მურმან დუმბაძე: „2020-ში „ოცნებას“ საარჩევნო ბიულეტენზე ხელი არ წაუცდეს, რევოლუციას მიიღებს!“

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი დაჭერები დაიწყო, კერძოდ, წინა კვირის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავეს. საქმე, რომლის გამოც არაერთი ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ახალი არ არის, ანუ ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო. ამიტომ საზოგადოებას და, მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრსაც საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვა გაუჩნდა, _ რატომ დასჭირდა „ერმაკოვის საქმეს“, რომელიც 2 მილიონის გაფლანგვას ეხება, ოთხწლიანი გამოძიება?

ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი აქვს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მურმან დუმბაძეს, რომელიც ამბობს, რომ ერმაკოვის დაჯგუფების დაჭერით „ოცნება“ ხალხის გულის მოგებასა და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ თითქოს კორუფციას ებრძვის. აქვე დუმბაძე გვეუბნება, რომ ერმაკოვი, თავის დროზე, ბათუმის მერი ღარიბაშვილის პროტექციით გახდა, შესაბამისად, იმ ვერსიის განხილვაც შეიძლება, რომ „ოცნებაში“ გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა.
არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ვერსიას აქვს, მათ შორის, იმ ვერსიასაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ოცნებას“, უბრალოდ, აჩუქა. მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-თან ამ საკითხზეც საუბრობს და არც იმის თქმას ერიდება, რომ ივანიშვილის დამარცხება სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია:

_ ბატონო მურმან, საუბარი, რასაკვირველია, ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და სხვა ყოფილი თუ მოქმედი აჭარელი მაღალჩინოსნების დაჭერით უნდა დავიწყოთ. ზოგადად, ერმაკოვის კორუფციულ ვნებებზე ხმები, ჯერ კიდევ, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს გავრცელდა, მაგრამ მაშინ ყური არავინ შეიბერტყა. თქვენი აზრით, „ოცნებას“ ამ ე. წ. სპეცოპერაციის ჩატარება მაინცდამაინც ახლა რისთვის დასჭირდა?
_ ერმაკოვი 2014 წელს ვითომ თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი მერი გახდა, მაგრამ, სინამდვილეში, ის ღარიბაშვილის სიმამრის კადრი იყო, ანუ ჩაწყობით დაინიშნა და ბათუმის მერად პოლიტიკური კონკურენციის შედეგად არ აურჩევიათ. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2015 წელს, ამ კორუფციულ თემებზე დაიწყო საუბარი, მაგრამ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და მისი დაჭერა ცოტა რთული იქნებოდა, რადგან მომხრეები ჰყავდა _ ნათესავები და ახლობლები. 2017 წელსაც არჩევნები იყო და 2018-შიც.
ახლა კი ყველაფერი მოითავეს, მათ შორის, შუალედური არჩევნებიც და ციხეშიც გაუშვეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა დაიჭირეს.
ზოგადად, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მთავრობა არაეფექტიანი, უსუსური და უნიათოა, ანუ როცა დანაშაული 2015 წელს ხდება და ადამიანს ხმაურით ოთხი წლის მერე იჭერ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა სუსტია.
სხვათა შორის, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა დაიჭირეს, ერთი წრის წარმომადგენელია _ „აღორძინების“ დროიდან ერთად მოდიან. ერმაკოვი ბათუმის მერი, როგორც გითხარით, ღარიბაშვილის ხელშეწყობით გახდა, მან თავისი ჯგუფის ხალხი მოიყვანა და აი, ამ ხალხმა ეს შედეგი მიიღო.
_ რამდენიმე თვის წინ, ღარიბაშვილი პარტიაში იმ მოტივით დააბრუნეს, რომ „ოცნება“ უფსკრულში გადაჩეხისგან ეხსნა, მაგრამ ერმაკოვის დაჭერა იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდის „ვერხუშკა“ ღარიბაშვილის ჩაძირვას ცდილობს?
