არმაზ ახვლედიანი: „გახარია განადგურებული „ოცნების“ მესაფლავედ იქცა“

რუსთაველის გამზირზე უკვე ორ კვირაზე მეტია, აქციები იმართება და საპროტესტო მუხტი არ ცხრება. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია _ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და „გავრილოვის ღამეს“ დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დარჩენილი ერთი მოთხოვნა _ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია _ კვლავ უცვლელია.
რამ მიიყვანა მმართველი გუნდი არსებულ მძიმე პოლიტიკურ მოცემულობამდე? რა შემთხვევაში შეიძლება არ გაამართლოს პროპორციულმა სისტემამ? რა უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ ივანიშვილის პოლიტიკურ ხრიკებს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა:

_ ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელშიც ახლა ვართ, გარკვეულწილად, გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ამ ვიზიტის რისკების სათანადოდ შეფასება?
_ გავრილოვის შემთხვევა არ იყო საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება, რომელსაც გონიერება აქვს წართმეული, დიდ შეცდომას უშვებს, ზოგჯერ ტრაგიკულსაც. გავრილოვის ამბავიც ჩემთვის სწორედ ამ სერიიდანაა და სიმართლე გითხრათ, ველოდი კიდეც, რომ, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება მსგავს სისულელეს ჩაიდენდა. ეს კანონზომიერია, ვინაიდან, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ შეცდომებმა და დანაშაულებებმა უკვე რა ხანია, მიიღო სისტემური ხასიათი. ხელისუფლება მოკლებულია საღ აზრს და ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება. შესაბამისად, ამ აგონიაში მყოფ პოლიტიკოსთა ჯგუფს არ აქვს არც პრაგმატული და ლოგიკური აზროვნება, არც სახელმწიფოებრივი, სტრატეგიული ხედვა და ამ დროს რა გასაკვირია, რომ ისეთი დანაშაულიც ჩაიდინოს, რომელიც საზოგადოების სავსებით სამართლიან აღშფოთებას გამოიწვევს.
_ უშუალოდ 20-21 ივნისის ღამეს, როდესაც აქცია დაარბიეს და მომიტინგეები დაშავდნენ, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება ცალსახად _ ხელისუფლების თუ, ამავდროულად, ოპოზიციისაც? საზოგადოებამ ნახა კადრები, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები, სავარაუდოდ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე საუბრობდნენ, მათ შორის იყო პარლამენტში შესვლის მოწოდებაც.
_ მე არა მხოლოდ კადრები ვნახე, არამედ იმ ღამეს აქციაზე ვიყავი, შესაბამისად, ყველაფერს ვხედავდი და ვუსმენდი. ამ შემთხვევაში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ამ ვითარებაში თავიდან ბოლომდე არაადეკვატურად იქცეოდა. ხელისუფლებამ დააშავა, როცა გავრილოვი საქართველოს პარლამენტში შეუშვა; დააშავა, როცა დაგვიანებული იყო მისი რეაქცია ამ სერიოზული შეცდომის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ანუ როცა კობახიძე დაგვიანებით გადადგა; ხელისუფლების წაყრუებამ გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი. გავრილოვის სისხლიანი ღამე კი ამ ისტორიის „დამაგვირგვინებელი“ წერტილი გახდა. ამ ღამეს განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრებზეა და ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის გადატეხა ეს არის უსუსური და უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელწერა. რა თქმა უნდა, ოპოზიციაც უშვებს შეცდომებს და ამ პროცესშიც შესაძლოა იყო ცალკეული გადაცდომები, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა არაადეკვატურ ხელისუფლებაზეა. სწორედ ხელისუფლების ამ საქციელმა გამოიწვია მომდევნო შეცდომების კასკადი და ის უბედურება, რის შედეგადაც მივიღეთ ათობით დასახიჩრებული და დაზიანებული ადამიანი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „გავრილოვის ღამეს“ აქციაზე იმყოფებოდით, თქვენი გადმოსახედიდან იყო თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა? როგორ შეაფასებთ ნიკა მელიას მიმართ ჩატარებულ ღონისძიებებსა და რაზე მეტყველებს სასამართლოს გადაწყვეტილება?
