კოტე კემულარია: „ივანიშვილსა და მის ჯოგს სათანადო ადგილს აუცილებლად მივუჩენთ!“

დიდი ხანია, არც მედიასთან გამოჩენილა და არც პოლიტიკაში უაქტიურია, თუმცა ახლახან ირაკლი ოქრუაშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან, ვალერი გელბახიანთან, მიხეილ ჯიბუტთან, ლელა ჯოჯუასთან, გოჩა მამაცაშვილთან და სხვებთან ერთად ახალი სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. „გამარჯვებული საქართველოს“, როგორც პოლიტიკური პარტიის, ყრილობა ოქტომბერში გაიმართება, თუმცა მანამდე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, კოტე კემულარია, „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და ეუბნება, რომ ამ ახალი გაერთიანების მთავარი მოკავშირე ხალხი იქნება.

ოქრუაშვილის გუნდის სახელი, პიარულ-ფსიქოლოგიურად თუ მივუდგებით, კარგად არის შერჩეული _ ყველას, თითოეულ ჩვენგანს გამარჯვებული საქართველო გვინდა. ამ მხრივ სლოგანიც გამართლებულია _ „გაბედე ბრძოლა!“ სხვათა შორის, ბატონ კოტეს „გავრილოვის ღამემდე“ შევხვდით, შესაბამისად, წინამდებარე ინტერვიუში იმ უბედურებაზე, რაც 20 ივნისს რუსთაველზე დატრიალდა, არაფერია ნათქვამი, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი საუბარი კონტექსტიდან ამოგდებული მაინც არ არის, მით უმეტეს, რომ კოტე კემულარიას თქმით, „ოცნება“ კიბოა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიშოროთ.
„მეკითხებიან ხოლმე, ბატონო კოტე, გაქვთ იმედი, რომ ივანიშვილი შეიცვალოს ან ხალხი შეცვალოს და ამით ყველაფერი შეიცვალოსო? ჩემი აზრით, ეს დაგვიანებულია, ამის გაკეთება 2016 წელს შეეძლო… თავდაცვის სამინისტრომ რუსეთისგან ტონობით თაფლი იყიდა და ეს მაშინ, როცა ქართველებს ათეულობით ტონა თაფლი აქვთ და ვერ ყიდიან. როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თაფლს ბიუჯეტიდან რუსეთისგან ყიდულობს, ეს მარტო კორუფცია კი არა, მავნებლობა და სახელმწიფო ინტერესების ღალატია! ამას კადრების შეცვლა არ უშველის, ეს კიბოა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ! თუ ამას არ დავამთავრებთ, შეიძლება, ჩვენ დავმთავრდეთ! თუ სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, რასაც ელჩებიც გვეუბნებიან, რომ არჩევნები ამ მაჟორიტარების ჯოგის გარეშე უნდა ჩატარდეს, ჩვენ აუცილებლად მივუჩენთ სათანადო ადგილს ივანიშვილსა და მის ჯოგს! ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დამშვიდდება და რუსეთის სპეცსამსახურებსაც სილას გავაწნავთ, რომელიც ელოდება, რომ აქ უბედურება მოხდეს! ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილსაც მიეცემა საშუალება, რომ საქართველოში ისე დარჩეს, როგორც მოქალაქე. ამიტომ მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, სანამ ძალადობის ნაბიჯებს გადადგამს და ისევ დაშინებასა და მოსყიდვაზე იფიქრებს! ყველაფერი ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდება!“ _ ამბობს კოტე კემულარია.

_ ბატონო კოტე, მედიასთან და, საერთოდ, პოლიტიკურ არენაზე დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ. ცოტა შეცვლილხართ.
_ ვვარჯიშობ.
_ ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია, მაგრამ მითხარით, აქამდე პოლიტიკაში რატომ არ ჩანდით?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, მიმაჩნდა, თითქოს მოვიხადე ჩემი მოვალეობა. ყოველ შემთხვევაში, მჯეროდა, რომ ახალი თაობა უფრო ძლიერი და ხელისუფლების მიმართაც უფრო მომთხოვნი იქნებოდა, ანუ იმ ღირებულებებისგან, რაც მკვიდრდებოდა, არ გადაეხვია, მაგრამ ასე არ მოხდა.
