რატომ გაქრა ქუთაისის გასართობი ადგილების სიიდან კაფე-კინო „ბრაზერსი“

ქუთაისში პირველი 3D კინოთეატრი 2015 წელს გაიხსნა. პუშკინის #10-ში კაფემ და კინომ, სახელწოდებით „ბრაზერსი“, რამდენიმე წელი იარსება.

ბიზნესმენებმა ლევან ჭავჭანიძემ და თორნიკე მჭედლიძემ გადაწყვიტეს, ქალაქის ისტორიულ უბანში მცირედარბაზიანი კინოთეატრი მოეწყოთ. იდეის განსახორციელებლად მათ სესხი გამოიტანეს და გაურემონტებელ ფართში, როგორც თავად ამბობენ, ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. მაყურებელს 3D ფორმატის ფილმებისა და კინოპრემიერების ნახვა შეეძლოთ. როგორც კინოთეატრის დამფუძნებლები ამბობენ, თავდაპირველად აქტივობა დიდი იყო, მაგრამ მალევე მინელდა. ამას გარდა, ბიზნესმენებს პრობლემები ლარის გაუფასურებამაც შეუქმნა. დამწყები ბიზნესმენები სესხის დაფარვას კინოთეატრიდან შემოსული თანხით ვეღარ ახერხებდნენ. მიუხედავად პრობლემებისა, დიდი მოტივაციით აგრძელებდნენ სხვადასხვა აქტივობას კინოს შესანარჩუნებლად. შეეცადნენ, ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც მიეღოთ. ლევანმა და თორნიკემ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც მოიცავდა ქუთაისში საერთაშორისო, მოკლემეტრაჟიანი კინოფესტივალის ჩატარებას. პროექტის საპრიზო ფონდი 5-6 ათას ლარს მოიცავდა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მათი იდეა ქალაქის მერმა მოიწონა, თუმცა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა, მირანდა კუპრაძემ, დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
როგორც ლევან ჭავჭანიძე ამბობს, პროექტი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი“, მოიცავდა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიან კინოფესტივალს, რომელიც სხვადასხვა ქალაქში ხშირად ეწყობა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ლევან ჭავჭანიძე _ ბიზნესმენი, კაფე-კინო „ბრაზერსის“ მფლობელი:
„როდესაც პროექტი ქალაქის მერს წარვუდგინეთ, დიდი მოწონება და ინტერესი გამოთქვა. ჩვენც იმედი მოგვეცა. განცხადების წარსადგენად მერიის კულტურის განყოფილების სამსახურის უფროსთან, მირანდა კუპრავასთან მივედით. მან პროექტის დაფინანსებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, „უკინოო ქალაქში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება შეუძლებელია. ეს არგუმენტი ძალიან სუსტია, ვინაიდან არსებობს მაგალითები იმისა, რომ ქალაქებში, სადაც კინო არ არის, მსგავსი ფესტივალი ბევრჯერ ჩატარებულა და საკმაოდ წარმატებულადაც. ქალბატონმა მირანდამ განაცხადა, ეს პროექტი როგორ დავაფინანსო, როცა ქალაქის მერმა ჩემს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე უარი განმიცხადაო. პროექტი რომ გავაცანით, მან და მისმა თანამშრომელმა სიცილი დაიწყეს“.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სამსახურის ყოფილი უფროსი, მირანდა კუპრავა, ადასტურებს, რომ პროექტი არ მოეწონა, თუმცა ამბობს, გადაწყვეტილების მიმღები თვითონ არ იყო:
„მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ასე ნამდვილად არ მუშაობს კულტურის სამსახური. ჩემს ზემოთ უამრავი ადამიანია, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ნომინალური განყოფილების უფროსი მქვია, ვინაიდან არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია. რაც შეეხება პროექტს, დიდი განხილვა არ სჭირდებოდა, არ იყო საინტერესო. მე ვთქვი, ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პროექტს არ დავაფინანსებდი, თუმცა გადაწვეტილება მე არ მიმიღია. ჯერ ერთი, პროექტის ვადები იმთავითვე იყო არასერიოზული. ეს რომ იყოს ლოკალური, რეგიონული ფესტივალი, გასაგებია, თუმცა საერთაშორისოზე რომ გაქვს პრეტენზია, ამისთვის შესაბამისად მომზადებული უნდა იყო. საერთაშორისო პროექტი ერთ თვეში? _ სასაცილოა“.
ხელშეწყობის არარსებობისა და ფინანსური პრობლემების გამო 2017 წელს კაფე-კინო „ბრაზერსი“ დაიხურა, რაც დამწყები ბიზნესმენებისთვის იმედგაცრუების მიზეზი გახდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფასები იყო, ბევრჯერ გვქონდა საპრემიერო ფილმები, 3D ჩვენებები, არ ისურვეს, ქალაქში კინოთეატრი შეენარჩუნებინათ. ადამიანებმა, რომელთაც შეეძლოთ, ხელი შეეწყოოთ მცირე ზომის კინოდარბაზი შეენარჩუნებინათ, უარი თქვეს ამაზე. არც საზოგადოების და არც მერიის არანაირი მხარდაჭერა არ გვიგრძნია. ქუთაისში ნორმალური ქსელი ბიზნესს არ ფლობს. ადგილობრივებისთვის ჭამა-სმა და ჩასაცმელია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ქალაქში ინვესტიციას აღარასდროს განვახორციელებთ“, _ ამბობდა მაშინ ლევან ჭავჭანიძე.

