ნიკა მელია : „დარბევის დაწყების გადაწყვეტილება გახარიას არ მიუღია!“

„ქრონიკა+“ ესაუბრება ნიკა მელიას:
_ ბოლო წლების დინამიკური, აქტიური ცხოვრების შემდეგ, როცა, პრაქტიკულად, სახლში არ იყავით, არ გეუცხოვებათ დღედაღამ სახლში ყოფნა?
_ როგორ არა. ამ პროცესს ჰყავს ერთი ძალიან კმაყოფილი ადამიანი, ეს არის სანდრო მელია, ჩემი ბიჭი, რომელიც გაკვირვებული იყურება, 24 საათი სახლში რომ მხედავს. ადრე დღეში ნახევარი საათი, 40 წუთი თუ მქონდა საიმისოდ, ბავშვთან გამეტარებინა. ახლა სულ სახლში მხედავს, თან უხარია, თან უკვირს.
_ სამაჯურს როგორ ეგუებით?
_ ამ სამაჯურის დადება ფეხზე უნდოდათ, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ვთხოვე, ხელზე დაედოთ. სამაჯურის დადების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად მოულოდნელად მიიღო ისე, რომ პროკურატურას არც მოუთხოვია. პროკურატურამ, უბრალოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც მე პატიმრობის ნაცვლად გირაო შემიფარდა. სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურას უარი უთხრა და დამატებით, თავისი ინიციატივით, ჩემთვის მონიტორინგის სახით სამაჯურის გამოყენება მოითხოვა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო პირდაპირ არის კავშირზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. პროკურორიც კი გაკვირვებული იყურებოდა.
_ რას ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს სამაჯურის გამოყენება?
_ მსგავსი რამ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავში აზრადაც არ მოსვლია მოსამართლეს, მაგრამ შემდეგ იფიქრეს და ეს რა მოიფიქრეს ვითომ ჩემი დამცირებისთვის. ხელისუფლება მიხვდა, რომ იმ კრახის შემდეგ, რაც პარლამენტში იწვნიეს, მორალური უპირატესობა ჩემს მხარეს იყო. კრახში ვგულისხმობ იმ ცნობილ სხდომას, როდესაც სასამართლო მომიწყვეს და ივანიშვილმა 93 დეპუტატი უსამართლო პროკურორად აქცია. ამ სხდომას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს და საზოგადოება დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ტყუის. ხელისუფლება მიხვდა, რომ მორალური უპირატესობა ჩემს მხარეს იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ სამაჯურით ჩემ დამცირებას ეცადნენ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ სამაჯურის გამოყენებით თვითონ ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დაიმცირეს თავი. პირველი პრეცედენტია, რომ სამაჯური გაუკეთეს არათუ უბრალოდ მოქალაქეს, არამედ პოლიტიკოსს, დეპუტატს. მეტიც, მე ვარ პირველი მიუსჯელი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც კანონიერ ძალაში არაა შესული გამამტყუნებელი განაჩენი და მაინც დაადეს ეს სამაჯური. თუ არ ვცდები, ასეთი სამაჯური საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს უკეთია, მაგრამ ყველა უკვე გასამართლებული და სასჯელმისჯილია. ცალსახაა, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია, უბრალოდ, ეს სამაჯური გზად მოიფიქრეს და დამაწიეს, თორემ თავიდან რომ სასწრაფო წესით ჩემი დაპატიმრება იყო გადაწყვეტილი, ეგ ფაქტია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. როდესაც ივანიშვილი გამოვიდა და პროპორციული სისტემა გადმოგვიგდო დათმობად, იქვე დააანონსა დაკავებები და ზუსტად მეორე დღეს ვიხილეთ ეს სპექტაკლი. ვნახეთ 93 დეპუტატისთვის ღირსების აყრის სცენა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ჩემ წინააღმდეგ და მაინც ააწევინეს ხელი.
_ თქვენი დაპატიმრება რომ გადაწყვეტილი იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ რა მოხდა, თქვენი აზრით, რატომ არ შეგიფარდათ სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა? მახსოვს, თქვენ მოსამართლეზე ამბობდით, რომ ის ჩინჩალაძის ახლობელია და აუცილებლად შეასრულებს დაკვეთას.
