ლევან ვასაძეს დაიჭერენ?

„ქართულ ოცნებას“ რთული დღეები უდგას. „გავრილოვის ღამის“ მერე პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეები 25-ე დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ეს „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე ხანგრძლივი პროტესტია.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებს, ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა, მაგრამ გადადგომას გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს, გამოძიებას კი მთავარი პროკურატურა აწარმოებს და, ჯერჯერობით, არც ერთი პირი, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა, დასჯილი არაა.

გააფრთხილეს თუ არა აქციის მონაწილეები? გიორგი გახარია ამბობს, რომ აქციის დარბევამდე მონაწილეები გააფრთხილეს. მისსავე ვერსიას უარყოფს შს მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე და აცხადებს, რომ ეგზალტირებული მასის გაფრთხილებას, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა, შეფასებებში კი კიდევ უფრო წინ წავიდა, _ მშვიდობიანი მომიტინგეები აქციის დაშლისას საერთოდ არ დაშავებულანო.
ასეა თუ ისე, ძალოვანი უწყება არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. გიორგი გახარიას, როგორც კრიზისების მართვის მენეჯერის იმიჯი, მნიშვნელოვნად შეირყა, _ მან ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, უბრალოდ, ვერ მონახა. გასული წლის 13-14 მაისის აქციებისგან განსხვავებით, აქციის ორგანიზატორები მას არც დახურულ კარს მიღმა ხვდებიან და არც კომპრომისებზე ესაუბრებიან. საზოგადოების განწყობაც ცალსახად სამინისტროს წინააღმდეგაა, რადგან 20 ივნისის აქცია ჩვეულებრივი აქცია არ იყო და მას რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მართავდა. ეს იყო ანტისაოკუპაციო პროტესტი და მისი ამ ფორმებით დაშლამ დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა აწია.
წარუმატებელი აღმოჩნდა დავით ქაცარავას მოწოდებაც, რომ გარეჯი საქართველომ დაკარგა და ახლა აუცილებელია პროტესტის დავითგარეჯში გაგრძელება. რუსთაველის აქციის მონაწილეებმა ეს მოწოდება ძირითადი აქციის ძირითადი მოთხოვნების შეცვლის მცდელობად მიიჩნიეს და დავითგარეჯში პროტესტის გაგრძელებაზე უარი თქვეს. რუსთაველის აქციას ერთადერთი მოთხოვნა აქვს _ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ აპირებენ ამ მოთხოვნების შეცვლას, არც ქაცარავას და არც პოლიტიკური პარტიების ლიდერების გამო.
თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ანტისაოკუპაცო მოძრაობის ლიდერი რეალურად პუტინის „ალფა ბანკთან“ თანამშრომლობს, მათი ბანკის მიერ დაფინანსებულ ტურისტულ პროექტშია ჩართული და როგორც თავად ადასტურებს, პურის ფულს აკეთებს, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, დავითგარეჯში პროტესტის გადატანა რომელი ქვეყნის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს. „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებისა და ქაცარავას თბილისში შეხვედრისა და რესტორანში ქეიფის ამსახველი ვიდეო „ქრონიკა+“-მა გასულ წელს გამოაქვეყნა.
პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება შემოდგომაზე, როცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ შემოდგომაზე გეგმავს ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შეცვლას, სწორედ ახალი სახეებით სურს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საკადრო რესურსი უკვე ამოწურა. მოკლე სათადარიგო სკამი აქვს ფონდ „ქართუსაც“, ივანიშვილი კი ახალ სახეებს მხოლოდ ახლო გარემოცვაში ეძებს. ამ ეტაპისთვის მას არც პრემიერის კანდიდატურა ჰყავს და არც შინაგან საქმეთა მინისტრის, სხვა მინისტრებზე აღარაფერს ვამბობთ, ამიტომ ახალი სახეების მოძებნა მას უთუოდ გაუჭირდება. ასევე არ იციან, როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია. დღეის მონაცემებით პარტიის რეიტინგი ქვემოთ მოდის და მას ადმინისტრაციული რესურსიც კი არ უჭერს მხარს.
