თემურ ალასანია: „რატომ არის ბიძინა ივანიშვილი კარგი ბიზნესმენი _ იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტს

პერსონა, რომელიც აქტუალური იყო იმ ცხრა წელს და აქტუალურია ახლაც. მასზე თხზავენ ლეგენდებს, იგონებენ ჭორებს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაა.
თემურ ალასანიაზე, როგორც მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატზე, მის გამოცდილებაზე და გაეროში მოღვაწეობაზე აუცილებლად დავწერ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა, ამჯერად კი მას კარგად დავიწყებულ „ახალ“ საქმეზე _ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებასა და სხვა „სკანდალებზე“ ვესაუბრებით.
ეს თემურ ალასანიას პირველი ექსკლუზიური ინტერვიუა ქართულ მედიაში:

_ ბატონო თემურ, მოგესალმებით. გმადლობთ, ინტერვიუზე რომ დამთანხმდით. უნდა დავიწყოთ დავიწყებული ძველი, მაგრამ ცხელი ამბით: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაახლა ზურაბ ჟვანიას მკვლელობისა თუ გარდაცვალების გამოძიება და აქტიურად განიხილავენ ზურაბ ჟვანიასთან თქვენი დაპირისპირების ვერსიას იმ ფაქტის გამო, რომ ერიკ გუდისს უარი უთხრეს თბილისის აეროპორტისა და თბილავიამშენის ყიდვაზე.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი შეხვედრა ამ საკითხზე ზურაბ ჟვანიასთან?
_ მოგესალმებით, არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ავიამშენის ვერსია ახლა პირველად გავიგე თქვენგან. აეროპორტის ყიდვას არავინ აპირებდა. ლაპარაკი იყო აეროპორტის აშენებაზე. მართალი გითხრათ, შეხვედრის შესახებ დეტალურად ვერაფერს გავიხსენებ, რადგან დიდი ხანია, დამავიწყდა. და არც მაინტერესებს, განსხვავებით იმ ხალხისგან, რომელიც მიცვალებულს დიდი ხანია, პერიოდულად გამოიყვანს და გამოამზეურებს ხოლმე, როცა პოლიტიკური კონიუნქტურა ამას მოითხოვს და მათთვის ხელსაყრელია. შემდეგ ისევ დავიწყებას მიეცემა ხოლმე. თუ მართლა აპირებენ გამოძიებას, პირველ რიგში, ოჯახისთვის ძალიან კარგია, თუმცა არა მგონია, რაღაცა ახალი გაირკვეს. როდესაც ლაპარაკია იმაზე, თუ ვინ ვის დაემუქრა, ვინ ვის რა შეუსრულა, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს რაღაც მტკიცებულებები და ფაქტები, როგორ გარდაიცვალა ეს ადამიანი. რამდენადაც ვიცი, ამერიკელებისა და ფბრ-ის გამოძიებაში იყო ნაჩვენები, რომ ძალადობრივ სიკვდილს ადგილი არ ჰქონდა და ჟვანიას გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა. ჯერ უნდა დაიწყოს იმით, რომ რაღაც მტკიცებულებები დაიდოს, რომ ეს ფბრ-ის დასკვნა არ არის სწორი. მათი სასამართლო-სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზისა და მათ მიერ ჩატარებული პათანატომიური კვლევის დასკვნები მცდარი იყო. ჯერჯერობით ასეთი რამ არ მინახავს და არც წამიკითხავს. მართალი გითხრათ, ეს საკითხი არ მაინტერესებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ლოგიკურად ყველანაირი საქმის გადახედვა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რამდენად გამიკვირდა თუ არ გამიკვირდა? არ გამკვირვებია, რადგან ჯერ კიდევ 2005 წელს რომელიღაცა გაზეთმა გამოაქვეყნა დიდი სტატია, მთელი გვერდი ჟვანიას გარდაცვალების ხუთი ვერსია. ამ ხუთი ვერსიიდან სამი იყო შემდეგი: ჟვანია მოვკალი მე, მეორე ვერსია _ მე და კოტე კემულარიამ, მესამე ვერსია _ მე და ერიკ გუდისმა და დანარჩენი ვერსია ჩვენ არ გვეხებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის. ეს, ალბათ, უფრო უნიჭო ხუმრობაში გადადის. მაგრამ იხუმრონ, ისიამოვნონ, იდღესასწაულონ, მით უფრო მძიმე იქნება თავის ტკივილი მეორე დღეს „პახმელიაზე“.