_ დაიახ, ცხადზე უცხადესი იყო, რომ იმ დღეს ხელისუფლებას ჩემი დაპატიმრება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომაც შევიდა პროკურატურა პარლამენტში იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით. ჩემი დაპატიმრება სურდათ, თორემ სხვა შემთხვევაში პარლამენტის თანხმობა არაფერში სჭირდებოდათ. იმ დილით, პარლამენტის თანხმობის გარეშე, მშვენივრად წამიყენეს ბრალი დილის 10 საათზე და დაკითხვაზეც ისე გამოვცხადდებოდი, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. ეს ყველაფერი გადასარევად იცოდა „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ, უბრალოდ, მათ უტყდებოდათ იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომ ღილაკზე ხელის დაჭერით ხმას აძლევდნენ ჩემ დაპატიმრებას. ამიტომ სხვაგვარად ცდილობდნენ თავისი საქციელის საზოგადოებისთვის მისაღებას, რომ ვითომცდა იმიტომ მიჩერებდნენ იმუნიტეტს, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო. რა სისულელეა, უკვე ბრალდებული ვიყავი იმ დროს, როცა იმუნიტეტს მიჩერებდნენ.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ რა მოხდა, რატომ ააყირავა მოსამართლემ სიტუაცია?
_ მოსამართლეს არაფერი აუყირავებია. რამდენიმე ფაქტორმა ივანიშვილი იძულებული გახადა, ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება შეეცვალა. იმ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ხალხმა ყველაფერი დაინახა და აღშფოთდა. საზოგადოების გულისწყრომა, აღშფოთება იგრძნობოდა სოცქსელებში, ქუჩაში. ამის გარდა, შავით თეთრზე ჩანდა, რომ საქმე ნაკერი იყო. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია. ამ ყველაფერმა ერთად, ბიძინა ივანიშვილს ღამის საათებში შეაცვლევინა გადაწყვეტილება და შესაბამისად, მოსამართლესაც დაევალა, რომ ჩემთვის აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდებინა არა პატიმრობა, არამედ _ გირაო. მე გადაწყვეტილების გამოცხადებამდევე ვუთხარი მოსამართლეს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მას, პატიმრობა იქნებოდა თუ გირაო, ის შეასრულებდა ხელისუფლების დავალებას. ვუთხარი, არ გეგონოთ, რომ თუ თქვენ გირაოს შემიფარდებთ, თქვენ დამოუკიდებელი და პირუთვნელი მოსამართლე იქნებით. ასე აგიხდათ ყველაფერი.
_ გამორიცხავთ, რომ სწორედ ჩინჩალაძემ აუყირავა სიტუაცია ივანიშვილს? ივანიშვილის ხელისუფლებამ დანაპირები ვერ შეუსრულა ჩინჩალაძეს. გამორიცხავთ, რომ მან თავისი ძალა დაანახვა ივანიშვილს?
_ არა, რას ამბობთ, აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვნახეთ, რა უხერხულ მორჩილებაში ჰყავდა ივანიშვილს 93 დეპუტატი, ვისაც იმუნიტეტი იცავს და იმ ერთ მოსამართლეს ვერ გააკონტროლებდა? გამორიცხულია. სრულიად გამოვრიცხავ და იმ ფაქტორებს ვუკავშირებ დღეს ამ ფორმით სახლში ჩემ ყოფნას.
_ რა მოხდა იმ დღეს, რატომ წავიდა ხელისუფლება ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე? რომც ვინმეს მართლა ეცადა ცარიელი ხელებით იქ შეჭრა, რა აუცილებელი იყო დარბევა, მით უმეტეს, ასეთი სასტიკი დარბევა, სახეში დამიზნებით სროლა, თვალების თხრა?
_ მოდი, ვთქვათ, რა მოხდა: ხელისუფლებამ ჩაიდინა არა უბრალოდ სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ უმძიმესი დანაშაული. ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, სადაც დეკლარირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამ ხელისუფლებამ 20 ივნისს გავრილოვის ხელით დემონსტრაციულად დააპირა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა. გავრილოვი ჩასვა, არც მეტი, არც ნაკლები, იმ სავარძელში, სადაც ზვიად გამსახურდია იჯდა! იმ დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გავრილოვმა რეალურად რუსეთის დროშა ააფრიალა! ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ღირსების აყრა რთული მოსაფიქრებელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი შემთხვევით არ მომხდარა და ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ქართველ მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად და ეს მოღალატეობრივი აქტი იმ დღეს შემთხვევით არ ჩაუდენიათ. ამ უმძიმეს პოლიტიკურ დანაშაულზე საზოგადოების რეაქცია იყო ადეკვატური, ამ რეაქციაზე ხელისუფლების პასუხი კი სრულიად არაადეკვატური. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა და საზოგადოების მოთხოვნისამებრ გადაეყენებინა ბატონი კობახიძე, იგი ბაქოდან ჩაერთო, მთელი პასუხისმგებლობა მოიხსნა და პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობაზე ილაპარაკა. ამან უარესად დაძაბა სიტუაცია.
