კოტე იოსელიანი: „ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო პარლამენტის გაბანძების გადაწყვეტილება“

26 ივნისს „ქართული ოცნების“ 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. სესიაზე მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების პირისპირ მარტო იმყოფებოდა, _ მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები სესიას არ დაესწრნენ.

„დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემ დაჭერას, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, _ სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა. მელიას 30 000-ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ცალსახად, სამარცხვინო ქმედების პარალელურად, კი კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

რამ განაპირობა მელიასთვის გირაოს შეფარდება? მიანიშნებს თუ არა ეს დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე? რატომ გაჭიანურდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა? რა გათვლები შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს და რა შემთხვევაში შეიძლება, შემცირდეს საპროტეტსო მუხტი?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ კოტე იოსელიანს ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, როგორ ფიქრობთ, რატომ გარისკა „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარება იმ პირობებში, როცა გავრილოვია ამ ასამბლეის პრეზიდენტი და მას მოუწევდა პარლამენტში ყოფნა?
_ ამ შემთხვევაში გარისკვაზე არ ყოფილა საქმე. გავრილოვი 2013 წელსაც ჰყავდათ ჩამოყვანილი და ზუსტად ისეთივე რევერანსებით დახვდნენ, როგორც ახლა. ეს იყო თანამშრომლობის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რაც, ზოგადად, „ქართული ოცნების“ სახეებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს აქვთ რუსეთთან მიმართებით. თითქოს ჩვენს ქვეყნებს შორის ცუდი არაფერი ხდება და პირიქით, მომართულები არიან, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ და ამ ნარატივის გათვალისწინებით აკეთებენ აბსოლუტურად საპირისპიროს, რომ რაც შეიძლება მეტად ასიამოვნონ რუსეთს. გასაგებია, რომ რუსეთის არგაღიზიანება ერთი მიდგომაა, მაგრამ ამ მიდგომის მეორე უკიდურესობაში გადავარდნა და ის, რომ რუსეთს მაქსიმალურად ასიამოვნო და შენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ღიმილი მოჰგვარო სახეზე, _ სწორედ ამ მარაზმშია „ქართული ოცნება“ გადავარდნილი. გავრილოვი, _ ეს იყო ძალიან ბევრი ბინძური და მახინჯი ფაქტის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზედაც ქართულმა საზოგადოებამ თვალი აღარ დახუჭა და ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მისცა. ჩვენ „გავუტარეთ“ „ქართულ ოცნებას“ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის ტექსტიც საიდუმლოა და არ ასაჯაროებენ. გვქონდა მოთხოვნა, რომ ეს ტექსტი ეჩვენებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის შინაარსი დეტალურად არაა ცნობილი, ზოგადად ვიცით, რომ საქართველოსთვის წამგებიანი კონტრაქტია. ამას თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებიც აღიარებენ, თუმცა ეს ამბავი რაღაცნაირად გადააგორეს. ასევე იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც რუსების ინტერესების ხარჯზე დაითრგუნა საქართველოს ინტერესები. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაგროვდა. უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს კითხვის ნიშანს, თუ როგორი ორიენტაციის არის „ქართული ოცნება“ და რამდენად ითვალისწინებს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, როდესაც საუბარია რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის პირად ურთიერთობებზე და რამდენად ლოიალურია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ, ეს იყო ბოლო წვეთი იმ ფიალაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან უტიფრად ავსებდა. მან იფიქრა, რომ როგორც იქნა, დააჩოქა ქართველი ხალხი, რომ დააჩოქა ის იდეა, რომლის მიხედვითაც საქართველო არის თავისუფალი სახელმწიფო. მან იფიქრა, რომ ამ ქვეყანაში აღარავის ადარდებს თუ რომელი პოლუსისკენ იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის ვექტორი _ ჩრდილოეთისკენ თუ დასავლეთისკენ. სწორედ ამიტომ, ყოველგვარი წინასწარი გათვლების გარეშე, საზოგადოების