„ოცნების“ პოლიტიკური პამპულაობა „დედაენით“


გასულ კვირას, კერძოდ, 15 ივლისს, პრემიერმა ბახტაძემ საზოგადებას ამცნო, რომ მომავალი სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში დაბრუნდება. „გავრილოვის კრიზისის“ ფონზე, ანუ მაშინ, როცა ხელისუფლება ნდობასა და მარდამჭერებს ყოველდღიურად კარგავს, აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა პიარსვლას ჰგავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მშობლური ენა ყოველი ქართველისთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც _ სამშობლო. შესაბამისად, ნებისმიერ თემას, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს ეხება, ამომრჩევლის მხრიდან ემოციური დამოკიდებულება აქვს ხოლმე.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, როცა პირადობის მოწმობიდან მამის სახელი ამოიღეს, ამას ლამის „მესამე მსოფლიო ომი“ მოყვა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინდელი მმართველი გუნდის _ „მოქკავშირის“ ეს ინიციატივა ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლად შეაფასა. რა მოხდა რეალურად? _ პირადობის მოწმობიდან მამის სახელის გაქრობით ქართველობა არავის დაუკარგავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამდენი წლის შემდეგაც კი, თუ ვინმეს დასავლური ღირებულებების ნიველირება მოუნდება ხოლმე, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებს, აი, თქვენი ევროპა, მამის სახელიც კი წაგვართვაო. ეს ცხადია, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ თუნდაც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებას აშკარად სჭირდებოდა რამე ისეთი, რაც მისდამი ნიჰილსტურად განწყობილი ელექტორატის გულის მოგებაში დაეხმარებოდა. ასეთი კი, როგორც ჩანს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნება აღმოჩნდა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე ხალხის ეროვნულ ემოციებზე ითამაშა.

„იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში ქართული ენა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადასცემოდა თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა _ ჩვენი ენა და ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი, მაგრამ უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია.
მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება“, _ ეს განცხადება პრემიერმა ბახტაძემ 15 ივლისს, ვარიანში გააკეთა, სადაც ადაპტირებული „დედაენის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა.
სხვათა შორის, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, 2014 წელს კი ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგებაშვილისეული „დედაენის“ სკოლებში დაბრუნება დადგა დღის წესრიგში. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ გასულ წელს, კერძოდ, ნოემბერში, პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა გამოთქვა ვარაუდი, მომავალი წლიდან შესაძლოა, „დედაენა“ სკოლებში დაბრუნდესო. მოგვიანებით, პარლამენტის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრებმა, ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენის“ ქართულ საანბანე სახელმძღვანელოს, იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებდა და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავდა.
ერთი სიტყვით, „ოცნებამ“ სიტყვა საქმედ აქცია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში „დედაენა“ დაბრუნდება, თუმცა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ხელისუფლების ამ ინიციატივას პოლიტიკოსები და სპეციალისტები კრიტიკით შეხვდნენ. ამ მხრივ კი ყველაზე მეტი აქტიურობა ლევან ბერძენიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, იაკობ გოგებაშვილის პატივისცემა ითხოვს, სკოლებში „დედაენა“ არ შევიდესო.
„სახელმწიფო დგამს ნაბიჯს, რომელსაც განათლებასთან, განათლების პრობლემასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ეს არის პიარაქცია, რომლითაც თავი მოიწონა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც არ ვიცი, რომელ „დედაენაზეა“ გაზრდილი, თუმცა უაღრესად ჩაუხედავი და არაკომპეტენტური პიროვნება გახლავთ ისევე, როგორც დღევანდელი განათლების მინისტრი.
