1920 წლის დეკემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-18.

1920 წლის უკანასკნელი თვე _ დეკემბერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ბოლო წელიწადი. უმძიმესი, ბრძოლებითა და გაჭირვებით დატვირთული 12 თვე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა რესპუბლიკა ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა, იკვეთებოდა სახელმწიფოებრიობის კონტურები. უკვე ერთი წელი იყო, რაც მუშაობას შეუდგა დამფუძნებელი კრება, აქტიურად მიმდინარეობდა კონსტიტუციის მომზადება, რომლის მიღებაც 1921 წელს იგეგმებოდა.
ქვეყანამ მოიგერია წითელი რუსეთის სამხედრო აგრესია; წარმატებით გაუმკლავდა ბოლშევიკების მიერ მოწყობილ მასშტაბურ აჯანყებას; ჩააქრო ოსთა სეპარატული გამოსვლები ცხინვალის რეგიონში; დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან; სამშობლოს დაუბრუნდა მისი განუყოფელი ნაწილი _ აჭარა.
მიუხედავად ამისა, როგორც შიდა, ასევე საგარეო სფეროში, საქართველოს მდგომარეობა მაინც სავალალო იყო: ყოველდღე უფასურდებოდა ქართული ბონი; კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა კრიმინალი; ერთმანეთს ენაცვლებოდა ქოლერისა და ტიფის ეპიდემიები; საქართველო არ მიიღეს ერთა ლიგაში; რეგიონი დატოვა დიდი ბრიტანეთის საჯარისო ქვედანაყოფებმა და ქვეყანა ძლიერი საგარეო პარტნიორის გარეშე პირისპირ დარჩა ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური ოსმალეთის წინაშე; საბჭოთა წყობა დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთში და რეგიონში ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ საქართველო რჩებოდა.
გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის უკანასკნელ დღეს _ 31 დეკემბერს, განვლილ წელიწადს მოზრდილ მიმოხილვით სტატიას უძღვნის და დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ჯერ არ დასრულებულა: „ჩვენი უკანასკნელი წერილი საუკუნოებისათვის გადასაცემად განმზადებულ წელიწადის უკანასკნელ დღეს მწუხარებით აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მძიმე ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად და განსამტკიცებლად ჯერაც არ დასრულებულა! განთავისუფლებულ საქართველოს ისტორიული მოქიშპენი და მტრები დაუცხრომლად მუშაობენ ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის დასათრგუნავად! ყველაზე მეტი განცდა ქართველმა ერმა გასულ თორმეტი თვის მანძილზე გადიტანა და არა მარტო იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში მტერი მეტის მრისხანებითა და გაშმაგებით ეკვეთებოდა რესპუბლიკის საზღვრებს. 1920 წლისათვის ქართველი ხალხის ყველა ნაწილები, გარდა სულ უმნიშვნელო ანტიეროვნული ელემენტებისა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას თავის სამღრთო ვალად ითვლიდნენ…
1920 წელმა ცხადზე უცხადესად დაანახვა მოყვარესაც და მტერსაც, რომ საქართველოს დემოკრატია ბევრში დაუთმობს მოპირდაპირეს, ბევრს აპატიებს მოშურნესა და მტერს, მაგრამ საქართველოს ღირსების შეურაცყოფას კი არავის ჩაუტარებს მუქთად… დამოუკიდებლობის იდეას ქართველი ხალხი შეესისხლხორცა; სახელმწიფოებრივ ტრადიციებმა კვლავ სიცხოველე შეჰმატეს ქართველი ხალხის მოდუნებულ ენერგიას, კვლავ ამუშავდა შეერთებული გონება ხალხისა საქვეყნო საქმის წარმატებისთვის…
