გია ნოდია: „სააკაშვილის გაურკვეველი სტატუსი ოპოზიციის შიგნით პრობლემებს ქმნის“

მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების სურვილი, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარებულიყო, აუხდენელ ოცნებად დარჩა. თუმცა სააკაშვილს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლა არ დააყოვნა.

რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით? რაზე მოახდინა გავლენა ამ არჩევნებმა? რამდენად დადებითად იმოქმედებს ოპოზიციისთვის სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება? რეალურია თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება? რამდენად სწორი პოზიცია აქვს ხელისუფლებას დავითგარეჯასთან დაკავშირებით?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით?
_ ამ შედეგებმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ რა მოლოდინები აქვს საზოგადოებას 2020 წლის არჩევნების მიმართ. თუ ოპოზიციას რაღაც ზომის იმედები ჰქონდა, რომ 2020 წელს შეიძლება გამარჯვება, ამ არჩევნებმა ეს იმედები შეამცირა, ანუ აჩვენა, რომ იმ პირობებში, რა რეალობაშიც საქართველოში არჩევნები ტარდება, მაინც დომინანტ მოთამაშედ რჩება „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით, მაჟორიტარული სისტემით მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მართლაც შეუძლებელია მმართველ გუნდთან ბრძოლა და 2020 წელსაც შეუძლებელი იქნება, რადგან 2020 წლამდე ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ამ არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და საზოგადოების განწყობებზე ასეთი გავლენა მოახდინა.
_ კონკრეტულად ზუგდიდის მერის არჩევნები რომ განვიხილოთ, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ ჩვეული მეთოდებით იბრძოდა, შავ პიარს ვგულისხმობ. ხშირად ხაზს უსვამდნენ, რომ სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მეუღლეა და ამას უარყოფით კონტექსტში იხსენიებდნენ. არჩევნების შედეგებმა დაამტკიცა თუ არა, რომ მიშას ფაქტორი კიდევ უარყოფითად მოქმედებს ამომრჩეველზე?
_ ცოტა ცალმხრივი იქნება, რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ მიშას ფაქტორს იყენებდა. სანდრა სწორედ იმიტომ დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ მიშას ფაქტორი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. სანდრა დამოუკიდებლად, მაინცდამაინც, აქტიური პოლიტიკოსი არ არის. პრაქტიკულად, მათ პირდაპირ მიხეილ სააკაშვილი დააყენეს და ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნება“ საქმეს ისე აჩენდა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილს ებრძოდნენ და არა სანდრა რულოვსს. თუმცა ცხადია, სანდრაზეც იყო შავი პიარი. ასევე ცხადია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა მესიჯი არჩევნებზე არ აქვს, მისი პიარის 80%-ია“: „ნაციონალები“ არ უნდა დავაბრუნოთ და ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველო „ნაციონალებისგან“ _ ეს არის მათი არათუ ძირითადი, არამედ, პრაქტიკულად, ერთადერთი გზავნილი. ზუგდიდში მათ, ერთგვარად, საქმე გაუადვილდათ იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, პირდაპირ სააკაშვილს ებრძოდნენ. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კი ორი რამ მოქმედებს, ერთი: მთავრობაა და ადმინისტრაციული რესურსი აქვს; მეორე: დამატებით ამომრჩევლებზე ესეც მოქმედებს, რომ ამბობენ, მიშა ცუდია და ჩვენ გიცავთ სააკაშვილისგანო.
_ როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ რამდენად ლოგიკურად იმოქმედა ოპოზიციამ? ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც აანონსებდა საპროტესტო აქციებს და ახლაც, თუმცა ვნახეთ, როგორც დასრულდა. ეს ხომ არ იწვევს ამომრჩეველში უნდობლობას?
