მალხაზ პატარაია: „ერთი საათიც რომ დაგვიანებულიყო, რუსეთი თავის მიზანს მიაღწევდა“


„გავრილოვის კრიზისმა“ პუტინი გააცოფა, ანუ როგორც ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, კრემლი არ ელოდა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას საქართველოს მოსახლეობის მძაფრი უკმაყოფილება მოყვებოდა და თბილისში პროტესტის მძლავრი ტალღა იფეთქებდა. შესაბამისად, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ, როგორც ჩანს, წონასწორობა დაკარგა და ჩვენ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის მოქალაქეებს „მზის და ვარდების მხარეში“ დასვენება აუკრძალა. ამასთან, ამხანაგმა პუტინმა საკუთარ ხელქვეითებს უბრძანა, რომ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გაყვანა უზრუნველყონ.

ის, რომ რუსი ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვლენ, ბუნებრივია, ქართული ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, მაგრამ ეკონომიკაში ჩახედულთა თქმით, ამ „ტურისტულ ბლოკადასაც“ ისევე გადავიტანთ, როგორც, თავის დროზე, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დადება გადავიტანეთ.
რეალური საფრთხე კი უფრო სხვა რამეა, ანუ მოსალოდნელია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა სისხლიანი პროვოკაციები დაგეგმონ, მაგალითად, რუსი ეროვნების ადამიანს ფიზიკურად თავად გაუსწორდნენ, რასაც ქართველებს დააბრალებენ და იმ საბაბით, რომ რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს იცავს, საქართველო ცეცხლის ალში კიდევ ერთხელ გახვიონ.
ამ საშიშროებას არარეალურად არც „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი მალხაზ პატარაია მიიჩნევს და ამიტომ საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოს მოქალაქეებმა მსოფლიოს თვალში რუსეთს სერიოზული სილა გააწნეს და კრემლს იმის საშუალება არ მისცეს, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსული დროშა აფრიალებულიყო, ანუ დუმის დეპუტატ გავრილოვს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელ ქვეყნების დეპუტატთა ასამბლეა რუსულად გაეხსნა.
პატარაიას თქმითვე, ეს რუსული პიარაქცია კრახით დასრულდა და ის, რაც ამის შემდეგ რუსთაველზე მოხდა _ ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლა _ მოსახლეობის დასჯა იყო, რადგან მან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა.
„ქრონიკა+“-მა რესპონდენტს იმის შესახებაც ჰკითხა, თუ რა გამოხმაურება მოყვა „გავრილოვის კრიზისს“ ოკუპირებულ აფხაზეთში და, ზოგადად, როგორი განწყობაა სოხუმში საქართველოს მიმართ? „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი ყველაფერ ამაზე დეტალურად გვესაუბრა:

_ რუსული აგრესია გაძლიერდა. ყოველ შემთხვევაში, კრემლი სანქციებს გვიწესებს და გვემუქრება. რას ელოდებით?
_ აგრესია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვიცი, მაგრამ რუსული ტაქტიკა სხვანაირია.
_ როგორი სხვანაირი?
_ უფრო იდეოლოგიასა და პროპაგანდაზეა დამყარებული. ამაზე სწორედ ის მიანიშნებს, რაც ამ დღეებში მოხდა _ ჩვენ კარგად დაგეგმილი რუსული პიარაქცია ვნახეთ, რომლის მიზანიც მსოფლიოს თვალში საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს სრული დისკრედიტაცია იყო.
_ „რუსულ პიარაქციაში“ გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას გულისხმობთ?
_ არა მარტო.
_ აბა, კიდევ რას?
