მთავარი მსოფლიო 08.08.08. _ აფხაზებისა და ოსების 11 წელი კრემლის ჩექმის ქვეშ…

08.08.08. _ აფხაზებისა და ოსების 11 წელი კრემლის ჩექმის ქვეშ…

231
0
გაზიარება

08.08.08. _ 11 წელი… 11 წლის ყოველდღიური ტკივილი „აქ“ _ სახლში და… იქ _ ანუ მსოფლიოში. უკვე კარგად ესმით და ხედავენ, რომ რუსეთის ინტერვენციის მიზანი სულაც არ იყო „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ აფხაზი და ოსი ხალხის თანადგომა. მიზანს მხოლოდ საქართველოს ოკუპაცია და ქართული სახელმწიფოს მოსპობა წარმოადგენდა. ახლა რუსეთი ახალ მზაკვრობას ახორციელებს _ ჩვენთვის გასულ საუკუნეში ოსების გენოციდის დაბრალების პროცედურას იწყებს და ცხინვალის რეგიონის „ოფიციალურად“ მიერთებას აპირებს.
რა რეაქცია ექნებათ „იქ“? მით უფრო მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება უკვე არარელევანტურად მიიჩნიეს და გაუუქმეს.

როგორ მინდა, ახლა ჯანმრთელად მოაზროვნე ოსს ვკითხო, _ ამ თავისუფლებისთვის „იბრძოდით“? იგივე რამ აფხაზებს უკვე ვკითხე, მაგრამ დუმან.
და მაინც ვიკითხავ: კრემლის მიერ შეკერილი ჩექმის ქვეშ ყოფნაა თქვენთვის თავისუფლება?
ვინმე დარჩა ისეთი, ვისთვისაც დღემდე გაუგებარია, რომ 08.08.08-მდე არსებული ვითარება არ იყო კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე? რომ ეს იყო პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად. თუმცა სასარგებლო თუ უსარგებლო იდიოტებს რა გამოლევს ამქვეყნად.

***
08.08.08-ის შემდეგ დღეებში არაერთი გამოცემა, პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტოლოგი ამტკიცებდა, რომ პუტინი ყველა შემთხვევაში მოახდენდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.
მაშინ, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ერთი თვეც არ იყო გასული, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, ბუქარესტში ჩვენთვის მაპ-ისც რომ მოეცათ, სამხედრო მოქმედებისგან მაინც არ შეიკავებდა თავს. ახსოვს დღეს ვინმეს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და მისი აღიარების შემდეგ რუსეთის იმპერატორმა, ვლადიმირ პუტინმა, ლამის დაიფიცა, რომ „ყოველივე სათანადო პასუხის გარეშე არ დარჩებოდა“ და პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით საქართველოში სეპარატისტული ხელისუფლებების მხარდაჭერაზე.
და ეს ყველაფერი 2008 წელს არ დაწყებულა. არც 2001-ში, ნიუ-იორკში „ტყუპებზე“ და, არა მხოლოდ, მიტანილი შტურმის შემდეგ… მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი პანკისის ხეობაში „იპოვა“ და საქართველოს ლამის მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ასახელებდა. ის თუ გახსოვთ, სწორედ მაშინ ტელეკამერების წინ რომ აძლევდა დავალებას რუს გენერლებს საქართველოს საჰაერო დაბომბვის შესაძლებლობების განხილვის შესახებ? ახლა არ მოვყვები, რის ფასად ავიცილეთ თავიდან ეს ავანტიურა, რა ძალისხმევა ჰქონდა ამ ყველაფერში ედუარდ შევარდნაძეს, ჯეიმს ბეიკერსა და ჯორ ბუშ უმცროსს. ყველა ჭკუათმყოფელისთვის ნათელია _ ქართული სახელმწიფოს მოსპობა ან მისი დამონება პუტინის არათუ ოცნება, არამედ იდეაფიქსი გახდა. დიახ, სახელმწიფოსი. როგორც ვატყობ, ჩვენში დღემდე ვერ გაუვლიათ ზღვარი ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის და ეს უდიდესი სიგლახეა. ქვეყანა აქ თემურ ლენგმა, ჯალალედინმა, მურვან ყრუმ, სტალინმა ვერ მოსპეს! _ სახელმწიფო?..
„იქ“ _ მსოფლიოში კი დუმდნენ ან, უკეთეს შემთხვევაში, „აღშფოთებასა თუ შეშფოთებას გამოხატავდნენ“ და მხარეებს დიალოგისკენ მოგვიწოდებდნენ. მაგრამ მხარედ რუსეთს კი არა, საჯაროდ სეპარატისტულ რეგიონებს ასახელებდნენ. ჩუმად, _ ყურში გვეუბნებოდნენ, _ პროვოკაციას არ წამოეგოთო, თორემ პროვოკაციის მომწყობთან ხან ენერგეტიკული, ხან გეოსტრატეგიული, ხანაც სიტუაციური ფლირტი ჰქონდათ.
და მაინც, ბუშის ადმინისტრაციის უდიდესი ფიასკო იყო ბუქარესტის სამიტი. საფრანგეთ-გერმანიის ხელით მოუგო რუსეთმა მაშინ აშშ-ს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის ჩაგდება. იმ საფრანგეთის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფოს ფორმირებაში ნომერ პირველი წვლილი შეიტანა დამფუძნებელ მამებთან ერთად. თუმცა ვის ახსოვდა მაშინ, 2008 წელს ან ახლა ვის ახსოვს პარიზში ჟილბერ ლა ფაიეტი ან მოსაწყენი ლუი XVI…

