ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის ყოფილი ექიმები სასამართლოში მიდიან

ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის მედპერსონალს თვეების განმავლობაში არ აუღია ხელფასი (უკვე ივნისია და პერსონალს გასული წლის დეკემბრის ხელფასი არ აუღია). ექიმების გარდა განსაკუთრებით მძიმე დღეში ექთნები ჩავარდნენ. 30-ზე მეტი ადამიანი კლინიკიდან წამოვიდა და სხვა კლინიკებში დაიწყო მუშაობა. სხვები იმის შიშით ვერ მოდიან, რომ კლინიკის დირექტორმა მათ განუცხადა, _ თუ აქედან წახვალთ, სახელფასო დავალიანებას ვერ მიიღებთო.

„ქრონიკა+“-ს ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის ერთ-ერთი ყოფილი ექიმი ესაუბრება:
_ ბოლო ეტაპზე იმდენად არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნა, რომ არავინ იცოდა, როდის ჩაირიცხებოდა ხელფასი. ორი თვე რომ ვარდებოდა, თანამშრომლები კითხვებს ვსვამდით, რატომ ხდება ასე…
_ რა ვარდებოდა, იმას გულისხმობთ, რომ ხელფასს არ გაძლევდნენ?
_ დიახ. ამაზე დირექტორი ხათუნა ჩიხლაძე გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არ მირიცხავს შესრულებასო.
_ ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებდა?
_ როდესაც ერთ-ერთ კონფერენციაზე დაისვა შეკითხვა, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამდენი ხანი ფულს არ გირიცხავთ, წავიდეთ სამინისტროში და გავარკვიოთ-მეთქი, ამის შემდეგ, როგორც ჩანს, რომ არ გაგვეკითხა, ხელფასი დაირიცხა, მაგრამ მომდევნო თვეებში იგივე განმეორდა _ ხელფასები აღარ გვერიცხებოდა. საბოლოო იმედი რომ გადამეწურა, რომ ოჯახს ასე ვერ ვარჩენდი _ ხან ნაწილი ირიცხებოდა, ხან საერთოდ არ ირიცხებოდა, ამიტომ დავწერე განცხადება და კლინიკიდან წამოვედი. აქვე დავძენ, რომ უკონფლიქტოდ წამოვედი, ცივილიზებურად! მაგრამ ჩემი ხელფასი ხომ დამრჩა ასაღები _ თვეების მანძილზე დაგროვილი. კლინიკიდან წამოსულ თანამშრომლებს სულ გვქონდა კონტაქტი იმის გასარკვევად, როდის დაგვერიცხებოდა კუთვნილი ანაზღაურება. ხან მპასუხობდნენ ზარებზე, ხან _ არა. ესემესებით იტყობინებოდნენ, რომ აი, ახლა იქნებაო… მაგრამ სულ ტყუილად. ერთ ეტაპზე ერთი თვის თანხა ჩაირიცხა, რომელზედაც დანაკლისი იყო. დირექტორის განმარტებით, ეს იყო წინა წლის დაკორექტირებული ისტორიის თანხა. ეს თანხა დაირიცხა 2019 წლის მარტში და იყო 2018 წლის ნოემბრის ხელფასი, დაკორექტირებული ისტორია კი გახლდათ 2018 წლის თებერვლის ისტორია. შეკითხვაზე, _ მაშინ სად წავიდა ის 2%, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მაჭრიდი, როგორც ისტორიების შესაძლო დასაკორექტირებელ თანხას? მპასუხობს, _ ამის შემდეგ აღარ ჩამოგაჭრითო. _ რანაირად, აღარ ვმუშაობ კლინიკაში-მეთქი! ის ორი წელი, რაც ჩამომაჭრეს, იყო 600 ლარზე მეტი და ვკითხულობ, სად არის ეს თანხა?!
_ რა მოიმოქმედეთ?
_ ჩემი სახელფასო დავალიანების ცნობა მოვითხოვე. პასუხად მივიღე, რომ არ მოგცემ სახელფასო, დავალიანების ცნობას, რადგან არ ვიცი, კიდევ რას ჩამოგაჭრიო.
_ არ მოგცათ თქვენი სახელფასო დავალიანების ცნობა?
_ არა, არ მაძლევს.
_ იცით, ალბათ, რომ ამის უფლება არ აქვს…