_ იცნობთ ერიკ გუდისს?
_ რასაკვირველია, მე და ერიკ გუდისი 40 წელია, მეგობრები ვართ.
_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ის იარაღის გამყიდველია?
_ მასზე არ ვაპირებ ვრცლად ლაპარაკს, რადგან მე მასთან ეს ინტერვიუ არ შემითანხმებია, არანაირი უფლება არ მაქვს, ვილაპარაკო სხვაზე, ეს საქართველო არ არის, ამერიკაში სხვაზე ლაპარაკი საკმაოდ საჩოთირო საკითხია. ამიტომ შემოვიფარგლები მარტო ფაქტობრივი კომენტარით. დავიწყებ იმით, რომ იგი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და პატივცემული ბიზნესმენია. ყველაფერი ის, რასაც მასზე წერს მარტო (ხაზს ვუსვამ: მარტო) ქართული პრესა, არის ტყუილი. პატარა და დიდი ტყუილები. დავიწყებ ელემენტარულიდან: საქართველოში წერდნენ, რომ ის ვიოლინოზე უკრავდა _ ვიოლინოზე კი არ უკრავდა, უკრავდა ვიოლონჩელოზე; საქართველოს ორკესტრებში არასოდეს დაუკრავს; მან დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი და დამთავრებისთანავე რასტრაპოვიჩმა, მთელ ამიერკავკასიაში, ერთადერთი ამოარჩია, როგორც აბსოლუტურად უნიჭიერესი ადამიანი და დიდი იმედის მომცემი მუსიკოსი, წაიყვანა თავისთან კონსერვატორიაში და უგამოცდოდ ჩარიცხეს პირველ კურსზე. დაამთავრა კონსერვატორია რასტრაპოვიჩის კლასში. მერე უკრავდა ძალიან ცნობილ დუდარევას სიმფონიურ ორკესტრში, იყო კონცერტმაისტერი; ეს რაც შეეხება ზოგად მონაცემებს.
ახლა თქვენს კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხებთ: თავის დღეში ერიკს იარაღი არ გაუყიდია. უბრალოდ, ერთი რაღაცა მინდა აგიხსნათ, _ იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქემ გაყიდოს იარაღი, მას სჭირდება მთელი რიგი ლიცენზიებისა და დოკუმენტაციის გაფორმება, არ აქვს მნიშვნელობა, შენ ყიდი იარაღს ამერიკიდან თუ, ვთქვათ, რაიმე მესამე სახელმწიფოდან მეოთხე სახელმწიფოში; მთელი ეს გარიგება ხდება ამერიკის ფარგლებს გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. თუ ამაში ჩარეულია ამერიკის მოქალაქე, საჭიროა მთელი რიგი პროცედურების გავლა. პირველი: უნდა აიღო ლიცენზია. ასეთი ლიცენზიის მოთხოვნა/გაცემა იმ წუთში საჯარო რეესტრში აისახება და ყველას ძალიან ადვილად შეუძლია მოიძიოს, ვის აქვს ასეთი ლიცენზია აღებული. ასეთ ლიცენზიას გასცემს მხოლოდ ვაჭრობის სამინისტრო და ეს, როგორც წესი, ღია ინფორმაციაა; მეორე: უნდა დარეგისტრირდეთ „უცხო ქვეყნის აგენტების სარეგისტრაციო აქტის“ შესაბამისად („Foreign Agent Regutration Act“). ეს არის მრავალგვერდიანი ლიცენზია, 8-14-გვერდიანი, რომელიც დეტალურად უნდა შეავსოთ, როგორც უცხო სახელმწიფოს ან უცხო ჯგუფების ინტერესების პოტენციურმა გამტარებელმა ამერიკაში, ანუ როგორც მათმა პოტენციურმა ლობისტმა. სხვანაირად გელით არა მარტო ჯარიმები, ლაპარაკია ასობით ათას ჯარიმაზე, არამედ აუცილებელი ციხე _ 5-დან 8 წლამდე. მგონი, უკვე საკმარისი გიპასუხეთ. მოიძიონ, ნახონ და თუ ამისთანა რამეს ვერ მონახავენ, საჯარო ბოდიში მოიხადონ ამ ადამიანის კეთილი სახელის შელახვისთვის.
ასე რომ, ამდენი ტყუილი, ტყუილი, ტყუილი ერთმანეთზე მიყოლებით არის დაგროვილი. ამ ტყუილების ავტორებიც ვიცი, მაგრამ არ არის სერიოზული, ვიღაცას ვეკამათო.