_ სიტუაციის დაძაბვაში ხელისუფლებაც და რიგი თქვენი კოლეგებიც, ვგულისხმობ ოთო კახიძეს, ბოკერიას, სწორედ თქვენ გადანაშაულებენ.
_ კი, კახიძემ განაცხადა, რომ მე, ნიკა მელიას, არ უნდა გამეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ მისი ეს პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ. მათი მტკიცებით, მე ვყოფილვარ პროვოკატორი. აბა, სხვა ვინაა პირი, რომელიც ასეთ დროს პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს?
მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის წვაში თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და, შესაბამისად, სისხლისღვრას.
უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით (იმედია, უნებლიეთ) მაშველ რგოლებად ევლინებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. მეტს აღარ ვაპირებ, პასუხი გავცე მათ გამოხდომებს, მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია _ დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
ვიმეორებ, ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა უწყვეტმა კადრებმა სრულიად საპირისპირო დაადასტურა _ ჩანს, როგორ ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას, ხალხისგან ვიღებთ ნებართვას, რომ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად შევიდეთ და სწორედ ამ დროს იწყება დარბევა.
მე საერთოდ შვებულებაში ვიყავი, საგურამოში გახლდით ოჯახთან ერთად და 25 ივნისამდე არც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ გავრილოვი რომ იქ დავინახე, გულგრილი ვერ დავრჩებოდი, ჩამოვედი და მივვარდი პარლამენტში. ადგილზე, რომან გოცირიძესთან, კოლეგებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ პროტესტის ნიშნად შევსულიყავით და დავმსხდარიყავით სხდომათა დარბაზში და იქ დავლოდებოდით კობახიძის გადადგომას. განვაცხადე, რომ დარბაზიდან არ გავიდოდი მანამ, სანამ კობახიძე არ გადადგებოდა. არადა, მომდევნო სხდომა 25 ივნისს იყო და იმასაც კი ვუშვებდი, რომ ის 5 დღე იქ ვმჯდარიყავით, თუკი კობახიძე არ გადადგებოდა. საერთოდ არ ვაპირებდი შენობიდან გამოსვლას! კი, მართალია, გაორებული ვიყავი, ეჭვიც მეპარებოდა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად სწორად ვიქცეოდი, როდესაც რუსთაველი ხალხით სავსე იყო და მე იზოლირებულად ვიჯექი პარლამენტში, კი, ხალხთან მინდოდა ყოფნა, არ ვმალავ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მქონდა მიღებული და გამოსვლას არ ვაპირებდი.
_ აბა, რანაირად, რატომ აღმოჩნდით გარეთ?
