SOS_ რუსულია! რატომ უნდა ვთქვათ უარი რუსულ პროდუქტზე?!

მიმდინარე წლის ივნისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში სამი რუსი დეპუტატი ჩამოვიდა. ასამბლეის წაყვანის დროს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოყვა.
მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყვეს, დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. აქციის მოთხოვნა ირაკლი კობახიძის, და გიორგი გახარიას გადადგომა იყო. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცველებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ათეულობით მოქალაქე, პოლიციელები, ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. საერთო ჯამში, დააკავეს 305 ადამიანი, 10 სპეცრაზმელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

აქცია „რუსეთი ოკუპანტია“ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის, ყველაზე აქტიურად _ ქუთაისში. გარდა აქციებისა სამოქალაქო საზოგადოებამ ქუთაისში კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო: „ფრთხილად! _ დამზადებულია რუსეთში“. ორგანიზატორები კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეიძინონ რუსული პროდუქტი და არ ისარგებლონ რუსული ელექტრონული ფოსტითა და სოციალური ქსელებით.
რუსული პროდუქტისა და იმ რუსული კომპანიების დასახელება, რომელიც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქციას სთავაზობენ მოქალაქეებს, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.
მოძრაობის დამფუძნებელი სამი ქუთაისელია: გვანცა თოთაძე, გვანცა ლუკავა და გიზო ბანძელაძე.
გვანცა თოთაძე ამბობს, რომ კამპანია „SOS-რუსულიას!“ იდეა გაჩნდა 21 ივნისს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს ტრიბუნა დაუთმეს, ხოლო ანტისაოკუპაციო აქციების პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს შეზღუდვები დაუწესა.
„ჩვენ არ გვინდა, ხელი შევუწყოთ ოკუპანტის პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქციის ყიდვით ჩვენ ვეხმარებით ოკუპანტის ეკონომიკას, საიდანაც ყველაზე დიდი თანხები სწორედ რომ ოკუპაციასა და მილიტარიზაციაზე იხარჯება. რუსულ პროდუქტში მოიაზრება ყველაფერი, რაზეც შეიძლება დატანილი იყოს „დამზადებულია რუსეთში“: საკვები, პარფიუმერია და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. რაც შეეხება რუსულ სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ ფოსტასა და იმ აპლიკაციებს, რომლებსაც წვდომა აქვთ ჩვენს პირად მონაცემებზე, მათი გამოყენების შემთხვევაში დგას კიბერუსაფრთხოების დაცვის საკითხიც. ამ მომენტისთვის გვერდი საწყის რეჟიმშია. ვეცდებით, ჩვენი გვერდის მომხმარებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ ბაზარზე არსებული რუსული წარმოების პროდუქციის შესახებ და შეძლებისდაგვარად ალტერნატიულ შესაძლებლობებზეც. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების კამპანიას, ამ მიმართულებით ვაპირებთ ვიყოთ უფრო აქტიურები საინფორმაციო შეხვედრებსა თუ მცირე სემინარების ფორმატშიც. ამ პროცესში კი მედიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება“.
გვანცა თოთაძის თქმით, არ აქვთ დიდი მოლოდინი იმისა, რომ კამპანია ქვეყნის მთელ ბაზარს და ყველა მომხმარებელს მოიცავს. კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: გაზარდოს სამოქალაქო ცნობიერება იმაზე, რომ რუსული პროდუქციის ყიდვით ვეხმარებით ოკუპაციას და მეორე _ იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ამ პოზიციას, დახლთან არჩევანის გაკეთება გაუადვილოს.
„ჩვენი მხრიდან ეს არის ქმედებაში დანერგილი შინაგანი პროტესტი _ მცირე, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანი. ვთხოვთ, მოვუწოდებთ, ვურჩევთ ყველას, ვინც იაზრებს, ამბობს, ფიქრობს, რომ რუსეთი მტერია, უარი თქვას ოკუპანტის პროდუქციაზე. როდესაც გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა რუსულ პროდუქციაზე, დიდ დროს ვანდომებდით მწარმოებლის გადამოწმებას, შემდეგ ალტერნატიული წყაროს მოძებნას. მსგავსი გვერდი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა, ჩვენი ჩვევა უფრო მოკლე დროში შეგვეცვალა. ჩვენი მიზანიც ეს არის _ გავუადვილოთ არჩევანი იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, უარი თქვან რუსული ეკონომიკის ხელშეწყობაზე“, _ ამბობენ ახალგაზრდები.
რუსული პროდუქციის ალტერნატივა თითქმის ყველა ბიუჯეტის მყიდველისთვის არსებობს. დაბალბიუჯეტიანთათვის თურქულ-უკრაინული ნაწარმია. შედარებით უფრო ძვირადღირებულია ევროპული პროდუქცია. არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მეწარმეებიც _ ყოველდღიურად ბაზარზე ბევრი ახალი ქართული პროდუქტი შემოდის, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ონლაინ კამპანია #მევირჩევქართულს დაიწყო. მოსახლეობამ ამ კამპანიით ბევრი საინტერესო ქართული პროდუქტი გაიცნო. ასევე არსებობს მოძრაობა KAR.ge, რომელიც ზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობას, გაყიდვებსა და ექსპორტს B2B და B2C პროექტების მეშვეობით.