დაკვეთის გათვალისწინების გარეშე, ადგა და გააკეთა ის, რასაც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ, რომ პუტინი იქნებოდა თუ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, ყველას მიმართ ჰქონოდა ძალიან ლოიალური დამოკიდებულება, რათა შემდგომში უკანვე მიეღო იგივე სახის ლოიალურობა, კეთილგანწყობა მათივე მხრიდან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მწვანე შუქი აქვს ანთებული რუსეთიდან და ნებისმიერ ფორმატში ივანიშვილს მათი დახმარების იმედი აქვს. რაშიც არ უნდა გადაიზარდოს ეს, ბიძინა ივანიშვილის უტიფრობას, რასაც ავლენს ქართველი ხალხის წინაშე, ზურგს უმაგრებს რუსეთი. ჩვენ ასევე ვიცით, რომ როდესაც ივანიშვილს სჭირდება, ურიგდება რუსეთს და ოკუპაციით სარგებლობს კიდეც: ხან ცხინვალის რეჟიმს ჩააკეტინებს საზღვარს, რომ აქეთ არ გადმოვიდეს ხალხი, ხან ენგურს ჩაკეტავენ იმისთვის, რომ გალის მოსახლეობა არ გადმოვიდეს, როგორც იყო ზუგდიდის არჩევნებზე ან თუნდაც ახლა საპროტესტო აქციებზე. ვიცით ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი ოკუპაციაზე ძალიან დიდ ფულს შოულობს, კერძოდ, არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ივანიშვილს ბიტკოინების მაინერები აქვს. ეს მაინერები მომგებიანია მაშინ, როდესაც იაფი ელექტროენერგია მიეწოდება, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი ელექტროენერგია ყველა მომხმარებელს აბსოლუტურად უფასოდ მიეწოდება, რადგან ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ყველა ნაწილს მიეწოდებოდეს ენერგომატარებლები, მაგრამ ვინაიდან იქ ვერ ხდება აღრიცხვა და შესაბამისი გადასახადების გადახდა, ამიტომ, ფაქტობრივად, ქართული მხრიდან აფხაზეთში ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება და ამაზეც კი ფულს შოულობს ბიძინა ივანიშვილი. ნათელია, თუ ვინ არის ეს ადამიანი და რა ინტერესები აქვს. მის დღის წესრიგში არ ჯდება საქართველოს ინტერესების გატარება. ის პირდაპირ საკუთარი ბიზნესინტერესების გაფართოებაზეა ორიენტირებული. ამის სანაცვლოდ ის ყაბულს არის, დათმოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისიდან. ბიძინა ივანიშვილს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა შეინარჩუნოს რეჟიმი, მისი რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს რუსეთი, ამიტომ რაც რუსეთს სურს, ის უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდეც. ამას ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, უკვე წლებია. უბრალოდ, ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩა, ვისაც კითხვის ნიშანი აქვს იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი პრორუსია თუ პროქართველი პოლიტიკოსია, თუმცა მას პოლიტიკოსიც აღარ ჰქვია, ის არაფორმალური მმართველია, რომელსაც აბსოლუტურად მიტაცებული აქვს ეს სახელმწიფო, თავისი სამივე სახელისუფლებო შტოთი, რომელსაც 100%-ით აკონტროლებს. ყველაფერი ემსახურება ბიძინა ივანიშვილისგან წამოსულ სიგნალებს, მესიჯებს, ამაზეა მთელი სახელმწიფო აწყობილი. ჩვენ ვიცით, როგორ აკონტროლებს ივანიშვილი ამ სახელმწიფოს და ისიც ვიცით, რომ ბერა ივანიშვილის „ფეისბუქ“ პოსტზეა დამოკიდებული, სამუდამო პატიმრობაში წავლენ ახალგაზრდები თუ დაუყოვნებლივ განთავისუფლდებიან პატიმრობიდან, ვგულისხმობ „ბირჟა მაფიის“ ქეისს. ესეც ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს ყველაფერზე, რაც ჩვენს სახელმწიფოში ხდება. თუმცა არსებობს თავისუფლების კუნძულები და ეს არის: თავისუფალი მედია და ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ვერაფრით მოერია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გულისწყრომით ისიც კი თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან შეკრული გუნდია, ამ ერთსულოვნებით მაინც აკეთებენ იმდენს, რომ მე პრობლემებს მიქმნიანო. სწორედ ამაზე ჰქონდა გულისწყრომა, რომ თვითონ ასეთი გუნდი არ ჰყავს. თვითონაც ძალიან კარგად იცის საკუთარი გუნდის ფასი.
_ უშუალოდ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით ხელისუფლება პასუხისმგებლობას სწორედ „ნაციონალურ მოძრობას“ აკისრებს. ჩვენ მუდმივად გვესმის მათგან, რომ თქვენი გუნდის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო. რას დაუპირისპირებთ ამ არგუმენტს და გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას?