ჩვენ ვეთხოვებით ძველ წელს იმ უსათუო პირობით, რომ ახალში გადმოგვაქვს მისი პატრიოტული ტრადიციები. 1920 წლის მაგალითებმა ზოგი ახირებული ჩვენი მტრებისათვის, როგორც ეტყობა, უშედეგოთ ჩაიარეს. ჩვენი ქვეყნის აკლების მოსურნეთ საქართველოს მხედრობამ ბრძოლის ველზე საკმაო და თვალსაჩინო გაკვეთილები მისცა და გვგონია, კიდევაც აგრძნობინა, რომ მტრების გადამეტებული პრეტენზიები საქართველოს სახელმწიფო საზღვრების პირას მუდამ მოიღუნება სამშობლოსათვის თავდადებული ქართველი მხედრობის მიერ…“

სომხეთის გასაბჭოება

1920 წლის დეკემბრის დასაწყისში სომხეთში კრიტიკული ვითარება შეიქმნა. ოსმალთა არმია ერევნიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. სომხეთი სახელმწიფოებრიობის გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გარდა ამისა, დილიჟანის რაიონში ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს, რომელსაც საბჭოთა რუსეთი უჭერდა მხარს. შეიქმნა სომხეთის რევკომი. სომხური სახელმწიფო ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა. თუ მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა, ქვეყანას ბოლშევიკური რუსეთი და ქემალისტური ოსმალეთი დაინაწილებდნენ.
1920 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს მოკლე ცნობას, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ 2 დეკემბერს ერევანში დაშნაკთა მთავრობა გადადგა და ქვეყანაში მთელი ძალაუფლება სამხედროებს გადაეცათ, რომელსაც გენერალი დრო ხელმძღვანელობდა. იმავე ნომრიდან ვიგებთ, რომ სომხებსა და ქემალისტურ ოსმალეთს შორის დროებით ზავს მოეწერა ხელი.
5 დეკემბრის ნომრიდან უკვე ცნობილი ხდება, რომ სომხეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ამის შესახებ გაზეთი „საქართველო“ შემდეგ ცნობას აქვეყნებს: „ჩვენს მიერ მიღებულ ცნობებით საბჭოთა წყობილება სომხეთში ასეთს პირობებში დამყარდა: როგორც კი ერევანში ცნობილი იქნა, რომ დელიჟანში საბჭოთა მთავრობა გამოცხადდა, მოწვეულ იქნა თათბირი ვრაციანის კაბინეტის წევრთა, პარლამენტის პრეზიდიუმის და „დაშნაკცუტუნის“ პარტიის ხელმძღვანელთა.
ამ თათბირმა გადასწყვიტა მდგომარეობა: ერთნი ითხოვდენ ქემალისტებთან ზავს და მათის დახმარებით ბრძოლას ბოლშევიკებთან, მეორენი ბრძოლას ორივე ფრონტზე პარტიზანული რაზმების საშუალებით, ხოლო მესამენი და მათს შორის დროც ითხოვდენ შეთანხმებას რუსეთთან და კომუნისტებთან. გაიმარჯვა დროს პოზიციამ და რუსეთის საბჭოთა მთავრობის წარმომადგენელის ლეგრანის საშუალებით ეცნობა დილიჟანს. ვრაციანის კაბინეთი გადადგა და მთელი ძალაუფლება დროებით გადაეცა დროს.
„რევკომთან“ და ლეგრანთან შეთანხმებით, დაშნაკცაკანები ვალდებულნი არიან, არამც თუ წინააღმდეგობა გაუწიონ საბჭოთა მთავრობის დამყარებას სომხეთში, არამედ ხელი შეუწყონ მას. დაშნაკცაკანებს მიეკუთვნებათ ორი ადგილი „რევკომში“, რომელშიაც უკვე შევიდენ დრო და ტერ-ტერიანი; დანარჩენი 4 წევრი კომუნისტია.
