საქართველოს საპატრიარქომ მარტოხელა დედა ქუჩაში დატოვა?!

მარტოხელა დედა, მარიამ ჩაჩხიანი, საქართველოს საპატრიარქოს, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს დაბა ლენტეხში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებლის შენობის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს:

„მე და ჩემი ოჯახი 1996 წლიდან ვცხოვრობთ ლენტეხში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი სახლი საერთოდ გაანადგურა და იქ შეგვასახლეს. ვარ მარტოხელა დედა, მაქვს დიაბეტი და ასთმა ურთულესი პრობლემებით. ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან გვეუბნებიან, რომ ის საცხოვრებელი კორპუსი უნდა დავტოვოთ, სადაც ამდენი წელი ვიცხოვრეთ. აღნიშნული შენობა საპატრიარქოს გადაეცა. საუბარი გამოსახლებაზე ორი წლის წინ დაიწყო. დამირეკეს და მითხრეს: თქვენი ბინებიდან ავეჯი უნდა გამოვიტანოთო. როცა ვიკითხე, რა ხდებოდა, მიპასუხეს, რომ მეუფემ ასე ბრძანაო. ძალიან ვინერვიულე, რადგან უსახლკაროდ ვრჩებოდით. ჩვენ ეკომიგრანტები ვართ, მთიან ტერიტორიაზე ვცხოვრობდით, ჩვენი სახლი სტიქიამ დაანგრია. როცა ეს ამბავი მითხრეს, მეუფეს დავურეკე, მან კი უარყო, _ ასეთი რამ არ მითქვამსო. ჩავედი ლენტეხში და მეუფეს შევხვდი. მითხრა, _ სანამ მანდ ვინმე ცხოვრობს, მანამდე არავინ შეგეხებათ, მაგრამ როცა იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაცლიან, მოგიწევთ დაცალოთო.
საპატრიარქოს კანონით არ ჰქონდა უფლება, ეს საცხოვრებელი შეესყიდა, რადგან იქ ასობით ადამიანი ცხოვრობდა“, _ ამბობს ეკომიგრანტი მარიამ ჩაჩხიანი, რომელიც „ქრონიკა+“-თან იხსენებს, რომ 2019 წლის თებერვალში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები დღესაც ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ორი ბინა, სადაც იმ დროს არავინ იმყოფებოდა. ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„არ ვიცი, თბილისში ვიყავით, როცა ეს ამბავი გავიგეთ… ცარიელ ბინაში ხანძარი საიდან გაჩნდა, არავინ იცის. მეორე დილით წავედი ლენტეხში, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რამ გამოიწვია ორ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი. როცა ჩავედი, ლენტეხის მერს შევხვდი და ვუთხარი, რაც ხდებოდა, ასეთი პასუხი გამცა: ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ბინა ვიქირავოთ რამდენიმე თვითო. ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე და ამის შემდეგ დამპირდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 4 თვის მერე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარი ჩამირიცხეს, რომელსაც ხელი არ მოვკიდე. ხანძრის შემდეგ ისევ დავურეკე მეუფეს და ვკითხე, _ თუ მომცემთ იმის ნებას, რომ დამწვარი ბინა აღვადგინო, ხელი შევავლო, საცხოვრებლად ვარგისი რომ იყოს-მეთქი? მეუფემ მიპასუხა: ერთ ლურსმანსაც ვერავინ დააჭედებს მანდო. ამის შემდეგ საპატრიარქოში მივედი, ქალბატონ შორენას შევხვდი, მდგომარეობა ავუხსენი, შორენამ კი მითხრა: ვნახოთ, დაველაპარაკებით, გავივლით ამ საკითხს და დაგიკავშირდებითო. ამ შეხვედრის შემდეგ სამი თვე გავიდა და, რა თქმა უნდა, არავის არ დაურეკავს. სად წავიყვანო ჩემი შვილები?! 1996 წლიდან სადაც ვცხოვრობდი, ახლა რატომ უნდა დავცალო და თუ დავცლი, ხომ შეიძლება, ალტერნატიული ფართით უზრუნველმყონ? მაინტერესებს, სად უნდა იცხოვროს ჩემმა მშობლებმა ან სად უნდა წავიდეთ მე და ჩემი შვილები?! ამდენი ხანი ხმას არ ვიღებდი იმ უკანონობაზე, რაც ხდება. დღეს თუ თქვენამდე მოვედი, აღარ გავჩერდები. არსებობს ორი კითხვა, რომელზედაც პასუხი არავის აქვს. მაინტერესებს, რა ვითარებაში გაჩნდა ცარიელ ბინაში ხანძარი და მეორე, მეუფე ამბობს, ვერ შეხვალთ ბინაში, ლურსმანსაც ვერ დააჭედებთ და ლენტეხის რაიონმა მიგხედოსო. ლენტეხის მერია მეუბნება, ბიუჯეტში ფული არ გვაქვს, რომ საცხოვრებელი სახლი გამოგიყოთო. სხვისთვის თუ მოიძებნა, მე რა დავაშავე? მხოლოდ დროებით გიქირავებთ და მეუფემ მოგხედოსო, ერთმანეთს აბრალებენ“.