მოგვიანებით, „ბრაზერსის“ ყოფილმა მფლობელებმა ქალაქის მერიის კულტურის სამსახური კინოფესტივალის იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს.
„შეიძლება, ჩემი პასუხი დაგვიანებულიცაა და საჯარო მოხელისთვის, ალბათ, ზედმეტად ემოციურიც, მაგრამ ვფიქრობ, მაინც აუცილებელი“, – აღნიშნავდა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ლევან ჭავჭანიძის ბრალდების საპასუხოდ ფეისბუკპოსტში.

კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი _ თამთა თურმანიძე წერდა:
„ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე დიდი დასჯა, როდესაც მასში, მის არსში ვინმე ეჭვს შეიტანს, ცილს დასწამებს და უსამართლო ბრალდებას წაუყენებს.
დაგვიანებული კი იმიტომ არის ჩემი პასუხი, რომ ჩემთვის გარკვეული მორალური საზღვრები არსებობს, რომლის იქითაც არაფრით არ გადავალ. ვიცი, რომ პატივი უნდა ვცე იმ უწყებას და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ და ჩემი რაიმე ზედმეტი აქტივობით არავის ვავნო. მაგრამ ახლა როდესაც საქმე ჩემს ღირსებას და პროფესიულ რეპუტაციას ეხება, ეს ახსნა-განმარტება უნდა გავაკეთო, არა როგორც საჯარო მოხელემ, არამედ როგორც პიროვნებამ.
ამ დღეებში იწერებოდა, თითქოს, მე ლევან ჭავჭანიძის პროექტი მოვიპარე. მართალი გითხრათ, იქვე გამიჩნდა სურვილი სასამართლოში მეჩივლა საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ცილისწამებისა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენებისთვის (მით უმეტეს, ლევანის პირადი გვერდი და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემული კომენტარები ნამდვილად იძლეოდა ამის საშუალებას), მაგრამ თავი შევიკავე, ჯერ ერთი, რომ საერთოდ ვერ ვიტან მომჩივან ხალხს და თან რაღაცნაირად მაინც თანავუგრძნობდი ლევანს, სადღაც მესმოდა კიდეც მისი, რომ არ გაამართლა მისმა წამოწყებამ, იმედგაცრუებულია და შესაბამისად, ალბათ, ყველგან და ყველაფერში დამნაშავეს ეძებს. თან საკუთარ თავსაც ვარწმუნებდი, რომ „კინოშნიკი“ არ შეიძლება, ცუდი ტიპი იყოს, ალბათ, შეეშალა და მიხვდება ამას-მეთქი. მაგრამ ახლა უკვე ისეთი არაჯანსაღი ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა, რომ ლევან ჭავჭანიძეს ნამდვილად ვუჩივლებ, ოღონდ არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორც კერძო პირი! ერთხელ ხომ მაინც უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში პრეცედენტი იმისა, რომ არავის აქვს უფლება, დაუმსახურებლად და დაუსჯელად ცილი დასწამოს ადამიანს და სახალხოდ შეურცხყოფა მიაყენოს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მეორეს ეს ყბადაღებული თმენის ვალდებულება აქვს.
მაგრამ ემოციებს შევეშვათ და ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ:
1) მერიაში ისევე, როგორც ნებისმიერ საჯარო სტრუქტურაში, არსებობს ელექტრონული საქმეთწარმოების სისტემა, შესაბამისად, იქ ზუსტად ჩანს დოკუმენტის მოძრაობა, ვის დაეწერა და ვინ იყო პასუხისმგებელი მასზე. ის პროექტი, რომელიც არა ლევან ჭავჭანიძის, არამედ თორნიკე მჭედლიძის სახელით იყო შემოტანილი 2016 წლის 8 სექტემბერს, ჩემამდე საერთოდ არ მოსულა დოკუმენტაციის სახით, რისი გადამოწმებაც ძალიან იოლია. მას მხოლოდ ახლა გავეცანი და ვასაჯაროებ კიდეც.