გვანცა თოთაძე: „რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და არ უნდა მივცეთ საშუალება, ოკუპირებული ჰქონდეს ჩვენი ბაზარიც. აქვე აღსანიშნავია მითი, რომლის მიხედვითაც რუსული პროდუქტი საუკეთესოა. ეს მითი უფროს თაობაში საბჭოთა კავშირის დროს დაილექა. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს პროდუქტის დეფიციტისა და ეკონომიკური იზოლაციის პირობებში რუსეთის გავლით უწევდათ „ხარისხიანი“ პროდუქციის შეძენა. რით ვაპირებთ ვებრძოლოთ ამ მითს? _ კვლავ და კვლავ ცნობიერების ამაღლებით. ინფორმაცია ჩვენი მთავარი იარაღია. დახლთან შეიძლება არ შეგვხვდეს საოკუპაციო მავთულხლართები, ამიტომ მთავარია ინფორმირებულობა. ჩვენი გუნდი მზად არის, აწარმოოს გრძელვადიანი კამპანია. გამჯდარ ჩვევებზე უარის თქმა ხანგრძლივი და რთული პროცესია _ ჩვევა ხომ ავტომატიზებული პროცესია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა დევს სასწორის მეორე მხარეს _ იქ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალია“.

რუსულ პროდუქტზე უფრო „მნიშვნელოვანი“ _ რუსული ინვესტიციები

„თელასი“, „ენგურჰესი“, „არემჯი გოლდი“, „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „ფოთის ნავთობტერმინალი“, „ბილაინი“, „ვითიბი ბანკი“, „ვიმბილდან ჯორჯია“ (პროდუქცია „სოფლის ნობათი“) _ ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ; რამდენიმე თვის წინ კი „როსნეფტი“, რომელიც „ფოთის ნავთობტერმინალს“ ფლობს, კომპანია „ვისოლით“ დაინტერესდა.
ეკონიმისტები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ყველა ინვესტიცია და შემოსული პროდუქტი მიმზიდველია, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რის გამოც რუსულ პროდუქციას უნდა ვერიდოთ.

ზვიად ხორგუაშვილი _ ეკონომისტი:
„ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია, რომელიც რუსეთიდან მოდის, საფრთხილოა! სიფრთხილე არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ხელოვნურად უნდა შეზღუდოს რუსული კომპანიების შემოსვლა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიას მონოპოლია აქვს ბაზარზე. ამ მხრივ მონოპოლია გვაქვს ელექტროენერგიის მოწოდების სფეროში და ამის მაგალითი „თელასია“. საქართველოს მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერიოს პირდაპირი გზით ბიზნესის მართვაში და კომპანიის ნაციონალიზაცია გამოაცხადოს. ზოგადად, ეს სწორი არაა, მაგრამ თუ ქვეყანა ფორსმაჟორულ ვითარებაშია, გარკვეული ზომების მიღება ამ მხრივ შესაძლებელია“.