_ თუ სააკაშვილზე გავაგრძელებთ საუბარს, ერთი მხრივ, სააკაშვილი ოპოზიციის ძლიერი მხარეა, იმიტომ, რომ მას აქვს ქარიზმა, მას ჰყავს მომხრეები, რომლებიც პირადად მისი მომხრეები არიან და არა, ზოგადად, ოპოზიციის, ეს მომხრეები ოპოზიციური არმიის მნიშვნელოვანი ნაწილია; მაგრამ, მეორე მხრივ, ის პრობლემებსაც უქმნის ოპოზიციას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ქართული ოცნებისთვის“ კარგი სამიზნეა, არამედ იმიტომ, რომ მისი გაურკვეველი სტატუსი ოპოზიციის შიგნით პრობლემებს ქმნის. გაურკვეველ სტატუსში ვგულისხმობ იმას, რომ ის ფორმალურად არ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ, ფაქტობრივად, ოპოზიციის არაფორმალური ლიდერია. ის არ არის საქართველოში. შესაბამისად, მას არ შეუძლია იყოს პარტიის ლიდერი, რადგან უშუალოდ სიტუაციას ვერ გრძნობს. გაურკვეველი კავშირი აქვს დაკარგულ სიტუაციასთან, რაც ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა და შესაბამისად, მისი ხედვები, შესაძლოა, ადეკვატური არ იყოს. კერძოდ, მას შეიძლება ეგონოს, რომ საქართველოში ძლიერი საპროტესტო მუხტია და ეს საკმარისია ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსასვლელად, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე არ იყოს. თუმცა სააკაშვილი მაინც ამისკენ მოუწოდებს პარტიასა და თავის მომხრეებს. ეს კი უკმაყოფილებასა და დაბნეულობას იწვევს პარტიაში, რადგან გაურკვეველია, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. სააკაშვილს ფორმალურად არ ეკუთვნის და, ფაქტობრივად, ვერ მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ის მაინც მიიჩნევა ლიდერად. არც არავინ არის თბილისში, ვინც რეალურად ამ პარტიის ლიდერია. გასაგებია, რომ ფორმალურად ასეთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გახდა, მაგრამ რეალურად არავინ აღიქვამს გრიგოლ ვაშაძეს ლიდერად. მაინც ითვლება, რომ სააკაშვილი რაღაცას იტყვის, სადაც არის იქიდან და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც ვაშაძე იტყვის.
_ ამ არჩევნების შედეგად გამოიკვეთა თუ არა ის, რომ ოპოზიცია არ არის სათანადო ფორმაში და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აკეთებს? თუ ისევ იქამდე მივდივართ, რომ ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი „ქართული ოცნების“ მხარეს დგას?
_ ერთი მეორეს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ცხადია, რომ ადმინისტრაციული რესურსი მნიშვნელოვანია, ზუგდიდსა და მთაწმინდაზეც ლადო კახაძე პირველ ადგილზე რომ გავიდა, სწორედ ადმინისტრაციული რესურსი აღმოჩნდა გადამწყვეტი. ქართულ არჩევნებში ყველა ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად, ასე იყო. არჩევნები თანასწორი არ არის, ხელისუფლებას აქვს ფორა და სწორედ ამ ფორას ვეძახით ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ ოპოზიციამ უნდა აჯობოს და ამ ფორიანად უნდა მოუგოს. წარმოვიდგინოთ, რომ ფეხბურთის მატჩის წინ ერთი გუნდი მეორეს 2:0 უგებს, მაგრამ მეორე გუნდმა, ამ შემთხვევაში ოპოზიციამ, 3:2 მაინც მოუგოს. ის ფორა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის წყალობით აქვს, ოპოზიციამ უნდა გააქარწყლოს. არ არის საკმარისი, რომ ოპოზიცია შედარებით უფრო პოპულარული უნდა იყოს, ვიდრე ხელისუფლება, ის ბევრად უფრო პოპულარული უნდა იყოს, ვიდრე მმართველი გუნდი. ამავდროულად, ბევრად უფრო ორგანიზებული და შეკრული უნდა იყოს, ეს ნამდვილად არ უჩვენებია ოპოზიციას ამ არჩევნებში.
_ რა უშლის ხელს ამ მოცემულობაში ოპოზიციის კონსოლიდაციას?
