გურამ ლურსმანაშვილი: „პუტინი სტალინის გეგმის რეალიზებას ცდილობს“

20 ივნისისა და 8 ივლისის მოვლენებზე მსჯელობისას ფორმას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე შინაარსს და მიზანმიმართულად, შეგნებულად ან სრულიად გულუბრყვილოდ და შეუგნებლად გვერდით ვტოვებთ პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ინსტიტუციის _ საპატრიარქოს როლს. პროცესებში ეკლესიის ხილული თუ ფარული ჩართულობა, მეტიც _ მისი მოკავშირეობა სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესში, რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, არ ხდება რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ეს ხდება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და წარმოადგენს რუსული, კონკრეტულად კი პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკის რეალიზებას. რაოდენ სავალალოა, რომ ამ პროცესში მინაწილეობს ის ინსტიტუცია, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და სიმართლის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

ამჯერად შევეცადოთ გავცდეთ იმ სურათს, რომელსაც ვხედავთ და ვერ ვაანალიზებთ და პროცესების არსს ჩავწვდეთ. ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ესაუბრა:

_ 20 ივნისსა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასებისას თითქმის ყველა ცდილობს, გვერდი აუაროს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს _ ეკლესიას და მის როლს ამ პროცესებში, თუ უფრო დავკონკრეტდები, ეკლესიის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას. პირადად ჩემთვის გასაგებია ამ კონიუნქტურის შინაარსი, მაგრამ როგორ შეიძლება ამოცანა ამოხსნა, პრობლემა გადაწყვიტო, თუ პირობის უმთავრეს მოცემულობას უგულებელყოფ, ეს გაუგებარია. როგორ ხედავ ამ პროცესს?
_ გავრილოვის ჩამოსვლამ, მართლმადიდებლურმა კონგრესმა და, ზოგადად, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რეალურად, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც ჰიბრიდული ომისთვის რუსეთის მხრიდან არაპროპორციული ძალაა გამოყენებული, ასეთ საკითხებზე, განსაკუთრებით ეკლესიის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებაზე, სახელმწიფოს ცალკე მიმართულება და გეგმა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან არათუ სახელმწიფო, ჟურნალისტებიც კი ხშირად არ ინტერესდებიან ამგვარი თემებით, სხვა პოლიტიკური ძალები კი მოჭარბებული ფარისევლობით გამოირჩევიან, რადგან სჭირდებათ ეკლესია და მათი საეკლესიო პროცესებში ჩართულობა „დამლოცე მამაოს“ ფორმატში მიმდინარეობს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხებით დაინტერესებისა და გაშუქებისთვის.
_ გმადლობთ, თუმცა ვხედავ, რომ ვითარება სავალალოა და, მართლაც, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე თითქმის არავინ საუბრობს.
_ დიახ, ასეა. ან საუბრობენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში იმანაც გაიჟღერა, რომ პუტინი „მართლმადიდებლური ვატიკანის“ აშენებას აპირებს, რაც პირადად ჩემთვის სიახლე ნამდვილად არაა. ზოგადად, ჩემი აზრი ისაა, რომ პუტინის მიერ წარმართული საეკლესიო პოლიტიკისა და არა მხოლოდ გასაღები სტალინური მმართველობის სისტემაში უნდა ვეძებოთ.
_ რას გულისხმობ?
_ სტალინსავე ეკუთვნის „მართლმადიდებლური ვატიკანის“ იდეა. მასვე უკავშირდება „მსოფლიო კრება“, კონგრესები, „საერთო-მართლმადიდებლური“ შეკრება და ა. შ., რასაც რუსეთი დღესაც აქტიურად იყენებს. მთელი ამ აბლაბუდის გახსნა და დალაგება ვცადოთ.
_ ვცადოთ, ფრიად საინტერესო იქნება, თუნდაც ბევრი რამის გასააზრებლად.
