თამრიკო ჭოხონელიძე: „ზუსტად ვიცი და დავინახე, რომ მებრძვის რუსი, ქართველის ხელით _ გონს მოეგონ!“

გასული კვირა თბილისისთვის უმძიმესი იყო. ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურის გადადგომას. აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა, რომელსაც რუსულ ენაზე უძღვებოდა რუსეთის გოსდუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და სესიის მუშაობა ჩაშალეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ცენტრში აქციის დარბევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირი, მათ შორის, 80 სამართალდამცველი კლინიკებში მოათავსეს. მათგან 185-მა პაციენტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომლებსაც სიცოცხლის რისკის ფასად უწევდათ მუშაობა. სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებოდა. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

საპროტესტო აქციას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებმა 9 აპრილის ღამე გაახსენა.

_ ქალბატონო თამარ, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რუსი დეპუტატების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და ქუჩაში გამოვიდა, მათ შორის, თქვენც იმყოფებოდით ოჯახის წევრებთან ერთად. საინტერესოა, როგორ აფასებთ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება?
_ საქმე გვაქვს სულში ჩაფურთხებასთან ქვეყანასთან მიმართებით. ვის ესროლეს? _ ჩემი შვილების ასაკის ადამიანებს, მაშინ, როდესაც ამ ახალგაზრდებმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ გადმოცემით იცოდნენ, თუ რა მოხდა იმ დროს რუსეთის მხრიდან. არ მოვერიდები ამ სიტყვას, ჩვენს ახალგაზრდებს რუსეთის ზიზღი თვალწინ გაუმეორდათ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. პირდაპირ გადაგვიარა რუსმა ქართველის ხელით. ეს არის ჩვენი უბედურება და არ ვიცი, საბოლოოდ ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება. დავინახე პოლიციელების უტიფარი და ბედნიერი სახეები, რომლებსაც ხელში იარაღი ეჭირათ და რეზინის ტყვიებს ისროდნენ. ერთი შეხედვით, მსუბუქად ჟღერს „რეზინის ტყვიები“, მაგრამ ამ დროს ხალხს თვალები დათხარეს, რეზინის ტყვიებმა შეაღწია პირდაპირ ადამიანის სხეულში და ისინი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, დასახიჩრდნენ.
მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის, ვინც ეს გააკეთა! ფურთხის ღირსია თითოეული მათგანი! ამის შემდეგ როგორ შეხედეს საკუთარ შვილებს თვალებში ან რა სულისკვეთებით ზრდიან მათ?! მეტი კაცობა არ ეყოთ, თუნდაც ასეთი სისასტიკის დროს ბედნიერი სახეები არ მიეღოთ? დავუშვათ, მონაა და უბედური კაცია, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებს… მაგრამ, სინამდვილეში, ისინი რეალურად ხომ აღმოჩნდნენ რუსის დავალების შემსრულებლები. 20 ივნისის ღამე ნამდვილად ჩაიწერება სისხლიან ლაქად საქართველოს ისტორიაში.
_ საპროტესტო აქციამდე ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გმობდნენ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ვიზიტს საქართველოს პარლამენტში… იყო განცდა, რომ არავინ არაფერი იცოდა…
_ რა გავიგეთ მერე და რას ნიშნავდა მათი განცხადებები? თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი და ეს არ იცოდნენ, როგორ მოხდა? გავრილოვმა შავით თეთრზე დაწერა: მე მომიწვია საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სპიკერად დავმჯდარიყავი და წამეყვანა ასამბლეის ის სხდომაო. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს! მე ზუსტად ვიცი და დავინახე, რომ მებრძვის რუსი, ქართველის ხელით _ გონს მოეგონ! არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება! მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს არა ერთმა ადამიანმა, არამედ მთელმა მთავრობამ. ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა.
_ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყავით. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი პოლიტიკური კრიზისის დაძლევას?