თავის განცხადებებში ლევანი არაერთხელ ამბობს, რომ თითქოს თარიღიც კი ემთხვევა, (ტელეკომპანია „მეგა ტივის“ სიუჟეტში პროექტის პირველ გვერდსაც ასაჯაროებს, სადაც ღონისძიების გამართვის თარიღად 20-30 ნოემბერი წერია, რაც შეგიძლიათ მერიაში რეალურად შემოსულ პროექტს შეადაროთ). ამ დოკუმენტიდან კი ჩანს, რომ ისინი 1-10 დეკემბერს გეგმავდნენ მის გამართვას. დანართი კი, რომელიც განცხადებას თან ახლავს, არ არის საპროექტო განაცხადი, ეს არის აქტივობების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნივერსალურია ნებისმიერი მსგავსი ხასიათის ღონისძიებისთვის და არა კონკრეტული პროგრამა და, შესაბამისად, არავითარ „მოსაპარ“ ინფორმაციას არ შეიცავს. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვთავაზობ, შეადაროს ამ ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი 16-19 ნოემბერს ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიების პროგრამას;
2) ერთადერთი და მთავარი უხერხულობა სახელის დამთხვევაა, თუმცა ამასაც აქვს თავისი მიზეზი, რადგან ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქუთაისელი ადამიანისთვის თეთრი ხიდი, პიკასოს ბიჭი და კინო ერთმანეთთან ასოცირდებოდეს. ეს ყველაზე მარტივი და ლოგიკურია;
3) თუ ზოგადად ფესტივალის გამართვის იდეა მიაჩნია, რომ ექსკლუზიურად მას ეკუთვნის ქუთაისში, ამაშიც ვერ დავეთანხმები და მგონი, ვერავინ შემედავება, რომ ერთ ქალაქში შეიძლება რამდენიმე ფესტივალი არსებობდეს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გაუჩნდება ეს იდეა პირველად. ან განა ასეთი გასაკვირია, რომ კინომცოდნეს საკუთარ ქალაქში კინოფესტივალის დაფუძნება უნდოდეს?
4) ეს არგუმენტი კი უკვე ბევრჯერ მოვიყვანე, რომ 2015 წელს კულტურის ბიუჯეტში უკვე იდო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც, სამწუხაროდ, არ განხორციელდა. ჩემი სიტყვების სიმართლის დასამტკიცებლად თან ვურთავ 2015 წლის ბიუჯეტს.
არ განხორციელდა კი იმიტომ, რომ ფესტივალის ჩატარება, მით უმეტეს საერთაშორისო მასშტაბით, კინოსფეროს დიდ ცოდნას, გამოცდილებას, პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს და სერიოზული მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც შევხვდით ასეთი ენთუზიაზმით ეროვნული კინოცენტრის შემოთავაზებას ერთობლივი ღონისძიების შესახებ. მით უმეტეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თავიდანვე კვლავ ჩაისვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
და რაც მთავარია, მინდა ვუსურვო ქუთაისს, რაც შეიძლება მეტი საინტერესო კინოღონისძიების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ განვითარებას და ქუთაისს კინოს დაუბრუნებს. უბრალოდ, ძალიან გულსაწყვეტია, რომ მარადიული ქართული „არა მე, არა ჩემიას“ ძახილში ქალაქი კიდევ ერთ კარგ ღონისძიებას დაკარგავს, ალბათ. ძალიან ვწუხვარ! ლევანს კი სასამართლოში ველოდები!“