_ ამ მოცემულობაში ხელს უშლის ჯგუფური ეგოიზმი. ამის მაგალითია მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებული განცხადებები „გირჩისგან“, ელისაშვილისგან, გრიგოლ გეგელიასგან. მათ მომხრეების შედარებით მცირე ჯგუფი ჰყავთ და ამ ჯგუფში უფრო კარგად იყიდება პოზიცია, რომ ისინი ცალკე არიან და თავისთვის არიან. ამ მომხრეების ბირთვის შესანარჩუნებლად უფრო მომგებიანი იყო, არ ეთქვათ, რომ შავგულიძეს დაუჭერდნენ მხარს, რადგან ვიღაცისთვის იმ ჯგუფში მიუღებელია, მაგალითად, გიგი უგულავა ან ბოკერია ან სხვა ვინმე. ისინი ამ პატარა ბირთვის შესანარჩუნებლად იბრძვიან. მათი ასეთი ქცევა რომ საქართველოში დემოკრატიისთვის საზიანოა, როგორც ჩანს, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მოკლევადიანი პოლიტიკური ჯგუფური ეგოიზმი ამოძრავებთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია ოპოზიციის რაღაცნაირად შეკვრა. საზოგადოების იმ ნაწილში და, ჩემი აზრით, ეს უმრავლესობაა, უნდა დამკვიდრდეს მოსაზრება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეცვლის ერთადერთი გზაა ოპოზიციის კოორდინაცია. არ არის აუცილებელი გაერთიანება, თუმცა აუცილებელია კოორდინაცია.
_ შუალედური არჩევნები საინტერესო იყო იმითაც, გამოჩნდებოდა თუ არა მესამე ძალა, თუმცა ასეთი ძალა არ გამოჩნდა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ 2020 წელსაც არ უნდა ველოდოთ უკვე მითად ქცეულ მესამე ძალას?
_ გააჩნია, ვის დავუძახებთ მესამე ძალას. „ევროპულ საქართველოს“ პრეტენზია აქვს, რომ მესამე ძალაა, ელისაშვილს და მის გაერთიანებას, რომელიც რეალურად არსებობს თუ არ ვიცი, რაღაცნაირად, ისიც ელისაშვილის აჩრდილია, _ იმასაც აქვს პრეტენზია, რომ მესამე ძალაა და ბევრ სხვასაც აქვს მსგავსი პრეტენზია. ჩვენ ბევრი „მესამე ძალა“ ვნახეთ. ახალი ქარიზმატული ლიდერი და მხსნელი საიდანღაც უნდა ჩამოფრინდეს. პაატა ბურჭულაძე ეცადა, ასეთი ლიდერი ყოფილიყო, თუმცა იმასაც არ გამოუვიდა, მაგრამ გამორიცხული არასდროსაა. 2011 წელს, სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, არავის გახსენებია, რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი მესამე ძალა. მაშინაც ითვლებოდა, რომ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ საიდანღაც გამოჩნდა, ციდან ჩამოფრინდა ბიძინა ივანიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. ეს რაღაც ღმერთის ჩარევას ჰგავს, მაშინ ბიძინას გამოჩენა პოლიტიკური სასწაული იყო. სასწაული სწორედ იმიტომაა სასწაული, რომ წინასწარ ვერ იწინასწარმეტყველებ. ამ ეტაპზე მითოლოგიური „მესამე ძალის“ გამოჩენის არანირი ნიშანი არ ჩანს.
_ თავის დროზე სასწაულებრივად გამოჩენილ ბიძინა ივანიშვილს რამდენად გამოადგება შუა გაკრეფის მეთოდი 2020 წელს და როგორ ფიქრობთ, მას სჭირდება თუ არა ამ ეტაპზე საკუთარი ოპოზიციური გუნდის ფორმირება?