_ ბ-ნო თემურ, რაში დასჭირდათ გენერალურ პროკურატურაში, ზუსტად ამ ეტაპზე, გამოძიების ამ ვერსიით განახლება?
_ ამ ეტაპზე არ ვიცი, რა გახდა კონკრეტული საბაბი, მაგრამ ამ ეტაპზეც, იმ ეტაპზედაც და, საერთოდ, ყველა ეტაპზე, მიზეზი იგივე რჩება. ანუ მაშინ იწყებენ ცხედრების (ჟვანია, გირგვლიანი და სხვ.) და კლუგჰარტების გამოყვანას წინა პლანზე, როდესაც განსაკუთრებით ცუდად აქვთ საქმე და დაძაბული ურთიერთობა ამომრჩეველთან. სოციალური კონტრაქტი, რომელზეც მოაწერა ხელი ქართულმა კოშმარმა (მათ მარტო ასე მოვიხსენიებ), რომელზეც სიმბოლურად ყველა მთავრობა აწერს ხელს საკუთარ მოსახლეობასთან და რომელიც ჩვენ შემთხვევაში ეფუძნებოდა ე. წ. სამართლიანობის აღდგენას „ყველას გამდიდრების სახით“ _ პირველივე დღიდან მიამიტების სატყუარა იყო. ყოველი არჩევნების წინ მოსახლეობა სხვადასხვა სიმძაფრით მოჰკითხავს ხოლმე მთავრობას გაცემული თამასუქების ჩაქრობის ვადას. მომიტინგეები უკვე რამდენი კვირაა, ქუჩაში დგანან და სწორედ იმ დაპირებების შესრულებას ითხოვენ, რომელიც „ქართულმა კოშმარმა“ ასე უხვად აფრქვია გასული „შიმშილიანი რვა წლის“ განმავლობაში. ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ დიდი ხანია დაიმსახურა, რომ მთავრობა დაჰპირდეს იმას, რისი შესრულებაც შეუძლია და შეასრულოს ის, რასაც დაჰპირდა. როდესაც საზოგადოებაში აუსრულებელი დაპირებების უკმაყოფილების ტალღა გორდება, და უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილების გამო საჭირო ხდება დაგროვილი უარყოფითი მუხტის გადაფარვა და ყურადღების გადატანა რაღაც სხვა უფრო „დიდ მოსალოდნელ კატასტროფაზე“, ამ შემთხვევაში გამოიყენება ბევრჯერ ნაცადი მეთოდი: კერძოდ, გაურკვეველი მომავლით დაშინება და ორი ხატის შექმნის ხრიკი. როგორ ხდება ეს პრაქტიკაში? შეკრებენ საშუალო ასაკის ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთაც საკუთარი მომავლის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ აქვთ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, პენსიები საქართველოში როგორი მიზერული არის და ამიტომ ელემენტარულია, დასვა ერთად გაღატაკებული ხალხი, მოუყვე რაღაც საშინელი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ გაქურდა წინა მთავრობამ, იმის წინა მთავრობამ და კიდევ ვიღაც კონკრეტულმა (დაუსაბუთებლად) პიროვნებებმა სახელმწიფო, როგორ შეჭამეს ბიუჯეტი, როგორ ცხოვრობენ სადღაც დღემდე ფუფუნებაში და იქიდან რყვნიან ერის წმინდა მისწრაფებებს, აბათილებენ მთავრობის „კეთილ განწყობას“ და ძირს უთხრიან „ბედნიერ მომავალს“, რომელსაც უმზადებს „ქართული კოშმარი“ საკუთარ ხალხს. დასკვნა: სწორედ იმიტომ ვერ ახერხებს „ქართული კოშმარი“ დაპირებების შესრულებას. ეს ვიღაც „ტიპები“ სხედან და დილიდან საღამომდე ყველანაირი მაქინაციისა და მანქანების საშუალებით ცდილობენ, არ მოხდეს იმ ბედნიერი დღის მიღწევა, რომელიც უნდა დამდგარიყო მესამე _ უკეთეს, მეოთხე ბრწყინვალე ან მეხუთე გადამწყვეტ წელს. უკვე აღარაფერს ვამბობ ნაჩუქარ მეშვიდეზე (ივანიშვილმა ხომ ითხოვა ხალხისგან, მისთვის კიდევ ერთი წელი ეჩუქებინათ, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შვეიცარიას უნდა გავუტოლდეთ ცხოვრების დონით).