ივანიშვილის მთავრობის მთავარ გამოწვევად ისევ რჩება კორუფცია _ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში ირაკლი ღარიბაშვილის კლანი შეესია ბიუჯეტსა და ბიზნესს, იყო წილების გადანაწილებები, ახევები, ტენდერების „ატკატები“ და ა. შ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის გარემოცვამ რამდენიმე ასეული მილიონი მოიპარა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, რომ კახელების კარტელის ცნობად სახეებს დაიჭერდნენ, საუბარი იყო ზვიად ჯანყარაშვილზე და დავით შავლიაშვილზეც, მაგრამ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, შავლიაშვილმა „ოცნების“ ხელისუფლება დააშანტაჟა, _ დამიჭერთ და ყველაფერს მოვყვებიო. იგივე გააკეთა ზვიად ჯანყარაშვილმაც და თავიც სწორედ ასე გადაირჩინეს. ელგუჯა ხოკრიშვილი კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გერმანიაში გაამწესა ელჩად. კახელების კარტელს ასე შერჩა მოპარული მილიონები.
ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მერე ივანიშვილმა პრემიერის კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა შემოგვთავაზა, გვითხრა, რომ იგი წესიერი კაცია და ყველა ვნახავთ, როგორ იმუშავებს. არადა, კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, რამდენიმე წლის წინ თავად ჰყავდა გაგდებული „ქართუ ჯგუფიდან“ და როცა ეკონომიკის მინისტრს ეძებდა, გია ხუხაშვილის რეკომენდაციით დანიშნა თანამდებობაზე.
გიორგი კვირიკაშვილის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძისა და სხვების კორუფციულ სქემებზე „ქრონიკა+“ ბევრს წერდა, მათ ხელში იყო დაუმთავრებელი საგზაო ტენდერები და „ატკატები“, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რუსული კაპიტალით, რუსეთის მოქალაქეებზე პირდაპირი მიყიდვის წესით მიკუთვნებული თბილისის ისტორიული ცენტრი, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს დეკლარირებულად პროდასავლური ლიდერი პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეწუწუნებოდა, _ ბებია მყავდა რუსი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ალტერნატივა არ აქვსო.
კულმინაცია ივანიშვილ-კვირიკაშვილის ურთიერთობაში იყო ამერიკაში მისი წარმატებული ვიზიტი, რასაც მამუკა ხაზარაძის ლობისტების დახმარებით მიაღწია და იქ ნათქვამი ფრაზები, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. ივანიშვილს კვირიკაშვილის მოხსნა გაუჭირდა, პოლიტიკიდან წასულს უკან დაბრუნებამაც მოუწია, რადგან კვირიკაშვილს უკვე მთელი პარტიული და სახელისუფლებო ვერტიკალი ხელში ეჭირა, ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ თუ კვირიკაშვილი არ გადადგებოდა, თანამდებობას დატოვებდა რამდენიმე მინისტრი და აუცილებელი გახდებოდა პრემიერისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებაც.
გიორგი კვირიკაშვილი წავიდა, ამავე პერიოდში გამჟღავნდა, რომ მთავარ პროკურატურაში შექმნილი იყო სპეცჯგუფი, რომელიც პრემიერისა და მისი გარემოცვის კორუფციულ სქემებზე მუშაობდა, ზურაბ ალავიძე დაკითხეს კიდეც და არაოფიციალური ინფორმაციით, კვირიკაშვილის გარემოცვის მიერ ბიუჯეტისთვის ნაქურდალი თანხაც დათვალეს _ 750 მილიონი დოლარი. ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მერე არავინ იცის, რა ბედი ეწია ამ სისხლის სამართლის საქმეს. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის გარემოცვიდან დაკავებული, ჯერჯერობით, არავინაა.
ელიტარული კორუფციის პარალელურად, კორუფცია ყვავის რეგიონებში, მაღალი და საშუალო დონის ჩინოვნიკები გადასულები არიან ფულის კეთებაზე, ამ ფონზე კი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ათამდე დაბალი რანგის ჩინოვნიკი და ერთი მერია დაკავებული.