_ სხვა დროსაც აღგვინიშნავს, რომ სტალინი იყო ის პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირში რელიგიური პოლიტიკა შეცვალა და მარქსისტული ათეიზმიდან „სტალინური მართლმადიდებლობა“ შექმნა, ანუ ეკლესია, როგორც რუსული უშიშროების მიერ მომზადებული და ანაფორებში გახვეული აგენტების სტრუქტურა, რომელიც არა ქრისტეს, არამედ კრემლისტური იდეოლოგიური მანქანის უსიტყვო მორჩილი უნდა ყოფილიყო. ეკლესიისთვის ასეთი საშინელება თვით უდიდეს მდევნელებსაც კი არ გაუკეთებიათ. გარდამტეხი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი გამოდგა. 1943 წელს სტალინსა და მიტროპოლიტ სერგი სტაროგოროდსკის შორის კონკორდატი გაფორმდა.
_ ამავე პერიოდს უკავშირდება საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის აღდგენა.
_ დიახ. სტალინური მართლმადიდებლობა ფესვებს იდგამდა. 1945 წელს ომი დასრულდა და გამარჯვებული სტალინისთვის პირველი მეტოქე ოფიციალური ვატიკანი და, შესაბამისად, რომის კათოლიკე ეკლესია აღმოჩნდა. მიზეზი მარტივია, _ სტალინს სურდა მისი გავლენის სფერო მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო გაეზარდა, რასაც იდეოლოგიური წყარო სჭირდებოდა. ამაში მეტოქედ კი რომის კათოლიკე ეკლესია ისახებოდა, რომელსაც დასავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში მილიონობით მრევლი და მორწმუნე ჰყავდა. რეალურად, თუნდაც იგივე მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დღემდე არსებობს ე. წ. შერეული კომისიები, დიალოგები, სადაც მხარეები არგუმენტირებულად მსჯელობენ, კამათობენ, შეთანხმებებს აღწევენ, ვერ თანხმდებიან და ა. შ. რაც ჯანსაღი და ნორმალური პროცესია. ამ ყველაფრისგან კი სრულიად განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა სტალინმა.
_ ანუ?
_ სტალინმა სამ ფრონტზე გაშალა მუშაობა: პირველი, _ საშინელი სიძულვილის ენა კათოლიკეებისადმი, რომის პაპისა თუ ოფიციალური ვატიკანისადმი, ანუ ზღაპრებზე დაყრდნობილი „ანტიეკუმენისტური“ ბრძოლა; მეორე, _ როგორც რუსეთს სჩვევია, განმათავისუფლებლის როლის მორგება, ე. ი. მოსკოვს უნდა ეხსნა კათოლიკე მრევლი ვატიკანისა და რომის პაპის „თავგასულობისგან“; მესამე, _ მოგეხსენებათ, ეს პოსტმსოფლიო ომის ეპოქაა, სადაც სტალინი გამარჯვებულია. რადიკალურად სხვა ვითარებაშია იტალია, შესაბამისად, საერთაშორისო სივრცეში რუსული მხარე ვატიკანისგან ფაშისტების მხარდაჭერაზე გამუდმებით აპელირებს.
1945 წლის 15 მარტს კარპოვი სტალინს საერთაშორისო ქრისტიანული კონგრესის გამართვის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანიც იყო არაკათოლიკე ეკლესიების ვატიკანის წინააღმდეგ გაერთიანება, რომელიც მსოფლიო წინამძღვრობაზე აყენებდა პრეტენზიებს.
_ მოიცა, ეს კარპოვი ვინ იყო?
_ სტალინმა რომ რელიგიური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, მერე შეიქმნა ეკლესიის საქმეთა საბჭო, რომელმაც ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა საქმე ჩაიბარა. საბჭოს ხელმძღვანელობდა უშიშროების კომიტეტის გენერალი კარპოვი.
