ქართული ბიზნესის მამინაცვლისა და შავი ბიზნესმენის შავი დოსიე

მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში წერია, რომ სახელმწიფო სამსახურში სულ ორჯერ მუშაობდა: ერთხელ, კერძოდ, 1999-2000 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მეორედ კი, ანუ 2000-2001 წლებში _ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. გარდა ამისა, დეპუტატიც გახლდათ, თუმცა ამ მცირე სახელმწიფო მოღვაწეობის მიუხედავად, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ის დამოუკიდებელი საქართველოს ერთგვარ რუხ კარდინალად ითვლება. ყოველ შემთხვევში, ყველა ხელისუფლების დროს იმდენი გავლენა ჰქონდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ კი არა, ეკონომიკურ პროცესებსაც კულუარებიდან მართავდა. თავდაპირველად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთანაც მეგობრობდა, თუმცა შემდეგ ურთიერთობა დაეძაბა და მისი პოლიტიკური მზე ჩაესვენა, მაგრამ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლისთანავე ხელახალი აღზევება დაიწყო და დღეს, როგორც ამბობენ, მის გარეშე მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადის, ცაში კი ჩიტი ვერ დაფრინავს.

მოკლედ, ალბათ, მიხვდით, ძლევამოსილ ვანო ჩხარტიშვილზე ვსაუბრობთ, ადამიანზე, რომლის სახელთანაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღარიბება ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები თუ ცალკეული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან და აცხადებენ, რომ არა ჩხარტიშვილი, ხალხი საბჭოთა შემნახველ სალაროში შეტანილ ფულს არ დაკარგავდა და ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე არ იფეთქებდა. ყველაფერ ამაში შესაძლოა, რაღაცები გადამეტებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩხარტიშვილის გამდიდრება სწორედ იმ პერიოდიდან იწყება, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და შემნახველ სალაროში შენახული მილიონები თუ მილიარდები უკვალოდ გაქრა, თუმცა მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ და ჯერ ჩხარტიშვილის ოფიციალურ დოსიეს გავეცნოთ:

ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი 1964 წლის 30 იანვარს დაიბადა. ბიოგრაფიაში დაბადების ადგილას ქალაქი თბილისია მითითებული. ამავე მონაცემების მიხედვით, მომავალი „რუხი კარდინალი“ 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტს ამთავრებს, თუმცა სანამ უმაღლეს განათლებას მიიღებდა, 1980-1982 წლებში ლიხაურის ჩაის ფაბრიკაში მუშად მუშაობდა.
ივანე ჩხარტიშვილს, როგორც ჩანს, იმთავითვე სერიოზული მფარველი ჰყავდა, თორემ სხვა შემთხვევაში ახალდიპლომიღებულ ახალგაზრდას მაშინვე საქალაქო საბჭოსთან არსებულ ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორად არავინ დანიშნავდა. ამ თანამდებობაზე მომავალი მილიარდერი სამი წელი მოღვაწეობს და 1990 წელს, ალბათ, გავლენიანი მფარველების ხელშეწყობით, საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის პოსტს იღებს.
ვისაც ის შავბნელი 90-იანი წლები ძალიან კარგად ახსოვს, ბუნებრივია, ისიც ემახსოვრება, რომ მაშინ საგადასახადო, თუნდაც რაიონის დონეზე ფულის საჭრელი დაზგა იყო. ყოველ შემთხვევაში, ხალხში მოარული ხმების თანახმად, საგადასახადოში კორუფცია იყო ფესვგადგმული და ამ უწყების ნებისმიერი დაბალი რანგის ჩინოვნიკიც კი მეფურად ცხოვრობდა. ასე რომ, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, ჩხარტიშვილი ფრთიანი ანგელოზი იყო და საგადასახადოში მოღვაწეობის დროს „ლევ“ შემოსავლებზე უარს ამბობდაო.
სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ჩხარტიშვილი პირდაპირ ფულის ორმოში ხვდება, ანუ „ბინსოცბანკის“ კრწანისის განყოფილების უფროსად ინიშნება და აი, სწორედ აქედან იწყება მისი გამდიდრების მრავალწლიანი და დაუსრულებელი ეპოპეაც.
