საქართველო და ჰიდროენერგეტიკა _ ალტერნატივის გარეშე

ბოლო წლების მანძილზე ჰესების მშენებლობის წინაამღდეგ გამოსვლა საქართველოში ერთგვარი მოდა გახდა, თავის გამოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო, უტყუარი და უსაფრთხო საშუალება.
გააფთრებულ პროპაგანდას, რომელსაც აწარმოებენ ეკოლოგიური ორგანიზაციები, დაემატა ქართველებში არსებული ინსტინქტური ფობიები და შედეგად _ მთელი ქვეყანა, დიდიან-პატარიანად, მთელი ძალით და ღონით ჩაება ბრძოლაში ჰესების წინაამღდეგ.

არის ამაში რაღაც ირაციონალური _ ასეთი საყოველთაო და ტოტალური მიუღებლობა არ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ ბუნების დაცვასთან. ისიც ქვეყანაში, სადაც ჰესებთან მებრძოლები დაუნდობლად ჩეხენ ტყეებს და პურის საყიდლადაც კი დადიან მანქანებით _ რის გამოც თბილისში სუფთა ჰაერი გაქრა, როგორც მოვლენა.
ამ ფონზე ძალიან მოდური გახდა საუბარი ალტერნატიულ ენერგეტიკაზე _ პირველი რიგში, მზესა და ქარზე.
ამ თემაზე ლაპარაკობენ ისე უაპელაციოდ და დარწმუნებით, რომ საქმეში ჩაუხედავი, რიგითი ადამიანი მართლაც დაიჯერებს, რომ შესაძლებელია, ჰესების ნაცვლად ააშენო მზისა და ქარის ელექტროსადგურები _ და საბოლოო ჯამში, გვექნება კარგი ეკოლოგიაც და ბევრი ელექტროენერგია.
გახსოვთ, 80-ანი წლების ბოლოს: „ბორჯომს გავყიდით და კარგად ვიცხოვრებთ“? დაახლოებით ამ პათოსისაა „მწვანე ენერგეტიკის“ მომხრეთა არგუმენტაცია. როგორც ყოველთვის, საქართველოში ხმამაღლა და ომახიანად ლაპარაკობენ იმაზე, რაც არ იციან.
მაშ, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება ამ საკითხში? იქნებ, მართლა ყვავის მწვანე ენერგეტიკა მთელ მსოფლიოში და მაინცდამაინც საქართველოში დაიჩემა ვიღაცამ ჰესები?
ჯერ მშრალი ციფრები. მზისა და ქარის ენერგიის წილი სხვადასხვა ქვეყნებში სხვანაირია:
ყველაზე მაღალი წილი მთლიან ენერგოგენერაციაში ამ ტიპის ენერგიას უჭირავს ახალ ზელანდიაში _ 23%; შემდეგ მოდიან გერმანია _ 22,3%; პორტუგალია _ 22,1%; ბრიტანეთი _ 18%; რუმინეთი _ 14,4%; ჰოლანდია _ 10,9%; ბელგია _ 10,9%; შვედეთი _ 10,5%, ჩილე _ 9%; თურქეთი _ 9%.
ისე, სხვათა შორის, ეკოლოგების საყურადღებოდ: კლასიფიკაციაში „განახლებადი ენერგია“ შედის ასევე ჰიდრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური შეფასებისთვის. მაგალითად, ოფიციალურ მონაცემებში ვნახავთ, რომ ნორვეგიაში ენერგოგენერაციის 99% მოდის განახლებად ენერგიაზე _ შეიძლება შეგვექმნას არასწორი წარმოდგენა, თუ არ დავაზუსტეთ, რომ ამ განახლებადი ენერგიის თითქმის 100% არის ჰიდროენერგეტიკა.
დიახ, სწორედაც ჰიდროენერგიაა მსოფლიოს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მეთოდი ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის, რაც 99%-ს უდრის.
პარალელურად, მსოფლიოში იზრდება ისეთი საშიში ენერგეტიკის წყარო, როგორიც არის ატომური ენერგეტიკა _ მაგალითად, ბელგიაში ატომზე მოდის ენერგოგენერაციის 51%, ბრიტანეთში _ 20%, შვედეთში _ 40%, საფრანგეთში _ 70%, ეკოლოგიაზე გაგიჟებულ შვეიცარიაშიც კი _ ენერგოგენერაციაში ატომის წილი შეადგენს 44%-ს.
