სერიალი „ბედი ლარისა“

ლარის კურსი ამყარებს ანტირეკორდებს _ მაშინაც კი, როდესაც ის იწყებს დასტაბილურებასა და გამყარებას, ის მაინც არ უბრუნდება ნიშნულს, საიდანაც დაიწყო დევალვაცია. ნებისმიერი ახალი კურსი არის მხოლოდ 3-4-თვიანი შესვენება მომდევნო დასუსტების წინ.

მიზეზი სახელდება უამრავი _ დაწყებული საგარეო ვალების გასტუმრების პერიოდით, დამთავრებული თურქეთისა და რუსეთის უკვდავი და ფატალური ზემოქმედებით. ბოლო პერიოდში დაემატა რუსული სანქციები და საპროტესტო აქცია რუსთაველზე.
ამ დროს არავის უჩნდება აზრი, რომ არანორმალურია თავად ის ფაქტი, რომ აი, უკვე ამდენი წელია, ქვეყანა ჯიუტად არის ჩამოკიდებული სხვისი ვალუტის კურსზე. ან იმ ეკონომიკას რა ვუთხარი, რომელიც იმის გამო ჩამოიშლება, რომ ვიღაცა ჩაჯდა არასწორ სავარძელში _ ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ წარმოაჩენს ხელისუფლებას კარგი კუთხით.
ასევე ღიმილის მომგვრელია მაღალჩინოსნების გაკვირვებული სახეები და ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც წლებია, არ იცვლება _ „ფუნდამენტური ფაქტორები სრულ წესრიგშია, ამიტომაც ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური“.
უნდა იყოს, კი ბატონო, მაგრამ არ არის… ეტყობა ლარმა არაფერი იცის შესანიშნავი „ფუნდამენტური ფაქტორების“ შესახებ.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ იქნება სწორი მხოლოდ მთავრობა დავადანაშაულოთ, როგორც ესაა მიღებული საქართველოში. რა თქმა უნდა, მასაც ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა _ ინვესტიციების შემცირების, მსხვილი ენერგოპროექტების ჩაშლის, ბიზნესკლიმატის გაუარესებისა და წლის მანძილზე ბიუჯეტის არათანმიმდევრული ხარჯების გამო.
თუმცა არსებობს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც არის მუდმივი დევალვაციის მთავარი წყარო _ სუსტი ეკონომიკა და თითქმის ნულოვანი წარმოება.
არსებობს აზრი, რომ 21-ე საუკუნეში ინდუსტრიამ დაკარგა ის მნიშვნელობა, რომელიც მას ჰქონდა, სულ რაღაც, 30-40 წლის წინათ და ამიტომ შესაძლებელია ეკონომიკის განვითარება არასაწარმოო დარგების ხარჯზე: ფინანსები, სერვისი, ტურიზმი, ტრანზიტი, და ა. შ.
კარგი იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო, თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში, დღესაც, მაღალი ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხანაშიც კი, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს დიდწილად ქმნის ის, რაც 50 წლის წინათ ქმნიდა: მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა. შ. ერთი სიტყვით, ტრადიციული, XX საუკუნის, მამაპაპური ინდუსტრია.
იმის მიუხედავად, რომ ევროპამაც და ამერიკამაც მრეწველობის დიდი ნაწილი აზიის ქვეყნებში გადაიტანეს, წარმოდგენა, თითქოს ისინი უკვე არაფერს აწარმოებენ და მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიებსა და სერვისზე გადავიდნენ _ არასწორია.
მაგალითად, ეკონომიკის ისეთი ტრადიციული დარგი, როგორიც ავტომრეწველობაა, დღესაც რჩება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების კვაკუთხედი. ამაზე მეტყველებს ელემენტარული სტატისტიკა _ ჩინეთი მართლაც არის მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი _ 23,5 მლნ. ავტომობილი, თუმცა არავის ეგონოს, რომ ევროპელები და ამერიკელები უსაქმოდ სხედან _ ევროკავშირი აწარმოებს წელიწადში 16,9 მლნ. ავტომობილს, აშშ კი _ 8 მლნ.-ს.
ასეთივე სურათია ინდუსტრიის სხვა დარგებში _ ჩინეთის რაოდენობრივი ლიდერობის მიუხედავად, ევროპაშიც და ამერიკაშიც ქარხნები აგრძელებენ მუშაობას და ქმნიან ასობით მილიარდი დოლარის პროდუქციას.
მეტიც, ქვეყნები, რომელთა წარმატება მსოფლიოში პირველ რიგში ასოცირდება სერვისთან, ვაჭრობასთან, ფინანსებთან და ლოგისტიკასთან, სინამდვილეში, ამავე დროს, მსხვილი მწარმოებლები არიან.