რა იძლევა ამის თქმის საფუძველს? _ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ანუ, კერძოდ, „ბინსოცბანკი“ დღევანდელი „საქართველოს ბანკის“ წინამორბედი გახლდათ, თავის დროზე, ე. ი., კომუნისტების დროს „ბინსოცბანკი“ სახელმწიფო ბანკი იყო და შესაბამისად, მთელი საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებს განკარგავდა. აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა დროს ერთგვარი მოდა იყო, რომ მშრომელებს დანაზოგი ბანკში შეენახათ. შესაბამისად, იმის წარმოდგენა, თუ რა თანხა ტრიალებდა „ბინსოცბანკის“ სათავო ოფისსა თუ მის ფილიალებში, ძნელი არ უნდა იყოს.
1994 წელს ივანე ჩხარტიშვილი საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ხდება, ერთი წლის შემდეგ კი _ ამავე ბანკის პრეზიდენტი და „ახალი ქართული ბანკის“ დირექტორი.
ზოგადად, იმის თაობაზე, რომ ჩხარტიშვილი მოსახლეობის ანაბრების ხარჯზე გამდიდრდა, არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ასევე ამ თემაზე უამრავი ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დიდი ხმაურისა და ეჭვების მიუხედავად, ხალხის ანაბრების მითვისების გამოძიება არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია და, შესაბამისად, ჩხარტიშვილისთვის ამ თემაზე, მინიმუმ, კითხვები საგამოძიებო უწყებებსაც არ დაუსვამთ. აქედან გამომდინარე, გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩხარტიშვილი ყველა დროისა და მთავრობის „რუხი კარდინალია“, რასაკვირველია, უსაფუძვლო არ არის. ამასთან, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ამ უმდიდრეს ადამიანთან ხელისუფლებები კონფლიქტს გაურბიან, რადგან იციან ან გუმანით ხვდებიან, რომ ჩხარტიშვილისთვის ხელთათმანის სროლა და დუელში მისი გამოწვევა ძვირი დაუჯდებათ.
რაც შეეხება ჩხარტიშვილის მიერ ფულის შოვნას ხალხის ანაბრების ხარჯზე, ამ თემაზე ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვკითხულობთ:
„1993 წელს ვანო ჩხარტიშვილმა რამდენიმე პარტნიორთან ერთად „საქართველოს კომერციული ბანკი“ დააფუძნა. 1994 წელს სახელმწიფო ბანკის „საქართველოს საშემნახველო ბანკის“ დირექტორად დაინიშნა. 1997 წელს ბანკის პრივატიზაცია განახორციელა, პარალელურად, თაღლითური გზით, საქართველოს მოსახლეობის კუთვნილი, საბჭოთა ანაბრები მიითვისა და „გაერთიანებული ქართული ბანკი“ (გქბ) შექმნა. 1997 წლიდან 2005 წლამდე ჩხარტიშვილი გქბ-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1999 წლიდან 2000 წლამდე _ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2000-2001 წლებში _ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2004-2008 წლებში _ საქართველოს პარლამენტის წევრი.
საბჭოთა ანაბრების გახმაურებული სკანდალი ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობამ ყბადაღებული ანაბრები სწორედ ჩხარტიშვილის მიზეზით დაკარგა და უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. „ვერსიაში“ უკვე გამოქვეყნდა ჟურნალისტური მოკვლევა, სადაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, დეტალურად აღვწერეთ, რა თაღლითური გზით მიითვისა ჩხარტიშვილმა ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელშეწყობით მოსახლეობის კუთვნილი ანაბრები. დღეს გქბ-ს დამფუძნებელი და ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული „ვნეშტორგბანკია“ (ახლა უკვე „ვითიბი ბანკი ჯორჯია“). აქციათა 18%-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი _ „იბიარდი“ ფლობს. დანარჩენი პროცენტული წილი სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ნაწილდება.
წლების მანძილზე ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე ჩხარტიშვილმა საკუთარი პოზიციები გაიმყარა და ქონება გაზარდა. იგივე სცადა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ მოვიდა, თუმცა უშედეგოდ. 2013 წლიდან ჩხარტიშვილს მისი გარდაცვლილი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაუპირისპირდა, რადგან სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, რომ პატარკაციშვილის კუთვნილი ქონება _ კომპანიები და ყველა აქტივი, ჩხარტიშვილმა მეგობრის გადარდაცვალებისთანავე მიითვისა!