_ რომელ ხელისუფლებას გულისხმობთ _ „ნაციონალებს“ თუ „ოცნებას“?
_ ორივეს: 7-8 წელი „ნაციონალების“ დროსაც არ ვჩანდი და შემდეგ ყველაფერმა მთლად კატასტროფული სახე მიიღო.
_ მახსოვს, „ვარდების რევოლუციის“ დროს ძალიან აქტიური იყავით, მაგრამ მერე, როცა დაინახეთ, რომ „ნაციონალებმა“ ღირებულებებისგან გადახვევა დაიწყეს, ხომ არ ინანეთ, რომ 2003 წლის ნოემბერში რევოლუციონერების გვერდით იდექით?
_ არა, ეს არ მინანია და არც არასოდეს ვინანებ იმიტომ, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებამ ძალიან ბევრს მიაღწია, განსაკუთრებით, პირველ სამ-ოთხ წელიწადში და ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა: რეგიონში პირველები ვიყავით და სახელმწიფოს ფუნქციაც გაძლიერდა, რადგან ყველა მიმართულებით უნიკალური რეფორმები გავატარეთ. სხვათა შორის, „იუსტიციის სახლის“ შექმნის ერთ-ერთი მოთავე ვიყავი და ეს ტერმინიც ჩემი მოფიქრებულია.
_ მართლა? არადა, „იუსტიციის სახლი“ თავიდან ბოლომდე გიორგი ვაშაძესთან ასოცირდება.
_ ვაშაძე სამსახურში მე მოვიყვანე _ მაშინ სრულიად ახალგაზრდა იყო, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, უდავო ლიდერი გახდა და ყველაფერი ეს ჩაბარდა. მოკლედ, ყველაფერ ამის დასრულებაში დიდი როლი აქვს შეტანილი.
სხვათა შორის, პატრულის რეფორმამ, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული იყო, თავიდან ბოლომდე ირაკლი ოქრუაშვილზე გადაიარა და ვიღაცები დღეს უსაფუძვლოდ ცდილობენ, რომ რაღაცები მას გადააბრალონ. ასე განვითარებულ პატრულს ჩვენ მივეჩვიეთ და ეს ძალიან დიდი ფუფუნება და კომფორტია, თორემ პოლიცია ასეთ დონეზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არაა.
_ ცხადია, იმაზე არავინ კამათობს, რომ „ნაციონალებმა“ სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნეს და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს.
_ დიახ, ეს ცოტა არ არის, „ოცნება“ დღესაც ამის ხარჯზე ტივტივებს და ამბობს, აი, ნახეთ, თბილისი და ბათუმი როგორიაო. მაშინ ბიუჯეტი 500 მილიონიდან 9 მილიარდამდე გაიზარდა და ეს არ მოხდებოდა, კორუფციასთან რომ არ გვებრძოლა. პენსიაც გაათმაგდა და ხელფასიც…
_ კი ბატონო, მაგრამ წეღან პატრული ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ, მით უმეტეს, რომ თქვენი მოძრაობის დაფუძნებაზე სოსო რობაქიძე გამოჩნდა, რომელიც იმუქრებოდა, მკვლელებს პოლიტიკაში დაბრუნების საშუალებას არ მივცემო, ანუ ბუტა რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს მოკლეს და ამაში ბრალი პატრულს ედება. მოკლედ, მაშინ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა და „ოცნებასაც“ სალაპარაკო სწორედ ეს აქვს.
_ ამ თემის ოქრუაშვილთან მიბმას ცდილობენ, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ეს ტრაგედია ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული, რასაც ხელს შევუწყობთ. სასამართლო, პროკურატურა არსებობს და ეს მოძრაობის პრეზენტაციაზე საყვირალი თემა არაა…
ძალაუფლება, ავტორიტეტი დაგროვდა და ყველაფერმა ამან, მაკიაველისა არ იყოს, ამ აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი მიმართულება გარყვნა და იმასაც არავინ უარყოფს, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვეს.
_ იმ გუნდიდან თქვენი წამოსვლის ერთ-ერთი საბაბი ეს შეცდომები გახდა?