რაც შეეხება იმას, რას აბრუნებენ: ლაპარაკი არის იაკობ გოგებაშვილის წიგნის ადაპტირებულ ვერსიაზე, ანუ გოგებაშვილისა და მისი მეთოდოლოგიის მიხედვით დაწერილზე კი არა, არამედ საკუთრივ გოგებაშვილის დაწერილ წიგნზე. ოდნავ ადაპტირებულია, თუმცა რას ნიშნავს ეს, არ ვიცით. ის მთლიანად არის XX საუკუნის დასაწყისის, 1912 წლის ვერსიის სახეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება გვთავაზობს, წავიდეთ არა წინ, არამედ დავბრუნდეთ უკან, წარსულში. XX საუკუნის დასაწყისის წიგნის რანაირი ადაპტირებაც უნდა მოხდეს, გასაგებია, რომ ვერც მისი ლექსიკა, ვერც მისი ენა, ვერც მისი გრაფიკა არსებითად ვერ შეიცვლება. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა – ენა შეიცვალა, დამოკიდებულება შეიცვალა, ენის შესწავლის მეთოდოლოგიები განვითარდა, განსაკუთრებით 50-იანი წლებიდან, როცა ფსიქოლოგია შემოიჭრა ამ საქმეში და ბევრი რამ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგებაშვილი დიდი კაცი იყო, ის ამას მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერ გაითვალისწინებდა. გოგებაშვილი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ, ვახტანგ როდონაიას გამოაცხადებდა საუკეთესო სახელმძღვანელოდ ან ახალს დაწერდა, ან რაღაც სხვას იტყოდა. ზოგს ჰგონია, აქ კამათი იმაზეა, უნდა იყოს თუ არა წიგნში გუთანი, თოხი და ა. შ. ვინ დაობს, იყოს, გუთანიც იყოს, თოხიც იყოს, შეუძლიათ, ნუსხა-ხუცური გამოაცხადონ სახელმწიფო დამწერლობად ან ასომთავრული. შეძლებით შეიძლება, მაგრამ აზრი ამას არ აქვს. თანამედროვე ცხოვრებას სჭირდება თანამედროვე სახელმძღვანელო. თანამედროვე სახელმძღვანელო იქმნება თანამედროვე ლექსიკით, თანამედროვე გრამატიკით, თანამედროვე სინტაქსით, მასში ჩნდება თანამედროვე რეალიები. იქ ასეთი არაფერია და არც შეიძლება იყოს. გასაგებია, გოგებაშვილის ტექსტია და ადაპტირებულია, მაგრამ როგორაა ადაპტირებული, არ ვიცით იმიტომ, რომ, თავის დროზე, გრიფი ვერ მიიღო მაგ წიგნმა, ამიტომ, თავისთავად, არსებითი ხასიათის შეცდომაა წარსულში დაბრუნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ გოგებაშვილის პატივისცემაზეა ლაპარაკი, სწორედ მისი პატივისცემა ითხოვს, რომ არ გამოვუქვეყნოთ წიგნი, რომელიც მოძველებულია. რად უნდა ამას დამალვა? ის მოძველდა ისე, როგორც მოძველდება ახლო მომავალში სხვა წიგნები. რაც შეეხება ენას, ენა არ არის მოცემულობა, ეს არ არის გეომეტრია, რომელიც დამთავრდა, როგორც მეცნიერება და შეგიძლია დასვა წერტილი. ენა არის ცოცხალი პროდუქტი. ენა განვითარებას განიცდის ყოველ მომენტში. მასში მიმდინარეობს ინტეგრაციისა და დიფერენციაციის პროცესები, მაგრამ ამის ახსნა ძალიან ძნელია ბახტაძისთვის, რომელსაც ჰგონია, რომ ენა ისაა, რომელზეც თავად ან ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს; ან ლაპარაკობს განათლების მინისტრი, რომელიც პარლამენტში გამოვიდა, ნახევარი საათი ილაპარაკა და ვერ გავარკვიე, რა თქვა. თუ ვინმე იტყვის, რა თქვა მან პარლამენტში, მაშინ მე ვიტყვი, რომ გოგებაშვილის „დედაენაც“ დავაბრუნოთ და მივანდოთ ბატიაშვილს ბავშვების განათლება იმიტომ, რომ იცის, რასაც ამბობს. წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ. ისინი არიან ჩვეულებრივი რეტროგრადები. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი, რაც არის სიახლე, რაც არის მოდერნული, დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამაშია მთელი მაგათი ფილოსოფია.