მეორე მეთოდი _ თეთრ ცხენზე ამხედრებული, ქვეყნისა და ხალხის ზრუნვაში გათანგული რაინდი (ქოცები) და მათ დაპირისპირებული „სატანისტები“, რომლებმაც ფაუსტისებური გარიგება დადეს ეშმაკთან (იგივე დასავლეთთან). კიდევ ერთხელ შევკრიბოთ უფრო მგრძნობიარე და სენსიტიური, შესაბამისად, ადვილად მოსატყუებელი ხალხის ჯგუფი, დავუხატოთ მათ ეს სურათი: ანუ თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი _ მთავრობა, და მეორე მხრივ, „ბოროტი და სატანისტური“ ოპოზიცია, განსაკუთრებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. და მართლაც, რატომ იცხოვრებენ საქართველოში, მათ იმდენი აქვთ მოპარული, შეუძლიათ ფუფუნებაში იცხოვრონ. აი, ესენი არიან ყველა თქვენი უბედურების თავი და თავი. ხდება ერთი ნაწილის დემონიზაცია და მეორე ნაწილის იდეალიზაცია.
ამ შემთხვევაში ვისი დემონიზაცია ხდება, იცით! „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად _ მისი ლიდერის _ პრეზიდენტ სააკაშვილის, შესაბამისად, მისი ბიძის _ თემურ ალსანიასი, შესაბამისად, მისი მეგობრის _ ერიკ გუდისის და ა. შ. ეს იცით, რას მაგონებს? თავის დროზე, ძალიან სასაცილო და კომიკური იდეა წამოაყენა ბრეჟნევმა, რომელსაც დასავლეთის პოლიტოლოგებმა „ბრეჟნევის დოქტრინა“ დაარქვეს. რაში მდგომარეობდა ეს „ბრეჟნევის დოქტრინა“ _ იტალიასა და ესპანეთში ვიზიტების დროს ბრეჟნევმა განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირი იყო შავი ზღვის სახელმწიფო და შესაბამისად, ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოდაც უნდა განხილულიყო“. რას ნიშნავს ამ კონტექსტში სხვა მხრივ უწყინარი სიტყა „შესაბამისად“?! იმის გამო, რომ შავი ზღვა დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვასთან, სსრკ-ს, თურმე, შეიძლებოდა ჰქონოდა გამართლებული პრეტენზიები ხმელთაშუა ზღვაზეც. მაშინ რატომ არა შესაბამისად ატლანტის ოკეანეზეც, რადგან ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს უკავშირდება და კიდევ უფრო შორს. ასე გაუთავებლად შეიძლება ე. წ. ლოგიკის გავრცობა. ზუსტად ასეთივე ვარიანტია _ მიხეილ სააკაშვილი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყო, თემურ ალასანია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ბიძაა და ერიკ გუდისი, რადგან თემურ ალასანიას მეგობარია. ამას ამერიკის მართლმსაჯულებაში აღნიშნავენ სპეციალური ტერმინით: „დამნაშავე ასოციაციით“, ანუ კავშირით.
_ ისევე როგორც ყბადაღებული 19 მილიარდის თემა, რომელიც მიშამ საქართველოდან მოიპარა და ამ დრომდე ეძებენ, სასამართლო პროცესები კი შვიდ პიჯაკსა და ერთ ქაშმირის პალტოზე მიმდინარეობს.
_ იცით, რა ხდება? ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ბისმარკს მიაწერენ: „სისულელე არის ღმერთისგან ნაბოძები საჩუქარი, მაგრამ მოდით, ძალიან ბოროტად ნუ გამოვიყენებთ მას“. კარგით, ვთქვათ, რაღაც პატარა სისულელეს შეიძლება თვალი აარიდო და არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ არა ასეთი დოზით. უკვე შევწუხდით ასეთი სისულელეებით. 19 მილიარდი, 20 მილიარდი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მონახეთ ეს ფული, რატომ არ ნახულობთ. ლაპარაკობენ 19 მილიარდზე, რაღაც სახლებზე, ბინებზე, ეს ყველაფერი უჩინმაჩინის ქუდით ხომ არ არის დაფარული. ნათქვამია, ნემსს პოულობენ თივის ზვინშიო…
_ ამერიკაში ფულის პოვნა არ არის ძნელი, მით უმეტეს, ასეთი თანხების. იქ ამის გაკეთება ბევრად იოლია.