_ გასაგებია, გავაგრძელოთ…
_ მართლმადიდებლების გარდა კონგრესში მონაწილეობას მიიღებდნენ ანგლიკანური, ძველმორწმუნეთა, პროტესტანტული და მეთოდისტური ეკლესიები ევროპიდან და აშშ-დან, ასევე კოპტები ეგვიპტიდან, სომხებიც და სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები. ამ ფორუმზე უნდა „დაეცვათ“ კათოლიკური სწავლება და დაეგმოთ მოძღვრება, რომ დედამიწაზე რომის პაპი ქრისტეს ვიკარია, ასევე პაპის უცდომელობის დოგმა და განსაკუთრებით ნაცისტებისადმი მისი მხარდაჭერა. ისე, კონგრესი ვახსენეთ და მაგალითად რამდენიმე წლის წინ თბილისში ზარზეიმით ჩატარებული „საოჯახო კონგრესიც“ გამახსენდა, სადაც ევროპა-ამერიკიდან მოწვეული სხვადასხვა ქრისტიანული კონფენსიის წარმომადგენლები თავად „ევროპა-ამერიკის“ ზნეობრივად დაცვას ცდილობდნენ. სხვათა შორის, ამ დროს სემინარიის სტუდენტი ვიყავი და ადმინისტრაცია პირდაპირ მოგვიწოდებდა სტუდენტებს მასზე დასწრებისკენ. თემას დავუბრუნდეთ: ამ პროცესებში არ უნდა გაგვიკვირდეს ანგლიკანური ეკლესიის ჩართულობა. ჯერ 1945 წელია, ჩერჩილმა კი 1946 წლის 5 მარტს ფულტონში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რაც ცივი ომის დასაწყისად მიიჩნევა. საინტერესოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბრიტანელმა დიპლომატებმა შესაბამის უწყებებს აცნობეს, რომ რუსეთის ეკლესია ცდილობდა მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრად გახდომას, რაშიც საბჭოთა მთავრობა ეხმარებოდა.
_ მაგრამ ისტორულად ცნობილია, რომ გაფრთხილებათა მიუხედავად, ანგლიკანურმა ეკლესიამ კრემლთან თანამშრომლობა მაინც გააგრძელა.
_ სწორედ ამ თანამშრომლობის გამოც იყო საქართველოსა და ანგლიკანური ეკლესიების ეგზომი დაახლოება XX საუკუნის მეორე ნახევარში. შედეგი ვახსენეთ და ამ „სტალინური მართლმადიდებლობის“ შედეგია ის ანტიკათოლიკური ისტერია, რაც საქართველოში გარკვეული ჯგუფების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება. ის მთლიანად ცდება პოლემიკურ, თეოლოგიურ, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ თუნდაც ადამიანურ ფორმებს და ბევრად მძიმე შედეგებს იღებს, რომ ვატიკანში თურმე ბავშვებს ცოცხლად სწირავენ, პაპი ცდილობს, ქართველობა და მართლმადიდებლობა წაგვართვას, ეკუმენიზმით უნდათ ჩვენი განადგურება და ა. შ.
_ ჰო, საოცარი, საშიში ზღაპრები, რომელიც გონიერმა ადამიანმა არ უნდა დაიჯეროს, თუმცა, ცხადია, რომ ჩვენში ამას ბევრი იჯერებს…
_ კი, სამწუხაროდ, ასეა. დასაწყისში „მართლმადიდებლური ვატიკანი“ ვახსენეთ, რომლის მოწყობასაც პუტინი აპირებს. ეს სტალინური იდეაა. კონკრეტულად, 1947 წლის 14 თებერვალს კარპოვმა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მოახსენა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ავტორიტეტმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობა შეუძლია. ეს იყო სტალინის პროექტის „მართლმადიდებლური ვატიკანის“ შექმნის საბოლოო ნიშნული. წინადადება, რომ ქრისტიანული ეკლესიების მიერ ვატიკანზე „შეტევა განხორციელებულიყო“, მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. ამის შემდეგ უკვე „მერვე მსოფლიო კრების“ იდეა წამოვიდა, რომელსაც მოსკოვი მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურად, მოსკოვის პატრიარქი კი ეკლესიათა „პაპად“ უნდა ჩამოეყალიბებინა. სახელდობრ, პატრიარქ ალექსისთან მიტროპოლიტმა ნიკოლაიმ (იარუშევიჩი, _ ავტ.) მერვე მსოფლიო კრების გეგმა წარადგინა. წინადადების მიხედვით, მართლმადიდებლობა 7 მსოფლიო კრებას ეყრდნობა, რომლიდანაც მომდევნო წინას ამოწმებს. თუმცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის არსებულმა სქიზმამ ეს პროცესები ვეღარ გააგრძელა და რადგან პირველი რომი სქიზმაშია, მეორე კი მუსლიმმა თურქებმა დაიპყეს, ეს საქმე რუსეთმა უნდა გააგრძელოს და ახალი კრება ჩაატაროს. კრებას ოთხი ძირითადი მიზანი ექნებოდა: ა) მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების დამყარება; ბ) რუსეთის ეკლესიის ავტორიტეტის სხვებზე ზემოთ დაყენება; გ) ახალი სტილის კალენდარზე მსჯელობა; დ) კათოლიციზმის საშინელ ერესად, ხოლო ვატიკანის ფაშიზმის დამცველად გამოცხადება.