***
როგორც კი გეგმა საბოლოოდ დამუშავდა, რუსეთი მოქმედებაზე გადავიდა. მით უფრო, რომ ვითარება მისთვის სახარბიელო იყო _ წამსვლელი ბუში, გარანტირებული მხარდაჭერა კანცლერ მერკელისგან, რომელსაც ბუქარესტში პირნათლად ჰქონდა შესრულებული საკუთარი პირობა-ოპერაცია, მოკავშირედ მიჩნეული ნიკოლა სარკოზი, რომლის თავდაცვის მინისტრმა ბუქარესტამდე კარგა ხნით ადრე დაუსვა წერტილი თბილისისა და კიევის იმედებს და სხვა უამრავი გარემოება.
„რაც არ უნდა მოემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, ინტერვენცია მაინც განხორციელდებოდა“, _ წერდა ომის დასრულების შემდეგ რუსი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი.
პროვოკაცია… ბატონო? პროვოკაცია? და თუ რუსეთი მაინც აპირებდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, მაშინ რას ნიშნავს პროვოკაცია? ეს მხოლოდ დიპლომატიურ ენაზე წარმოთქმული ფრაზებია, რომლის მიღმაც სხვა სიმართლეა. ამ სიმართლეში კი მსოფლიო, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, დღითი დღე რწმუნდებოდა და საბოლოოდ დარწმუნდა ყირიმში…
მანამდე კი იყო შვედ დიპლომატ ჰაიდი ტალიავნის „დასკვნა“… სადაც ამ საერთაშორისო დონის „ექსპერტ-გამომძიებელმა“, სხვა „დიდი დონის“ ექსპერტებთან ერთად, ჩაწერა და ხელიც მოაწერა შემდეგ სიტყვებს: „ქართველები, რუსეთთან შედარებით, უფრო ძველ ერად მიიჩნევენ თავს“. ანუ ჩვენ მივიჩნევთ, თურმე! ხვდებით? და ამ უმეცრების შემდეგ ეგ დასკვნა რამე ღირებულს წარმოადგენს? ვერ მიხვდით? ტალიავინის მიხედვით, ის, რომ ძველი ერი ვართ, ფაქტი კი არაა, ასე ჩვენ მივიჩნევთ. მახსოვს, მაშინ ამაზე დავწერე: „რადგან ერთ შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდები, მაშინ, ალბათ, ქალბატონი ტალიავინი არც იმის უფლებას წაგვართმევს, რომ მივიჩნოთ _ მან ან მისი კომისიის წევრებმა ვერ გაუძლეს 21-ე საუკუნეში არსებული იმპერიისგან მომავალ ცდუნებებს? თუ მას აქვს ვარაუდის უფლება ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს იგივე უფლება ქმედებებთან მიმართებით. თუ ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტი მოქმედებს?..“
გაგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის მიმართულებით, ვითარება საკმაოდ პოზიტიურად იცვლებოდა. საერთაშორისო ჩართულობამ განაპირობა რუსეთის მეტ-ნაკლები დაბალანსება, რაც უთუოდ იწვევდა კრემლის გაღიზიანებას.
„აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკასთან ეფექტიანი დაპირისპირებისთვის რუსეთისთვის სტრატეგიულ ამოცანად იქცა სამშვიდობო პროცესის ასეთი ტენდენციით განვითარების შეჩერება, ცისფერი ჩაფხუტებისა და, შესაბამისად, საერთაშორისო პასუხისმგებლობის მოცილება, რაც, ამავე დროს, ხელს გაუხსნიდა მას საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული ოპერაციები ეწარმოებინა საქართველოს წინააღმდეგ“, _ წერს ამჟამად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი წერილში: „2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდი, სამშვიდობო გეგმა და გამოუყენებელი შესაძლებლობები“.
საქართველოში არსებულ კონფლიქტებში ჩახედული ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსეთს საკუთარი ზრახვების განხორციელებაში და ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. კერძოდ, ხელისუფლება დემონსტრაციულად გამოეთიშა ეუთოს მიერ დაფინანსებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გეგმას; უარი ითქვა არსებულ ფორმატზე; შეცდომადაა მიჩნეული ალტერნატიული ადმინისტრაციის შექმნა დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით.
„მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების თხოვნისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონებიდან დსთ-ის სამშვიდობო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის განთავისუფლებას ვალდებულებისგან და გაართულა მასთან დასავლელი პარტნიორების კონსტრუქციული ურთიერთობა“, _ აცხადებს ვოლსკი იმავე წერილში.
და ამის მიუხედავად, პუტინის გეგმების ჩასაშლელად საქართველოს ხელისუფლებას რომც ემოქმედა „ხუთოსანი ბიჭის“ რეჟიმში, რომელსაც არც თავაზიანობა შეეშლებოდა, არც ტაქტი და ზრდილობა, არც ეთიკის ნორმებს დაარღვევდა, დაიცავდა დიპლომატიურ ეტიკეტსაც _ ამას შედეგი არ მოჰყვებოდა.
„დასავლეთში ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაიგონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ადრეც აღვნიშნე, რომ კრემლში არც შევარდნაძე ეხატებოდათ გულზე. რუსეთისთვის პრობლემა იყო და არის თავად საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, დასავლური ორიენტაცია და ქართველი ადამიანის _ საქართველოს მოქალაქის მენტალობა, რომლისთვისაც თავისუფლება იმაზე მეტად აღმატებული რაობაა, ვიდრე თვით დემოკრატია. ქართველისთვის თავისუფლება არ იწყება ნორმითა და დოგმით. ქართველისთვის თავისუფლება იწყება რწმენითა და საქართველოთი და ეს არის გენეტიკური კოდი“, _ ეს კი ჩემი მოსაზრებაა 2008 წლის ომზე დაწერილი ერთ-ერთი პუბლიკაციიდან. რამე მეშლება? არა! დასტურად „გავრილოვის პროვოკაციაც“ კმარა, რომელმაც თვალნათლივ გაზომა სწორედ ეს ემოცია, განცდა და თვითშეგნება. სწორედ ამ მოვლენებისას დავწერე სიტყვები „თავისუფლება ყველაზე დარდიმანი ქართველისთვისაც კი წითელი ხაზია“…