„ქრონიკა+“ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მიიღებენ და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ:
_ ამ ადამიანებს უკვე მისცეს თავიანთი ბინები, ვისაც ეკუთვნოდა. თითქმის დასრულებულია მათი დაბინავების საკითხი.
_ მარიამ ჩაჩხიანი ამბობს, რომ…
_ მარიამ ჩაჩხიანს პირადად არ ვიცნობ!
_ ის ამბობს, რომ რამდენჯერმე შეგხვდათ და თქვენ დამწვარ ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცით.
_ შეიძლება, ვესაუბრე, მაგრამ ვინ არის მარიამ ჩაჩხიანი, არ ვიცი. იმ საცხოვრებელში ბევრი ოჯახი ცხოვრობს და ყველას არ ვიცნობ. შეიძლება, ვიღაც ისეთი არის, ვინც იქ ცხოვრობდა.
_ მეუფე, როგორ აღმოჩნდა ეს შენობა საპატრიარქოს ბალანსზე?
_ საპატრიარქოს კანონიერად გადმოეცა, იქ არის სკოლა, რომელიც ფუჭდებოდა და ტერიტორიაზე არსებული შენობები გაურკვეველი მიზნებისთვის უნდა გამოყენებულიყო. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ყბადაღებული 25 მილიონი საკმარისი არ არის, რომ პედაგოგები უაზრო სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა შევინარჩუნეთ, რემონტს ვაკეთებთ და ვამზადებთ, ის სივრცე გიმნაზიად გადაკეთდეს. დღესაც ცხოვრობენ იქ ადამიანები ჩემი და საპატრიარქოს კეთილი ნების საფუძველზე. სანამ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, ვინ სად არის და ეს უკვე აღირიცხება, ამის შემდეგ უკვე გარკვეულ ვადას მივცემთ, რომ შენობა სრულად დაცალონ.
ყველაფერს მოვაგვარებთ, უკვე ჩვენი ფართია და კარგა ხანია, კეთილი ნებით ვმოქმედებთ. ხანძარიც მოხდა ცარიელ ბინაში. მოკლედ, შენობა ცუდ მდგომარეობაში იყო და ყველაფერს პატრონი სჭირდება. ჩვენ ნამდვილად ვართ პატრონები, უბრალოდ, რადგან ასეთი გაჭირვება იყო ხალხში, მაზოლზე არ დავაჭირეთ და ცხოვრების საშუალება მივეცით. სახელმწიფომ უმეტესობას ბინები უკვე გადასცა და თუ ვინმე იქნება უბინაო, ამ ვითარებას ახლა ვსწავლობთ: თუ კანონიერად ეკუთვნის, დავაკმაყოფილებთ, ხოლო თუ უკანონოდ არის შეჭრილი და არანარი სტატუსი არ გააჩნია, იმათთან ბოდიში.
_ ხანძარი რამ გამოიწვია?
_ გამგეობის კომისია მუშაობს, პროცესები მიმდინარეობს. დაინტერესებული პირი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და არავინ დაზარალდეს.
_ რამდენად კანონიერად გადაეცა შენობა საპატრიარქოს?
_ კანონიერად გადაეცა. თუ უკანონოდ მივითვისეთ, სასამართლოში გაარკვიონ. ყველაფერი წესრიგშია. შეგიძლიათ, დოკუმენტები რეესტრში ნახოთ.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, ბადრი ლიპარტელიანს:
_ რისი შესაძლებლობაც მქონდა, გავაკეთე, _ მარიამ ჩაჩხიანს ერთჯერადი დახმარება 1000 ლარი გადავეცით, ასევე შევთავაზეთ, რომ დროებით მოიძიოს ბინა ლენტეხში, რის საფასურსაც მუნიციპალიტეტი 1 წლის მანძილზე გადაიხდის. და თუ ვერ მოვახერხეთ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ისევ გავუგრძელებ დროებითი საცხოვრებლის დაფინანსებას. ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ იმ სოფელში გეოლოგები ჩამოვიდნენ, სადაც ადრე ცხოვრობდნენ და მიმდინარეობს მოკვლევა.
_ სტიქიამ ოჯახს სახლი 1996 წელს გაუნადგურა, დაგვიანებული ხომ არ არის?
_ ფაქტს დასაბუთება სჭირდება და ამიტომაც გადავაგზავნე ეს მოთხოვნა. ამის შემდეგ ყველაფერს მიეცემა მსვლელობა.
_ ხანძარი რამ გამოიწვია?
_ ჩართულია სამართლებრივი და საგამოძიებო სისტემა, ყველაფერს გაარკვევენ. მანამდე კიდევ გავიმეორებ: შემიძლია იმით დავეხმარო, რაც უკვე გითხარით. მას სახლი არ აქვს, ქვრივი ქალბატონია, მარტოხელა დედაა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უყურადღებოდ არ დატოვებს. მზად ვარ, ყველანაირად ხელი გავუმართო.

ლევან ქემოკლიძე