12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ფურორი მოახდინა

ალექსანდრე ზაზარაშვილი 12 წლის მომღერალია სოფელ რუისიდან. მას საზოგადოება ქართული სატელევიზიო პროექტებიდან იცნობს, ამჯერად ის უკრაინის საბავშვო ხმაში გამოვიდა და ცნობილი ჰიტი „All By Myself“ შეასრულა. „All By Myself“ ერიკ კარმენის სიმღერაა, რომელშიც მელოდია რახმანინოვის საკონცერტო ნაწარმოებიდანაა გამოყენებული. მას ასრულებს ამერიკელი მუსიკოსი სელინ დიონი.

ალექსანდრე ზაზარაშვილს ჟიურის ოთხივე წევრი შემოუბრუნდა. მისი ნამღერით აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოდგა, ჟიურიმ კი ცრემლი ვერ შეიკავა. პატარა ხელოვანმა ჟიურის თხოვნით კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა _ ხალხური „ლალე“ და თავისი მუსიკალური მონაცემებით აუდიტორია კიდევ ერთხელ გააოცა. უკრაინაში Voice-ის მეხუთე სეზონი 26 მაისს დაიწყო და ქართველი მონაწილე პირველივე გადაცემაში გამოჩნდა. შემდეგი ტური 23 ივნისს გაიმართება. ამჯერად პატარა მომღერალი საქართველოში იმყოფება. ის ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანია, რადგან ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა.