_ არ ვამბობ, რომ ერმაკოვი დღესაც ღარიბაშვილის გუნდის წევრია.
_ აბა, რას ამბობთ?
_ უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ის ღარიბაშვილის შერჩეული კადრია. ეს ადამიანები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაშიც დაწინაურებულები იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ, ასე თუ ისე, ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ, ანუ ეთამაშებოდნენ და მაშინაც კარგი თანამდებობები მიიღეს. ღარიბაშვილის დროს კი ერმაკოვი განსაკუთრებით დაწინაურდა _ ბათუმის პირველი პოლიტიკურრი პირი გახდა. ასევე დაწინაურდნენ ძმები ჩხენკელები. ეს ხალხი ყველა ხელისუფლების მხარდამჭერია.
_ ანუ ბათუმის ფართომასშტაბიანი დაჭერები „ოცნების“ შიდა გარჩევების შედეგი არ არის?
_ არ ვფიქრობ, ისეთი დიდი პოლიტიკის კეთება შეეძლოს, რომ ერმაკოვის გუნდმა რამე გადაწონოს ან გადმოწონოს. უბრალოდ, არჩევნები მოთავებულია, ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, ლარის კურსი ზეცას მისწვდა. ამიტომ, განტევების ვაცები იყვნენ მოსაძებნნი, ანუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მოსახლეობის გული უნდა მოიგოს და ამიტომ ვიღაცებს წირავს. ამ შემთხვევაში, ერმაკოვის გუნდი გაწირეს და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ აი, „ოცნება“ კორუფციას, „ატკატებს“, უკანონობასა და უსამართლობას ებრძვის. ეს დაჭერები ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თორემ ეს ხალხი, როგორც გითხარით, რამე პოლიტიკურ წონას არ წარმოადგენს. არჩევნების წინ კი მარტო იმიტომ არ დაიჭირეს, რომ მათთვის თითოეული ხმა ძვირფასია!
_ 2020 კარსაა მომდგარი და თქვენი ლოგიკით, „ოცნება“ ხმებზე უფრო მეტად უნდა ნადირობდეს, რადგან მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები მისთვის, პრაქტიკულად, გადამწყვეტი იქნება.
_ 2020-მდე შესაძლოა, ვიღაცები კიდევ გაწირონ! საერთოდ, ქვეყანაში რომ კორუფციაა, ამას სამი მოქალაქიდან ორი გეტყვით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კვირიკაშვილის 720 მილიონი გაატარეს და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ან თუ იცით, გზების ყოფილი მინისტრი სად არის, რომელმაც სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე 48 მილიონი მოიპარა? სხვათა შორის, ამის შესახებ ტელევიზიით თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. მოკლედ, ეს დაჭერები ერთგვარი სერიაა, რომ იქნებ, მოქალაქეების გული მოიბრუნოს და იმის სახელი დაიმკვიდროს, ქვეყანაში კორუფციას ებრძვისო.
_ ამბობთ, რომ დაჭერები შესაძლოა, გაგრძელდეს და კორუფციის კონტექსტში კვირიკაშვილს ახსენებთ, ანუ უშვებთ, რომ 2020-მდე შესაძლოა, ყოფილი პრემიერიც დაიჭირონ?
_ ბუნებრივია, ამას არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ მათ ესღა დარჩენიათ! „ოცნება“ აშკარად ამჩნევს, რომ მისი ხელისუფლების ბოლო სტადიაა და ხვალ შესაძლოა, ახალი ხელისუფლება მოვიდეს. ამიტომ ყველაფერს ებღაუჭება, მათ შორის, იმას, რომ კორუფციას თითქოს გააფთრებით ებრძვის. ამ დაჭერების ძირითადი იდეა სწორედ ეს არის, თორემ 2015-დან 2019 წლამდე ერმაკოვის დაჭერა ელემენტარული იყო _ ამ საქმეში ამდენი ხნის გამოსაძიებელი არაფერია. კონკრეტულ ფაქტს გეუბნებით: სოციალურ სახლზე, როგორც მახსოვს, 2 მილიონამდე იყო გამოყოფილი _ მაშინ დეპუტატი ვიყავი, მაგრამ ეს თანხა ვიღაცას ისე გადაურიცხეს, რომ მშენებლობა, მგონი, საერთოდ არ დაწყებულა, ანუ ეს ორი მილიონი გამქრალია. აი, ეს არის და ეს.
_ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ოცნებაში“ ყველაფერი რიგზე ვერ არის.
_ დიახ, ასეა.
_ ამ სახელისუფლებო ორომტრიალით ოპოზიცია რატომ არ სარგებლობს?
_ როგორ არ სარგებლობს.
_ ეს სარგებლობა რაში გამოიხატება?
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სხვა თემა და სხვა სალაპარაკოა, მაგრამ თუ პირველი ტურის შედეგებს დააკვირდებით, ხელისუფლება დამარცხდა _ მილიონ 600 ათასი ადამიანიდან ერთმა მილიონმა არ მისცა ხმა. დარჩენილი ერთი მილიონიდან კი ყველაზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ანუ ის ოპოზიციის ფავორიტი ლიდერია.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, კერძოდ, ზუგდიდში, სანდრა რულოვსის 42% მცირე სულაც არ არის. უბრალოდ, ერთ მიკრორაიონში უზარმაზარი სახელისუფლებო და ფულადი რესურსი გამოიყენეს იმისთვის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი არ გამხდარიყო.
ასევე დააკვირდით, რა მოხდა ზესტაფონში, რომელიც მუშათა ქალაქია _ „ოცნების“ კანდიდატი პირველ ტურში ძლივს გადაბობღდა. მოკლედ, საპარლამენტო არჩევნების დროს 73 ოლქია, ანუ ეს რესურსები გაიფანტება და საქართველოს მოქალაქეებიც დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლება იცვლება. აი, მაშინ ამომრჩევლის ენთუზიამზი და საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება სულ სხვანაირი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარულ სისტემას არ შეცვლის და ამას მარტივი მიზეზი აქვს _ ამ სისტემის შეცვლა მისთვის იმ განაჩენზე ხელის მოწერა იქნება, რასაც „ოცნების“ ხელისუფლების დამარცხება ჰქვია!
_ ამას დრო აჩვენებს, ვინ დამარცხდება და ვინ _ არა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ეჭვობს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაყიდა. შეიძლება, პირდაპირ ფული არავის აუღია, მაგრამ დამეთანხმეთ, ლეგიტიმურია ინტერესი, თუ რატომ არ ჩაატარა „გაერთიანებულმა“ მეორე ტურამდე თუნდაც 10-ათასიანი მიტინგი და ეს მაშინ, როცა პირველ ტურში მილიონამდე ხმა აიღო?
_ როცა ასეთ თემებზე მიდის საუბარი, გაერთიანებულ ოპოზიციაში პირადად მე ქუჩისკენ გადახრა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე _ კონკურენციისკენ, მაგრამ ეს შეცდომა გარკვეულწილად მოგვივიდა, ანუ მეორე ტური რევოლუციით არა, მაგრამ რევოლუციის ფონზე უნდა ჩატარებულიყო და ამის შესაძლებლობა იყო და მოთხოვნაც, თუმცა ეს არ გავაკეთეთ.
_ რატომ არ გააკეთეთ?
_ იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი სტაბილურობა და იმის რწმენა ყოფილიყო, რომ ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო ბიულეტენით არის შესაძლებელი. ეს 2012 წლის პირველ ოქტომბერს ერთხელ უკვე მოხდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოხდება.
_ ბატონო მურმან, მითხარით, გაერთიანებულ ოპოზიციაში იმის წინააღმდეგი ვინ იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რევოლუციის ფონზე ჩატარებულიყო?