სომხეთი ცხადდება დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად და საბჭოთა რუსეთი მოკავშირეთ და უარყოფს სევრის ხელშეკრულებას. რუსეთი ვალდებულად სთვლის თავს, სასურსათო დახმარება გაუწიოს ახალ რესპუბლიკას და დაეხმაროს მას ოსმალეთის სომხების შემოერთებაში იმ ნაწილში, რომელიც საჭიროა მისი დამოუკიდებელი არსებობისთვის ეკონომიური, ეტნოგრაფიული და სტრატეგიული ინტერესების მიხედვით“.
აზერბაიჯანის შემდეგ საბჭოთა წყობა ახლა უკვე სომხეთშიც დამყარდა. როგორც არსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, სომხეთის მმართველმა პარტია დაშნაკცუტუნმა ოსმალთა მიერ ქვეყნის სრულ ოკუპაციას ბოლშევიკურ რუსეთთან შეერთება არჩია. ასეთ შემთხვევაში სომხეთი, როგორც სახელმწიფო, ფორმალურად კი გადარჩა, მაგრამ მან ოსმალთა მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი სომხური პროვინციები დაკარგა.
უდავოა, რომ სომხეთის გასაბჭოებით საქართველო უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყანა ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო. დიდი გამჭრიახობა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ სომხეთის მსგავსად ქემალისტური ოსმალეთი და ბოლშევიკური რუსეთი ჩვენი ქვეყნის ჩაყლაპვასაც შეეცდებოდნენ.
1920 წლის 8 დეკემბერს გაზეთი „საქართველო“ ამ საფრთხეების შესახებ საკმაოდ მოზრდილ სტატიას აქვეყნებს. ამონარიდი სტატიიდან: „რკალი შეიკრა! ჩვენს სახელმწიფოს შეჰრჩა მხოლოდ ზღვა, რომელიც აერთიანებს მას კულტურულ ხალხთან, წესიერებისა და მართებულობის დამცველ სახელმწიფოებთან. სამი მხარე, მთელი ხმელეთის ხაზი არამც თუ უსპობს ჩვენს სამშობლოს საშუალებას შესაფერი დამოკიდებულება და კავშირი იქონიოს განათლებულ კაცობრიობასთან, ეს რკალი დიდი ხიფათის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხს… კიდევ მეტი: ბოლშევიკური რკალი საშიშროებას უმზადებს ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას! ის, როგორც ანტინაციონალური და ანტისახელმწიფოებრივი მომენტი არსებითად უარმყოფელია საქართველოს სუვერენიტეტისა! ბოლშევიზმს სწამს მხოლოდ სოციალური კატეგორია, ისიც თავისებურად, ისე, როგორც ჩასახულია კომუნისტების სპეციფიურ დოქტრინაში…
საქართველოს გარშემორტყმული რკალი სომხეთის მოულოდნელმა „გაწითლებამ“ შეჰკრა მთლად. კავკასიაში დარჩა ერთადერთი სახელმწიფო, ოაზისებურად განმარტოებული მოწინავე კაცობრიობას. საჭიროა იმის მტკიცება, რომ ბოლშევიკების უახლოეს მიზანს შეადგენს ჩვენი ქვეყნის „გაწითლებაც“? გაზეთებში გამოქვეყნებულ ცნობებმა, რომელთა სისწორეში ეჭვის მიტანაც კი შეუძლებელია, ცხადზე უცხადესად დაგვიმტკიცეს, რომ ბოლშევიზმს საქართველოში „ვოლონტიორების“ გარდა სათავეში უდგა მოსკოვის საბჭოთა მთავრობის სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენლობა!“

ერთა ლიგა და საქართველო

1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა _ ჟენევაში, ერთა ლიგის სესიაზე (დღევანდელი გაეროს მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაცია. მისი წესდების მე-10 მუხლის თანახმად, ლიგის წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ, დახმარებოდნენ ერთმანეთს გარე აგრესიის შემთხვევაში), ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დადგა.