ამიტომ ისინი დაბრუნდებიან უკან, მალე გამოაცხადებენ, რომ ასომთავრული უნდა შევისწავლოთ აუცილებლად და დავურიგოთ ბავშვებს და ა. შ. ცუდი კი არ არის, რომ შევისწავლოთ, მაგრამ რატომ უნდა იყოს ამათი ექსპერიმენტების მსხვერპლი საყოველთაო საბავშვო პროგრამები? რატომ უნდა იყოს ექსპერიმენტის მსხვერპლი პირველკლასელი, რომელიც სკოლაში მიდის იმ იმედით, რომ რაღაცას ისწავლის და მას წიგნი უშვებს მუზეუმში?! იქ ისეთი ნივთებია აღწერილი, ძირითადად, რომელიც მას თვალით არ უნახავს და რომელთა ნაწილს თავის ცხოვრებაში ვერც ნახავს, ვერც მოიხმარს. ჩვენს დროში აკვანი უნდა იყოს მთავარი საკითხი განათლების სფეროში? ბავშვები, რომლებიც მიდიან სკოლაში, უკვე მასწავლებლებს სჯობნიან თანამედროვე გაჯეტების ფლობაში და ინფორმაციის მოპოვების უნარებში. პირველკლასელი ბავშვი ჯიბეში ჩაისვამს სკოლის დირექტორს, ასევე განათლების მინისტრს, რომელიც თითქოს მაგ სფეროდანაა, მაგრამ მაგ სფეროშიც ისე იქნება ჩახედული, როგორც სხვაგან. ბახტაძეც, რომლის სიტყვა მახსოვს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და იქიდან ვიცი, რა წიგნიერიც ბრძანდება.
ამ პირველკლასელ ბავშვებს თოხით და გუთნით ვერ გააგონებ. დიახ, „აი ია“ არის გენიალური აღმოჩენა და დავტოვოთ… ლათინურ ენას აღარ ვასწავლით ისე, როგორც ციცერონი ასწავლიდა, რადგან ახალი მეთოდები შემოვიდა. მკვდარ ენას აღარ ვასწავლით ისე, როგორც ადრე და როგორ გინდათ, რომ ცოცხალი ენა ვასწავლოთ 100 და მეტი წლის წინანდელი წიგნით, რომელიც მოძველდა? ეგ კი არა, 20 და 30-იანი წლების მწერლების ენა მოძველდა და ბავშვები ხანდახან ხითხითებენ, ისე სასაცილოდ ჟღერს რაღაცები დღევანდელი გადმოსახედიდან. როგორ შეიძლება, ის ენა ვასწავლოთ დღეს? რა აზრი აქვს ამას?
პრინციპულად არ შეიძლება 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის წიგნით სწავლა…
ბიძინა ივანიშვილი და დღევანელი მთავრობა არიან პატრიოტები? ამის თქმა უნდათ? ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ რუსი ჩამოიყვანეს და სავარძელში ჩასვეს. ახლა ამ დასვრილი საქმის გამოკეთება როგორ შეიძლება პატრიოტული ნიადაგით, ამაზე ზრუნავენ. რა პატრიოტიზმზეა ლაპარაკი? სად არიან ქართველი დეპუტატები? _ რუსეთში სხედან და მათი პარტნიორი ხალხი რა პატრიოტიზმზე ლაპარაკობს? გოგებაშვილი აქ არაფერ შუაშია. ახლა გოგებაშვილი გაახსენდათ და კიდევ მოიფიქრებენ რამე ასეთ ჭკვიანურს“, _ განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა ქართულ ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“.