_ ტელეფონში პირდაპირ ეთერს ვადევნებდი თვალს. დავინახე, რომ „რუსთავი 2-ის“ აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტის შენობიდან გააძევეს, გამოსასარჩლებლად ჩავედი, მოვუწოდე, რომ კარი გაეღოთ და შემოეშვათ. კარი გააღეს, ვიფიქრე, მიხვდნენ, რომ სისულელე გააკეთეს და დეპუტატის მოწოდება გაითვალისწინეს-მეთქი… კარი კი გააღეს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ის შემოეშვათ, მეც გამაგდეს გარეთ და ასე აღმოვჩნდი მიტინგზე, სადაც არც ვაპირებდი გამოსვლას. გარეთ მართლაც დაძაბული ატმოსფერო იყო, უკიდურესად აღელვებული, აღშფოთებული ხალხი, რომელიც ერთადერთს ითხოვდა _ კობახიძის გადადგომას, არავის გახსენებია მაშინ გახარია და იმ საათებში რომ გადამდგარიყო ვაჟბატონი კობახიძე, პროცესი მომენტალურად კალაპოტს დაუბრუნდებოდა. პარლამენტიდან გამოგდებულმა დეპუტატმა, დიახ, გავაკეთე განცხადება, პარლამენტის ეზოში მშვიდობიანად, ხელებაწეულ შესვლაზე, თუკი კობახიძე არ გადადგებოდა. ამ განცხადებას გამოაბეს კუდი, ამ განცხადებას ჩაეჭიდა ხელისუფლება, როგორც ხავსს, ამ განცხადებას ეძახის ოთო კახიძე და ბოკერია უპასუხისმგებლოს და პროვოკაციულს. მე არავისთვის არ მომიწოდებია, ვკითხე იქ შეკრებილ საზოგადოებას, თუ პროტესტი შედეგს ვერ მიაღწევდა და კობახიძე არ გადადგებოდა, შევსულიყავით თუ არა პარლამენტის ეზოში! ჯერ ერთი, ხმის აპარატურის უქნლობის გამო ჩემი ეს კითხვა იქ მყოფს ბევრს არც არავის გაუგია, გაიგონა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. მეტიც, ვინც გაიგონა, იმ ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის, ვინც იქ იდგა, მე არანაირი ავტორიტეტი არ ვარ და ჩემ ნათქვამზე არაფერს გააკეთებდნენ, მეტიც, აგრესიულადაც კი იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი. ვიკითხე, ვიკითხე! და ვინც გაიგონა, ერთსულოვნად მიპასუხა, დამეთანხმა, რომ შევსულიყავით პროტესტის ნიშნად, მაგრამ ვინ სად შევიდა ან პარლამენტის ეზოში შესვლა გადატრიალებაა? ხელისუფლებამ ამაზე ააგო მთელი პროპაგანდა, რომ ხალხისთვის თვალების თხრა, ის სისასტიკე „გაეპრავებინა“, თითქოსდა იმიტომ დაარბეს ხალხი, რომ პარლამენტზე შტურმი იგეგმებოდა და საფრთხე იყო მყისიერი. გახარია გრიგოლიასთან ეთერში ხომ საერთოდ ეშხში შევიდა და დაიკარგა, საერთოდ საოცრება თქვა, 7 საათის განმავლობაში მიდიოდა შტურმიო. რა 7 საათი შტურმი, რაიხსტაგია? რა შტურმი? იქ იყო აღელვებული ხალხი და, კი ბატონო, შეტაკება იყო, მაგრამ არა „სპეცნაზსა“ და ხალხს შორის, არამედ ანზორ ჩუბინიძის რაზმსა და მომიტინგეებს შორის! დიახაც, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა იქ, ადგილზე და ხელით უთითებდა, ვისთვის უნდა ესროლათ სახის არეში ტყვიები. გვაქვს ეს კადრები ნანახი. ანზორ ჩუბინიძის ხალხი, ის 20-30 ადამიანი, არანაირად არ წარმოადგენდა სახელმწიფოს იმ დღეს. სპეცრაზმელები ისინი არ იყვნენ, ისინი იყვნენ ანზორ ჩუბინიძის რაზმის წევრები. იმ ადამიანებსა და ხალხს შორის შეტაკება ნამდვილად მოხდა.
_ წინა კვირას უწყვეტი კადრები გაავრცელეთ, რომელიც საქმეში მტკიცებულებად იდო და პროკურატურამ მოგაწოდათ.
_ დიახ, იმ კადრებს მთელი 20 დღე ვეძებდით. იმ უწყვეტმა კადრებმა მთლიანად დაანგრია ხელისუფლების პროპაგანდა. იმ კადრებში კარგად ჩანს ყველაფერი. ბახტაძემ და გახარიამ შემოგვთავზეს მოსალაპარაკებლად შესვლა, მე ხალხს ვკითხე და ნებართვა ვთხოვე, რომ შევსულიყავით. მივიღეთ ეს თანხმობა და ხალხისგან ნებადართულები შესასვლელისკენ გავეშურეთ, კორიდორის გახსნას ველოდებოდით, რომ პარლამენტში შევსულიყავით გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და მე. სპეცრაზმის მე-4-5 მწკრივში მოძრაობა შევნიშნე, პირველ მწკრივში ჩემ წინ მდგარ სპეცრაზმელს ვკითხე, რა ხდებოდა. მითხრა, როტაციააო. ამ დროს რამდენიმემ აირწინაღი გაიკეთა და ცამოწმენდილზე, უცებ, სროლა, დარბევა დაიწყო. გახარია რომ გამოდის და გაიძახის, 4-ჯერ გავაფრთხილეთო, ვინ რა გააფრთხილა, სპეცრაზმის კორდონში მდგომმა ბიჭებმაც არ იცოდნენ, რომ დარბევა იწყებოდა. უწყვეტმა კადრებმა მთელი მათი პროპაგანდა გაათახსირა. ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი მყისიერი საფრთხე, მეტიც, არანაირი ჩოჩქოლიც კი არ ყოფილა, მოსალაპარაკებლად შევდიოდით და ამ დროს სროლა ატეხეს.
_ ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ? _ გახარია/ბახტაძემ მოსალაპარაკებლად შესვლა შემოგთავაზეს, უარს არ ამბობთ, აპირებთ შესვლას და ამ დროს იწყება დარბევა. თუ გახარია დარბევას გეგმავდა, რაღაში სჭირდებოდა ეს შეხვედრის შემოთავაზება? სხვამ ხომ არ მიიღო დარბევის გადაწყვეტილება?
_ დიახ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გახარიამ და ბახტაძემ შემოგვთავაზეს შეხვედრა და მოულოდნელად დაიწყო სროლა, დარბევა, ეს ყველაფერი არათუ მიმტკიცებს ვარაუდს, მარწმუნებს, რომ დარბევის დაწყების გადაწყვეტილება გახარიას არ მიუღია, რაც არათუ არ ათავისუფლებს გახარიას პასუხისმგებლობისგან, არამედ კიდევ უფრო უმძიმებს მას მდგომარეობას! სპეცრაზმი თუ დარბევის შესახებ ჰაერზე იღებს ვიღაცისგან გადაწყვეტილებას დედამთილის ან სიდედრის ან ძმაკაცის დავალებით, კიდევ უფრო უარესია მისთვის. დარბევის გადაწყვეტილება არ მიუღია გახარიას, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამას, რა თქმა უნდა, უახლოესი მომავალი ნათელს მოჰფენს. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩემს ამ ვარაუდს ამყარებს: ერთი კვირის წინ მედიასთან შეხვედრაზე გახარიას ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, ვინ გასცა დარბევის ბრძანება. მან საერთოდ არ გასცა ამ კითხვას პასუხი! ინგა გრიგოლიასთან ეთერში კი უკვე ყველაფერი თავის თავზე აიღო. ჩანს, გააცნობიერა, _ იმის თქმა, რომ მას არ გაუცია ბრძანება, მისთვისვე იქნებოდა ბევრად უფრო ცუდი და რთული. ამ ყველაფრის შემდეგ იმდენად აიხლართა, აიბლანდა გახარია თავის ტყუილებში, რას ლაპარაკობს, ვეღარც იგებს. მოგეხსენებათ, მატყუარა ადამიანს ყველაზე კარგი, ფენომენალური მეხსიერება უნდა ჰქონდეს, როდის სად რა მოიტყუა, რომ ტყუილებში არ გამოიჭირონ. ჩანს, მეხსიერება საერთოდ არ უვარგა ამ გახარიას. ჯერ იყო ხალხის მიტოვებას მედავებოდნენ, ახლა დგას და გაიძახის, 5-6 საათამდე გმირთა მოედანზე იყო დემონსტრანტებთანო. ნუ დავწვრილმანდებით ამ დეტალებზე, უმძიმესი დანაშულია ჩადენილი, კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს, რეფერენდუმით ხალხმა დასავლეთისკენ სვლა გადაწყვიტა და ამათ ყველაფერს გადაუსვეს ხაზი! რუსეთმა რბილი ძალის ფარგლებში ბოლოს მოღება დააპირა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ტანკით რუსი აღარ შემოვა, ამას გააკეთებს და აკეთებს რბილი ძალით, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით. ჩვენ დავინახეთ მთელი რუსეთის აგენტურა და რეზიდენტურა, გაშიფრული ზედ რუსთაველზე, როდესაც დილით ადრე მათ ანტისაოკუპაციო მიტინგის ადგილი დაიკავეს. ავტობუსებით გაყვეს რუსთაველი, მაგრამ ამანაც არ იმუშავა. საზოგადოება კი ვერ გახლიჩეს, აქ იდგა საზოგადოება და იქით დგას ივანიშვილ-გახარია, აქეთ დგას ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფვა და იქით _ ჭაობისკენ სწრაფვა, როგორიც არის პუტინის რუსეთი. ერთ მხარეს იდგა მთელი ერი, აბსოლუტური უმრავლესობა, ამიტომაც იძულებულები გახდნენ, იმ დღეს გაპარულიყვნენ.