კენჭისყრაში მონაწილე 24 ქვეყნიდან საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას მხარი ათმა სახელმწიფომ დაუჭირა, ოთხმა თავი შეიკავა – ათი წინააღმდეგი აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყო: საფრანგეთი, ინგლისი და დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნები: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. საქართველო იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიღმა აღმოჩნდა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი გამხდარიყო. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა და პირველ რიგში დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს თხოვნა არ დააკმაყოფილეს. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ აღმოცენებულ სახელმწიფოს ევროპა ისევ რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა და ბოლშევიკებთან ღია სამხედრო კონფრონტაციაში შესვლას ერიდებოდა.
ერთა ლიგასთან დაკავშირებულ საკითხს გაზეთმა „საქართველომ“ დეკემბერში რამდენიმე სტატია მიუძღვნა, სადაც განხილული იყო, თუ რატომ ეთქვა უარი საქართველოს გაწევრიანებაზე. გაზეთი „საქართველო“. 1920 წლის 23 დეკემბერი: „თანდათან ირკვევა ის მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს საქართველოს რესპუბლიკის ერთა ლიგაში შესვლას. რასაკვირველია, იმ ინტრიგების ლაბირინტში, რომლებითაც დაქსელილია დღეს ევროპისა და მთელი მსოფლიოს პოლიტიკა, მიზეზები, რომლებიც ჩვენ გვინდა დავასახელოთ, ერთად ერთნი არ არიან, მომავალი უფრო აშკარად ახდის ფარდას იმ წინააღმდეგობას, რომელშიც ასე უიმედოთ არის ჩაფლული ევროპა, რომელმაც ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ვითომც აღიარა და თანვე დააყოლა დაბრკოლება იურიდიულ, ფაქტიურ და სხვა მრავალნაირი არ ცნობისა, რომლითაც ასე აჭრელებულია დღეს მატიანე ახლად აღორძინებულ და დამოუკიდებლობის სარბიელზე გამოსულ ახალგაზრდა ერებისა“. შემდეგ გაზეთი წერს, რომ საქართველოს გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება მაინც რუსეთის ფაქტორი იყო, რომელიც კავკასიას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
გაზეთი აქვე აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს საგარეო მარცხის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო. კიდევ ერთ მიზეზად გაზეთი კავკასიის საკითხებში ევროპაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის სიმცირეს ასახელებს და ამაში მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სდებს ბრალს: „შემცდარია რასაკვირველია ის აზრი, თითქოს ერთა ლიგაში მიუღებლობა უარყოფითად სწყვეტდეს საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდულად ცნობას ევროპა-ამერიკის მიერ. ერთა ლიგის დადგენილება, თქმა არ უნდა, სამწუხარო აქტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის, მაგრამ ეს კიდევ არ სწყვეტს საკითხს საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებისა კატეგორიულად და საბოლოოდ. ერთა ლიგის გადაწყვეტილება, ჩვენის ღრმა რწმენით, სულ სხვა ხასიათისა იქნებოდა, საქართველოს საკითხი რომ არ ყოფილიყო ევროპის გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეთათვის „ტერრა ინკოგნიტა“, მათ რომ ნათელი წარმოდგენა ჰქონოდათ საქართველოს ხალხზე, მის წარსულზე, მის სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე და დღევანდელ სახის საქართველოს სახელმწიფოზე.
ერთა ლიგის წევრები, როგორც სჩანს, ფორმალური მოტივებით უფრო ხელმძღვანელობდნენ, როდესაც ხმას აძლევდნენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხს. ერთა ლიგის წევრებს ნამდვილი და არსებითი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ საქართველოს შესახებ, მაშინ სულ სხვაგვარად მოუვლიდნენ მის ერთა ლიგაში მიღების საკითხს. მათ ეცოდინებოდათ, რომ საქართველო სახელმწიფოებრივად ეხლა კი არ ეწყობა, არამედ ის ეხლა მხოლოდ აღადგენს უხსოვარ დროიდან მისთვის მიკუთვნებულ პოლიტიკურ სუვერენიტეტს და მაშასადამე, საქართველო არც უნდა ჩარიცხულიყო მათ მიერ იმ „ახალ სახელმწიფოთა“ რიცხვში, რომლებიც სახელმწიფოებრიობის ცნობის ძიების პროცესში იმყოფებიან“.

