რატომ განახლდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება?

2013 წელს საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ, რომ გამოძიებულიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი და მთელმა რიგმა მოწმეებმა საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინეს. თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირველმა გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, მაშინვე ამ გამოძიების საბოტაჟი დაიწყო. მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები იგნორირებულ იქნა როგორც კბილაშვილის, ასევე ფარცხალაძის, ბადაშვილისა და შოთაძის პროკურატურაში ყოფნის დროს, რამაც ცუდი კვალი დატოვა და დღეს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ყველანაირი სანდოობა დაუკარგა.

მოსახლეობას არ სჯერა, რომ „ოცნება“ თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს _ განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის საქმეში. კბილაშვილის მიერ განხორციელებული სამართლიანობის აღდგენის ფსევდოღონისძიებებმა სავალალო შედეგები მოიტანა.
შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა სხვა სახელისუფლებო კრიზისების გათვალისწინებით, ყოველ შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახური უკვე მერამდენედ მიუბრუნდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც, რატომღაც, აქტუალური სწორედ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გახდა. „ქრონიკა+“-ს სანდო წყარომ განუცხადა, რომ გამოძიება სრულიად ახალ ვერსიას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც ჟვანიას მკვლელობის საქმე შესაძლოა, ერიკ გუდისსა და მის იარაღის ბიზნესს უკავშირდებოდეს. ამ ვერსიაზე მომუშავე გამომძიებლები აქტიურად კითხავენ მოწმეებს, რომლებსაც სერიოზული არგუმენტები და ინფორმაციები აქვთ ამერიკელი-რუსი ბიზნესმენის, არიელ (ერიკ) გუდისის წინააღმდეგ.

ვინ არის ერიკ გუდისი?