_ არავინ არ უნდა მოუწოდოს საზოგადოებას, რომ თუნდაც შიშველი ხელებითა და მშვიდობიანი გზით შევიდნენ პარლამენტის შენობაში. ამ მოწოდებას მე არ ვიზიარებ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას ან გადატრიალების მცდელობას. ეს არის არასწორი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, თავად გაექცეს პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ, აჩვენოს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ რაღაც ძალა აქვს და შეუძლია ვიღაც დააპატიმროს ან დასაჯოს. ყველა შემთხვევაში ხელისუფლების ასეთი საქციელი და რეაქცია მომხდარზე უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას და აასმაგებს მისი პასუხისმგებლობის ტვირთს. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა პარლამენტში მელიას საკითხზე კენჭისყრის დროს, ეს არის სამარცხვინო ფურცელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. იმ დეპუტატებმა უმრავლესობიდან, რომლებმაც გაბედეს და ივანიშვილის ამ ახირებას ზურგი აქციეს, დაიმსახურეს საზოგადოების სიმპათია. მადლობა მათ! ვინ, ვინ და მე, „ოცნებაში“ მაღალ თანამდებობაზე ნამყოფმა ადამიანმა, კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იქ გქონდეს განსხვავებული აზრი და თან იყო მარტო ამ დაპირისპირებაში. სოლიდარობას ვუცხადებ იმ დეპუტატებს, რომლებმაც დინების საწინააღმდეგოდ წასვლა გაბედეს. „ოცნების“ ნიკა მელიასადმი დამოკიდებულება სამარცხვინოა. რაც შეეხება თავად მელიას, მის მოწოდებებს იმ ღამეს არ ვიწონებ, მაგრამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მისი გამოსვლა ნამდვილად იყო გაბედული და პოლიტიკურად გამართული გზავნილი! რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ივანიშვილმა მელია ბოლომდე არ გაწირა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტებსა და საზოგადოებას დაანახა, რომ ყველაფერი მის ხელშია და როცა დასჭირდება, მაშინ დაიჭერს. ვიცნობ რა „ოცნების“ მართვის სტილს, კარგად ვხვდები, რომ „ოცნება“ რაღაცას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ კანონის, სამართლის ან საზოგადოების რეაქციის ერიდება, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ყველაფერი იმ პრიზმაში იზომება, დაზიანდება თუ არა „ოცნება“ და მისი ლიდერის პირადი ინტერესები. იმ მომენტში, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მელიას ციხეში ჩასმა უფრო დამაზიანებელი იქნებოდა „ოცნებისთვის“, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ „ოცნებას“ დასჭირდა, ხვალ მელიას არ დაიჭერს.
_ ხელისუფლებისგან მუდმივად გვესმის, რომ მომიტინგეები თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, შესაბამისად, ისინი იძულებულები გახდნენ, პროპორციული ძალა გამოეყენებინათ. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ რამდენად შეიძლება გამართლდეს ძალის გამოყენება პოლიციელების მხრიდან?
_ უნდა გაიმიჯნოს პოლიციელებზე თავდასხმა და პოლიციელების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა. ვინც ხელი აღმართა პოლიციელზე, რომელიც წესრიგს იცავდა, ის დამნაშავეა. პოლიციელი, რომელმაც დაასახიჩრა მშვიდობიანი მომიტინგე, ჩემი აზრით, ასმაგად დამნაშავეა. ის, რომ ეს პროცესი სათანადოდ ვერ მართა შსს-მ, ცხადია და სწორედ აქ ვხედავ მინისტრ გახარიას მთავარ ბრალეულობას. რაც ჩვენ ვიხილეთ ეს არის ბარბაროსული ქმედება, ცალკეული პოლიციელების მხრიდან და ბარბაროსობა ბრძანების გამცემის მხრიდან. რადგან გახარია არც მალავს, რომ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც იმ ღამეს მოხდა, შესაბამისად, სწორედ გახარიაა მთავარი დამნაშავე.
