ვერიკო ტურაშვილი და აჩიკო მეფარიძე 20 წლის შემდეგ ისევ ერთად იმღერებენ

ქართულ შოუბიზნესში თითზე ჩამოსათვლელი მომღერლები მოღვაწეობენ აქტიურად და სტაბილურად. ბევრს სიმღერის სტიმული დაეკარგა, ალბათ, არც არასდროს ყოფილა მათთვის მუსიკა მნიშვნელოვანი, ზოგმა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ხელი ჩაიქნია, მიზეზად კი კონცერტების ნაკლებობას ასახელებს. თუმცა, როგორც ჩანს, ღირებულს არც იქამდე ქმნიდნენ, რომ რომელიმეს დროისთვის გაეძლო. რამდენიმე მომღერალმა პოლიტიკაშიც სცადა ბედი, იფიქრა ქვეყანას სიმღერით ააშენებდა, თუმცა იმ ფონზე, როცა მათ შოუბიზნესში ვერ თქვეს თავისი სათქმელი, საეჭვოა, ქვეყნისთვის რაიმე ღირებული გაეკეთებინათ… მაგრამ არიან მომღერლები, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან იმ საქმეს, რასაც მუსიკა ჰქვია.

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი უკვე 20 წელია, სცენაზე დგას და ყოველთვის ცდილობს, მსმენელს რაც შეიძლება ბევრი ახალი, საინტერესო, ხარისხიანი პროექტი, სიმღერა და კლიპი შესთვაზოს. არასდროს ჩერდება და ამბობს, რომ ეს არის ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურება. მსმენელის ყურადღებას ყოველთვის იქცევს, რადგან მისი სიმღერები გაჯერებულია დიდი ემოციით. გულზე გხვდება ყველა ის ფრაზა, მელოდია თუ ნოტი, რომელსაც ის ასრულებს. თავისი სპეციფიკური ხმით საზოგადოებას, ჯერ კიდევ, 20 წლის წინ დაამახსოვრა თავი და შეაყვარა, როდესაც მან მომღერალ აჩიკო მეფარიძესთან ერთად იმღერა დუეტი. ამბობს, რომ აჩიკო მისი მუსიკალური ნათლიაა.
სულ ახლახან ვერიკო ტურაშვილმა თაყვანისმცემლებს მორიგი ნამუშევარი წარუდგინა. „რომ მიყვარხარ“ _ ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მომღერალ თემო საჯაიას ეკუთვნის. იგი უპასუხო სიყვარულზეა. კლიპი, რომლის პროდიუსერიც აჩიკო მეფარიძეა, წყალტუბოში, მიტოვებულ სანატორიუმშია გადაღებული.
„ქრონიკა+“-ის დღევანდელი ნომრის სტუმარი ვერიკო ტურაშვილია, რომელიც ამჟამად გრანდიოზულ პროექტზე მუშაობს, რის შესახებაც ის პრველად ჩვენს მკითხველს მოუყვება:

_ ამბობენ, ადამიანი, ამ შემთხვევაში, მუსიკოსს ვგულისხმობ, მაშინ ქმნის საუკეთესო ნამუშევარს, როდესაც ის ძალიან შეყვარებულიაო. შენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის და სწორედ იმიტომ ხომ არ დაარქვი სიმღერას „რომ მიყვარხარ“?
_ შეყვარებული ნამდვილად არ ვარ და მით უმეტეს, ისე ტრაგიკულად, როგორც სიმღერაშია. ჩემს საქმეზე ვარ შეყვარებული. თემო საჯაიამ ეს სიმღერა ისეთ პერიოდში დაწერა, როდესაც განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა მოზღვავებული. ეს ტექსტი ჩემი სულის ამოძახილი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემს ხმასა და შემოქმედებას ასეთი ჟანრი უხდება. შესაბამისად, თემომ ეს სიმღერა მე მაჩუქა.
_ თემო საჯაიასთან აქტიურად თანამშრომლობთ, გარდა იმისა, რომ თქვენ საუკეთესო მეგობრები ხართ. ახლოსაა მისი შემოქმედება თქვენს სულიერ სამყაროსთან, თუ?.. ანუ რატომ თემო და არა სხვა კომპოზიტორი?