_ რა პრობლემაა, ეს ვერ გავიგე. თუ არ იციან, მე ვასწავლი, როგორ შეიძლება ამის პოვნა, მივეხმარები, მაგრამ ამ დახმარების შეთავაზებას ექნება თავისი წინაპირობა, თუ ვერაფერს ნახავენ, მაშინ უნდა გამოვიდნენ და აღიარონ, რომ ამდენი ხანი მტკნარი სისულელეებით კვებავდნენ ქართველ ხალხს. მაგრამ რადგანაც ამას არ გააკეთებს არც „ქართული კოშმარი“ და არც მისი დღევანდელი ლიდერი, მაშინ, შესაბამისად, მაგიდაზე რჩება ის შემოთავაზება, რომელსაც არავინ მიიღებს.
_ ასევე იყო ძალიან მძიმე ბრალდება იმის თაობაზე, რომ თქვენ სნაიპერის დაქირავებასაც კი აპირებდით ივანიშვილის ლიკვიდაციისთვის, მაგრამ საქმეზე გამოძიება არც კი დაუწყიათ.
_ რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ამ სისულელეზე? _ არავითარი! მარტო ერთს ვიტყვი: ვინც ცოტათი მაინც მიცნობს მიხვდება, რომ ეს საერთოდ ჩემი სტილი არ არის. არც მეტყველების და არც საქციელის. ამ ყველაფერს ჩემთვის საკმაოდ ადვილად შესაცნობი უსიამოვნო სურნელი ასდის და იმასაც კარგად აღვიქვამ, თუ რომელ სამზარეულოშია დამზადებული ეს კერძები. ეს არის რუსეთის ძველი მეთოდები, ძველია ისტორიულად, დიდი ხნის წინ გამოგონებული და პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგილი, თორემ დღემდე აქტიურად გამოყენებადი (ლიტვინენკო, სკრიპალები და სხვები.) და როგორც ხედავთ ჩვენ მაგალითზე, სიტყვიერ დონეზეც კი ძალიან წარმატებით გამოყენებადი, რამეთუ დღემდე მოაქვს თავისი შედეგი. ამას უკვე ცალკე დამოუკიდებელი ფესვები და მიზეზები აქვს. ახლა მე წიგნს ვწერ და ამ წიგნში ვეცადე, რამდენიმე ასეთი პრობლემა განმეხილა. მგონია, რომ მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
_ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჭორი თქვენთან დაკავშირებით იყო, რომ თქვენ იარაღით ვაჭრობდით მაშინ, როცა გაეროში განიარაღების საკითხებზე მუშაობდით და არა შეიარაღების. ამაზე მინდა ძალიან მკაფიოდ მიპასუხოთ, რა იყო თქვენი ფუნქცია გაეროში, როცა იქ მოღვაწეობდით?
_ წლების განმავლობაში ჩემი ფუნქცია გაეროში, და არა მარტო გაეროში, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, იყო განიარაღება და მშვიდობის გამაძლიერებელი ოპერაციები („Peacekeeping Operations“). ამის გარდა, ბოლო ექვსი წელიწადი, 2005-დან 2011 წლამდე, როცა პენსიაზე გავედი, ამ ფუნქციებთან ერთად შევითავსე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა 2005 წელს და მისი პირველი გენერალური მდივანი ვიყავი. ამ კომიტეტს ჰქვია „მშვიდობის მშენებლობის კომიტეტი“ („Peacebuilding Commission“). ძალიან საინტერესო კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც ორმაგი დაქვემდებარებისაა, ასეთი კომისიები თითქმის არ არსებობს გაეროში. ორმაგი დაქვემდებარება ნიშნავს იმას, რომ ექვემდებარება გენერალურ ასამბლეასაც და უშიშროების საბჭოსაც. როგორც წესი, ან ერთს ემორჩილებიან, ან _ მეორეს, ამ შემთხვევაში, ორთავეს და ეს კომისია კვირაში ორჯერ ატარებს სხდომებს ან მინისტრის, ან მინისტრის მოადგილეების დონეზე. იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს და მათ მოადგილეებს არ შეუძლიათ ყოველ კვირა ჩამოვიდნენ, ამიტომ მუდმივი წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ აქვთ ფაქსიმილე და არიან დე ფაქტო სრულუფლებიანნი, იმოქმედონ კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. რაში