_ წინარე მოვლენებსაც, რასაც ერთი გეგმის ნაწილად მივიჩნევ. ე. წ. გავრილოვის აქციამდე, ყურადღების გადასატანად, ლგბტქ თემის მომხრეთა და მათზე აწებებულ „კომბლებიან რაინდთა“ შორის ხმაურიანი სპექტალი დაიდგა. სხვათა შორის, ეს სპექტაკლი წარმატებით განხორციელდა _ ყველაფერმა ამან დიდი ხმაური გამოიწვია, ამით ყურადღების გადატანა მოხდა და ამ აურზაურის ფონზე სპეცოპერაცია „გავრილოვი“ ძალიან მშვიდად დაიწყო. ამ ოპერაციის პირველი დღე პრეზიდენტის სასახლეში, უდავოდ, წარმატებით ჩაატარეს და ამას ორი აქტორი, უფრო სწორად, ორგანიზატორი ჰყავდა _ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება.
უმნიშვნელოვანესი ამ სპეცოპერაციის მეორე დღე იყო, როცა რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვს საქართველოს პარლამენტში რუსული დროშა უნდა აღემართა.
_ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ გავრილოვი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსული დროშის აღმართვას აპირებდა?
_ ეს ფიგურალური ნათქვამია. სხვათა შორის, აქამდე საქართველოს საზოგადოებისთვის მართლმადიდებელ ქვეყანათა ასამბლეა მაინცდამაინც ცნობილი და საინტერესო არ ყოფილა. ისე, თავად ასამბლეის დასახელებაც საინტერესოა, ანუ მართლმადიდებელ ქვეყანათა ფორუმი რას ნიშნავს?
მოკლედ, ამ ფორუმის საზეიმო ნაწილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულად უნდა გახსნილიყო _ სეფე სიტყვა გავრილოვს რუსულად უნდა ეთქვა. ყველაფერი კი, რაც ამის შემდეგ მოხდებოდა, უკვე ტექნიკის საქმე იქნებოდა, ანუ რუსული პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში ამ რუსულ ტრიუმფს მთელ მსოფლიოს მოსდებდა და აჩვენებდა, აი, საქართველო რუსეთის მიმართ როგორი მეგობრული, ლოიალურია და რეალობასაც როგორ ეგუებაო.
მოკლედ, რუსეთი მთელი მსოფლიოს თვალში ძალიან მძიმედ დაგვამცირებდა და თავზე ლაფს დაგვასხამდა!
_ ბატონო მალხაზ, შესაძლოა, ყველაფერი, მართლაც, ისე მომხდარიყო, როგორც ამბობთ, მაგრამ ეს ფორუმი სპონტანურად არ ტარდებოდა, ანუ წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის შესახებ, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციამაც იცოდა. ბოლოს და ბოლოს, გიგი წერეთლისა და გავრილოვის ერთად გადაღებული ფოტოც გავრცელდა. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ოპოზიციამ ფორუმი მაშინვე რატომ არ გააპროტესტა, როცა მისი ჩატარება თბილისში დაიგეგმა?
_ სხვათა შორის, ამ ფოტოს შესახებ საგანგებოდ ვიკითხე და როგორც მითხრეს, ახლა კი არა, დაახლოებით, 7 წლის წინ არის გადაღებული.
_ გადაღების თარიღს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ანტირუსულად განწყობილმა ქართველმა ოპოზიციონერმა ოკუპანტი რუსეთის დუმის დეპუტატთან ერთად ფოტოკამერების წინ იპოზიორა!
_ ეს ფოტო სხვა შემთხვევას ეხება.
რაც შეეხება ოპოზიციას, ყველაზე შეურაცხმყოფელი ამ ფორუმის პარლამენტში გავრილოვის მიერ ჩატარება იყო და მწვავე რეაქციაც ამას მოყვა. სხვა შემთხვევაში, სადმე, ნეიტრალურ ადგილას რომ ჩატარებულიყო, შეიძლება, ასეთი მწვავე რეაქცია არ მოჰყოლოდა. როგორც ვიცი, ოპოზიციისთვის სწორედ ეს მონაკვეთი იყო უცნობი, რომ ფორუმი პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო.
_ ბატონო მალხაზ, გამორიცხავთ, რომ რუსული პროპაგანდისტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას ოპოზიციაც წამოეგო?
_ პირიქით.
_ რა პირიქით?