_ თემოსთან ბოლო პერიოდია, რაც მუსიკალური თანამშრომლობა დავიწყე, თორემ ძალიან ბევრ სხვა კომპოზიტორთან ვთანამშრომლობდი და კვლავ ვაგრძელებ ურთიერთობას. უბრალოდ, მგონია, რომ თემო ჩემთვის ძალიან კარგი ავტორია და სულ ვაფხიზლებ და ვეუბნები, რომ გააგრძელოს წერა, რადგან ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის. კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩავწერე, რომელიც ასევე თემოს ეკუთვნის და მინდა, აქტიურად გავაგრძელო მასთან მუსიკალური თანამშრომლობა. მერწმუნეთ, რომ იგი ბევრ სანტერესო რაღაცას გააკეთებს.
_ მოგვიყევით იმ პროექტის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა. 20 წლის შემდეგ თქვენ და აჩიკო მეფარიძე კვლავ ერთად გიხილეთ, ამჟამად აჩიკომ პროდიუსერობა გაგიწიათ. როგორ შედგა თქვენი ტანდემი, ვისგან წამოვიდა იდეა, რომ აჩიკო ყოფილიყო თქვენი ამ ერთი კონკრეტული პროექტის პროდიუსერი?
_ 20 წელი გავიდა, რაც მე და აჩიკომ ერთმანეთი გავიცანით და დავმეგობრდით. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ვისგან წამოვიდა პირველად იდეა. იქიდან გამომდინარე, რომ აჩიკო ჩემი ნათლიაა შოუბიზნესში, მგონი, ეს იდეაც მისგან წამოვიდა. მისი აზრი ყოველთვის მისაღები იყო ჩემთვის. საქმიანი წინადადება კი არ შემომთავაზა, არამედ ერთად დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორი არანჟირება მოუხდებოდა ამ სიმღერას, როგორი ნამღერი, მერე სტუდიაში რომ შევედი და ეს სიმღერა ჩავწერე, აჩიკოს ძალიან მოეწონა. შემდეგ ვიდეოკლიპზე ჩემზე მეტი იმუშავა და ძალიან აქტიურად იყო ყველაფერში ჩართული.
_ თქვენ და აჩიკო მეფარიძეს ჩაწერილი გაქვთ დუეტი „მიდიან დღეები“, რომელიც მსმენელმა შეიყვარა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. არ გეგმავთ, 20 წლის შემდეგ მსმენელს ახალი დუეტი შესთავაზოთ?
_ როგორ არა. ჯერ დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად ვაპირებთ დუეტს და სიმღერაც კი შევარჩიეთ, თუმცა მოგვიანებით გაგიმხელთ ყველაფერს.
_ ვიდეოკლიპის შესახებ მოგვიყევით. ძალიან განსხვავებული და ორიგინალური კლიპი გადაიღეთ, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ვინ იყო კლიპის რეჟისორი, ვინ იზრუნა თქვენს იმიჯზე და უფრო დეტალები რომ გაგვანდოთ.
_ ის ხასიათი და განწყობა, რაც ვიდეოში იგრძნობა, ესეც აჩიკოს მოფიქრებულია. არაჩვეულებრივი დიზაინერი ზრუნავდა ჩემს ჩაცმულობაზე, _ ეს კოსტიუმები დევიდ გევორქოვს ეკუთვნის, რომელიც ძალიან მომიხდა. რაც შეეხება ლოკაციას და კლიპში გამოყენებულ ვიზუალურ მხარეს, ესეც აჩიკოს მოფიქრებულია, მას უნდოდა, რომ ასეთი ვყოფილიყავი. ძალიან ბევრ რეჟისორს შევხვდით, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი ერთ ადამიანზე შევაჩერე, რომელიც, სხვათა შორის, „ფეისბუქში“ მყავდა მეგობრებში და მის ნამუშევრებს რომ გადავხედე, ძალიან მომეწონა. ეს გახლავთ სერიოგა სპილბერგი, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა, რაღაც პერიოდის მერე ჩამოვიდა და ზუსტად ის გადაიღო, რაც ვუთხარით და გვინდოდა. არასდროს ვარ ჩემი ნამუშევრებით 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ მგონია, რომ გამოგვივიდა.