იძულებითი შრომითი ბეგარა

1920 წლის დეკემბრის დასაწყისში გაზეთებში მთავრობის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სავალდებულო შრომის პრაქტიკა ინერგებოდა. კამპანიის არსი ის გახლდათ, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას არ ეწეოდა, სახელმწიფო იძულებით დაასაქმებდა. მთავრობის განცხადებით, თბილისში თავი მოიყარა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა უამრავმა ადამიანმა, რომლებსაც რესპუბლიკის მოქალაქეებიც ემატებოდნენ. მათი უმეტესობა პარაზიტულ ცხოვრებას ეწეოდა, არსად მუშაობდა და კიდევ უფრო აღრმავებდა რესპუბლიკაში არსებულ ისედაც მძიმე სასურსათო კრიზისს.
შრომითი ბეგარის შემოღების შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის საბჭომ 1920 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა. ეს ინიციატივა სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ეკუთვნოდა და მისი ცხოვრებაში გატარებაც მას დაევალა. გაზეთი „საქართველო“ 9 დეკემბრის ნომერში ამ დადგენილებას სრულად ბეჭდავს. დადგენილებიდან ირკვევა, რომ შრომითი ბეგარის მოსახდელად გაწვეულები იქნებოდნენ 20-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქეები. გაწვევის პროცესს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი ზაქარია გურული უხელმძღვანელებდა.
შრომითი მობილიზაცია 1920 წლის 10-13 დეკემბერს ტარდებოდა. ის პირები, რომლებსაც შრომითი ბეგარა შეეხებოდათ, ვალდებულები იყვნენ, რეგისტრაციისთვის პლეხანოვის გამზირზე მდებარე სამხედრო სკოლის ყაზარმაში გამოცხადებულიყვნენ. აქვე აღნიშნული იყო, რომ იძულებით შრომით ბეგარაზე დასაქმებული პირები გასამრჯელოს არ მიიღებდნენ და მათ მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფდნენ: „მობილიზაციით გაწვეულნი ექვემდებარებიან სამხედრო დისციპლინის წესებს; ის პირნი, რომელნიც გაექცევიან მობილიზაციას და თავის დროზე არ გამოცხადდებიან სარეგისტრაციოთ, ჩაითვლებიან დეზერტირებად და დაისჯებიან კანონის მთელის სიმკაცრით; მობილიზაციით გაწვეულნი გაიგზავნებიან შეშის დასამზადებლათ და სხვა საზოგადო მუშაობის ასასრულებლათ და როდესაც ისინი შეასრულებენ მათზე დაკისრებულ განსაზღვრულ სამუშაოს, განთავისუფლებულ იქნებიან სათანადო მოწმობის მიცემით“.
შრომითი პროგრამის კოორდინაციისთვის სპეციალურად შექმნილი შრომის ცენტრალური კომისია მოქმედებდა, რომელიც მესანგრეთა ქუჩაზე მდებარე ყოფილ სამხედრო ყაზარმებში იყო განთავსებული. სახალხო გვარდიის შტაბის წევრებისგან დაკომპლექტებული 10-წევრიანი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. მას უნდა დაედგინა ამა თუ იმ მოქალაქის უსაქმურობის ხარისხი და ამის მიხედვით გადაეწყვიტა მისი ბედი.