მდგომარეობს ამ კომიტეტის საქმიანობა _ ეს არის კონფლიქტების პრევენცია და კონფლიქტებიდან ახლად გამოსული სახელმწიფოების აღორძინება, მათი აღმშენებლობა. მათთვის, ფაქტობრივად, ახალი სისტემების შექმნა და რეფორმების გატარება. ეს ეხება ყველა სფეროს: ბავშვი-ჯარისკაცის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრობლემას; ახალგაზრდობის ჩართულობას ეკონომიკის აღორძინებაში; ეს ეხება მათ სწავლა-განათლებასა და პროფესიის დაუფლებას; ქალების როლის გაზრდას საზოგადოებაში, მათი თანასწორი უფლებების კონსტიტუციურ კოდიფიკაციას; ეს ეხება კორუფციის აღმოფხვრას და ა. შ. ფაქტობრივად, ჩვენ არა მარტო ვეხმარებოდით კონფლიქტის დამთავრებაში, არამედ მის დამანგრეველი ინერციის შენელებაში და ნელ-ნელა ჩაქრობაში. ეს არის უაღრესად საინტერესო საქმიანობა თავისი ფართო გაქანებით. ფაქტობრივად, ჩვენ არ შემოვიფარგლებოდით ერთი რაღაცა სფეროთი, ვთქვათ, მარტო ეკონომიკით, მარტო სოციალურით ან მარტო პოლიტიკურით. ფაქტობრივად აქ ლაპარაკია სახელმწიფოს მართვაზე. ბოლო ექვსი წელიწადი მე აფრიკის 8 პოსტკონფლიქტური ქვეყნის საქმეებს განვაგებდი კომისიის წევრებთან ერთად და, ფაქტობრივად, ვმართავდი ამ სახელმწიფოებს. ასეთ ქვეყნებს წარმოადგენდნენ: ლიბერია, გვინეა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სიერა ლეონე და ა. შ. მთელი ჩემი ცხოვრება იმას მოვანდომე, რომ განიარაღება გამხდარიყო საერთაშორისო რეალობის მუდმივი სიდიდე, კონსტანტა. ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, დაწყებული პირველი მცდელობებიდან, როდესაც ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის 1972 წლიდან შეიქმნა ორმხრივი მოლაპარაკების მექანიზმი _ სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდვა („SALT – Strategic Arms Limitation Talks“). პირველი ეტაპი ჩატარდა ჰელსინკში, მეორე _ ჟენევაში, ვმონაწილეობდი ბირთვული იარაღის შეზღუდვაში, მაშინ დამწყები ვიყავი, მაგრამ რაღაც პატარა წვლილი ხომ შევიტანე პირადი. ამას გარდა, უკვე შედარებით შუა დონის ჩინოსანი ვიყავი, როდესაც ვმონაწილეობდი ქიმიური იარაღის შეზღუდვის მოლაპარაკებებში ჟენევის განიარაღების კომიტეტის ფარგლებში. და საბოლოოდ ბიოლოგიური და ტოკსიკური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების ზედამხედველი კომიტეტის მდივანი ვიყავი 10 წლის განმავლობაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა სახეობის მასობრივი განადგურების იარაღის შეზღუდვაში რაღაცა პირადი წვლილი მაქვს შეტანილი, გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და შემდგომ უკვე გაეროს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხების დირექტორის პოსტზე, ვხელმძღვანელობდი ისეთი იარაღის შეზღუდვის კონფერენციებსა და მოსამზადებელ კომიტეტებს, როგორიც არის ჩვეულებრივი იარაღის აკრძალვის კონფერენცია; იგივე ქიმიური იარაღის. აკრძალვის ხელშეკრულება, რომელსაც 1992 წელს მოეწერა ხელი; ასევე „არაჰუმანური იარაღის“, ანუ იარაღის, რომელიც დიდ ტანჯვას აყენებს ადამიანებს, აკრძალვის 1 და 2 დამატებით ოქმებს (ასეთი იარაღის ნაირსახეობაა, მაგალითად, კასტეტური ბომბები, რომელიც აკრძალულია ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე და რომელიც ამ აკრძალვის მიუხედავად, რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ 2008 წლის ომში გამოიყენა).
