ნეპოტიზმისა და კორუფციის სკანდალური ფაქტები თვითმმართველობებში

თემა, რომელზედაც დღეს „ქრონიკა+“ აპირებს საუბარს, შესაძლოა, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნილად მოგეჩვენოთ, არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული თვითმმართველობებია, რომელიც საქმეში ჩახედულთ თანამედროვე ფეოდალიზმს მოაგონებთ, ანუ „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, დუშეთის რაიონის სათემო კავშირების ასოციაციის (სკა) თავმჯდომარე გიორგი ბედოშვილი ღიად და პირდაპირ ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ქვეშევრდომული დამოკიდებულება აქვთ.

ამას გარდა, წინამდებარე ინტერვიუდან იმის შესახებაც შეიტყობთ, თუ როგორ ართმევს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ადგილობრივ მოსახლეობას უმთავრეს რესურსს და იმის ნაცვლად, რომ, მაგალითად, ლარის გამყარებაზე ზრუნავდეს, სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირად კეთილდღეობას იწყობს. ასევე გიორგი ბადაშვილი ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც გვიყვება, კერძოდ: დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე დემოგრაფიულად დაცლილ სოფელ ახალი ოსებისთვის სახელის შეცვლაზე გაურკვეველი მოტივით ამბობს უარს. არადა, ეს სოფელი ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება და იმ დროს, როცა ახალგორი რუსების მიერაა ოკუპირებული, რუსებისა და ოსი სეპარატისტებისთვის სოფლის სახელმა შესაძლოა, გარკვეული ოკუპანტური ვნებები აღძრას.

_ დღეს თვითმმართველობაში მთავარი პრობლემა რა არის?
_ პრობლემა უამრავია, დაწყებული ხარვეზიანი კანონმდებლობით, დასრულებული მისი აღსრულების მექანიზმებით, მაგრამ მთავარი მაინც ინსტიტუციისადმი ცნობიერი დამოკიდებულებაა, თუ რას წარმოადგენს და რა ფუნქცია გვაკისრია თვითმმართველობის განხორციელებაში. სამწუხაროდ, მხოლოდ იმ ადამიანებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც თვითმმართველ ერთეულებში ცხოვრობენ და მუნიციპალური ხელისუფლების საქმიანობის შედეგებს საკუთარ თავზე აღიქვამენ, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებზეც, რომლებიც აღმასრულებელ თუ წარმომადგენლობით ორგანოებში სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების სახეები არიან _ თვითმმართველობის განხორციელება პირდაპირ მათ კომპეტენციასაც განეკუთვნება.
ზოგადად, თვითმმართველობა, როგორც ადმინისტრირების ინსტიტუციური წარმონაქმნი, ქართული ცნობიერებისთვის უცხო ნამდვილად არაა. ილია ჭავჭავაძე „საერთო ნიადაგის თეორიაში“ ქვეყნის მოწყობის საკითხებსა და კომლზე დაფუძნებულ ხოდაბუნურ მეურნეობებს ეხება, რაც სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე გაგების ადმინისტრაციული ერთეულები.
უფრო შორს რომ წავიდეთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ, ისტორიულად, ქვეყანა საომარ ყაიდაზე გვქონდა მოწყობილი. თითოეულ რეგიონს ერისთავი მართავდა, რომელსაც, თავის მხრივ, საკუთარ იერარქიაში მყოფი თავადები ემორჩილებოდნენ და ასეთი ადმინისტრირება მონარქიული საქართველოს თვითმმართველობის ფორმა გახლდათ.
დამოუკიდებელმა საქართველომ ევროპული თვითმმართველობის კუთხით პირველი ნაბიჯები კი 1998 წელს, მუნიციპალური წარმომადგენლობითი ორგანოს, ანუ საკრებულოს არჩევნებით გადადგა. ეს ნაბიჯი განპირობებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაციითა და მმართველობის ისეთი დემოკრატიული ინსტიტუციის შემოტანით, რომელიც ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა, თუმცა მას შემდეგ „ვბუქსაობთ“ და ფასადური ცვლილებების მიუხედავად, შინაარსობრივად დიდად წინ ვერ წავედით, რადგან ყველაზე მთავარი _ რეალური თვითმმართველობის ფუნქცია _ კონსტიტუციურ სურვილსა და საკანონმდებლო შესაძლებლობას შორისაა დაკარგული.