_ რა თქმა უნდა. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, გარეთ ვერ დავდგებოდი და ვერ ვიყვირებდი, ბევრ რამეს ახლაც ვერ ვიტყვი.
_ რატომ ვერ იტყვით?
_ იმიტომ, რომ ჩემს მოვალეობებზე განსაკუთრებით საიდუმლო მიმართულებები გადიოდა, მაგრამ ამ შეცდომებს, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებდი. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოვხვდი, მათ შორის, გულის კლინიკაშიც. ყველანი, ვისაც მეტი გამოცდილება გვქონდა, ვგრძნობდით, რომ ბევრი რამ არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო.
_ ყველაფერ ამაში თქვენ და ოქრუაშვილი მაშინაც თანამოაზრეები იყავით?
_ დიახ, ვიყავით. გულწრფელად გეტყვით: ოქრუაშვილი მარტო პატრულის რეფორმაში არ მონაწილეობდა. მისი ძალიან სერიოზული ძალისხმევით პროკურატურის ავტორიტეტიც ამაღლდა და ყველაზე მეტად მისი როლი თავდაცვის სამინისტროშია გასათვალისწინებელი _ ალბათ, გახსოვთ: ჯარისკაცებთან ერთად დარბოდა, მათთან ერთად იკვებებოდა, ეძინა და ამხნევებდა.
_ სამართლიანობისთვის ისიც გავიხსენოთ, ოქრუაშვილი ჯარისკაცებს რომ ეძახდა, თქვენი მოგებული ომის დედაცო…
_ არ დაგავიწყდეთ: მაშინ 27 წლის იყო და მოდით, ეს ემოციური შეცდომები მივუტევოთ. დღევანდელი ოქრუაშვილი კი ძალიან გამოცდილია. ის კარგი მამულიშვილიცაა. მაშინაც და ახლაც მისი მეგობარი ვიყავი და ვარ. ერთმანეთთან ურთიერთობა ამ პერიოდის განმავლობაშიც გვქონდა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა. თავიდან ბოლომდე ძალიან წარმატებული და სააკაშვილის შემდეგ ყველაზე რეიტინგული იყო. ასეთ დროს ინტრიგები ყოველთვის არის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლებას დიდი ძალა აქვს, ინტრიგები უფრო ძლიერდება. ის ადამიანები, რომლებმაც ეს დაუშვეს, ალბათ, ოდესმე აღიარებენ და თუ აღიარებენ, ძალიან კარგი იქნება!
_ ოქრუაშვილს ინტრიგები არც დღეს აკლია. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა, „გამარჯვებულ საქართველოზე“ „ოცნების“ მთელმა აქტივმა და „ტროლებმა“ მასირებული იერიში მიიტანა. ხელისუფლებას ამ გაერთიანების ეშინია და ამიტომ გებრძვით?
_ ჩვენში ძალას ხედავს!
_ ფიზიკურ ძალას თუ ინტელექტუალურს?
_ პოლიტიკურს. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, პატივს გცემთ და მინდა, გულწრფელად გესაუბროთ, თან გულწრფელი საუბარი გიყვართ… მოკლედ, „ოცნება“ არც პოლიტიკური ძალაა და არც _ პარტია, კლასიკური გაგებით. პირდაპირ ვთქვათ: ეს ფინანსური ღირებულებების შემყურე ხალხია, ფული რომ გააკეთოს და სახლები აიშენოს. სახელმწიფო თანამდებობაზე უნახავი რომ მოხვდება, მაშინვე უნდა, რომ ვთქვათ, მანქანა იყიდოს, ცოლი და სიდედრი საზღვარგარეთ დაასვენოს და ა. შ.