_ ბიძინა ივანიშვილი რომ ამ მეთოდს გამოიყენებს, ეს შეგვიძლია 99.5%-ით ვთქვათ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, რომც მოინდომოს, სხვა რამე მოიფიქროს. შესაძლოა, ეს მეთოდი გამოადგეს კიდეც. შესაძლებელია, რაღაც ისეთი მოხდეს, რომ აღარ გამოადგეს. რაც შეეხება თავისი ოპოზიციური გუნდის ფორმირებას, არა მგონია, რომ ეს მოხდეს, რადგან ივანიშვილი, ჯერჯერობით, საკუთარ თავს ემყარება. ივანიშვილს ეს იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუ მას თავის იმედი არ ექნება. ამ შუალედური არჩევნების შემდეგ კი, ალბათ, გაუძლიერდა რწმენა, რომ არ სჭირდება ფსევდოოპოზიციური პარტიების დახმარება და თავისით მოიგებს 2020 წლის არჩევნებს, თუმცა თუ გაუჭირდა, რა თქმა უნდა, ამ მეთოდსაც გამოიყენებს და არც სჭირდება პოლიტიკური პარტიის შექმნა, რადგან უკვე არსებობს ასეთი ფსევდოოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც, ფაქტობრივად, მისი მოკავშირეა და მისი გამოყენება შესაძლებელია
_ ამ არჩევნებით დადასტურდა, რომ რევოლუციური განწყობა ხალხში არ არის, თუმცა შესაძლებელია თუ არა, რომ 2020 წლამდე უცებ იფეთქოს რევოლუციურმა განწყობამ?
_ ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი დემოკრატია და ნაწილობრივი ავტორიტარიზმი, სადაც, პრინციპში, შესაძლებელია არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია და ხალხის ნდობაც არჩევნების ინსტიტუტის მიმართ დაბალია. ხელისუფლება თუნდაც არაპოპულარული იყოს და ხალხს სურდეს მისი გაშვება _ არ სჯერა, რომ არჩევნებით ამის გაკეთება შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის რევოლუციის შანსი. ჩვენ გარშემო რევოლუციის აჩრდილი ყოველთვის დაძრწის, მაგრამ როდის იქცევა ეს აჩრდილი რეალურ მოვლენად, ამის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია. შეიძლება, კიევში მყოფ სააკაშვილს ჰგონია, რომ ეს აჩრდილი რეალობაა და ხვალ ან ზეგ მოხდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ცდება და ეს განწყობა არ არის. მეორე მხრივ, შესაძლოა, ხელისუფლებას შეეშალოს და აღმოჩნდეს, რომ შესაძლებელია რევოლუციური სცენარიც. შარშან სომხეთის რევოლუცია წინასწარ ვერავის წარმოედგინა. მეტიც, როცა ეს გამოსვლები იწყებოდა, მაშინაც არ ეგონა ხალხს, რომ იგი წარმატებით დასრულდებოდა. ვინც მონაწილეობდა, ისინიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ უნდა გაეპროტესტებინათ. შემდეგ თვითონაც გაუკვირდათ, როგორ გამოუვიდათ. ზოგადად, რევოლუციები თავისი ბუნებით ისეთი რამ არის, რომ წინასწარმეტყველებას არ ექვემდებარება. 1917 წლის რუსეთის რევოლუცია რომ გავიხსენოთ, თებერვალში მოხდა რევოლუცია, ლენინი კი იანვარში ამბობდა, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდება, მაგრამ მე ვერ მოვესწრებიო. ასე რომ, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ, ვინ იქნება ლიდერი. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ რადგან ყველაზე მეტს რევოლუციაზე სააკაშვილი და მისი ერთგული მომხრეები საუბრობენ, ე. ი. რევოლუცია აუცილებლად მოხდება სააკაშვილის ლიდერობით ან სააკაშვილის მომხრეების ეგიდით, მაგრამ ესეც არ არის აუცილებელი.
_ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნების“ დამარცხების საკითხი მიშა სააკაშვილის აქტიურობაზე გადის. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ მიშა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება, ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტი შანსი ექნება?