რა ზარალს მიიღებს რუსეთი, თუკი საქართველოში რუსულ პროდუქტს არ შეიძენენ?

რუსეთ-უკრაინის ომის დროს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესეს, აკრძალეს რუსული ბანკების ტრანზაქციები თავიანთ ტერიტორიაზე და რუსეთთან ენერგო და სამხედრო ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე ემბარგო დააწესეს. ამ პერიოდში უკრაინამ სეპარატისტების მხარდამჭერ 172 პირსა და 65 რუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
სანქციების მეოთხე ეტაპზე ევროპამ 22 რუსულ კომპანიას დასავლეთის ბაზრებიდან კაპიტალის მოზიდვა შეუზღუდა. სანქციები ზემოთ ხსენებულ „ლუკოილსა“ და „როსნეფტზეც“ გავრცელდა.
ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები, პირველ რიგში, საფონდო ბირჟაზე აისახება. კომპანიების აქციებზე ფასების ტენდენციურად კლება ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელია. რუსეთის საფონდო ბირჟის ყველაზე მნიშვნელოვანმა ინდექსმა ვარდნა სწორედ ზემოხსენებული სანქციების შემდეგ დაიწყო. ერთი წლის მანძილზე ინდექსი 18%-ით გაუარესდა. მაგალითისთვის: წლის მანძილზე „ვითიბის“ აქციების ფასი 22-ით, ხოლო „როსნეფტის“ – 20%-ით შემცირდა.
ამავე სანქციების შედეგად რუბლმა გაუფასურება დაიწყო, შემცირდა უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, გაიზარდა უმუშევრობის დონე, პროდუქტის ფასებმა ზრდა დაიწყო.
ეკონომისტების აზრით, თუკი საქართველო უარს იტყვის რუსულ პროდუქტზე, მოვლენები მსგავსი სცენარით ვერ განვითარდება.

თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ეკონომისტს, ფაქტ-მეტრის ანალიტიკოს ვახო დემურიას დაუკავშირდა:

„2018 წელს რუსეთის საქონლის მთლიანი ექსპორტი მსოფლიოში 443 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. რუსეთის ექსპორტმა საქართველოში 936 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რაც რუსეთის მთლიანი საქონლის ექსპორტის 0.2%-ია. შესაბამისად, მომხმარებლის გადაწყვეტილება, არ შეიძინონ რუსული პროდუქტი, რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ მცირედ აისახება. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საიმპორტო კატეგორიები რუსეთიდან არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი, ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი. უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტების წილი, რომელსაც რიგითი ადამიანები ყოველდღიურად შეიძენენ, მცირეა. თუმცა მომხმარებლის რაციონალურ გადაწყვეტილებას გარკვეული ეფექტები, რა თქმა უნდა, ექნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი რუსულ საქონელს ქართულით ჩაანაცვლებს, რითაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას“.

კახა გოგოლაშვილი _ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი:
„საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რუსეთის გამოკვეთა ეკონომიკური და პოლიტიკური რისკების შემცველია. რუსეთის საგარეო ვაჭრობა უკიდურესად პოლიტიზებულია. შესაბამისად, რუსეთის მთავრობა და ბიზნესები გადაწყვეტილებებს იღებენ არა ეკონომიკური ფაქტორების, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. კარგი იქნება, თუ რუსეთთან ვაჭრობის წილი სხვა, სტაბილური ბაზრების ათვისების ხარჯზე შემცირდება“.

რას ფიქრობს ხალხი?

მოქალაქეების აზრი რუსული პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით ორად იყოფა. შედარებით უფროსი თაობა მიიჩნევს, რომ რუსული პროდუქცია საუკეთესოა, ახალგაზრდების აზრით კი საუკეთესო ნიშნავს ევროპულს ან ქართულს.