აღნიშნული ბრალდების შემდეგ კაფე-კინო „ბრაზერსის“ ყოფილმა მფლობელებმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ამბავი გაასაჯაროვეს _ ლევან ჭავჭანიძე რამდენიმე თვეა, საკუთარ ფეისბუქზე ავრცელებს ვიდეოებსა და სტატუსებს, სადაც ის ამბობს, რომ მისი ბიზნესი მიიტაცეს:
„მეგობრებო, დღეიდან ვაპირებ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ვებრძოლო უსამართლობას, უსამართლო სასამართლოს და არაადამიანთა მთელს ჯგუფს“, _ წერს ლევან ჭავჭანიძე „ლაივ“ ვიდეოს სათაურად. ვიდეო 5 ივნისით თარიღდება:
„ჩვენი ბიზნესი, კაფე-კინო ბრაზერსი წართმეულია. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს დახმარებისაკენ. მინდა, ყველამ იცოდეს ის ადამიანები, რომლებმაც ბიზნესი წაგვართვეს. შპს კაფე-კინო „ბრაზერსი“ წაგვართვა დავით ლინჩიკმა, რომელიც თბილისის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის იურისტად მუშაობს, ასევე ამ ამბავში მონაწილეობდნენ უჩა (უშანგი) ჯანელიძე, ნათია მიქაცაძე. მოსამართლემ უკვე მერამდენედ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. დავით ლინჩიკი ჩაერია საგამოძიებო ორგანოების მუშაობაში, ასევე პროკურატურის მუშაობაში. მან ჩაფარცხა მისი ოჯახის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე თავისი საახლობლო წრის გამოყენებით. ამ ბრძოლაში მარტო ვართ და დახმარებას ვითხოვთ. ორი წლის მანძილზე მოსამართლეს უკანონოდ ჰქონდა ჩვენი ქონება ყადაღადადებული. ამ დროის მანძილზე დავით ლინჩიკი ფართს იყენებდა. ამის შედეგად მათ ასიათასობით ლარი იშოვეს. რამდენიმე თვეში ფართს აუქციონზე გაიტანენ და გაყიდიან. ორი წლის მანძილზე ლინჩიკი იყენებდა ჩემს ნივთებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ნივთების გატანას ნეიტრალურ ადგილზე, რომ არ ჰქონოდა ცვეთა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ლინჩიკი და მისი „მეგობრები“ 11-ათას ლარიან დავალიანებას გვედავებოდნენ. ეს თანხა ხელოვნურად გაბერეს. თუკი ის ნივთები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ, იქნებოდა პირვანდელ მდგომარეობაში, ჩვენ ყველაფერს გავყიდდით და აღნიშნულ თანხას გავისტუმრებდით. დღესდღეობით ეს ქონება და ნივთები აღარ ღირს 11 ათასი, შესაბამისად, ვალსაც ვერ დავფარავთ. დიდი ალბათობით, ფართის შემსყიდველი იქნება ლინჩიკის ახლობელი, ნათესავი, რომელიც იაფად შეიძენს ქონებას და ჩვენ არაფერი დაგვრჩება, ისევ და ისევ, დავალიანების გარდა“.