_ „ქართული ოცნების“ პრაქტიკაა, რომ მთელი მისი სიბრიყვეები და მავნებლობები გადააბრალოს სხვას. ეკონომიკურ სიტუაციას, მომიტინგეებს აბრალებენ, მათ გამო დაეცა ლარის კურსიო, ამ დონის აბსურდია. „ქართული ოცნება“ საკუთარი უნიათობის, უვიცობისა და არაკომპეტენტურობის ხარჯზე აზიანებს ჩვენს ქვეყანას და შემდეგ ეძებს იმას, ვისაც ამ ყველაფერს დააბრალებს. გვახსოვს, თავიდან გიორგი ქადაგიძეს აბრალებდნენ ლარის კურსს, ახლა უკვე მომიტინგეებს აბრალებენ. ჯერ ერთი, იმ ღამეს პარლამენტი იყო ცარიელი და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ შენობაში შევიდოდნენ მომიტინგეები, _ პარლამენტში, გვერდით „მაკდონალდსში“ თუ „რუსთაველის თეატრში“?
_ პარლამენტის შენობა, „მაკდონალდსისა“ და „რუსთაველის თეატრისგან“ განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოოა…
_ გასაგებია, რომ საკანონმდებლო ორგანოა, ძალიან კარგად მესმის, თუმცა ცემა-ტყეპისა და თვალების დათხრის გარეშე შეიძლებოდა სიტუაციის განმუხტვა. მაინცდამაინც ცემა-ტყეპის შემდეგ რომ გამოვიდა კობახიძე და მისი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთებინა ბიძინა ივანიშვილმა, ამას ითხოვდნენ მომიტინეები, რომ კობახიძისთვის თავის სავარძელში ჩასმის საშუალება არ მიეცათ, თუ გადადგება, არც პარლამენტის შენობაში შევალთ და საერთოდ დავიშლებითო. ეს მოთხოვნა იყო აქციაზე და არა სახელმწიფო გადატრიალების მოწოდება ან სახელმწიფო გადატრიალების კონტექსტში რაიმე ქმედებისკენ მოწოდება. ეს იყო იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ კობახიძეს აღარ ექნებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის უფლება, სადაც მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრილოვი იჯდა, ამაზეა აქ საუბარი და არა სახელმწიფო გადატრიალებაზე. როდესაც კობახიძე გადადგა, არავის უფიქრია პარლამენტის შენობაში შესვლა, რადგან არავის არაფერი ესაქმება პარლამენტის შენობის შიგნით. ამ ადამიანებს ხელისუფლების მიმართ არც ექნებოდათ პროტესტი, იმ წუთშივე რომ განემუხტათ გონივრული ნაბიჯებით ის სიტუაცია, რაც ვერ განმუხტეს და აქეთ დაესხნენ თავს ადამიანებს: დათხარეს თვალები, ასობით მომიტინგე სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემგან ამ დეტალებზე საუბარი არ არის საჭირო, ყველამ იცის, რაც იმ ღამეს მოხდა. ბიძინა ივანიშვილი სისუსტედ აღიქვამს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას და ყოველთვის კბილების ჩვენების რეჟიმშია. ჩვენ ვნახეთ, თურმე ის დათვის საწინააღმდეგო სტაფილოსფერი ტყვიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეისყიდეს, ანუ ის აპრიორი მზად იყო იმისთვის, რომ თუ წააგებდა, ეს არჩევნები ძალისმიერი მეთოდებით მოეპარა და ადამიანები დაეხოცა. ამ შემთხვევაშიც იფიქრა, რომ პარლამენტში შევარდებიან და რა მეშველებაო. მან არასწორად აღიქვა სიტუაცია. პარლამენტში შევარდნას არავინ აპირებდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს საქართველოში დესტაბილიზაცია სჭირდება, დესტაბილიზაციის პირობებში ყოველთვის კარგად გრძნობს თავს, სწორედ აქეთ მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი, რომ რუსეთმა საქართველოში კომფორტულად იგრძნოს თავი, რასაც ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ, ერი გაიზარდა, ზუსტად იცის, ვის რა მოსთხოვოს, პოლიტიკურ პროცესებში როგორ ჩაერთოს. საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, უბრალოდ, მართლა გულის ტკივილით ვამბობ, რომ ამ ყველაფრისთვის არ არის საჭირო ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალების დათხრა, ცემა-ტყეპა და გაზით გაგუდვა. ეს ყველაფერი შეიძლება გააზრებულად და ადამიანურად გაკეთდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ესმის, _ ის არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაც ლოგიკური, დემოკრატიული, კანონიერების ფარგლებში მოქცეული პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ, ის ჯუნგლების კანონით, რუსეთის 90-იანი წლების კანონით მოქმედებს და თუ მეორე მხარე არ გაანადგურა, მაშინ საკუთარ თავს განადგურებულად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მთელი ქართველი ერი ვართ ერთ მხარეზე, მეორე მხარეს კი _ ბიძინა ივანიშვილია თავისი პატარ-პატარა საცეცებით, რომელსაც ხან მინისტრებს ეძახის, ხან _ თანაშემწეებს. ამ პროცესში ყველაზე კარგი ის არის, რომ ხალხმა გამოიღვიძა და იცის, ვის რა უნდა მოსთხოვოს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ეს არ ესმის და თუ არ ესმის, უფრო ხმამაღლა შემოვუძახებთ და გავაგონებთ აუცილებლად.
_ როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ ვიხილეთ? პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა, თუმცა ოპოზიციაში თითქმის ყველა მის წინასაწარ დაპატიმრებას ელოდა. რატომ გადადგა სასამართლომ ეს ნაბიჯი და, გარკვეულწილად, აღიარებთ თუ არა ამ შემთხვევაში სასამართლოს დამოუკიდებლობას?
_ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება იყო პარლამენტისადმი, რომ ნიკა მელიასთვის გაეკეთებინათ ის, რაც გაუკეთეს და ამით უმრავლესობის წევრებმა თავიდან ბოლომდე შეირცხვინეს თავი. 91-მა დეპუტატმა გაიწყვიტა შუბლის ძარღვი, უარი თქვა აბსოლუტურად ყველაფერზე, _ ადამიანობაზე, კოლეგიალურობაზე, კანონის უზენაესობაზე. იმუნიტეტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანი არ დაიჩაგროს, როდესაც ოლიგარქია და უმრავლესობის მმართველობაა. იმუნიტეტის ძირითადი იდეა და საყრდენი რაც არის, სწორედ იმის წინააღმდეგ წავიდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ნიკა მელიას სწორედ იმიტომ მოუხსნეს იმუნიტეტი, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. ასევე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომ მეორე დღეს არ დაეჭირათ ნიკა მელია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა მთელი ის მარაზმი გაიაზრა, რაც ჩაიდინა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ საერთაშორისო აქტორების მხრიდანაც იყო გარკვეული სახის გზავნილები ივანიშვილისადმი, რამაც შეაცვლევინა გადაწყვეტილება. 91 დეპუტატი ვერსუს 1 მოსამართლე, _ არსად წერია, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და „მურუსიძის სასამართლომ“ დეპუტატების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელმაც შემდგომში ამ სასამართლოს უნდა მისცეს ლეგიტიმაცია. ახლა მოსამართლეების დანიშვნის პროცესია და მურუსიძე პირდაპირ დამოკიდებულია საკანონმდებლო ორგანოზე, რათა თავისი კლანით სრულად დააკომპლექტოს სასამართლო სისტემა. ამ მოცემულობაში მურუსიძეს პარტნიორად სჭირდება საკანონმდებლო ორგანო და ამ დროს მათ წინააღმდეგ მოქმედებს? _ ეს ხომ გამორიცხულია. ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო პარლამენტის გაბანძების გადაწყვეტილება და ეს ძალიან კარგადაც გააკეთა, შემდეგ მიხვდა, რომ თამაშის მეთოდები უნდა შეეცვალა, შეცვალა კიდეც და ყველაფერი გადაიყვანა იმ ჭრილში, რა ჭრილშიც დღეს არის.
_ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე, მათ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ აქციების ლიდერები არ იყვნენ პოლიტიკური პარტიები და ისინი ამ კუთხით არ ჩაერთვებოდნენ. რამდენად უარყოფითად მოქმედებს ეს საპროტესტო მუხტსა და მასშტაბებზე?
_ ეს ნარატივი, რომ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ დისტანცირებული, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობდა, რომ ქვეყანაში არსებული სინერგია დაექსაქსა. ამას წარმატებით ახერხებდა სხვა საპროტესტო აქციების დროს, მაგალითად, შვილმოკლული მამების აქციების მიმდინარეობისას. „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექსა საზოგადოება, რომ თითქოს არ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ერთ მხარეს იდგნენ.
