშკარად მიანიშნებს სინოდის, როგორც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს დაკნინებაზე. პატრიარქის გამორჩევა მხოლოდ სინოდის, როგორც ეკლესიის უმაღლესი ადმინისტრაციული ორგანოს, პრეროგატივაა, რაც, როგორც ვნახეთ, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების კანონებითაა დამტკიცებული. ამ სინოდისავე პრეროგატივას წარმოადგენს პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში ადგილის მცველის დადგინებაც ყოველგვარი ანდერძის გარეშე. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ 1995 წლის დებულების ზემოხსენებული მუხლები უნდა ჩასწორდეს სინოდის მიერ და ის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წესებთან, როგორც ეს ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაშია. მეტიც, ეს არაა უბრალოდ თეოლოგიური აბსურდი, რომელზეც შეიძლება კანონოლოგებმა იდავონ. ეს საკითხი საქართველოს რიგით, თუნდაც საერთოდ არამართლმადიდებელი მოსახლეობის ცხოვრებასაც ეხება.
_ რას გულისხმობ?
_ გახსოვთ ის უამრავი მოსაზრება, რომელიც თუნდაც იგივე ჟურნალისტთა მხრიდან ალფეევის ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა, იმ ვიზიტისა, რომელსაც შედეგად მოსაყდრის დასახელება მოყვა. რამდენადაც მახსოვს, თავად თქვენც ფლობდით ამ საკითხზე ინფორმაციას და ერთ-ერთმა პირველმა აცნობეთ მოსახლეობას, რაც მომავალში მოხდებოდა. შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს მოსისხლე მტერი და ოკუპანტი, პირდაპირ განახორციელებს ნებისმიერი მომავალი პატრიარქის „დადგენას“ საქართველოს წმინდა სინოდის წევრებთან შეუთანხმებლად, ბევრად სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია, ვიდრე უბრალოდ თეოლოგიური თუ კანონიკური აბსურდი.
მოსაყდრის შემთხვევა მხოლოდ ერთია იმ უამრავი და სრულიად აბსურდული კანონიდან, რაც საქართველოს ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია. ჩვენი ეკლესიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ავტორიტეტული თეოლოგების, კანონოლოგებისა და სხვა კომპეტენტურ პირთა მიერ მისი შესწორება, რისი რეალური შესაძლებლობაც არ ჩანს.

გოჩა მირცხულავა