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 25 წლის მანძილზე საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზა არ გამოჩნდა. მართალია, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, მაგრამ, რეალურად, ამის მეტი არაფერი გაუკეთებია. მოვლენები ასე განვითარდა: 1996-1997 წლებში შევარდნაძის ხელისუფლებამ კომპენსაციების გაცემის მექანიზმი შეიმუშავა, სპეციალური ბრძანებულება გამოსცა და მთავრობას დაავალა, რომ 502 000 000 ლარი შიდა ვალად ეღიარებინა. 1998 წლის ბიუჯეტში კი 502 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 5 მილიონი ლარი გაითვალისწინეს და პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და მათი ოჯახის წევრებს, გარკვეული დახმარების სახით, ამ თანხის ნაწილი _ 4 100 000 ლარამდე დაურიგეს.
ჟურნალისტური მოკვლევის მიხედვით, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ 25 წლის წინ საქართველო ერთი ბიზნესმენის თაღლითობის შედეგად გაღარიბდა. ეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, რომელმაც სრულიად უსინდისოდ ჩაიგდო ხელთ საქართველოს მოსახლეობის მიერ წლების მანძილზე ნაგროვები საბჭოთა მანეთები. საბჭოთა მეანაბრეთა ნაწილმა ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიმართა სასამართლოს, მაგრამ უშედეგოდ. საქმის განხილვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან არავინ დასჯილა და არც დაზარალებული მეანაბრეების პრობლემა მოგვარებულა. „ვერსიამ“ სწორედ მაშინდელი სასამართლო პროცესის საქმის მასალები მოიპოვა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ის თაღლითური მექანიზმი გაშიფრა, რომლითაც ვანო ჩხარტიშვილმა საბჭოთა ანაბრები მიითვისა.
შემნახველი ბანკის მეანაბრეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის მიზნით, სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის 1994 წლის 25 მარტის #85 ბრძანებულებით, სახელმწიფო კომერციული ბანკი საპაიო კომერციულ ბანკად გარდაიქმნა, ამის შედეგად კი „ახალი ქართული ბანკი“ შეიქმნა. სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების ძალაში შესვლის მიზნით, ვანო ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით, „დამფუძნებელი ცენტრალური კომისია~ ჩამოყალიბდა, რომელმაც 1994 წლის 12 ივლისს შპს „ახალი ქართული ბანკის“ დამფუძნებელთა საერთო კრება გამართა. ამ კრებას საპაიო კომერციული ბანკის, „ახალი ქართული ბანკის“ დამფუძნებლები და 734 846 მეანაბრის უფლებამოსილებით აღჭურვილი 376 კაცი ესწრებოდა. სწორედ ამ კრებაზე საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკი „ახალ ქართულ ბანკად“ გარდაქმნეს, რომლის საბჭოს წევრები ვანო ჩხარტიშვილი, თამაზ მაღლაკელიძე, ზაზა სიორიძე, ანტონ ინგოროყვა, ვალერი კვარაცხელია, ნანული შევარდნაძე, ზვიად ცეცხლაძე და ელგუჯა ბუბუტეიშვილი იყვნენ.
კრების ოქმის საფუძველზე ჯერ სასამართლომ და შემდეგ უკვე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 1994 წლის 10 აგვისტოს, „ახალი ქართული ბანკი“ რეგისტრაციაში გაატარა, თუმცა ამ ოქმიდან არ ჩანს, სად ჩატარდა კრება, ვინ დაუჭირა მხარი სახელმწიფო ბანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნას, ვინ იყო წინააღმდეგი ან თავი ვინ შეიკავა. ოქმს არ აქვს ბეჭედი, მასზე მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილისა და კრების მდივნის, ვინმე დომორაცკის ხელმოწერაა, რაც, კანონის მიხედვით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული არ არის.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შემნახველი ბანკი შპს „ახალ ქართულ ბანკად“ გადაკეთდა, მეანაბრეები დაიბარეს და ე. წ. მეპაიეებად გარდაქმნეს. ყოფილი მეანაბრეების თანხები კი საქართველოს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო ფონდში გადაიტანეს. თუმცა აქ საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ „ახალი ქართული ბანკის“ დამფუძნებელი კრება 1994 წლის 12 ივლისს გაიმართა, რომელიც რეგისტრაციაში 1994 წლის 10 აგვისტოს გაატარეს. არადა, ზოგიერთი მეანაბრის მეპაიედ გარდაქმნის ცნობები 1994 წლის 22 და 23 ივნისითაც თარიღდება. აშკარაა, რომ შემნახველ სალაროთა მეანაბრეები „ახალი ქართული ბანკის“ მეპაიეებად იმ დროს „გარდაქმნეს“, როდესაც „ახალი ქართული ბანკი“ ჯერ არც კი არსებობდა, თუმცა ამ დეტალს სასამართლო პროცესზე ყურადღება არავინ მიაქცია.