_ ეს არის ვარაუდი და ამის შემოწმება შეიძლება მხოლოდ რეალობით, ანუ თუ მართლაც ჩამოშორდა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას, მაშინ დავინახავთ ზუსტად. ამას კი პოზიტიური მხარეც ექნება და ნეგატიურიც. არ ვიცით, მისი პირადი მომხრეები ვის მიემხრობიან და არ ვიცით ასევე მიშას გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას. ზვიად გამსახურდია რომ გავიხსენოთ, პრეზიდენტის პოსტის დაკარგვის შემდეგ მისი მომხრეები დაიქსაქსნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ იგივე არ მოუვა „ნაციონალურ მოძრაობას“. ასე რომ, ამას ოპოზიციისთვის ექნება როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მხარეც. ბევრი დარწმუნებულია, მიშა რომ არ იყოს, ჩვენ დავამარცხებთ „ქართულ ოცნებასო“ _ ეს ასე მარტივი არ არის, თუმცა არც გამორიცხულია.
_ როგორ ფიქრობთ, რით იყო განპირობებული უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით?
_ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ორი რამით იყო განპირობებული: ზელენსკიმ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, საჯაროდ შეაფასა, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო და შეჰპირდა კიდეც მას მოქალაქეობის დაბრუნებას, ამიტომ ის უკან ვერ დაიხევდა და უნდა დაებრუნებინა მოქალაქეობა; მეორეც, სავარაუდოდ, სააკაშვილს რაღაც მხარდაჭერა აქვს და ზელენსკის უნდა, სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმები არჩევნებზე გამოიყენოს. ესეც სავსებით რაციონალური მოსაზრებაა. მე ზელენსკის არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ფიქრობს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო მისი მოტივები. ამის შემდეგ როგორ წარიმართება სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება უკრაინაში, ანუ ზელენსკი მას რაიმე როლს მიანიჭებს თუ არა, ამაზე, ჯერჯერობით, რაიმეს თქმა შეუძლებელია.
_ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა, კიდევ ერთხელ შემოუთვალა ივანიშვილს, მალე ჩამოვალ საქართველოშიცო. უკვე წლებია, ეს გვესმის.
_ ის ამას ამბობს იმისთვის, რომ თავისი მომხრეები შეაგულიანოს და რაღაც იმედები გაუჩინოს. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ცოტა სასაცილო ხდება, როდესაც ამბობ, ჩამოვალო და არ ჩამოდიხარ. რაც არ უნდა შენზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი იყოს შესაძლოა, იმასაც გაუჩნდეს რაღაც ეჭვები: რომ თუ ამბობს, ჩამოვდივარ, მართლა ჩამოვიდეს, იმ ციხეში კი თუ ზის ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, ისიც ჩაჯდეს _ ეს აზრი შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის იმედების მუდმივი გაცოცხლება ჭკვიანური სტრატეგია იყოს, მაგრამ მას აქვს ეს სტრატეგია. რელურად, ის არსად ჩამომსვლელი არ არის. მას ივანიშვილის ციხეში ჯდომის არავითარი სურვილი არ აქვს. ამის სურვილი, რომ ჰქონოდა, თუნდაც, 2016 წელს არჩევნების პერიოდში ჩამოვიდოდა. მით უმეტეს, თუ უკრაინაში რაღაც საქმე გამოუჩნდა და რაღაც ფუნქცია მონახა, კიდევ უფრო მეტად არ მოუვა აზრად საქართველოში ჩამოსვლა. მისთვის საქართველოში ჩამოსვლა სასოწარკვეთის ტოლფასი იქნება, რომ არაფერი გამოუვიდა და ამას მაინც ცდის. თუმცა მისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმის წარმოდგენაც კი მიჭირს. თეორიულად ვამბობ, რომ ეს იქნებოდა სასოწარკვეთის ნაბიჯი.
_ ბოლო კვირების ყველაზე აქტუალური საკითხი დავითგარეჯაა. როგორ ფიქრობთ, სიტუაციის გამწვავება გამოიწვია თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა?