რაც შეეხება მეორე, ანუ მთავარ ოპოზიციურ ძალას, იქაც კომფორტია შემორჩენილი. ამის გამო ადამიანები დუნდებიან და ამას ხელისუფლებაც გრძნობს, რომელიც უნიათო, არაკომპეტენტური და უმაქნისია, მაგრამ ხვდება, რომ მთავარ მოწინააღმდეგეს ძილი მორევია, ბოლომდე არ იბრძვის და არის რაღაც სუსტი წერტილები, რომელზედაც შეიძლება, დააჭიროს. ამასობაში გამოჩნდა ძალა, სადაც კომპეტენტური ადამიანები არიან შეკრებილნი და რომელმაც გამოჩენისთანავე პრობლემები პირუთვნელად წარმოაჩინა, თან ხმამაღლა განაცხადა, რომ არ იყიდება, არც ბელადი ეყოლება და მარტო ხალხს დაეყრდნობა. ბოლო ბელადი ივანიშვილი უნდა იყოს. მოკლედ, ყველაფერმა ამან ხელისუფლება შეაშინა.
_ „ოცნება“ შეიძლება, იმანაც დააფრთხო, რომ თქვენს გუნდში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანია გაერთიანებული და თითოეული მათგანი ძალიან ინტელექტუალია. „გამარჯვებული საქართველოს“ მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა თუ ქვეყნისთვის კარგის გაკეთება?
_ დღეს ივანიშვილი ისეთი სუსტია, რომ მისი დამარცხება ხალხმა შესაძლოა, უჩვენოდაც შეძლოს. გეთანხმებით _ ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი საყრდენი და სიმდიდრე მრავალფეროვნებაა, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულება სახელმწიფოს ფუნქციის აღდგენაა. როცა ერთმანეთს ვხვდებით, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით და ეს კონსულტაციები თითქმის ოთხი თვე მიმდინარეობდა.
_ „გამარჯვებული საქართველოს“ შექმნის იდეა ვის ეკუთვნის?
_ სამმა _ ირაკლიმ, გუბაზმა და მე დავიწყეთ და ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, თუ რა იქნებოდა ის მთავარი დრაივი, რომლითაც სხვადასხვა შეხედულების ადამიანს შემოვიკრებდით. ბოლოს, მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, ფუნქცია დაკარგა. რეფორმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ლიდერები თუნდაც იმით ვიყავით, რომ პირველი სამართლიანი არჩევნები ჩავატარეთ. ყველაფერმა ამან გამოგვკვეთა და ჩვენი თავი მთელ მსოფლიოს გააცნო. დღეს კი ყველაფერი ეს უკანა პლანზეა.
_ რატომ?
_ დავიწყოთ საგარეო მიმართულებით: ივანიშვილმა, მოვიდა თუ არა, განაცხადა, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთო და ეს მთავარ საგარეო ღერძად გადაიქცა, რაც საშინელება და სისუსტის მაჩვენებელია! რას ნიშნავს, რუსეთი არ გავაღიზიანოთ? დღეს რუსეთი, თურქეთი და რეგიონის სხვა მოთამაშეები მოლაპარაკებებს ჩვენ ზურგს უკან მართავენ და ჩვენ ამ მაგიდასთან არ ვსხედვართ. ძლიერება რეფორმებზე დგას, ამიტომ რეფორმები სასწრაფოდ უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი შეკრების მიზანიც რეფორმების გაგრძელება და ქვეყნის ფუნქციის აღდგენაა, რათა ხალხი დავაპუროთ და ეკონომიკა ისევ სწრაფად განვითარებადი გავხადოთ. ასეთ შემთხვევაში ინვესტიციები კვლავ წამოვა. სხვათა შორის, თავის დროზე, ინვესტიციები იმიტომ წამოვიდა, რომ რეფორმების შედეგად ნდობა გაიზარდა. საერთოდ, რეფორმებს კადრები მოსდევს _ ვინც სამინისტროებში დღესაც რამეს აკეთებს, კონკურსებით მაშინ მოყვანილები არიან.
_ სხვათა შორის, კადრებს, მაია მიმინოშვილის დახმარებით, „ოცნებაც“ ეძებს.