_ ოპოზიცია პროვოკაციას კი არ წამოეგო, არამედ ძალიან იყოჩაღა და სერიოზული სიმწიფე გამოამჟღავნა, როცა მომხდარზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინა. ერთი საათიც რომ დაგვიანებულიყო, რუსეთი თავის მიზანს მიაღწევდა, მაგრამ ოპოზიციამ რუსული პიარ-იარაღი რუსეთს შეუბრუნა და რამდენიმე წუთში მსოფლიო მნიშვნელობის ნიუსი შექმნა _ ქართველებმა ოკუპანტი რუსი დეპუტატი ჯერ პარლამენტიდან გააძევეს, შემდეგ კი _ ქვეყნიდან, ანუ ამით გავრილოვსა და მის საქართველოში გამომგზავნს ოპოზიციამ თავზე ლაფი იქით დაასხა.
მოკლედ, ამ თვალსაზრისით ოპოზიციამ ძალიან იყოჩაღა და ამის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ პირველ წარმატებას მეორე მიაყოლა _ მართალია, ხელისუფლების რეაგირების გამო შედეგი მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა.
სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, რომ გავრილოვის ქმედებაზე რეაქცია არ იქნებოდა და ძალიან მშვიდად ჩაივლიდა, ანუ ყველაფერი პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჯაჯგურით დამთავრდებოდა და, როგორც აქამდე ხდებოდა, ამჯერადაც გამარჯვებული უმრავლესობა გამოვიდოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ქართულმა საზოგადოებამ, საკუთარი სისხლის ფასად, ოკუპანტს მთელი მსოფლიოს გასაგონად უარი უთხრა, ამასთან, რუსეთთან პრანჭია ივანიშვილის ხელისუფლებაც მთლიანად გააშიშვლა და ქვეყნის ღირსება დაიცვა!
_ ბატონო მალხაზ, როგორც ვიცი, აფხაზეთთან გარკვეული სახის კომუნიკაცია გაქვთ და გეცოდინებათ, ყველაფერ ამას სოხუმში როგორი გამოხმაურება მოყვა. აფხაზეთის რიგითი მოქალაქეები რას ფიქრობენ და თბილისში განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებენ?
_ როგორც ვიცი, განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ სოხუმში აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ რაღაც სასაცილო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის.
ამასთან, იმასაც მოვკარი ყური, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ და, პუტინის გადაწყვეტილებით, აღარ ჩამოვლენ, აფხაზეთში ეპატიჟებიან.
_ ანუ „გავრილოვის კრიზისი“ და ამით კრემლის გაშიშვლება სოხუმში ანტირუსულ განწყობებს არ გააღვიძებს?
_ არა. საერთოდ, იქაურ საზოგადოებრივ განწყობებზე ძალიან გაზვიადებული წარმოდგენა გვაქვს.
რუსეთი ტოტალურად მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიას კი არა, იქაური მოსახლეობის ცნობიერებასაც აკონტროლებს! ეს ცნობიერება ტოტალიტარული, მუქთახორული და ქართველთმოძულეა. სხვათა შორის, ეს ქართველთმოძულეობა იქაურ ელიტაში ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, სოხუმში არსებობს ძალიან დიდი შიში, რომ რაიმე განსხვავებული არ თქვან და ამის გამო სერიოზული უსიამოვნებები არ შეექმნათ!
დევნილებს იქ დარჩენილ აფსუა მოსახლეობასთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს _ აქ ჩამოდიან, მკურნალობენ, ასევე ნათესაური ურთიერთობებიც შენარჩუნებულია, მაგრამ საკუთარი აზრის გამოხატვის მაშინაც კი ეშინიათ, როცა სუფრაზე ძალიან პრივატულად ვსაუბრობთ.
ამას ორი მიზეზი აქვს: ტოტალიტარული, ანუ დაახლოებით, ისეთი აზროვნება, როგორიც ჩრდილოეთ კორეელებს აქვთ და შიში, რომ მათ მიერ რამე ნათქვამი უკან დაბრუნებულებს წინ არ დაუხვდეთ.