_ თქვენ არ იცით, თავიდან საკაშვილის როგორი მხარდამჭერი ვიყავი. მთელმა ჩემმა ოჯახმა მას მისცა ხმა იმის გამო, რომ მოდიოდა ახალი ძალა, ახალი სისხლი და ახალი გონება ნიჭიერი გუნდით _ ეს იყო ფაქტი, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რამდენი შეცდომა დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლოს და როგორ შეაზიზღეს ადამიანებს თავი. ასევე მხარდმჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“. იმ დიდი შეცდომების ფონზე მეგონა, რომ ნამდვილად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდნენ. დღეს უკვე არ ვიცი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. საოცრი რაღაც ხდება, ენით აღუწერელი, მრცხვენია იმ ბავშვების თვალებში შეხედვის, დაასახიჩრეს… როგორ ამაყად იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ღირსებას! ვინ გამო ან რის გამო მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ! იქ არავინ იცოდა, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო და ეს არც აინტერესებს ახალგაზრდებს. ისინი დღეს ხედავენ, რომ საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში და ვისგან? _ ისევ და ისევ ოკუპანტებისგან და ამიტომ ისინი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებისგან სწორად გადადგმულ ნაბიჯებს ითხოვენ.
_ ხელისუფლება აცხადებს, რომ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პრემიერის განმარტებით კი პოლიტიკურმა პარტიებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი. მათი ეს პოზიცია რამდენად მისაღებია თქვენთვის?
_ კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ მოსაზრებებს. თუ იქ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ე. ი. მათ ჩვენ ყველა უფლება უნდა დავუკარგოთ ან თუნდაც თავიანთი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ? კიდევ ერთხელ ვამბობ: იქ უამრავი ადამიანი იდგა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და მეტიც _ საერთოდ უპარტიო. სისულელეებსა და პროვოკაციებს თავი დაანებონ, აქ არაფერ შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ავადმყოფობიდან ადამიანებმა თავი უნდა დაიხსნან, ვინც ამბობს, რომ „ოცნების“ ან „ნაციონალების“ გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ყველა ერთად ვებრძვით რუსეთს და ოკუპაციას, ამიტომ გამოსავალს ვერ გეტყვით, სად ვხედავ, არ ვიცი. ქალი ვარ და უფლება მაქვს, შიშნაპარავად ვთქვა, _ მე არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ერთი რამ ფაქტია: ხალხი არ გაჩერდება, ვერ შეეგუება უსამართლობას. ცუდი ფაქტი მოხდა და რთული იქნება ამ სირცხვილთან შეგუება. ვინც ამბობს, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალების“ მოწყობილი იყო, ის ყველაზე დიდი პროვოკატორია.
_ აქციის მონაწილეებისგან ისმოდა კითხვა, _ სად იყო საპატრიარქო და რატომ არაფერი თქვა მიმდინარე მოვლენებზე მან? მათი როლი რამდენად დიდია ასეთი კრიზისის დროს?
_ ცოტა დამაბნია საპატრიარქომ, ნამდვილად ვერ გეტყვით ჩამოყალიბებულ აზრს ამ კითხვაზე და რატომ, იცით? _ დავანებოთ თავი საპატრიარქოს მდუმარებას. ჩვენი რელიგია, პირველ რიგში, ქადაგებს შემწყნარებლობას, დანდობას, სიყვარულსა და ა. შ.
ყველამ ჩვენი წილი ღმერთი ვიწამოთ და თუ საპატრიარქო არაფერს იტყვის და რაღაც პოზიციას გამოხატავს ან არ გამოხატავს, რომლის მიზანი იქნება მშვიდობა, ვფიქრობ, ეს არაფერს შეცლის. ყველას გვახსოვს, 9 აპრილს ხალხი პატრიარქს არ გაჰყვა და მივიღეთ დამოუკიდებლობა, ამიტომ მგონია, რომ რთული იქნება, ხალხი ბოლომდე გაჰყვეს საპატრიარქოს ყველა პოზიციას… ისეთი ლანძღვა მივიღე ჩემი განსახვავებული აზრის გამო, უკვე ძალიან მეშინია მათი. ფაქტია, რომ გარკვეული უნდობლობა უკვე გამოიწვია და შეიძლება, ეს ცაკლეული პირების ბრალია. ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც იქნებიან სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები, იმიტომ, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

ლევან ქემოკლიძე