_ ამას ინკუბატორი დავარქვით, რომელიც არ ვიცით, ვის ჩეკს! გასაგებია, რომ მიმინოშვილი კრეატიული ადამიანია და კადრებს, ვთქვათ, განათლების სისტემისთვის ამზადებდეს, ხელებს ავწევდი, მაგრამ მას პოლიტიკოსების CV-ით მომზადება დაავალეს და ასეთი რამ მსოფლიოში სადმე ხდება? ეს პრეცედენტია, როცა საქართველოში პოლიტიკოსებს ჩეკენ! პოლიტიკოსი, ბიზნესმენისგან განსხვავებით, საზოგადოებამ უნდა შექმნას. შეიძლება, ბევრი დრო გავიდეს და საზოგადოებამ პოლიტიკოსი ვერ დაბადოს. პოლიტიკოსი ქვეყნის სიმდიდრეა, რომელიც ასე ხელოვნურად არ „იჩეკება“!
_ „გამარჯვებულ საქართველოში“ პოლიტიკოსები უდავოდ არიან, მაგრამ ელექტორატს პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნიჰილიზმი აქვს. ხალხის ნდობას როგორ მოიპოვებთ, ბატონო კოტე?
_ ნდობა გაკეთებული საქმეებიდან მოდის. საქმე ყველას გაკეთებული გვაქვს _ მეც, ირაკლი ოქუაშვილსაც, გუბაზ სანიკიძესაც, გოჩა მამაცაშვილსა და ლელა ჯოჯუასაც. ჩვენი მონაპოვარი ანი რეხვიაშვილია.
_ ნესტან კირთაძის ქალიშვილი?
_ დიახ. უჭკვიანესი გოგოა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს _ ბრიუსელში მუშაობდა და საელჩოებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან პირდაპირ კავშირს ამყარებს. ვალერი გელბახიანს უნიკალური გამოცდილება აქვს და მარტო კვალიფიციური იურისტი კი არა, ძალიან კარგი ორგანიზატორიცაა. ჩვენთან ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც არიან, რომელთაც დამოუკიდებლობის აქტზე აქვთ ხელი მოწერილი. ჩვენთან ბევრი ისეთიც არის, რომელიც აქამდე არსად ჩანდა და ახლა გამოჩნდება. ჩვენმა პატივცემულმა უმაქნისმა მთავრობამ იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ საერთო-სახალხო ეროვნული მოძრაობა თავიდან გვაქვს დასაწყები! როცა ნდობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, სულისკვეთება უნდა დავაბრუნოთ. იმის შემყურე არ უნდა ვიყოთ, რუსეთი რას გადმოგვიგდებს. ავიღოთ, მაგალითად, გავრილოვის ჩამოყვანა _ ზაქარია ქუცნაშვილი გამოცდილი იურისტია და ამბობს, _ საქმე აღძრული არ გვაქვს და როგორ არ უნდა შემოგვეშვაო? ვიცი, რომ ევროპასა და აშშ-ში დადის და თუ რომელიმე ქვეყნაში არ შეუშვებენ, საბრალდებო დასკვნას მოითხოვს? „ვენეციის კომისიის“ თანახმად, არც ერთი სახელმწიფო ვალდებული არ არის, რომ თავისი ქვეყნისთვის ხიფათის შემცველი ადამიანი თავის ტერიტორიაზე შეუშვას! _ არ შეგიშვებენ და არც აგიხსნიან, რატომ არ გიშვებენ!
_ სხვათა შორის, ჩვენთან ოკუპაციის კანონი მოქმედებს და გავრილოვი თუნდაც ამ კანონის საფუძველზე არ უნდა შემოეშვათ.
_ ეს კანონი რომც არ მოქმედებდეს, თუ ჩვენმა უშიშროებამ იცის, რომ ვიღაც ნაძირალა გავრილოვი აფხაზეთში ქართველ ბიჭებს კლავდა და ეს ფაქტია, არ უნდა შემოუშვას!
_ გავრილოვის საქართველოში შემოშვება უცოდინრობით აიხსნება თუ სამთავრობო პოლიტიკით?
_ ეს უცოდინრობა არ არის! შეგიძლია, პიროვნება არ შემოუშვა და ვალდებული არ ხარ, ამტკიცო, რატომ არ უშვებ _ ეს დიპლომატიის ანა-ბანაა. მოკლედ, ამ შემთხვევაში ქუცნაშვილი ობიექტური არ იყო, რადგან ყველაფერ ამის ორგანიზებაში მონაწილეობდა, ანუ არ ვიცი, მან მოიწვია თუ არა, მაგრამ გავრილოვმა თავის ინტერვიუში ქუცნაშვილი ისე ახსენა, როგორც მეგობარი.