ამ ყველაფერში პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამის მერე იმის თქმა, რომ იარაღს ვყიდდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკორექტულია, არ არის ეს ურთიერთობის ცივილიზებული ფორმა. მე არ მიყვარს ციტატები, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მოვიშველიებ კონსტანტინე გამსახურდიას ნათქვამს, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო, დააბრალო ის, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სულ ცოტა, ეს არაკორექტულია. იმედი მქონდა, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, უკვე აღარ ვართ მაგ დონეზე, გავიზარდეთ და ა. შ., თუმცა მას შემდეგ, რასაც პარლამენტში ვუყურებ, სხვათა შორის, სოციალურ ქსელებშიც, როგორი არანორმატიული ენით ლაპარაკობენ ერთმანეთში, რას უწოდებენ, რას ეძახიან, როგორ ლანძღავენ, ამის შემდეგ უკვე კომენტარი ზედმეტია და როგორ შეიძლება, ამის შემდეგ მეწყინოს ვიღაცის მიერ ჩემზე ნათქვამი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლომდე გულგრილი მაინც ვერ დარჩები.
_ თქვენ კი ხართ დისტანცირებული ქართული პოლიტიკისგან, მაგრამ ჩემი სუბიექტური და ობიექტური შეფასებაც არის, რომ საქართველოს თქვენი რანგის დიპლომატი არ ჰყავს და ქართულ პოლიტიკაზე მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა, _ რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანას და როგორია მომავალი, როგორ ხედავთ თქვენ ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივას?
_ (დაფიქრდა) დაახლოებით ორი საათი გაქვთ?
_ მაქვს ორი საათი, ანუ ორსაათიანია პასუხი?
_ (იცინის) იმიტომ, რომ მე შემიძლია ორი საათი მარტო შესავლად გამოვიყენო ამ თემისადმი. მოვყვე ის, რაზეა დაფუძნებული და რა ფაქტორებს ეფუძნება ჩემი დასკვნები.
_ ძალიან მოკლედ მითხარით და სხვა დროს ვისაუბროთ ორი საათი…
_ დიდი მომავლის იმედი მაქვს და შვეიცარია გავხდებით-მეთქი, რომ ვთქვა, ეს არ არის სწორი, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი მთლიანობაში პოზიტიურია. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი თეორია, _ შორს უნდა იყოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ნეგატიურები, ასხივებენ ნეგატივს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია და მათი უარყოფითი მუხტი, სხვათა შორის, სხვაზეც მოქმედებს. ამიტომ მე მიყვარს პოზიტიური ხალხი, მე თვითონ ვარ პოზიტიური პიროვნება, მაგრამ პოზიტივიზმი იდიოტიზმის სინონიმი არ არის. როდესაც პოზიტიურები ვართ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რატომ ვართ პოზიტიურები, რა ფაქტორებს ეფუძნება ჩვენი ოპტიმიზმი და ასევე ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ თუ რა გვიშლის ხელს. დღესდღეობით ყველაზე დიდი ხელის შემშლელი არის ჩვენი მთავრობა. ეს არის მოკლე პასუხი _ დღევანდელი მთავრობა! მაგრამ თავისი პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი აკისრია ქართველ ერს, ქართველ ხალხს! კერძოდ, იმ დიდ ნაწილს, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ გააცნობიერა, თუ რა არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და პატრიოტიზმი. ვაი გამამართლებლები (არ მესმის, რატომ არის ასე ფართოდ გავრცელებული რუსული „გაპრავება“?) გაიძახიან, _ „სტოკჰოლმის სინდრომი“, ამის სინდრომი, იმის სინდრომი… ეს არის სისულელე, არავითარი სინდრომები არ არსებობს იმისთვის, რომ ერის ბრძოლისუნარიანობა დაითრგუნოს. არის ერთადერთი _ როდესაც ადამიანი კარგავს თვითგადარჩენის გრძნობას და არის ჩახუტებული და ეფერება თავის მტერს. ქართული ენაში არსებობს უამრავი გამოთქმა ამის დასადასტურებლად. „სტოკჰოლმის სინდრომი“ ჯერ სად იყო გამოგონებული, როდესაც ქართული ანდაზა ამბობდა: „მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო“. ეს ანდაზა რომელი საუკუნიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს წინაპრებს „სტოკჰოლმის სინდრომი“ გაგონილი არ ჰქონდათ, მაგრამ მელია ჰყავდათ ნანახი, რომელსაც უყვარდა თავისი მახრჩობელა. ასეთ დღეში ვართ ჩვენ. როგორ შეიძლება, რუსეთი გაიხადო მისაბაძად? დავანებოთ თავი რუსეთის ჩვენდამი განწყობას და საქციელს. ვილაპარაკოთ ზოგადად ამ ქვეყნისა და ხალხის ადგილსა და როლზე მსოფლიოში. ხშირად გამიგია სრულიად საღად მოაზროვნე ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან „ქართული კოშმარის“ მომხრეები და, როგორც თვითონ მიაჩნიათ, ცდილობენ იყვნენ „ობიექტურები“, ასე ვთქვათ, „დასავლურად განსწავლულები“ (თურმე, ეს განათლება მათ აიძულებთ, რომ მოწინააღმდეგე შეაფასონ „ობიექტურად“, რაც მათ თვალში უკვე დიდ ცივილიზებულ ნაბიჯად წარმოსდგება. რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია, ეს სხვა თემაა და ამაზე მზად ვარ, ლექციები წავიკითხო. მაგრამ ეს სხვა დროს.) ასეთი შეფასებები _ „იცით, რა, რაც არ უნდა თქვათ ბიძინა ივანიშვილზე, ის ბიზნესმენია და ეკონომიკური ბერკეტებით დაალაგებს პოლიტიკურ სიტუაციას“… რაოოო?! კაი, კაცო!!!