_ ვერაფერს იტყვი ადამიანი, „მშვენიერი“ მიზნები და ამოცანებია…
_ წინა საკრებო შეხვედრა 1947 წლის ოქტომბრისთვის ჩაინიშნა, საჭირო იყო იმპერიის შიგნით შესაბამისი იდეოლოგიური მუშაობა, რისთვისაც საბჭოთა მანქანა დაირაზმა. მაგ.: ბულგარულ „მოდერნ პასტირში“ დაიბეჭდა პ. იკონომოვის სტატია მერვე მსოფლიო კრების შესახებ, სადაც საუბარი იყო, თუ როგორი აუცილებელია კრების გამართვა, რომ კათოლიკეები და ანგლიკანები ორგანიზაციული მოწყობის მხრივ წინ წავიდნენ, მართლმადიდებლები კი გაჩერებულები არიან, რადგან არ ჰყავთ წინამძღვარი კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ და ეს მისია რუსეთის ეკლესიამ უნდა იტვირთოს და მართლმადიდებლობა იხსნას. კრებისთვის აუცილებელი იყო შესაბამისი კანონიკური მუშაობა. რუსეთის ტერიტორიაზე არც მაშინ და არც იმის შემდეგ წარმატებულ მართლმადიდებელ თეოლოგთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა. ამიტომ პატრიარქმა ალექსიმ ბელგრადიდან მოსკოვში კანონიკური სამართლის ცნობილი პროფესორი, სერგი ტროიცკი მოიწვია. პატრიარქი ალექსი მართლმადიდებელ ეკლესიებს სწერდა, რომ პენტარქიის მოდელი XVI საუკუნის შემდეგ უნდა შეიცვალოს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესია ავტოკეფალიური გახდა. პატრიარქი ასევე აღნიშნავდა, რომ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და მას არ სურს, ისინი მარტომ მოაგვაროს, არამედ, როგორც საეკლესიო სამართალი მოითხოვს, და ეკლესიებთან ერთად სურს მათზე მსჯელობა.
_ რეალურად საქმეში შემოჰყავდა სხვები, რათა შემდგომ საკუთარი ძლევამოსილებისთვის ბეჭედი დაესვა.
_ რაც შეეხება სხვა ეკლესიათა რეაქციებს: კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ უარყო მოწვევა და თქვა, რომ მხოლოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეეძლო, ამგვარი კრება ჩაეტარებინა. ბერძნულენოვან გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციები „არაკანონიკურ კრებაზე“, რომ რეალურად მისი მიზანი რუსეთის პოლიტიკური მიზნების განხორციელება იყო. ბერძნული ეკლესიები უარს აცხადებდნენ რუსების მიერ მოწყობილ „მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დასწრებაზე“. შესაბამისად, რუსეთმა ახალი სცენარი დადგა, გააგრძელა მერვე მსოფლიო კრების იდეა, მაგრამ ამას ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრად, კონგრესად აცხადებდა. ვატიკანმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრას იმ ეკლესიის ლიდერები დაესწრებოდნენ, რომლებიც კრემლის ახლო მეგობრები არიან. კრებაზე ჩასვლაზე უარს აცხადებდა ალექსანდრიის პატრიარქი ქრისტეფორე, ყოყმანობდა ანტიოქიის პატრიარქი ალექსანდრეც. საინტერესოა პატრიარქ ალექსი მესამის წერილი ალექსანდრიის პატრიარქისადმი. მოგეხსენებათ, ალექსანდრიის საპატრიარქო ეგვიპტეში მდებარეობს. ზემოთ დასახელებულ წერილს რომ დიპლომატიური ტერმინოლოგია მოვაკლოთ, მარტივი მესიჯი იკითხება: ან ჩამოხვალ შენი ნებით, ან ოფიციალური კაირო ჩვენი მოკავშირეა და სხვანაირად მოგიწევს ჩამოსვლა. შესაბამისად, ჩამოსვლა არ აგცდება, ამიტომ აირჩიე, რომელი გზით ჩამოხვალ.