_ თქვენ ახლა საუბრობთ გახარიას ბარბაროსობაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრის სავარძელს უპრობლემოდ დატოვებს სისტემური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში. თუ გახარია გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, ის სამართალდამცველებიც, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, დაისჯებიან და სისტემური ხარვეზის შემთხვევაში მინისტრიც უპრობლემოდ გადადგება, მაშინ რას ვერჩით გახარიას?
_ ასეთ ვითარებაში ნებისმიერი შს მინისტრი თავად უნდა გადადგეს ან შეიჩეროს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. გახარიამ არც ერთი გააკეთა და არც _ მეორე, მისი მინისტრობის პირობებში გამოძიების მიმართ ნდობა არის ნული. მე პირადად არ მჯერა ამ გამოძიების. არც იმის მჯერა, რომ შეიძლება პროკურატურამ გამოძიება ჩაატაროს. გახარიასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები იაფფასიანი და არადამაჯერებელია. გახარია ამასობაში იქცა დაქცეული, განადგურებული „ოცნების“ მესაფლავედ. ამ წლების განმავლობაში „ოცნებას“ ერთადერთი რამ ჰქონდა აქტივში _ ის, რომ უხეშად არ ძალადობდა, სხვა ყველა პარამეტრით მინუსებში იყო, თუმცა ესეც დაკარგა და გადავიდა ძალადობაზე, შესაბამისად, ასეთი ხელისუფლება, მისი მთავრობა და მინისტრები გაკოტრებულია. ვფიქრობ, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამით „ოცნებამ“, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ ხელისუფლება თუ აქამდე არ ძალადობდა, არა იმიტომ, რომ მათ ხელები არ ექავებოდათ, არამედ იმიტომ, რომ ვერ უბედავდა იმ საზოგადოებას, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ძალიან მწარე გამოცდილება ჰქონდა. როგორც კი დაინახა „ოცნებამ“ მომიტინგეთა დიდი არმია, მიხვდა, რომ მის ხელისუფლებას არჩევნებზე, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე დაემუქროს და გაბრაზებულმა და გაავებულმა მმართველმა გუნდმა გაბედა და ასეთი უხეში ძალა გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სისტემური დანაშაული და ამის გამო პასუხი უნდა აგოს, მინიმუმ, მინისტრმა გახარიამ. ნორმალურ ვითარებაში პასუხს, პირველ რიგში, მთავრობის ხელმძღვანელი აგებდა და შემდეგ მასთან ერთად მინისტრიც, მაგრამ ჩვენთან ვითარება ნორმალური არ არის.
_ უკვე ორ კვირაზე მეტია, აქციები გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის აქტივისტებთან დააკავშიროს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვესმის, რომ აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. რამდენად მუშაობს ეს თემა ხელისუფლების სასარგებლოდ?
_ ხელისუფლებას თავიდანვე ძალიან უნდოდა, რომ ეს აქცია მოენათლა ოპოზიციისა და კონკრეტული ოპოზიური ძალის მიერ მხარდაჭერილ აქციად, მაგრამ აქციის დინამიკამ და შინაარსმა სწრაფად გაფანტა ეს ნისლი. მგონი, დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ აქცია არ იმართება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ აქციებზე პოლიტიკური ჩართულობა არ არის. ამ ჩართულობაშიც, თავისთავად, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ფაქტია, რომ აქცია არის სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი და მართული. ამიტომაც ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ არაორგანიზებულ, დაუგეგმავ, გაუთვლელ ნაბიჯებსაც კი, მაგრამ ძალიან ალალსა და მისასალმებელს. ასე რომ, ხელისუფლებას ეს გეგმა ჩაეშალა. სწორედ ამიტომაა _ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აქციაზე იმდენი ხალხი არ არის, რომ ქუჩა გადაიკეტოს, მუხტს მაინც არ კარგავს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა მინიმალური იყო და აღმოჩნდა, რომ მუხტი შეიძლება არ ჩაქრეს მაშინაც, როცა პოლიტიკოსების ჩართულობა მინიმალურია. ამ მუხტის შენარჩუნება კი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა ხელისუფლების ნამდვილი სახე.