_ ერთი სიტყვით, თქვენი მოძრაობის საგარეო პოლიტიკა პროდასავლურია?
_ დიახ, მკვეთრად პროდასავლური.
_ ძალიან კარგი, მაგრამ სამთავრობო „ტროლებს“ წინააღმდეგობას როგორ გაუწევთ? ისე, მგონია, რომ მიუღებლები ოპოზიციის ნაწილისთვისაც იქნებით. ვცდები?
_ არ ვიცი, მიუღებლები ვისთვის ვიქნებით _ ეს თავად უნდა განსაზღვრონ, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებ: ჩვენ ყველას დავუჭერთ მხარს, ვინც ივანიშვილის სახელმწიფოს დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოლებს! „გაბედე გამარჯვება!“ _ ეს ჩვენი სლოგანია და ჩვენ ყველასთან ვიქნებით, ვინც ბრძოლას გაბედავს. ასეთები ბევრნი ვიქნებით, რაც სხვათა შორის, მოლდოვის მაგალითზეც გამოჩნდა _ პრორუსული და პროდასავლური ძალები პლოხოტნიკს ერთად ებრძოდნენ და დაამარცხეს. თუ მოლდოვაში პროდასავლური ხალხი მეტია, წამყვანი ძალები პროდასავლური ძალები გახდებიან. მოკლედ, ჯობს, რომ გადამწყვეტ მომენტში ყველანი ერთად დავდგეთ. შეიძლება, ყველას ერთნაირი შეხედულებები არ გვაქვს, მაგრამ ახლა მეგობრები ვართ, რადგან იმ ძალასთან, რომელიც ქვეყანას აშიმშილებს და ფუნქციას უკარგავს, პოლიტიკური ომი გვაქვს და ეს ომი უნდა მოვიგოთ! ეს ძალა ერთად უნდა დავამარცხოთ და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, პარლამენტში რომელიმე პარტია უნდა მოვიდეს თუ კოალიციურად ვიყოთ.
_ ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „გამარჯვებულმა საქართველომ“ შესაძლოა, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კოალიცია შექმნას?
_ ჩვენთვის იდეალური კოალიციური მთავრობაა და ასეთ შემთხვევაში საქართველო მოლდოვასაც გაასწრებს, უკრაინასაც და სომხეთსაც, რომლებიც დღეს ლიდერები არიან. მთავარია, ნამდვილი კოალიციური მთავრობა და პარლამენტი შევქმნათ და ჩვენ ამის შანსი გვაქვს. ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
_ ვისთან არ ითანამშრომლებთ?
_ მასთან, ვინც ბიძინას მონაა, ვინც მისგან ფულს იღებს და ისევ აქვს იმედი, რომ რაღაცას დაუფინანსებს. მათთანაც არ ვითანამშრომლებთ, რომლებიც კომბლებს თლიან!
_ იზიარებთ მოსაზრებას, რომ „ევროპული საქართველო“ ფარულად თანამშრომლობს და „ოცნება“ ხელისუფლების მისთვის გადაბარებას ცდილობს?
_ იურისტი ვარ და პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ იმ ხალხთან, ვისზეც ასეთი დასაბუთებული ეჭვი არსებობს, არ ვითანამშრომლებთ, რადგან ეს ხალხი საიმედო არაა! არსებობს პოსტულატი _ რაც არ იყიდება ფულზე, იყიდება დიდ ფულზე! ეს ოლიგარქების საყვარელი გამონათქვამია და ყველა სუფრაზე იმეორებენ ხოლმე. მას, ვინც დღეს პატარა ფულზე იყიდება, ხვალ, როცა ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო გაუჭირდება, შეიძლება, დიდი ფული გადაუხადოს. ის, ვინც ერთხელ გაისვარა, ამ ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება! ეს ქართველი ხალხის დაუნდობელი ბრძოლაა, სადაც პოლიტიკოსები წინა ხაზზე უნდა იყვნენ. ჩვენ არავის ფულის არ გვეშინია, რადგან ფულს სიმართლე ამარცხებს. სიმართლე უძლეველი და უნივერსალური ძალაა, რაც მოლდოვაში გამოჩნდა _ მაია სანდუს ფული არ ჰქონდა, მაგრამ ოლიგარქი ძალიან ადვილად დაამარცხა!