_ თუ არა გახარია, თქვენი აზრით, ვინ გასცა დარბევის ეს ბრძანება?
_ ჩემი ვარაუდით, ეს ბრძანება გაიცა ბიძინა ივანიშვილის მიერ ანზორ ჩუბინიძეზე და სწორედ ანზორ ჩუბინიძემ იქ, ადგილზე, ეს დაავალა მისი ნდობით აღჭურვილ რამდენიმე პირს იმ რაზმში, რომელსაც ის, რატომღაც, სპეცნაზელებს ეძახის. 20-30 ადამიანზეა საუბარი.
_ რატომ ვერ იმეტებს ივანიშვილი გახარიას? იმიტომ, რომ მან შეიწერა, დაიბრალა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას არ მიიუღია?
_ ფაქტია, შიგნით ხელისუფლებაში ძალიან დაძაბული ვითარებაა ეჭვიანობის საფუძველზე. მოგეხსენებათ, რამდენიმე დაჯგუფებაა და ერთი დაჯგუფება სხვა დაჯგუფებაზე ფიქრობს, რომ ისინი ალიანსში ხომ არ არიან ოპოზიციასთან და ხომ არ გვითხრიან ძირს? როდესაც ხელთ გიპყრია ძალაუფლება და ასეთი ეჭვები გრღრღნის, სისულელეზე სისულელის კეთების მეტს აღარაფერს აკეთებ და ჩვენ სწორედ ახლა ვუყურებთ ამ პროცესს. პოლიტიკური კრიზისი ერთია, მაგრამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელზეც არავინ საუბრობს, აღარაფერზე საუბრობენ, აღარც ლარზე, აღარც საწვავაზე.
_ როგორ არ საუბრობენ, მაგ ყველაფერს „ნაცებსა“ და გვარამია-გაბუნიას აბრალებენ.
_ ეგ მცდელობა ახლა არ დაწყებულა, მე შეგახსენებთ რამდენიმე წლის წინ, ლარის გაუფასურებას, მაგალითად, აბრალებდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს.
_ კი, ახლა ლარი გარბის და გვენეტაძეს არავინ ახსენებს.
_ რა თქმა უნდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად მახსოვს, ვაშაძის რამდენიმე განცხადებას დააბრალეს ლარის გაუფასურების მზარდი პროცესი. ეს არახალია, ამათ ეს სისხლში აქვთ, რომ ყველაფერი, თავისი ჩასვრილი, საკუთარი დანაშაული გადააბრალონ სხვას. მაგრამ აღარ გასდით, გაიზარდა და პოლიტიკურად მომწიფდა საზოგადოება. ჩვენმა საზოგადოებამ შესაშური უნარი გამოიჩინა კვლავ ერთობისა. მტერი სულ ჩვენი და ჩვენი პოზიციების დაშორიშორებით სარგებლობდა, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპებზე, თუ უახლეს ისტორიასაც გადავხედავთ, ერი საოცარი ენერგიის მოკრებას, შედუღაბების უნარს ავლენდა და ახლაც ამას ვუყურებთ რუსთაველზე, სადაც თაობები გაერთიანდა. ამ ადამიანების წინაშე უძლური არის ყველა მილიარდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც წარსული, ებრძვის მომავალს და წარსულმა როგორ უნდა დაამარცხოს მომავალი?
_ მილიარდები ახსენე და ამ ბოლო პერიოდში ბევრმა მილიონერმა გამოხატა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. პოლიტიკაში ფულიანების მოსვლის რაღაც ახალი ტალღა იწყება და ეს რა ფენომენია და ამას ხელს ხომ არ უწყობს ის ნულოვანი ბარიერი, რომელიც ხურდაში მოაყოლა ივანიშვილმა პროპორციულ სისტემას? ამ სახის ბარიერი ბევრს უქმნის ილუზიას, რომ იოლად მოხვდებიან პარლამენტში.