_ ამას თვითონ სალომე ზურაბიშვილიც ამბობს პირდაპირ, რომ ჩემგან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერიო, თან რაღაცნაირი სიამაყით თქვა. ზუსტად არ ვიცით, რატომ გადაკეტა აზერბაიჯანმა საზღვარი, უშუალო ბიძგი, ცხადია, აზერბაიჯანის მხრიდან რამდენიმე დღით საზღვრის გადაკეტვა იყო და მომლოცველების, ტურისტების არმიშვება მონასტრის ტერიტორიაზე, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ეს ყოფილიყო აზერბაიჯანული მხარიდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე პასუხი. ყველაზე რბილი გამოთქმები რომ გამოვიყენოთ, ცხადია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ძალიან გაუაზრებელი და წინდაუხედავი. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ამას მიხვდა. შეიძლება, საჯაროდ ეს არ აღიაროს, მაგრამ იმედია, თვითონ მიხვდა და ასეთ რამეს აღარ გაიმეორებს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი იმგვარი პოლიტიკოსია, როდის რას იტყვის და როდის რას აურევს, არასდროს იცი.
_ ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ბაქოში ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკების გამართვა შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს?
_ იურიდიულად თუ შეიძლება რაიმე მუხლი მიუყენო მის ქმედებას, ნამდვილად არ ვიცი და კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია, ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური. თუმცა რომც ჩავთვლოთ, რომ ეს იურიდიულად საიმპიჩმენტო ამბავია, რა თქმა უნდა, სრულიად თეორიული შესაძლებლობის დონეზე 0% რჩება იმისა, რომ პარლამენტმა ან „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ სასამართლომ ეს გააკეთოს. ასე რომ, ეს არის ოპოზიციის ოცნება.
_ დავითგარეჯასთან დაკავშირებით ორი უკიდურესობა მივიღეთ: პრეზიდენტი თავისი მწვავე და მკაფიო განცხადებებით და ხელისუფლება, რომელიც დუმს. რამდენად გამართლებულია პოლიტიკურად ხელისუფლების დუმილი? რამდენად სერიოზულია მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას შეუძლია ამ საკითხის მოგვარება?
_ ხელისუფლებას დუმილის გარდა, პრინციპში, სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ შემთხვევაში ხელისულებას არაფერში ვამტყუნებ. ეს საზღვარი გავლებულია საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დაშლა კი იმ პირობით მოხდა, რომ იმდროინდელი საზღვრები უნდა შენარჩუნებულიყო. თუ საქართველო კატეგორიულად მოითხოვს ამ საზღვრების გადასინჯვას, ის არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ წავა. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როდესაც რაიმე წარმატების შანსი არ გაქვს, გამწვავებებზე წასვლა პოლიტიკური სიგიჟეა. მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ არაფერი გამოვა, პოლიტიკურად წამგებიანია, ამიტომ არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარდა ამაზე საუბარი. სხვათა შორის, არც აზერბაიჯანის ხელისუფლებას უყვარდა ამაზე საუბარი. აზერბაიჯანიც, გარკვეულწილად, დათმობაზე მიდის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ პირობებში, ცალკეულ ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, არანაირად არ უშლის ხელს ამ ხალხის გადასვლას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არც პასპორტებს ამოწმებს, არც დისკომფორტს უქმნის. შესაძლოა, აზერბაიჯანელებს თავიანთმა ნაციონალისტებმა შეუტიონ, _ ჩვენი ტერიტორიაა და ქართველებს თავისუფლად რატომ აპარპაშებთო? ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, რაც იყო მრავალი წლის მანძილზე. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ნაწილობრივ სერიოზულია იმ კუთხით, რომ მას მართლაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა (დღეს როგორი ურთიერთობა აქვს, არ ვიცი) ილჰამ ალიევთან, მაგრამ მას რეალურად არაფრის მოგვარება არ შეუძლია, რადგან არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას და ეს საქართველოს ხელისუფლების საქმეა. კარგია ეს ხელისუფლება თუ ცუდია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს პასუხისმგებლობა მათზეა. სააკაშვილის განცხადება კი, რა თქმა უნდა, ერთგვარად, პიარზე იყო გათვლილი.

ნენე ინჯგია