„მის და მისტერ ქუთაისიდან“ მსოფლიო სილამაზის კონკურსებამდე

„Mister planet“, „Festival model & talent world“, „Little miss & mister planet“, „Miss teenager official“, „Little miss and little mister united world“, „Future fashion faces world“, „Best model of the world“, „Miss model of the world“, „Little miss & mister galaxy“, „Miss & mister planet“, „Katrini model agency“, „Prince & princess international“, „Best princess & prince of the world“, „World rising stars“, „Best child model of Georgia“ _ ეს არის იმ კონკურსების მცირე ჩამონათვალი, რომლის ლიცენზიის მფლობელიც საქართველოში სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილია.
უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელობით მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალი „მის და მისტერ პლანეტა“ ტარდება. საქართველო 30-35 ქვეყნის „მის“ და „მისტერს“ მასპინძლობს საერთაშორისო ჟიურის თანხლებით. მგალობლიშვილი ამაყობს, რომ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს და ყველას აცნობს ქართულ კულტურას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო კონკურსებზე წასული ქართველი კონკურსანტები სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან.

რა ხდება და რამდენად ჩართულია სახელმწიფო ფართო მასშტაბის კონკურსებში? როგორი იყო გზა, რომელიც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა დღემდე გამოიარა?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ეკა მგალობლიშვილი ესაუბრება:
_ დავიბადე ჩემს უსაყვარლეს ქალაქ ქუთაისში. ოჯახში ყოველთვის მანებივრებდნენ და ბავშვობაში მჯეროდა, რომ ნამდვილი პრინცესა ვიყავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი და დავამთავრე წმ. ნინოს სახელობის მესამე სკოლა. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა სკოლის დირექტორთან, ბატონ ნოდარ ქელბაქიანთან შევედი და ვუთხარი: ბატონო ნოდარ, მესხიშვილის თეატრი მინდა და თუ შეიძლება, რომ დამეხმაროთ-მეთქი. გამომხედა და მითხრა, _ რად გინდა მესხიშვილის თეატრიო? ვუპასუხე, რომ სილამაზის კონკურსი მინდა ჩავატარო-მეთქი. ოღონდ ხაზი გავუსვი, რომ პატარებში არ უნდა ჩატარდეს სილამაზის კონკურსი და დღემდე ამ აზრზე ვარ, რადგან პატარებში უნდა ჩატარდეს ფესტივალი, სადაც ისინი დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ნომინაციებით, გვირგვინით, სამახსოვრო საჩუქრებით და ბედნიერები წავლენ სახლში. ბავშვის ფსიქოლოგიას უნდა გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ და ყველა უნდა დავაჯილდოვოთ.
_ დაგეხმარნენ?
_ რა თქმა უნდა. დამითმეს მესხიშვილის თეატრი, სადაც ჩავატარე პირველი კონკურსი „მის და მისტერ ქუთაისი“ და პარალელურ რეჟიმში „ქუთაისის პრინცი და პრინცესა“. ასე დავიწყე და მოვიცავი მთელი საქართველო. ზუსტად 20 წლის წინ ავიღე პირველი საერთაშორისო ლიცენზია „მის და მისტერ თინეიჯერი“. მახსოვს, მე და თამუნა გომართელმა წერილი გავუგზავნეთ მსოფლიო საბჭოს. ამის მერე უკვე დაიწყო და დაიწყო მსოფლიოს მასშტაბის კონკურსებიდან შემოთავაზებები.
Best model of the world _ ეს არის კონკურსი, სადაც ნაუმი კემპბელიდან დაწყებული, ყველა ცნობილმა მოდელმა აიდგა ფეხი სამოდელო სფეროში. ეს კონკურსი 35 წელია, მსოფლიო ბაზარზე ტარდება და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები.
ჩემი საყვარელი კონკურსია „მის და მისტერ პლანეტა“, სადაც 2014 წელს გაიმარჯვა ქართველმა გოგონამ. კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა და მსოფლიო საბჭო ვისხედით ვახშამზე, სადაც სურვილი გამოვთქვი, რომ 2015 წელს მინდა, ეს კონკურსი საქართველოში ჩატარდეს-მეთქი. თვითონ კონკურსის პრეზიდენტი ირინა პაპაზოვა და სხვა წარმომადგენლები ერთხმად დამეთანხმნენ. 2015 წელს 38 ქვეყნის მისი ჩამოვიდა საქართველოში საერთაშორისო ჟიურის თანხლებით. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე გვქონდა ტურები, აქტივობები, გადაღებები, ღინისძიებები, ხოლო ფინალი ფილარმონიაში გაიმართა და, სხვათა შორის, გაიმარჯვა ქართველმა გოგონა თიკო ბაბლუანმა.