_ არსებობს გარანტია, რომ ივანიშვილმა დიდი ფულით რომელიმე თქვენი თანაგუნდელიც არ მოისყიდოს? დეტექტორი ხომ არ გაქვთ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ლიდერშიფში არიან, ფულისადმი მიდრეკილებაზე შეამოწმოთ?
_ ყველას შეუძლია თქვას, არ გავიყიდებიო, მაგრამ ძალიან მარტივი დეტექტორი გვაქვს _ მოქმედება, ანუ ქართველი ხალხი დაინახავს, ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ და რანაირ ფრონტს შევქმნით! ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და ასეთ დროს ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, ვისზეც ვიცით, რომ ნამდვილი ოპოზიციაა. ჩვენ ვიქნებით იმის მოდერატორები, რომ ძალები ერთმანეთს კი არ დაეხსნან, არამედ გაერთიანდნენ. ჩვენ ბევრ რამეს დავთმობთ, მაგალითად, სიებს, რომელიც ყოველთვის გამხლეჩია. პირდაპირ და ღიად ვაცხადებთ: არავისზე ნაკლებები არ ვართ, მაგრამ სიაში ყველაზე ბოლოს ჩვენ ჩავეწერებით!
_ ე. ი., ბატონო კოტე, ქართულ პოლიტიკაში ახალ კულტურას ამკვიდრებთ?
_ დიახ, პირველი სიახლე ის არის, რომ ჩვენს მოძრაობაში განსხვავებული ადამიანები ერთად ვართ. ჩვენთან ძალიან ბევრ ახალგაზრდას იხილავთ, რომელმაც უამრავი კითხვა დაგვისვა. მათთან საუბარი რთული იყო, რადგან ჩემს ახალგაზრდობაში კითხვებს არ ვსვამდით _ უფროსები რომ გვეტყოდნენ, მივყვებოდით. ამ ახალგაზრდებმა კი გამოგვწურეს, ერთადაც შეგვხვდნენ და ცალ-ცალკეც და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ამის შემდეგ შედგა. ეს შედეგს ძალიან მალე გამოიღებს! ვრწმუნდები, რომ ნდობის ყინული გალღვება და ხალხთან მისასვლელი გზაც გაჩნდება!
_ ბატონო კოტე, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად მითხარით, თქვენი პროგრამის ღერძი რა არის?
_ პროგრამებს მიზანი აყალიბებს! ჯერ მთავარი მიზანი უნდა ვიცოდეთ, მერე _ იდეოლოგია. ამ ორი რამის შემდეგ, თუ გამოცდილება და გონიერებაც ხელს გიწყობს, პროგრამასაც ჩამოაყალიბებ! ჩვენ გამოცდილი ხალხი ვართ. მაგალითად, მიშა ჯიბუტის გაკეთებულია ერთადერთი მაკროეკონომიკური პროგრამა. პროფესიონალები სხვა მიმართულებებითაც გვყვანან, რომლებიც ჯერ არ ჩანან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან!
_ თქვენთან გაბრაზებული ხალხია თავმოყრილი, არა?
_ დიახ, დიახ. გაბრაზება კარგია, რადგან გაბრაზების დროს ადამიანი მობილიზებულია. მოდუნებული და მიმჩვარული ადამიანი ვერ იბრძოლებს!
_ ამ გაბრაზებულმა ადამიანებმა დეჟავიუს განცდა გამიჩინა _ „ვარდების რევოლუციის“ წინ ზურაბ ჟვანია მაშინდელ ხელისუფლებას დაემუქრა, თბილისში მილიონ გაბრაზებულ ადამიანს ჩამოვიყვანთო.
_ ჟვანია ძალიან ჭკვიანი იყო და გული მწყდება, რომ დღეს ცოცხალი არ არის, თორემ მჯერა, ერთად ვიქნებოდით! სხვათა შორის, მას შეეძლო, ძალიან დიდი გავლენა მოეხდინა და ქვეყნისთვის ბევრი უბედურება თავიდან აეცილებინა! ისე, დღესაც გაბრაზების ის მოტივაციაა, რაც „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო _ კორუფცია, ხალხი შიმშილობდა, ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანებოდა.