_ თუმცა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, თავად ახალგაზრდების მოთხოვნა იყო, რომ პოლიტიკური პარტიები პროცესებში არ ჩარეულიყვნენ…
_ იყო ამის მცდელობა, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიებიც და ყველა სხვა ტიპის სამოქალაქო საზოგადოება, მთლიანობაში, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს. ეს პროტესტი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გახდა და ამან მოსპო შემდგომში ის ზღვარი, რომ აღარ გვინდა პოლიტიკური პარტიებიო. დღეს პოლიტიკური პარტიები დოზირებულად მონაწილეობენ პროცესებში, პოლიტიკურ პარტიებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის არის შეთანხმება, რომ კონკრეტული შეთანხმებების ირგვლივ ვართ ერთიანი და არანაირი სხვა კერძო ინიციატივა არ შეიძლება დაემატოს საპროტესტო აქციის მოთხოვნებს. ძირითადად, სამი მოთხოვნა იყო: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაკავებულების განთავისუფლება და გახარიას გადადგომა. ამ სამივე მოთხოვნაში სამოქალაქო საზოგადოება თავისი განშტოებებით ერთიანია. ყველა განშტოება ამ პროცესში შეთანხმებულია, რომ ამ მოთხოვნაზე მეტი არ უნდა დააყენოს და არც არავინ აყენებს. „ქართულ ოცნებას“ მუდმივად ჰქონდა მცდელობა, დაეკომპლექსებინა ადამიანები, მათი მესიჯი ასეთი იყო: „შენ, რა, პოლიტიკურ პარტიასთან ერთად დგახარ?“ _ მერე რა მოხდა, თუკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ვდგავარ, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ ან სამოქალაქო საზოგადოების წევრი და ეს პოლიტიკური გაერთიანებაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი სიძლიერე, თეორიულად და პოლიტიკური მეცნიერებების მიხედვით, არის ის, რომ კონკრეტულად ერთი მიზნის მისაღწევად იკრიბება სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ნებისმიერი ღირებულების მიუხედავად, შემდგომ კი იშლება. მას იდეოლოგია არ გააჩნია. სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა „ვაკის პარკში“, როდესაც სასტუმრო „ბუდაპეშტი“ შენდებოდა, სადაც მეც ვიდექი და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელიც, რომელსაც არ უნდოდა სასტუმროს აშენება, რადგან შემდგომში „ვაკის პარკი“ გახდებოდა ამ სასტუმროს ეზო. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავერთიანდით, შედეგს მივაღწიეთ, შემდეგ კი დავიშალეთ. ანალოგიური ამბავია ახლაც. როგორც ერი პოლიტიკურად გავიზარდეთ და გავიაზრეთ, რომ კონკრეტულ ღირებულებით სისტემაზე შევთანხმდეთ, რამდენიმე მოთხოვნა დავაყენოთ, რის ირგვლივაც ვიქნებით შეუპოვარი და ერთად ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად. როგორც კი მიზანს მივაღწევთ, ყველა თავისი ინტერესების მიხედვით გააგრძელებს გზას. ეს ბუნებრივი და ცივილიზებული მიდგომაა. დღეს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს საზოგადოებრივი დაკვეთა.
_ აქციებთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლების მხარდამჭერები აქცენტს აკეთებენ მონაწილეების რაოდენობაზე. შესაძლოა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საზოგადოება დაიღალა მიტინგზე დგომით. რა შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს საპროტესტო მუხტი იმდენად, რომ მიტინგის გამართვას აზრი აღარ ჰქონდეს?
_ არ არსებობს ამ საპროტეტსო მუხტის შემცირება! არ არსებობს არანირი მოცემულობა, რომ ეს ყველაფერი გაივლის და „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივად გააგრძელებს სიცოცხლეს, ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება. პირადად მე დღეს ვერ მივედი აქციაზე, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო ქალაქიდან გასვლა მომიწია. დედა მყავს ცუდად და გზაში ვარ, საავადმყოფოში მივდივარ. და რა, გამინელდა ის ბრაზი და მუხტი, რატომაც მივედი აქციაზე?! ჩემსავით, შესაძლოა, უამრავი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მისვლას. შესაძლოა, ასეთი ათობით ათასი იყოს, მაგრამ ათობით ათასი აუცილებლად მხარს უჭერს ამ აქციის მოთხოვნებს და აუცილებლად მივა იმ ადგილას, როცა ეს საჭირო იქნება. თუკი ეს იქნება საჭირო, 5 წუთში, ახლავე მოვატრიალებ ავტომობილს და წამოვალ თბილისისკენ, ასე იქნებიან სხვებიც. ახლა თუკი ითვლის „ქართული ოცნება“, რამდენი ადამიანი დგას აქციაზე, ეს არის ძალიან დიდი სიბრიყვე, ეს არის კიდევ ერთი დაცინვა ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრიობის იდეის. მათ აქციის მონაწილეების დათვლაზე თუ გადაიტანეს აქცენტები, ძალიან ცუდად დაამთავრებენ _ კაცობრიობის ისტორიაში ვინც საკუთარი ხალხის წინაშე ბინძური ნაბიჯები გადადგა, არავის დაუმთავრებია კარგად.