_ რას გულისხმობთ?
_ ცენტრალური ხელისუფლება არ თმობს მართვის სადავეებს და, შესაბამისად, მუნიციპალური პოლიტიკური ელფერი ცენტრალური ხელისუფლების სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენს.
_ თქვენი აზრით, ხელისუფლება რატომ გაურბის, რომ ტერიტორიულ ერთეულებს რეალური თვითმმართველობა მისცეს?
_ ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ფაქტორი, ანუ პოლიტიკური კონტროლია მუნიციპალიტეტზე, რაც, საბოლოო ჯამში, ყველა ხელისუფლების საარჩევნო შედეგზე პრაგმატულ გათვლას წარმოადგენდა და წარმოადგენს. შორს რომ არ წავიდეთ, გადავხედოთ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა პოლიტიკურ კუთვნილებას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელია. არც ის დავივიწყოთ, რომ მაჟორიტარული ხმები, ელექტორალურად, პროპორციული ხმების ადეკვატურია და ამიტომაც ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესზე მორგებულ პაზლს ვიღებთ.
ამ მხრივ საყოველთაო პროპორციული არჩევნებისა და მაჟორიტარიზმის გაუქმების დაპირება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ საკითხზე მოსახლეობის მიმართ პირობის მიმცემს, სამწუხაროდ, იგი არაერთხელ დაურღვევია.
ამასთან, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც, ანუ რეალური თვითმმართველობა საკუთარ თავში ეკონომიკური დეცენტრალიზაციის ელემენტსაც გულისხმობს. ერთი მხრივ, თითქოს ცენტრალური ბიუჯეტი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სუბსიდირებას საჭიროებისამებრ ახდენს, მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული უძრავი ქონების უდიდეს ნაწილს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით, თავადვე აკონტროლებს. ასეთი მიდგომა კი ხელს უშლის არა მხოლოდ თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის განვითარებას, არამედ, აფერხებს მუნიციპალურ განვითარებასაც ეკონომიკური თვალსაზრისით.
ეკონომიკის სამინისტროს ისე შეუძლია განკარგოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, რომ მიღებული გადაწყვეტილებაზე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულებით არც კი დაინტერესდეს.
_ კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?
_ დიახ, შემიძლია. არაერთი მაგალითი გვიხილავს საქართველოს მასშტაბით, თუ როგორ აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ჰექტრობით ამ სოფელთან აბსოლუტურად შემხებლობაში არმქონე პირებზე გასხვისებას. სხვათა შორის, ეს პირები ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ხოლმე. არადა, მეორე მხრივ, სახელმწიფო „ზრუნავს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე. საინტერესოა, ადგილზე კოოპერატიული ფერმერული მეურნეობა როგორ უნდა განვითარდეს, როცა ცენტრალური ხელისუფლება ისედაც მცირემიწიანი მთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფონდიდან უმთავრეს რესურსს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს?
ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ნათლად ასახავს ცენტრალური ხელისუფლებისგან დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისადმი გამოხატულ კვაზიდამოკიდებულებას. კერძოდ, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ზემოუბანი არსებობს, სადაც გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი, კომუნისტების მიერ დანგრეული ქვითკირის ტაძარი სახელმწიფოსგან ყურადღებას საჭიროებს. ამ ტაძარს, საწყის ეტაპზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მაინც უნდა მიენიჭოს, მაგრამ იცით, რა ხდება? _ მოდის ამ ტერიტორიაზე მცირე ხნის წინ დარეგისტრირებული შპს „მაუნთგრაუნდი“, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელზედაც ფორმალურად 15-წლიანი იჯარის ხელშეკრულება აქვს და ღობეს ავლებს. ამასთან, ისე სკრუპულოზურად უდგება მრავალწლოვანი მცენარეების დარგვის საკითხს, როგორც მესაკუთრე. აქედან ცხადია, რომ ეს გეგმა 15-წლიან სარგებლობაზე არაა გათვლილი, რადგან სრულ მსხმოიარობას, მაგალითად, ნუში და კაკალი მექვსე-მერვე წელს იძლევა.
ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამ შპს-ს 31% წილის მფლობელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუაა.
ვსვამ რიტორიკულ კითხვას: ბატონი მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მოხელის რანგში ლარის კურსის გამყარებაზე უნდა ზრუნავდეს თუ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმთავრესი რესურსის წართმევით, საკუთარ კეთილდღეობაზე?
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა არაერთია, რაც მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობის ხარისხსა და შესაძლებლობებს.
_ ბატონო გიორგი, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის მაინც რა სიკეთის მომტანია?
_ პროცესზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ შეუძლებელია, თვითმმართველობა რეალური და შედეგიანი სამოქალაქო სექტორის, ანუ მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე იყოს. შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობა სამოქალაქო სექტორის მხრიდან კონკრეტულ საკითხებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების განხორციელებას ნიშნავს ფორმულით _ მოქალაქეებისთვის, მოქალაქეებთან ერთად და მოქალაქეების მეშვეობით.
ბოლო დროს სამოქალაქო აქტივიზმის ისეთი ევროპული პლატფორმაა აქტიური, რომელიც ე. წ. LEADER-ის სახელით იკიდებს ფეხს, შესაბამისად, აქა-იქ ლოკალური განვითარების ჯგუფები და ადგილობრივი განვითარების კონცეფციებიც იქმნება, სადაც ასახულია არა მხოლოდ ლოკალური შესაძლებლობები, არამედ ადგილობრივ მკვიდრთა ჩართულობის მექანიზმებიც, მაგრამ არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან მიმართებით, ყველაფერი ეს ზღვაში წვეთია.
მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, როგორც თვითმმართველობის განმხორციელებელი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, საზოგადოებრივად პროდუქტიულები მაშინ გახდებიან, როცა სახელმწიფოს მხრიდან დეცენტრალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო სიღრმისეული ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ბუტაფორიული არსებობის ნებას რთავს, მაგრამ ცხადია, თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ყველაზე დაბალი მმართველობითი რგოლი, ადმინისტრაციული ერთეულების სახით, თავს ვერ ართმევს იმ გამოწვევებს, როგორიცაა, მაგალითად: კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურა, ურბანული საკითხები, სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი, მძიმე სოციალური გარემო, კულტურული განუვითარებლობა, ყოფითი პირობების მინიმალიზაცია, სახელმწიფო სერვისებზე დაბალი წვდომა, დემოგრაფიული რეგრესი და ა. შ.,. ყველაფერი ეს კი შეუქცევად მიგრაციასა და სოფლების დაცარიელებას განაპირობებს.
ასე რომ, თქვენს კითხვაზე პასუხი ცალსახაა: რეალური თვითმმართველობა ჩემ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს თუ არ მოაგვარებს, მკვეთრად შემოატრიალებს მაინც.
_ მოჩვენებითი თვითმმართველობა დემოკრატიის განვითარებასაც ხომ არ აფერხებს?
_ როგორც ფორმალური მმართველობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ასევე მოჩვენებითი თვითმმართველობაც მუნიციპალური განუვითარებლობის მთავარი საფრთხეა. დემოკრატიის მთავარი ფასეულობა ხომ ხალხის მმართველობაა, იმ ხალხის, რომელიც ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს. თუ ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის სრულად ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, დემოკრატიის მთავარი ფასეულობა, ანუ ხალხი, თავისთავად იგნორირდება!
აი, მოჩვენებითი თვითმმართველობის, დემოკრატიული თუ კონსტიტუციური პრინციპების გაუთვალისწინებლობისა და არაკომპეტენტურობის ერთი მაგალითი: კლასიკური გაგებით, დემოკრატია კანონის უზენაესობაა, რომელიც ვრცელდება ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში. ამავე დროს, რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სამართლებრივად ასახულია კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ დროს დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებობს დემოგრაფიულად დაცლილი სოფელი _ „ახალი ოსები“, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის გავლენით დარქმეული ტოპონიმია. ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარეს, ოფიციალურადაც მივმართე ტოპონიმის ცვლილების მოთხოვნით, ასევე ვესაუბრე ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატს, სხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ფაქტია, ერთი წლის განმავლობაში ადვოკატირების ჩემმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა.