_ პროპორციულ სისტემაზე დათანხმებას ივანიშვილი არც აპირებდა და არც დათანხმდებოდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისთვის განაჩენია, გარდაუვალი მარცხია! არ დათანხმდებოდა ამას, მაგრამ დაღვრილმა სისხლმა აიძულა, დაკარგულმა თვალებმა აიძულა! ეს იყო, თორემ ივანიშვილი ყველაფერს დათმობდა და მაგას არ დათმობდა. ამიტომ როგორი ბარიერიც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა აღარ აქვს, ამ სისტემით ჩვენ, ოპოზიცია დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციურ პლატფორმაზე რა ახალი და როგორი სუბიექტები გაჩნდებიან ვნახოთ, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დადგება, ვიღაცა ფულიანი იქნება, ვიღაცა ფულის გარეშე იქნება, ვიღაცა ჭკვიანი იქნება, ვიღაცა უჭკუო იქნება, ვიღაცა მაღალი იქნება, ვიღაცა დაბალი იქნება, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს იდგება. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. გამოჩნდება, კიდევ ვინმეღა ენდობა თუ არა ფულიანს. ივანიშვილის „წყალობით“ ფული აპრიორი აღარავის აძლევს უპირატესობას, იმიტომ რომ ხალხი 7 წელია ხედავს, ფულიანის მმართველობა რასაც ნიშნავს, არაფერს, გარდა იმისა, რომ მისი კაპიტალი იზრდება და შენი მცირდება. არა მგონია, ვინმე მათ აღტაცებით შეხვდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფულიანია. მაგრამ თუ ვინმე ფულიანი მოვა და ხალხის სამსახურში ჩადგება და რეალურ ეროვნულ საქმეს გააკეთებს, ესეც შეუმჩნეველი არ დარჩება ხალხის თვალში.
_ პროპორციული სისტემა მართლა დათმობაა, მაგრამ ნულოვანი ბარიერი არაა მაგის განიორწყლება?
_ ახლა ბიძინა ივანიშვილი არის წელში გადატეხილი და მოკუნტული, უფსკრულის პირას დგას, უკან გზა არ აქვს, მაგრამ მაინც ამაოდ ცდილობს, რომ როგორღაც მოძლიერდეს, მოღონიერდეს, რომ ისევ პროცესების სათავეში მოექცეს. როგორც თქვენ გიყურებთ, აი, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, საერთოდ ჩააგდოს ეს პროპორციული სისტემა, ცხადია, სხვისი ხელით, მაგალითად, მაჟორიტარების. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ნორმაა შესაცვლელი, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება მის შეცვლას. მაჟორიტარებს თვითონ ეტყვის, ხმა არ მისცენ და მერე იტყვის, აბა, რა ვქნაო. ამიტომ არ შეიძლება და არ უნდა ამოვასუნთქოთ პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება მაგ ბარიერს, ვერც ეგ ბარიერი უშველის. 73 მაჟორიტარია და მოდით, ვთქვათ, აქამდე, მას ჰქონდა 73-კაციანი ფორა! 150-დან 73 ადგილი გარანტირებული ჰქონდა, პროპორციული სისტემით კი რა ბარიერითაც არ უნდა იმამაძაღლოს, მაქსიმუმ, შეიძლება, 5 მანდატი ჰქონდეს ფორა. ამიტომ ეს არის წარმოუდგენლად მძიმე დარტყმა ბიძინა ივანიშვილისთვის. ასე სატელიტურ პარტიებს ხელაღებით ვერ შექმნის, იმიტომ რომ პატარა სოციუმი ვართ, ყველა ყველას ვიცნობთ, არაფერი დაუფარავი არ რჩება. თუკი მისი ხელდასხმით შეიქმნება პარტია, ამას ხომ გავიგებთ, ხალხო? რომც შექმნას, იმ სატელიტურმა პარტიამ ხმები საიდან უნდა მოიტანოს, მეზობელი სახელმწიფოსგან ხომ ვერ წამოიღებს ხმებს? მაღალი ალბათობით ოპოზიციურ ხმებს ვერ მიიზიდავს და დიდი ალბათობით ისევ მაგათ წაართმევს ხმებს. ესეც ცხადყოფს, რომ ეს არაა ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. დათხრილი თვალების დამსახურებაა. დამიჯერეთ, ასე ღრმად რომ არ შეეტოპა ივანიშვილს, კობახიძესაც კი არ გადააყენებდა, ქუცნაშვილის მანდატის მაგიდაზე დადებით ეცდებოდა ამ პროცესის გაჩერებას.