ყოფილი შემნახველი სალაროსა და „გაერთიანებული ქართული ბანკის“ (გქბ) თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, თუ რა თაღლითური სქემით შექმნა ვანო ჩხარტიშვილმა „გაერთიანებული ქართული ბანკი“ და როგორ მიითვისა საბჭოთა ანაბრები. ამ ჩვენებების მიხედვით, როდესაც გქბ იქმნებოდა, თანამშრომლები დაიბარეს და ბანკის აქციონერობა შესთავაზეს. იმ პერიოდში მიმოქცევაში კუპონი ახალი შემოსული იყო, თითოეულმა მათგანმა 10-10 მილიონი კუპონი შეიტანა, რაც იმ დროისთვის (კუპონის გაუფასურებამდე და ცნობილ ჰიპერინფლაციამდე) საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თანამშრომლები გქბ-ს აქციონერები გახდნენ, მაგრამ დივიდენდები არ მიუღიათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ-ერთი ფილიალის მმართველმა ე. წ. აქციონერები დაიბარა და აიძულა, საკუთარი აქციები დაეთმოთ.
მოკლედ, მუქარით, შანტაჟით, იძულების წესით აქციონერებს კუთვნილი აქციები დაათმობინეს, თითოეულ მათგანს 7-7 ათასი ლარი გადაუხადეს, სპეციალურ ჟურნალში ხელი მოაწერინეს, რომ აქციები საკუთარი სურვილით დათმეს და პირში ჩალაგამოვლებულები დატოვეს. ამ საქმისთვის გქბ-ს ხელმძღვანელობას ორი პირი ჰყავდა შერჩეული, ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი იაგო მაჩაიძე და რიგითი თანამშრომელი გულიკო ჯამბურიძე, რომლებიც მეპაიეებს იბარებდნენ, 7 ათას ლარს აძლევდნენ და ჟურნალში ხელს აწერინებდნენ.
საინტერესოა, რა მექანიზმით შეუწყვიტეს შემნახველი ბანკის მეანაბრეებს ანაბრების გაცემა? საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოქალაქე ბურჭულაძემ, 1993 წლის 5 და 6 მარტს, საქართველოს სახელმწიფო ბანკში 4 სერტიფიკატი შეიძინა, თითოეულის ღირებულებაა 10 000 მანეთი იყო. ბურჭულაძემ სერტიფიკატები იმ პირობით შეიძინა, რომ 10 წლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკიდან (მისი სამართალმემკვიდრეა გქბ) 200 000 მანეთი უნდა მიეღო. როდესაც ფულმა გაუფასურება დაიწყო, ბურჭულაძემ თანხის უკან გატანა მოინდომა, მაგრამ უთხრეს, რომ მეანაბრეთათვის ანაბრების გაცემა შეწყვიტეს. არადა, საქართველოს ეროვნულ ბანკში ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს! ათი წლის შემდეგ, ზუსტად 2003 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ ბურჭულაძის კუთვნილი სერტიფიკატების გასანაღდებელი თანხა უკვე 2 თეთრი იყო!“
ანაბრების სკანდალი ერთადერთი არ არის, რომელშიც ჩხარტიშვილი ფიგურირებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩხარტიშვილი გამოჩნდა იგივე „ომეგას“ საქმეშიც. მართალია, ჩხარტიშვილის ადვოკატმა ყველაფერი უარყო, მაგრამ იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ზუსტად ეს პიროვნება გახლდათ.
