ირმა სოხაძე: „მე ქართული ოცნების გულშემატკივარი დიდი ხანია, აღარ ვარ“

მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, სადაც სერგეი გავრილოვი სიტყვითაც გამოვიდა.
20 ივნისს ასამბლეა პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო. სხდომის გახსნის წინ რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია, რაც რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა, სადაც ასობით ადამიანი გამოვიდა და მომხდარი ფაქტი გააპროტესტა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევებასა და ასამბლეის ჩაშლას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გადაწყვეტილებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს.
დარბევის პროცესში დაშავდნენ მოქალაქეები, სამართალდამცველები და ჟურნალისტები.
21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს კითხვებს „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი, მომღერალი ირმა სოხაძე პასუხობს:

_ ქალბატონო ირმა, რუსი დეპუტატების ხილვამ საქართველოს პარლამენტში გაგიჩინათ თუ არა უსამართლობის შეგრძნება და როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?!
_ ჩვენ ეს ადამიანები დავინახეთ პარლამენტში და ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ სკამზე დაჯდებოდა გავრილოვი. ისეთი ამბავი ატყდა ამ კობახიძის სავარძელზე, გეგონებოდა, მეფის ტახტია. სხვა სკამზე რომ დამჯდარიყო, შეიძლებოდა? საერთოდ, შეიძლებოდა რუსების შემოშვება პარლამენტში? მე ეს მაინტერესებს! რატომ დაუშვა პარლამენტმა, ჩვენს ყველაზე უზენაეს სივრცეში შემოეშვა ოკუპანტი, ჩვენი მტრის პარლამენტის წარმომადგენელი და კომუნისტი? საერთოდ, ვის მოუვიდა თავში ამათი იქ შეშვება, ეს ერთი! _ უზარმაზარი შეცდომა და დანაშაული იყო. მეორე შეცდომა და დანაშაული: ყველა იყენებს ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ პატრონი არ გვყავს. არც ხელისუფალი და არც ოპოზიცია არ ფიქრობს, ელემენტარულად, თუნდაც შეიბრალოს ეს ხალხი და რა შედეგი მივიღეთ? ახალგაზრდა და მართლა გულანთებული ბავშვები შეატოვეს პოლიციას, დარბევის დროს აღარავინ იყო იქ _ არც ოპოზიციონერი და არც ხელისუფალი. ბოლომდე ვუყურე, ვტიროდი, როცა გავიგე, თვალი დაკარგეს ამ გოგონამ და ყმაწვილმა… იცით, რაა, ერთი თვალიც კი არ ღირს მთელ ჩვენს პარლამენტარებზე, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კობახიძის გადადგომა კი არაფრად მიღირს.
_ რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, რომ ასეთი შემზარავი კადრები არ გვენახა?
_ ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ექნა პარლამენტს, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა უკვე მეორე მხრიდან შევხედოთ _ რატომ ვამბობ, რომ ყველამ გამოიყენა ჩვენი მოსახლეობა?!