_ რატომ?
_ საკრებულოს თავმჯდომარემ ოფიციალურად მომწერა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1% ან საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტიაო. მოკლედ, ვსვამ შეკითხვას: საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრი არაა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტი ან დემოკრატიულ ფასეულობათა დაცვა არ უნდა აფიქრებდეს?
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ ოსებთან საწინააღმდეგო, ცხადია, არაფერი მაქვს, პირიქით, ბევრ მათგანთან ვმეგობრობ, მაგრამ აქ საუბარი სახელმწიფოებრივი პოზიციების გაზიარებაზეა. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტი 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და დე ფაქტო ცხინვალის კონტროლს არის დაქვემდებარებული, დუშეთის მუნიციპალიტეტი კი ადმინისტრაციულად ესაზღვრება რეგიონს, სადაც ოსური სეპარატიზმი მძვინვარებს. საუბარია მჭადიჯვრის, გრემისხევის, ანანურის, ჭართლისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებზე, მათ გადაღმა კი რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. ამ ბაზებიდან და ცხინვალის რეგიონიდან სეპარატისტები, ასე ვთქვათ, შეყვარებულის თვალებით არ გვიყურებენ. ასე რომ, ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია სრულებით გაუგებარია.
_ ყველაფერ ამის გარდა, თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც ცნობილია, გამჭვირვალობაა. ბატონო გიორგი, თქვენი დაკვირვებით, მუნიციპალიტეტები ინფორმაციის დამალვას რატომ ცდილობენ?
_ ამის მიზეზი, ალბათ, არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფციაა, რაც, ადრე თუ გვიან, თვალში საცემი მაინც ხდება. მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასა თუ ბიუჯეტის განკარგვაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაინტერესებულნი არიან, რომ საკუთარი ბნელი მხარეები დაფარონ და პოზიციონირებას შედარებით ნათელი მხრიდან ეცადონ.
_ ე. ი., თვითმმართველობებში კორუფციის დონე მაღალია?
_ თუ ვიტყვით, კორუფცია არ არსებობსო, მაშინ გამოდის, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება რეალობას აშკარად აცდენილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვიტყვით, რომ კორუფცია არსებობს, მაშინ კითხვის ნიშნები სამართალდამცველი ორგანოების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და, გარკვეული თვალსაზრისით, თანამონაწილეობის მიმართულებითაც კი ჩნდება.
აი, მაგალითად, 2017 წლამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას ბატონი გიზო ჩოხელი ახორციელებდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ეს თანხები კი „შთამბეჭდავად“ გამოიყურება. შედეგი? _ არანაირი, რადგან აუდიტის დასკვნას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს, პროკურატურა კი დუმს. ახლა, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დოკუმენტი, რომელიც ჩემთვისაა ხელმისაწვდომი, პროკურატურისთვის დაფარული იქნება?
დიახ, თვითმმართველობა კორუფციაში იხრჩობა და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა _ სრული განუვითარებლობა!
_ სუსტი თვითმმართველობა გაცილებით ადვილი სამართავია და ყველაფერ იმაზე, რაზედაც თქვენ საუბრობთ, ხელისუფლება, ალბათ, ამიტომ ხუჭავს თვალს.
_ ასეთი მიდგომა, ინსტიტუციური თვალსაზრისით, ნონსენსია, მაგრამ ჩვენი ვითარებიდან გამომდინარე, მწარე რეალობაა! ინსტიტუციურად რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების კვეთის ადგილია, სადაც რეგიონის განვითარების საკითხები უნდა იხილებოდეს. რეალურად კი ძნელად წარმოსადგენია, რომ დღევანდელი თვითმმართველობის პირობებში ვინმე შეიძლება, ზემოდან წამოსული პოლიტიკური დირექტივის წინააღმდეგ წავიდეს. მეტიც, მექმნება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალური პოლიტიკური ელიტების დიდი ნაწილი პოლიტიკურ „ბოტებს“ წარმოადგენს, რომელთაც ერთადერთი ფუნქცია აქვთ _ უსიტყვო მორჩილება.