***
თუ რამდენად და როგორ სჭირდებათ „იქ“ მავანთ კრემლი საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის ან რამდენად არის საჭირო და მისაღები საქართველოს პრეზიდენტისთვის ან ნებისმიერი მოქალაქისთვის იმის მტკიცება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, აბსურდია ეს მსჯელობა. „08.08.08“ დაიწყო რუსეთმა და კრემლს ამაში ხელი იმათ შეუწყვეს, ვინც ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ვიმეორებ, დაცვას (ნახეთ იმ დღეების ქრონიკები და გაიაზრეთ, რამდენი მოქალაქე დაგვიხოცეს, რამდენი სოფელი დაბომბეს, რამდენი დაჭრეს რუსებმა და სეპარატისტებმა) არაპროპორციული ძალის გამოყენება დაარქვა. სწორედ ეს პოლიტიკოსები, დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები, შინაური იდიოტები და მავნებლები ოკუპაციის თანამონაწილენი არიან. ერთნი გარანტირებული თბილი ზამთრის, მეორენი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შექმნილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარის არქონის, მესამენი კი საკუთარი გამორჩენისა და ანგარების გამო.

ასე არ არის? სხვა თუ არაფერი, განა ბლეფი არ აღმოჩნდა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის აგორებული ინფორმაცია _ თავად პრეზიდენტ მედვედევის მიერ გახმოვანებული, ქართველების მიერ 2000 ოსი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ, რამაც თითქოსდა აიძულა კრემლი, „არაპროპორციული ძალა“ გამოეყენებინა. გახსოვთ, როგორ დაიჯერეს და აქაც დაიჯერეთ ბევრმა ეს ყველაფერი?
შედეგი? ოკუპირებული ქართული ტერიტორიები.

***
და მაინც, არ ვიღლები გავიმეორო: „08.08.08 საქართველოს გადარჩენილი თავისუფლება და ღირსებაა. ეს თავისუფლება კი თანაბრად ეკუთვნის აფხაზსაც და ოსსაც“. ოდესმე, და ეს ოდესმე იქნება მალე, ისინი მიხვდებიან, რომ ნაურუს აღიარება სრულებითაც არ არის თავისუფლება და იმასაც, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არათუ განვითარება, არამედ არსებობაც კი შეუძლებელია კრემლში შეკერილი ჩექმის ქვეშ.

გოჩა მირცხულავა

 

დატოვეთ კომენტარი