_ რატომ შეტოპა ივანიშვილმა? ეს ხომ არ აჩენს კიდევ სხვა ეჭვს, რომ ეს დირექტივა მოსკოვიდან მოდიოდა? ივანიშვილის ინტერესში რატომ შედიოდა იმ უბედურების მოწყობა, რა ისეთი საფრთხე მას ემუქრებოდა? რატომ დაარბია, რატომ დათხარა ხალხს თვალები?
_ შეშინებულმა ქმნა. ივანიშვილმა რომ დაინახა ზღვა ხალხი რუსთაველზე და რაოდენობა მატულობდა და მატულობდა, ხელისუფლების დაკარგვის შეეშინდა და ასე პათოლოგიურად და ისტერიულად იმოქმედა. როგორც ჩანს, მართლა ეგონათ, რომ ხელისუფლება იმ დღეს მთავრდებოდა. შეიძლება, ამათ მართლა ჰგონიათ, რომ იქ ვიღაცა შტურმით იღებდა შენობას.
_ ასე დაბეჯითებით რატომ გამორიცხავ მოსკოვიდან ზარს?
_ ზარი მოსკოვიდან, რა თქმა უნდა, იქნებოდა! ჩემთვის „ქართული ოცნება“ არის საოკუპაციო რეჟიმი! „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისს თავიდან ბოლომდე ჩამოიგლიჯა ნიღაბი და ამ ნიღბის უკან დავინახეთ, დიახაც, არც მეტი და არც ნაკლები, რუსეთის ფედერაციის ინტერესები. სუვერენული ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს. ეს ხელისუფლება არის, დიახაც, პუტინის მიერ მართული. ეს ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაეშვა გავრილოვი, რაც უკიდურეს შეურაცხყოფად მიიჩნია პუტინმა და როგორც დამსაქმებელმა თავის მიერ დასაქმებულს, ისე აუწია ყური და დატუქსა.
_ მორიგი სამარცხვინო აქტი. ჟურნალისტის გინება აიყვანეს სახელმწიფო ბოდიშების რანგში, მაგრამ შემდეგ როცა პუტინმა საოცრებები იძახა საქართველოზე, კრინტიც ვერავინ დაძრა, პასუხიც ვერ შებედეს.
_ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა, პროვოკაციას არ აჰყვეთო. ანუ არ აჰყვეთ ქართველი ხალხის მიერ მოწყობილ პროვოკაციასო! ანუ ის მღელვარება, ის აღშფოთება, წყრომა, რომელიც არ ნელდება, ეს ყველაფერი პროვოკაციად მონათლა საქართველოს პრეზიდენტმა! მომდევნო დღეს, როდესაც პუტინმა საოცარი განცხადება გააკეთა და აქეთ გვეძახა ოკუპანტები, ამ ყველაფრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა არათუ არ გააკეთა განცხადება, როდესაც ჟურნალისტემა ჰკითხეს, გაექცა ქალი ჟურნალისტებს!!! ამ გადმოსახედიდან სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი სუფთა რუსული პროექტია. პუტინის პროექტია. ამით აიხსნება ის, რომ ყოველგვარი რეიტინგის გარეშე ის კანდიდატად წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. გახსოვთ, ალბათ, „ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილსაც კი, მხარდამჭერებსაც კი, უკვირდათ, რომ რაღა ასეთი ურიენტინგო ადამიანი წარადგინეს, რომელსაც ყველა ლანძღავდა. აგერ, ჩემო ბატონო, პასუხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ გაიცა. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის კანდიდატია და ახლა პრეზიდენტად მონათლული უკვე. შესაბამისად, რა გამოდის? ე. ი., პრეზიდენტობის კანდიდატად ვინ შეარჩია _ სალომე ზურაბიშვილი? „ქართულმა ოცნებამ“? _ არა, რუსეთის ფედერაციამ! ე. ი. რა გამოდის „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციის მარიონეტი კი არ გამოდის, ხალხო, არამედ თავიდან ბოლომდე შეზელილია რუსეთის ინტერესებს. ეს არის ცხადზე უცხადესი.

რეზო შატაკიშვილი