ცენტრისადმი უსიტყვოდ მორჩილი ადგილობრივი ხელისუფალი ცუდი ხელისუფალია, რომელიც ვერასოდეს შეძლებს მოქალაქეთა მოთხოვნებისა და მუნიციპალური შესაძლებლობების თანხვედრას.
მოკლედ, სუსტი თვითმმართველობა ადვილი სამართავია, მაგრამ თან ნეგატიური შედეგი _ სისტემის ლპობა ახლავს!
_ ბატონო გიორგი, დუშეთის მუნიციპალიტეტი მთის რეგიონია. მთის კანონიც, ასე თუ ისე, მოქმედებს, მაგრამ მოსახლეობა მაინც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამაში დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლებაა თუ ცენტრალური და საერთოდ, რა არის დღეს მთის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა?
_ ძნელია, პრობლემათა ის ჩამონათვალი, რომელიც მთაში არსებობს, ერთი სიტყვაში ჩავატიო.
ცენტრალურ ხელისუფლებას სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი აქვს, შესაბამისად, ყველაფერზე პასუხისმგებლობაც მას მოუწევს. მთის კანონი შესანიშნავი ნოვაციაა, მაგრამ მასში ასახული შეღავათები იმდენად სასაცილოა, რომ შინაარსობრივად ხელისუფლების უფრო ცუდი რეკლამაა, ვიდრე მის მიერ დაწესებული მამოტივირებელი საშეღავათო გარემო.
ალპებში, როცა შვეიცარიის მთავრობამ დემოგრაფიული პრობლემა დაინახა, მოსახლეობას 2 ევროდ, იქ მუდმივი ცხოვრების სანაცვლოდ, ისეთი სახლები შესთავაზა, როგორშიც ჩვენი უამრავი კორუმპირებული ჩინოვნიკი სიამოვნებით იცხოვრებდა.
ჩვენ კი გვინდა, მთაში მუდმივი მოსახლე შპს-ს საგადასახადო შეღავათით შევაჩეროთ. ისე, მთის სოფლებში ბევრი შპს გეგულებათ? ან შვება მთის სტატუსის შეღავათია?
მთაში ხალხი გაჭირვებულად ცხოვრობს, მით უფრო ის, ვისაც დიდ დასახლებულ პუნქტებთან სტაბილური შეხება არ აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები არაეფექტიანად მუშაობს და მისი სარგებელი ხალხისთვის გაურკვეველია.
ისე, სოციალურმა პროგრამამ შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი გააზარმაცა, შრომისუუნაროს კი ადეკვატურ დახმარებას არ აწვდის.
სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ მთას უკეთ მიხედოს, მით უფრო, ტურისტული მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ბევრი პროფესიონალი სპეციალისტისა და 7-წლიანი ფაფხურის მიუხედავად, მაინც ვერ შედგა და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, ანუ კოლაბორაციონისტული პოზიციებიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოტივაცია არ გააჩნია!
_ ძალიან მძაფრი შეფასებაა!
_ შეიძლება, მაგრამ მუნიციპალიტეტის პოლიტიკური ელიტა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ აცნობიერებს, საერთოდ სადაა.
აი, მაგალითად, ბულაჩაურში ადგილობრივებისგან მოვისმინე, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი დუშეთის საკრებულოში ერთ მცხოვრებს დაემუქრა, რომ ბუნებრივ აირს მისი თანხმობის გარეშე ვერ შეიყვანდა, რადგან მისი ამომრჩეველი არ იყო. ამ ფონზე, ვინმეს აქვს ილუზია, რომ დუშეთი პროგრესირდება?
შარშან დავინტერესდი, თუ რატომ დარჩა დუშეთი ENPARD-ის პროგრამის მიღმა და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის წინ ამ დონორი ორგანიზაციის თავშეკავება დუშეთის მუნიციპალიტეტის პასიურობამ განაპირობა, არადა, ხევსურეთისა და მთიულეთის მხრიდან საზღვრისპირა რეგიონი ვართ აგრესორ რუსეთსა და მის მარიონეტთან.