ცნობისთვის: ლევან ბერძენიშვილი პროფესიით ფილოლოგია. ასე რომ, მისი აზრი ამ თემაზე აშკარად საინტერესოა, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავისი ლიტერატურული შეფასებების გამო ბატონი ბერძენიშვილი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. საზოგადოების რისხვა კი განსაკუთრებით მაშინ დაატყდა, როცა რამდენიმე წლის წინ ილია ჭავჭავაძეზე თქვა, გაცილებით კარგი საზოგადო მოღვაწეა, ვიდრე _ მწერალიო.
ზოგადად, ლევან ბერძენიშვილი ლიბერალური იდეების მიმდევარია და, შესაბამისად, მისი შეხედულებები და შეფასებები, მეტ-ნაკლებად, პურიტანულად მოაზროვნე ადამიანებისთვის, ანუ იმ კატეგორიის ამომჩევლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ, მაგალითად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გადამდებია, კატეგორიულად მიუღებელია.
კარგი, დავუშვათ, რომ ლევან ბერძენიშვილი ლიბერალი და „პირწავარდნილი სოროსელია“ და ყველაფერ ქართულს ამიტომაც „ებრძვის“, მაგრამ რა ვუყოთ, მაგალითად, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს, რომელსაც სოროსელობას ვერავინ დასწამებს? _ პირიქით, ნათია ქართველების საყვარელი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის ნაბოლარა ქალიშვილია და, შესაბამისად, ეროვნულ იდეებსა და იდეალებზეა აღზრდილი, მაგრამ ვიღაცებისთვის გასაკვირად, „დედაენასთან“ დაკავშირებით ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებებს დაეთახმა:
„ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა ლევან ბერძენიშვილის პოლიტიკაში ყოფნა. განა იმიტომ, რომ განათლებული ხალხი არ მინდა პოლიტიკაში? არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკისგან თავისუფალ პედაგოგს მეტი უსმენს სუფთა გონებით, წინასწარგანწყობების გარეშე. ახლა კი იგი ზოგს მტრად მიაჩნია, ზოგს _ მოკეთედ და ვისაც ყველაზე მეტად გამოადგებოდა მისი ლექციები, შეიძლება სწორედ მას ჰქონდეს დახუჭული ყურები. ლევან ბერძენიშვილი, უპირველესად, არის პედაგოგი, რაც, ვფიქრობ, ყველა დროის უმაღლესი წოდებაა. ის ასწავლიდა ეკას, ჩემს შვილს და მისი უზომოდ მადლიერი ვარ, ისეთი სერიოზული წიგნების კითხვა მოანდომა და დააწყებინა. ეკა ამბობს ხოლმე, შთაგონების გამჩენი მასწავლებელიაო. ახლა ეკა ნიუ-იორკში სწავლობს კლინიკურ ფსიქოლოგიას და რომ ვეკითხები, როგორი მასწავლებლები გყავს-მეთქი, _ ბერძენიშვილისნაირი ცოტაო, _ მპასუხობს.
გვაქვს სახლში წიგნები, გადმოიღებდნენ თვითონაც, მაგრამ ვერც ერთი დედა ვერ შეძლებს „მირეკოს“ შვილები წიგნებთან ისეთი ხალისით, ისეთი სწორი სტრატეგიით, როგორც ეს კარგ პედაგოგს შეუძლია. გოგებაშვილი, უდიდესი განმანათლებელი, მართლაც, გასხივოსნებული ადამიანი, ყველა ბავშვმა და ქართველმა უნდა იცოდეს, ბევრად უკედაც უნდა იცოდნენ, ვიდრე დღეს იციან, გამოყენებული უნდა იყოს მისი ბიოგრაფიაც სასწავლო პროცესში და „დედაენიდანაც“ ზოგიერთი რამ შენარჩუნებული და მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებ ადამიანების სასოწარკვეთას _ ახლის შემქმნელი მეცნიერი დღეს გვყავს კი? აბა, რა ვქნათ? ძველი მოძველდა, ახალზე რა ჯგუფი იმუშავებს? _ მაგრამ, ამავე დროს, ერთი რამ უდავოა: დრო იცვლება და ის ყოველთვის იცვლებოდა, „შუშანიკის წამების“ ენით, თუნდაც რუსთაველის ენით გოგებაშვილი აღარ ლაპარაკობდა… როგორც ეპოქის ტემპის, ცხოვრების ახალი პირობებისა და სააზროვნო ამოცანების ცვლილებას ყველაზე მეტად ასახავს ტექნოლოგიები, ტანსაცმელი, არქიტექტურა, ხელოვნება, ყველაზე მეტად მენტალურ, კოგნიტურ ცვლილებებს ავლენს და ცხადყოფს ენა.