რამდენიმე თვის წინ, როცა „ომეგას“ სკანდალში ჩხარტიშვილის გვარმა პირველად გაიჟღერა და ისიც ითქვა, რომ ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ჩხარტიშვილმა მედიას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ფოლკლორზე ესაუბრა. ეს „ფოლკლორი“ კი, როგორც აღმოჩნდა _ არც მეტი, არც ნაკლები _ თამბაქოს ბიზნესი იყო. მედიამ ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა. ერთ-ერთ ასეთ გამოძიებაში კი ნათქვამი იყო:
„ვანო ჩხარტიშვილის სიგარეტის საიდუმლო სქემით, თამბაქოს ბიზნესი, ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს. რატომ ხუჭავს ამ ყველაფერზე თვალს ხელისუფლება და რატომ ამბობს უარს მრავალმილიონიან შემოსავლებზე, მას ატყუებენ, თუ თავს იტყუებს? _ კინო, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებამ ფარული აუდიოჩანაწერებით ნახა, შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. თუ ის, რაზედაც ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ბიზნესმენები და ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ, რეალურ ფაქტებს ეფუძნება, ეს შევარდნაძის დროინდელ წარსულში დაბრუნებას ჰგავს, როცა ბიზნესი გადასახადებს მალავდა, ბიუჯეტი ცარიელი იყო, ქვეყნის ეკონომიკა _ გაჩანაგებული, ხოლო მთავრობა _ კორუმპირებული.
არსებობს თუ არა კორუფციული გარიგებები მთავრობასა და ბიზნესს შორის, იხდის თუ არა კერძო სექტორი წილს თავისი შემოსავლებიდან პარტიის ფონდში და რას იღებს სანაცვლოდ მთავრობისგან ბიზნესი? _ როგორც ერთი ცნობილი საქმოსანი იტყოდა, ეს ყველაფერი ფოლკლორია, მთავარი ის მიზეზია, რაც ფარულ აუდიოჩანაწერებში აღწერილ შედეგებთან ერთად საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს, თუმცა დეფორმირებულ პროკურატურას ჯერ რეფორმირება სჭირდება და სიმართლეს როდის დაადგენს, ძნელი სათქმელია…
ერთ-ერთი ფარულ ჩანაწერში „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის გავლენით დალაგდა. როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისგან ინფორმაცია მიიღო, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რასაც შემდგომ ქუმსიშვილთან დაპირისპირება მოყვა.
საინტერესოა, ან რატომ აჯარიმებდა სახელმწიფო უწყება კომპანიას, ან თუ დასაჯარიმებელი იყო, შემდეგ რატომ გადაიფიქრა? აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ფარულ აუდიოჩანაწერებში „თბილისის თამბაქოს“ დამფუძნებელი მთავრობასთან ურთიერთობის დალაგების თავის გამოცდილებას „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უზიარებს, მოგვიანებით კი სახელმწიფოსთან თამბაქოს ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნის სქემასაც სთავაზობს, საიდანაც 50% ე. წ. ფონდის თუ პარტიის ყულაბაში უნდა წასულიყო…
თუ ზემოხსენებულ აუდიოჩანაწერს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ხელისუფლებას აიძულებენ, თავი მოიტყუოს, ყოველ შემთხვევაში, ჩანაწერების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილმა შეძლო და 26-მილიონიან ჯარიმას თავი აარიდა, თუმცა ამ ყველაფერზე უფრო საგანგაშო ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩხარტიშვილი, რომლებსაც აქეთ შეუძლიათ ხელისუფლების დარეკეტება და ბიუჯეტისთვის უზარმაზარი თანხის შეწერა“.
სხვათა შორის, ვანო ჩხარტიშვილს ჟურნალისტებმა „ქართული ბიზნესის მამინაცვალი“ შეარქვეს და ეს მაშინ მოხდა, როცა ჩხარტიშვილს დავა ჰქონდა „ფოთის წისქვილქარხანასთან“.
„წისქვილქარხნისა“ და ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი, მამუკა ღვინიაშვილი, სასამართლოსადმი თავის შუამდგომლობას სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ურთავს ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტსაიტზე, ჯერ კიდევ, 2007 წელს გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდარი ქართველების ნუსხას, სადაც საპატიო მე-40 და 50-ე ადგილებს 100 000 000 (ასი მილიონი!) დოლარით ბატონი ვანოც იყოფს. ამ სიის წარდგენით ადვოკატი მოსამართლეზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს – შეხედეთ, ჩემი მარწმუნებელი რა ძლევამოსილი კაციაო… ეტყობა, ბატონი ვანო ამაყობს თავისი მილიონებით.