მილიციის მხარდაჭერით სახალხო გვარდიის წევრებმა ტფილისში ბინების მასობრივი შემოწმება, ჩხრეკა და ქუჩებში მოქალაქეების გაჩერება დაიწყეს. თუმცა ასეთი მეთოდი სასურველ შედეგს ნაკლებად იძლეოდა. მაგალითად, სპეკულანტები, რომლებიც უსიტყვოდ ეკუთვნოდნენ პარაზიტთა კატეგორიას, ნაცნობ-მეგობრებთან ჩაწერის გარეშე ცხოვრობდნენ და შემოწმების დროს მათი ბინაში აღმოჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. საერთო ჯამში, დეკემბერში 2 ათასამდე ადამიანი დააკავეს.
სავალდებულო შრომით ბრიგადებში მობილიზებულების პირველი პარტია, თბილისიდან 20 დეკემბერს სოღულ-ბულახის ტყეში შეშის დამამზადებელ სამუშაოებზე გაგზავნეს. მობილიზებულებს დღიური ნორმა დაუწესეს, რომელიც 3 კუბომეტრს შეადგენდა. შრომითი ბრიგადის წევრი ვალდებული იყო, დღიური ნორმა შეესრულებინა. თუ იგი სამუშაოს თავს არიდებდა, მოქმედებდა საჯარიმო სანქციები და დღიური ნორმა ერთი კუბომეტრით იზრდებოდა.
დაგეგმილი იყო, სავალდებულო შრომაში მამაკაცების გარდა უსაქმური ქალებიც ჩაერთოთ. ამ მიზნით სპეციალური სამრეცხაოები უნდა მოეწყოთ, სადაც ქალები ჯარისკაცების ტანსაცმელს გარეცხავდნენ.
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის მიერ წამოწყებული შრომითი ბეგარა, სრული კრახით დასრულდა. სახელმწიფო ასეთი შრომითი ბანაკების მოსაწყობად მზად არ აღმოჩნდა. მობილიზებული მოქალაქეები ტყეში აუტანელ ყოფით პირობებში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ შესაბამისი ხელსაწყო-იარაღები და ხშირად ავადმყოფობდნენ. მაგალითად, სოღალ-ბულახის ტყეში დაახლოებით 150-მდე მობილიზებულიდან ორ კვირაში ადგილზე მხოლოდ 90 დარჩა. ორ კვირაში დაგეგმილი 4 ათასი კუბომეტრი შეშის ნაცვლად კი ბრიგადამ სულ 50 კუბომეტრი დაამზადა.
1920 წლის 10 დეკემბრის ნომერში გაზეთმა „საქართველომ“ მთავრობის ეს წამოწყება დაუნდობლად გააკრიტიკა და საქართველოს ხელისუფლება ბოლშევიკური მეთოდების გამოყენებასა და კამპანიის უაზროდ დაგეგმვაში დაადანაშაულა: „შრომის დაბეგვრისათვის ბევრგან მიუმართავთ, მაგრამ არა გვგონია სადმე ერთს ჩარჩოში ჩაემწყვდიოთ მობილიზაციის წესით გაწვეულნი და ყველას ხეები ათლევინონ. ჩვენ გვესმის იძულებითი შრომა, მაგრამ შრომის პირობები უნდა ეგუებოდეს გაწვეულის სპეციალისტობას. შეიძლება ინტელიგენტ უმუშევარს მაინცა და მაინც ჯოხები ვაფხეკინოთ? ჯერ ერთი, უმუშევრობა მუდამ არ ჰნიშნავს პარაზიტობას. ამას უნდა გარჩევა. დღევანდელს პირობებში ბევრი გულმოდგინე, მუყაითი და სახელმწიფოებრივად მომზადებული პიროვნება ჩამოშორებულია აქტიურ ასპარეზს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ამბობს, რომ ის უსაქმოა ან პარაზიტი. და თუ სახელმწიფოს მისი შრომა უნდა გამოიყენოს სასარგებლოდ, მისთვის სავალდებულოა გაწვეული ამუშაოს მისი მომზადებისა და უნარის მიხედვით. რომელიმე უმუშევარი ჟურნალისტი ან ვექილი ტყეში უნდა გაჰგზავნონ სამუშაოდ. ეს იმას ჰგავს, ჩვენ რომ ზაქარია გურულს (სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, იძულებითი შრომის პროგრამის ხელმძღვანელი) დავაკისროთ, ვთქვათ, ლოგორიფმების გამოანგარიშება და სანამ დაკისრებულს არ შეასრულებს, ოთახიდან გარეთ არ გამოვუშვათ! ხომ ჩალპა გურული ოთახში?!“