მასზე ოფიციალური ინფორმაციის მოძიება რთულია. ერთი ვერსიის თანახმად, ის აშკენაზური წარმომავლობის რუსი ებრაელია, რომლის მამაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვაჭრობის სამმართველოს უფროსი იყო საბჭოთა კავშირის დროს. უფროსი გუდისი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე გადადის რუსეთში. მისი ვაჟი, ერიკი, სოლოლაკში, ჯაფარიძის ქუჩაზე გაიზარდა, ჰყავს უამრავი ქართველი მეგობარი და გამართულად საუბრობს ქართულად. პროფესიით მევიოლინე ერთხანს თბილისსა და მოსკოვში ორკესტრებშიც კი უკრავს.
90-იანი წლების ბოლოს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადადის. ემიგრაციის პირველივე წლებში საბჭოთა ემიგრანტების ოჯახი ნიუ-იორკში პარკ ავენიუზე სახლდება უზარმაზარ პენტჰაუსში. მათი ქონება ამით არ შემოიფარგლება: ამერიკის სხვადასხვა შტატში ფლობენ დიდძალ უძრავ ქონებას: ფლორიდის შტატში ვილას, კონექტიკუტში _ სახლს და ა. შ. მევიოლინის კვალობაზე შთამბეჭდავად მდიდარი ერიკ გუდისი პირველ პროფესიას თავს ანებებს და მამა-შვილი კარგად ნაცნობ ხელობას ჰკიდებს ხელს: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გუდისის მეგობარი, თემურ ალასანია, გაეროს განიარაღების კომიტეტში საბჭოთა იმპერიას წარმოადგენდა. გაეროს განიარაღების კომიტეტს იმხანადაც და დღესაც სერიოზული სახელისუფლებო ბერკეტები აქვს, შესაბამისი არალეგალური სავაჭრო ბერკეტებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ბატონმა თემურ ალასანიამ და ერიკ გუდისმა და შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობებიც დაამყარეს.
დღეს არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის უცნობი არაა ერიკ გუდისის არალეგალური საქმიანობა: მას აქვს იარაღი, რომელსაც ჰყიდის და ყიდულობს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ნებისმიერ კუთხეში, ვისაც ამის სურვილი აქვს.
გუდისის ბიზნესისთვის ერთხანს ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თბილისის აეროპორტის უტენდეროდ ხელში ჩაგდება. აეროპორტის რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარჯებს გუდისი უპრობლემოდ გასწევდა, მთავარი იყო, იარაღის შეტანა-გატანაში მისთვის ხელი არავის შეეშალა.
ამ მიზნით 2004 წლის 16-17 დეკემბერს ერიკ გუდისი თბილისში ჩამოდის და პრეზიდენტ სააკაშვილს ხვდება. ის რუსი და ლიტველი ებრაელი ბიზნესპარტნიორის, აბელ რასკასის მეშვეობით, რომელსაც იმხანად ცნობილი ამერიკული ოფშორული კომპანია შეაქმნევინა, პრეზიდენტ სააკაშვილს აეროპორტის რეკონსტრუქციას სთავაზობს. როგორც ცნობილია, ამ საქმეებში იმ ეტაპზე ჩაბმული იყო საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელსაც გუდისი ასახელებდა, როგორც თავის ასისტენტს. თუმცა მოგვიანებით რეხვიაშვილი ამ მოლაპარაკებებს გაემიჯნა. აგრეთვე ამ მოლაპარაკებებში ჩაბმულები იყვნენ თბილისის აეროპორტის მაშინდელი ხელმძღვანელები და „თბილავიამშენთან“ უკვე სხვა მოლაპარაკებები მიდიოდა. თითქოს აეროპორტის გარიგებას წინ არაფერი უნდა დადგომოდა, რადგან იმ დროისთვის ეკონომიკის მინისტრ ბენდუქიძეს პირდაპირი მიყიდვის წესით არაერთი ობიექტი გადაცემული ჰქონდა ინვესტორებისთვის. პარალელურად, გუდისს მოლაპარაკება ჰქონდა „თბილავიამშენთან“ გარკვეული სახეობის შეკვეთების დამზადებაზე. ეს შეკვეთები პირდაპირ უკავშირდებოდა იარაღის წარმოებას. თუ „თბილავიამშენში“ იარაღი დამზადდებოდა და თბილისის აეროპორტით უპრობლემოდ გატარდებოდა, პოტენციური და მოქმედი კლიენტები გუდისს ჰყავდა პერუში, ინდოეთში, ინდონეზიაში. რაც შეეხებოდა „თბილავიამშენს“, გუდისის აზრით, ქარხანა ძალზე იხეირებდა, რადგან თვეში 100 მილიონის შეკვეთას მიიღებდა. გუდისმა 2004 წლიდან „თათი დააფარა“ „თბილავიამშენსაც“ და ამით საშუალება მოუსპო სამოქალაქო ავიაციაში გადასვლისა, მიუხედავად იმისა, რომ „თბილავიამშენის“ მმართველი პანტიკო თორდია თავიდანვე ეწინააღმდგებოდა ამას.
როგორც ჩვენ მიერ მიმდინარე გამოძიებამ აღმოაჩინა, 2004 წლის ბოლოს ერიკ გუდისი და მისი „ეკონომიკური გუნდი“ მართლაც ჩამოსული იყო საქართველოში პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანიასთან ერთად. 2004 წლის 13 დეკემბერს ფიქსირდება მათი შემოსვლა თბილისის აეროპორტში. არსებობენ მაღალი რანგის მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ გუდისისა და ალასანიას შეხვედრას ჟვანიასთან მათი თბილისში ყოფნის პერიოდში; და რომ ჟვანიასთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გუდისი დაუყოვნებლივ გაფრინდა მოსკოვში ГРУ-ს მაღალჩინოსან გენერლებთან მოსალაპარაკებლად.
ჟვანიას სიკვდილის მოტივებზე განახლებულმა გამოძიებამ უკვე დაკითხა რამდენიმე მოწმე. ისინი აცხადებენ, რომ გუდისმა ჟვანიას პირდაპირი ტექსტით, ყოველგვარი მიკობ-მოკიბვის გარეშე, განუცხადა, რომ აეროპორტს წელიწადში ექნება მილიარდ-ნახევრიანი მოგება, რომლის 20% პირდაპირ დარჩებოდა ქართულ სახელისუფლებო ვერტიკალს, კერძოდ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ჟვანიამ, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ლობი ჰყავდა ამერიკაში, რამდენიმე წუთში შეაფასა გუდისის ავანტიურა და პრეზიდენტთან თათბირის მოტივით, ისე, რომ გუდისი საკუთარ კაბინეტში დატოვა, სააკაშვილთან ავიდა. ჟვანიამ გააფრთხილა პრეზიდენტი, რომ გუდისისთვის აეროპორტის მიყიდვა ძალზე სარისკო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ქვეყნისთვის და საკმაოდ პრინციპულად მოითხოვა ამ ავანტიურისტ ადამიანებთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე თავის შეკავება. სააკაშვილმა აღელვებულმა დაურეკა ბიძამისს და მოსთხოვა, რომ გუდისი საერთოდ მოეშორებინა საქართველოს ტერიტორიიდან. ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს, რომ თავად სააკაშვილი არ იყო კარგად გათვითცნობიერებული გუდისის გეგმებში და იმ მომენტში მისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ასეთი ტიპის წინადადება. როგორც ჩანს, გუდისი იქამდე ბენდუქიძესთანაც გადიოდა კონსულტაციას, რომელიც აგრეთვე ეწინააღმდეგებოდა გუდისის გრანდიოზულ და არალეგალურ იდეებს.
პრეზიდენტისგან ჩამოსულმა ჟვანიამ გუდისს დელიკატურად განუცხადა, _ დავფიქრდებითო… რაც ასევე დელიკატურ უარს ნიშნავდა და გუდისს ეს არ გამოჰპარვია. ამას თან ერთვოდა თვითონ სააკაშვლის გაბრაზება და აქედან გამომდინარე, გუდისმა იმ დღესვე დატოვა საქართველო და რუსეთს მიაშურა. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი მოწმე აცხადებს, რომ გუდისმა ძალზე განრისხებულმა დატოვა თბილისი და მასთან 2005 წლის იანვრის შუა რიცხვებში დაიმუქრა: „ერთ თვეში საქართველოს პირველი პირები აღარ იქნებოდნენ არც პრემიერ-მინისტრი ჟვანია და არც „ეს გაბერილი“ ბენდუქიძე“.
ამის შემდეგ გუდისი საქართველოდან საეჭვოდ გაუჩინარდა; როგორც მისი ახლობლები და პარტნიორები ამბობდნენ, მას რუსეთში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აღმოაჩნდა; ჟვანიასთან მისი კონფრონტაციის შესახებ კარგად იცის აგრეთვე ჟვანაის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პეტრე მამრაძემ.
მართლაც, გუდისის გამგზავრებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ეკონომიკის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან სხვა თნამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო ზურაბ ჟვანია _ გარდაიცვალა!
პრეზიდენტ სააკაშილის ბიძის დაჟინებული მოთხოვნით გუდისთან და კიდევ არაერთ საეჭო რეპუტაციის „ბიზნესმენთან“ შეხვედრამ, გამუდმებულმა ეკონომიკურმა ავანტიურებმა პრემიერ-მინისტრი ჟვანია ისე დაღალა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბევრისთვის ნათელი იყო, ჟვანია გადადგომას აპირებდა და ამერიკაში სტრობ ტელბოტის მოწვევით წასვლას აპირებდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ამ და კიდევ არაერთმა ასეთმა გარემოებამ იარაღის გადამყიდველ მაფიას აფიქრებინა, რომ ჟვანიას გადადგომის შემთხვევაში მისი გეგმების განხორციელება არც ისე ადვილი იქნებოდა, ამიტომაც ჟვანიას გზიდან ჩამოშორება გუდისისთვის უპირველესი ამოცანა ხდებოდა.