_ აქციის სამი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი რჩება შეუსრულებელი. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დღემდე თნამდებობაზეა შს მინისტრი?
_ ვფიქრობ, მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, _ ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილში არ არის, რომ საპროტესტო ტალღის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილებები. გახარიას შემთხვევაში მას არ სურს, ამ ცხელ გულზე აჩვენოს ქვეყანას, რომ პროტესტის გამო გადააყენებს მას. შეიძლება, ივანიშვილი მზად იყოს, რომ გახარია გაუშვას, მაგრამ ეს მოგვიანებით გააკეთოს. ის ალბათ ფიქრობს, ეს საპროტესტო ტალღა რომ ჩაცხრება და გარკვეული პერიოდი გაივლის, შემდეგ სხვა მიზეზით გაუშვებს გახარიას. ამ მიზეზით მას გახარიას გაშვება იმიტომაც არ სურს, რომ, ერთი მხრივ, ამით არ აჩვენოს თავისი სისუსტე, მეორე მხრივ, არ აჩვენოს და არ აღიაროს, რომ ეს იყო, ფაქტობრივად, სისტემური დანაშაული. ის, რის შესახებაც დარბევამდე 15 წუთით ადრე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს არ არის „ოცნების“ ხელწერა, ამ იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს ივანიშვილი, მაგრამ უღიმღამოდ და უაზროდ. მეორე მიზეზი არის ის, რომ გახარია მისთვის აშკარად იყო დასაყრდენი. არის თუ არა დღეს ცოტა რთული სათქმელია, რადგან გახარიას ფუნდამენტი უკვე ძალიან შერყეულია. მისი ავტორიტეტი, ფაქტობრივად, განადგურებულია. შესაბამისად, გეგმა, რომ გახარია გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი ან არ გამხდარიყო და მისი გავლენა მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერებულიყო, ახლა უკვე საბოლოოდ ჩაიშალა. მიზეზი იმისა, რომ გახარიას ივანიშვილი არ უშვებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ის, რომ გახარია მისთვის იყო დასაყრდენი და, გარკვეულწილად, ალბათ, ახლაც არის. შესაძლოა, ივანიშვილს ჯერ არ ჰქონდეს მოფიქრებული, ვისით შეცვალოს გახარია, ეს დიდი პრობლემაა. ეს არ არის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა, სადაც ივანიშვილისთვის, შესაძლოა, სულერთი იყოს, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, ამისგან განსხვავებით შს მინისტრი უნდა იყოს ძალიან ერთგული, შემსრულებელი და, ასე ვთქვათ, ბოლომდე მისი „კაცი“. ასეთი მას ბევრი არ ჰყავს. შესაძლოა, ის ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ფიქრობდეს, ეს იდეა პირველმა გავაჟღერე, თუმცა ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში ერთია, შს მინისტრად კი სულ სხვაა. ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნამ, შესაძლოა, საზოგადოების კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვიოს. ივანიშვილი გახარიას იმ პირობით შეელეოდა, თუ მის ნაცვლად მსგავს კადრს იპოვიდა. მსგავსი ღარიბაშვილია, _ ივანიშვილს სჭირდება უპირობოდ მორჩილი და მისი ყველაზე უცნაური ახირებების შემსრულებელი მინისტრი.