ხალხის მოსყიდვა, ერის წმინდა მისწრაფებების ფულით გარყვნა, კრიმინალური ქუჩის ელემენტებით ისევ ფულით ხალხზე ძალადობა, სახელმწიფო ინტერესებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესების შერწყმა ისევ და ისევ ფულის მეშვეობით, ფულით გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლების გახანგრძლივება _ როდის აქეთ გახდა ეს ყველაფერი მისაბაძი ან კარგი ბიზნესმენობის მაჩვენებელი?! ცოტა ხომ არ აგვერია ეროვნული ფასეულობების შკალაზე?!
გიპასუხებთ! ეს გახდა მისაბაძი და კარგი ტონის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც რუსეთის ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული, ძალადობრივი, თავისი ხალხის იგნორირებადი სისტემა გახდა საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილისთვის მისაბაძი და აღფრთოვანების საგანი! მაშინ დაიწყო ჩვენი უბედურებები…
ან კიდევ სხვა გავრცელებული სენტენცია: „მართალია, პუტინი ცუდია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერი ლიდერია!..“ _ რაოოო?! რას მელაპარაკებით?! როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს ძლიერი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ძალადობს საკუთარ ხალხზე, საკუთარ ერზე, ყოველგვარ დემოკრატიას გადაუსვა ხაზი და თავის თავს ირჩევს, როცა უნდა მაშინ. აი, ასევეა ბიძინა ივანიშვილი. რა ბიზნესმენობაზე მელაპარაკებით?! იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტს და შეუძლია, ეს ფული ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენოს ადამიანის ისეთი ყველაზე მდაბიური, ყველაზე ბინძური ცნებებისა და ინსტინქტების გამოსაღვიძებლად, რომელსაც ადრე ხალხი მალავდა. დამერწმუნეთ, ჩემს თაობაში თუ ადამიანი იღებდა ფულს რაღაცაში, ის ამას არ აფიშირებდა. პირიქით, საგულდაგულოდ მალავდა. დღეს თავს იწონებენ იმით, თუ შენ არ გაქვს არავითარი საკუთარი აზრი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე და ამ თქვენს აზრს აყალიბებთ იმისდა მიხედვით, თუ ვინ რამდენს გადაგიხდით ეროვნული ფასეულობების აუქციონზე, რომელიც დღეს ღიად არის გამოცხადებული. მოქალაქეები შედიან ამ გარიგებაში, იღებენ ფულს და თუ წინათ ეს იყო დამალვის საგანი, და ხალხს იმის რცხვენოდა, რომ რაღაცის გამო სულს ყიდიდა, ფარულ გარიგებებს ახდენდა მაცდუნებელთან, დღეს ასეთ გარიგებაზე ლაპარაკობენ სიამაყით _ ბიჭო, რა კარგი ბიზნესი გავაკეთე!.. გამრიგებელი მხარე, რომელმაც მოისყიდა რიგითი მოქალაქე (და, სხვათა შორის, დაარღვია კანონი) და მოქალაქე, რომელმაც გაყიდა თავისი პოზიცია, თავისი ხმები (და, სხვათა შორის, უარყო ელემენტარული ზნეობა), ითვლებიან კარგ ბიზნესმენებად. ეს ითვლება კეთილსინდისიერ, მომგებიან გარიგებად.
ოოოო, ძალიან დიდი ბოდიში!.. ამას ვერ დავეთანხმები. მით უმეტეს, რომ ამაში გარეულია დიდი რაოდენობის რიგითი მოქალაქე და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა.
_ ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის.

ელისო კილაძე