„ქრონიკა+“ ჟვანიას გარდაცვალების ახალ ვერსიებთან დაკავშირებით ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს ესაუბრა:
_ როცა ჟვანიას მკვლელობის ფაქტებს ვიძიებდი, ჩემი წყაროები მყავდა და ფაქტები მქონდა. გუდისის ისტორია შეიძლება სერიოზული ვერსია იყოს ჟვანიას მკვლელობის საქმეში. საქართველოში იარაღის ტრაფიკის თემა ჟვანიასგან არ იწყება, ის ჯერ კიდევ 1992 წლიდან იღებს სათავეს. საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების თემაც, მეტწილად, იარაღით ვაჭრობის თემას უკავშირდებოდა. საერთაშორისო მასშტაბის იარაღით ვაჭრობის თემაში „მხედრიონიც“ იყო ჩართული. სწორედ ამ თემამ დააკავშირა ერთმანეთს სააკაშვილის ხელისუფლების მხედრიონელი მინისტრები და პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია ნიუ-იორკში. მათ ურთიერთობაში ბევრი საეჭვო ფაქტი და დამთხვევაა. რატომღაც, იარაღის თემასთან დაკავშირებული ადამიანები მუდმივად კონფლიქტში იყვნენ ზურაბ ჟვანიასთან.
როგორც წყაროები ამბობენ, სააკაშვილისთვის ჟვანიას მკვლელობა, თავის დროზე, მოულოდნელი, შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. თუმცა რადგანაც გუდისის ახლო მეგობარი, ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრი იყო, ის იძულებული გახდა, გამოძიება არასწორი მიმართულებით წაეყვანა. ერიკ გუდისი კი წყნარად აგრძელებს თავის „მოღვაწეობას“ ამჟამად უკვე ფლორიდის შტატში. ნიუ-იორკიდან მისი გადასვლა ფლორიდაში ფიქსირდება 2007 წლიდან. წყაროების თანახმად, მას დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს ГРУ-ს მაღალჩინოსნებთან, რომლებთან ერთადაც იარაღის ბიზნესშია. ასევე ამ ბიზნესში რჩება გაეროს განიარაღების კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსანი, თემურ ალასანია. გუდისის თემაზე ვერ ხერხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვაც“.

„ქრონიკა+“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის _ განსაკუთრებით ის, თუ რატომ არიან ამ დანაშაულის მიჩქმალვით დაინტერესებულნი ბატონი არჩილ კბილაშვილი და ძმანი მისნი?!.

ია დანელია