_ მომიტინგეების მოთხოვნებს შორის დაკმაყოფილდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც, ეს არის ის, რასაც უკვე წლებია, პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას არ ხიბლავს ბუნებრივი ბარიერი და პრეტენზიებიც აქვს. იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდეს?
_ ამ ვითარებიდან გამოსავალი და საქართველოს ნორმალური განვითარების გარანტია პროპორციული არჩევნები კი არ არის, არამედ ის, რომ მომდევნო არჩევნები პროპორციული სისტემით იქნება თუ მაჟორიტარულით, არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდეს ივანიშვილის გეგმით! ყველაზე იდეალური საარჩევნო სისტემაც რომ შემოვიღოთ, ყველაფრის ფასი ჩემთვის იქნება ნული, თუ ეს პროცესი ჩატარდება ივანიშვილის გეგმით: ფულადი და ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და სხვა სიმახინჯეების გაასმაგებით. თუ ივანიშვილი არ აიძულა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ხელი აიღოს თავის მზაკვრულ გეგმაზე მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ დღევანდელი ნებისმიერი შეთანხმება პროპორციულ არჩევნებზე შეიძლება აღმოჩნდეს ნელი მოქმედების კოშმარული ნაღმი, რომელიც საბოლოოდ ამოატრიალებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, იმიტომ, რომ შედეგად შეიძლება მივიღოთ უკვე „ლეგიტიმური“ ხელისუფლება, რომელსაც ვეღარავინ შეედავება.
_ ის, რომ პროპორციული უნდა ჩატარდეს ბუნებრივი ბარიერით, ესეც ხომ არ არის ივანიშვილის მზაკვრული გეგმის ნაწილი?
_ დიახ, ვფიქრობ, რომ ბარიერის თემაც საკმაოდ წარმატებით შეიძლება გამოიყენოს ივანიშვილმა სათავისოდ, მაგრამ ამ წუმპიდან გამოსავალი არ შეიძლება იყოს პროპორციული არჩევნები, თუ არ გაირკვა მთავარი საკითხი, რომ მომდევნო არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის მზაკვრული გეგმით. თუ ამას ვერ მივაღწიეთ, მე პირადად თქვენ და მკითხველს გეუბნებით, რომ არჩევნები ჩატარდება 2020-ში და გვიან ღამით. როცა შედეგები გამოცხადდება, ჩვენ ყველა აღმოვაჩენთ, რომ ივანიშვილმა ისევ იცუღლუტა, მერე კი სინანული გვიანი იქნება, ამიტომაც ახლავე, თავიდანვე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. ყველა ჩვენს პარტნიორს უცხოეთში უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის მთავარი საფრთხე. ცხადია, ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ თანასწორ, დემოკრატიულ გარემოში, თორემ იმის თქმა, რომ პროპორციულზე გადავდივართ, თავისთავად არაფერს ნიშნავს. ჩვენთან მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს ფეოდალიზმს, რადგან „ოცნებაში“, ისევე როგორც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იყვნენ და არიან ფეოდალიზმის მიმდევრები. ასე რომ, ეს ფეოდალიზმი და არადემოკრატიულობა უნდა დაიმსხვრეს. მხოლოდ მაშინ ექნება აზრი ამ ახალ პროგრესულ სისტემაზე გადასვლას. ასევე ჯანსაღ გარემოში და პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, აჭარაში, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, იმავე დღეს ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დასრულდეს ეს პოლიტიკური ბაკქანალია, ქაოსი და წარუმატებელი ექსპერიმენტების ეპოქა.
_ იმისათვის, რომ ივანიშვილის გეგმა არ განხორციელდეს, აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა. ამ პირობებში, როცა პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთმანეთის კრიტიკით ერთობიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ისინი ერთობლივად შეუტევენ ივანიშვილს, ამის მზაობას ხედავთ?