ლელა, 50 წლის დიასახლისი: „ყოველთვის რუსულ პროდუქტს ვყიდულობ და მომავალშიც ასე მოვიქცევი. პროდუქციის შეძენასა და ოკუპაციას შორის კავშირს ვერ ვხედავ“.

თამთა, 20 წლის, ლელას შვილი: „როდესაც თავად მაქვს არჩევანის საშუალება, ყოველთვის ქართულს ვყიდულობ. თუკი ქართული არაა ხელმისაწვდომი _ ევროპულს ან თურქულს. თურქულს უპირატესობას დაბალი ფასის გამო ვანიჭებ. ცნობილ მითთან საბრძოლველად, _ რუსულია და კარგია, _ ყველა პროდუქტის ანოტაციის გულდასმით წაკითხვა მეხმარება:
საღებავებს, ემულგატორებს, მავნე ნივთიერებებს რუსული პროდუქტი უფრო ხშირად შეიცავს. ჩემი აზრით, ესეც განაპირობებს მის დაბალ ფასს. თუკი დედას არ მოაქვს პროდუქტი და მე მიწევს ყიდვა, არ ვყიდულობ იმას, რასაც ოკუპანტი გვთავაზობს. ამის გამო დედა ბრაზობს, მაგრამ მე საკუთარი პრინციპები მაქვს“.

მოქალაქეთა ნაწილი საფრთხეს ვერ ხედავს რუსული ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით სარგებლობაშიც.

თამარ ხვიტიას mail.ru უკვე ბევრი წელია, აქვს. მიაჩნია, რომ მის პერსონალურ მონაცემებს ვერავინ მოიპარავს, იმიტომ რომ არავის სჭირდება.

ლელა ფხაკაძე, ქუთაისელი მწერალი ასევე რუსულ ელექტრონულ ფოსტას იყენებს. იგი ამბობს, რომ წარმატებით სარგებლობს რუსული სოციალური ქსელებითაც გარკვეული სეგმენტისთვის საკუთარი ჩანახატების მისაწოდებლად. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელოვანია ენის ფაქტორიც _ უცხო ენებიდან მხოლოდ რუსული იცის, ამიტომ ინგლისურენოვანი ელექტრონული ფოსტის გამოყენება მისთვის დიდი სირთულეა. კითხვაზე, _ რა რეაქცია ექნება, თუკი ერთ დღეს მისი პერსონალური მონაცემები გამოყენებული დახვდება? _ ამბობს, რომ ამის შიში არ აქვს და მსგავსი საკითხი არასოდეს განუხილავს.

რიგითი მოქალაქეების გარდა რუსულ ელექტრონულ ფოსტას საჯარო მოხელეები: მერები, საკრებულოს წევრები, გამგებლები, პარლამენტის დეპუტატები იყენებენ. მათ შორის, იმერეთშიც.

კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, დიდი ხნის მანძილზე mail.ru -ს იყენებდა. მის ოფიციალურ გვერდზეც სწორედ რუსული ელექტრონული მისამართი იყო მითითებული. მცირე ხნის წინ დეპუტატის ბიუროს ელექტრონული მისამართი yahoo-თი ჩანაცვლდა.

ნიკა გაგნიძე _ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე: „რუსული ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელები განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისთვისაა საფრთხილო. რუსულ მეილსერვისებს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და, შესაბამისად, იქ შენახული ყველა ინფორმაციაც მათ ხელთაა“.

მოძრაობა „SOS-რუსულიას!“ იდეის ავტორები გრძელვადიანი კამპანიის მოწყობას აპირებენ და იმედი აქვთ, რომ საზოგადოების ცნობიერებას ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცვლიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რუსულ პროდუქტზე უარის თქმა ქართულ ბიზნესს სასიკეთოდ წაადგება _ თუკი იმპორტული ნაწარმი მომხმარებლის მიერ ადგილობრივით ჩანაცვლდება, ეს პროცესი როგორც ქართულ წარმოებაზე, ასევე სამუშაო ადგილებზეც დადებითად აისახება.

შორენა ლაღაძე