_ ანუ ეს ჩვეულებრივი მუქარაა!..
_ დიახ. რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს, მოგეხსენებათ, მისი ცენტრი დამასკოში მდებარეობს, ისიც იცით იმ პერიოდში სსრკ-ს რა ურთიერთობები ჰქონდა ახლო აღმოსავლეთთან, შესაბამისად, აღარ გაგვიკვირდება, თუკი გავიგებთ, რომ დამასკოში „ვიზიტიდან დაბრუნებული“ ანტიოქიის პატრიარქი ცვლის თავის პოზიციას და შეკრებაზე დასწრებას ეთანხმება. საბოლოო სიტყვა კონსტანტინოპოლზე იყო. კარპოვმა 1947 წელს საბჭოთა ხელისუფლებას სთხოვა, რომ 50 000 დოლარი გამოეყო კონსტანტინოპოლის პატრიარქ მაქსიმესთვის, რისი აღებაც მოსკოვურ ღონისძიებაზე კონსტანტინოპოლის დასწრების დასტური იქნებოდა. დააკვირდით, იმ პერიოდისთვის რამხელა თანხაზეა საუბარი.
_ კონსტანტინოპოლის პასუხი?
_ კონსტანტინოპოლმა უარყო ეს წინადადება.
_ და ამის მიუხედავად კონგრესი მაინც გაიმართა…
_ კონგრესი 1948 წლის 8-18 ივლისს გაიმართა და იგი რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის 500 წლის იუბილესაც მოიცავდა. რუსული ავტოკეფალიის 500 წლისთავის ღონისძიებაზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ამ საზეიმო ღონისძიებათა გამართვის შემდეგ დაწყებულ საერთო-მართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსკოვში საერთოდ არ ჩავიდა კვიპროსისა და იერუსალიმის ეკლესიების დელეგაცია.
სხვათა შორია, ეს სწორედ ის ღონისძიებაა, რომელშიც 1948 წელს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა. ამ ღონისძიების შემდეგ უკვე ბევრად ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ რუსულ ეკლესიოლოგიაზე, რომელიც არ ცნობს კონსტანტინოპოლის საყდრის მსოფლიო ტიტულს. ზოგადადაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში საკმაოდ სერიოზული ეკლესიოლოგიური კრიზისი გვაქვს, რაც უმეტესად იმის გამოა, რომ რუსული იდეოლოგიური მანქანა აქტიურად ავრცელებს ე. წ. პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას, რომლის მიხედვითაც, გარეგნულად თითოეული ავტოკეფალიური ეკლესია არის ყველასა და ყველაფრისგან დამოუკიდებელი ერთეული, საერთო ჯამში კი ვართ ეკლესიათა კონფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ხელმძღვანელი, თავი. ესაა რუსული დსთ-ს საეკლესიო ვარიანტი, სადაც სახეზე გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა, ამ შემთხვევაში, ეკლესიათა თანამეგობრობა, მაგრამ ამ თანამეგობრობის კურსს განსაზღვრავს ის, ვისაც პოლიტიკურად ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ე. ი. მოსკოვი. ამგვარი მიდგომით, მოსკოვის ეკლესია ახერხებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რიგი ეკლესიებისგან ისმოდეს ის, რაც მას სურს, ეკლესიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ იმას, რაც მას სურს, აღიარონ ან არ აღიარონ ის, რაც მას სურს და ა. შ.