2015 წელს შევიძინე მსოფლიო ლიცენზია „მისტერ პლანეტა“ და მე და ირინა პაპაზოვამ ხელშეკრულებით გავაერთიანეთ ეს ორი პროექტი _ „მის და მისტერ პლანეტა“. უკვე მეხუთე წელია, რაც ეს პროექტი საქართველოში ტარდება.
საკუთარ შვილზე საუბარი მერიდება, მაგრამ არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნო: შარშან 103 ქვეყანა ვიყავით ტაილანდში ჩასული, საქართველოდან ანასტასია ბაკურაძე და ნიკოლოზ ბერძენიშვილი იყვნენ ჩასულები და გამარჯვება მოვიპოვეთ, საქართველოში გრან-პრით დავბრუნდით. ტაილანდის მეფის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები, მისი სტიპენდიანტები გავხდით და ახლა 8 ივლისს სპეციალური მიწვევით აღლუმზე ვართ მიწვეულები სტუმრის სტატუსით, სადაც ნუგზარ კვანტალიანის ქართულ, ტრადიციულ სამოსში ვიქნებით გამოწყობილები.
_ რომელმა დიზაინერმა იზრუნა ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე?
_ ეს არის გენიალური, უნიჭიერესი დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, რომელიც საოცარ კოსტიუმებს ქმნის, არის ძალიან გემოვნებიანი. იგი საფრანგეთის მოდის კვირეულზე და არა მარტო, აქტიურად მონაწილეობს და ყოველ გასვლაზე ძალიან დიდ წარმატებას აღწევს. მას იცნობენ მსოფლიო მოდის წარმომადგენლები და მეამაყება, რომ ის ჩვენ გვერდით არის და აქტიურად ჩართულია ამ კონკურსებში.
_ ძალიან ბევრ კონკურსზე წაგიყვანიათ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები და ყოველთვის გამარჯვებულები დაბრუნებულხართ. რა არის ამ წარმატების საიდუმლო, _ ის, რომ ქართველები ძალიან ლამაზები ვართ თუ?
_ გაგიმხელთ ამის საიდუმლოს: მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონკურსზე ყველა ქვეყნიდან კარგი მონაწილე ჩადის, შეიძლება ითქვას, საუკეთესო რჩეული და იქ ყველაფერი ცოტ-ცოტა არის საჭირო. ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ არის შენი ქვეყნის წარმომადგენელი, კონკურსების ეროვნული დირექტორი, რა გავლენა აქვს მას მსოფლიო მასშტაბით, ასევე მნიშვნელობა ენიჭება, რომელი დიზაინერის სამოსი გაგაქვს. ჩვენ მაქსიმალურად მოწესრიგებულები გავდივართ ამა თუ იმ საერთაშორისო კონკურსზე და ბევრი სხვა ნიუანსია, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. მე ძალიან სამართლიანი ადამიანი ვარ, არავის დავჩაგრავ და ჩვენც ვერავინ დაგვჩაგრავს. ოფიციალურად ყოველთვის ვითხოვ იმას, რაც გვეკუთვნის. ასმაგად ამაყი ვარ, როცა უამრავი ქვეყნის სცენაზე ძალიან დიდ ეკრანზე ამოდის საქართველოს დროშა, მსოფლიოს წინაშე ცხადდება საქართველოს სახელი, გამარჯვებული ვბრუნდებით საქართველოში და ეს არის საოცარი განცდა. ამაში დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე, ქეთი გომართელი, ფატუნა ბუშიჰედი და სხვა უამრავი ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალით უნახავს, თუ რა ხდება სხვადასხვა კონკურსზე.
_ ეკა, რამდენად რთული იყო საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება?
_ არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია, არ იყო არანაირი სირთულე. ეს იყო შემთხვევა, როცა გაშლილი ხელებით გელოდებიან. ყველა უცხოურ არხზე ჯორჯია ისმის, ეს ხომ არის დიდი მიღწევა, შენი ქვეყნის ძალიან დიდი პოპულარიზაცია. მე ამაყი ვარ.
_ ეკა, როდესაც ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში, იმართება კონკურსი, რა როლი აქვს სახელმწიფოს, რამდენად ინტერესდება კონკრეტული სტრუქტურა მსგავსი ღონისძიებებით და რამდენად დიდია მათი ჩართულობა ასეთ დროს?