ასე რომ, განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში დღესაც კი ყველაზე საშიში ენერგეტიკული დარგი სჭარბობს ყველაზე უსაფრთხოს.
თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული ციფრებია, რომელიც ყველა იმ სირთულეს ვერ ასახავს, რომელიც დღეს ახასიათებს მწვანე ენერგეტიკას.
იმისთვის, რომ რეალურ სიტუაციაზე სწორი წარმოდგენა შეგვექმნას, საკმარისია შევხედოთ, რა ხდება ამ მხრივ გერმანიაში, რომელიც ევროპაში ყველაზე წარმატებულია ალტერნატიული ენერგეტიკის ათვისებაში.
საქმე ის არის, რომ მზისა და ქარის ენერგია ღრმად დოტაციურია და გერმანიაში ეს დარგი თითქმის მთლიანად არის სახელმწიფოს კისერზე. ბოლო 5 წლის მანძილზე, ყოველწლიურად, გერმანიის მთავრობა მზისა და ქარის ენერგეტიკაზე 32 მლრდ. ევროს ხარჯავს. 2025 წლამდე გერმანიის სახელმწიფოს მთლიანი შენატანი მწვანე ენერგეტიკის ობიექტების აშენებასა და მომსახურებაში მიაღწევს 580 მლრდ. დოლარს.
თუმცა, ამავე დროს, გერმანიის მთავრობამ ვერ შეასრულა თავისი დაპირებები და ვერ გააჩერა ატომური ელექტროსადგურები, მეტიც: ქვეყანამ ვერ გააჩერა თბოელექტროსაგურებიც, რომელიც ნახშირზე მუშაობს.
მწვანე ენერგეტიკას უკმაყოფილება მოყვა გერმანიის სოფლის მოსახლეობის მხრიდან _ მზის ერთ ელექტროსადგურს 450-ჯერ მეტი ფართი სჭირდება, ვიდრე ატომურს, რაც სერიოზული პრობლემაა.
ასევე არ გამართლდა იმედი, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება უფრო იაფი მზის ბატარეები, ქარის გენერატორები და მწვანე ენერგია კომერციულად მომგებიანი გახდება.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში მზისა და ქარის ენერგია მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა, რომლებსაც შეუძლიათ მილიარდების ჩადება მომავალში, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მათ ისევ აქვთ ტრადიციული წყაროების იმედი: ატომი, გაზი, ნახშირი და ჰიდროენერგეტიკა, რომელიც მსოფლიო ენერგოგენერაციის 20%-ს შეადგენს.
საქართველო ისევ ცხოვრობს ილუზიებში, უსმენს არაკომპეტენტურ პოპულისტებს და ვერ აცნობიერებს, რომ ღარიბი ქვეყანა ვერასდროს გააკეთებს იმას, რაც არ გამოსდის უმდიდრეს გერმანიას.
ენერგოსისტემა, რომლის საფუძველიც იქნება მზე და ქარი _ არის აუსრულებელი ოცნება, ფანტაზია. ისეთივე, როგორც უზრუნველი ცხოვრება „ბორჯომის“ ხარჯზე.
თუ დღევანდელი რეალობა გაგრძელდა, ყველაფერი დასრულდება მარტივად _ ჰესები არ აშენდება.
სოფლები, სადაც დაგეგმილია ჰესების მშენებლობა, თავისთავად დაცარიელდება, როგორც მრავალი სხვა სოფელი.
მწვანე ენერგოობიექტები არ აშენდება, იმიტომ რომ საქართველოს ამის ფუფუნება არ გააჩნია.
საბოლოოდ კი ქვეყანა გახდება ენერგიის იმპორტიორი და კვლავ იქნება დამოკიდებული კრემლში მჯდომი ამხანაგების განწყობაზე.
და, იქნებ, საერთოდაც _ სწორედ ესაა ე. წ. ეკოლოგების მთავარი მიზანი?

თენგიზ აბლოთია