_ ძირითადად ვხედავ, თუმცა ძალიან ვწუხვარ თუ აქა-იქ იქნებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ოპოზიციის დემოკრატული ფრთა არიან და ამ დროს ნებსით თუ უნებლიეთ ივანიშვილის თამაშს თამაშობენ.
_ კონკრეტულად რომელ პარტიას გულისხმობთ?
_ არ დავაკონკრეტებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი ძალები საბოლოოდ ისე ჩამოიხსნიან ამ ნიღაბს და ისე გაკოტრდებიან პოლიტიკურად, რომ ვფიქრობ, მათი ადგილი „ოცნებასთან“ ერთად სულ მალე გაქრება პოლიტიკიდან.
_ როგორი იქნება საპროტესტო აქციის ფინალი, _ მოუწევს ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა თუ საპროტესტო მუხტი ჩაქრება?
_ ყოველდღე ვარ აქციაზე, არც ერთი არ გამომიტოვებია. ყველა საქმე გადავდე და არ ვცილდები საპროტესტო სივრცეს. ვფიქრობ, ამ აქციის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. აქციამ უკვე გამოიღო ფანტასტიკური შედეგი, კერძოდ, დაამსხვრია მითი ივანიშვილის „ოცნების“ შესახებ და საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი ივანიშვილს. ჩემთვის ეს დიდი ხანია ნათელია, მაგრამ საჯაროდ ამ ნიღბის ჩამოხსნა ახლა მოხდა. აქციებმა აჩვენა, რომ „მეფე შიშველია“, აჩვენა ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული ნაწილი აღარასდროს შეეგუება ხელისუფლების პოლიტიკურ თუ ფიზიკურ ძალადობას! ეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავემიჯნოთ მანკიერ პრაქტიკას, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერს რომ გაკადრებინებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, ეს არის რეალური დემოკრატიული პროცესის დაწყება და დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანების ყოფნა ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ. თუ მთავარი საკითხი არ მოგვარდა, „ოცნება“ კი წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ შეიძლება, სხვა ანომალიური ძალა მოვიდეს. ყოველთვის უნდა იყოს საზოგადოების კრიტიკული განწყობა, ჩვენ უკვე ორ კვირაზე მეტია, ვხედავთ სამართლიანი პროტესტით სავსე ხალხს, ასი ათასობით ადამიანია გაბრაზებული, მაგრამ ყველა არ გამოდის. ის, ვინც ახლა ხმამაღლა ვერ ამბობს სათქმელს, არჩევნების დღეს ეტყვის „ოცნებას“, რომ მისი დრო ამოიწურა. მაგრამ სამომავლოდ ასეთ კოშმარულ ჩიხში რომ აღარ შევიდეს ქვეყანა საჭიროა, თავიდანვე გავაკეთოთ გონივრული არჩევანი და პოლიტიკაში გზა გავუხსნათ ისეთ ადამიანებსა და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქ მიდიან მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესასრულებლად, არანაირი ანგარება და საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა. საქმე ისაა, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში ათეულობითაა და საკმარისი რესურსი გვაქვს. ეს ადამიანები უნდა შემოვიდნენ პოლიტიკაში. ასეთი ადამიანები ყველა პარტიაში შეიძლება იყვნენ, მათ შორის, „ოცნებაშიც“, ხვალინდელ საქართველოს სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება. მაშინ რუსთაველზე 2-კვირიანი მანიფესტცია აღარ იქნება საჭირო და მომავალში ერთდღიანი პროტესტიც კი საკმარისი აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ობიექტური მოთხოვნა შეისმინოს. მეტიც, პროტესტისა და მიტინგების გარეშეც გადადგება ხელისუფალი თუკი გაიაზრებს, რომ შეცდომა დაუშვა. წასვლისა და მოსვლის კულტურა პოლიტიკაში ჩვენ არ გაგვაჩნია. იმედია, ამასაც გვასწავლის 20 ივნისის გამოცდილება.

ნენე ინჯგია