_ მივყვეთ პროცესებს…
_ CAROC-ის (რელიგიის საქმეთა საბჭო, _ ავტ.) მოხსენების მიხედვით, ღონისძიებას 11 ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეიქმნა სერიოზული საფრთხე, რომ სადაც რუსეთმა პირველ ეტაპზე ამდენი მოახერხა, შემდეგ ჯერზე მსოფლიო კრების გამართვასაც შეძლებდა და მართლმადიდებლობის ადმინისტრაციული მესაჭის პოზიციას დაიკავებდა. საფრთხე ბევრად სერიოზული იყო, ვიდრე უბრალოდ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული დაპირისპირება. საფრთხე ექმნებოდა მთელ დასავლურ, ევროპულ, ამერიკულ და, ზოგადად, ქრისტიანულ ცივილიზაციას. ამ უდიდესი განსაცდელისგან კი ეკლესია და, ზოგადად, დასავლური სამყარო მსოფლიო პატრიაქმა ათენაგორამ იხსნა. კონგრესი, როგორც ვახსენეთ, 1948 წლის 8-18 ივლისი გაიმართა, ხოლო 1948 წლის ნოემბერში ათენაგორა კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. მან წერტილი დაუსვა რუსეთის ეკლესიის იდეას, რომ მსოფლიო კრება ჩაეტარებინა. ამას დღემდე ვერ პატიობს რუსეთი ათენაგორას და ათასგვარი ცილისწამებითა და სიცრუის დაბრალებით მიცვალებულსაც კი არ ასვენებს. შესაბამისად, რუსეთმა მტრის ახალი ხატიც დახატა, _ აქამდე თუ ის რომი და რომის პაპი იყო, ახლა მას ფანარი და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოც მიემატა. ორ სხვადასხვა მტერთან ბრძოლა ორმაგ რესურსსა და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ კრემლმა ვატიკანი და ფანარი, პაპი და მსოფლიო პატრიარქი „გააერთიანა“ და საკუთარი იდეოლოგიის მიმდევრებს ერთიან მტრებად დაუსახა.
_ დამეთანხმე, რომ რუსეთი დღესაც ამას აკეთებს…
_ რა თქმა უნდა, და ორმაგად სამწუხაროა, რომ საქართველოშიც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც პირწმინდად მიჰყვებიან რუსულ კურსს და ათენაგორასთვის ან ბართლომეოსისადმი ტალახის სროლით არ ისვენებენ. შორს რომ არ წავიდეთ, ათენაგორა ცალკე თემაა და მასზე სხვა დროს უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ. კიდევ ერთი პარალელი: მსოფლიო კრების ვერჩატარებაზე კრემლის პასუხი იყო, რომ თუკი რუსეთს არ შეუძლია კრების ჩატარება, ე. ი. კონსტანტინოპოლმაც ვერ უნდა ჩაატაროს იგი. შესაბამისად, მთელი რესურსი, ფული, იდეოლოგია, ძალა მიმართული იყო იქითკენ, რომ კონსტანტინოპოლს თავისი კანონიკური უფლებამოსილება ვერ განეხორციელებინა. სამწუხაროა, რომ ამ ჭიდილში ჩვენ რუსული პოზიცია დავიკავეთ და 2016 წლის დიდ და წმინდა კრებას ბოიკოტი გამოვუცხადეთ.
_ რომ შევაჯამოთ, დღეს რა პროცესთან გვაქვს საქმე?
_ დღეს რუსეთი და მისი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი, სტალინის გეგმის რეალიზებას ცდილობს და „მართლმადიდებელი ვატიკანის“ შექმნას აპირებს, რაშიც მას საქართველოშიც ეხმარებიან.
_ ამ სურვილს ხომ არ უკავშირდება მოსაყდრის საკითხიც?
_ რა თქმა უნდა, პუტინს საკუთარი გეგმის განსახორციელებლად აუცილებლად სჭირდება, რომ საქართველოს ეკლესიას არა წმინდა სინოდი, არამედ მისი ნების შემსრულებელი ეგზარქოსი მართავდეს, რისთვისაც არც აქამდე დაუკლია ძალისხმევა და არც მომავალში დაიხევს რამეზე უკან.

ამჯერად აქ გავჩერდეთ. საკმაოდ საინტერესო ფაქტები და ინფორმაციაა განსჯისთვის და დასაფიქრებლად ქართული პოლიტიკური, სახელისუფლებლო და საზოგადოებრივი სპექტრისთვის. მით უფრო, რომ კრეტის კრების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ამ საკითხში ქართული ეკლესიის ინტერესები რომ წმინდა რუსული დავალების შესრულებაა, ესეც არაერთგზის აღგვინიშნავს.

კოკა წერეთელი