_ ნამდვილად შედგა, რადგან სოციალურ ქსელში შენს ახალ ნამუშევარს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. პრეზენტაციამაც პომპეზურად ჩაიარა, იყო დრესკოდი, უამრავი ცნობილი ადამიანი, წითელი ხალიჩა და ა. შ. ხალხის ასეთი გამოუხმაურება, ალბათ, მსმენელის მონატრებამაც გამოიწვია, რადგან თქვენ რაღაც პერიოდი შემოქმედებითი პაუზა გქონდათ აღებული. რას უკავშირდებოდა ეს პაუზა?
_ სიმართლე გითხრათ, დიდი პაუზა ნამდვილად არ მქონია. ბოლო ორი წლის მანძილზე ოთხი ვიდეო გავაკეთე, აქედან ორი სოლო და ორი დუეტი, იქამდე ანრი ჯოხაძესთან აქტიურად ვთანამშრომლობდი და მგონია, რომ მე და ანრიმ ძალიან კარგი საერთო ნამუშევრები გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ზოგადად, შოუბიზნესი არ იყო იმ პერიოდში ძალიან აქტიური და ალბათ ეს გახლდათ მიზეზი. ეს არის ჩემი საქმე, სხვა რამით არ ვარ დაკავებული და შეძლებისდაგავარად ვცდილობ, რომ მაყურებელს სულ ახალი ნამუშევრები შევთავაზო.
_ აღნიშნეთ, რომ შოუბიზნესი არ იყო აქტიური და დღეს რამდენად აქტიურია იგი, იგრძნობა გამოცოცხლება?
_ რა შედარებაა. ალბათ, ამას თქვენც შეამჩნევდით. ეს გამოცოცხლება ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია: ჩვენს რეალობაში გაჩნდა მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა“, რომელმაც მომღერლებს დიდი სტიმული მოგვცა. როცა სოციალურ ქსელში ვუყურებ ჩემს მეგობარ კოლეგებს, ვხედავ, რომ ხან ერთი პრეზენტაციაა, ხან _ მეორე და ა. შ. კონცერტები ტარდება, ხალხი დადის, ბილეთებს ყიდულობს. ადრე იყო უფასო და საარჩევნო კონცერტების პერიოდი, ახლა კიდევ ვხედავთ, რომ ხალხი დადის და ბილეთს ყიდულობს.
_ ქართული მუსიკა მოთხოვნადი გახდა?
_ რა თქმა უნდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ერთ დროს რომ შოუბიზნესი ყვაოდა, იმ პერიოდს ვერ გავუტოლებთ, მაგრამ უკეთესობა იგრძნობა.
_ ალბათ, ინდივიდუალური მომღერლის აქტიურობაზეა დამოკიდებული თუნდაც ის, რამდენად ახალს მიაწვდის მსმენელს, რომ შემდეგ კონცერტები ჩაატაროს. ასეა?
_ რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. ეს სფერო რომ უფრო აქტუალური გახდება, მერე თამამად ჩადებენ ადამიანები ამ ყველაფერში ინვესტიციას. მე არ მაქვს ხოლმე მაგის პრობლემა, რადგან კლიპის გადაღების დროს მყოლია სპონსორები, ხანდახან არ მყოლია, მაგრამ ვახერხებ. ერთი ის ვიცი, რომ სულ სიახლე უნდა შესთავაზო მსმენელს და მუდმივ მუშაობაში უნდა იყო.
_ როგორც ვიცი, თქვენი ახალი ნამუშევარი ზუზუ ბეჟაშვილის ხსოვნას მიუძღვენით.