_ ვერ ვიტყვი, რომ საკითხი ასე მკაცრად იყო დასმული, _ მეორე ტურზე საარჩევნო ყუთების მიღმა ვიფიქროთო. ვბჭობდით, მეორე ტური რა მეთოდით ჩატარებულიყო და გაერთიანებული ოპოზიციის თორმეტივე წევრი პოლიტიკური პარტია მომხრე იყო, რომ მეორე ტური ძალიან სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებულიყო, მაგრამ 28 ნოემბერმა აჩვენა, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მაინცდამაინც მისაღები არ აღმოჩნდა.
_ რევოლუცია რა შუაშია? უბრალოდ, შეგეძლოთ, რომ თუნდაც ზრდილობისთვის ერთი აქცია გაგემართათ.
_ რა თქმა უნდა, შეგვეძლო.
მოკლედ, იმ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აქციების ფონზე რომ ჩაგვეტარებინა, ბუნებრივია, ხელისუფლება ვერც სახელისუფლებო ვერტიკალის გამოყენებას გაბედავდა, ვერც _ ფულის და საარჩევნო ყუთებთან არც კოორდინატორები იპარპაშებდნენ.
_ ე. ი., უკან დახევით გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ოცნებას“, როგორც იტყვიან, კარტბლანში მისცა და მანაც ბოლომდე აიშვა, არა?
_ გეტყვით, გაერთიანებული ოპოზიციისადმი პირადად ჩემი მოთხოვნა რა იყო და რა არის: ვადამდელი ან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასეთი დევიზით უნდა ჩავატაროთ _ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ბიულეტენზე ხელი არ წაუცდეს, არ გამოიყენოს ფული და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რევოლუციას მიიღებს! ეს ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა ღიად უნდა თქვას, რადგან მოსახლეობას იმის ატანა, რაც საქართველოში ხდება, აღარ შეუძლია _ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია.
ხელისუფლება ძველებურად ვეღარ მართავს, ხალხსაც ძველებურად ცხოვრება აღარ შეუძლია და, როგორც წესი, ასეთ დროს რევოლუცია ხდება ხოლმე. ეს რევოლუციის წინა პერიოდია. თუ ყველაფერ ამას საპრეზიდენტო ხელისუფლების მოპოვების დროს გავაკეთებდით, მოსახლეობა ვერ დაიჯერებდა, მაგრამ ახლა საპარლამენტო არჩევნები მოდის, რომლის დროსაც მთლიანი სახელისუფლებო შტოები უნდა შეიცვალოს, ანუ ქვეყანაში პოლიტიკური მიმართულება იცვლება და ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ ამ მეთოდზე ვიფიქროთ, ანუ იმ უგვანო არჩევნების მიმართ, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს, ჩვენ ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ!
_ კეთილი და პატიოსანი, მაგრამ იმას რას მოუხერხებთ, რომ მოსახლეობა ოპოზიციის მიმართაც ნიჰილისტურად არის განწყობილი? მეტიც, ბევრ „ანტიოცნებელს“ ვიცნობ, ბატონო მურმან, ვისაც სააკაშვილის აქტივობები აღიზიანებს. თუ მიშა, მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა, ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდა და მისი მთავარი სათამაშო მოედანი აწი კიევი იქნება?
_ ასე ვერ ვიტყოდი. მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, რჩება და ის ფაქტორია. ისიც პირდაპირ უნდა ვაღიაროთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაშიც წამყვანი ძალაა. შუალედურ არჩევნებში მოსახლეობასთან იგივე ტემპით გავაგრძელე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვმუშაობდი _ კარდაკარ დავდიოდი და შემიძლია გითხრათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია! ოპოზიციონერებს ვეუბნები, რომ ზოგიერთ რაიონში „ქართული ოცნების“ უპირატესობამ არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ეს სახელისუფლებო და ფულადი რესურსებია, თორემ, სინამდვილეში, ოპოზიციას ხმები არ დაჰკლებია, პირიქით, გაერთიანებული ოპოზიციისა და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა რაოდენობა იზრდება.
_ ბატონო მურმან, დავაკონკრეტოთ, სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობა იზრდება თუ, ზოგადად, გაერთიანებული ოპოზიციის?