ერთი სიტყვით, სასაუბრო ძალიან ბევრია, გასაკეთებელი _ უფრო ბევრი, მაგრამ დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტს ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც არათუ მნიშვნელოვანი ძვრების მოხდენა შეუძლია, არამედ მარტივ ტოპონიმურ საკითხზე რეაგირებაც უჭირს.
სხვათა შორის, სათემო კავშირების ასოციაციას ადმინისტრაციული ერთეულებისა და, ზოგადად, მუნიციპალიტეტის დაჩქარებულ განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი აქვს და ვცდილობთ, ახლო მომავალში ისეთ პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლოთ, ვისშიც მენეჯერული გადაწყვეტილებების ადეკვატურ უნარს, დასავლურ ფასეულობებსა და ოკუპანტისადმი ანტაგონიზმს ვხედავთ.
_ ბატონო გიორგი, ყველა ხელისუფლება დებდა პირობას, რომ თვითმმართველობებს რეალურ დამოუკიდებლობას მისცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, „ოცნებამ“ თვითმმართველ ქალაქებს ეს სტატუსიც გაუუქმა. ამას რით ხსნით?
_ ზედაპირულად, ეს პროცესი, სტატუსს ვგულისხმობ, უფლებამოსილებათა გაორებად შეფასდა, მაგრამ, რეალურად, თითოეული თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალური ცენტრი, შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის წყაროა. ამდენად, არ არსებობდა ამ წყაროს ცენტრალურიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში გადადინების პოლიტიკური ან ეკონომიკური სურვილი ან ორივე ერთად.
_ მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობა მაჟორიტარის ერთგვარი ქვეშევრდომიც ხომ არაა?
_ საუბრის დასაწყისში ისტორიული საქართველოს საომარ ყაიდაზე მოწყობის წესი ვახსენე. მაჟორიტარული სისტემაც თანამედროვე ფეოდალთა კლასია, ოღონდ _ უფუნქციო, რომელიც ხელისუფლების თუთიყუშის მოვალეობას ასრულებს.
ოლიგარქატის არაფორმალურმა მმართველობამ საჯარო სამსახურში ბატონყმური ფილოსოფია დაამკვიდრა და მუნიციპალური რანგის ხელისუფალნი სახელმწიფო რანგის ხელისუფალს ქვეშევრდომულად მიაგებენ პატივს!
_ პრობლემა ისიც ხომ არ არის, რომ ხალხმა თვითმმართველობის სიკეთე ბოლომდე არ იცის?
_ ამას წინათ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ სემინარს დავესწარი, სადაც სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგია განიხილებოდა. სრულად ვიზიარებ ხედვას, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს მიზანი და შემდეგ, ამოცანად მიზნისკენ სიარული დაისახო, მაგრამ ამ მიზანს, სიტყვების გარდა, დიდი ინვესტირებაც სჭირდება, რათა სასურველი შედეგი დადგეს. ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია, საამისოდ რესურსი გამონახოს, მაგრამ არ აკეთებს.
თვითმმართველობის ამოცანაა, რომ კარგი მენეჯმენტი განახორციელოს და იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მისი უფლებამოსილება ვრცელდება, კარგი მეურნე იყოს, მაგრამ რეალობა ცალსახად განსხვავებულია. მუნიციპალიტეტებში კომპეტენციისა და უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების დეფიციტია.
შემიძლია, ისევ დუშეთის მაგალითზე გითხრათ, რომ არქიტექტურის სამსახურში მისული ადამიანი „ცისფერი მთების“ გივის უფრო მალე ნახავს, ვიდრე _ მუნიციპალიტეტის მთავარ არქიტექტორს.
სანამ თვითმმართველობის ორგანოები _ მერია და საკრებულო _ უფრო დეცენტრალიზებულნი არ გახდებიან, სანამ თვითმმართველი ხელისუფლება ბიუჯეტიანად არ ჩაიშლება ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე, სანამ კომპეტენციის ხარისხი არ ამაღლდება და სანამ არ გააცნობიერებენ, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო საქმიანი კომუნიკაცია, მანამდე, ალბათ, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და თვითმმართველობის სიკეთეს ვერც ხალხი გააცნობიერებს!

გიორგი აბაშიძე