რა საჭირო იყო პარლამენტის შტურმით აღება იმ დროს, როდესაც უმრავლესობიდან გამოდიოდნენ და ყველა ბოდიშებს იხდიდა? „ღმერთო ჩემო, სისულელე მოგვივიდა“. სისულელე მოუვიდათ და საერთოდ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ხელისუფლება და პარლამენტი. ამ შეცდომებზე არაერთხელ მისაუბრია ინტერვიუებში. ჩემს გაოცებასა და გულის ტკენას, იმედის გაცრუებას საზღვარი არ აქვს. ეს ცალკე თემაა და ახლა არავის აინტერესებს. ამ შემთხვევაში მარტო არ ვარ და ძალიან დიდი ნაწილი ასე ფიქრობს, ვინც ენდო ამ ხელისუფლებას და ყველანაირად გვერდით დაუდგა. მთავარი კი ის არის, რომ როდესაც ხელისუფალი გეუბნება, ღმერთო ჩემო, ეს რა მომივიდა და ამას გამოვიკვლევ, დავსჯი… რა თქმა უნდა, აქციამდე ვინმე უნდა დასჯილიყო, ვიღაცა მაინც… რა გამოკვლევა ამას უნდოდა? მე ხომ არ შემიშვია და თქვენ რუსები პარლამენტში?! ხომ ვიცით, ვინც შეუშვა და ვინც თავიდან დაეთანხმა? ეს ასამბლეა, თურმე, ყოველ წელს სადღაც ტარდება. როგორ შეიძლება, იგი ოკუპირებულ ქვეყანაში ჩატარდეს და თან ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, ცენტრალურ დარბაზში შევიდეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გეუბნება, შეეგუე იმ ამბავს, რომ აღარ არის შენი აღარც სამაჩაბლო და აღარც აფხაზეთიო?! ეს ხომ ნონსენსია, ხალხო, საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?! ღმერთო ჩემო, მართლა კატასტროფა მოხდა, მაგრამ ეს კატასტროფა ხელისუფლებამ იმთავითვე შეიგრძნო, თითქმის ყველამ. უმრავლესობის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ფერი არ ედო არც ერთს, ბოდიშებს იხდიდნენ. რომ გაჯიქებულიყვნენ, თავი ემართლებინათ, მერე რა მოხდაო და ა. შ., ეს რომ ელაპრაკა ხელისუფლებას და სასწრაფოდ არ შეეწყვიტა სესია, მაშინ გავიგებდი პარლამენტის შტურმით აღებას. საშინელება მოხდება. რა საჭირო იყო, იმ წუთშივე გეთანხმებიან, გამოყარეს რუსები და ატყდა ერთი ამბავი, ასეც უნდა მომხდარიყო. შტურმით რატომღა იღებ იმავე დღეს პარლამენტს? თუ მართლა შეთქმულება არ იყო ეს ყველაფერი და წინასწარ მოფიქრებული… ეჭვი მაქვს და მგონია, წინასწარ იცოდნენ და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო რუსების შემოშვება ჩვენი დოყლაპია უმრავლესობის ხელში. სადღაც, შეიძლება, ოპოზიციის მოგონილიც ყოფილიყო ეს ყველაფერი. ყველამ სათავისოდ ძალიან კარგად გამოიყენა და რა შეგვრჩა ხელთ? _ სახეში ნასროლი და დასახიჩრებული ახალგაზრდები. ეს ყველაფერი რომ ვნახე, დავჯექი და უმწეობისგან ვიტირე, დედა მომიკვდეს, იმიტომ, რომ ასეთი უპატრონობა და განუკითხაობა მართლა ვერ წარმომიდგენია. უნდა დაეშალათ, რადგან პარლამენტის შტურმით აღება ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, თუმცა ხელისუფლებას გონიერება უნდა ჰყოფნოდა და სხვა გზა ეპოვა, რომ საკუთარი მოქალაქეები არ დაესახიჩრებინა.
_ ბახტაძე ამბობდა, რომ რეზინის ტყვიები და გაზი „ქართული ოცნების“ ხელწერა არ ყოფილა და არც იქნებაო. თუმცა…
_ ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაც არის, თურმე არ იციან, რუსები ჩამოდიან და იმდენი რამე არ იციან… ბახტაძე ამბობს, რომ რეზინის ტყვიებს არასდროს ვესვრი მოსახლეობასო და 15 წუთში ესვრიან, ერთმანეთს ვერ აგებინებენ, თუ რა ხდება? ამაზრზენი და საშინელი შედეგი დადგა, ხალხი დასახიჩრდა, მათი ცხოვრება და ბედი შეიცვალა იმ საშინელი ღამის გამო.
_ და ვინ არის ამ საშინელებაზე პასუხისმგებელი?
_ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები, თუმცა მეტწილად მაინც ხელისუფლება, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, სახეში ესროლათ რეზინის ტყვიები! ეს უკვე დამთავრებული ამბავია. ოპოზიციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სათავისოდ და ძალიან უსინდისოდ გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი.
_ საპატრიარქოს რა პოზიცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერთან მიმართებით? მათი წარმომადგენლებიც აქტიური მხარდამჭერები და მონაწილეები იყვნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის!
_ რა გააკეთა, რო?
_ რა უნდა გაეკეთებინა?
_ ერთი კითხვა მაქვს: მარტო უმცირესობები აწუხებთ?! მოსახლეობის უმრავლესობა რომ რაღაც საფრთხის ქვეშ არის და გაუგებრობაში მაშინ არ შეიძლება, სწორი მოსაზრება გამოთქვან?! მართალი, გითხრათ, საპატრიარქომ თავის შიდა პრობლემებს მიხედოს, მირჩევნია და საერო საქმეები პოლიტიკოსებმა მოაგვარონ, ეს იქნება ურთიერთობები რუსეთთან თუ ერთმანეთშიც. არ არის ეს რელიგიის საქმე და არ შეიძლება, ყველაფერში საპატრიარქო ამბობდეს თავის საბოლოო სიტყვას. ეს გამორიცხულია და არ შეიძლება, სეკულარულ ქვეყანაში ასე ხდებოდეს. მეც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ ყველაფერს ფორმები და თავისი განმსაზღვრელი არეალი აქვს. არ შეიძლება, ყველაფერში ჩაერიოს და თავისი კარდინალური აზრი გამოთქვას. ეკლესიას საკუთარი პრობლემები იმდენი აქვს, სამწუხაროდ, ჯობია, ის მოაგვაროს…
_ ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც 2018 წლის 23 ოქტომბერს გააკეთა. ის ამბობდა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა და შეცდომებს გამოასწორებდა. დღეს ასეთი რეალობა გვაქვს: მოსახლეობა ძალიან გაბრაზებულია, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ შეძლებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას?
_ უკვე რვა თვე გავიდა ბიძინას ამ განცხადებიდან და დარჩა 4 თვე, ამ ოთხ თვეში რას იზამს, აღარ ვიცი… ეგ არის უბედურება, რომ კრიზისი დღითი დღე ღრმავდება. ასეთი შეცდომა „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ დაუშვია, როგორიც დაუშვა 20 ივნისის ღამეს. ძალიან რთულად გამოსასწორებელია უკვე, რაც მოხდა, გაცილებით მარტივი გამოსასწორებელი იყო რაზედაც, დავუშვათ, ივანიშვილმა ილაპრაკა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებს ჩვენი ოპოზიცია. ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს და, საერთოდ, ძალიან მეშინია 2020 წლის არჩევნების.
_ დღეს ისევ რჩებით „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად?
_ რას ნიშნავს, გულშემატკივრად ვრჩები, ჩემო კარგო?! მე დიდი ხანია, აღარ ვარ „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი. თუ გახსოვთ, პრეზიდენტის არჩევნებში ღიად არ დავუჭირე მხარი ზურაბიშვილის. თუმცა, რომ გითხრათ, მიშას დაბრუნება და მისი რევანშისტული იდეების ხორშესხმა ძალიან გამახარებს-მეთქი, არც მასე გადავრეულვარ. საშინელებაა, ორი არჩევანი რომ გვაქვს _ თუ წავლენ, მიშა მოვა და თუ არ მოვა მიშა, იქნებიან ესენი _ ეს უკვე კატასტროფაა. არავის მხარდამჭერი და გულშემატკივარი აღარ ვარ, მაგრამ რაც მოხდა, იმაზე უარესიც ყოფილა და მახსოვს, წარმომიდგენია და ძალიან არ მინდა იმ უარესის გახსენება.

ლევან ქემოკლიძე