_ გაერთიანებული ოპოზიციის და ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში _ სააკაშვილისაც. თუ ამას დავმალავთ, მართლები არ ვიქნებით!
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აძლევს ხმას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებასაც უჭერს მხარს! ამის დამალვა მარტო გაერთიანებული კი არა, მთელი ოპოზიციისთვისაც ნაკლი იქნება. ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაშია ჩაბმული, უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეს საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილია!
2012 წლის პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა, მაგრამ ორი ოქტომბრიდან მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს ნელ-ნელა ამარცხებს და უკვე იმ კონდიციამდე მივიდა, რომ მას საბოლოოდ დაამარცხებს! სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის დამარცხება, უბრალოდ, შეუძლებელია და ამას გეუბნებით ადამიანი, რომელმაც ხალხში კარდაკარ იარა! მე მათთან კი არ მივდივარ, ვინც ჩემ მიმართ ლოიალურია, არამედ ნებისმიერთან შემთხვევითი პრინციპით მივდივარ და ყველას ველაპარაკები! მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლების ცვლილება უნდა და უბრალოდ ხელისუფლების ცვლილება კი არა, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება უნდა!
_ „ოცნებას“ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია?
_ რა თქმა უნდა, ეშინია.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ბატონო მურმან?
_ ის, რაც ფოთის პორტსა და ანაკლიის კორსორციუმთან დაკავშირებით ხდება, სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის ერთგვარი გადაფარვის მცდელობაა და ესეც ივანიშვილის ხრიკია!
მიხეილ სააკაშვილი მზის სისტემაში, პლანეტა დედამიწაზე ცხოვრობს _ ის დედამიწიდან არ წასულა. თუ ვინმე იტყვის, რახან კიევში ჩავიდა, ამიტომ მისი ექსტრადირების პროცედურა უნდა დავიწყოთო, მაშინ შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ვარშავაშიც იყო. ვარშავიდანაც, დაახლოებით, იგივე მანძილია, რაც კიევიდან თბილისამდე. სააკაშვილი ამსტერდამშიც იყო და ბერლინშიც, ანუ ევროპაში მოძრაობს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიღმაა, თორემ ძალიან შორს არ არის, ე. ი. ექსტრადირების პროცედურა შესაძლოა, სხვა ქვეყნიდანაც განხორციელებულიყო, მაგრამ ივანიშვილს, რასაკვირველია, სააკაშვილის შიში აქვს და ამ შიშის შედეგი იყო, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი ტელეეკრანზე პირველად ვიხილეთ.
_ თქვენი ინფორმაციით, მიშა საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავს?
_ იმ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მიმართ ლოიალური არ ვიყავი და ამას არ ვთამაშობდი. მეტიც, მიმაჩნია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი უნდა მომხდარიყო და სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხებულიყო, თუმცა ნუ ჩათვლით, რომ მარტო ივანიშვილმა დაამარცხა. ის მე და ჩემნაირმა ადამიანებმა დავამარცხეთ, ანუ ივანიშვილის წილი ძალიან დიდია, მაგრამ არც ჩვენი წვლილია მოკრძალებული. ჩვენ, უბრალოდ, ის რესურსი გვჭირდებოდა, რომელიც ივანიშვილს აქვს.
მოკლედ, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ საქართველოს პოლიტიკაში ჩაერთვება, მისი მომხრე ვიქნები!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ სააკაშვილით არის შესაძლებელი, სხვა გზა, უბრალოდ, გამორიცხულია! საქართველოში არანაირი მესამე და მეოთხე ძალა არ შეიქმნება. დააკვირდით, შუალედურ არჩევნებზე ხმები როგორ განაწილდა: ერთი ხმა წავიდა ხელისუფლების მხარეს, რომელსაც უზარმაზარი ფული აქვს და დაქირავებული კოორდინატორები ჰყავს, დანარჩენი ხმები კი გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ წავიდა. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოლიტიკურ სუბიექტებს კი ხმები არ აქვთ!