მშობლიური ენა, რომლის ბგერებსაც ჩვილი ისმენს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ცნობიერება სიტყვებად გაუფორმდება, სხეულებრივ, მოტორიკის დონეზეც კი განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ პოზიციებს და აქედანვე, არაცნობიერ დონეზე აირეკლავს ცვლილებებსაც. ენას ვცვლით ჩვენ, თუ ენა გვცვლის ჩვენ, დროის დინებაში დაკვირვება ცალკე მეცნიერებაა. შეჩერებული დრო კი არ არსებობს, სამწუხაროდ, არც მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერ წუთებში ვცხოვრობთ“, _ დაწერა ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში.
სხვათა შორის, ადამიანების ნაწილის აზრით, გოგებაშვილის „დედაენა“ განათლების ქართული მეთოდია, თუმცა 1865 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს _ „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ თავად გოგებაშვილი წერს, რომ ანბანი ზოლოტოვის მეთოდითაა შედგენილი. ყველაზე უცნაური კი ის გახლავთ, რომ ვასილი ზოლოტოვი რუსი სწავლული იყო, რომელმაც ზუსტად იმ მეთოდით, რომელიც გოგებაშვილმა გამოიყენა, 1860 წელს ერთ-ერთი პირველი ანბანი და საკითხავი წიგნი გამოსცა.
„მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ევროპაში, აშშ-სა და რუსეთის იმპერიაში ანალიზური მეთოდის ბუმი თითქმის თანადროულად დაიწყო. იდეები, როგორც იტყვიან, „ჰაერში ტრიალებდა“. არ დარჩენილა გავლენიანი განმანათლებელი ან პედაგოგი, ამ ფერხულში რომ არ ჩაბმულიყო და ანალიზური საანბანო სახელმძღვანელო არ გამოეცა. ამდენად, 1865 წელს გოგებაშვილის პირველ საკითხავ წიგნში გამოყენებული ან, თუნდაც, 1876 წლის „დედაენაში“ გატარებული მეთოდი არც ვასილი ზოლოტოვისა და მით უმეტეს, არც იაკობ გოგებაშვილის მოგონილი არ არის“, _ მიიჩნევს ლიტერატორი ქეთო ნინიძე, რომელმაც გასული წლის მაისში გამოაქვეყნა სტატია: „გოგებაშვილის მეთოდის პარადოქსი“.
ამ სტატაში ნინიძე წერს, რომ „დედაენამ“, როგორც ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განათლების სიმბოლომ, ჯერ რუსეთის იმპერიში, შემდეგ კი საბჭოთა რეჟიმის დროს საქართველოს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა, თუმცა თანამედროვე ბავშვის საჭიროებებს ნაკლებად ეხმიანება:
„არა იმდენად მეთოდური აცდენაა, რამდენადაც თემატური, ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური იმიტომ, რომ ის „დედაენა“ აბსოლუტურად სხვა სოციალური, კულტურული გამოწვევისთვის და მიზნობრივი ჯგუფისთვის იქმნებოდა და ახლა სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. მეეჭვება, „დედაენის“ რეკონსტრუქციაზე საუბრისას მხედველობაში ჰქონდეთ ის, რომ წიგნი მორგებული უნდა იყოს დღევანდელი და არა _ საუკუნისწინა ბავშვის ინტერესებს, ყოფასა და ლექსიკას“.