მაგალითად, სინგაპურის მხოლოდ მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი აჭარბებს 136 მლრდ. დოლარს წელიწადში, მთლიანი კი _ 320 მლრდ.-ს, ჰონ-კონგის ექსპორტი შეადგენს 135 მლრდ. დოლარს, ეს რომ არაფერი ვთქვათ ევროპაზე, რომელიც ტრადიციულად დგას მრეწველობაზე.
მაგალითად, პატარა სლოვენია, რომლის მოსახლეობაც შეადგენს მხოლოდ 2,5 მლნ. ადამიანს, ექსპორტზე აგზავნის 28 მლრდ. დოლარის პროდუქციას, ხოლო 1,9 -მილიონიანი პოსტსაბჭოთა ლატვია _ 16 მლრდ.-ს.
ამ ფონზე ნათლად ჩანს იმ ორმოს სიღრმე და სიბნელე, სადაც იმყოფება საქართველო, თავის 3 მლრდ.-იანი ექსპორტით, რომლის ერთი დიდი ნაწილია ავტომობილების რეექსპორტი, ხოლო მეორე _ ტრადიციული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რომელიც 1 წამში შეიძლება ჩაიკეტოს.
თუმცა ეს არაა ერთადერთი პრობლემა _ ამ შემაშფოთებელ ციფრებს ამძაფრებს ისიც, რომ ადგილობრივი მრეწველობა, ისიც კი, რომელიც არსებობს, ფაქტობრივად, დიდწილად არის შენიღბული იმპორტი.
საქართველოში „ადგილობრივი“ რძის ნაწარმი მთლიანად შედგება იმპორტირებული მასალებისგან _ დაწყებულ რძის ფხვნილით, დამთავრებული შეფუთვით. საქართველოში „ადგილობრივი“ შოკოლადი მზადდება ბელგიური მასალისგან, რომელიც წარმოქმნის თვითღირებულების დიდ ნაწილს. საქართველოში „ადგილობრივი“ ღვინოც კი დიდწილად მოიხმარს უცხოურ შესაფუთ მასალებს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში ვერ მოძებნით ვერ ერთ წარმოებულ პროდუქტს, რომლის წარმოებაში გადამწყვეტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი არ არის მიბმული იმპორტთან _ ავეჯის წარმოება _ უცხოური ხის მასალა, მეტალურგია _ უცხოური ნედლეული, ცემენტი _ იმპორტული კლინკერი და ა. შ.
რა თქმა უნდა, უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროებიც არსებობს სამრეწველო ექსპორტის გარდა, მაგალითად, ტურიზმი, რომელსაც ქვეყანაში 3-დან 4 მლრდ. დოლარამდე შემოაქვს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დღეს ლარი იყოს 2,9 და არა 290, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ცხოვრობენ ძირითადად ტურიზმის ხარჯზე, საქართველოზე ბევრად მცირე მოსახლეობით არიან: კვიპროსი (650 000), ჩერნოგორია (620 000), მალტა (400 000) და ა. შ.
თუმცა არც ისინი არიან მხოლოდ ტურისტების იმედად _ პატარა კვიპროსის სასაქონლო ექსპორტი შეადგენს 3,5 მლრდ. დოლარს _ თითქმის იმდენივეს, რამდენიც აქვს 3,7-მილიონიან საქართველოს.
შედარებით მრავალრიცხოვანი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს დიდი ადგილი უჭირავს _ საბოლოო ჯამში, მაინც ავითარებენ წარმოებას. მაგალითად, 11 მლნ.-იანი საბერძნეთის სამრეწველო ექსპორტი შეადგენს წელიწადში 30 მლრდ. დოლარს. ქვეყანა ყიდის უცხოეთში არა მხოლოდ ფორთოხალსა და ზეთისხილს, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ ნავთობპროდუქტებს, წამლებს, სამშენებლო მასალებს, ფოლადის მილებს, ალუმინს, გემებსა და ავტომობილებს.
შესაბამისად, საქართველოს არ გააჩნია წინსვლის არც ერთი შანსი სერიოზული მრეწველობის გარეშე, რომელსაც ვერ შეცვლის ვერც ტურიზმი, ვერც ტრანზიტი, ვერ ენერგეტიკა და ვერც სხვა რამე.
აქედან გამომდინარე, ნათელია ამოცანის წარმოუდგენელი სირთულე _ ინდუსტრიის აწყობა ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია არც ინდუსტრიული ტრადიციები, არც შესაბამისი შრომის კულტურა და არც აუცილებელი განათლების დონე.
საქართველო ამოძვრება ორმოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება თავიდან ბოლომდე, ყოფითი წეს-ჩვეულებებით დაწყებული, ეროვნული ფასეულობებით დამთავრებული.
ამის გაკეთება არ შეუძლია არც ერთ ცალკე აღებულ მთავრობას. ეს არის თაობების საკითხი.
ამიტომაც, მოიმარაგეთ პოპკორნი _ სათავგადასავლო სერიალი „ბედი ლარისა“ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

თენგიზ აბლოთია