_ დიახ, ჩემს ზუზუკას მივუძღვენი, რადგან ეს სიმღერა ძალიან აინტერესებდა. სიმღერა, ზოგადად, სიყვარულზეა და სხვანაირი ტექსტი აქვს, მაგრამ ზუზუ ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ეს არანჟირების პროცესი ძალიან გაიწელა და სულ ვეუბნებოდი, რომ დაიცა, დამთავრდეს და დასრულებულ ვერსიას მოგასმენინებ-მეთქი. თემომაც ძალიან ინერვიულა ამაზე, როგორ ვერ მოვასწარით, რომ მოგვესმენინებინაო. ეს სიმღერა ზუზუს ეძღვნებოდა და, საერთოდ, ყველაფერს, რასაც გავაკეთებ, მას მივუძღვნი, რადგან ის იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. სულ მეუბნებოდა, რომ შენ ჯერ კიდევ არ გიმღერია ის, რაც სამღერი გაქვსო. ახლა რასაც გავაკეთებ, ყოველთვის ვიფიქრებ იმაზე, ეს როგორ მოეწონებოდა ზუზუს.
_ როგორც ვიცი, ამჟამად ახალ, გრანდიოზულ პროექტზე მუშაობთ. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით.
_ ამ ეტაპზე მოსაყოლი ბევრი არაფერია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომლის ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის ისევ თემო საჯაიას. აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრია ჩემი რეპერტუარისგან და მასშტაბური გადაღებები იწყება. პროდიუსერი იქნება აჩიკო მეფარიძე, დიზაინერი ისევ დევიდ გევორქოვია, ასევე არაჩვეულებრივი სტაფი გვყავს უკვე შერჩეული, გადაღებები იქნება მხოლოდ თბილისში და ამ ყველაფრის პრეზენტაცია შედგება თბილისობას.
_ რამდენად თამამ და პროვოკაციულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ თქვენგან? როგორი იქნება განსხვავებული ვერიკო ტურაშვილი?
_ ერთი სული მქონდა, იმ ვიდეოს პრეზენტაციას როდის ჩავატარებდი, რომ ახალ პროექტზე დამეწყო მუშაობა. ამაზეც უკვე დიდი ხანია, დავიწყე ფიქრი, არანჟირება უკვე დასრულებულია და, შეიძლება ითქვას, ეს ბევრად თამამი ნაბიჯი იქნება ჩემგან, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. კლიპში არ ვიქნები მხოლოდ მე, ეს იქნება ძალიან მრავალრიცხოვანი, სადაც ჩართულია ბევრი ადამიანი და გვინდა, ძალიან მასშტაბური იყოს. იმედია, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც ჩავიფიქრეთ.
_ შემდგარი მომღერალი ხართ, ბევრი რამ გააკეთეთ და კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ სოლო კონცერტის ჩატარებაზე არ გიფიქრიათ? მართალია, ეს ყველაფერი დიდ ფუფუნებასთან ასოცირდება, მაგრამ მაინც…
_ კი, მიფიქრია. ყველაფერს თავისი დრო აქვს, სოლო კონცერტამდე უნდა მიხვიდე. 20 წელია, რაც სცენაზე ვდგავარ და აქამდეც შეიძლებოდა მეფიქრა სოლო კონცერტის ჩატარებაზე, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო და შოუბიზნესში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აქამდე რაღაც ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა მგონია, რომ მოვიდა ამის დრო. ვფიქრობ, ძველი და ახალი სიმღერებით საინტერესო კონცერტს გავაკეთებ. ჩემი კონცერტი როგორიც წარმომიდგენია, საკამოდ დიდი მომზადებაა საჭირო. ასე ფლეშკით ვერ მივალ და ვერ ვიმღერებ. ამიტომ ამას უნდა აუცილებლად ფინანსები, ცოცხალი ბენდი და ბევრი სხვა ნიუანსი. რაც მთავარია, ამაზე უკვე აქტიურად დავიწყე ფიქრი.
_ ვერიკო, ზოგადად ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობები რამდენად უარყოფითად აისახება თქვენს სფეროზე და რაში გამოიხატება ეს?
_ აბსოლუტურად ყველაფერზე აისახება. მაგალითად, მქონია რაღაც კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკება და ასეთი არეულობების გამო შეთანხმება ჩაშლილა. ზოგადად, ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ყველა სფეროზე უარყოფითად აისახება.

გიორგი საკარული