_ რატომ უჭირს ივანიშვილს გახარიას გადაყენება?
_ არ მგონია, რომ ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება უჭირდეს. უბრალოდ, ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთი მიზეზია, ახლა რომ გახარია გაუშვას, შემდგომში ვისაც მოიყვანს იმან, შესაძლოა, იგივე დავალება აღარ შეუსრულოს და ამიტომ გარანტიები სჭირდება, რომ ახალი მინისტრი სრულ მონობაში ეყოლება. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ Hღ (ადამიანური რესურსები) პოლიტიკის მთავარი კრიტერიუმია მონობა. ჭიკაიძე და ღარიბაშვილი ჰყავდა მინისტრად და ეგეთებს კიდევ იპოვის ვინმეს. ამ შემთხვევაში პოზიციონირებაა იმ მხრივ, რომ როდესაც მომდევნო მინისტრს მისცემს იგივე დავალებას, იმან უპირობოდ შეუსრულოს. მეორე მხრივ, გახარიასაც ხომ აქვს ტვინი და ხვდება, რა პროცესებშიც გაეხვია. საინტერესოა, რატომ არ მიდის? სავარაუდოდ, გახარია სწორედ ბიძინა ივანიშვილის მძევალია. ჩვენ ვიცით, რომ აქციაზე დაშავებულებიდან ერთი ადამიანი აპარატზეა შეერთებული და ის სიკვდილს ებრძვის. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ წავიდეს, რადგან ეს იქნება ლაქა, რომელსაც ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც გახარია, ვერც სხვა ვინმე ვერასდროს მოიცილებს. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ცბიერი და ძალიან თაღლითი ადამიანია, მან კარგად იცის, დღეს რომ გახარია გაუშვას, საპროტესტო აქციები იმ წუთშივე ჩაცხრება, მაგრამ მაზეგ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუარესდეს, ივანიშვილმა იცის, რომ იმ წუთშივე აფეთქდება სიტუაცია და დარტყმის მთავარი სამიზნე თავადვე იქნება, რომელსაც ვერ გაუძლებს. ამიტომაც აჭიანურებს გახარიას გადაყენებას. თუ იმ ადამიანების მდგომარეობა ნეგატიური მიმართულებით წავა, შემდეგ გადააყენებს გახარიას და პირველ დარტყმას საკუთარ თავზე მას ააღებინებს, შემდგომ კი თვითონ ეცდება, წყლიდან შედარებით მშრალი გამოვიდეს. თუ ამ მიმართულებით გავყვებით ლოგიკას, მას ელემენტარული გათვლა აქვს. ამიტომაც, ამ შემთხვევაშიც, სვავი და თაღლითია, ადამიანური მოტივებიდან გამომდინარე კი არ აზროვნებს და მოქმედებს, არამედ საკუთარი პოლიტიკური გავლენის უზრუნველსაყოფად და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების პოზიციებიდან გამომდინარე. ივანიშვილი გახარიას ბოლომდე გაწირავს, ყველანაირ ჭუჭყს შეაზელს და მეორე დღეს მთელი „ქართული ოცნება“ გამოვა და იტყვის, _ ვინ ყოფილა ეს გახარია, არ გვცოდნიაო. ამით დამთავრდება ეს ამბავი. იგივე კვირიკაშვილი შეგვიძლია მოვიყვანოთ მსგავს მაგალითად. ივანიშვილს გახარია სკამზე ჰყავს დაჭედებული, შეიძლება გახარია ამას ვერ ხვდება ან ხვდება და თვითონ არის ყაბულს ამ მოცემულობისთვის. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებით თამაშობს: აქციის მონაწილეებით, გახარიათი და ყველა იმ ადამიანით, ვისზედაც ხელი მიუწვდება. ამ წუთას გახარია არის ივანიშვილის ბალიში, რომ რაც შეიძლება რბილად დაეცეს.

ნენე ინჯგია