სხვათა შორის, იაკობ გოგებაშვილის „დედაენამ“ 2011 წელს, გრიფირების კონკურსში, მოძველებული მეთოდოლოგიის გამო, გრიფი ვერ მოიპოვა, თუმცა „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ ირწმუნება, რომ გოგებაშვილის „დედაენა“ თავის დროზე გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას შეეწირა. 2011 წლიდან მოყოლებული ეს საზოგადოება სკოლებში „დედაენის“ დაბრუნებას ითხოვდა და გასულ წელს თემაზე _ „გადავარჩინოთ გოგებაშვილის „დედაენა“; დავუბრუნოთ იგი ქართულ სკოლას!“ _ შეკრებაც კი გამართა.
„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გრძნობს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და ეროვნული სკოლის მიმართ“, _ აცხადებდნენ ზემოხსენებულ შეკრებაზე „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წარმომადგენლები.
სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნებას, სხვათა შორის, საქართველოს საპატრიარქოც მხარს უჭერდა. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის ოქტომბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მომავალი თაობის სულიერ და ინტელექტუალურ აღზრდაზე ისმჯელეს.
„ილია II-მ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ“, _ იუწყებოდა მაშინ ქართული ინტერნეტმედია.
ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ სკოლებში „დედაენის“ დაბრუნებით ხალხის გული კი მოიგო, მაგრამ განათლების სპეციალისტების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ „ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩვეულებრივი პიარნაბიჯი გადადგა.
„ძალიან კარგი იქნება, თუ გოგებაშვილსა და მის ხსოვნას უფრო სერიოზული დამოკიდებულებით მიაგებენ პატივს და არა იმით, რომ ელექტორალური მიზნებისთვის საპამპულაო გახდეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში“, _ ამბობს განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავა.
მისივე თქმით, იაკობ გოგებაშვილი სიახლეებზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად, გოგებაშვილი ცოცხალი რომ იყოს და „დედაენას“ დღეს წერდეს, აუცილებლად თანამდროვე მეთოდოლოგიით იხელმძღვანელებდა.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, XXI საუკუნეში სხვა გამოწვევებია. შესაბამისად, სხვა ინტერესები აქვთ და, ალბათ, ცოტა გაუჭირდებათ, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ თასზე, თოხსა და ჯამზე ილაპარაკონ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სპეციალისტები არ ვართ და განათლების მუშაკთა კომპეტენციაში ვერ ჩავერევით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: თუ გვინდა, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, ცხადია, წარსული არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თანამედროვეობის ნიველირება მოვახდინოთ, თორემ თუ ამ გზით წავალთ, მაშინ სავსებით დასაშვები იქნება, რომ ისტორიისა და ტრადიციების გამოძახილით, მაგალითად, ქალთა და ვაჟთა სკოლები გავხსნათ ან, სულაც, სასწავლო დაწესებულებებში „ლინეიკები“ დავაბრუნოთ და მოწაფეები გავროზგოთ, თან ყველაფერი ეს იმით გავამართლოთ, რომ მტრულად გაზრდილი შვილები მოყვრებად გამოგვადგებიან!
ასე რომ, სკოლებში „დედაენის“ დაბრუნება შეიძლება, ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, რომელზეც ვამბობთ ხოლმე, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო!
ყველაზე ცუდი კი მაინც ის არის, რომ ამ ამბავს პიარის ელემენტები დაჰკრავს, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყველაზე კარგი იდეა ყველაზე ნეგატიური შედეგების მომტანია ხოლმე!
მოკლედ, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, „ოცნების“ წინ ხრამია, უკან კი _ მეწყერი!

გიორგი აბაშიძე