_ არადა, ზოგი ამბობს, რომ იგივე ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამო სოხუმში თითქოს საპროტესტო ტალღა გორდება…
_ ყველაფერი ეს მოჩვენებითი და რუსეთის მიერ არის სტიმულირებული.
_ კრემლს სოხუმში ოპოზიციის სტიმულირება რისთვის აწყობს?
_ ჯერ ერთი, ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის წარმატებიდან გამომდინარე, პერიოდულად, სოხუმში ელიტების ცვლაა საჭირო, ანუ ერთი ჯგუფი უნდა წავიდეს და მეორე მოვიდეს, რათა ამით უკეთესად მართოს რეგიონი.
მეორეც, რუსეთი ამ გზით სახელმწიფოებრიობანას თამაშობს, ანუ სოხუმში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადგილებს უცვლის ხოლმე, თორემ იქ საზოგადოების ყველა ფენა _ ე. წ. არასამთავრობოები, მწერლები თუ ჟურნალისტები ერთმნიშვნელოვნად რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ იმართება. მეტიც, ამ ფენების ზედა ეშელონების წარმომადგენლები ტოტალურად „ФСБ“-ს და „ГРУ“-ს თანამშრომლები, ანუ როგორც იტყვიან, _ ნომრიანი აგენტები!
_ სხვათა შორის, ანტიპრაიდისტები ხშირად ამ არგუმენტს იშველიებდნენ, _ ლგბტქ მარში თუ ჩატარდება, აფხაზებსა და ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს საქართველოში დაბრუნების სურვილი საბოლოოდ გაუქრებათო. ესეც რუსული ნარატივია თუ რეალობა, მართლაც, ასეთია?
_ როგორც გითხარით, სოხუმის მოსახლეობას არავინ არაფერს ჰკითხავს.
საერთოდ, ჩვენთან ერთგვარი ილუზორული შეხედულება არსებობს, რასაც ვიტრინიზაციას ვეძახით.
_ რას გულისხმობთ?
_ ახლავე გეტყვით: ეკონომიკასა თუ დასავლეთისკენ სვლაში რაც მეტ წარმატებას მივაღწევთ, სოხუმისთვის საქართველო თითქოს უფრო მიმზიდველი გახდება, მაგრამ ვიმეორებ: ეს ილუზორული ხედვაა, რადგან იქ წმინდა მუქთახორული საზოგადოებაა.
ამ მუქთახორობის სამი ძირითადი წყარო არსებობს: რუსეთის ბიუჯეტიდან ძალიან სერიოზული გადარიცხვები; ენერგეტიკა, კერძოდ, ენგურჰესი, საიდანაც აფხაზეთში ყოველწლიურად სრულიად უსასყიდლოდ 2 მილიარდი კილოვატ/საათი ენერგია მიდის (ეს, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენსაც თბილისი ხარჯავს) და მესამე წყარო ის 35 ათასი ქართველია, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და ამ ქართველების ნაშრომის დიდ ნაწილს აფხაზები ითვისებენ.
დასავლური ცხოვრების წესი შრომაზე, სწავლასა და კონკურენციაზეა დამყარებული. გეკითხებით: მუქთახორას შრომა, სწავლა ან კონკურენცია რად უნდა, როცა თავს ისედაც კარგად გრძნობს?
_ მოკლედ, იმას ამბობთ, რომ საქართველო, როგორი წარმატებულიც უნდა გახდეს, აფხაზებისთვის მიმზიდველი მაინც არ იქნება?
_ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელები, პრაქტიკულად, ერთი ეროვნების ადამიანები არიან, მაგრამ ჩრდილოეთ კორეისთვის სამხრეთ კორეა მიმზიდველია?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ მიმზიდველი არ არის, რადგან ორ პრობლემასთან გვაქვს საქმე: ერთი გეოპოლიტკურია, ანუ რუსეთის ფაქტორი, მეორე პრობლემა კი მენტალურია, ანუ ტოტალიტარული მუქთახორული აზროვნება.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, არმოწონების რა საბაბი იქნება. რასაც იქაური საზოგადოებრივი ცნობიერება უფრო კარგად აღიქვამს, რუსეთი ყოველთვის იმას მიაწვდის!