ასი მილიონი დოლარი, მართლაც, არ გახლავთ ხელწამოსაკრავი რამ. მით უფრო, გაღატაკებულ საქართველოში, სადაც მოქალაქეთა თითქმის მესამედი სოციალური დახმარებების იმედით სულდგმულობს, ხოლო მეხუთედი თვეში 160-ლარიან პენსიას შესციცინებს და უახლოეს ათ წელიწადში მისი ასი პროცენტით გაზრდაზე ოცნებობს.
სად და როდის იშოვა ბატონმა ვანომ ასი მილიონის ქონება _ ლიხაურის ჩაის ფაბრიკაში, საგადასახადო ინსპექციაში, შემნახველ ბანკსა თუ საქართველოს პარლამენტში?
…2007 წელს ჩინოვნიკი ვანო ჩხარტიშვილი უკვე მილიონერია. მეტისმეტად გადაჭარბებულია ხმები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი დაპირისპირების თაობაზე. თუ მის ბიზნესბიოგრაფიაში ჩავიხედავთ, დავრწმუნდებით, რომ იგი „ნაცმოძრაობის“ ფავორიტ „ბიზნესმენთა“ პარტნიორია აგარის შაქრის ქარხანაში, კაზინო „შანგრილაში“, რუსთავის „აზოტში“, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში, გზების მშენებლობაში… ურთიერთობა „ნაცებთან“ მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც „აზოტთან“ დაკავშირებული გახმაურებული აფერის შემდეგ პარტიული ბოსების „გადაგდება“ დააპირა – ნიღბოსანმა ნაცბიზნესმენებმა ვანოს ხელები გადაუგრიხეს და მისგან უპრობლემოდ გამოწურეს 18 მილიონი დოლარი. როგორც თვითონ ამბობს, ჩაგრული ბატონი ვანო იძულებული გახდა, ლონდონში გადახვეწილიყო, თუმცა მანამდე იყო „მეგობრობა“ ბადრი პატარკაციშვილთან, რამაც ბატონ ვანოს მისი მრავალმილიონიანი ქონების პარტნიორის მეწილეობა მოუტანა, ხოლო მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ…
ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მიდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენია – „პარტნიორის“ გარდაცვალებისთაავე პანაშვიდზე მისულმა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა მომხდარით გაოგნებულ ინა გუდავაძეს, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რომლის ძალითაც მის საკუთრებაში გადავიდა პატარკაციშვილის კუთვნილი ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, რომელიც სასწრაფოდ გაასხვისა. მის საკუთრებაში აღმოჩნდა აგრეთვე მიწის ნაკვეთები თბილისის ცენტრსა და ლილოში, ბიზნესფედერაციის შენობა თბილისში, „ფოთის წისქვილკომბინატი“, თბილისის თამბაქოს ფაბრიკა, ფირმები: „პრომედკო“ და „ჯე-ეს-კო“, ყულევის ნავთობტერმინალისა და „სოკარ ენერგო ჯორჯიას“ 24.5-24.5 პროცენტები, ტელეკომპანია „მზე“.
ამჟამად ყველა ამ აქტივზე მიმდინარეობს სასამართლო დავები საქართველოში და საზღვარგარეთ. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგ რამეს, ალბათ, მისი კანონიერი მფლობელი ვერასოდეს დაიბრუნებს, რადგან „რასაც ვანო აკეთებს, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს“, ანუ ბატონ ვანოს აქვს კვალის დაფარვის უნიკალური ნიჭი.
ეს ნიჭიერება კიდევ უფრო თვალსაჩინო მაშინ ხდება, როცა, ბატონი ვანო ჩხარტიშვილი ახლა მეორე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან მითიური მეგობრობით მორცხვად კეკლუცობს.
მოკლედ, ვანო ჩხარტიშვილი ოდესღაც ბადრი პატარკაციშვილის და შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობას ედავება „თი-ბი-სი ბანკს“. შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფერს“ და შპს „აგრიკომს“.