_ ალექსანდრე, პირველ რიგში, „ქრონიკა+“-ის სახელით გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას უკრაინულ „ვოისში“. ახლა მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტე, აღნიშნულ კონკურსში მიგეღო მონაწილეობა?
_ ყოველთვის ვუყურებდი მსოფლიოს „ვოისებს“, ძალიან პოპულარული პროექტია და მომწონს. როდესაც ბავშვებს და მათ ემოციებს ვაკვირდებოდი, მეც გამიჩნდა სურვილი, ეს შეგრძნებები გამომეცადა. ამიტომ გადავწყვიტე უკრაინის „ვოისში“ მონაწილეობა.
_ ელოდებოდი ასეთ წარმატებას და გამოხმაურებას? შენი ნამღერი იმდენად ემოციური იყო, ჟიურის წევრებიც კი ატირდნენ. ყველა გაოცებულია შენი ვოკალური მონაცემებით.
_ რა თქმა უნდა, ველოდი. როდესაც კონკურსებზე გავდივარ, ხშირად ვაკვირდები ხოლმე ჟიურის წევრებს და მათ ემოციებს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ სახეებს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარბაზში ხალხს ვუყურებდი და იქიდან ვხვდებოდი, რას გრძნობდნენ ჩემი სიმღერის დროს. სიტყვები არ მყოფნის, უბედნიერესი ვარ.
_ საქართველოში ყველა შენზე საუბრობს და შენით ამაყობენ… როგორ ფიქრობ, რატომ?
_ გარკვეულწილად, ეს ქართული სიმღერის დამსახურებაა, რომელიც ჟიურის თხოვნის შემდეგ შევასრულე „ვოისის“ სცენაზე. ქართველებს ძალიან ესიამოვნათ, ყველა მწერს და მეუბნება, რომ ჩემი სიმღერით ძალიან ამაყობს.
_ პროექტი ისევ გრძელდება და ბუნებრივია, გამარჯვების სურვილიც გაქვს. როგორ ფიქრობ, რთული იქნება?
_ შემდეგ რინგის ტური 23 ივნისს გაიმართება. ჟიურისა და დარბაზის ემოციების მერე ველოდები, რომ ბოლომდე გავალ და აუცილებლად კიდევ ბევრჯერ ვანახებ ხალხს, თუ რა შემიძლია სიმღერაში. ჩემი მიზანი რაც იყო, ეს უკვე ასრულდა, _ ადამიანების ძალიან დიდი სიყვარული დავიმსახურე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას, ვინც მსგავს კონკურსში მონაწილეობს, ბუნებრივია, გამარჯვება სურს, მეც მინდა, რომ გავიმარჯვო. გავიმარჯვებ თუ არა, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
_ სიმღერა რა ასაკიდან დაიწყე?
_ რაც თავი მახსოვს, მუსიკა ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, 3 წლიდან ვმღერი. ჩემი და მღეროდა გუნდში, ერთ დღეს წავყევი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მღეროდა და როდესაც რეპეტიციას ვესწრებოდი, ერთი ბავშვი რაღაც სიმღერის სოლო ნაწილს ვერ მღეროდა, უცებ ავყევი და ის ნაწილი გავიმეორე. მასწავლებელი გაოცდა, ჩემთან მოვიდა, გუნდში ჩამაყენა და იმ დღის შემდეგ დავრჩი. გუნდმა ძალიან ბევრი წარმატება მომიტანა. პირველად 4 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა ფესტივალში, ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე, სოლო სიმღერაში გამომეცადა საკუთარი თავი და ესტრადის პედაგოგ ქალბატონ ნანა სამხარაძესთან მივედი, რომელიც კონკურსებისთვის მამეცადინებდა.
_ მუსიკის გარდა რა გატაცებები გაქვს?
_ მუსიკის გარდა ძალიან მიყვარს მსახიობობა და უკვე გადამიღეს ფილმში, რომელიც მალე გამოვა. მე ვიქნები ბავშვი, რომელმაც ომიანობის პერიოდში თავისი ოჯახი დაკარგა და სურს, რომ იტალიაში მუსიკალურ კონკურსზე წავიდეს და გაიმარჯვოს. მას არ აქვს საკმარისი ფინანსები, რომ ეს იდეა განახორციელოს და ფულის შეგროვებას იწყებს _ ხორბალს ყიდის. სხვას ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, რომ საინტერესო ფილმი იქნება.
_ მეგობრები როგორ შეხვდნენ შენს წარმატებას?
_ ადრე ასეთი აჟიოტაჟით არ მხვდებოდნენ ხოლმე ჩემი მეგობრები და კლასელები, მაგრამ ახლა ისეთი მაგარი დახვედრა მომიწყვეს, უბედნიერესი ვიყავი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მეორე დღეს წავედი სკოლაში და დამახვედრეს ტორტი, ბუშტები… ბავშვები და მასწავლებლები მილოცავდნენ, ყველა ჩემს სახელს ყვიროდა.
_ ოჯახის წევრებზეც მოგვიყევი, ბუნებრივია, ძალიან ამაყობენ შენით…
_ ჩემი მშობლები არიან გულიკო და გურამი. ისინი ძალიან მგულშემატკივრობენ, კონკრეტულად უკრაინაში მხოლოდ მამაჩემმა მოახერხა წამოსვლა, რომელიც ძალიან ნერვიულობდა. მისი ტირილის კადრებიც ნახა ყველამ, დედაჩემი კი ორმაგად ნერვიულობდა, რადგან იმ დროს ჩემ გვერდით არ იმყოფებოდა. ჩემი დისთვისაც ემოციური იყო, ასევე ძალიან მგულშემატკივრობდნენ ჩემი ბაბუა, ბებიები, რომლებიც ერთი იტალიაში, მეორე კი თურქეთში იმყოფება. ერთ რამეს მოგიყვებით: როცა საქართველოში ჩამოვედი, დეიდაჩემმა დამირეკა და მითხრა, _ ხვალ რომ გაიღვიძებ, სულ სხვანაირი გახდება შენი ცხოვრებაო. მართლაც, ეგრე მოხდა, გავიღვიძე და ყველამ იცოდა ჩემი სახელი და გვარი, ყველა მცნობს და იცის, რა გავაკეთე „ვოისში“. ორი დეიდა მყავს _ ეკა და მაკა, ეკა ყველაგან ავრცელებს ჩემს ვიდეოებს, მეორე დეიდა კი ყველა კომენტარს კითხულობს, ვინ რა დამიწერა.
_ მოგწონს პოპულარობა?
_ რა თქმა უნდა! ასეთი შეგრძნებები არასდროს მქონია, ძალიან მომწონს, რადგან მაღაზიაში შევდივარ და სრულიად უცხო ადამიანებს ჩემი ვიდეო აქვთ ჩართული და ჩემს სიმღერებს უსმენენ, ზოგს ცრემლი მოსდის. მიყურებენ და ამბობენ: ჩვენი ვარსკვლავი მოდის, შენი ქვეყანა ასახელეო. ეს ყველაფერი ჩემთვის მართლა ძალიან სასიამოვნოა და მართლა არასდროს მინდა, ეს დამთავრდეს.
_ როგორი იქნება შენი მუსიკალური კარიერა 10 წლის შემდეგ?
_ ზუსტად ვერავინ იტყვის, რა მოხდება მომავალში, თუმცა ძალიან მინდა, მსოფლიო დონის მომღერალი ვიყო. მინდა, რომ უფრო მეტი ვისწავლო და მეტად დავხვეწო ჩემი მუსიკალური მონაცემები. ვფიქრობ, 10 წლის შემდეგაც იგივე საქმეს გავაკეთებ, ოღონდ უფრო დახვეწილად.
_ რას ფიქრობ ქართულ სიმღერაზე?
_ ჩემთვის ქართული მუსიკა ძალიან ბევრს ნიშნავს. შესაძლოა, ის ჩემს თანატოლებში არ იყოს ძალიან პოპულარული, თუმცა ვფიქრობ, რომ შესასრულებლად ძალიან რთულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალი და კომპოზიტორია. მათი სიმღერები რთული და გულში ჩამწვდომია, მათ მხოლოდ სიმღერისთვის ვერ დაიზეპირებ, ის უნდა შეიგრძნო და გაითავისო, რომ სწორად გადმოსცე ემოციები… მოკლედ, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა.
_ დაბოლოს, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გგულშემატკივრობენ?
_ მადლობას გადავუხდი აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი ოდნავ მაინც გაუხარდა ჩემი წარმატებული გამოსვლა უკრაინაში. დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის და სიყვარულისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოხატეს.

ლევან ქემოკლიძე