_ ბატონო მალხაზ, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მართლა იბრძოდა? თვითონ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
_ იცით, რა ხდება?
_ რა?
_ ჩემი ინფორმაციით, რომელიმე სამხედრო შენაერთში აშკარად და ღიად არ ყოფილა, თუმცა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის, როგორც სპეცსამსახურების წარმომადგენელი, აფხაზეთში ნამდვილად იმყოფებოდა.
ზოგადად, ე. წ. გავრილოვის ეპიზოდის არანაკლებ მძიმე შემადგენელი მეორე ნაწილია.
_ ანუ?
_ მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობის კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, გავრილოვის არაერთი განცხადება არსებობს, რომლის თანახმადაც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობას არსებული რეალობიდან გამომდინარე გვთავაზობს, ანუ გავრილოვი კრემლის რეჟიმის პირდაპირი წარმომადეგნელია, რომელიც არსებულ მდგომარეობასთან შეგუებისკენ მოგვიწოდებს!
სხვათა შორის, ასეთებს ქვეყანა, რომელსაც მინიმალური თავმოყვარეობა მაინც აქვს, პერსონა ნონ გრატად აცხადებს ხოლმე, თუმცა პერსონა ნონ გრატად გამოცხადება კი არა, საქართველოს ხელისუფლებამ ზარზეიმით მიიღო და ჟურნალისტების, ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მძაფრი რეაქცია რომ არა, ყველაფერი ისე ჩაივლიდა, როგორც დაგეგმილი იყო, ანუ ჟარგონულად რომ ვთქვა, მსოფლიო საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ „მიგვაჩმორებდნენ“!
_ ბატონო მალხაზ, ყურადღება თუ მიაქციეთ, გავრილოვი ითხოვს, რომ საქართველომ, იმის გამო, რაც ბოლო დღეებში ხდება, რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს.
_ ყველაფერ იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება, რუსეთს ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა და ამის გამო საკმაოდ დაბნეულია და გონზე ჯერ კიდევ ვერ მოსულა. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია.
ამას გარდა, გავრილოვი და, ზოგადად, რუსეთის ხელისუფლება იმდენად თავხედია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხდილი ბოდიში საკმარისად არ მიიჩნია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა გავრილოვს ბოდიში მოუხადა?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ამას არასათანადოდ მიიჩნევს და ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოითხოვს, რასაც, ბუნებრივია, ვერ მიიღებს! ისე, გამოსაკვლევია, საქართველოს ხელისუფლებიდან ბოდიში ვინ მოიხადა?
სხვათა შორის, ის, რაც რუსთაველზე 20 ივნისის ღამეს მოხდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ბოდიშს ჰგავდა, ანუ ეს ხალხის დასჯა იყო იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ასეთი სილა გავაწანით!
_ ყველაფერ ამის ფონზე ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებას ელოდებით?
_ რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში აქტიურები ისეც არიან _ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების სახით გვყავს!
_ ამის შესახებ „ანტიოცნებელი“ წლებია, საუბრობთ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაში პროვოკაციებს ვგულისხმობ, ანუ გამორიცხავთ, რომ რომელიმე რუს ტურისტს შეურაცხყოფა მიაყენონ და ეს კრემლმა სათავისოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ პუტინმა წლების წინათ მიიღო კანონი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დაცვას, მათ შორის, იარაღით დაცვასაც ითვალისწინებს.
_ ამ თვალსაზრისით გარკვეული საფრთხეები, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ეს ძალიან ხელოვნური იქნება და იცით, რატომ? _ იმ დიდი უბედურების მიუხედავად, რაც რუსებმა დაგვმართეს, საქართველოში რუსოფობია არ ყოფილა და არც იქნება!