კონსტანტინე (კოკი) ოსიპოვის კუთვნილი, საქართველოში მარცვლეულის შემომტანი უმსხვილესი ფირმა „აგრიკომი“ „წისქვილქარხნის“ შეძენით დიდხანს იყო დაინტერესებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკებაც, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ყიდვა-გაყიდვის ობიექტი იპოთეკით იყო დატვირთული „თი-ბი-სი ბანკში“ (როგორც ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ბევრი სხვა ქონება). ვინაიდან მილიონერმა დამგირავებელმა ვალი ვერ თუ არ გადაიხადა, 2010 წელს „აგრიკომმა“ დაახლოებით 2.8 მილიონ დოლარად ეს ობიექტი, როგორც უნაკლო ნივთი, შეიძინა ბანკისგან.
მას შემდეგ მყიდველმა ფირმამ „წისქვილქარხნის“ რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე ამერიკული მულტინაციონალური ფირმა „ბუნგეს“ დახმარებით სოლიდური თანხები დახარჯა და მიტოვებული, დანგრევის პირას მისული ობიექტიდან თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი საწარმო შექმნა. მიმდებარე ტერიტორია შეიძინა და ტერმინალიც მოაწყო. ამ წუთისთვის „წისქვილქარხანაში“ 10 000 ტონაზე მეტი ხორბალი ინახება და იქ 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, _ ეს გახლავთ ამონარიდი კიდევ ერთ-ერთი ჟურნალისტიური გამოძიებიდან, რომელიც ქართულ ბეჭდურ მედიაში 2015 წელს გამოქვეყნდა.
ყველაფერთან ერთად, ჩხარტიშვილი მედიაბიზნესითაც არის დაინტერესებული _ თავის დროზე, როგორც ზემოთ ითქვა, ტელეკომპანია „მზეში“ ჰქონდა ინტერესები. ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, „იმედს“ დაადგა თვალი, ანუ ახლახან ამ ტელევიზიაში გენერალური დირექტორი შეიცვალა. ყოფილი გენდირექტორი ირაკლი რუხაძის კადრი იყო, ახალი ხელმძღვანელი კი, არსებული ინფორმაციით, ჩხარტიშვილზეა „მიბმული“.
ზოგადად, საქართველოში, ალბათ, არ არსებობს მსხვილი ბიზნესი, სადაც ჩხარტიშვილის ინტერესები არ იკვეთებოდეს. ამიტომ ყველა ამ ინტერესის დაწვრილებით აღწერას ჩვენი გამოცემის რამდენიმე ნომერი არ ეყოფა. ამ ეტაპზე კი საინტერესო ის არის, რომ ჩხარტიშვილის გვარი ამოტივტივდა ე. წ. ფოთის პორტის სკანდალშიც. ასევე ითქვა ისიც, რომ ჰესების ბიზნესიც ამ ბიზნესმენთან არის კავშირში. ყველაფერი ეს ლოგიკას არ უნდა იყოს მოკლებული, რადგან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, როგორც ცნობილია, „შავი ბიზნესმენის“, ანუ ჩხარტიშვილის კადრია. სწორედ თურნავას გამინისტრების შემდეგ მოხდა პანკისში ის, რაც მოხდა (ჰესების აჟიოტაჟს ვგულისხმობთ), ანუ პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ჩხარტიშვილმა საქართველოს ეკონომიკა თავისგან მართულ ადამიანს, ნათია თურნავას ჩააბარა, ე. ი., თუ აქამდე ჩხარტიშვილი კულისებიდან მოქმედებდა, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად, ავანსცენაზე გამოჩნდა, თუმცა თუ დასჭირდა, ამჯერადაც იტყვის, რომ ის ხელისუფლებას „ფოლკლორზე“ ელაპარაკება და სხვა ინტერესები არ გააჩნია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს „ფოლკლორი“ მილიონებია, მილიონები, რომელიც საქართველოს წინსვლაზე კი არა, ჩხარტიშვილისა და მისნაირების კეთილდღეობაზე იხარჯება!
და მაინც: რიტორიკული კითხვა, თუ როგორ იშოვა ფული ლიხაურის ჩაის ფაბრიკის ყოფილმა მუშამ, უწინდებურად პასუხგაუცემელია. ჩხარტიშვილი საჯარო თავშეყრის აგილებში იშვიათად ჩნდება, ამიტომ მედიას საშუალება არ აქვს, რომ მას ეს და სხვა კითხვები დაუსვას. როგორც ჩანს, ისიც აწყობს, რომ მასზე მითები შეიქმნას და ძლევამოსილის იმიჯი ჰქონდეს.

გიორგი აბაშიძე