მოკლე ამბები

1920 წლის დეკემბერი საქართველოში ძლიერი ყინვებით აღინიშნა. ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ თბილისის ზოგიერთ უბანში ტრამვაის მოძრაობაც კი შეიზღუდა. ამის შესახებ გაზეთი „ერთობა“ 16 დეკემბერს ქალაქის გამგეობის სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს: „რადგან ტრამვაის ვაგონები ფუჭდება აღმართებზე დიდი ყინვების გამო, მოძრაობა ვაგონებისა ვერისა და ციციანოვის აღმართებზე უქმდება დროებით 15 დეკემბრიდან. გაუქმებულ 1 და 2 სვლაგეზების მაგივრად ივლიან მომეტებულ რიცხვით მე-5; მე-3 და მე-20 სვლაგეზების ვაგონები. მე-12 სვლაგეზის ვაგონი ივლის მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან ვიდრე ციციანოვის აღმართამდე“.
22 დეკემბერს „ერთობა“ ყინვის შედეგად ქალაქში შექმნილ კიდევ ერთ პრობლემაზე წერს. როგორც ირკვევა, ქალაქის ქვაფენილები იმდენად მოიყინა, რომ მოქალაქეები პრაქტიკულად ვეღარ დადიოდნენ. ხშირი იყო წაქცევისა და კიდურების მოტეხის შემთხვევები. გაზეთი აღნიშნავს, რომ ქალაქის ბიუჯეტს საკმარისი სახსრები არ გააჩნია, რათა ქვაფენილები მთელ თბილისში გაეწმინდა და ამიტომ საჭირო იყო სპეციალური განკარგულების გამოცემა, რომელიც სავაჭროების, მაღაზიებისა თუ კერძო სახლის მფლობელებს მათ წინ არსებული ქვაფენილების ყინულისგან გასუფთავებას დაავალდებულებდა.
31 დეკემბერს, თბილისის სამხედრო წმინდა გიორგის ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ, ორი წლის წინ დასრულებული საქართველო-სომხეთის ომის თარიღთან დაკავშიებით, წირვა და პანაშვიდი გადაიხადა. წირვა დილის თერთმეტ საათზე დაიწყო და პატრიარქმა საქართველოს ერთიანობისთვის დაცემული მებრძოლები მოიხსენია.
31 დეკემბერს გაზეთმა „საქართველომ“ თბილისის მილიციის უფროსის, პოლკოვნიკ სულაქველიძის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც დედაქალაქში საახალწლო დღეების აღნიშვნას ეხებოდა: „ვაცხადებ ქალაქ ტფილისის მცხოვრებთა და კლუბებისა, რესტორნებისა და სხვა გასართობ დაწესებულებათა მეპატრონეთა საყურადღებოთ, რომ შინაგან საქმეთა ბ-ნი მინისტრის ბრძანებით, ახალი წლის წინა ღამეს, ე. ი. პარასკევს 31 დეკემბერს ყველა კლუბებს, რესტორნებს და სხვა სავაჭრო გასართობ დაწესებულებებს ვაჭრობის ნება ეძლევათ ღამის ორ საათამდის.
ამასთანავე საჭიროთ ვრაცხ გავაფრთხილო მოქალაქენი, ჩვეულებათ გადაქცეული ახალი წლის სროლით შეხვედრა დაუშვებელია. გაცემული მაქვს ბრძანება, სასტიკ პასუხის გებაში იქნება მიცემული ის პირნი, რომლებიც დაჭერილი და შემჩნეული იქნებიან სროლაში“.

მიხეილ ბასილაძე