_ ნაკლებად. 2015 წელს ფილარმონიის დარბაზი ვითხოვე, რომ უფასოდ გამოეყოთ და არ მომცეს. მსოფლიო კუნკურსი ტარდებოდა. წარმოიდგინეთ, 38 ქვეყნის მისი ჩამოგყავს, მათ ჩამოყვანილი ჰყავთ თავიანთი ტელევიზიები, საერთაშორისო ჟიური. არაფერი მომითხოვია, გარდა დარბაზისა. სახელმწიფო თუ უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას ამ სფეროს და თუ მიიღებენ ისეთ კანონს, რომ ყველას ყველაფრის გაკეთების უფლება არ უნდა ჰქონდეს, ეს იქნება საუკეთესო და წინგადადგმული ნაბიჯი. ჩემი დევიზია: პური მეპურემ უნდა აცხოს. თუ თქვენც შეგიძლიათ, რომ ანალოგიური კონკურსი ჩაატაროთ ამ ქვეყანაში, ოღონდ შეცვლილი სახელით, მაშინ რატომ ვყიდულობ მე ამდენ ლიცენზიას? უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლოს სილამაზის კონკურსის ჩატარება. ამ მხრივ განუკითხაობაა.
_ ამ სფეროს სკანდალები ყოველთვის თან ახლავს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში რას გვეტყვით, ხშირად ეხვევით სკანდალურ სიტუაციებში?
_ არანაირად. მე თვითონ არ ვარ სკანდალური ადამიანი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. მე მაქვს ჩემი სამყარო, ჩემი პრინციპები, არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილები და მყავს ასევე არაჩვეულებრივი სამეგობრო და ა. შ. შური ყოველთვის იქნება, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან კარგი თვისება მაქვს _ ყველასთან დისტანციის დაჭერა. გარდა ამისა, არ დავდივარ ყველა ღინისძიებაზე, ყველა ჩვენებაზე, როგორი ჰონორარიც არ უნდა შემომთავაზონ. ოღონდ გადამიხადონ და წავიდე, _ არ ვეკუთვნი ამ კატეგორიას.
_ თქვენი მეუღლე განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობს _ სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი იყო. ის რამდენად გგულშემატკივრობთ ან გვერდით გიდგათ?
_ ის არის, პირველ რიგში, ჯარისკაცი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის, საქართველოს შესწიროს თავისი სიცოცხლე. ის იყო თეთრიწყაროსა და სამგორის გამგებელი და მოსახლეობა დღემდე ითხოვს მამუკა ჩოქურს. საოცრად უყვარს ხალხს, დღემდე დილიდან ზარები აქვს უბრალო მოსახლეობისგან. საოცრად დადებითი პროვნებაა და ასეთი კადრი სახლში არ უნდა იჯდეს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ქმარია. რაც შეეხება ჩემთან მიმართებით, მამუკა არის ძალიან კომფორტული ადამიანი. გვერდით მიდგას, ვატყობ, რომ ამაყობს იმით, რასაც მე ვაკეთებ. ამაყობს, რომ მსოფლიოს ამდენი ქვეყანა აქ ჩამოდის და საქართველოს სახელი გააქვთ საერთაშორისო ასპარეზზე. მეშვიდე წელია, ჩოქურის ცოლი ვარ და ოდნავ ხმამაღალი სიტყვა ერთმანეთისთვის არ გვითქვამს. 10 წელიწადში ერთხელ გამოვდივარ წონასწორობიდან, მაგრამ თუ გამოვედი, უკვე ვამთავრებ ურთიერთობას. თუ გითხარი, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, გულს ამოვიღებ და მოგცემ, ასე გამზარდა ჩემმა ბებომ და ბაბუმ, მაგრამ თეფში რომ გატყდება, რაც არ უნდა კარგად დავაწებოთ, ბზარი მაინც გამოჩნება და ვერ გამთლიანდება. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და რა გასაკვირია, რომ შენ არ მოგთხოვო, ჩემს მეგობარს.
_ ისურვებდით, რომ თქვენი მეუღლე ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეს?
_ ერთი მხრივ, არ მინდა, რადგან, თავის დროზე, ძალიან დიდი სტრესი მივიღე. მამუკა ჩოქური არის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი. როცა მუშაობს, ის სახლში არ მოდის საღამოს 7 საათზე, არამედ 12-ზე. ზოგადად, ყოველთვის მშრომელ ადამიანებს ერჩიან. მამუკა რომ გამგებელი იყო, ყოველთვის ხელი მეშლებოდა ჩემს სფეროში და ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვიდრე მამუკა ჩოქური პოლიტიკაში იქნებოდა ან გამგებლად აირჩევდნენ და ჩემი მეუღლე გახდებოდა, მე ყოველთვის ვიყავი ეკა მგალობლიშვილი და ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ჩემი მეუღლით არაფერი მქონია და მაქვს ამ სფეროში. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, ამ მხრივ მინდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს

გიორგი საკარული