სხვათა შორის, ეს საქართველოს მოქალაქეების ნაკლია. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 3-4 ან 5%-იანი მესამე ძალა იარსებებდა, მეორე ტური გარდაუვალი იქნებოდა.
მოკლედ, მხოლოდ ორი ძალა არსებობს _ გაერთიანებული ოპოზიცია და ხელისუფლება. ამიტომ ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოლაპარაკება მოვახერხოთ და ყველანი ივანიშვილის წინააღმდეგ გავერთიანდეთ! ასეთ შემთხვევაში მისი დამარცხება გარდაუვალია!
_ ბატონო მურმან, ზოგს ჰგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაჭერის შიშით არასოდეს ჩამოვა. სხვათა შორის, მან არაერთხელ დადო პირობა, რომ სამშობლოში ზღვით ან ცით დაბრუნდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გეგმები შეცვალა და ისიც კი თქვა, რომ ჯერ მისი დაბრუნების დრო არ დამდგარა.
_ თუ ბოლო მოვლენებს კარგად დავაკვირდებით, სააკაშვილს ყველაფერი გამოსდის, რასაც ამბობს! როცა უკრაინიდან გაძევებული იყო, თქვა, საზღვარს გადავლახავ და უკრაინაში შევალო. აი, შევიდა კიდეც. როცა პასპორტი ჩამოართვეს და უკრაინიდან გააგდეს, მაშინაც თქვა, მართალი ვარ, ვიბრძოლებ და უკრაინის მოქალაქეობას აღვიდგენო. სამართალი, მართლაც, აღდგა და რატომ არ უნდა ველოდოთ, რომ მისი ნათქვამი მესამე შემთხვევაშიც გამართლდება?
დიახ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და ეს მურმან დუმბაძის მოთხოვნა არ არის! ეს არც ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ითხოვენ!
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან მოახლოება და გაერთიანებულ ოპოზიციასთან მისი უფრო მეტი ინტეგრირება საქართველოსთვის აუცილებელია!
_ ანუ თუ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, 2020-ში „ოცნების“ დამარცხება შეუძლებელი იქნება?
_ არა, ამას არ ვამბობ.
_ აბა, რას ამბობთ?
_ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრი არ არის, მაგრამ ივანიშვილთან ნამდვილ კონკურენციაშია, ამბობს, ჯობია, სააკაშვილი ნაკლებად ვახსენოთ, რადგან ის ივანიშვილს ასულდგმულებსო, მაგრამ ეს სწორი შეფასება არ არის. სააკაშვილი, როგორც გითხარით, ფაქტორია და ეს უნდა ვაღიაროთ. ასევე იქიდან კი არ უნდა გამოვიდეთ, ვინ გვძულს და ვინ გვიყვარს. ჩვენ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და გავითვალისწინოთ, ხალხი რას ფიქრობს. ჩვენ ხელისუფლებაში ხომ იმიტომ მოვდივართ, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მოვემსახუროთ.
მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა საქართველოსკენ მოიწევს _ კიევში რამე თანამდებობას მისცემენ თუ არა, ეს არ აინტერესებს. მთავარია, სამართლიანობა აღდგა, ანუ მსოფლიო სამართლიანობისკენ მიდის და ეს საარჩევნოდ უნდა გამოვიყენოთ!
ივანიშვილს თუ ვინმესი ეშინია, ეს მიხეილ სააკაშვილია და დღესვე ხელს მოაწერს და პოლიტიკიდან წავა, თუ გარანტია ექნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა.
ის პირველ პირად ნებისმიერს დასთანხმდება, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსაც“ და დავით უსუფაშვილსაც, ოღონდ სააკაშვილი არ ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ სააკაშვილი საქართველოში პირველი პირი უნდა იყოს, უბრალოდ, ის ივანიშვილის წინააღმდეგ ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც პოლიტიკური ფაქტორი!

გიორგი აბაშიძე