ლევან ჭავჭანიძე ამჟამად ემიგრაციაშია. როგორც იგი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვალების გამო გადაწყვიტა:
„2015 წელს ობიექტი ექვსწლიანი იჯარით, ხელშეკრულების საფუძველზე ავიღეთ. დავით ლინჩიკი მაშინაც თბილისის მერიის ა(ა)იპ-ის იურისტი იყო. მაშინ ეს ფართი მის ძმას ეკუთვნოდა. ხელშეკრულება სწორედ ამ ადამიანთან გავაფორმეთ. დავიწყეთ ნულიდან: ცარიელი კედლები გავაკეთეთ, შევიტანეთ ავეჯი, დანადგარები. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ნებისმიერი ფინანსური ჩავარდნის დროს ეს პირი ხელს გვიწყობდა. მოგვიანებით, გავიგეთ, რომ ლინჩიკებმა ფართი საკუთარ დედაზე _ მარინა მოდებაძეზე გადააფორმეს. ამით მთელი პასუხისმგებლობა ქალბატონზე გადავიდა. ეს ამბავი არღვევდა ხელშეკრულების პუნქტებს. მოგვიანებით, დოლარის კურსის ცვლილებამ გარკვეული ფინანსური პრობლემები მოგვიტანა. მაშინ ფართის მფლობელი ცდილობდა, ჩვენთვის ხელი შეეწყო. ამის გამო ორი წლის მანძილზე 7 ათას ლარამდე დავალიანება დაგვიგროვდა. ამ დავალიანების შესახებ მფლობელმა იცოდა და სიტყვიერად გვეუბნებოდა, რომ ფულს აღარ მოგვთხოვდა. როდესაც მუშაობა შევწყიტეთ და ობიექტის გაქირავება გადავწყვიტეთ, პრობლემებიც დაიწყო. ლინჩიკებმა შემოგვთავაზეს, დროულად დაგვეტოვებინა ფართი და ექვსწლიანი ხელშეკრულება ოთხ წლამდე დაგვეყვანა, თუმცა ამაზე უარი ვთქვით და ფართის მოქირავნის ძებნა გავაგრძელეთ. ქვემეიჯარე მალე ვიპოვეთ და მასთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის ზრუნვა დავიწყეთ. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მოქირავნე _ უშანგი ჯანელიძე _ მთელ რიგ საკითხებს არა ჩვენთან, არამედ ლინჩიკებთან ათანხმებდა. რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მე მალევე წამოვედი ემიგრაციაში. ფართი ორი წლით გავაქირავეთ, თუმცა მოქირავნე, იმ მიზეზით, რომ შემოსავალი არ ჰქონდა, თანხას ვერ გვიხდიდა. ამ მიზეზის გამო მთელი ქონება დაგვიყადაღეს. დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი _ მოქირავნეს უნდა დაეტოვებინა ფართი. მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. ამასობაში ჯანელიძეს ჩვენთან 6 ათასი ლარის დავალიანება დაუგროვდა. დასალუქად მისულ სააღსრულებო პოლიციას ფართზე მარინა მოდებაძე დახვდა. მოდებაძემ განაცხადა, რომ აღსრულების პოლიციას ფართში ვერ შეუშვებდა. აღმასრულებელმა ადგილზე პატრული გამოიძახა და ამის შემდეგ საქმე გამოსაძიებლად, პროკურატურას გადაეცა. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, საქმე ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებას გაუგზავნეს . პოლიციაში მხოლოდ მარინე მოდებაძე დაიკითხა. მან განაცხადა, რომ აღმასრულებლისთვის ხელი არ შეუშლია და, უბრალოდ, გასაღები თან არ ჰქონდა. პოლიციას არ დაუკითხავს აღმასრულებელი, არც სხვა პირი _ ნათია მიქაცაძე, უშანგი ჯანელიძე, მე და ჩემი პარტნიორი. საქმე დაიხურა და ჩვენ ისევ ჰაერში დავრჩით. ამჯერად სასამართლო იმ ვალს გვედავება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ქონება დაყადაღებულია, ის თანხა კი, რომელიც ჯანელიძისგან გვეკუთვნოდა, საერთოდ გაქრა“.

თორნიკე მჭედლიძე _ კაფე-კინო „ბრაზერსის“ მეორე მფლობელი:
„ვფიქრობ, უშანგი ჯანელიძეც ლინჩიკებმა მოგვიგზავნეს. თუკი ჯანელიძეს ჩვენთან ქირის თანხის გადახდის პრობლემა ჰქონდა, ჩვენი საქმიდან გასვლის შემდეგ მან მშვიდად გააგრძელა მუშაობა და დღემდე მუშაობს“.

„ქრონიკა+“ მეორე მხარეს _ უშანგი ჯანელიძეს დაუკავშირდა:
„აბსურდულია ყველაფერი. ლინჩიკს და მეორე მხარეს დავა აქვთ ერთმანეთში. ყველაფერს სასამართლოში არკვევენ და მე თუ მეკითხებით, წავართვი თუ არა ვინმეს რამე, ეს, უბრალოდ, ერთი ადამიანის ნაბოდვარია“.

იქ, სადაც რამდენიმე წლის წინ 3D კინოთეატრი იყო, ახლა კაფე „B 12“ ფუნქციონირებს, რომელიც უშანგი ჯანელიძეს ეკუთვნის. ლინჩიკის, ჭავჭანიძისა და მჭედლიძის დავას კი დღემდე სასამართლო არკვევს.

შორენა ლაღაძე