თუ მსგავსი პროვოკაცია მოხდება, ეს ისევ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლით შესრულდება. ამიტომ საქართველოს საზოგადოებას ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ყურადღება და სიფრთხილე მართებს!
საერთოდ, ყველა ბრძოლა წარმატებული მაშინაა, როცა მართალი ხარ და როცა ეს ბრძოლა ღირებულებებს ეყრდნობა და როცა შენი პოზიცია ზნეობრივად გამართულია! ამიტომ მსგავსი რაღაცების დაშვება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ამ პროვოკაციას თავისი მიზანი ექნება _ ჩვენი დისკრედიტაცია და რასიზმსა თუ ქსენოფობიაში დადანაშაულება მოხდეს.
_ ორი დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე „პუტინ ხუილო“ იმღერეს და ესეც პროვოკაცია ხომ არ იყო?
_ რა თქმა უნდა, არა, რადგან „პუტინ ხუილო“ ანტიპუტინური საერთაშორისო ლოზუნგია, რომელიც სათავეს იღებს უკრაინიდან. სხვათა შორის, ამ, ასე ვთქვათ, სიმღერას ფეხბურთის იმ მატჩებზეც კი მღერიან, სადაც რუსები მონაწილეობენ, ანუ ეს პოლიტიკური ხასიათის ლოზუნგია, რომელიც უშუალოდ პუტინს ეხება და არა _ რუს ხალხს!
მოკლედ, ამით რუსების დისკრიმინაციის შთაბეჭდილება ვერ შეიქმნება, მით უმეტეს, რომ ამ ლოზუნგს ძალიან ბევრი მომხრე თავად რუსეთშიც ჰყავს!
_ კიდევ ერთი საფრთხე, რომელსაც რუსული სპეცსამსახურებისგან უნდა ველოდოთ, საქართველოს საზოგადოების გახლეჩაა.
_ დიახ, ახლა სწორედ ამის მცდელობაა. ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ აქციას როგორმე პოლიტიკოსები ჩამოაცილოს _ არც „ქოცი“, არც _ „ნაცი“ და არც _ სხვა ვინმე, აქცია პოლიტიკოსების გარეშეო. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ საპროტესტო მუხტი მილევად რეჟიმში გადაიყვანონ და, საბოლოოდ, აქცია დაშალონ. არადა, საპროტესტო აქცია, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური პროცესია, მით უმეტეს, რომ ამ აქციაზე ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგას.
სხვათა შორის, „ოცნებამ“ ფორმულა აქცია „პოლიტიკოსების გარეშე“ სხვა დროს წარმატებულად გამოიყენა და საზოგადოება ახლა აღარ უნდა შეცდეს.
აქცია პოლიტიკოსების გარეშე, იცით, დაახლოებით, რას ჰგავს? _ აი, რომ ამბობენ, არც პრორუსულობა, არც _ პროდასავლურობა და მხოლოდ პროქართულობაო. ეს, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესშია, რათა დასავლეთს ჩამოგვაშოროს.
მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოების პროტესტი ჯერ მილევად რეჟიმში გადაიყვანოს, შემდეგ კი გაანეიტრალოს, თუმცა არ მგონია, რომ ამ მიზანს ხელისუფლებამ მიაღწიოს, რადგან არაადეკვატურია.
დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას ვთქვი, დროა, ხელისუფლებამ ნორმალური არჩევნები ჩაატაროს და ოპოზიციაში გადასასვლელად მოემზადოს-მეთქი. იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ამას მიხვდა, თავიც შეინარჩუნა და პოლიტიკური გუნდიც. ისინი კი, ვინც ამას ვერ მიხვდნენ, საერთოდ გაქრნენ და ამის მაგალითია „მოქკავშირი“ და ასლან აბაშიძის „აღორძინება“.
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც საზოგადოებაზე ძალადობს და ამიტომ ძალიან ცუდად დაამთავრებს! კობახიძე დროულად რომ გადამდგარიყო, რუსთაველზე ის მოვლენები არ განვითარდებოდა.

გიორგი აბაშიძე