_ რა თქმა უნდა, მაგრამ რაც გინდა, ის დაწერეო. ხათუნა ჩიხლაძის რძალი და კლინიკის მთავარი მენეჯერი, გვანცა საღარაძე მპირდებოდა, რომ ეს თანხები მომდევნო თვეებში დაირიცხებოდა, შემდეგ იქ მომუშავე თანამშრომლებს დაერიცხათ მარტო ერთი თვის ხელფასი, თუმცა მე ის ერთი თვე არ დამრიცხია. ამის შემდეგ ისევ გადის ერთი თვე და მერიცხება 377 ლარი. ვერ ხვდები, ეს რა თანხაა, მაგრამ აღარ ვკონტაქტობ უკვე კლინიკასთან. მივმართე ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას. ჩემთან ერთად 17 ადამიანმა მიმართა.
_ თქვენ რა თანხა გაქვთ ასაღები?
_ დაახლოებით 3000 ლარი.
_ ის 17 ადამიანიც თქვენს დღეშია?
_ მათი რიცხვი ბევრად მეტია, ვისაც ხელფასები არ აუღია, უბრალოდ, ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ იქ მუშაობენ და ეშინიათ.
_ რამ გამოიწვია სახელფასო დავალიანება? როგორ კლინიკის პერსონალი ამბობს, კახეთში მარანი გახსნა და ღვინის წარმოება დაიწყო. ძვირადღირებული მანქანები შეისყიდა და ა. შ.
_ ჯერ იმით იმართლებდა თავს, რომ ჯანდაცვა არ რიცხავსო. ამას ჩვენ დავუპირისპირდით, დამტკიცება მოვთხოვეთ, იმიტომ რომ სხვა კლინიკებში ყველგან ირიცხებოდა. მერე ამბობდა, რომ ცოტა პაციენტია და არ ჰყოფნის ვალების გასტუმრებას, კრედიტებს ვიღებო და ა. შ. თანამშრომლებს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ წახვალთ, არ დაგირიცხავთო!
_ როგორ აპირებთ თქვენი უფლებების დაცვას?
_ ჩემი პირადი ადვოკატის აყვანას ვაპირებდი, მაგრამ როდესაც სხვა პერსონალიც დამიკავშირდა, გადავწყვიტეთ, ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია „დაიცავი ექიმისთვის“ მიგვემართა და უკვე ჩვენს სარჩელს ეს ორგანიზაცია მიხედავს. არავინ ვაპირებთ არც ერთი თეთრის დათმობას, იმიტომ რომ ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიღაც გამუშავებს და მერე ხელფასს არ გაძლევს.

„ქრონიკა+“ შეეცადა, ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის დირექტორს, ხათუნა ჩიხლაძეს დაკავშირებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა, სატელეფონო შეტყობინებები გავუგზავნეთ, რომ მასალა მზადდებოდა და მისი კომენტარი გვჭირდებოდა. არც ერთზე და არც მეორეზე ხათუნა ჩიხლაძეს არ უპასუხია.
იმედია, ამ სტატიას მაინც გაეცნობა, ვინაიდან:
საქართველოს კანონის მიხედვით
მუხლი 16. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მხარეები და შინაარსი
„შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე – საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე – მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს.
მუხლი 94. ხელფასის გაცემის ვადა და ადგილი
1. ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შვებულებაში გასვლის დროს მუშაკს ხელფასი მიეცემა შვებულების დაწყებამდე სამი დღით ადრე.
3. თუ ხელფასის გაცემის დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ხელფასი წინა დღეს გაიცემა.
4. მუშაკს ხელფასი, როგორც წესი, სამუშაო ადგილზე მიეცემა“.

იმედია, ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალს იურისტი ჰყავს.

თამარ როსტიაშვილი