ვინ „კრიშავდა“ „ნაციონალების“ დროს მარიტა კუბლაშვილს და ვისი მფარველობით ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე?

ადამიანები ხშირად კრიტიკული მდგომარეობის დროს თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოირჩევიან. ბოლო დღეებმა ბევრის მისწრაფებები აჩვენა საზოგადოებას: ზოგს პუტინი უყვარს და ზოგს _ სამშობლო… რას ვიზამთ…

„ნაცლიდერები შორს აქციიდან! ისინი ბოროტად იყენებენ ხალხის გულწრფელ პროტესტს და აუცილებლად მოაწყობენ პროვოკაციას! მათი მიზანია სისხლისღვრა! დაძაბულობა!“ _ ამ პოსტის ავტორია მარიტა კუბლაშვილი _ ვახა მაჩალიკაშვილის ადვოკატი. არადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აბსოლუტურ მხარდაჭერას მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ უცხადებს. ე. ი. კუბლაშვილი იმასაც ფიქრობს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის გულისწყრომასა და ტრაგედიას ნაციონალები იყენებენ. და, ალბათ, ამას ვახა ვერ ხვდება ან კუბლაშვილი უმალავს და არ ეუბნება. საინტერესო ლოგიკაა, იცავდე მძიმე ტრაგედიის მქონე ადამიანს, სწორედ იმ კაცს, რომელმაც თბილისში კარავიც კი მიატოვა და ზუგდიდში მხარდასაჭერად ენმ-ს კანდიდატ სანდრა რულოვსთან ჩავიდა. უცნაურია, მაგრამ რას ვიზამთ…
ყველაზე მეტად კუბლაშვილის ასეთი დამოკიდებულება მის ნათესავებს ახმეტაში უკვირთ.

„მამუკა არეშიძე ხომ იცი? მაგის დახმარებით მოეწყო იურდიულზე. „ნაცების“ დროს ლორთქიფანიძე მფარველობდა, ეგ ადვოკატის ოფისი მაგის დახმარებით გახსნა. თუ გახსოვს, ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე ეგ ჟიურიში იყო ბათუმში, იქაც კი ლორთქიფანიძისა და „ნაციონალების“ რეკომენდაციით მოხვდა.
ძალიან ჰქონდა მცდელობა, ძმებ კუბლაშვილებს დაახლოებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. კოტე ძალიან გაბრაზებული იყო მასზე მაშინ და ჩხუბობდა, რომ მოგვარეა და გვარს სათავისოდ იყენებსო, ამიტომ ახლოს არ გაიკარეს…
თუმცა ფაქტი იყო _ თავის გვარს წკეპლასავით იყენებდა.
ძალიან მედროევეა და ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ხეირი ნახოს.
რა ვიცი, სანამ „ნაციონალები“ იყვნენ, მაგის პროტესტი არავის გაუგია. ჩვენ რომ ხმა ჩაფხრეწილი გვქონდა ყვირილით და პროტესტით, ეგ მშვიდად იჯდა და ლორთქიფანიძის ლობირებით აწყობილ საადვოკატო ბიუროს ამუშავებდა.
თუ „ნაცები“ ასეთი ცუდები იყვნენ და არიან, ლორთქიფანიძე ანგელოზი იყო იმათში? თუ ასეთი სამართლიანი გოგოა და უკან არ იხევს, მაგაზე კარგად ხომ არავინ იცის, ვინაა და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი მაშინდელ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს? ახმეტაში ადამიანები ვერც კი სუნთქავდნენ იმ კაცის შიშით იმ წლებში, როცა ლორთქიფანიძე მისი „კრიშა“ იყო. ჰოდა, გამოვიდეს წარმატებული ჭკვიანი და სამართლიანი კუბლაშვილი და ამხილოს ლორთქიფანიძე. რა უშლის ხელს? დიდებულად რომ წერს, გია კარგი ბიჭია, მასზე ცუდს არ ვიტყვიო… ანუ ჩვენ ყველა ერთად დებილები ვართ და ეგ _ ჭკვიანი. აბა, რა, ხო, იმიტომ ამბობს მაგ კაცზე, ცუდს ვერ ვიტყვიო, იტყვის და… არავინ იცოდა, მარი ვინ იყო, არ ჰყოლოდა ლორთქიფანიძე და ვნახავდით, როგორი წარმატებული ადვოკატი დადგებოდა. ვინ დაეხმარებოდა საქმეების მოგვარება-დალაგებაში პროკურატურასთან…
ლორთქიფანიძეზე ცუდს ვერ იტყვის, კარგი ადამიანია, და „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდია? ძალიან ჭეშმარიტი გზა აქვს არჩეული, რას ვიზამთ…“

კუბლაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა არა მხოლოდ ერთი ან ორი ახმეტელი გააოცა და განაცვიფრა, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილმაც კი მიუძღვნა პოსტი შინაარსით: „ძალიან სამარცხვინო პოსტია და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამ პოსტის ავტორი აქამდე ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი იყო“.
ასე იცის კრიზისმა _ ხანდახან ადამიანებიც იშიფრებიან. ეს მცირე წერილი მარიტა კუბლაშვილის შესახსენებლად მოვამზადეთ, უბრალოდ იცოდეს, რომ მეხსიერება კარგი რამ არის… და სუსი ადვოკატის მეგობარი ვერ იქნება.

მაკა მოსიაშვილი