_ კიდევ ერთი თემა, ბატონო კოტე: დღეს, როგორც ამბობენ, ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანია _ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „გამარჯვებული საქართველო“ ამ ნარატივს როგორ გაუმკლავდება?
_ ეს ხელოვნური ნარატივია, რომელსაც ორივე ამკვიდრებს, რადგან ორივეს აწყობს. ისინი ამ ხელოვნური თამაშის სუბიექტები არიან, მაგრამ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, ანუ მთავარი მოთამაშეც ხალხია. მოკლედ, ქართული პოლიტიკური ველი ორ კი არა, ერთსუბიექტიანია და მისი მთავარი სუბიექტი ხალხია, რომელიც ყველაფერს განკარგავს! ჩვენი მთავარი მოკავშირე, ვისთანაც უნდა მივიდეთ, დავარწმუნოთ და ნდობა აღვადგინოთ, ხალხია, რომელსაც ლიდერის ფუნქცია უნდა დავუბრუნოთ! სხვათა შორის, ხალხის 53% არჩევნებში იმიტომ არ მონაწილეობს, რომ ნდობა არ აქვს _ არც არჩევნების სისტემას ენდობა, არც იმის სჯერა, „ოცნება“ რომ ამბობს, ხმას ხალხი გვაძლევსო და არც _ ივანიშვილის განცხადების, ჭარბი ნდობა მაქვსო, არადა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მისი თვალების ფერი ვნახეთ, როცა ამბობდა, ოღონდ ახლა დამიჭირეთ მხარი და მერე ვიცი, რასაც ვიზამო, მაგრამ ვხედავთ, რასაც შვრება _ ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ექიმი მოგვიყვანა. საჩხერეს არაფერს ვერჩი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფოში სახელმწიფოა, სადაც მარტო საექიმო დარგი არ შედის. აქაა დევნილებისა და ასევე შრომის პრობლემები. სერგეენკოს, როგორც კარგ პიროვნებას, რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ სუსტი მინისტრი იყო _ ვერაფერი გააკეთა. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც დარგის პოლიტიკა მიჰყავს. გერმანიაში ნასწავლი ეს ახალგაზრდა ქალი რა შუაშია, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებთან შეხება არასოდეს ჰქონია? ეს მარტო დარგის კი არა, მთელი საზოგადოების დაცინვაა!
_ ბატონო კოტე, დიდ ბრძოლაში შედიხართ.
_ ამისთვის მზად ვართ!
_ სხვათა შორის, 2007 წლის 2 ნოემბერი სწორედ ამ ოფისიდან დაიწყო. რეპრესიებს ახლაც ხომ არ ელოდებით?
_ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ! პოლიტიკოსისთვის ციხეში ჩაჯდომა თანმდევი მოვლენაა. ჩვენ პოზიციებს არ შევიცვლით და არ გავიყიდებით!
_ წეღან ფული ვახსენეთ და მითხარით, „გამარჯვებულ საქართველოში“ ფული საიდან მოდის?
_ კლასიკური პარტიული მოღვაწეობისთვის მართლა ბევრი ფულია საჭირო, რომ დამკვიდრდე და ნიშა მოიპოვო, მაგრამ დღეს უნიკალური სიტუაციაა და არც ნიშა არის მოსაპოვებელი _ თუ იმას გააკეთებ, რასაც ამბობ და ამაში დაარწმუნებ, პრაქტიკულად, 53% გელოდება. ფული რაში გვჭირდება? _ კლასიკური გზით ჩვენც ისე არ ვივლით, როგორც მოლდოვაში მაია სანდუმ არ იარა! ნება მომეცით, ჩვენი ტაქტიკა საიდუმლოდ დავიტოვოთ, მაგრამ სულ სხვა ტაქტიკა გვექნება, რომ ხალხთან მივიდეთ!

P. S. 19 ივნისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა როგორც კემულარია ამბობს, მათ რეპრესიების არ ეშინიათ!

გიორგი აბაშიძე