ორი აქცია, ორი მოთხოვნა და დაპირისპირება ერთ გამზირზე

ქვეყანა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა _ „გავრილოვის ღამეს“ დაწყებული კრიზისის მეთვრამეტე დღეს რუსთაველის გამზირზე გრძელდება აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ჯერჯერობით, გახარია გადადგომას არ აპირებს, არაფერი ისმის იმ სპეცრაზმელების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს.
პარალელურად, რამდენიმე ლოკაციაზე ისევ გამოჩნდნენ დაპირისპირებული მხარეები, „თბილისი პრაიდი“ და ლევან ვასაძე, აქცია იმართება „რუსთავი 2-თან“.

სად იწყება და სად მთავრდება სახიფათო ზღვარი?
პარლამენტის შენობასთან ანტისაოკუპაციო მიტინგს ახალგაზრდები მეთვრამეტე დღეა, მართავენ. ისინი ორგანიზებულად ხან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან, ხან _ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან და მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციაზე მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც კი არ ხვდებათ, ახალგაზრდების მხრიდან არც ერთი პროვოკაცია არ განხორციელებულა.
სამაგიეროდ, ანტისაოკუპაციო მიტინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ სახელისუფლებო პროპაგანდა სრული ტემპით ამოქმედდა, მათ ხან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებად, ხანაც ფულით მართულად მოიხსენიებენ, უხსენებენ წარსულს, უქექავენ 2012 წლის სტატუსებს, მაგრამ ეს პროპაგანდა წარმატებული ნამდვილად არაა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
პროტესტის კიდევ ერთი ლოკაცია წუხელ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგმა გამოიწვია. გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა ვლადიმირ პუტინს, მოუკითხა დედის საფლავი და პირადი შეურაცხყოფაც მიაყენა მას. წამყვანის მონოლოგი მოულოდნელობა აღმოჩნდა როგორც „რუსთავი 2-ის“ დირექტორისთვის, ასევე ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ქვეყნის პირველი ტელევიზიის ეთერიდან „ასავალ-დასავალის“ ლექსიკა კოლეგებმაც დაგმეს. ამ გაუთვლელი და გაუაზრებელი ნაბიჯით გიორგი გაბუნიამ საერთო საქმე ძალიან დააზარალა და „ქართული ოცნების“ მომხრეებს რეალური მიზეზი მისცა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ შეკრებილიყვნენ „რუსთავი 2-ის“ შენობასთან და მორიგი აგრესიული კამპანია დაეწყოთ ტელევიზიის წინააღმდეგ.
ამ ისტორიაში ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ გადაცემის ეთერში გასვლიდან ნახევარ საათში, საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთხმად წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე ალაპარაკდნენ და გაბუნია ლამის რუსეთ-საქართველოს ომის ინსპირატორად გამოაცხადეს.
სიტუაცია „რუსთავი 2-ის“ წინ იმდენად აგრესიული იყო, რომ ნიკა გვარამიამ ეთერის საერთოდ გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა 18 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. „ქართული ოცნება“ წინასწარ ვარაუდობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრება გახდება.
რა მოხდება მას შემდეგ, თუ არხი ქიბარ ხალვაშის საკუთრება გახდა, ძნელი სათქმელია. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში არხის მეპატრონედ არ დარჩება და ის ტელევიზიას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ რომელიმე ბიზნესმენს მიჰყიდის, სამაგიეროდ, ხალვაში რამდენიმე სერიოზული ტენდერის მოგებას ითხოვს.
არხის რეგულაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას სანქციები დაეკისრა და ის ორი თვით ჩამოაშორეს საავტორო გადაცემებს „არჩევანსა“ და „პოსტსკრიპტუმს“.
„რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა რუსთაველის აქცია და მისი მოთხოვნები გადაფარა. სწორედ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა საქართველოს საპატრიარქომ და ლევან ვასაძემ, ეს უკანასკნელი ამ დრომდე იატაკქვეშეთში იყო გადასული, მაგრამ „თბილისი პრაიდის“ განცხადების მერე, რომ ისინი ღირსების მარშს გამართავდნენ თბილისში, ისევ გამოჩნდა. ამ დაპირისპირების ფონზე „თბილისი პრაიდის“ განცხადება ნამდვილად ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს, რადგან გარდაუვალი იყო პრაიდის მონაწილეებისა და ვასაძის მომხრეების შეტაკება.
შექმნილი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენა საპატრიარქომაც, _ დღის პირველ ნახევარში პარლამენტის წინა მოედანი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაიკავეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შესვლის საშუალებას არ მისცემდნენ და პარაკლისის გადახდა დაიწყეს.
არაერთგზის ვწერდით, რომ საპატრიარქოს რეაქციული ფრთა პირადად რუსეთის ხელისუფლების დავალებების შემსრულებელია და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს პოსტულატი.
ოთხი თვე ვიდექი შვილმოკლულ მამებთან ერთად პარლამენტის წინ, მკვლელების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას ვითხოვდით, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ადგილზე არც ერთი სასულიერო პირი არ მოსულა თანაგრძნობისთვის, ამიტომ სრულიად ნათელია, რომ სამღვდელოება რუსთაველის გამზირზე ვინმეს თანადომისთვის არ მისულა, მათ არ დაუგმიათ 20 ივნისის სისხლიანი ღამე, არ გამოუხატავთ მხარდაჭერა თვალებდათხრილი და დაშავებული მოქალაქეების მიმართ.
ანტისაოკუპაციო მიტინგის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად დაიბრუნებენ აქციების დისლოკაციის ადგილს, გუშინ ამის მცდელობა უკვე ჰქონდათ, მაგრამ პოლიციის კორდონმა მათ პარლამენტის შენობასთან მსვლელობის უფლება არ მისცა. უცნობია, რა გეგმები აქვს საპატრიარქოს შავრაზმელთა ფრთას, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ქრისტესმიერი სიყვარულისგან და შურისძიების დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი. თუ ისინი პარლამენტის წინ დარჩებიან, ახალგაზრდები კი აქციების ადგილის დაბრუნებას შეეცდებიან, დაპირისპირება გარდაუვალია.
რას მოიგებს ხელისუფლება შექმნილი სიტუაციიდან?
მართალია, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ცოტა ხნით აქტუალური აღარ იქნება, ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლის გამო კომპლიმენტებსაც მიიღებენ რუსეთის მაღალჩინოსნებისგან, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ნეგატიური განწყობები უკვალოდ არ გაქრება, სადღაც ისევ დაგროვდება და პირველივე შემთხვევაში ხელახლა აგორდება პროტესტის დიდი ტალღა.
რაც შეეხება ქვეყნის იმიჯს, აღარავინ დაობს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კარგა ხანია, რუსულ ორბიტაზე დაბრუნდა და ანტისაოკუპაციო კანონიც მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს.
მორალურად ჩამოშლილი „ოცნება“ ახლა მხოლოდ გიორგი გახარიას მხრებზე დგას და ამიტომაც ვერ ელევა შს მინისტრს. წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაა. როგორც ჩანს, შემოდგომა ზაფხულზე უფრო ცხელი იქნება.

ელისო კილაძე