ივანიშვილის კიდევ ერთი გამოწვევა ქართულ პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის გამოჩენაა.
მამუკა ხაზარაძე საკუთარ იმიჯს ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა. წარმატებული ბიზნესმენი, მეცენატი, ქართული ლიტერატურის ქომაგი, პრემია „საბას“ დამფუძნებელი, მრავალშვილიანი მამა და ტრადიციული ქართული ოჯახის პატრონი. ის პოლიტიკისგან დისტანცირებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ უშუალოდ არასოდეს მონაწილეობდა ამ პროცესში. პრემიერ კვირიკაშვილის დროს მან ამბიციური პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. როდის გაირბინა შავმა კატამ მასსა და ივანიშვილს შორის, ძნელი სათქმელია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეში ლომის წილი ვანო ჩხარტიშვილმა ითამაშა. მთავარ პროკურატურაში ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ ხაზარაძის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზარალა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მას ივანიშვილის სახელით გიორგი გახარია უყენებდა ულტიმატუმებს. დღეის მდგომარეობით არც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ვიცით რამე და არც ლონდონში დანიშნული გახარიას წერილის ექსპერტიზის შედეგებია ცნობილი, რეალურად ანაკლიის პორტის მშენებლობა შეფერხებულია და სწორედ ამ ფონზე მამუკა ხაზარაძე განცხადებას აკეთებს, რომ შემოდგომაზე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის და პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. რთულად წარმოსადგენია, რომ მამუკა ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ამერიკელ ლობისტებთან შეთანხმების გარეშე მიიღო. დამოუკიდებელი ფინანსური პერსონის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის თავის ტკივილია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. ორიდან ერთია _ ან ხაზარაძემ ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ მერე ივანიშვილს საკუთარ პირობებზე დაელაპარაკოს, ანაც ის ნამდვილად ერთვება საარჩევნო მარათონში და 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებისთვის იბრძოლებს, რადგან ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლობის გარეშე ბიზნესის კეთება უკვე წარმოუდგენელია.
პოლიტიკურ ამბიციებსა და პარლამენტში ლობზე ღიად ალაპარაკდნენ ბიზნესფედერაციაშიც, განცხადება ლაშა პაპაშვილმაც გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბიზნესჯგუფი დამოუკიდებლად გამოვა ასპარეზზე და ისინი ხაზარაძის მოკავშირეები არ იქნებიან.
შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია მარტივი ნამდვილად არაა, დუღილის ტემპერატურა იმატებს როგორც ხელისუფლების შიგნით, ისე ხელისუფლების გარეთ. რა გამოსავალს იპოვის ბიძინა ივანიშვილი შექმნილი სიტუაციიდან და რა სტრატეგიას აირჩევს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ კულუარული ინფორმაციით ივანიშვილის მთავარი სამიზნე, ამ ეტაპზე, არც მეტი არც ნაკლები, ლევან ვასაძეა, ხელისუფლებაში ვასაძის არაპროგნოზირებადი გამოხტომები ნერვებს უშლით. მას შეუძლია, სრულიად მოულოდნელად შექმნას დაძაბულობის კერა თბილისში და ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში საპატრიარქო უჭერს მხარს. სწორედ საპატრიარქოს უპირობო მხარდაჭერის გამოა, რომ ვასაძის ტონს რიხი ემატება და ემატება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიიღო დავალება, ლევან ვასაძის მიმართ გამოძიება დაწყებულია და არაა გამორიცხული, ის უახლოეს მომავალში დააკავონ კიდეც. რა მოხდება ვასაძის დაკავების შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ რაინდის მოქმედებები ნელ-ნელა ყოველგვარ ზღვარს გადადის, ფაქტია.
მოკლედ, ცხელი ზაფხულის მერე წინ არანაკლებ ცხელი შემოდგომა გველოდება.

ელისო კილაძე